არღვევს თუ არა პოლიტიკური რეკლამები კანონს?!

საქართველოს საარჩევნო კოდექსის თანახმად, რომელიც განსაზღვრავს არჩევნების ძირითად მახასიათებლებსა და მისი ჩატარების სპეციფიკას ქვეყანაში, წინასაარჩევნო აგიტაციის დაწყება კენჭისყრის დღემდე 60 დღით ადრეა შესაძლებელი.

საარჩევნო კოდექსის მეექვსე თავში ვკითხულობთ, რომ აგიტაციას განეკუთვნება წინასაარჩევნო მოწოდებები, განცხადებები, წარწერები, ფურცლები, ფოტო მასალები და სხვ. ასევე ამ სააგიტაციო მასალის განუყოფელი ნაწილია პოლიტიკური რეკლამა, იქნება ეს უფასო თუ ფასიანი.
საქართველოს კანონმდებლობა პოლიტიკურ რეკლამას განმარტავს, როგორც მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში გასული ისეთი შინაარსის რეკლამას, რომელიც მიზნად ისახავს საარჩვენო სუბიექტის არჩევისთვის ხელის შეწყობას/ხელის შეშლას, რომელშიც ნაჩვენებია საარჩევნო სუბიექტი ან/და მისი არჩევნებში მონაწილეობის რიგითი ნომერი და რომელიც შეიცავს წინასაარჩევნო კამპანიის ნიშნებს ან მოწოდებას სარეფერენდუმოდ/საპლებისციტოდ გამოტანილი საკითხის გადაწყვეტის სასარგებლოდ ან საწინააღმდეგოდ.
ყველა საარჩევნო სუბიექტსა თუ პოლიტიკურ პარტიას, რომელიც არჩევნებში მონაწილეობს, აქვს საკუთარი პროგრამა და დაპირებები, ანუ ის კონკრეტული მიზნები და ნაბიჯები, რის შესრულებასაც სამომავლოდ გეგმავს. ეს პროგრამა, რომელიც საკმაოდ ვრცელი და მოცულობითია, ასევე დატვირთულია სპეციფიკური ტერმინებით, მას ბევრად ამარტივებს პოლიტიკური რეკლამები. ამ რეკლამებში ქრონომეტრაჟულადაა განსაზღვრული ის ძირითადი აქცენტები, რასაც ეხება კანდიდატისა თუ პარტიის საარჩევნო პროგრამა. ეს ბევრად უფრო მარტივად აღქმადი და გასაგებიცაა.
საარჩევნო კოდექსი და საქართველოს კანონმდებლობა განსაზღვრავს უფასო პოლიტიკური რეკლამებისთვის ტელევიზიების მიერ საეთერო დროის გამოყოფის საკითხს.
საქართველოს ეროვნული კომუნიკაციების კომისიის 2012 წლის დადგენილებაში ვკითხულობთ, რომ კენჭისყრამდე არაუგვიანეს 50-ე დღიდან კენჭისყრის დღემდე მაუწყებლები ვალდებულნი არიან, დაიცვან შემდეგი პირობები:
ა) წინასაარჩევნო აგიტაციისა და წინასაარჩევნო რეკლამისთვის საეთერო დროის გამოყოფის შემთხვევაში საჯაროდ გამოაცხადონ და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას ყოველი კვირის პარასკევ დღეს კომისიის მიერ დადგენილი ფორმით მიაწოდონ შემდეგი ინფორმაცია:
ა.ა) მომდევნო კვირის ორშაბათიდან (თარიღი) ორშაბათამდე (თარიღი) ერთი კვირის პერიოდისთვის წინასაარჩევნო აგიტაციისა და წინასაარჩევნო (პოლიტიკური) რეკლამისთვის გამოყოფილი საეთერო დრო;
ა.ბ) 1 დღის განმავლობაში გამოყოფილი საეთერო დროის ხანგრძლივობა და გრაფიკი;
ა.გ) საეთერო დროის ტარიფი.
საერთო მაუწყებელი, აგრეთვე სპეციალიზებული მაუწყებელი, რომელიც საკუთარ ეთერში განათავსებს წინასაარჩევნო (პოლიტიკურ) რეკლამას, ვალდებულნი არიან, უსასყიდლოდ და არადისკრიმინაციულად გამოყონ დრო ყოველ 3 საათში 90 წამის ოდენობით თითოეული კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტისთვის. გამოუყენებელი დროის შემდგომ დამატება სხვა კუთვნილი დროისთვის დაუშვებელია.
საარჩევნო ბლოკისთვის გამოყოფილი ფასიანი/უფასო სარეკლამო დროის ხანგრძლივობის განსაზღვრისას მხედველობაში არ მიიღება მასში გაერთიანებული პარტიების ოდენობა; საარჩევნო ბლოკისათვის გამოყოფილი ფასიანი/უფასო სარეკლამო დრო მასში გაერთიანებული პარტიების ოდენობის მიხედვით არ ჯამდება და უტოლდება არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე პარტიისათვის გამოყოფილი ფასიანი/უფასო სარეკლამო დროის ხანგრძლივობას.
ეს ის კონკრეტული და ძირითადი რეგულაციებია, რასაც უნდა იცავდეს მედიასაშუალებები წინასაარჩევნო აგიტაციის დროს, როდესაც საქმე ეხება ფასიან თუ უფასო პოლიტიკურ რეკლამებს.
ცალკე გამოსაყოფი და მნიშვნელოვანი საკითხია თავად რეკლამების კონტენტი და მისი განსაზღვრა-გავრცელებაც.
პოლიტიკური რეკლამა პირდაპირ გამომდინარეობს საქართველოს კონსტიტუციის 28-ე მუხლიდან, რომელიც განსაზღვრავს ერთ-ერთ კონსტიტუციურ პრინციპს –საარჩევნო უფლებას.
პოლიტიკური რეკლამა ფასიანიც არსებობს და უფასოც.
თითოეული მათგანი სპეციფიკით განსხვავდება ერთმანეთისგან.
უფასო პოლიტიკური რეკლამის გადანაწილების საკითხი უმნიშვნელოვანესია წინასაარჩევნო პერიოდში მედიის ჩართულობის თვალსაზრისით. გადანაწილება თითოეულ ქვეყანაში სხვადასხვა სახისაა, რაც ამ ქვეყნის კონსტიტუციური მოწყობიდან გამომდინარეობს.
ჩვენს ქვეყანაში, სადაც ინფორმაციის მიღების ერთ-ერთ ძირითად საშუალებას დღემდე წარმოადგენს ტელევიზია, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სწორედ ამ ტიპის მედიასაშუალებებში გასულ პოლიტიკურ რეკლამებს წინასაარჩევნო პერიოდში. რა სიხშირით, მოცულობითა და ფორმით შუქდება ტელევიზიების მიერ უფასო თუ ფასიანი პოლიტიკური რეკლამები და რა ინტენსივობით გადაეცემა იგი მაყურებელს, ეს ტექნიკური საკითხია, რომელიც სხვადასხვა რეგულაციით განისაზღვრება. თუმცა ზოგჯერ პოლიტიკურ რეკლამებში კანონდარღვევები იკვეთება.
პოლიტიკური რეკლამის შინაარსის განსაზღვრისას აუცილებელია, რეკლამის დამკვეთმა დაიცვას შემდეგი ძირითადი პრინციპები:
რეკლამა მიზნად უნდა ისახავდეს საარჩევნო სუბიექტის არჩევანისთვის ხელის შეწყობას/ხელის შეშლას; რეკლამაში ნაჩვენები უნდა იყოს საარჩევნო სუბიექტი ან/და მისი არჩევნებში მონაწილეობის რიგითი ნომერი; რეკლამა უნდა შეიცავდეს წინასაარჩევნო კამპანიის ნიშნებს. პოლიტიკური რეკლამისთვის სავალდებულოა, სამივე პუნქტში გაწერილი პრინციპების დაცვა, წინააღმდეგ შემთხვევაში, სარეკლამო რგოლი პოლიტიკურ რეკლამად არ ჩაითვლება.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემების თანახმად, 2018 წლის ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭისყრის სურვილი სულ 46-მა კანდიდატმა გამოთქვა, თუმცა ცესკო-მ მხოლოდ 25 კანდიდატი დაარეგისტრირა, საიდანაც 19 მათგანი წარდგენილია პოლიტიკური პარტიის მიერ, ხოლო 6 საინიციატივო ჯგუფმა წარადგინა.
ამ პოლიტიკური სუბიექტების უმეტესობამ გამოიყენა სხვადასხვა ტიპის მედიასაშუალებაში უფასო თუ ფასიანი პოლიტიკური რეკლამების განთავსების უფლება.
სწორედ უფასო პოლიტიკური რეკლამების მონიტორინგმა, რომელიც ჩაატარა ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ“, გამოავლინა გარკვეული სახის კანონდარღვევები.
ორგანიზაციის განცხადებით, ოთხი კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტის უფასო რეკლამები თავიანთი შინაარსით პრეზიდენტობის ერთი კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის რეკლამას წარმოადგენს, რაც კანდიდატის სასარგებლოდ გაღებულ შემოწირულებად მიინევა, ამის უფლება კი, საქართველოს კანონმდებლობით, პოლიტიკურ პარტიებს არ გააჩნიათ.
მონიტორინგის შედეგად დადგინდა, რომ საპრეზიდენტო არჩევნების წინ ათმა პოლიტიკურმა პარტიამ, რომელთან ხუთი კვალიფიციური პარტიაა, შექმნა კოალიცია „ძალა ერთობაშია“ და პრეზიდენტობის კანდიდატად გრიგოლ ვაშაძე დაასახელა, თუმცა საპრეზიდენტო არჩევნებისთვის საარჩევნო კოდექსი კრძალავს საარჩევნო ბლოკის შექმნასა და საერთო კანდიდატის წარდგენას. საბოლოო გადაწყვეტილებით ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში გრიგოლ ვაშაძე „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ (#5) წარადგინა.
მიუხედავად ამ დაყოფისა, დანარჩენი ოთხი კვალიფიციური პარტია თავისი რეკლამებით და სააგიტაციო საქმიანობით ვაშაძის კანდიდატურას უწევს პროპაგანდას, რაც ერთგვარ შემოწირულობად მიიჩნევა და დაუშვებელია საქართველოს კანონმდებლობის თანახმად.
ფორმალურად არჩევნებში მონაწილე კანდიდატების სია ასე გამოიყურება:
#1 მიხეილ ანთაძე _ „მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის“;
#13 ზვიად მეხატიშვილი _ „საქართველოს ქრისტიან- კონსერვატიული პარტია“;
#22 ზვიად ბაღდავაძე _ „სამოქალაქო პლატფორმა _ ახალი საქართველო“;
#27 ზვიად იაშვილი _ „ეროვნულ-დემოკრატიული პარტია“ (ედპ);
ამ 4 საარჩევნო სუბიექტის უფასო სატელევიზიო რეკლამები საკუთარ კანდიდატებზე მეტად გრიგოლ ვაშაძეს უწევს აგიტაციას. მათი რეკლამებიც უფრო მეტად „ნაციონალური მოძრაობის“ რეკლამირებას ემსახურება. როგორც მონიტორინგის შედეგად დადგინდა, ამ საარჩევნო სუბიექტების რეკლამებში ოპოზიციის კანდიდატი ან პირდაპირ ჩანს, ან ყოველი რეკლამის ბოლოს, რეკლამის დამკვეთთან ერთად ჩნდება წარწერა, სადაც ვაშაძის სახელი, გვარი და საარჩევნო ნომერია მითითებული.

რა შედეგები აჩვენა ასევე სხვა საარჩევნო სუბიექტების პოლიტიკური რეკლამების მონიტორინგმა და როგორია მოსალოდნელი რეაგირება კანონდარღვევებზე, ამ და სხვა საკითხებზე „ქრონიკა+“ „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ წარმომადგენელ ლევან ნატროშვილს ესაუბრა:
„ეს კანონდარღვევა, რაც გამოიხატა იმით, რომ ერთი საარჩევნო სუბიექტის რეკლამა დაეთმო სხვა კანდიდატს და მის აგიტაციას, გამოვლინდა უფასო პოლიტიკური რეკლამების შესწავლისა და მონიტორინგის შედეგად.
საქმე ეხება გრიგოლ ვაშაძესა და „ნაციონალურ მოძრაობას“ და ასევე ოთხ ფორმალურად არსებულ პარტიას, რომელთა რეკლამებიც სრულად არის ვაშაძის აგიტაცია და რეკლამირება.
თუმცა ჩვენმა მონიტორინგმა ასევე სხვა კანონდარღვევები გამოავლინა, რომელშიც სხვა საარჩევნო სუბიექტები ფიგურირებენ. კერძოდ, საუბარია, კიდევ ოთხ საარჩევნო სუბიექტზე, რომელიც თავის რეკლამაში სხვა პარტიას თუ კანდიდატს უწევს აგიტაციას და ფარულად მის რეკლმაირებას ემსახურება.
კახა კუკავა, სალომე ზურაბიშვილი და დავით ბაქრაძე ის საარჩევნო სუბიექტები არიან, რომელთა სასარგებლოდაც სხვა პარტიების უფასო პოლიტიკური რეკლამები წევს აგიტაციას.
იგივე პრობლემა იკვეთება ამ შემთხვევაში. ერთ კონკრეტულ სუბიექტს მიღებული აქვს პოლიტიკური რეკლამისთვის კანონით გამოყოფილი სატელევიზიო დრო, ზოგიერთი პარტია კი, მიუხედავად იმისა, რომ თავისი კანდიდატი ჰყავს წარდგენილი, ტექნიკურად მონაწილეობს არჩევნებში და რეალურად არ მონაწილეობს. სწორედ ამიტომაც ის თავის სარეკლამო დროს სხვა პარტიის კანდიდატს უთმობს წარწერებით, ნომრის მინიშნებით, რაც სრული აგიტაციაა.
ეს არის პოლიტიკური გაერთიანების შესახებ კანონის დარღვევა, რომელიც კრძალავს პოლიტიკური პარტიის მიერ პოლიტიკური შემოწირულობის გაღებას. პოლიტიკურ პარტიას არ აქვს უფლება, რომ შემოწირულობა სხვა პარტიის სასარგებლოდ განახორციელოს. ეს ქმედება, რაც უფასო საარჩევნო რეკლამებში იკვეთება, თავისი არსით არის პოლიტიკური შემოწირულობა და, შესაბამისად, კანონდარღვევაც.
რეაგირებისთვის მივმართეთ აუდიტის სამსახურს, ასევე კომუნიკაციების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას. მათ ეს ფაქტები უნდა შეისწავლონ და შესაბამისად მიიღონ გადაწყვეტილება. მსგავსი ქმედებები არის თუ არა შემოწირულობა და თუ შემოწირულობაა, უკანონო შემოწირულობა გამოდის, რაც ორმაგ სანქციას ითვალისწინებს.
ეს პროცესი ჯერ შესწავლის ეტაპზეა და უცნობია, რა გადაწყვეტილებას მიიღებს შესაბამისი ორგანოები. უმჯობესია, რომ დასკვნა არჩევნებამდე დაიდოს, რათა კანონდარღვევა აღიკვეთოს და მსგავსი ტიპის რეკლამები ტელევიზიებში კიდევ არ გავიდეს“.

რეკლამის ზეგავლენასა და მის მნიშვნელობაზე არავინ დაობს. სწორედ ამ ეფექტის გამო წინასაარჩევნო აგიტაციის განუყოფელი ნაწილია უფასო თუ ფასიანი პოლიტიკური რეკლამები. საკითხავი ისაა, რა გავლენას ახდენს მსგავსი ტიპის კანონდარღვევები წინასაარჩევნო გარემოსა და თავად არჩევნების ჩატარების ხარისხზე?

„ქრონიკა+“-მა შეფასებისთვის მიმართა არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიან არჩევნებს“.
„საქართველოს საარჩევნო კოდექსის 43-ე მუხლის შესაბამისად, არჩევნებში მონაწილე კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტი არჩევნების დღეს საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებში წარმომადგენლობის უზრუნველსაყოფად დაფინანსებას მიიღებს ყოველ საარჩევნო უბანზე 100 ლარის და ყოველ საარჩევნო ოლქზე 150 ლარის ოდენობით. ამდენად, „ძალა ერთობაშიას“ კანდიდატს, სახელმწიფო დაფინანსებით, უბნებსა და ოლქებში 5 წარმომადგენლის ყოლა შეეძლება. გაერთიანება ჯამურად ყოველ საარჩევნო უბანზე 500 და ყოველ საარჩევნო ოლქზე 750 ლარს მიიღებს, 5-ჯერ უფრო მეტს, ვიდრე სხვა კვალიფიციური კანდიდატები.
საქართველოს საარჩევნო კოდექსი ითვალისწინებს კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტების წინასაარჩევნო კამპანიის საინფორმაციო უზრუნველყოფასაც. აღნიშნული კოდექსის 51-ე მუხლი ეროვნულ საეთერო მაუწყებლებს, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიასა და რადიოს, სათემო მაუწყებლებს აკისრებს ვალდებულებას, არჩევნების დღიდან არაუგვიანეს 50-ე დღიდან კვალიფიციურ საარჩევნო სუბიექტებს უფასო სარეკლამო დრო თანაბრად და არადისკრიმინაციულად გამოუყონ. ამ შემთხვევაშიც, ფაქტობრივად, „ძალა ერთობაშია“ სხვა კვალიფიციურ კანდიდატებზე 5-ჯერ უფრო მეტ უფასო სარეკლამო დროს მიიღებს.
მიუხედავად იმისა, რომ მოძრაობა „ძალა ერთობაშიას“ ქმედება არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას, აღწერილი გარემოება არ ემსახურება საარჩევნო პროცესის გაჯანსაღებას. არჩევნებში მონაწილეობენ ისეთი კანდიდატები, რომელთა მიზანი არა ამომრჩეველთა ხმების მოპოვება, არამედ სხვა კანდიდატისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნა, სახელმწიფოს ფულადი სახსრების მიღება და კვალიფიციური სუბიექტებისათვის კანონით განსაზღვრული პრივილეგიებით სარგებლობაა. აღნიშნული კი წარმოქმნის არასამართლიან და უთანაბრო პირობებს პრეზიდენტობის სხვა კანდიდატებისათვის.
ანალოგიურად, „სამართლიანი არჩევნებისთვის“ ცნობილი გახდა, რომ „ტექნიკური კანდიდატის“ მხარდაჭერით სარგებლობს ასევე „ევროპული საქართველოს“ პრეზიდენტობის კანდიდატი დავით ბაქრაძე. ამ შემთხვევაში პ/გ „მოძრაობა თავისუფალი საქართველოსთვის“ სახელით დარეგისტრირებულია კანდიდატი ირაკლი გიორგაძე. „მოძრაობა თავისუფალი საქართველოსთვის“ ასევე კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტია და მისთვის კანონით მინიჭებული პრივილეგიები დავით ბაქრაძის კამპანიის სასარგებლოდ გამოიყენება.
აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით აუდიტის სამსახურში საჩივარი შევიტანეთ“.

უფასო პოლიტიკურ რეკლამებში გამოვლენილ კანონდარღვევებზე კომუნიკაციის ეროვნულ კომისიაში ამახვილებენ ყურადღებას. „ქრონიკა+“-ს კომისიის პრეს-სამსახურში უპასუხეს:
„აღნიშნული ფაქტი სწორედ კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მონიტორინგის შედეგად გამოვლინდა და კომისიის განცხადებას მოყვა „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ რეაგირება. პარტიების მხრიდან აღნიშნული ფაქტი განსაკუთრებით საყურადღებოა მაშინ, როდესაც რამდენიმე კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტის წინასაარჩევნო რეკლამა მიმართულია მხოლოდ ერთი საპრეზიდენტო კანდიდატის ანტირეკლამაზე და მისი არჩევის ხელშეშლას ემსახურება. ამავე პარტიების მიერ ტელეკომპანიებში მიტანილი საარჩევნო რეკლამა არ ემსახურება მათივე საპრეზიდენტო კანდიდატების არჩევის ხელშეწყობას და არ მოუწოდებს ამომრჩეველს მათი მხარდაჭერისკენ.
კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტების მიერ მაუწყებლისათვის სხვა საარჩევნო სუბიექტის მხარდამჭერი ან/და ხელის შემშლელი პოლიტიკური/წინასაარჩევნო რეკლამის განთავსება არ ეწინააღმდეგება მოქმედ კანონმდებლობას იმ პირობით, რომ ამ სახის მხარდამჭერი ვიდეორგოლების სამაუწყებლო ბადეში განთავსების შემთხვევაში, საზოგადოებამ უნდა შეძლოს მკაფიო იდენტიფიცირება, თუ რომელმა საარჩევნო სუბიექტმა განათავსა კონკრეტული პოლიტიკური/წინასაარჩევნო რეკლამა. შესაბამისად, წარმდგენი საარჩევნო სუბიექტის იდენტიფიცირება უნდა მოხდეს მისი არჩევნებში მონაწილეობის რიგითი ნომრით და პოლიტიკური გაერთიანების დასახელების მითითებით.
მიუხედავად იმისა, რომ საარჩევნო სუბიექტების აღნიშნული შესაძლებლობები არ ეწინააღმდეგება იმ კანონებს, რომლის მიხედვითაც საარჩევნო პროცესებს ზედამხედველობს კომუნიკაციების ეროვნული კომისია, ის საფრთხის შემცველია პოლიტიკური პლურალიზმისთვის და დისკრიმინაციულია რიგი კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტის მიმართ.
მოქმედი კანონმდებლობით, კერძოდ, საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით და „მაუწყებელთა ქცევის კოდექსით“ გარანტირებულია და ძირითად მოთხოვნას წარმოადგენს წინასაარჩევნო პერიოდის მაქსიმალურად სამართლიან, თანაბარ და არადისკრიმინაციულ გარემოში ჩატარება.
ზუსტად ამ მიზნებიდან გამომდინარე, მაუწყებელს კანონი უკრძალავს, 3 საათში ერთხელ 90 წამზე მეტი დაუთმოს ერთ კონკრეტულ კვალიფიციურ საარჩევნო სუბიექტს. შესაბამისად, ნებისმიერ კვალიფიციურ საარჩევნო სუბიექტს წინასაარჩევნო პერიოდში საკუთარი კანდიდატურის ხელის შეწყობისათვის ან/და სხვა კანდიდატის ხელის შეშლის მიზნით აქვს არაუმეტეს 90 წამისა 3 საათში ერთხელ, რაც წინასაარჩევნო პერიოდის არადისკრიმინაციული, სამართლიანი და თანაბარი გარემოს ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია.
თუმცა არჩევნებში ე. წ. ტექნიკური კანდიდატების რეგისტრაცია, ანუ ისეთი კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტები, რომელთა მიზანს საერთოდ არ წარმოადგენს საკუთარი კანდიდატურის არჩევის ხელშეწყობა და მათ მიერ მხოლოდ სხვა კანდიდატების ხელის შემშლელი ან/და სხვა კანდიდატის მხარდამჭერი წინასაარჩევნო/პოლიტიკური რეკლამის განთავსება ხორციელდება, საფრთხეს უქმნის არჩევნების სამართლიანობისა და არადისკრიმინაციულობის პრინციპებს და არათანაბარ მდგომარეობაში აყენებს კვალიფიციურ საარჩევნო სუბიექტებს. კერძოდ, სხვადასხვა კვალიფიციურ საარჩევნო სუბიექტს უფასო პოლიტიკური რეკლამისთვის არა 3 საათში 90 წამი, არამედ, სხვა კანდიდატებთან შედარებით, ოთხჯერ და ხუთჯერ მეტი დრო ეთმობათ.
წინასაარჩევნო პერიოდში დისკრიმინაციული მიდგომის თავიდან აცილების მიზნით, აუცილებელია განხორციელდეს შესაბამისი ცვლილებები საარჩევნო კოდექსში, რაც მომდევნო არჩევნებისთვის უზრუნველყოფს საარჩევნო სუბიექტებისათვის სამართლიან და თანაბარ საარჩევნო გარემოს.
რაც შეეხება საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს განცხადების იმ ნაწილს, სადაც საუბარია იმაზე, ხომ არ ხდება რიგი პარტიების მიერ სხვა პარტიებისთვის შემოწირულობის გაკეთება, აღნიშნული საკითხის შესწავლა სცდება კომისიის კომპეტენციას და ეს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის პრეროგატივაა“.

ანა ურუშაძე