ირანული ექსპანსია _ ახალი საფრთხე საქართველოსთვის?!


საქართველოს მიმართ ირანელების ინტერესი დღითი დღე იზრდება, ამაზე კი ბოლო წლების განმავლობაში მათი თვალშისაცემი აქტიურობა მეტყველებს. სტატისტიკისა და ოფიციალური ციფრების გარეშეც, ნებისმიერი საღად მოაზროვნე ადამიანისთვის მარტივი შესამჩნევია ირანელების სიმრავლე ჩვენს ყოველდღიურობაში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში, გასართობ ადგილებსა თუ სხვა სახის დაწესებულებებში. ირანელების განსაკუთრებით დიდ რაოდენობას კი აღმაშენებლის გამზირზე შენიშნავთ, რომელსაც მოსახლეობის ნაწილი ხუმრობით ირანელების გამზირად იხსენიებს.

აღსანიშნავია, რომ ირანელების ინტერესი მხოლოდ ტურისტული ვიზიტით არ შემოიფარგლება და ისინი საქართველოში დამკვიდრებას ცდილობენ. მთავარი მიზეზი, თუ რატომ არის მიმზიდველი მათთვის ჩვენს ქვეყანაში ცხოვრება, მარტივი მისახვედრია: საქართველოში, საცხოვრებელი ბინის ქირა, ცხოვრების ღირებულება და ინფლაციის დონე ბევრად უფრო დაბალია, ვიდრე ირანში.
დგას თუ არა ისეთი მცირერიცხოვანი ქვეყანა, როგორიც საქართველოა, ირანული ექსპანსიის საფრთხის წინაშე, ამის შესახებ დღეს მხოლოდ ოფიციალური ციფრებით გესაუბრებით და დასკვნების გამოტანას თავად მოგანდობთ.
„ქრონიკა+“-მა საქართველოს იუსტიციის სამინისტროსგან გამოითხოვა ოფიციალური სტატისტიკური მონაცემები იმის შესახებ, თუ ირანის რამდენმა მოქალაქემ მიიღო ბოლო 5 წლის განმავლობაში საქართველოში ბინადრობის უფლება და ასევე საქართველოს მოქალაქეობა. აღსანიშნავია, რომ იუსტიციის სამინისტროს 4 სექტემბერს მივმართეთ და ინფორმაცია ხელმისაწვდომი, სტანდარტულად, 10 დღის ვადაში უნდა ყოფილიყო, თუმცა ერთ თვეზე მეტი და დიდი ძალისხმევა დაგვჭირდა იმისთვის, რომ აღნიშნულ თემაზე სამინისტროს მონაცემები მოეწოდებინა. ეს გარემოება კი სრულიად ლოგიკურად იწვევს ეჭვს სტატისტიკური მონაცემების სანდოობასთან დაკავშირებით, მაგრამ ცხადია, ჩვენ ამ მონაცემების შესახებ დეტალურ ინფორმაციას მოგაწვდით.
სტატისტიკური მონაცემებით კი ირკვევა, რომ 2013 წლის პირველი იანვრიდან 2018 წლის 9 ოქტომბრამდე, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში ბინადრობის ნებართვის გაცემის თაობაზე, სულ წარდგენილ იქნა ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქეთა 22 115 განაცხადი, რომელთაგან დაკმაყოფილდა 14 741. კანონმდებლობით დადგენილი წესის თანახმად, გაცემული ბინადრობის ნებართვებიდან გაუქმდა 98. ამასთან, 2018 წლის 9 ოქტომბრის მდგომარეობით სულ მოქმედი არის ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქეებზე გაცემული 8532 ბინადრობის ნებართვა (ყველა სხვა ბინადრობის ნებართვა არის ძალადაკარგული ვადის ამოწურვის გამო).
აღსანიშნავია, რომ 2014 წლამდე საქართველოში გაიცემოდა სულ 2 ტიპის ბინადრობის ნებართვა – მუდმივი და დროებითი, ხოლო 2014 წელს განხორციელებული ცვლილებების შემდგომ მოხდა ბინადრობის ნებართვების დაყოფა სხვადასხვა ტიპად, ბინადრობის ნებართვის გაცემის საფუძვლების მიხედვით.
რაც შეეხება 2013 წელს, უფრო დეტალური ინფორმაცია ასეთია: დროებითი ბინადრობის ნებართვის მოთხოვნით 1014-მა ირანელმა მიმართა უწყებას, მათ შორის, დადებითად დასრულდა 196, ხოლო ამჟამად მოქმედია _ 3. ამავე წელს მუდმივი ბინადრობის ნებართვა მოითხოვა ირანის 36-მა მოქალაქემ, ნებართვა მიენიჭა 9-ს, შესაბამისად, მინიჭებული ნებართვა ახლაც მოქმედებს. საბოლოოდ კი, ჯამურად, 2013 წელს ირანის 1050-მა მოქალაქემ მოითხოვა საქართველოში ბინადრობის უფლება, დადებითი შედეგით დასრულდა 396, ამჟამად კი მოქმედია 12.
2014 წელს კი, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ბინადრობის ნებართვა სხვადასხვა ტიპად დაიყო, შესაბამისად, უფრო მკაფიოდ ჩანს ირანელი მოქალაქეების დაინტერესების მიზეზები. სტატისტიკა კი ასეთია: დროებითი ბინადრობის ნებართვაზე შევიდა 342 განაცხადი, დაკმაყოფილდა _ 156, ამჟამად მოქმედია 45. მუდმივი ბინადრობის ნებართვა მოითხოვა 16-მა მოქალაქემ, დადებითად დასრულდა 2, შესაბამისად, ამჟამადაც 2 მოქალაქეს აქვს მუდმივი ბინადრობის უფლება. ამავე წელს საინვესტიციო ნებართვა მოითხოვა 3-მა პირმა, დაკმაყოფილდა 1 და ახლაც აგრძელებს ნებართვით სარგებლობას. მუდმივი ცხოვრების ნებართვის მოთხოვნით სააგენტოს მიმართა 25-მა ირანელმა, დადებითი პასუხი მიიღო 13-მა, ამჟამად კი მოქმედია 12 მოქალაქისთვის. ერთ-ერთი და საინტერესო ბინადრობის ნებართვის ტიპი დაემატა ამავე წელს, ეს არის ოჯახის გაერთიანების მიზნით ბინადრობის ნებართვა. აღსანიშნავია, რომ ამავე წელს უწყებას 36-მა მოქალაქემ მიმართა, დაკმაყოფილდა 35-ის განაცხადი და ამჟამად მოქმედია 0. ირანელი ახალგაზრდებიც გამოირჩევიან დიდი ინტერესით ჩვენი ქვეყნის მიმართ, შესაბამისად, სტუდენტური სტატუსით ჩამოდიან და საგანმანათლებლო პროცესით არიან დაკავებულები. როგორც ცნობილია, 2014 წელს სასწავლო ბინადრობის ნებართვის მოთხოვნით 31-მა ირანელმა სტუდენტმა მიმართა უწყებას, მათგან დაკმაყოფილდა 30, ამჟამად კი მოქმედია _ 1. სპეციალური ბინადრობით ნებართვა 13-მა პირმა მოითხოვა, დაკმაყოფილდა ყველა მოთხოვნა, ხოლო ამჟამად მოქმედია _ 0. ირანელების საქართველოში ჩამოსვლის ერთ-ერთ მთავარ მიზეზად დასაქმება სახელდება, შესაბამისად, შრომითი ბინადრობის მოთხოვნითაც მიმართავენ სააგენტოს, 2014 წელს კი ამ მოთხოვნით 189 ირანელმა მიმართა, დაკმაყოფილდა _ 137, ამჟამად მოქმედია _ 6. 2014 წლის შეჯამებული მონაცემები ასეთია: სულ სააგენტოში 655 განაცხადი შევიდა, დადებითად დასრულდა 387, ხოლო ამ ეტაპზე მოქმედი სტატუსი აქვს 45-ს.
2014 წელთან შედარებით 2015 წელს ბინადრობის უფლების მოთხოვნით გაცილებით ბევრმა ირანელმა მიმართა უწყებას. თუ 2014 წელს საერთო განაცხადი ჯამში 655-მა პირმა გააკეთა, 2015-ში იგივე მოთხოვნით 1024-მა ირანის მოქალაქემ მიმართა სააგენტოს. მათ შორის დადებითად დასრულდა 961, ხოლო ამ ეტაპზე მოქმედებს 262. უფრო დეტალურად კი ინფორმაცია ასეთია: ბინადრობის ნებართვა მოითხოვა საქართველოს ყოფილმა მოქალაქემ, რომელსაც მიენიჭა ეს უფლება და ამჟამადაც სარგებლობს. მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვა მოითხოვა 13-მა პირმა, სრულად დაკმაყოფილა ყველა განაცხადი, თუმცა ამჟამად არც ერთ პირს აღარ აქვს აღნიშნული ნებართვა. მუდმივი საინვესტიციო ნებართვა ირანის 38-მა მოქალაქემ მოითხოვა, 30-ისთვის მოთხოვნა დადებითად დასრულდა და ისინი ამ ეტაპზეც სარგებლობენ ამ ნებართვით. მუდმივი ცხოვრების ნებართვა მოითხოვა 77-მა პირმა, დაკმაყოფილდა 48, ხოლო ამჟამად მოქმედია 46. ამავე წელს ოჯახის გაერთიანების მიზნით ბინადრობის ნებართვა 234-მა ირანელმა მოითხოვა, სრულად დაკმაყოფილდა ყველა განაცხადი, ამჟამად კი 40-ია მოქმედი. სასწავლო ბინადრობის ნებართვა მოითხოვა 38-მა ირანელმა სტუდენტმა, 38- ვე დაკმაყოფილდა, ხოლო ამჟამად მოქმედი სტატუსი აქვს 2-ს. სპეციალური ბინადრობის ნებართვის მოთხოვნით სააგენტოს 43-მა პირმა მიმართა, დადებითად დასრულდა 42-ის მოთხოვნა, ხოლო ამჟამად მოქმედია 10. შრომითი ბინადრობის ნებართვა მოითხოვა 582-მა ირანელმა, დაკმაყოფილდა 555, ამ ეტაპზე მოქმედი სტატუსი აქვს 133-ს.
სტატისტიკური მონაცემებიდან ირკვევა, რომ ირანელების მოთხოვნა საქართველოში ბინადრობის ნებართვის მიღებასთან დაკავშირებით ყოველწლიურად მატულობდა, თუ 2015 წელს საერთო განაცხადი ჯამში 1024-მა ირანის მოქალაქემ გააკეთა, 2016-ში ბინადრობის ნებართვის მოთხოვნით სააგენტოს 1901-მა პირმა მიმართა. უფრო დეტალურად კი: მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის მოთხოვნით უწყებას 114-მა ირანელმა მიმართა, 103 განაცხადი დადებითად დასრულდა, ხოლო მოქმედია _ 1. რაც შეეხება მუდმივ საინვესტიციო ნებართვას, აღნიშნული მოთხოვნა 21 ირანელს ჰქონდა, დაკმაყოფილდა 20 და ამ ეტაპზეც 20 ირანელი სარგებლობს ამ ნებართვით. ამავე მუდმივი ცხოვრების ნებართვის მოთხოვნით უწყებას ირანის 50-მა მოქალაემ მიმართა, 39 განაცხადი დადებითად დასრულდა, ამ ეტაპზე კი მოქმედი სტატუსი აქვს 38-ს. 2016 წელს ირანელების მხრიდან გაიზარდა ოჯახის გაერთიანების მმიზნით ბინადრობის ნებართვის მოთხოვნაც, სულ შევიდა 327 განაცხადი, 309 დაკმაყოფილდა, ამჟამად მოქმედია 56. სასწავლო ბინადრობის ნებართვის მოთხოვნით სააგენტოში 45-მა ირანელმა შეიტანა განაცხადი, 43-ს მიენიჭა ბინადრობის ნებართვა, ამ ეტაპზე მოქმედია 3. სპეციალური ბინადრობის ნებართვა მოითხოვა 63-მა ირანელმა, 59-ს მიენიჭა ბინადრობის უფლება, ამჟამად მოქმედია 10. საქართველოში ამავე წელს შრომითი ბინადრობის უფლების მოპოვებას 1281 ირანელი შეეცადა, დაკმაყოფილდა 1098 განაცხადი, ხოლო ამ ეტაპისთვის მოქმედია 150.
აშკარაა, რომ წლიდან წლამდე ბინადრობის ნებართვას უფრო და უფრო მეტი ირანელი ითხოვს. ამის თვალსაჩინო მაგალითია აღნიშნული სტატისტიკა. თუ 2016 წელს ჯამურად ირანის 1901-მა მოქალაქემ მოითხოვა აღნიშნული ნებართვა, ეს რიცხვი 2017 წელს, დაახლოებით, 3-ჯერ გაიზარდა და 6406 პირმა მოითხოვა ბინადრობის ნებართვა. მათ შორის დადებითი პასუხი მიიღო 4705-მა მოქალაქემ, ხოლო ამჟამად მოქმედი სტატუსი აქვს 1556-ს. უფრო ვრცლად კი 2017 წლის სტატისტიკური მონაცემები ასეთია: მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვა მოითხოვა 799-მა, დაკმაყოფილდა 769, ამჟამად მოქმედია 481. მუდმივი საინვესტიციო ნებართვა კი მოითხოვა 30 პირმა, დადებითად დასრულდა 18 განაცხადი და დღეის მდგომარეობით სრულად მოქმედია. რაც შეეხება მუდმივი ცხოვრების ნებართვას, ამ ნებართვის მოთხოვნით სააგენტოს 106-მა ირანელმა მიმართა, 70 განაცხადი დაკმაყოფილდა და ამ ეტაპზე ყველა მოქმედია. ოჯახის გაერთიანების მიზნით ბინადრობის ნებართვა 863-მა ირანელმა მოითხოვა, დადებითად დადასტურდა 799, ამჟამად მოქმედია 169. სასწავლო ბინადრობის ნებართვის მოთხოვნით უწყებას მიმართა ირანის 179-მა მოქალაქემ, დაკმაყოფილდა 157, ამ დროისთვის კი მოქმედია 81. სპეციალური ბინადრობის ნებართვა მოითხოვა 95-მა პირმა, აქედან 93 დადებითად დადასტურდა, 39 კი დღეის მდგომარეობით მოქმედია. შრომითი ბინადრობის ნებართვის მოთხოვნასთან დაკავშირებით სააგენტოს მიმართა 4334-მა ირანელმა, 2799 დაკმაყოფილდა, ხოლო ამ ეტაპზე მოქმედია 698.
2017 წლის მონაცემებთან შედარებით 2018 წლის ოფიციალური მონაცემებით ბინადრობის ნებართვის მსურველთა რიცხვი, დაახლოებით, 2-ჯერ გაიზარდა. კონკრეტულად კი, ჯამურად, 11079 შეადგინა. მათ შორის დაკმაყოფილდა 6621, ხოლო ამჟამად მოქმედი სტატუსი აქვს 6379-ს. უფრო ვრცლად კი 2018 წლის სტატისტიკური მონაცემები ასეთია: მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვით სააგენტოს 5040-მა ირანელმა მიმართა, დადებითად დადასტურდა 3484, ხოლო ამ დროისთვის მოქმედია 3481. მუდმივი საინვესტიციო ნებართვა მოითხოვა 92-მა პირმა, დაკმაყოფილდა 30 და დღეის მდგომარეობით ყველა ნებართვა სრულად მოქმედია. რაც შეეხება მუდმივი ცხოვრების ნებართვას, აღნიშნული ნებართვა 122-მა ირანელმა მოითხოვა, დადებითად დადასტურდა 40, ამჟამად მოქმედია 40-ვე. ოჯახის გაერთიანების მიზნით ბინადრობის ნებართვის მოთხოვნით 979-მა პირმა გააკეთა განაცხადი, დაკმაყოფილდა 658, ხოლო მოქმედი სტატუსი აქვს 597-ს. სასწავლო ბინადრობის ნებართვა მოითხოვა 254-მა, დაკმაყოფილდა 184, აქედან მოქმედია 178. სპეციალური ბინადრობის ნებართვის მოთხოვნით უწყებაში ირანის 177მოქალაქის განაცხადი შევიდა, აქედან დადებითად დადასტურდა 164, დღეის მდგომარეობით ყველა განაცხადს მოქმედი სტატუსი აქვს. რაც შეეხება შრომითი ბინადრობის ნებართვას, ამ მოთხოვნით სააგენტოს ირანის 4415-მა მოქალაქემ მიმართა, მათგან დაკმაყოფილდა 2061, ხოლო ამჟამად მოქმედია 1889.

ბოლო 5 წლის განმავლობაში ბინადრობის ნებართვის საერთო სტატისტიკა ასეთია: სააგენტოს 22115-მა ირანელმა მიმართა, მათ შორის, დადებითად დასრულდა 14741, დღეის მდგომარეობით კი 8532 ირანის მოქალაქე სარგებლობს ბინადრობის ნებართვით.
„ქრონიკა+“-მა იუსტიციის სამინისტროდან ბოლო 5 წლის განმავლობაში ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქეების მხრიდან საქართველოს მოქალაქეობის მიღების შესახებაც გამოითხოვა ინფორმაცია:
როგორც ოფიციალური მონაცემებით გაირკვა, 2013 წლის პირველი იანვრიდან 2018 წლის 9 ოქტომბრამდე სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში საქართველოს მოქალაქეობის მოპოვების თაობაზე წარდგენილ იქნა ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქეთა 952 განაცხადი, რომელთაგან საქართველოს პრეზიდენტმა საქართველოს მოქალაქეობა საგამონაკლისო წესით მიანიჭა სულ 292 პირს. ზემოხსენებული 292 პირიდან საქართველოსთან კავშირი დგინდება 103 პირზე (არის საქართველოს ყოფილი მოქალაქე, არის დაბადებული საქართველოში და ჰყავს საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში დაბადებული ოჯახის წევრი), ხოლო 118 საქმეზე ფიქსირდება, რომ საქართველოს მოქალაქეობის მინიჭებამდე პირი ფლობდა საქართველოში თანამემამულის სტატუსს.
ცნობისთვის: ბინადრობის ნებართვა წარმოადგენს უცხო ქვეყნის მოქალაქისთვის საქართველოში შემოსვლისა და ლეგალურად ყოფნის ერთ-ერთ საფუძველს. უცხო ქვეყნის მოქალაქეზე ბინადრობის ნებართვისთვის განსაზღვრული საფუძვლის არსებობის გათვალისწინებით ნებართვა გაიცემა დროებითი ან მუდმივი ცხოვრების უფლებით.

დეტალურად გაგაცნობთ, კანონმდებლობის მიხედვით, რა შემთხვევაში გაიცემა ბინადრობის ნებართვა:
საქართველოში დროებითი ცხოვრების უფლებით გაიცემა შემდეგი სახის ბინადრობის ნებართვები:
შრომითი ბინადრობის ნებართვა _ გაიცემა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით საქართველოში სამეწარმეო ან შრომითი საქმიანობის განსახორციელებლად, აგრეთვე თავისუფალი პროფესიის ადამიანზე;
სასწავლო ბინადრობის ნებართვა _ გაიცემა საქართველოში ავტორიზებულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის მიზნით;
ბინადრობის ნებართვა ოჯახის გაერთიანების მიზნით _ გაიცემა ბინადრობის ნებართვის მქონე უცხოელის ოჯახის წევრებზე;
საქართველოს ყოფილი მოქალაქის ბინადრობის ნებართვა _ გაიცემა უცხოელზე, რომელსაც შეუწყდა საქართველოს მოქალაქეობა;
მოქალაქეობის არმქონე პირის ბინადრობის ნებართვა _ გაიცემა პირზე, რომელსაც საქართველოში დაუდგინდა მოქალაქეობის არმქონე პირის სტატუსი;
დროებითი ბინადრობის ნებართვა _ გაიცემა უცხოელზე, რომელსაც „ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად მინიჭებული აქვს მსხვერპლის სტატუსი;
მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვა _ გაიცემა უცხოელზე და მისი ოჯახის წევრებზე, თუ უცხოელი საქართველოს ტერიტორიაზე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ფლობს საკუთრებას უძრავ ნივთზე (გარდა სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწისა), რომლის ღირებულება აღემატება 35 000 აშშ დოლარის ეკვივალენტს ლარში.
სპეციალური ბინადრობის ნებართვა გაიცემა:
ა) უცხოელზე, რომლის შესახებაც არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ იგი შეიძლება იყოს ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგი) დანაშაულის მსხვერპლი ან დაზარალებული;
ბ) უცხოელზე, რომელზეც საქართველოში დროებითი ბინადრობის ნებართვის გაცემის თაობაზე წერილობით ინიციატივას წარადგენს საქართველოს მთავრობის წევრი;
გ) უცხოელზე, რომელის გაძევებაც ვერ მოხერხდა და შესაბამისად გაიცა დროებითი საიდენტიფიკაციო მოწმობა და დროებითი საიდენტიფიკაციო მოწმობის მიღებიდან გასულია 5 წელი;
დ) უცხოელზე, რომელიც არის თანამემამულის სტატუსის მქონე.
აღსანიშნავია, რომ ოჯახის გაერთიანების მიზნით ბინადრობის ნებართვის გაცემის დროს უცხოელის ოჯახის წევრებად მიიჩნევიან: საქართველოში ბინადრობის ნებართვის მქონე უცხოელის მეუღლე, მშობელი, შვილი, ასევე მისი მეურვეობისა და მზრუნველობის ქვეშ მყოფი ან/და სრულ კმაყოფაზე მყოფი არასრულწლოვანი, ქმედუუნარო ან შრომისუუნარო პირი.

საქართველოში მუდმივი ცხოვრების უფლებით გაიცემა შემდეგი სახის ბინადრობის ნებართვები:
მუდმივი ცხოვრების ნებართვა _ გაიცემა საქართველოს მოქალაქის მეუღლეზე, მშობელზე, შვილზე; მუდმივი ცხოვრების ნებართვა გაიცემა აგრეთვე უცხოელზე, რომელმაც საქართველოში დროებითი ბინადრობის ნებართვის საფუძველზე იცხოვრა ბოლო 6 წლის განმავლობაში. ამ ვადაში არ ითვლება საქართველოში სწავლის ან მკურნალობის მიზნით ცხოვრებისა და დიპლომატიურ და მათთან გათანაბრებულ წარმომადგენლობებში მუშაობის პერიოდი;
შენიშვნა: მუდმივი ცხოვრების ნებართვის გაცემის დროს ოჯახის წევრებად მიიჩნევიან: საქართველოს მოქალაქის მეუღლე, მშობელი და შვილი.
საინვესტიციო ბინადრობის ნებართვა _ გაიცემა უცხოელზე, რომელმაც საქართველოში განახორციელა არანაკლებ 300 000 ლარის ოდენობის ინვესტიცია „საინვესტიციო საქმიანობის ხელშეწყობისა და გარანტიების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად და მისი ოჯახის წევრებზე. ამ ქვეპუნქტის მიზნებისთვის ოჯახის წევრებად ითვლებიან უცხოელის მეუღლე, არასრულწლოვანი შვილი და მის სრულ კმაყოფაზე მყოფი ქმედუუნარო ან შრომისუუნარო პირი;
შენიშვნა: საინვესტიციო ბინადრობის ნებართვის გაცემის დროს ოჯახის წევრებად მიიჩნევიან: საინვესტიციიო ბინადრობის ნებართვის მქონე უცხოელის მეუღლე, არასრულწლოვანი შვილი და მის სრულ კმაყოფაზე მყოფი ქმედუუნარო ან შრომისუუნარო პირი.
მოქალაქეობის არმქონე პირის ბინადრობის ნებართვა _ გაიცემა პირზე, რომელსაც საქართველოში დაუდგინდება მოქალაქეობის არმქონე პირის სტატუსი.
შენიშვნა: მოქალაქეობის არმქონე პირის სტატუსის მქონეს მუდმივი ცხოვრების უფლებით ბინადრობის ნებართვა ეძლევა თუ საქართველოს მოქალაქეობა შეუწყდა საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლის გზით ან 1993 წლის 31 მარტისთვის მუდმივად ცხოვრობდა საქართველოში, ამ თარიღის შემდეგ არ მოხსნილა რეგისტრაციიდან, მაგრამ საქართველოს მოქალაქედ არ ჩაითვალა.

ნენე ინჯგია