კახა მიქაია: „ეს სიტყვები პირდაპირ დაწერეთ: „ოცნება“ ყველაფერს გააკეთებს, რომ სალომე პრეზიდენტად გაათრიოს!“

არცთუ შორეულ წარსულში, კერძოდ, 2012 წელს, საზოგადოების უმეტესობის მსგავსად, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი იყო. მეტიც, 2013 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის დროს, „ოცნების“ მხარდაჭერით ზუგდიდის საკრებულოს წევრიც გახდა, მაგრამ „დაიცავი საქართველოს“ ლიდერისა და დღევანდელი მმართველი გუნდის გზები მალევე გაიყო. დღეს კახა მიქაია ერთ-ერთი მათგანია, რომელიც „ოცნებას“ კორუფციასა და ათას სხვა დანაშაულში ამხელს. სხვათა შორის, სწორედ მიქაიამ გამოამზეურა ფარული ჩანაწერები, რომლითაც ნათელი გახდა, რომ ზუგდიდის ყოფილი მერი, ლაშა გოგია, კორუფციაში იყო გარეული. იმ სკანდალშიც, რომელიც პროფესორ გურამ შარაძის მკვლელების მფარველობას უკავშირდება და რომლის კვალიც სუს-ის უფროსის ყოფილ მოადგილემდე, სოსო გოგაშვილამდე მიდოდა, სწორედ მიქაია ფიგურირებდა. უფრო კონკრეტულად, სატელეფონო ჩანაწერში, რომელიც, თავის დროზე, „ქრონიკა+“-მა გაასაჯაროვა, გოგაშვილი და მიქაია სხვადასხვა საკითხს განიხილავენ, მათ შორის, საუბრობენ სხვა ფარულ ჩანაწერებზეც, რომელიც, სავარაუდოდ, კუდ-ის საიდუმლო თათბირების დროს არის გაკეთებული, სადაც ბევრი ოპერაცია და გახმაურებული საქმე განიხილებოდა. აღსანიშნავია, რომ ამ სატელეფონო საუბრის სააშკარაოზე გამოტანიდან მალევე სუს-ის უფროსის მოადგილე სოსო გოგაშვილმა დაკავებული თანამდებობა დატოვა.

რატომ არ ახდა პოლიტიკური ოცნებები? _ ამ კითხვით დაიწყო საუბარი „ქრონიკა+“-მა „დაიცავი საქართველოს“ ერთ-ერთ ლიდერ კახა მიქაიასთან, რომელიც ქვეყანაში ბოლო დროს განვითარებულ პოლიტიკურ პროცესებს აფასებს და ამბობს, რომ „ოცნებას“ „ოცნების“ ეშინია. მოკლედ, რატომ ეშინია „ოცნებას“ „ოცნების“ და ვინ არის თანამედროვე ჯაბა იოსელიანი? _ ყველაფერ ამას კახა მიქაიას წინამდებარე ინტერვიუდან შეიტყობთ:

_ ბატონო კახა, ჩვენი ოცნებები რატომ არ ახდა?
_ ვისთვის ახდა და ვისთვის არ ახდა! ის დაპირებები, რაც „ოცნებამ“ საზოგადოებას მისცა, არ შეასრულა!
_ ჰოდა, მეც მაგას გეკითხებით, რატომ არ შეასრულა? მართლა უნიათოა, პროფესიონალიზმი არ აქვს თუ „ოცნების“ ჩინოვნიკები, უბრალოდ, მერკანტილურად მოქმედებენ და ხალხი არ აინტერესებთ?
_ ყველაფერი ერთად! ფაქტია: ხელისუფლებამ დანაპირები ვერ შეასრულა, ამიტომ დღეს მისი რეიტინგი ძალიან დაბალია და ხალხიც უკმაყოფილოა!
_ დანაპირების არშესრულება გასაგებია, მაგრამ „ოცნების“ დილემა, მაინც, რა არის _ სამართლიანობის ააღდგენა თუ კორუფცია?
_ ამ კითხვაზეც წეღანდელივით გიპასუხებთ: ორივე! იცით, რა ხდება?
_ რა?
_ ბიძინა ივანიშვილმა ისეთი გუნდი ვერ ჩამოაყალიბა, რომელიც საზოგადოებისთვის მიცემულ დანაპირებს შეასრულებდა! მეტსაც გეტყვით: ის ადამიანები, რომლებიც თავიდან გვერდით ჰყავდა, ივანიშვილმა მოიცილა და ბოლოს, კორუფციის ჭაობში თვითონ ჩაიძირა!
_ ივანიშვილმა რომელი ადამიანები მოიცილა ან რატომ?
_ რომელი ადამიანები და, _ „ოცნების“ პირველი შემადგენლობა. დააკვირდით, იმდროინდელი „ოცნებიდან“ დღეს ივანიშვილთან აღარავინაა.
_ რატომ?
_ ამის მიზეზი, ალბათ, ივანიშვილის ხასიათი _ შიში და კომპლექსი გახდა.
_ სამაგიეროდ, დღეს ივანიშვილის გვერდით სხვა ადამიანები არიან. მაგალითად, ლაშა ნაცვლიშვილი, გოგა ხაინდრავა და ა. შ. თუ „ოცნების“ ლიდერს შიში და კომპლექსი აქვს, მაშინ ახალი ხალხი რატომ დაიახლოვა?
_ პერსონიფიცირებას არ დავიწყებ, მაგრამ დააკვირდით: დღეს ივანიშვილს გვერდით ის ადამიანები ჰყავს, რომლებიც მას „არას“ არასოდეს და არაფერზე ეტყვიან! ისინი ივანიშვილს ყველაფერში ეთანხმებიან! ზოგადად, ივანიშვილი ვერ იტანს, როცა წინააღმდეგობას უწევენ და არ ეთანხმებიან. ეს მისი მთავარი კომპლექსია და სწორედ ამან მიიყვანა ივანიშვილი და, საერთოდ, „ოცნება“ იმ მდგომარეობამდე, რა მდგომარეობაშიც დღეს არის!
_ დღეს ქვეყანაში ელიტური კორუფციაა და ამას, ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, ტელეკომპანია „იბერიასა“ და „ომეგა ჯგუფის“ გარშემო განვითარებული მოვლენებიც ნათელყოფს. ამ კორუფციასაც ივანიშვილი, ასე ვთქვათ, ქმნის თუ „ოცნების“ თავმჯდომარე სხვების კორუფციაზე, უბრალოდ, თვალს ხუჭავს და ამით მათ მორჩილებას აიძულებს?
_ ჯერ ერთი, თვალის დახუჭვა თანამონაწილეობას ნიშნავს. მეორეც, თვალის დახუჭვა იმასაც ემსახურება, რომ ეს ადამიანები მორჩილებაში ჰყავდეს. დიახ, კორუფციული სისტემის შემქმნელი და თვალისდამხუჭავი ივანიშვილია! გარემოცვა, რომელიც ჰყავს, მისი არჩევანია! ასევე მართვის ის ფორმა, რომლითაც ქვეყანა იმართება, ივანიშვილის სტილია!
ზოგი ამბობს, ივანიშვილს ვიღაცებმა უღალატეს და დანაპირები არ შეუსრულესო, მაგრამ ერთი ფაქტია: ყველა ადამიანი თავის გარემოცვას თავად ქმნის! შესაბამისად, ივანიშვილიც ასეა და თავადაა პასუხისმგებელი იმ პოლიტიკაზე, რომელსაც ქვეყანაში ატარებს. გარემოცვაზეც პასუხისმგებლობა თავად უნდა აიღოს, რადგან ქვეყანას სწორედ ამ გარემოცვით მართავს!
კი ბატონო, შეიძლება, ზოგმა უღალატა და ვერ გაუმართლა, მაგრამ ივანიშვილს ეს მოღალატეები კი არ უნდა მიეშვა, არამედ უნდა ემოქმედა!
_ „მოქმედებაში“ რას გულისხმობთ, მასობრივ დაპატიმრებებს?
_ ახლა მოქმედებაც გვიანია!
_ რატომ?
_ ივანიშვილს პირველივე ეტაპზე შეეძლო, რომ გამოვლენილი კორუფციული ფაქტების, უნიათობისა და დანაშაულის გამო კონკრეტული ადამიანები კონსტიტუციისა და კანონის ფარგლებში დაესაჯა!
_ დამნაშავის დასჯა გვიანი არასოდეს არის!
_ რა თქმა უნდა, მაგრამ წეღანაც გითხარით და კიდევ გავიმეორებ: დღეს ივანიშვილი და მისი „ოცნება“ კრიზისში ისე ღრმად არიან შესულები, რომ დასჯა და მოქმედება უკვე ძალიან გვიანია!
_ ბატონო კახა, გვიანი რატომ არის? აი, მაგალითად, ყოფილ მთავარ პროკურორს, ოთარ ფარცხალაძეს, თუ პოლიტიკური ნება იქნება, რატომ ვერ დასჯიან?
_ ფარცხალაძეს ძალიან მარტივი მიზეზის გამო ვერ დასჯიან!
_ და ეს „ძალიან მარტივი მიზეზი“ რა არის?
_ რა და, _ ფარცხალაძემ თბილისის ცენტრში ჰიტლერის ბუნკერი ააშენა! ფარცხალაძის ამ შავ სახლს ერთი წითელი რგოლი და სვასტიკაღა აკლია, თორემ ჩვეულებრივი გესტაპოს ბუნკერია!
_ ანუ იმის თქმა გინდათ, რომ ფარცხალაძე „ოცნებასაც“ „ჩასარდაფებით“ ემუქრება და ამის გამო ვერ დასჯიან?
_ დიახ, ამ ბუნკერშიც ძალიან ბევრი საიდუმლო ინახება ისევე, როგორც, თავის დროზე, მეგის ქარდავას სამეგრელოს ტყის სამალავებში ინახებოდა! ამ მხრივ განსხვავებას ვერ ვხედავ. უბრალოდ, ფარცხალაძის ბუნკერი, შეიძლება, უფრო კომფორტულია და მეტი არაფერი! ფარცხალაძეს თანამედროვე ჯაბა იოსელიანი ვუწოდე და დიახ, ის ივანიშვილის ხელისუფლების მთავარი საყრდენია! ფარცხალაძემ ძალიან ბევრი საიდუმლო იცის და მისი დაჭერა ტექტონიკურ პოლიტიკურ ძვრებს გამოიწვევს, თუმცა ერთსაც ვიტყვი: თუ ივანიშვილს სურვილი აქვს, ფარცხალაძე დაიჭიროს და თავისი ხელისუფლების სხვა მაღალჩინოსნებიც ამხილოს! კვრიკაშვილი მონასტერში რომ გაუშვა…
_ ყოფილი პრემიერი მონასტერში კი არა, უკვე „იბარდშია“…
_ მერე რა?! მონასტერი ფიგურალური ნათქვამია. სად არის ქუმსიშვილი ან ალავიძე? რატომ არ არის რომელიმე მათგანი პასუხისგებაში მიცემული? რატომ არის დღეს ზუგდიდის ყოფილი მერი, ლაშა გოგია, „ქართული ოცნების“ ზუგდიდის ორგანიზაციის თავმჯდომარე?
სხვათა შორის, „აი-დი-ეფის“ დასკვნა გამოქვეყნდა, რომელიც კორუფციას ეხება და სადაც ფაქტებია წარმოდგენილი, მაგრამ ბიძინა ივანიშვილი მაინც დუმს. რატომ არ მოქმედებს და რას ელოდება იგი?
_ ამ კითხვაზე რა პასუხი გაქვთ?
_ ამ დუმილისა და არმოქმედების მიზეზი, ჩემი აზრით, ისაა, რომ უფრო მეტი კორუფციული ფაქტი არ გამოვლინდეს და, შესაბამისად, „ქართული ოცნება“ დროზე ადრე არ დამთავრდეს!
_ თუ, მაგალითად, ზუგდიდის ყოფილი მერი, ლაშა გოგია, რომელიც კორუფციაში თქვენ ამხილეთ, დაიჭირეს, ის ალაპარაკდება და ბევრ საიდუმლოს ახდის ფარდას?
_ რა თქმა უნდა!
_ ლაშა გოგია ვის ჩაუშვებს?
_ ვის და, _ ძალიან ბევრ ვინმეს, რადგან ის მარტო არ მოქმედებდა!
_ გოგია ვისთან ერთად მოქმედებდა?
_ გოგა მოქმედებდა ალავიძესთან, ქუმსიშვილთან, შონიასთან, ზუგდიდის ვიცე-მერთან ერთად. ეს ერთი კორუფციული სისტემაა…
_ ბატონო კახა, თანამდებობაზე აღარც ალავიძეა, აღარც _ ქუმსიშვილი, ამიტომ ცოტა გაუგებარია, ყოფილი ჩინოვნიკებისთვის ხელის დაფარება რას ემსახურება?
_ თანამდებობებიდან გადამდგარ ადამიანებზე საქმეებია აღძრული, მაგრამ ეს საქმეები თაროზეა შემოდებული და სწორედ ეს აჩენს ეჭვს. რატომ? _ ამ კითხვაზე მარტივი პასუხია: ამ საქმეების გამოძიება ივანიშვილს არ აწყობს, რადგან გამოძიების შემთხვევაში, შესაძლოა, უფრო მეტი კორუფციული სქემა გამოვლინდეს! სხვა შემთხვევაში, პროკურატურას ან შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელს რა უშლის, რომ ეს საქმეები გამოიძიოს?
კიდევ ერთხელ ვამბობ: ამ საქმეების გამოუძიებლობა იმას ნიშნავს, რომ ეშინიათ, „ქართული ოცნება“ შიგნიდან უფრო მეტად არ აფეთქდეს და დროზე ადრე არ დამთავრდეს!
_ ე. ი., „ოცნებას“ „ოცნების“ ეშინია?
_ დიახ, ძალიან კარგად თქვით, _ „ოცნებას“ „ოცნების“ ეშინია!
_ შეიძლება, მაგრამ გამოსავალი აქაც უნდა არსებობდეს, მაგალითად, მმართველ ძალას შეუძლია, „ერთი ბარტყის გადმოგდების“ პრინციპით იმოქმედოს და იმისთვის, რომ თავი გადაირჩინოს, რომელიმე მოქმედი თუ ყოფილი თანაგუნდელი გაწიროს…
_ ამ შემთხვევაში, „ერთი ბარტყის გადმოგდების“ პრინციპი არ იმუშავებს.
_ რატომ?
_ ეს თავის მოტყუება იქნება, თორემ საზოგადოებას ვერ მოატყუებენ! ჩხარტიშვილები, ფარცხალაძეები და სხვები სცენაზე არიან _ „ომეგა ჯგუფის“ გარშემო გავრცელებულმა ფარულმა ჩანაწერებმა ყველაფერს ფარდა ახადა და გამოჩნდა, რომ ყველაფერ ამის მთავარი მოქმედი პირი ფარცხალაძე ან ჩხარტიშვილი კი არა, ბიძინა ივანიშვილია!
_ ბატონო კახა, გეთანხმებით, რომ „ომეგას სკანდალი“ „ოცნებისთვის“ დიდი თავის ტკივილია. იგივე სამეგრელოში ხალხი ამაზე რას ფიქრობს, როგორ აფასებს?
_ ხალხი ამაზე ლაპარაკობს, ოღონდ არა _ ხმამაღლა. დიახ, ადამიანებს ცვლილებების სურვილი აქვთ, მაგრამ იმედი დაკარგეს, თუმცა ეს უიმედობა და ინდიფერენტულობა დიდხანს არ გაგრძელდება. ბოლოს და ბოლოს, მოთმინების ფიალა აივსება!
_ ხალხი უიმედოდ რატომ არის?
_ იმიტომ არის, რომ არენაზე პოლიტიკური ძალა არ ჩანს და არჩევანი ვაისა და უის შორის არის გასაკეთებელი. ადამიანებისთვის „ნაციონალური მოძრაობა“ და მიხეილ სააკაშვილი „ქართული ოცნების“ ალტერნატივა არ არის. საზოგადოებისთვის „ნაციონალურ მოძრაობასა“ და ივანიშვილს შორის ტოლობის ნიშანი არსებობს _ მათ შორის განსხვავება არ არის. ხალხი ინფანტილური და უიმედო სწორედ ამიტომაცაა.
კიდევ ერთხელ ვკითხულობ: რა განსხვავებაა ფარცხალაძის ბუნკერსა და მეგის ქარდავას სამალავებს შორის?
_ განსხვავება, ალბათ, ის არის, რომ ფარცხალაძის ბუნკერი, ოფიციალური მონაცემებით, საცხოვრებელი სახლია.
_ კი ბატონო, მაგრამ ეს სახლი რისთვის აშენდა? რა, ადამიანები მიწის ზემოთ ვერ იცხოვრებენ? რა ხდება მიწისქვეშა საძინებლებსა და საწყობებში? ისე, მეგის ქარდავასაც შეეძლო ეთქვა, ხალხი ტყეში დასასვენებლად მიმყავდაო, მაგრამ დავუჯეროთ? რატომ ჟურნალისტები არ შეუშვეს და ფარცხალაძის ბუნკერი რატომ არ დაათვალიერებინეს? რა ხდება?
_ სხვათა შორის, მეგის ქარდავას ე. წ. ტყის სამალავის გამო „ოცნებას“ არავინ დაუსჯია.
_ ქარდავა გაიქცა, „კასტილიანი კაცი“ დაისაჯა, თუმცა იმდენი არ დასჯილა, რამდენიც დასასჯელი იყო და არც ისე სამართლიანად, როგორც უნდა დასჯილიყო!
წეღან ალტერნატივაზე ვსაუბრობდით, დიახ, დღეს „ქართული ოცნების“ ალტერნატივა არც „ნაციონალური მოძრაობაა“ და არც _ მისი დამატება „ევროპული საქართველო“. პატარ-პატარა განსხვავებების მიუხედავად, ყველა ეს ერთი ჯგუფია. საზოგადოებაში უიმედობა სწორედ ამიტომ არის. „ქოცებიც“ და „ნაცქოცებიც“ ამის იმედად არიან, მაგრამ მათი ამბავი მაინც დამთავრებულია!
_ „დამთავრებულ ამბავში“ რას გულისხმობთ?
_ ეს სიტუაცია აუცილებლად შობს არა მარტო ახალ მოძრაობას, არამედ, ახალ პარტიებსა და ლიდერებს. ასევე გაჩნდებიან ახალი სოციალური ფენები, რომელიც ამ „ქოცნაცურ“ კოჰაბიტაციას აუცილებლად დაამთავრებს!
არ შეიძლება, ადამიანები ასეთ ჭაობში ბაყაყებივით წლების განმავლობაში იყვნენ!
_ დღევანდელი გადასახედიდან, რას ფიქრობთ, თავის დროზე, „ოცნება“ კოჰაბიტაცის გზას რატომ დაადგა?
_ ამის ახსნა მარტივია: „ოცნებას“ უნდოდა, ხელისუფლება შეენარჩუნებინა და წინა ხელისუფლებასთან სიამის ტყუპივით შეზრდილიყო!
_ ამ „სიამის ტყუპობაზე“ გათვლა „ოცნებას“ 2012 წლის არჩევნების დროს უკვე ჰქონდა?
_ რა თქმა უნდა!
ყველა ცუდი, ვინც „ნაციონალურ მოძრაობას“ ჰყავდა, „ქართულმა ოცნებამ“ შეიწება. დააკვირდით, როგორ არის „ქოცებისა“ და „ნაცების“ ურთიერთობა დაწყობილი: თუ მიშას იმ „შნირებს“, რომელიც „ოცნებამ“ მიიწება, არ მოითმენს, მაშინ შეიძლება, მიშა ჩამოვიდეს! „ოცნება“ ამ „შნირებს“ იმიტომ ითმენს, რომ მიშა არ ჩამოვიდეს! აი, სწორედ ეს არის კოჰაბიტაციის ბუნება და ეს არის მთელი სქემა!
_ მურუსიძეც „ოცნებამ“ ამის გამო „გააქოცა“?
_ რა თქმა უნდა. მურუსიძე მართვადია, მან ყველაფერი იცის. მურუსიძე მიშასთვისაც მისაღებია, რადგან, აგერ, „ოცნებაში“ თავისი კაცი ჰყავს. მთელი ეს სისტემა ერთ რამეზე მეტყველებს.
_ რაზე?
_ რაზე და, _ ხელისუფლებაში „ქოცები“ და „ნაცები“ უნდა იყვნენ და „ქოცნაცური“ კოჰაბიტაცია რაც შეიძლება, დიდხანს გაგრძელდეს!
_ თავის დროზე, როცა „ოცნების“ მხარდამჭერი იყავით, ყველაფერ ამას ვერ ხვდებოდით?
_ კი, როგორ ვერ ვხდებოდი და როცა დავინახე, რაც ხდებოდა, „ქართულ ოცნებას“ პირველი მე დავუპირისპირდი!
_ მახსოვს და ვიცი, რომ „ქართულ ოცნებას“ ერთ-ერთი პირველი დაუპირისპირდით, მაგრამ ეს 2013 წლის ადგილობრივი არჩევნების შემდეგ მოხდა. მე კი იმას გეკითხებით, იმ სქემის შესახებ, რომელზედაც საუბრობთ, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ არაფერი იცოდით-მეთქი?
_ ჩემთვის ყველაფერი თავიდანვე ნათელი იყო და არც მოვტყუებულვარ, მაგრამ ეს იძულებითი არჩევანი იყო.
_ ანუ იძულებული იყავით, რომ 2012-ში „ქართული ოცნებისთვის“ დაგეჭირათ მხარი?
_ დიახ.
_ რამ ან ვინ გაიძულათ?
_ მაშინ მარტო მიშა სააკაშვილის წასვლის კი არა, ზოგადად, ცვლილების ძალიან დიდი სურვილი იყო და საზოგადოებამ არჩევანი „ოცნებაზე“ ამიტომ გააკეთა, თუმცა ეს ჩემთვის იძულებითი არჩევანი იყო.
_ რატომ?
_ იმიტომ, რომ მაშინ სხვა ალტერნატივა არ არსებობდა და იმედი მქონდა, რაღაც შეიცვლებოდა. აი, ეს იყო მაშინდელი ჩემი იძულებითი არჩევანის მიზეზი.
_ ქართული ნათქვამია, შეუჩვეველ ჭირს შეჩვეული სჯობიაო. ჰოდა, იქნებ, სჯობდა, ისევ წინა ხელისუფლება ყოფილიყო? ხომ არ ნანობთ, რომ, თავის დროზე, „ოცნებას“, თუნდაც, იძულების გამო, დაუჭირეთ მხარი?
_ არა. პირდაპირ ვამბობ: მიშა სააკაშვილი უკვე აუტანელი იყო, რადგან მაშინდელი ხელისუფლება ყველანაირ ზღვარს გადავიდა.
_ როგორც ამბობთ, „ოცნებაც“ ყველანაირ ზღვარს გადავიდა.
_ დიახ, გადავიდა და ის დაემართება, რასაც არ ელის!
2012 წელს ცვლილების მოლოდნი ისეთი დიდი იყო, რომ მაშინდელ ჩემს არჩევანს ვამართლებ, რადგან ყველაფერ იმის მოთმენა და ატანა, რაც მაშინ ხდებოდა, უკვე შეუძლებელი იყო!
_ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ „ნაციონალურ მოძრაობას“ ციხის კადრები აუფეთქდა. სხვა საქმეა, ამ კადრებიდან რა რეალური იყო და რა _ დადგმული, მაგრამ, ბატონო კახა, როგორ ფიქრობთ, „ომეგას სკანდალს“ „ოცნებისთვის“ ე. წ. ციხის კადრების ეფექტი ხომ არ ექნება?
_ „ომეგას სკანდალი“ ისეთი მძაფრი არ არის, როგორიც ციხის კადრები, მაგრამ ამ ფარულ ჩანაწერებს „ოცნებისთვის“, შეიძლება, ისეთივე ეფექტი მაინც ჰქონდეს.
ადამიანების გაუპატიურება საშინელებაა, მაგრამ ფარცხალაძის „ბუნკერი“ და კორუფციული ფაქტები „ოცნებისთვის“ მძიმე სურათს ქმნის და ვგრძნობ, რომ ეს „ოცნების“ დასასრულის დასაწყისია!
_ ნეტავ, ამ „დასასრულის დასაწყისს“ „ოცნებაც“ თუ გრძნობს?
_ ეგ „ოცნებას“ ჰკითხეთ!
_ ზოგი პარალელს ავლებს 2012 წლის საპარლამენტო რჩევებისა და ახალნდელი საპრეზიდენტო არჩევნების წინა პერიოდებს შორის და ამბობს, რომ „ოცნება“ ზუსტად ისე იქცევა, როგორც მაშინდელი ხელისუფლება. იმ დროს გვახსოვს, ოპოზიცია ამომრჩევლის დატერორებასა და დაშინებაზე საუბრობდა. ბატონო კახა, თქვენი დაკვირვებით და შეფასებით, „ოცნება“ ხალხს აშინებს და ატერორებს?
_ არჩევნების ჩატარების მეთოდები ზუსტად იგივეა, რადგან „ნაცები“ და „ქოცები“ ერთნი არიან. იცით, სასაცლო რა არის?
_ რა?
_ რა და, _ „ნაციონალები“ თავიანთი მეთოდებით მოქმედ „ქოციონალებს“ არჩევნების ჩატარების მეთოდებს უწუნებენ. „ნაცებიც“ არჩევნებს ზუსტად იგივე მეთოდებით აყალბებდნენ, როგორი მეთოდებითაც „ქოცები“ ამ არჩევნების გაყალბებას აპირებენ! ამ ორ ძალას შორის ტოლობის ნიშანს სწორედ ამიტომ ვსვამ!
_ სხვათა შორის, გავრცელდა ინფორმაცია, რომ სამეგრელოში საჯარო მოსამსახურეებს სპეციალური ბლანკები დაურიგეს და მოსთხოვეს, რომ სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერების სია გააკეთონ. ეს ინფორმაცია მართალია?
_ რა გიკვირთ? აბა, სხვანაირად „ოცნებამ“ არჩევნები როგორ უნდა მოიგოს?
_ ისე, თქვენი შეფასებით, „ქართულმა ოცნებამ“ „სტავკა“ მაინცდამაინც სალომე ზურაბიშვილზე რატომ გააკეთა?
_ ჯობია, ამის შესახებ ბიძინა ივანიშვილს ჰკითხოთ.
_ ივანიშვილი თავისუფალ მედიას არ ეკონტაქტება, თორემ მარტო ამას კი არა, კიდევ ბევრ რამეს ვკითხავდი!
_ ვიცი, რომ სალომე ზურაბიშვილის საკითხზე „ოცნებაში“ ერთმანეთს დაუპირისპირდნენ _ „ოცნების“ ბევრი წევრი წინააღმდეგი იყო, რომ სალომესთვის დაეჭირა მხარი, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილება ბიძინა ივანიშვილმა მიიღო.
_ ბატონო კახა, გამოცდილი პოლიტიკოსი ხართ, პოლიტიკურ კულუარებშიც კარგად ერკვევით და ამიტომ ჩაგეკითხებით, _ ივანიშვილმა მაინცდამაინც ზურაბიშვილის მხარდაჭერა რატომ მოისურვა? უკეთესი არ იქნებოდა, რომ მმართველ გუნდს პრეზიდენტობის ისეთ დამოუკიდებელ კანდიდატზე დაედო ფსონი, რომელსაც საზოგადოებაში უფრო მეტი სიმპათია ექნებოდა?
_ არა, სხვანაირად არ შეიძლებოდა.
_ რატომ არ შეიძლებოდა?
_ იცით, რა ხდება? სალომე ვერ დაუპირისპირდება ივანიშვილს და ივანიშვილმაც წინაწარ იცის, რომ ზურაბიშვილმა რა ნაბიჯებიც უნდა გადადგას, მის ხელისუფლებას მაინც ვერ დაემუქრება!
სალომე ზურაბიშვილი ივანიშვილის არჩევანი იმიტომ არის, რომ მომავალში თვითონ იყოს კომფორტულად! სალომე ის პოლიტიკური ფიგურა არ არის, რომელსაც შეუძლია, რომ ივანიშვილს დაუპირისპირდეს და ამით „ოცნებაში“ რაღაც რყევები გამოიწვიოს! დიახ, ივანიშვილმა ზურაბიშვილზე არჩევანი საკუთარი სიმშვიდის გამო გააკეთა!
_ თავად ზურაბიშვილს რაღა რჯიდა, რომ პრეზიდენტობის კანდიდატი ყოფილიყო? მესმის, რომ ქვეყნის პრეზიდენტობა კარგად ჟღერს, მაგრამ ამდენი აჟიოტაჟი და მის წინააღმდეგ ყოველდღე ახალი კომპრომატების გამომზეურება უღირს?
_ პრეზიდენტობა უნდა და რა ქნას!
_ ასეა თუ ისე, მგონია, რომ რაღაც აბსურდის თეატრში ვართ!
_ დიახ, ასეა.
_ ჰოდა, ამ აბსურდის თეატრის ფინალური სცენა როგორი იქნება, ანუ თქვენი პროგნოზით 28 ოქტომბერს რა მოხდება?
_ არ მინდა, წინასწარ რამე ვთქვა, მაგრამ ერთი ფაქტია: „ოცნება“ ყველაფერს გააკეთებს, რომ სალომე საქართველოს პრეზიდენტად „გაათრიოს“!
_ მერე ამ „გათრევას“ ხალხის უკმაყოფილება არ მოჰყვება?
_ ალბათ, იმ დონის უკმაყოფილება არ იქნება, რომ ხელისუფლება შეიცვალოს. პოლიტიკური ცვლილებები, ალბათ, უფრო 2020 წლისთვის იქნება. დღეს კი არ მგონია, საზოგადოება გარეთ გამოსვლისთვის იყოს მოტივირებული.
_ 2020 წლამდე კიდევ ორი წელია. ამ ხნის განმავლობაში, თუ ასე გაგრძელდა, კორუფცია უფრო მასშტაბური გახდება და ქვეყანა ხომ დაიღუპება?
_ თუ ასე იქნება, მაშინ „ქართული ოცნება“ 2020 წლამდე ვერ მიაღწევს. პირდაპირ ვამბობ: „ქართული ოცნების“ ხელისუფლების დასრულებას მიხეილ სააკაშვილი უშლის ხელს, ანუ იმის თქმა მინდა, რომ სააკაშვილი ცვლილებებისა და სიკეთის მომტანი არ არის. „ქართული ოცნება“ ხელისუფლებას სააკაშვილის ფაქტორიდან გამომდინარე ინარჩუნებს!
_ შეიძლება, მაგრამ ის 9 წელი ხალხზე აღარ მუშაობს, რადგან „ოცნების“ ექვსწლიანი მმართველობაც არანაკლებ მძიმეა…
_ 9 წელზე კი არა, სააკაშვილზე ვლაპარაკობ _ ის ჩვენი საზოგადოებისთვის იმდენადაა მიუღებელი, რომ 15-16% ქვეყნის ბედს ვერ გადაწყვეტს. ძალიან გთხოვთ, ეს სიტყვები პირდაპირ დაწეროთ: მიხეილ სააკაშვილი ბიძინა ივანიშვილის იმედია!
_ რა თქმა უნდა, ყველაფერს პირდაპირ დავწერ, რასაც მეუბნებით, მაგრამ თუ ხალხის მხარდაჭერა „ქართულ ოცნებასაც“ აღარ აქვს, ვერ ვხვდები, სააკაშვილი ივანიშვილისთვის იმედი როგორღა უნდა იყოს?
_ ხომ გითხარით, რომ ალტერნატივა არ არის? ამიტომ არჩევნებზე საზოგადოების აქტივობა ძალიან დაბალი იქნება _ საარჩევნო უბნებზე მხოლოდ „ქოცებისა“ და „ნაცების“ მომხრეები მივლენ, მაგრამ საქართველო „ქოცები“ და „ნაცები“ არ არის! იგივე გამოკითხვების მიხედვით, ძალიან ბევრი ადამიანი ამბობს, არც ერთი მინდა, არც _ მეორე და არჩევნებზე არ მივალო. ისიც დიდი მასაა, რომელსაც ჯერ არ გადაუწყვეტია, ვის მისცემს ხმას. ეს მიშასა და ბიძინას კი არა, საზოგადოების პრობლემაა! ხელისუფლებას ვებრძვით, მაგრამ ალტერნატივას ვერ ვხედავთ. ჩვენ თავად კი უმოქმედონი ვართ და პროტესტის გამოხატვა და ქუჩაში გამოსვლა არ გვინდა. ვიღაცის შეძახილს და ახალ ლიდერს ველოდებით, მაგრამ ახალი ლიდერის აღმოჩენის სინდრომი ჩვენ წინააღმდეგ მოქმედებს.
_ 2012-ში ახალი ლიდერი გამოჩნდა, მაგრამ ხალხისთვის არაფერი შეიცვალა:: მას ისევ შია და ისევ უსამართლობას უპირსპირდება!
_ დიახ, ასეა.
_ ე. ი. ახალი ლიდერი არც ახლა გვიშველის.
_ ამიტომ ვამბობ, რომ პრობლემა ჩვენშია. ლიდერი ჩვენი პროტესტიდან და აქტიურობიდან უნდა იშვას. ლიდერი არ უნდა დაგვისვან! ივანიშვილი დასმული ლიდერია!
_ ბატონო კახა, მახსოვს, წინა ხელისუფლების დროს აქციებს ხშირად მართავდით და ათასგვარ პოლიტიკურ პერფორმანსსაც აწყობდით. დღესაც ცუდი მდგომარეობაა ქვეყანაში. პერფორმანსებს რატომ აღარ აწყობთ?
_ არ გადამრიოთ! შეიძლება, სხვა ფორმით, მაგრამ დღეს რა არ ვქენი? _ ბოლოს და ბოლოს, სამეგრელოს ხელისუფლება პენსიაში გავუშვი!
ისე, „ოცნება“ პერფორმანსი თავად არის და რაღა პერფორმანსი უნდა?! თუ ჩემი პერფორმანსია მთავარი, არ მოგაწყენთ და რამეს მოვიფიქრებ, მაგრამ იმას, რაც დღეს ხდება, თეატრალიზება აღარ სჭირდება _ ყველაფერი ნათელია და ამას პროტესტი და საზოგადოების გამოფხიზლება სჭირდება!
ერთი სიტყვით, ჩემთვის ორივე _ მიხეილ სააკაშვილიც და ბიძინა ივანიშვილიც _ წარსულია! მე მომავალს ვუყურებ და მომავლის იმედი მაქვს, მაგრამ ამას მხოლოდ იმედად ყოფნა არ შველის, ამას მოძრაობა და პროტესტის გამოხატვა უნდა, რითაც ერთი კაცის ხელისუფლების მთელ ციკლი დასრულდება. არ შეიძლება, ქვეყანა ერთი კაცის ხელისუფლებაზე იყოს ჩამოკიდებული. ეს დემოკრატიისა და განვითარების საწინააღმდეგო ნაბიჯია. დემოკრატია ხალხისა და პარტიების მმართველობაა! ვიმედოვნებ, საქართველოში ასეთი მმართველობა იქნება!

გიორგი აბაშიძე