მოხალისე „პრეზიდენტები“

პირველად პრეზიდენტი 27 წლის წინ, 1991 წელს ავირჩიეთ. ახლა მეშვიდედ ვირჩევთ საქართველოს პრეზიდენტს. საქართველოში, ანუ იმ ქვეყანაში, სადაც ყველას პირველკაცობა სწყურია (ანუ როგორც კონსტანტინე გამსახურდიამ ათქმევინა გიორგი პირველს: „ჩვენში ყველა ნაბიჭვარს აზნაურობა სწყურია, ყველა ნაცარქექიას _ სარდლობა“), პირველკაცობის ეს პატივი აქამდე მხოლოდ ოთხ კაცს ერგო: ზვიად გამსახურდიას, ედუარდ შევარდნაძეს, მიხეილ სააკაშვილსა და გიორგი მარგველაშვილს.

ეს ვისაც ერგო, მაგრამ რამდენს უნდოდა? რამდენ კაცს სურდა ჩვენი პრეზიდენტობა, ამას ისე დავიხოცებით, ვერას ძალით ვერ გავიგებთ.
„ამირან გულში მღეროდაო“ და რა ვიცით, ვის რა ედო გულში და ვინ რას მღეროდა? ჩვენ ვერც იმას გავიგებთ, რამდენმა გაამხილა პრეზიდენტობის სურვილი შინაურობაში, ვიწრო წრეში და შემდეგ რამდენმა დაიმარხა გულში ან დაუმარხეს, როგორც, ვთქვათ, ალასანიას ან კახი კალაძეს… სად იყო ბიძინა და „ოცნება“, კაცი რომ პრეზიდენტობაზე ოცნებობდა და ამ ოცნებაზე მას კვერს ის მიხეილ სააკაშვილიც უკრავდა, რომლის საარჩევნო კამპანიაშიც მაშინ ტანგაუხდელად მონაწილეობდა კახი კალაძე?
ჩვენ შეგვიძლია გავიგოთ და დავითვალოთ მხოლოდ ისინი, რომლებიც ცესკომდე მივიდნენ. მათ დასათვლელადაც კი კალკულატორი დაგვჭირდება. ნაწილმა მიაღწია ბიულეტენებში ჩაწერამდე, ნაწილმა ვერც მიაღწია, ან თავიდანვე სთხლიშეს უარი, არც მიიღეს მათი განაცხადი, ან შემდეგ ეტაპზე სტკიცეს უარი.
პირველ ოთხ არჩევნებზე 6-6 კანდიდატი იყო ხოლმე ბიულეტენებში. მეხუთე არჩევნებზე _ 7. მეექვსეზე უკვე _ 23, ახლა, მეშვიდე არჩევნებზე, უკვე 25-ია. ჯამში, სულ 79 გამოდის, მაგრამ ზოგი ორ-ორჯერ იყო და არის კანდიდატი, შალვა ნათელაშვილი აგერ მესამედაა, ქართლოს ღარიბაშვილი 4-ჯერ იყო კანდიდატი.
რეალურად, დღეის მდგომარეობით, სულ 66 პირია, ვინც პრეზიდენტობის „ჩაბიულეტენებული“ კანდიდატია. მათგან 4 გახდა პრეზიდენტი, ახლაც ერთი გახდება. სხვა დანარჩენი დარჩება კანდიდატად. ამ არჩევნებზე მეორედ იყრიან კენჭს გიორგი ლილუაშვილი, დავით ბაქრაძე, აკაკი ასათიანი, მიხეილ სალუაშვილი.
თუ ადრე ქართლოს ღარიბაშვილი და როინ ლიპარტელიანი იყვნენ მარადიული კანდიდატები, ახლა მათ ნიშას სწორედ აკაკი ასათიანი, გიორგი ლილუაშვილი და მიხეილ სალუაშვილი იკავებენ. აკაკი ასათიანმა წინა არჩევნებზე სულ 1559 ხმა (0,1 %) მიიღო, მაგრამ ახლაც ხალისიანად კენჭაობს.
წელს პირველი არჩევნებია ქართლოს ღარიბაშვილის გარეშე… ის ყველა საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობდა, რაც კი აქამდე გამართულა _ ხან ბიულეტენში ეწერა კანდიდატად, ხან ბიულეტენს მიღმა იყო…
პირველივე საპრეზიდენტო არჩევნებზე გამოხატა პრეზიდენტობის სურვილი, მისცეს კიდეც მხარდამჭერთა სიის შეგროვების უფლება, მაგრამ საბოლოოდ ვერ მოხვდა ბიულეტენში. 1995 წლის არჩევნებზე უკვე იყო კანდიდატთა შორის და 0,47% აიღო – 10 023 კაცმა მისცა ხმა. შემდეგ არჩევნებზე – 2000 წელს, მაჩვენებელი დაუვარდა – 0,34%-მაღა მისცა ხმა, ანუ 7 963 კაცმა. შემდეგ, 2004 წელს, კიდევ დაუვარდა ეს მაჩვენებელი 0,21%-მდე, 4 222-მა კაცმაღა მისცა ხმა. ქართლოს ღარიბაშვილს 2008 წლის არჩევნებშიც უნდოდა მონაწილეობის მიღება, სურვილიც გამოთქვა, მხარდამჭერთა 52-ათასიანი სიაც მიიტანა, მაგრამ… კანდიდატების სიაში მაინც ვერ მოხვდა. 2013 წლის არჩევნებზე კანდიდატთა შორის იყო, მაგრამ მხოლოდ 530 კაცმა, ანუ 0,03%-მაღა მისცა ხმა…

ზვიად გამსახურდიას „კონკურენტები“

1991 წლის არჩევნებზე მაშინდელ ცესკოს 10-მა პირმა მიმართა პრეზიდენტობის სურვილით. მაშინ ზვიად გამსახურდიას გარდა პრეზიდენტობაზე „პრითენზიას“ აცხადებდნენ: ვალერიან ადვაძე, ნოდარ ნათაძე, ირაკლი შენგელია, ჯიმი მიქელაძე, თამაზ კვაჭანტირაძე, გიორგი ყორღანაშვილი, ქართლოს ღარიბაშვილი, როინ ლიპარტელიანი და მაშინ პატიმრობაში მყოფი ჯაბა იოსელიანი, მაგრამ მის დამსახელებელ საინიციატივო ჯგუფს მაშინვე უარი სთხლიშა ცესკომ და მხარდამჭერთა სიების შეგროვების უფლება არ მისცა, რადგან მაშინდელი კანონმდებლობა არჩევნებში მონაწილეობას პატიმრობაში მყოფ პირს უკრძალავდა. მის გარდა ყველას მიეცა მხარდამჭერთა სიების შეგროვების უფლება, მათ ცესკოსთვის მხარდამჭერთა, მინიმუმ, 10-ათასკაციანი სიები უნდა წარედგინათ. საბოლოოდ, საარჩევნო ბიულეტენებში ზვიად გამსახურდიასთან ერთად ეწერნენ ეკონომისტი ვალერიან ადვაძე, იურისტი ჯიმი მიქელაძე და ფილოლოგები თამაზ კვაჭანტირაძე, ნოდარ ნათაძე, ირაკლი შენგელაია.
იმ დროს საქართველოში 3 594 810 ამომრჩეველი იყო, არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 2 978 247-მა, მათგან 87,03%-მა (2 565 362-მა ამომრჩეველმა) ზვიად გამსახურდიას მისცა ხმა. დანარჩენი კანდიდატებიდან ყველაზე მეტი ხმა ვალერიან ადვაძემ მიიღო _ 240 243 ხმა (7,17%), ჯიმი მიქელაძემ _ 51 717 ხმა (1,58%), ნოდარ ნათაძემ _ 36 266 ხმა (1,14%), ირაკლი შენგელაიამ _ 26 886 ხმა (0,88%), თამაზ კვაჭანტირაძემ _ 8553 ხმა (0,25%). ჯამში 363 665 ადამიანმა სხვა კანდიდატს მისცა ხმა და არა ზვიად გამსახურდიას. ამდენად, დღეს რომ გამოცვივდებიან ხოლმე მატრაკვეცები და ღნავიან, _ ზვიადი ერთხმად აირჩიეს და მერე დაუპირისპირდნენო, კარგად დახედონ ამ ციფრებს. 363 665 კაცმა სხვა კანდიდატს მისცა ხმა და როგორ ფიქრობთ ან ამდენი კი დაუპირისპირდა შემდეგ ზვიად გამსახურდიას?
ისე, ზვიად გამსახურდიას რეკორდი დღემდე არავის მოუხსნია. მაშინ კი მისი ყველაზე მსხვილი „კონკურენტი“ ვალერიან ადვაძე იყო. ამბობდა ცხონებული ზვიად გამსახურდია, _ ნუ აზვიადებთ, ეგ არც ჩემი მეტოქეა, არც გენიალური ეკონომისტია, ერთი რიგითი ეკონომისტია, მარქსისტული პოლიტეკონომიის ისტორიკოსიაო. ამბობდა, მაგრამ ვინ უჯერებდა? ზვიად გამსახურდია ვალერიან ადვაძის სუკთან და რუსეთთან კავშირზეც ღიად მიუთითებდა, მაგრამ ან ამას უჯერებდნენ? არადა, ვალერიან ადვაძემ, მაშინ, სწორედ საპრეზიდენტო არჩევნების დროს, მოსკოვიდან ჩამოიყვანა დაცვად სუკის თანამშრომლები და მთელი სკანდალები იყო მაშინ ამ თემაზე. ჯიმი მიქელაძე ოფიციალურად იყო კომუნისტი _ დამოუკიდებელი კომპარტიის ცეკას მდივანი, ჭეშმარიტ კომუნისტს _ საბჭოთა კავშირის სახალხო დეპუტატ ვალერიან ადვაძეს კი უკვე „ეროვნული თანხმობისა და აღორძინების კავშირის“ „პლაში“ ჰქონდა მოსხმული. იგი იყო თხემით ტერფამდე კომუნისტი და რუსოფილი. ოცნებობდა ორპარტიულ საქართველოზე: „ჩვენ ყველამ უნდა შევუწყოთ ხელი სახალხო ფრონტის ჩამოყალიბებას, საქართველოს კომუნისტური პარტიის ხმა და სახალხო ფრონტის ხმა ერთად იქნება ერის ხმა, მთელი ხალხის ხმა“. ეს ოცნებაც ოცნებად დარჩა და პრეზიდენტობის ოცნებაც ოცნებად. პრეზიდენტი ვერ გახდა, მაგრამ სისხლიანი გადატრიალების შემდეგ სახელმწიფო საბჭოში მოგვევლინა და თუ პირველი პრეზიდენტი ვერა, საქართველოს პირველი ელჩი ნამდვილად გახდა – რუსეთში. იყო ქონების მართვის კომიტეტის თავმჯდომარეც და 1992 წელს არჩეული პარლამენტის წევრიც. მოგვიანებით, 2009 წელს, უკვე მხცოვანი, აქტიურად მონაწილეობდა პუტინის მეგობარ ბიზნესმენ ალექსნადრე ებრალიძის მიერ მოწყობილ კონგრესში…

ედუარდ შევარდნაძის „კონკურენტები“

1995 წელს საპრეზიდენტო არჩევნებზე შევარდნაძეს ხუთი კონკურენტი ჰყავდა – ჯუმბერ პატიაშვილი, აკაკი ბაქრაძე, პანტელეიმონ გიორგაძე, ქართლოს ღარიბაშვილი, როინ ლიპარტელიანი. ჯუმბერ პატიაშვილს ნამდვილად ვერ ვუწოდებთ მოხალისე „პრეზიდენტს“ _ 19,58% დააგროვა. 2000 წლის არჩევნებზე 17%-მდე დააგროვა. ცხადია, ის პირველობას ვერანაირად ეცილებოდა შევარდნაძეს და ვერც მეორე ტურს უჩალიჩებდა, მაგრამ „მეორეკაცობის“ კვალობაზე ამხელა %-ს ვერავინ იღებდა. პატიაშვილის რეკორდი შემდეგ მხოლოდ ლევან გაჩეჩილაძემ მოხსნა – 25,69%-ით 2008 წლის არჩევნებზე.
აკაკი ბაქრაძეს სულ 1,48%-მა მისცა ხმა, ანუ – 31 350-მა კაცმა. ქვეყანაში, სადაც ორიოდე წლის წინ მკერდს უშვერდნენ რუსის ორლესულ ნიჩბებს, ახლა ხმები ორ კომუნისტ ლიდერს შორის ნაწილდებოდა, რომელთა ბრალეულობის საკითხი იმ 9 აპრილის ტრაგედიაში არც მაშინ იყო მოხსნილი და არც დღესაა…
შევარდნაძეს ისევ ხუთი „კონკურენტი“ ჰყავდა 2000 წლის არჩევნებზეც. ცესკომ ამ არჩევნებში მონაწილეობის უფლება არ მისცა როინ ლიპარტელიანს, კანდიდატთა სიაში ვერ მოხვდნენ ვერც ზურაბ გაგნიძე და ვერც გურამ აბსნაძე. ასლან აბაშიძემ არჩევნებამდე 2 დღით ადრე მოხსნა კანდიდატურა. მოკლედ, შევარდნაძის კონკურენტები იყვნენ კვლავ ჯუმბერ პატიაშვილი და ქართლოს ღარიბაშვილი, მათ დაემატნენ ავთანდილ ჯოგლიძე, ვაჟა ჟღენტი და თენგიზ ასანიძე. მერე რა, რომ ამ 4-მა „მუშკეტერმა“ ერთად 1%-იც კი ვერ აიღო და 0,86% დასჯერდა ოთხივე ერთად: ქართლოსი – 0,34%; ავთანდილი – 0,25%; ვაჟა – 0,15%; თენგიზი – 0,12%.

მიხეილ სააკაშვილის კონკურენტები

2004 წელს, ანუ „ვარდების რევოლუციის“ ტალღაზე ისეთი სიტუაცია იყო, სააკაშვილთან ტყუილად ჭიდაობის ნერვი არავის ჰქონდა, პრაქტიკულად უკონკურენტო იყო და რომ არა მარადიული მოხალისეები, ბიულეტენში მარტოც იქნებოდა, მაგრამ აცალა ვინმემ მარტოობა? არჩევნებში მონაწილეობის სურვილი 15-მა პირმა გამოთქვა: მიხეილ სააკაშვილმა, როინ ლიპარტელიანმა, გიორგი ყორღანაშვილმა, იგორ გიორგაძემ, ზურაბ ქელეხსაშვილმა, ქართლოს ღარიბაშვილმა, ბიძინა ხარიბეგაშვილმა, ვაჟა ჩხაიძემ, გია ჩხიკვაძემ, ზაზა სიხარულიძემ, სერგო აქსენტიევმა, ლია ამანათაშვილმა, იური მკრტუმიანცმა, ელენე ტეფნაძემ, თეიმურაზ შაშიაშვილმა.
მხარდამჭერთა სიების წარდგენამდე ლია ამანათაშვილმა ცესკოში უსტარი მიიტანა კანდიდატურის მოხსნაზე, _ რაც ამ ქვეყანაში ხდება, ეს დემოკრატიული პროცესები კი არა, დემნოკრატიულია, აშკარაა, რომ არჩევნები გაყალბდება და კანდიდატურის მოხსნით პროტესტს გამოვხატავ ამ არჩევნების მიმართო. სერგო აქსენტიევის საინიციატივო ჯგუფმა კი გამოაცხადა, სერგო აქსენტიევის მხარდამჭერმა საქართველოს მოსახლეობამ დაასკვნა, რომაო, საქართველოს მთლიანი პოლიტიკური სპექტრის გარეშე არჩევნების ჩატარება საქართველოს მთლიანობის დარღვევას და დესტაბილიზაციას გამოიწვევს და ამაში მონაწილეობის უფლება არც ჩვენ გვაქვს და არც სხვას, ვინც კი საღად აზროვნებსო. გიორგი ყორღანაშვილმა რიხით გამოაცხადა, საპრეზიდენტო მარათონს ჩამოვშორდიო, მაგრამ ცესკოში გნაცხადება არ მიუტანია, დაეზარა. კიდევ ხუთმა კანდიდატმა (ბიძინა ხარიბეგაშვილი, ვაჟა ჩხაიძე, გია ჩხიკვაძე, ელენე ტეფნაძე და იური კრტუმიანცი) მხარდამჭერთა 50-ათასიანი სიის წარდგენა ვერ შეძლო. ასეთი სიები წარადგინა მხოლოდ 7-მა კანდიდატმა: მიხეილ სააკაშვილმა, როინ ლიპარტელიანმა, იგორ გიორგაძემ, ზურაბ ქელეხსაშვილმა, ქართლოს ღარიბაშვილმა, ზაზა სიხარულიძემ და თეიმურაზ შაშიაშვილმა.
იგორ გიორგაძეს უარი სდრუზეს და საბოლოოდ არჩევნებში 6-კანდიდატიანი ბიულეტენი გაიშალა. ხუთმა ერთად 3%-იც კი ვერ წაღლიტა მიხეილს. თემურ შაშიაშვილმა დიდი ბლატაობის შემდეგ 1,87% მოაგროვა.
ამ არჩევნების კოლორიტები ისევ ქართლოს ღარიბაშვილი, როინ ლიპარტელიანი და ვინმე ქელეხსაშვილი იყვნენ. განათლებით იურისტი და მუსიკოსი ზურაბ ქელეხსაშვილი ეროვნული მოძრაობის დროს კონგრესის წევრი ყოფილა და ოპოზიციაში ედგა ზვიად გამსახურდიას.
საქართველოში დაბრუნებულმა შევარდნაძემ საქართველო ვერა, მაგრამ ქელეხსაშვილი კი ააყვავა _ ქელეხსაშვილი მოქკავშირის საინფორმაციო-ანალიტიკური სამსახურის უფროსი გახდა, სხვადასხვა დროს იყო ამ პარტიის გენმდივნის თანაშემწე, გენმდივნის მოადგილის აპარატის უფროსი, მუშაობდა პარლამენტშიც. 2001 წელს კი შევარდნაძე და სხვა პარტიული ბოსები ქვეყნის ღალატში დაადანაშაულა, „მოქკავშირი“ დატოვა და „მძლეველის“ თანათავმჯდომარე გახდა. თავის მთავარ ამოცანად კაპიტალისტური ფორმაციის შეცვლა მიაჩნდა, ოღონდ რით ცვლიდა, იმ ფორმაციის სახელს არ ამხელდა. მხოლოდ იმას გვიმხელდა _ ფულის ხალხზე ბატონობა ფულზე ხალხის ბატონობით უნდა შეიცვალოსო. მისთვის რომ გეკითხა, იმ არჩევნებზე ის კი არ წყდებოდა, ვინ გახდებიდა პრეზიდენტი, ის წყდებოდა, საქართველო იყოს დამოუკიდებელი თუ ჩაბარდეს მასონურ დასავლეთს. არჩევნების წინა დღეს, უკვე დაგვიანებით, მან ცესკოს კანდიდატურის მოხსნის განცხადებით მიმართა და თავისი ჭკუით დაბნეულობა შეიტანა „მტრის“ ბანაკში.
ქართლოს ღარიბაშვილის კამპანია ჟვანია-სააკაშვილის წინააღმდეგ ომს წარმოადგენდა, ცალკე გენპროკურატურისგან მოითხოვდა, სასწრაფოდ ჟვანია დააპატიმრეთო და ცალკე ცესკოსგან _ სააკაშვილის რეგისტრაციიდან მოხსნას. ჟვანიას ბრალს სდებდა ნოემბრის შეთქმულების მოწყობასა და სახელმწიფო დაწესებულებების სააკაშვილის საარჩევნო კამპანიისთვის გამოყენებაში. ამბობდა, რომ მას სააკაშვილის გუნდი კი არა, მთელი სახელმწიფო აპარატი ებრძოდა, _ ყველა რგოლი, ზურაბ ჟვანიას ხელმძღვანელობით.
გვპირდებოდა, რომ ქვეყანას 6 თვეში გამოიყვანდა სოციალური კრიზისიდან. „დამიჭირონ მხარი, იქნებიან კარგად“, _ ამბობდა ღარიბაშვილი.
ქართლოს ღარიბაშვილმა თბილისში იურიდიული ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ ასპირანტურა მოსკოვში, ლომონოსოვის უნივერსიტეტში გაიარა, იქვე დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია და ასწავლიდა კიდეც ლომონოსოვში, პარალელურად კანონმდებლობის საკავშირო კვლევით ინსტიტუტშიც მუშაობდა, საქართველოში 1984 წელს დაბრუნდა, 1987 წლიდან ადვოკატობას შეუდგა. პოლიტიკაში 9 აპრილის მოვლენების შემდეგ ჩაერთო. 1991 წელს პრეზიდენტობა უნდოდა. 1992-95 წლებში პარლამენტის წევრი და ფრაქცია „დემოკრატის“ თავმჯდომარე იყო.
ამ არჩევნებში მონაწილეობდა პრეზიდენტობის ერთ-ერთი ქრონიკული კანდიდატი _ იურისტი, აგრონომი, ჟურნალისტი, დიპლომატი, პატენტმცოდნე და „ღმერთის მოყვარულთა მსოფლიო აკადემიის“ პრეზიდენტი როინ ლიპარტელიანი. როინ ლიპარტელიანს, ჯერ კიდევ, 1991 წელს სურდა პრეზიდენტობა, მაგრამ როგორც შემდეგ ამბობდა, მას კი არ სურდა, ზვიად გამსახურდიამ სთხოვა და სწორედ მის სასარგებლოდ მოხსნა არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე კანდიდატურა. 1995 წლის არჩევნებში კანდიდატი იყო, 2000 წელსაც უნდოდა კენჭაობა, მაგრამ უარი სტკიცეს. 2004 წელს ისევ კანდიდატად მოგვევლინა. თუ საპრეზიდენტო არჩევნებში პირველად მონაწილეობისას მისი პროგრამა სულ 10-გვერდიანი იყო, თანდათან გასუქდა და 2004 წლისთვის 1500-გვერდიანი გახდა. პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში ახალი რუის-ურბნისით იმუქრებოდა, მართლმადიდებლობას სახელმწიფო რელიგიად გამოვაცხადებ და სასულიერო პირები ყველაზე პრივილეგირებულები გახდებიანო. თავს ზვიად გამსახურდიას და მერაბ კოსტავას თანამებრძოლად აცხადებდა, მაგრამ იდეალურ პოლიტიკურ ფიგურად სტალინს ასახელებდა. არჩევნებში კენჭს იყრიდა, მაგრამ თვითონ ხმა არ მისცა, _ მე მარკირებას როგორ გავიკეთებ ან ვის მივცე ხმა, ჩემს თავსო?
2008 წლის რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნებზე ცესკოს პრეზიდენტობის ხვაშიადი 24-მა პირმა გაუმხილა.
ივანე წიკლაურისა და ელენე ტეფნაძე-ბაგრატიონისას საინიციატივო ჯგუფებმა მხარდამჭერთა სიის ბლანკები წაიღეს და კანდიდატი აღარ წაუყენებიათ, სხვა 8 საინიციატივო ჯგუფებმა დროზე არ წარადგინეს სიები და რეგისტრაცია გაუუქმდათ, მათ კანდიდატებს კი უარი ეთქვათ რეგისტრაციაზე, ეს კანდიდატები იყვნენ: თამაზ ბიბილური, შალვა ცერცვაძე, გიორგი გაჩეჩილაძე, ფაზილ ალიევი, თეიმურაზ შაშიაშვილი, გიორგი გახოკიძე, ავთანდილ ფილაური, გია ჩხიკვაძე. რეგისტრაციაზე ასევე უარი ეთქვა კიდევ 7 კანდიდატს: ლევან ქიძინიძეს, გიორგი შერვაშიძეს, შალვა კუპრაშვილს, გიორგი ყორღანაშვილს, ქართლოს ღარიბაშვილს, ავთანდილ მარგიანს, არჩილ იოსელიანს.
საბოლოოდ ბიულეტენამდე 7-მა კანდიდატმა მიაღწია: მიხეილ სააკაშვილმა, ლევან გაჩეჩილაძემ, ბადრი პატარკაციშვილმა, დავით გამყრელიძემ, შალვა ნათელაშვილმა, გია მაისაშვილმა და ირინა სარიშვილმა. ირინა სარიშვილი აღმოჩნდა პრეზიდენტობის პირველი ქალი კანდიდატი, რომელმაც პრეზიდენტობამდე თუ ვერა, ბიულეტენამდე მაინც მიაღწია.
ირინა სარიშვილს 3 242-მა კაცმა მისცა ხმა (0,16%). სხვათა შორის, მას დიდი ილუზიები არც აწუხებდა, იცოდა, რომ ვერ გაიმარჯვებდა და ღიადაც ამბობდა, – ტრიბუნის გულისთვის ვმონაწილეობო. ბევრი სხვაც ამისთვის მონაწილეობს, მაგრამ კი არ ამბობს. პირიქით, ისეთი რიხით, თავდაჯერებით საუბრობს გამარჯვებაზე, იმ ქვეყნიდან შვებულებით გამოპარული თომას ჯეფერსონი გეგონება.
ეს არჩევნები რადიკალურად განსხვავდებოდა ყველა წინა საპრეზიდენტო არჩევნებისგან. აქ სააკაშვილს რეალური კონკურენტი ჰყავდა გაჩეჩილაძის სახით, რომელმაც 25,69% აიღო და რეკორდი დაამყარა – არც მანამდე, არც შემდეგ, მეორე ადგილზე გასულს ამხელა პროცენტი არავის აუღია.
პრაქტიკულად, ამ არჩევნებზე ყველა მოხალისე და ჯამბაზი წინასაარჩევნო პერიოდშივე გაიფილტრა და ბიულეტენამდე ვერც მიაღწია. ამ არჩევნებზე სიებში არ იყვნენ ტრადიციული მოხალისე პრეზიდენტები _ ნაცნობები ან ისეთი უცნობები, მანამდე რომ არც გაგეგონა. მოხალისეთა როლშიც რეალური პოლიტიკოსები იყვნენ. ამ არჩევნებზე ირინას გარდა თავი შეიქცია გია მაისაშვილმაც – 0,77%-ით; დავით გამყრელიძემ 4,02% აიღო; შალვა ნათელაშვილმა – 6,49%; პატარკაციშვილმა – 7,1%.

მარგველაშვილის „კონკურენტები“

2013 წლის არჩევნებზე ცესკოს პრეზიდენტობის ხვაშიადი 54-მა პირმა _ 49 კაცმა და ხუთმა ქალმა გაუმხილა. ამ ხუთიდან ერთ-ერთი დღევანდელი „დამოუკიდებელი“ კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი იყო, მაშინ რეგისტრაციაზე უარი სტკიცეს ორმაგი მოქალაქეობისადა გამო. ცესკომ კიდევ 30 პირს სდრუზა უარი რეგისტრაციაზე და საბოლოოდ ბიულეტენში 23 კანდიდატი ეწერა. მათგან 9 კანდიდატმა ათას ხმაზე ნაკლები მიიღო! ქვეყანაში, სადაც ათასკაციანი ქელეხები იმართება, პრეზიდენტობის კანდიდატებმა ათასი ხმაც ვერ მიიღეს!
ყველაზე ცოტა ხმა 2013 წლის და საერთოდ საპრეზიდენტო არჩევნების ისტორიაში (დღემდე გამართულ 6 საპრეზიდენტო არჩევნებში) მიღებული აქვს ვინმე მამუკა ჭოხონელიძეს _ ზუსტად 315 ხმა. უნდა გენახათ, რა ჰონორზე იყო, _ მეო 90-იანი წლებიდან პოლიტიკაში ვარ ჩართული, თეორიული გამოცდილებაც მაქვსო, პრაქტიკულიცო და უნდა ამირჩიოთო. ეგ გამოცდილება იცით, რა იყო? _ 2003-2004 წლებში „ნაცმოძრაობის“ ერთ-ერთი რაიონის თავმჯდომარე ყოფილა.
ამბობდა, რომ პრობლემების გადაჭრის გეგმა და პროგრამა ჰქონდა, მაგრამ კრინტს არ ძრავდა ამ პროგრამაზე, _ თუ ამირჩევთ მერე ვიტყვიო. აბა, როგორ გინდოდათ, დაეფქვა გეგმები და თქვენ მარგველაშვილი აგერჩიათ? რა ნეტარია, ეგონა, მისი დაპირებების შესრულებით მარგველაშვილი „შნუროკებს“ დაიწყვეტდა „ტუფლებზე“. ეს კაცი ახალი სიტყვა იყო არჩევნების ისტორიაში. არც გეგმას ამხელდა, არც პროგრამას, _ ჯერ ამირჩიეთ და მაგაზე მერე ვილაპარაკოთო. ჭოხონელიძეს დამთავრებული აქვს ზაქარიაძის კულტ-საგანმანათლებლო სასწავლებელი, მერე ეკონომიკის ფაკულტეტი, ტელევიზიაში ოპერატორის ასისტენტი იყო, 10 წელი ანსამბლში ცეკვავდა, მომდევნო 6 წელი პოლიციაში მუშაობდა, 2003-2004 წლებში რკინიგზის კულტურის სახლის ვიცე-პრეზიდენტიც ყოფილა, 2004-2007 წლებში პარლამენტის წევრიც, მერე რკინიგზის სამეთვალყურეო საბჭოშიც იყო, ახალი ტექნოლოგიების ეროვნულ ბიუროშიც, ბოლოს კიევში ჩვენი ელჩის მრჩეველი იყო ბიზნესისა და ვაჭრობის საკითხებში…
სულ 356 ხმა (0,02%) მიიღო „მამულის“ თავჯდომარე თეიმურაზ ბობოხიძემ, რომელიც ბანკებთან პრობლემების მოგვარებასა და დაბალპროცენტიან სესხებს ჰპირდებოდა ამომრჩეველს…
530 ხმა მიიღო ქართლოს ღარიბაშვილმა…
2013 წელს არჩევნებში მონაწილეობდა კაცი, რომელსაც დღემდე ეამაყება, საქართველოს დსთ-ში შეყვანას რომ ხელმძღვანელობდა – ავთო მარგიანი. იყო მუშა, ბრიგადირი, ინჟინერი, ქარხნის დირექტორი, ცეკას მდივნობამდე რომ აქაჩა, უკვე 1990 წელი იდგა, მაგრამ კომუნისტებმა მალევე განახორციელეს რევანში და სისხლიანი გადატრიალების შემდეგ მარგიანი სახელმწიფო საბჭოს შექმნისა და მეთაურად შევარდნაძის არჩევის მოთავე იყო. პარლამენტარიც გახდა და ვიცეპრემიერიც.
პრეზიდენტობა 2008 წელსაც უნდოდა, შეიტანა კიდეც განაცხადი ცესკოში, მერე 50 800 მხარდამჭერის სიაც მიიტანა, მაგრამ ბიულეტენში მაინც ვერ მოხვდა, მაშინ ვერ მოხვდა, შემდეგ მოხვდა და ხალხს ანაბრების დაბრუნებასაც ჰპირდებოდა უტიფრად და აბა, თუ იცით, ვის აბრალებდა ანაბრების შეჭმას? – ზვიად გამსახურდიასა და სააკაშვილს.
მარგიანს სულ 627 კაცმა მისცა ხმა _ 0,04%-მა. ერთი კაი ქელეხის ხალხმა, რა.
თუ სოციალიზმში დაბრუნება გინდოდათ, 2013 წელს 20 ნომერი უნდა შემოგეხაზათ. სოციალიზმში დაბრუნების რა მოგახსენოთ, მაგრამ დღემდე კომუნისტსა და იმპერიალისტურ ამერიკასთან მებრძოლ ნუგზარა ავალიანს კი გაუხარებდით გულს. სულ 664-მა კაცმა გაიმეტა ხმა და გაუხარა გული ნუგზარა პაპას. ნუგზარა პაპა „გეპეის“ დამთავრების შემდეგ ხან თერჯოლაში იყო არქიტექტორად, ხან ტყიბულში მუშაობდა აღმასკომში, ხან _ ქუთაისში. ხან სად იყო რაიკომის მდივანი, ხან _ სად. კომუნისტებს რომ მოეხაზათ, უფუნქციოდ დარჩა, მაგრამ შევარდნაძის ჩამოსვლის მერე ისევ აყვავდა _ თან ფერისცვალების გარეშე _ 1994-2009 წლებში ქუთაისის რაიკომის მდივანი იყო, 2013 წელს _ ცეკას მდივანი…
2013 წელს ხნიერი კაცებიდან პრეზიდენტობა უნდა თამაზ ბიბილურსაც. ბიბილურს 2008 წელსაც სურდა პრეზიდენტობა, მაგრამ მისმა საინიციატივო ჯგუფმა მხარდამჭერთა სიები ვერ წარადგინა და უარი სდრუზეს. ახლაც, ამ არჩევნებზეც, შეიტანა განაცხადი, მაგრამ ისევ ვერაა ბიულეტენში. 2013 წელს რომ იყო, ხომ რას ამბობ, ჯაჭვები დაუგლიჯა ამირანს. სულ 687 ხმა მიიღო (0,04%). თამაზ ბიბილური ჟურნალისტია, კინოსა და ტელევიზიის რეჟისორიცაა. რაღა არ აქვს დამთავრებული: ტელერადიო კომიტეტთან არსებული სტუდია, ეკონომიკის ფაკულტეტი უნივერსიტეტში, მერე ხელოვნების ფაკულტეტი – კინოტელედრამატურგია, მერე ლენინგრადშიც სწავლობდა – სარეჟისოროზე, სულ ახლახან, 2012 წელს, დოქტორანტურა დაამთავრა ტექნიკურ უნივერსიტეტში. როგორც ჩეხოვი იტყოდა, „ვეჩნი სტუდენტ“ და „ვეჩნი კანდიდატია“.
ნესტან კირთაძემ სულ 762 ხმა აიღო და… გაილალა.
ერთ-ერთი ყველაზე წუწუნა კანდიდატი ვინმე გიორგი ჩიხლაძე იყო, რომელსაც თავისი ბიზნესები ჰქონია რუსეთში, ვიეტნამში, კამბოჯასა და ამერიკაში. მათემატიკის ფაკულტეტი აქვს დამთავრებული, ჯარი ხაბაროვსკში მოვლილი. ბიზნესიდან კი მოვიდა, მაგრამ ფულით კი არა, წუწუნით _ პრეზიდენტობის კანდიდატებს ზოგს აფინანსებენ, ზოგს _ არაო, ცალკე მედიას გვეცა, _ ჩემს ბრიფინგებზე არ დაიარებითო, არ მწყალობთო, ბოლო ბრიფინგზე მარტო „მეორე არხი“ და „მაესტრო“ მოვიდა, მე რომ მარგველაშვილი ან ბაქრაძე ვყოფილიყავი – ყველა მოვიდოდაო. თანაბარ პირობებში არ ვართო, ზოგისთვის ყველა კარი ხსნილია – ტელევიზიებშიც, სხვაგანაც, ზოგმა კი ჯიბიდან ფული უნდა ამოიღოს, რომ ეს ყველაფერი მოიპოვოს ან კარები აბრახუნოსო. ეს ყველაფრით უკმაყოფილო კაცი მხოლოდ ბიძინა ივანიშვილით იყო კმაყოფილი და აქეთ გვიტევდა, არ ვიცი, რატომ არიან ივანიშვილის საქმიანობით უკმაყოფილოები, კაცმა ამდენი შიდაბრძოლის ფონზე ამდენი შეძლო ამ ერთ წელიწადშიო. ივანიშვილით ცოტა უკმაყოფილო მაინც იყო _ ფსონი მარგველაშვილზე რომ დადო და არა მასზე. ისე, ცალკე მარგველაშვილზე წუწუნით დაგვღალა, მაგის გაცნობა მინდა და არ მხვდებაო, ხომ უნდა ვიცოდეთ, ვინ უნდა იყოს ჩვენი პრეზიდენტი, როგორ შეიძლება, დანიშნული პრეზიდენტი გვყავდესო? ეგ კი არა, ნინო ბურჯანაძეზეც და დავით ბაქრაძეზეც წუწუნებდა, პრეზიდენტობის კანდიდატების კლუბის გახსნა მინდა და არ მხვდებიან, არ გვცალიაო. ცალკე პრეზიდენტობის კანდიდატების რიცხვზე წუწუნებდა, _ 23 კანდიდატი რა ამბავიაო, კონსტიტუცია უნდა გამოცვალონ და კანდიდატებად მარტო ისინი დაარეგისტრირონ, ვინც 200 ათას ლარს დადებსო. არ აკონკრეტებს, პირდაპირ პრეზიდენტობისთვის რამდენს „გამაზავდა“.
ამ წუწუნა კანდიდატმა სულ 820 ხმა მიიღო _ 0,05%.
995 ხმა მიიღო იმხანად 39 წლის მამუკა მელიქიშვილმა. 2012 წლის არჩევნებზე ოცნებობდა _ საბურთალოს მობილური ჯგუფის უფროსი იყო. 2007 წლიდან ერთ-ერთი შპს „მგმ ჯგუფის“ დირექტორია, მანამდე მერიაშიც უმუშავია – განათლების განყოფილებაში – ფინანსებისა და საბუღალტრო აღრიცხვის სექტორის უფროსად, ის კი არა, 1998-2001 წლებში „მოქკავშირის“ ბუღალტერიც კი ყოფილა. ხალხს ბანკებთან ურთიერთობის მოგვარებას ჰპირდებოდა.
ნინო ჭანიშვილმა გადაგვიწყვიტა, რომ ქართველი ხალხის პოლიტიკოსი ყოფილიყო. ეკონომიკური განვითარება და დასაქმება ჩემი პროფესიაა და ჩემს პროფესიას გთავაზობთო. გვთავაზობდა ყველას _ უმუშევრებსაც და მუშევრებსაც _ ვინც დასაქმებულია და უფრო მაღალ, ევროპულ დონეზე უნდა განვითარებაო. გამარჯვებაში ისე იყო დარწმუნებული, წვეთი ეჭვიც არ ეპარებოდა. მერე რა, რომ ცნობადი არ ვარო, მე მოვდივარ ნოუ ჰაუთი, ფულით და საკვანძო კადრებითო. და ვინ იყო ეს ნინო ჭანიშვილი?
გლობალური ბიზნესის განვითარების ცენტრის პრეზიდენტია, მანამ ინტერკულტურული თსნამშრომლობის ცენტრის პრეზიდენტი ყოფილა. განათლება ჯერ აქ მიუღია _ ჯავახიშვილის უნივერსიტეტში ფსიქოლოგიის ფაკულტეტი დაამთავრა, შემდეგ გერმანიაში _ ოლდენბურგის უნივერსიტეტში ეკონომიკურ-იურიდიული ფაკულტეტი დაამთავრა. აქვს ბლომად სერტიფიკატი. რაც მთავარია, გამარჯვების იმედი. იმედი კარგია – უხდება ცხოვრებას, როგორც ომბალო _ ტყემალს. ოღონდ ეგაა, მეტი არ უნდა მოგივიდეს.
ნინო ჭანიშვილს 2 276-მა კაცმა მისცა ხმა _ 0,14%-მა…
გამარჯვების იმედი ჰქონდა გიორგი ლილუაშვილსაც. მის ხელში 30%-ით ნაკლებ დენს დავწვავდით _ აპარატიც გვაჩვენა, რომელიც დენის წყაროსთან მიერთების შემთხვევაში დენის მოხმარებას 30%-ით ზოგავს. ბლომად დიპლომი ჰქონდა სამრეწველო-ეკონომიკური კოლეჯის, იურიდიული ფაკულტეტის, შემდეგ სამედიცინო უნივერსიტეტის – სამხედრო ექიმია. აგვერჩია, რას ვერჩოდით? დენს მაინც დავზოგავდით.
გიორგი ლილუაშვილს ხმა მისცა 1 909 კაცმა – 0,12%-მა… ლილუაშვილი ამ არჩევნებშიც მონაწილეობს, ასე რომ, დენის დაზოგვის შანსი ისევ გვაქვს.
ამ ქვეყანაში არ მეგონა, თუ ვინმესგან გამიკვირდებოდა პრეზიდენტობის სურვილი, მაგრამ მაინც გამიკვირდა ზურაბ ხარატიშვილისგან. ამ კაცმა მართლაც შესანიშნავად გაართვა თავი ცესკოს თავმჯდომარეობას, რაც მინიმუმ იმას ნიშნავს, რომ კარგად გაეცნო მთელ ამ ტექნოლოგიებს, რისკებს, საფრთხეებს და ბრახ, თვითონ მოინდომა ეყარა კენჭი და თან – პრეზიდენტობაზე. რა დაემართა? ურემმა რომ შეშა არ მოიტანოს, თვითონ შეშა არააო და თავი შემოგვთავაზა? და რა ხეირი, რომ შემოგვთავაზა? ხმა მისცა 3 718 კაცმა _ 0,23%-მა..
აი, იმან, თავისი კლიპში ყველა რომ მიგვიოჯახა და ანა კალანდაძის თუთისაებრ რომ ლამის ყველას სახლში შემოგვეჭრა _ სერგო ჯავახაძემ, საბოლო ჯამში, ბევრი ვერავინ მიიოჯახა – სულ 2 107-მა კაცმა მისცა ხმა _ 0,13%-მა…
იმ არჩევნებზე ყველაზე ეგზოტიკური კანდიდატი მიხეილ (გელა) სალუაშვილი იყო. მანამდე პროექტ „ნიჭიერში“ ბოლო ჟამის დასასრულის დასაწყისი გვამცნო. სხვა გამოსვლებში გვიმტკიცებდა, რომ ყველაფერი გაწერილია ბიბლიაში, ცხადია, იგავურად, კოდირებულად, რომელსაც თავად გვიშიფრავს _ მაგალითად, რომ პუტინი ჩრდილოეთის მეფეა, მიშა _ სამხრეთის, რომ მიშა ცრუწინასწარმეტყველია, ზვიადი – ცხებული მეფე, ედუარდი – ანტიქრისტეს არსის მატარებელი, ბიძინა _ გზის მომსწორებლის არსის მატარებელი. რატომღაც, ეგონა, რომ ბიძინა მას უსწორებდა გზას, მაგიტიმაც მიიღო ჯამში 1 376 ხმა (0,08%). მიხეილ-გელა თუ გელა-მიხეილი ამ არჩევნებზეც იყრის კენჭს, ბიულეტენში მისი ნომერი არის 28.

წლევანდელი მოხალისეები

ამ არჩევნებზე ცესკოს პრეზიდენტობის სურვილით 46-მა კანდიდატმა მიმართა. ცესკომ ამ ჯერზეც ბევრს სდრუზა უარი და დღეის მონაცემებით ბიულეტენში 25 კანდიდატია. ერთის წარმდგენ პარტიას რეგისტრაცია ჰქონდა გაუქმებული (გია ჩხიკვაძე), მეორემ (ავთანდილ ფილაური) ხარვეზი არ გაასწორა (ამ ფილაურმა სხვათა შორის, 2013 წელს 3-ჯერ შეიტანა განაცხადი და მაშინაც უარი უარზე მიიღო), კიდევ 19 მსურველმა კი მხარდამჭერთა სიები ვერ წარადგინა. მათ შორის იყვნენ დენიზა სუმბაძე, გიორგი შენგელაია, თამაზ ბიბილური და სხვები. ბიულეტენებში კი სალომე ზურაბიშვილთან, გრიგოლ ვაშაძესთან, დავით ბაქრაძესთან, შალვა ნათელაშვილთან, დავით უსუფაშვილთან, კახა კუკავასთან, ზურაბ ჯაფარიძესთან ერთად იქნებიან როგორც ახალბედები (გიორგი ანდრიაძე, ბესარიონ თედიაშვილი, ლევან ჩხეიძე, მიხეილ ანთაძე, ვახტანგ გაბუნია, ზვიად მეხატიშვილი, ოთარ მეუნარგია, ირაკლი გორგაძე, ზვიად ბაღდავაძე, თამარ ცხორაგაული, გელა ხუციშვილი, კახაბერ ჭიჭინაძე, ვლადიმერ ნონიკაშვილი), ისე უკვე ქრონიკული კანდიდატები: აკაკი ასათიანი, გიორგი ლილუაშვილი, მიხეილ სალუაშვილი და თვით თეიმურაზ შაშიაშვილი _ რომელმაც 2004 წლის არჩევნებზე სულ 1,87% მოაგროვა, ხოლო 2008 წლის არჩევნებზე მხარდამჭერთა სიაც ვერ წარადგინა…

რეზო შატაკიშვილი