ინტელიგენციის ღალატის ფანტასტიკური სურათი

მათ თავი ერის ნაღებად მიაჩნიათ და, საქმე საქმეზე რომ მიდგეს, შესაძლოა, იმის მტკიცებასაც კი მიჰყონ ხელი, რომ ყველაზე დიდი პატრიოტები არიან. სამშობლოს სიყვარულის აწონა და გაზომვა, რასაკვირველია, არ შეიძლება, მაგრამ ამ ადამიანების საქციელით თუ ვიმსჯელებთ, შეიძლება ვთქვათ, რომ სამშობლოზე მეტად პირადი კეთილდღეობა და კომფორტი უყვართ. ცხადია, ისეთებიც არიან, რომლებიც მერკანტილური ინტერესებით არ მოქმედებენ და წინა პლანზე ყოველთვის საჯარო ინტერესებს აყენებენ, მაგრამ, სამწუხაროდ, ამ ფენაში ასეთები თითზე ჩამოსათვლელები არიან.

დიახ, ეს არის საზოგადოების ის ფენა, რომელიც ბოლშევიკ-კომუნისტებმა შექმნეს და რომელსაც საბჭოთა ხელისუფლება ნებისმიერი კრიტიკული სიტუაციის დროს ფარად იყენებდა. სავალალო და დასანანია, რომ ეს მავნე ტრადცია 21-ე საუკუნეშიც გრძელდება, საუკუნეში, როცა მთელი მსოფლიო დემოკრატიას ანიჭებს უპირატესობას და არა _ მონობას.
საზოგადოების ამ ფენას ინტელიგენცია ჰქვია. ინტელიგენცია ის კასტაა, რომელიც ყველა დროსა და ეპოქაში იმას ცდილობს, რომ მეფის ნავში იჯდეს, მაგრამ მაშინ, როცა მეფეს წყალი შეუდგება, ამ ნავს ტოვებს და მომავალი მეფის ნავში იწყებს ადგილების დაჯავშნას!
კი ბატონო, ეს მძაფრი შეფასებაა, რომელიც ინტელიგენციის წარმომადგენლებს არ ესიამოვნებათ, მაგრამ ის, რაც რამდენიმე დღს წინ რუსთაველის თეატრში ვნახეთ, ზუსტად ამ დასკვნის გაკეთების საშუალებას კიდევ ერთხელ იძლევა. მეტის თქმაც შეიძლება _ ინტელიგენციის ზოგ წარმომადგენელს ღირსებაც კი დაკარგული აქვს. აბა, ასე რომ არ იყოს, რა პირით მივიდოდა სალომე ზურაბიშვილის მხარდასაჭერ შეხვედრაზე? ეს ხომ ის სალომე ზურაბიშვილია, რომელიც რამდენიმე წლის წინ, კერძოდ, მას შემდეგ, რაც საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტიდან გადადგა და ქაჯების განდევნის სპეცოპერაცია დააანონსა, ინტელიგენციაც ქაჯებად შერაცხა და ჭადრაკის სასახლეში გამართული შეხვედრა პროტესტის ნიშნად დატოვა, რადგან ტრიბუნასთან ინტელიგენციის წარმომადგენლები მივიდნენ?!
სხვათა შორის, ეს ინციდენტი დღეს არც სალომე ზურაბიშვილს „ახსოვს“ და ინტელიგენციის წარმომადგენლებსაც, როგორც ჩანს, ამნეზია დაემართათ, მაგრამ ცნობილია, რომ ფურცლები ყველაფერს იმახსოვრებს, ანუ ამ შემთხვევაში ამ ამბის ამსახველი ვიდეომასალა არქივში მოიპოვება!
ის, რომ ინტელიგენციას ამნეზია ხშირად ემართება და ორმაგი სტანდარტით მოქმედებს ხოლმე, ახალი ხილი ნამდვილად არ არის და ამას ჩვენი ქვეყნის უახლესი წარსულიც მოწმობს. რამდენიმე მაგალითი გავიხსენოთ:
დღეს საბჭოთა, ანუ როგორც ამბობენ, წითელი ინტელიგენციის უმეტესობას რომ ჰკითხოთ, გეტყვის, რომ თავის დროზე ფარული დისიდენტი იყო და ამასთან, ჰუმანურობითაც გამოირჩეოდა, რაც იმაში გამოიხატებოდა, რომ წინააღმდეგი იყო, მაგალითად, სიკვდილით დასჯის, ადამიანების საერთო-სახალხო შეურაცხყოფისა და სამარცხვინო დაფაზე გაკვრის, მაგრამ რა ვუყოთ „თვითმფრინავის ბიჭების“ საქმეს ან, სულაც, 1989 წლის 8 აპრილის პარტაქტივის კრებას, რომელზედაც გადაწყდა, რომ პარლამენტის წინ საქართველოს დამოუკიდებლობისთვის მოშიმშილე ახალგაზრდები საბჭოთა არმიას უსასტიკესად უნდა დაერბია?
სხვათა შორის, „თვითმფრინავის ბიჭების“ საქმის დროს, როგორც „ქრონიკა+“-მა გაარკვია, ინტელიგენცია ამაზრზენად მოიქცა, რაც იმაში გამოიხატებოდა, რომ ძალიან ბევრმა მათგანმა თავიდან ხელი მოაწერა წერილს, რომელიც კომუნისტური ხელისუფლების სახელზე იყო დაწერილი და რომელიც „თვითმფრინავის ბიჭების“ არდახვრეტას ითვალისწინებდა, თუმცა მალევე უმეტესობამ ხელმოწერა უკან წაიღო (ხელმომწერის უკანწამღებთა ვინაობა ყველასთვის ცნობილია, მაგრამ „ქრონიკა+“, ეთიკური მოსაზრებით, ანუ იმის გამო, რომ მათ შთამომავლებს შესაძლოა, უხერხულობა შეექმნათ, არ ასაჯაროებს). ამასთან, ისეთი ფაქტიც ყოფილა, ზოგიერთი სახელოვანი ადამიანი, როცა წერილზე ხელმოსაწერად მიაკითხეს, დაიმალა და შინიდან ცხვირიც არ გამოყო.
სხვათა შორის, დახვრეტილი გეგა კობახიძის დედა, ქალბატონი ნათელა მაჭავარიანი, სალომე ზურაბიშვილის უახლოესი გარემოცვის წევრია. საინტერესოა, ქალბატონი პრეზიდენტობის კანდიდატი, რომელიც ვითომ დამოუკიდებელია და რომელსაც, სინამდვილეში, „ქართული ოცნება“ მთელ სახელისუფლებო რესურსს ახმარს, „თვითმფრინავის ბიჭებზე“ მაშინ ან ახლა რა აზრის არის?
რაც შეეხება 1989 წლის 8 აპრილის პარტაქტივის კრებას, ერთადერთი, ვინც რუსის ჯარის შემოყვანა ღიად გააპროტესტა, სახალხო პოეტი ჯანსუღ ჩარკვიანი იყო. ასევე ჯანსუღ ჩარკვიანმა არ წაიღო თავისი ხელმოწერა „თვითმფრინავის ბიჭების“ არდახვრეტის წერილიდან.
ინტელიგენცია მაშინაც დუმდა, როცა ზვიად გამსახურდია მწერალთა კავშირიდან გარიცხეს და ამ შემთხვევაშიც მხოლოდ ჯანსუღ ჩარკვიანი იყო, რომელმაც ზვიადის მწერალთა კავშირიდან გარიცხვას მხარი არ დაუჭირა!
მაინც, რას ნიშნავს ინტელიგენცია? სამოქალაქო განათლების ლექსიკონში წერია, რომ ეს არის ადამიანთა ისეთი საზოგადოებრივი ფენა, რომლის პროფესიულ საქმიანობასაც გონებრივი, უმთავრესად, რთული და შემოქმედებითი შრომა შეადგენს.
ტერმინ „ინტელიგენციის“ ეტიმოლოგიას თუ შევისწავლით, აღმოვაჩენთ, რომ მას, მეტ-ნაკლებად, რუსული ფესვები აქვს, ანუ ტერმინი „ინტელიგენცია“ რუსულ ენაში ვინმე ბობორიკინმა, რომელიც, თურმე, მწერალი ყოფილა, მე-19 საუკუნის 60-იან წლებში დაამკვიდრა და მალე სხვა ენებშიც გავრცელდა. თავდაპირველად, ინტელიგენცია, როგორც ფენა, მაშინ გაჩნდა, როცა გონებრივი შრომა ფიზიკურს გამოეყო. შესაბამისად, არსებობს ტექნიკური, ჰუმანიტარული, ადმინისტრაციულ-მმართველობითი თუ პოლიტიკური ინტელიგენცია, რაც შეეხება „წითელ ინტელიგენციას“, ამ ტერმინში უკეთ გარკვევის მიზნით ქართული ვიკიპედია მოვიშველიოთ: „მეოცე საუკუნის ლიტერატურისა და ხელოვნების მუშაკთა ინტელიგენცია, რომელიც თავის შემოქმედებაში სოციალისტურ და კომუნისტურ იდეებს უმეტესად საკუთარი კეთილდღეობის მიზნით ასხამდა ხოტბას, თუმცა ამ ხოტბის საბაბი ზოგჯერ შიშიც იყო“.
რუსთაველის თეატრში გამართულმა სალომე ზურაბიშვილის მხარდასაჭერმა თავყრილობამ, რომლის „მარგალიტსაც“ ინტელიგენციის ზოგიერთი პერსონა წარმოადგენდა, გამოაჩინა, რომ დროის, ეპოქისა და პოლიტიკური კონიუნქტურის შეცვლის მიუხედავად, „წითელი ინტელიგენცია“ ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაზე ისევ ცუდ კვალს ტოვებს.
ამ „ცუდი კვალისკენ“ კი ინტელიგენციას თავად ხელისუფლება ან ხელისუფლებასთან დაახლოებული ადამიანები უბიძგებენ. ამ შემთხვევაშიც საქმე ამ „ბიძგთან“ გვაქვს. კერძოდ, მოგეხსენებათ, „ქართუ ბანკი“ ინტელიგენციის წარმომადგენლებს სტიპენდიას უხდის. შესაბამისად, ეს ადამიანები იძულებულნი არიან, „ქართული ოცნების“ მიერ შეკვეთილ მუსიკაზე იცეკვონ.
სხვათა შორის, ამ მავნე ტრადიციის წინააღმდეგ, თავის დროზე, მიხეილ სააკაშვილმა გაილაშქრა, რომელმაც ინტელიგენციას „ჩარეცხილები“ უწოდა. ეს ეპითეტი საქართველოს მესამე პრეზიდენტს ძვირი დაუჯდა _ პრივილეგიებდაკარგული მეცნიერები, მწერლები, მსახიობები თუ სხვა ჯურის ინტელიგენტები სააკაშვილსა და მთლიანად „ნაციონალურ მოძრაობას“ აუმხედრდნენ. ისე, ალბათ, სჯობდა, სააკაშვილს თავიდანვე დაეკონკრეტებინა, „ჩარეცხილებში“ ვის გულისხმობდა, რდაგან ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ინტელიგენციაშიც არიან ადამიანები, რომლებიც ღირსებას ინარჩუნებენ და მერკანტილური ინტერესებიდან გამომდინარე ხელისუფლებებს გუნდრუკს არ უკმევენ!
მას შემდეგ, რაც პოლიტიკურ ავანსცენაზე „ქართული ოცნება“ გამოჩნდა, ინტელგენციას იმედი ჩაესახა, რომ „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ დაკარგულ პრივილეგიებს დაიბრუნებდა და ამიტომ „ოცნების“ ფანკლუბის წევრი გახდა. მართალია, ბევრი მალევე მიხვდა, რომ შეცდომა დაუშვა და „ოცნებას“ გაემიჯნა, მაგრამ მაინც გახლავან ისეთები, რომლებიც ყველაფრისთვის მზად არიან, ოღონდ „ოცნების“ გული მოიგონ და იმაზეც კი თანხმდებიან, რომ სალომე ზურაბიშვილი გახდეს პრეზიდენტი, ქალი, რომელიც აგვისტოს ომის დაწყებაში საქართველოს ადანაშაულებს და ქალი, რომელმაც არათუ მშობლიური ენა, არამედ საკუთარი სამშობლოს ისტორიაც არ იცის ხეირიანად!
ზურაბიშვილის მხარდამჭერ ინტელიგენციის წარმომადგენლებს ვინმემ რომ ჰკითხოს, აბა, მითხარით, სალომეს მხარს რატომ უჭერთო, ეჭვი არ შეგეპაროთ, რომ პასუხის გაცემა გაუჭირდებათ და „ნაციონალების“ 9-წლიან მმართველობაზე დაიწყებენ დემაგოგიას, აი, მაშინ ხალხს აწამებდნენ და აუპატიურებდნენო.
საზოგადოების უმეტესობამ უკვე იცის, რომ ციხეში გაუპატიურების კადრები დადგმული იყო, მაგრამ დავუშვათ, რომ მოდელირება არ ყოფილა, მაშინ რა ხდება? _ „გაუპატიურებული“ ხალხი დღეს ქართველობას როგორ იცავს?
„ეშმაკი გვათამაშებს, როდესაც არაზუსტად ვაზროვნებთ. აზროვნების სიზუსტე არის იმ ადამიანის ზნეობრივი ვალდებულება, ვინც აზროვნებასთანაა ნაზიარები. და ახლა ამ კუთხიდან შევხედოთ მე-20 საუკუნეს, როდესაც მასობრივი იდეოლოგიური წარმოება აყვანილ იქნა სახელმწიფო მშენებლობის დონეზე და დაემთხვა კიდევაც მას… ჩვენ ვხედავთ ინტელიგენციის ღალატის ფანტასტიკურ სურათს“, _ ამბობდა 1989 წელს ერთ-ერთ ინტერვიუში მერაბ მამარდაშვილი და დასძენდა, რომ ინტელიგენციამ საკუთარ პროფესიულ ვალდებულებებს უღალატა. „ღალატი“ კი სწორედ იდეოკრატიული სახელმწიფოების სამსახურში ჩადგომა იყო, რამაც ინტელიგენცია მე-20 საუკუნის ტოტალიტარული სახელმწიფოების ფაქტობრივ თანაავტორად აქცია. ეს თანაბრად ეხება როგორც საბჭოთა, ასევე იმ ევროპელ ინტელექტუალებსაც, რომლებიც არანაკლები ენთუზიაზმით მონაწილეობდნენ დასავლეთის იდეოკრატული რეჟიმების მშენებლობაში.
„ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ ინტელიგენციის ერთი ნაწილი ბოლშევიკების აქტიური მხარდამჭერი გახდა, ნაწილმა კი ან ემიგრაციით უშველა თავს, ან ახალი წყობილების კრიტიკა სცადა, რის გამოც ლენინის ცნობილი სიტყვები: „Интеллигенция не мозг народа, а говно народа“ („ინტელიგენცია ხალხის ტვინი კი არა, ხალხის ნეხვია“) – დაიმსახურა. ამასთანავე, საბჭოთა ხელისუფლება საკუთარი „წითელი“ ინტელიგენციის შექმნას შეუდგა, რომელიც ხელისუფლების ერთგული და მისი იდეოლოგიის გამტარებელი იქნებოდა. ეს პროექტი, საბოლოოდ, სტალინის მმართველობის დროს განხორციელდა, როდესაც ინტელიგენციის სახელმწიფოს იდეოლოგიურ აპარატში ინტეგრაცია მოხერხდა, რის შედეგადაც ახალი საზოგადოებრივი კლასი – საბჭოთა ინტელიგენცია გაჩნდა.
გვიანსაბჭოთა ხანაში ინტელიგენციის ერთგვარი ინფლაცია დაიწყო: ასეთი სტატუსის მქონე ადამიანთა რიცხვი იმდენად გაიზარდა, რომ მათთვის ეკონომიკურად სუსტ და ტოტალურად კორუმპირებულ საბჭოთა სახელმწიფოს იმის რესურსები აღარ გააჩნდა, რომ მომრავლებული ინტელიგენტები ბინებითა თუ სანატორიუმების საგზურებით უზრუნველეყო. შესაბამისად, ყოფითი კეთილდღეობისთვის ინელიგენტებიც იძულებული იყვნენ, ისევე ჩაბმულიყვნენ კონიუნქტურისა და კორუფციის ფერხულში, როგორც საბჭოთა საზოგადოების ყველა სხვა ფენის წარმომადგენელი.
შეიძლება ითქვას, რომ საბჭოთა ინტელიგენცია ორ სრულიად განსხვავებული მენტალობისა და სტატუსის ჯგუფად იყოფოდა: ერთი მხრივ, კორუმპირებული და პრივილეგიებისთვის მებრძოლი ნომენკლატურა, რომლის „ელიტარულობის“ განმსაზღვრელიც არა იმდენად შემოქმედებითი მიღწევები, რამდენადაც მათი ძალაუფლების სტრუქტურებში ყოფნა და იდეოლოგიურ კონიუნქტურასთან მორგება იყო და, მეორე მხრივ, იმ მეცნიერების, მწერლების, მუსიკოსების, მხატვრების თუნდაც მცირერიცხოვანი ნაწილი, რომელიც ზოგჯერ უკიდურეს ეკონომიკურ გაჭირვებაში ყოფნის ფასად, საკუთარი საქმით იყო დაკავებული და პოლიტიკურ კონიუნქტურას ემიჯნებოდა. სწორედ ინტელიგენციის ეს კატეგორია – არა „კაცური კაცები“, მხოლოდ თავაზიანობითა და „სინაზით“ რომ გამოირჩეოდნენ კაი პურის მჭამელი და დედის მაგინებელი „ნამდვილი ქართველებისგან“ _ იყო საბჭოთა ხანაში კორუმპირებული საზოგადოების დაცინვისა და აბუჩად აგდების ობიექტი.
„ინტელიგენციამ“ ახალი მნიშვნელობა საბჭოთა კავშირის ნგრევის დასკვნით სტადიაში – 80-იან წლებში შეიძინა, როდესაც „პერესტროიკით“ გააქტიურებულ საბჭოთა საქართველოში გავლენის სფეროებისა და ძალაუფლებისთვის ბრძოლის ახალი ეტაპი დაიწყო. სწორედ ნომენკლატურულმა ინტელიგენციამ სცადა ყურადღების ცენტრში მოქცევა და, ახალი კონიუნქტურის შესაბამისად, სრულიად ბნელი ნაციონალიზმის ქადაგებას შეუდგა, რამაც მნიშვნელოვანწილად შეუწყო ხელი საქართველოში ეთნოკონფლიქტებისა და საყოველთაო სიძულვილის განწყობის მომზადებას. ინტელექტუალთა მხოლოდ მცირერიცხოვანმა ნაწილმა გაბედა დაპირისპირებოდა იმ საფრთხეს, რომელიც უკვე თავად „ეროვნული მოძრაობიდან“ და მზარდი ნაციონალიზმისგან მომდინარეობდა. ეს კი საფუძველი გახდა ინტელიგენციის ახალი მითოსის შესაქმნელად, რომელიც საქართველოს პირველ პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას უკავშირდება.
გამსახურდია „კრიმინალური“, „წითელი ინტელიგენციის“ ხატის შექმნას შეუდგა, რომელიც კლასობრივ ბრძოლას უცხადებდა პირველ პრეზიდენტს საკუთარი პრივილეგიების შესანარჩუნებლად, თუმცა ამის პარალელურად, 1991 წელს, გამსახურდიასვე ინიციატივით, დაფუძნდა „ინტელიგენციის დარბაზი“, რომელშიც მისი მომხრე ისეთივე საბჭოთა ნომენკლატურული ინტელიგენციის წარმომადგენლები იყვნენ გაერთიანებული, როგორებიც მის ოპოზიციაში, მაგრამ ხელისუფლებისადმი ლოიალურობის გამო მათი საბჭოთა წარსული აღარავის ახსოვდა.
„წითელი ინტელიგენციის“ მითი ყველაზე მეტად მაინც ედუარდ შევარდნაძემ გააფორმა, როდესაც 1992 წლის 7 მარტს მოსკოვიდან დაბრუნებულმა თბილისის აეროპორტში მადლობა გადაუხადა ინტელიგენციას, რომელიც „იარაღით ხელში“ აუჯანყდა გამსახურდიას. ამით მან, ერთი მხრივ, შეიარაღებული გადატრიალება აჯანყებად გადახატა, თანაც ამ ქათინაურით საკუთარი იდეოლოგიური საყრდენი შექმნა და ინტელიგენციისა და ხელისუფლების ალიანსიც ახალი „ხელშეკრულებით“ განამტკიცა.
90-იან წლებში შევარდნაძის მიერ „ქართველი საზოგადოების ნაღებად“ შერაცხული ინტელიგენცია სწორედ მეორე პრეზიდენტის ძალაუფლების ფასადი იყო, რომლის უკანაც რეალური ძალაუფლების ბერკეტები – კორუმპირებული ბიუროკრატია და ბიზნესმენებად შერაცხული მაფიოზური კლანები იმალებოდნენ… ინტელიგენციის მთავარი პრობლემა კვლავაც ხელისუფლებისგან ვერგანთავისუფლებაა, რომელიც მას მომავალშიც კონიუნქტურის შესაბამის ფერებად გადაღებავს“, _ ნათქვამია „რადიო თავისუფლების“ წერილში.
1989 წლის სისხლიანი 9 აპრილის შემდეგ, 12 აპრილს, საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ინტელიგენციის წარმომადგენლებს შეხვდა და შემდეგი სიტყვები თქვა: „მეტი მუშაობაა საჭირო ინტელიგენციასთან… საქართველოში არ არსებობს პარტიული მუშაობა ინტელიგენციასთან მუშაობის გარეშე“.
ექსპერტები ამბობენ, რომ ინტელიგენციასთან მუშაობა შევარდნაძემ, ჯერ კიდევ, 1972 წელს, ანუ მაშინ დაიწყო, როცა საქართველოს ცეკა-ს მდივანი გახდა. ეს მუშაობა კი იმაში გამოიხატებოდა, რომ ინტელიგენციის წარმომადგენლებს ხშირად იწვევდნენ სხვადასხვა პარტიულ თათბირზე.
„ცნობილ პოეტს ან ცნობილ მსახიობს მოსწონდა, როცა ცენტრალური კომიტეტის ინსტრუქტორი ურეკავდა და თათბირზე ეპატიჟებოდა; შემდეგ მანქანას გაუგზავნიდა და ცეკა-ში მიიყვანდა“, _ ამბობენ მკვლევარები, რომლებიც საბჭოთა ინტელიგენციის არსსა და რაობას სწავლობენ.
„არანაკლები სიხშირით იმართებოდა ბანკეტები და წვეულებები (ოღონდ, რასაკვირველია, „საბჭოთა დღესასწაულებთან“ დაკავშირებით). ამ წვეულებებზე ყოველთვის პატიჟებდნენ „ცნობილ ინტელიგენციას“ (რაიკომის მდივნებთან ერთად) _ შევარდნაძემ ქართველი კაცის ფსიქოლოგია კარგად შეისწავლა, მან ზუსტად გათვალა, რომ „სუფრის სულისკვეთება“ ადამიანთა და სოციალურ ჯგუფთა ურთიერთობაში ძალიან დიდ როლს ასრულებს.
ამავე დროს, საქართველოს პარტიული ხელმძღვანელობა ყველაფერს აკეთებდა, რათა შეძლებისდაგვარად შეეწყო ხელი იმ ინტელიგენტებისთვის, რომლებიც „პარტიულ დირექტივებს“ სწორად და ზუსტად ასრულებდნენ და „ცენტრალურ კომიტეტს“ პრობლემებს არ უქმნიდნენ _ „დამჯერე“ მწერლებს საშუალება ჰქონდათ, გამოეცათ თავიანთი ნაწარმოებები, ხოლო კინორეჟისორებს _ გადაეღოთ ფილმები და ა. შ.
თანდათანობით, ამგვარი პოლიტიკის შედეგად, საქართველოში ჩამოყალიბდა განსაკუთრებული სოციალური ფენა, რომელიც პარტიულ (სახელისუფლებო) ელიტასთან იყო შეზრდილი და, ფაქტობრივად, იმდროინდელი საზოგადოების ზედაფენას წარმოადგენდა. ამავე დროს, ეს ინტელიგენცია (სახელწოდება, რასაკვირველია, პირობითია, მაგრამ რაკი სწორედ ეს სახელწოდება დამკვიდრდა _ ჩვენც იძულებული ვართ, იგი გამოვიყენოთ) „საბჭოთა ნომენკლატურის“ განუყოფელ ნაწილს წარმოადგენდა და ისევე, როგორც ჩვეულებრივი პარტიული, კომკავშირული ან სამეურნეო-სამრეწველო ნომენკლატურა, მონაწილეობდა იერარქიულ კიბეზე „ვერტიკალურ“ თუ „ჰორიზონტალურ“ გადაადგილებებში.
კომუნისტების მიერ გამოძერწილ „წითელ ინტელიგენციას“ ერთი უცნაურობა ახასიათებდა: მიუხედავად შემოქმედებითი „დისიდენტობისა“, იგი ხელისუფლებისადმი ლოიალობას ყოველთვის ინარჩუნებდა. მაგალითად: რომელიმე მწერალს შეეძლო დაეწერა „დისიდენტური“ რომანი (რა თქმა უნდა, გადაჭარბების საშუალებას არ მისცემდნენ), რომელშიც მკაცრად გააკრიტიკებდა (ქარაგმულად) საბჭოთა წყობას, კომუნისტურ იდეოლოგიას; მაგრამ, ამავე დროს, ცენტრალურ კომიტეტში თავის „მეგობარ-ამხანაგებთან“ შესანიშნავ ურთიერთობას შეინარჩუნებდა, _ ისევე, როგორც თვით ცკ-ს პირველ მდივანთან.
რასაკვირველია, იმავე ცკ“ს ინსტრუქტორები (იდეოლოგიის დარგში) შესანიშნავად ამჩნევდნენ იმ ქარაგმებს, რომელიც რომანში (ფილმსა თუ სპექტაკლში) იყო ჩადებული, მაგრამ არაფერს აკეთებდნენ მათი აკრძალვისთვის _ ესეც შევარდნაძის ძალზე ეშმაკური და შორსმჭვრეტელური პოლიტიკა იყო. როდესაც ეს რომანი (ფილმი, სპექტაკლი) რუსეთში ხდებოდა ცნობილი, იქაური „ინსტრუქტორები“ განცვიფრებას ვერ მალავდნენ და სულ ცოფებს ყრიდნენ, მაგრამ საქართველოში (შევარდნაძის „ლოცვა-კურთხევით“) კვლავ იდგმებოდა „დისიდენტური“ სპექტაკლები, იღებდნენ „დისიდენტურ“ ფილმებს, კომედიებსა და ა. შ.
ამ უცნაურობის ახსნა ადვილად შეიძლება: შევარდნაძეს ინტელიგენციის იდეური მრწამსი არ აინტერესებდა, _ მისთვის მთავარი ის იყო, რომ ინტელიგენცია ხელისუფლებისადმი ლოიალური ყოფილიყო. ვიმეორებ: ყოფილიყო ლოიალური ხელისუფლებისა და არა იდეოლოგიისადმი.
სწორედ ამიტომ, ხშირ შემთხვევაში, შევარდნაძე გასაქანს არ აძლევდა იმას, ვინც „მართლმორწმუნე კომუნისტი“ იყო, მაგრამ ხელისუფლებისადმი განსაკუთრებულ ლოიალობასა და მლიქვნელობას არ იჩენდა. ამ მომენტიდან აშკარად გამომდინარეობს დასკვნა: შევარდნაძე არასდროს (ყოველ შემთხვევაში ცკ-ს პირველი მდივნობის პერიოდში) გულწრფელი კომუნისტი არ ყოფილა, _ მას ხელისუფლება უფრო აინტერესებდა, ვიდრე იდეოლოგია. კომუნისტური იდეოლოგია და ცხოვრების წესი მისთვის მეორეხარისხოვანი იყო. გათვლა ძალიან ზუსტი აღმოჩნდა. შევარდნაძის მმართველობის შედეგად საქართველოში ჩამოყალიბდა სოციალური ფენა (ზედაფენა), რომელიც (რაოდენ უცნაურადაც არ უნდა ჟღერდეს) ლოიალური იყო ხელისუფლების მიმართ და არ იყო ლოიალური ამ ხელისუფლების იდეოლოგიისადმი.
1988 წლიდან „საბჭოთა სახელმწიფომ“ რღვევა იწყო. „გარდაქმნის“ პროცესი ადრე ჩამოყალიბებულ სოციალურ სისტემას არყევდა. კომუნისტური იდეოლოგია განადგურდა, მაგრამ ის საზოგადოებრივი იერარქია, რომელიც კომუნისტების დროს არსებობდა, არ დანგრეულა.
შეიქმნა ვითარება, როდესაც არსებობდა საზოგადოებრივი შენობა იდეოლოგიის გარეშე. სწორედ მაშინ გამოჩნდა, რამდენად ზუსტი იყო შევარდნაძის გათვლა, რამდენად სწორად მოიქცა იგი (საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე), როდესაც შექმნა, გამოძერწა ლოიალური ელიტა _ მისთვის იდეოლოგიური დოგმების თავს მოხვევის გარეშე.
1990 წლის 28 ოქტომბერს, საქართველოს ისტორიაში პირველი დემოკრატიული არჩევნების შედეგად, ხელისუფლება მოიპოვა ბლოკმა „მრგვალი მაგიდა თავისუფალი საქართველო“ _ ზვიად გამსახურდიას ხელმძღვანელობით.
ყოფილი დისიდენტი, ზვიად გამსახურდია, ჯერ უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე, ხოლო შემდეგ პრეზიდენტი გახდა, მაგრამ, რეალურად, ძალაუფლება მას არასდროს ეპყრა ხელთ 1990 წლის 28 ოქტომბრიდან, _ 1992 წლის 7 იანვრამდე. ზვიად გამსახურდიას ხელისუფლების ტრაგედია (როგორც თავად აღნიშნა) იმაში მდგომარეობდა, რომ მას დახვდა ძველი ხელისუფლების აპარატი.
სხვაგვარად რომ ვთქვათ, ზვიად გამსახურდია მოვიდა იმ შენობის სათავეში, რომელიც მთლიანად ედუარდ შევარდნაძის აშენებული იყო. შევარდნაძის მიერ რუდუნებით და მოთმინებით „გამოძერწილმა“ ზედა ფენამ (მიუხედავად იდეოლოგიური მსგავსებისა) ვერ იგუა სხვა („უცხო“) ლიდერი, რაც კრიმინალური ბანდების მიერ პრეზიდენტის დამხობის უმთავრესი მიზეზი გახდა. ელიტამ მას მხარი არ დაუჭირა, რადგან ეს მისი ელიტა არ იყო _ ეს იყო შევარდნაძის ელიტა, შევარდნაძის ხელისუფლებაზე მორგებული ზედაფენა, რომელიც სხვა ლიდერს ვერ იგუებდა და ვერც იგუა…
დღეს „წითელი ინტელიგენცია“, იგივე „შევარდნაძის ელიტა“, კვლავინდებურად ინარჩუნებს ლოიალობას „შემოქმედის“ მიმართ. ზოგიერთი ფიქრობს, თითქოს ხსენებული სოციალური ფენა რუსეთზეა ორიენტირებული, მაგრამ ამგვარი ინტერპრეტაცია არ არის სწორი:
საქართველოს „წითელი ინტელიგენციისათვის“ საგარეო პოლიტიკური ორიენტაციის ან იდეოლოგიის საკითხებს გადამწყვეტი მნიშვნელობა არასდროს ჰქონია. მისთვის მთავარია შეინარჩუნოს ცენზი, ამისთვის კი აუცილებელია იმ ბალანსის შენარჩუნება, რომელიც სოციალურ კიბეზე არსებობს. კონსტრუქციის მთავარი საყრდენი კვლავინდებურად ედუარდ შევარდნაძეა.
საქართველოს დღევანდელმა პრეზიდენტმა შეძლო შეექმნა ვითარება, როდესაც შემოქმედებითი ინტელიგენციის წარმომადგენელი (მხატვარი, მწერალი, პოეტი და ა. შ.), გარკვეულწილად, „გაორებულია“ _ იგი ორმაგ ცხოვრებას ეწევა: ერთი ცხოვრება მისი რომანები, ფილმები და სპექტაკლებია, ხოლო მეორე, _ ის, რასაც ჩვენში „საზოგადოებრივ-პოლიტიკურ“ მოღვაწეობას უწოდებენ.
„მეორე ცხოვრება“ (ხშირად „პირველისაგან“ განსხვავებით) არაკომპეტენტურობისა და პრიმიტივიზმის ნიშანს ატარებს. სწორედ ამიტომ ხდება, რომ, ვთქვათ, შესანიშნავი მწერალი ან კინორეჟისორი, _ პოლიტიკაში ელემენტარული რეგვენია და ისეთ სისულელეებს როშავს, შეიძლება თმები ყალყზე დაგიდგეს; ამიტომაც ჩნდება ხალხში მოარული აზრი _ ესა და ეს რომანი ამ მწერლის დაწერილი არ უნდა იყოს, თორემ, აბა, ეს იდიოტი ასეთ შესანიშნავ წიგნს როგორ დაწერდაო.
„წითელი ინტელიგენციის“ მისია ჯერ არ ამოწურულა. იგი ვერც გაექცევა (რომც მოინდომოს) ამ მისიას, რადგან „შემოქმედი“ მის ყოველ ნაბიჯს მკაცრად აკონტროლებს და იმავე სოციალური სტიმულირებით უნარჩუნებს ადრე შთანერგილ მიდრეკილებებს, თუმცა თვით ამ სტიმულირების ფორმა დღეს უკვე სხვაა: აღარც „ცენტრალური კომიტეტი“ არსებობს და აღარც „კულტურისა და იდეოლოგიის განყოფილება“, _ ეს არის ამონარიდი ინტერნეტსაიტ „ექსპერტის“ ერთ-ერთი წერილიდან.
ისე, მართალია, საქართველოს მთავრობაში „კულტურისა და იდეოლოგიის განყოფილება“ ოფიციალურად აღარ არსებობს, სამაგიეროდ, არსებობენ ადამიანები, რომლებიც ამ განყოფილებას თავის დროზე ხელმძღვანელობდნენ ან ამ განყოფილებაში მუშაობდნენ და, როგროც ჩანს, „ოცნება“ ზუსტად მათი რჩევებით იმართება. შესაბამისად, ინტელიგენციას თავი ისევ საბჭოთა კავშირში ჰგონია და თუ პარტია უბრძანებს, დედასაც მოკლავენ, მამასაც და სამშობლოს კეთილდღეობა-დამოუკიდებლობასაც ზედ მიაყოლებენ, თან თუ ეცოდინებათ, რომ ამაში გასამრჯელოდ გროშებს მიიღებენ. გროშების სანაცვლოდ მიღებული მხარდაჭერა კი თავად ზურაბიშვილსაც არ უნდა აწყობდეს და სიამოვნებდეს, რადგან ეს მის წინაპრებს

გიორგი აბაშიძე