სხვა საქართველო და „დიდი ოხერი“ ნიკა გვარამია

ნიკა გვარამიამ 13 ოქტომბერს გვამცნო, რომ ორშაბათს სხვა საქართველოში გავიღვიძებდით. რეალურად, რაც შაბათის კურიერში, P. S.-სა და კვირის აქცენტებში ვნახეთ და მოვისმინეთ, ეს სხვა საქართველო კი არაა, ის საქართველოა, რომელშიც გვიწევს ცხოვრება და რომელსაც სწორედ „რუსთავი 2“-მა ახადა ფარდა და დაგვანახა. ისიც ვთქვათ, ვისაც დანახვა უნდოდა, აქამდეც კარგად დაინახავდა, მაგრამ ის, რაც გვანახეს, ნამდვილად კლავს თავის მოტყუების ყოველგვარ შანსს.

ერთი მხრივ, ვნახეთ როგორ აშენდნენ ამ ხელისუფლების წარმომადგენლები ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ და, მეორე მხრივ, მირზა სუბელიანის ჩანაწერში მოვისმინეთ, საერთოდ რა ხდება ჩვენს თავს _ როგორ მფარველობს ეს ხელისუფლება ბავშვის მკვლელებს ახლა და როგორ „გამოიძიეს“ ის სკანდალური საქმეები, რომლითაც წლებია, ყურები გამოგვიჭედეს, როგორ აწამებდნენ მოწმეებს და როგორ „გააბოზეს ქურდები“… ამ ყველაფრამდე იყო ჩანაწერები „ომეგა ჯგუფის“ საქმეზე.
რა შეიძლება მოიტანოს ჯამში ამ ჩანაწერებმა _ ერთი მხრივ, ზაზა ოქუაშვილის ჩანაწერებმა და, მეორე მხრივ, _ მირზა სუბელიანის?
ეს ჩანაწერები მოიტანს… ან ყველაფერს, ან არაფერს! ან მართლა შეცვლის საქართველოს, იმ რეალობას, რომელშიც გვიწევს ცხოვრება, ან მართლა დავრჩებით ქაქში, რომელშიც ვართ. დავრჩებით კარგა ხანს. ეს „ყველაფერი ან არაფერი“ ზუსტად ესადაგება ქართულ-გრუზინულ ხასიათს. ჩვენ მაქსიმალისტები ვართ _ ან ყველაფერი გვინდა, ან _ არაფერი, აქ ან ყველაფერი ხდება, ან არც არაფერი. რაზეა ეს ყველაფერი დამოკიდებული?
არსებობს კი რაიმე, რაზეც ამგვარი რამაა დამოკიდებული? არსებობს კი რაიმე წესი, კანონზომიერება, რაიმე ლოგიკა, რომელიც ამგვარ შემთხვევებში მოქმედებს?
დიდი ალბათობით, ამგვარი აქ არაფერი არსებობს და სწორედ ამიტომაცაა წინასწარ ძნელი განსაჭვრეტი, რა მოხდება _ ყველაფერი თუ არაფერი. წესით და კანონით, ამ საზოგადოებას ან რაიმე შინაგანი კანონზომიერება რომ ჰქონდეს, ან ლოგიკა, ანდა სულაც სინდის-ნამუსი, ახლა უკვე ყველა ქუჩაში უნდა იყოს გამოფენილი და ის ჩინოვნიკები უკვე იმ თავის ქვის აკლდამებში უნდა იყვნენ შემძვრალი, ჩაქოლვის შიშით.
ამის ნაცვლად რას ვხედავთ, ბესელია ჩანაწერების კანონიერებაზე ტლიკინებს, ანალიტიკოს დუჩეს მამა, _ გამოძიებას დაველოდოთ, საიმედოდ არ მეჩვენება ეგ ჩანაწერებიო. ჩვენ კი ამ ყველაფერს ვისმენთ, ვისმენთ ისე მშვიდად, გეგონება, გაზაფხულის საღამოა მშვიდი, ხიდან ხეზე გადაფრინდა ჩიტი! მაგრამ ჩვენ არც ის ვიცით, ეს სიმშვიდე როდის იბუთქებს და იქცევა ყველაფრის წამლეკავ მაგმად. ესეც არანაირ პროგნოზს არ ექვემდებარება, როდის რა იბუთქებს აქ. ასე რომ, ამ ხელისუფლებას ტყუილად ჰგონია, რომ ყველაფერი შერჩება ამ ქვეყანაში. ერთ მშვენიერ დღეს მათ ბოგინს წერტილი დაესმება და ყველაფერზე ისე მწარედ ზღავენ, დღეს რომ ვერც წარმოუდგენიათ.
თავის დროზე ვერც ლევან მამალაძე იფიქრებდა, რომ არაბული ტანისამოსით მოუწევდა მოძრაობა და ვერც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები წარმოიდგენდნენ რომ ისე წარიმართებოდა მოვლენები, როგორც წარიმართა.
მით უმეტეს, ამ ხელისუფლებას, რომელიც სწორედ ჩანაწერების წყალობით მოვიდა, რა გარანტია აქვს, რომ სწორედ ჩანაწერებით არ გაუყვებიან გზას პოლიტიკური სამარისკენ?
ქარის მოტანილს ქარი წაიღებს _ ეს ქართველებმა თქვეს, ხალხურია, „ვაი მას, ვინც ბრბოს დაეყრდნობა“, _ ეს დიდმა შილერმა ათქმევინა დიდ ელისაბედ ტიუდორს.
როდესაც ვამბობთ, _ ან ყველაფერი მოხდება, ან _ არაფერი, კი, ცხადია, ეს პროგნოზი იმას ჰგავს, _ ან დღე რომ მოკვდები, ან _ ღამე და სხვა ვარიანტი რომ არც არსებობს, მაგრამ ერთიც („ყველაფერი“) და მეორეც („არაფერი“) რეალურად მართლაც სიკვდილია ამ ხელისუფლებისთვის, მართლა ან დღე მოკვდებიან, ან ღამე _ ან ადრე, ან გვიან. სწორედ ამას გულისხმობს „არაფერი“ _ ყველაფრის გვიან და არა ახლა მოხდენას. დიახ, ეს ხელისუფლება თავს ტყუილად დაიმშვიდებს „არაფრით“. ეს „არაფერი“ დროში გაწელილი „ყველაფერია“ _
რაც არ უნდა იხტიბარი გაიტეხოს ამ ხელისუფლების მომხრე ელექტორატმა, მათ ამიერიდან უკვე იციან, რომ მათი ნაოცნებარი ხელისუფლება ხელისუფლებაში საკუთარი ოცნებების ასახდენად მოვიდა და არა მათი ოცნებების ასახდენად. ისინი თვითონ აშენდნენ და არც უფიქრიათ დამშეულ მხარდამჭერებზე. ამის გარდა, საფუძველი გამოეცალა იმ ყველა არგუმენტს, რითაც აქამდე თავს იმშვიდებდნენ _ ჯერ გაიგეს, რომ ეს ხელისუფლება ბიზნესსაც ატერორებს, მერე ისიც, რომ ექსმინისტრებიც კი „ჩაჰყავთ სარდაფში“, ახლა უკვე ისიც, რომ სასურველი ჩვენებების მისაღებად მოწმეებს აწამებენ, რომ იმდენი გამამართლებელი განაჩენის შემდეგ, ბაჩო ახალაიას რომ ძლივს ერთ საქმეზე მიუსაჯეს, თურმე ისიც ასე ჩათლახობით _ მოწმეების წამებით და უბედურებით ყოფილა შეკერილი!
ანუ ფარდა აეხადა იმასაც, რომ ის, ვინც ქვეყნის დამაქცევარი ეგონათ და რასაც გადააყოლეს ქვეყანა, თურმე ისეთი უდანაშაულო ყოფილა, რომ ამდენი წლის მანძილზე ვერც ვერაფერი დაუმტკიცეს!
ეს ყველაფერი საზოგადოების აქამდეც კრიტიკულად განწყობილ ნაწილს კიდევ უფრო მუხტავს და ბრძოლისკენ უბიძგებს და თქვენ წარმოიდგინეთ, ამგვარი ინფორმაციები თვით ამ ხელისუფლების მხარდამჭერ ნაწილსაც უმღვრევს გონებას, აცოფებს და საბოლო ჯამში ამ ხელისუფლების წინააღმდეგ განაწყობს. უფრო უხამსად დაწერას მოვერიდები და ვიტყვი, რომ არავის მოსწონს ქლიავად ყოფნა. არ მოსწონს, როცა რაღაც ჰგონია და საწინააღმდეგო აღმოჩნდება. დიახ, არ მოსწონს, როცა აღმოაჩენს, რომ მან ირბინა ქუჩა-ქუჩა და სხვამ სასახლე წამოჭიმა, თვითონ კი დარჩა შარვალგამოხეული და უარესად მშიერი. არ მსოწონს იმის გაცნობიერება და აღიარება, რომ თავისი კეთილდღეობა მიიტანა მსხვერპლად სესიაშვილებისა და იზორიების ქვის საკურთხევლებზე. არ მოსწონს იმის აღმოჩენა, რომ, ვთქვათ, ბაჩო ახალაია კაციჭამია ეგონა, მწამებელი და სისხლისმსმელი და აღმოჩნდა, რომ პირქიით _ ისინი ყოფილან მწამებლები, ვინც ის დაიჭირა. ადამიანი ხვდება, რომ ის გამოიყენეს, დააჯერეს, დააგოიმეს, ამის ხარჯზე თვითონ ცხოვრება აიწყვეს ჩონგურივით და ის კი მშიერი და თან მოტყუებული დატოვეს.
ამ ყველაფრის გადამკიდე, ადამიანი ნელ-ნელა იწყებს გააზრებას, რა „ჩაუტარეს“ და მოდის გონს, მაგრამ ხშირად ეს ნელ-ნელა კი არა ერთბაშად ხდება, შოკურად და ხალხის რეაქციაც სტიქიურია. ერთ შემთხვევაში ხელისუფლება ნელ-ნელა კარგავს მხარდაჭერას, მეორე შემთხვევაში _ ერთბაშად და უეცრად. ხელისუფლება რომ ნელ-ნელა მხარდაჭერას კარგავს, ეს აქამდეც თვალნათლივ ჩანდა და კიდევ უფრო ნათლად და ცხადად წინასაარჩევნოდ გამოჩნდა. 2013 წელს, როცა მარგველაშვილის გაპრეზიდენტება სურდა ივანიშვილს, რეალურად ხელიც არ გაუტოკებია, არც დიდი კამპანია დასჭირვებია, თქვენ წარმოიდგინეთ და, მის მიერ წლობით გამძღარი არტისტები არც შეუწუხებია. ახლა ყველა შარაზე გამოყარა და მაინც არაფერი გამოსდის, კაცმა არ იცის, შეასრულებს თუ ვერა პუტინის დავალებას და თავზე დაგვასვამს თუ ვერა პუტინის რეზიდენტს. მოკლედ, ფაქტია, რომ მას აღარ აქვს ის „ჭარბი ნდობა“, რომლითაც კეკლუცობდა და ისიც ფაქტია, რომ რაც დარჩა, იმასაც დღითი დღე კარგავს.
ახლა, ამ ჩანაწერების გადამკიდე, ის იმ საფრთხის ქვეშ დგება, რომ საერთოდ თავზე ჩამოემხოს ყველაფერი, ან ეს პროცესი, აქმადე ისედაც დაწყებული, ამ ფაქტის შემდეგ კიდევ უფრო გაღრმავდეს და ნელ-ნელა დასვას ეს ხელისუფლება ნულოვან მხარდაჭერაზე და შემდეგ მინუსებშიც გადააგდოს.
ეკა ბესელია კი, როგორც უკვე მოგახსენეთ, ჩანაწერების კანონიერებაზე ლაპარაკობს, მეტიც, ჩანაწერის მოპოვებისა და გავრცელების კანონიერების დადგენას ითხოვს. კოდექსის ის მუხლიც გაიხსენა, პირადი კომუნიკაციის წესის დარღვევას, ჩანაწერის უკანონოდ მოპოვებას, შენახვა-გავრცელებას რომ ეხება და რომლის მიხედვითაც ზემოაღნიშნული, თურმე, ნუ იტყვით და, სისხლის სამართლის მძიმე დანაშაულია. ახლა გახდა მძიმე დანაშაული ჩაწერა-გავრცელება? მათმა ხელისუფლებაში მომყვანმა ბედუკაძემ სულ კანონიერად ჩაწერა და მათმა ჯიბის ტელემედიამ სულ კანონიერად გაავრცელა? ახლა, კიდევ, თურმე, უნდა დავდგეთ და შინაარსის განხილვაზედ მოხლოდ შემდეგ გადავიდეთ, თუკი დადგინდება კანონიერება და მერმე ავთენტურობა.
მგონი, მართლა ძალიან დასცხათ „ქოცებს“ და ჰგონიათ, რომ ყველას გვცხელა. არა, ბატონებო, ჩანაწერი ნამდვილია, შინაარსი ცხადია და როდესაც სიმართლეს გაიგებ, პოლიტიკურად უკვე ნაკლებ საინტერესოა, ეგ შენი სიმართლე კანონიერადაა გამჟღავნებული თუ უკანონოდ. ამ ჩანაწერების გამო უკვე მოგიწევთ პოლიტიკური ფასის გადახდა, იურიდიულად სულ რომ თავი დაიძვრინოთ.
ამჯერად ვერავის ამოიყვანთ „პადვლიდან“ და ვერ ათქმევინებთ, რომ უცხოელი პარტნიორებისთვის „დადგით“ ეს „ჩანაწერი“.
მაინც, რა სვლა რჩება ხელისუფლებას? რეალურად, არც არაფერი, ის იმ ქალს ჰგავს, საყვარელთან რომ წაასწრებენ და ნიფხავგახდილი ჯიუტად რომ უმტკიცებს ქმარს, _ ეს ის არ არის, რაც შენ გგონიაო. სწორედ ამ ოპერიდანაა ყველა ის განცხადება, რაც დღეს მოვისმინეთ. სხვა რა უნდა ქნას ხელისუფლებამ? ეს სკანდალი გადაფაროს რაიმე კოშმარით? არ გამორიცხოთ. მოიშოროს მირზა სუბელიანი და თავიდან აიცილოს ყველა იმ კომპრომატის გავრცელება, რომელიც მას აქვს დასაწყობებული? არც ესაა გამორიცხული, ივანიშვილი მირზა სუბელიანს კი არა, გულით საყვარელ პინგვინს წამოაგებს შამფურზე, თუ მის ძალაუფლებას საფრთხე დაემუქრება.
მაგრამ რაც არ უნდა თავიდან მოიშოროს მირზა სუბელიანი, ახლა რაც არ უნდა ციხეში გამოკეტოს დათუნა სარალიძის ყველა მკვლელი, პასუხისმგებლობას ვეღარსად გაექცევიან თვითონაც და ახლა უკვე ყველამ საბოლოოდ დაინახა, როგორ მფარველობენ სარალიძის მკვლელებს და ამ სიმართლესთან ერთად, ხურდაში გავიგეთ ისიც, როგორ მიუსაჯეს ბაჩო ახალაიას, რომა შამათავას, როგორ მოექცნენ ვანო მერაბიშვილს, ვისთან რა იხლართებოდა და მართლა რა მძღნერი დუღდა „ქოცების“ ქვაბში.
ეს ყველაფერი ყველამ გაიგო, რაც ყველამ გაიგო, იმას აღარაფერი ეშველება. ახლა სესიაშვილი გინდა გამოძიებას დაელოდოს, გინდა ჟოლოს გამყიდველს, „მალინა-მალინას“ რომ გაჰკივის ჰაერგამპობი, გამყინავი ხმით. ყველაფერი მართლაც ისეა, როგორც ბაში-აჩუკშია, _ ახლა გინდა შეიტანეთ და გინდა გამოიტანეთ ეგ თქვენი რუმბივით გაგორებული თათარიო.
დღეიდან მართლა სხვა პოლიტიკური რეალობაა და მალე ისიც გამოჩნდება, ეს ხელისუფლება „დღე მოკვდება თუ ღამე“ _ ანუ ყველაფერი მალე მოხდება თუ ჯერ არაფერი მოხდება და ამ არაფერ-არაფრით მივალთ ნელ-ნელა ყველაფრამდე?
რეალურად, ეს ყველაფერი ჩვენზე, საზოგადოებაზეა დამოკიდებული და იმაზე _ რამდენს გადავყლაპავთ, რამდენს მოვინელებთ, რამდენს მოვუთმენთ ამ თავგასულ ხელისუფლებას. და, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი პოლიტიკურ სპექტრზეცაა, ეყოფა თუ არა თმენა, ძალა, მარიფათი, შნო იმისთვის, რომ „რუსთავი 2“-ის აწეული სკანდალი გადაიბაროს და პოლიტიკური ვექტორი მისცეს.
ანუ ეს ქეისი მარტო ხელისუფლებისთვის კი არა, საზოგადოებისთვისაც და ოპოზიციისთვისაც გამოცდაა. დიდი ოხერი ვინმეა ეს ნიკა გვარამია, დაჯდა და არხეინად ერთად ცდის ხელისუფლებასაც, ოპოზიციასაც და საზოგადოებასაც. თვითონ არხეინადაა, თვითონ ხუთიანზე ჩააბარა გამოცდა და რა ენაღვლება.

რეზო შატაკიშვილი