18 მილიონად შეფასებული ფეკალიების ტბა ზაჰესში და ენტეროვირუსით დაწამლული ბავშვები

როგორც ნიუ-იორკს აქვს ცენტრალური პარკი მტრედებით, ხელოვნური ტბითა და გედებით, ისე ზაჰესს აქვს თავისი „პარკი“ ჭაობით, ბაყაყებით, კოღოებით და ნახევარ ქალაქში მოდებული ენტეროვირუსით. პერიოდულად აქ საკანალიზაციო „ფოიერვერკები“ ეწყობა, რომლის დროსაც მოსახლეობა რეზინის ჩექმებით იწყებს საკუთარ ოთახებში სიარულს.
მთავრობა მხოლოდ მაშინ შეშფოთდა, როდესაც ზაჰესის ფეკალიების ჭაობი ელექტრო ქვესადგურს მისწვდა და საშიშროება გაჩნდა, რომ ნახევარი ზაჰესი ჰაერში აწეულიყო. დიდი არაფერი _ მხოლოდ ამოასუფთავეს (ისიც ერთხელ).

„ქრონიკა+“ ადგილობრივ მოსახლეებს გაესაუბრა:

ნატალია ლარიონოვა _ კასკადის ქუჩის მოსახლე:
_ პირველად ეს პრობლემები 2015 წელს დაიწყო, როდესაც ქალაქის მაშინდელ მერს, დავით ნარმანიას მივმართეთ. ეგრევე გლდანის გამგეობაში გადაგვამისამართეს, სადაც გამოგვიცხადეს, რომ ეს ტერიტორია ჩვენ არ გვეკუთვნისო.
_ როგორ არ ეკუთვნით? აბა, ვის ეკუთვნის _ ზაჰესი სახელმწიფოსი არ არის?
_ მოკლედ, როგორც გვითხრეს, თბილისის ამ ტერიტორიას 90-იან წლებში ვიღაც ერთმა პიროვნებამ გაუკეთა პრივატიზება და საკუთარ თავზე გააფორმა. დიახ, საუბარია ნახევარ ზაჰესზე, რომელზედაც „ენერგოპროს“ ქვესადგური და საქართველოს რკინიგზის ერთ-ერთი ყველაზე დიდი დაკეტილი ტერიტორიაა განთავსებული.
_ ვინ არის ის პიროვნება?
_ თვითონაც არ იციან _ არც მერიამ და არც საკრებულომ. იციან მხოლოდ, რომ სახელმწიფოს არ ეკუთვნის, შესაბამისად, მათ ბალანსზე არ არის და ხელს არ კიდებდნენ არაფერს. ჯერ ნარმანიას პერიოდს გიყვებით. რა უნდა გვექნა _ სასწრაფო სასწრაფოზე მოდიოდა, ბავშვები ერთი-მეორეს მიყოლებით იწამლებოდნენ და როგორც კერძო დასახლებამ, ისე კორპუსებმა ფულის აგროვება დაიწყეს. მე პირადად 150 ლარი მაქვს გადახდილი. ბრიგადები ვიქირავეთ და მთელი მილების კოლექტორები ამოვასუფთავებინეთ. გაგვაფრთხილეს, რომ 1 წლის შემდეგ ისევ დაგროვდებოდა, მაგრამ რა გვექნა.
_ დაგროვდა?
_ დაგროვდა კი არა, მთელი კანალიზაციის მასები სახლებში შემოგვივარდა. კოჭებამდე ფეკალიებში დავდიოდით. ენტეროვირუსმა ამჯერად ბავშვები კი არა, მოზრდილები ჩაგვაწვინა. მოხდა ის, რომ უზარმაზარი ჭაობი გაჩნდა, წყალი „ენერგოპროს“ ქვესადგურამდე რომ მივიდა, გლდანის საკრებულოდან შალვა ოგბაიძის ხალხი მოვარდა, ამოტუმბვა დაიწყო. ნახევრად ამოტუმბეს, ნახევარი დარჩა. არანორმალური სუნი დგას _ საზოგადოებრივ საპირფარეშოში გეგონებათ თავი. თვითონ გლდანის მერია გაგიჟდა, _ ეს რა ხდება აქაო?!
_ არ იცოდნენ?
_ როგორც ჩანს, შუა ზაჰესში უზარმაზარი ჭაობი ბაყაყებითა და ლიფსიტებით არ ჰქონდათ ნანახი.

თამარ მუსერიძე _ ზაჰესის მცხოვრები:
_ ეს წყალი ქვესადგურამდე რომ მივიდეს ან მოკლე ჩართვა მოხდეს, ან სხვა რამე ნახევარ ზაჰესს ჰაერში აიტანს. ბავშვები რა ჰაერს სუნთქავენ, დაინტერესებულა ვინმე? რა უნდათ ამათ _ ქუჩები გადავკეტოთ და ისე მოვითხოვოთ, რომ რამე გვიშველონ? საკრებულოზე ვერაფერს ვიტყვით _ მოდიან, გვეხმარებიან, ამოტუმბეს და მეტს ვერაფერს იზამენ. მილებია გამოსაცვლელი.

„ქრონიკა+“ გლდანის რაიონის საკრებულოს თავმჯდომარის წარმომადგენელ მამუკა ყაველაშვილს დაუკავშირდა:
_ ძველი კომუნიკაციებია და მაგის ბრალია. სადაც შეიცვალა, ეგ პრობლემა აღარ არის, მაგრამ მანდ მოსაგვარებელია.
_ იგეგმება ამ კომუნიკაციების გამოცვლა? ქალაქს მეორე მერი ჰყავს და აქ სიტუაცია იგივეა.
_ რამდენიმე დღის წინ ჩვენი რაიონის დეპუტატი თბილისის მერის მოადგილესთან ერთად ჯვს-ის წარმომადგენლობას შეხვდა. ზუსტად ამ პრობლემაზე ესაუბრა. ზაჰესის მაგ მონაკვეთში კანალიზაციას მომსახურე პერსონალი არ ჰყავს, რომელიც ავარიებს და დაზიანებებს მოაწესრიგებს.
_ რატომ?
_ ეს მთელი ისტორიაა. პრობლემა ის არის, რომ ზაჰესის კანალიზაცია კოლექტორზე არ არის დაერთებული. ეს არ შეიძლება და ამის გამოსასწორებლად წყალკანალი 18 მილიონ ლარს ითხოვს.
_ ვის სთხოვს?
_ მერიას, რომ ზაჰესი აიღოს. ახლა მსჯელობენ, 2019 წლიდან რამენაირად ჩასვან ბიუჯეტში.

მოკლედ, იმისთვის, რომ 2019 წლისთვის ზაჰესი ცენტრალურ კოლექტორს მიურთდეს, ამისთვის სახელმწიფომ კერძო კომპანიას 18 მილიონი უნდა გადაუხადოს. თუ არადა, თბილისის ზღვა გვაქვს და გვექნება ზაჰესის ტბა… ფეკალიების.

თამარ როსტიაშვილი