არჩევნების გაყალბების შემთხვევაში ბიძინა ივანიშვილს ანგარიშებს გაუყინავენ?

 

ჩანაწერების სკანდალი, რომელიც ზაზა ოქუაშვილის აუდიო ფაილების გამოქვეყნებით დაიწყო, სრულიად მოულოდნელად გლდანის მერვე საპყრობილეში მირზა სუბელიანის, ვიქტორ ჯაფარიძისა და დავით ცუხიშვილის ჩანაწერით გაგრძელდა.

მირზა სუბელიანმა, პრაქტიკულად, დაადასტურა ის, რასაც ზაზა სარალიძე ამდენი ხნის განმავლობაში საჯაროდ აცხადებდა, – ხელისუფლება მირზა სუბელიანის მძევალია, ხორავას ქუჩის ტრაგედია ბოლომდე გამოძიებული არ იქნება, რადგან მირზა სუბელიანს კომპრომატების დიდი არქივი საგულდაგულოდ შენახული და დაარქივებული აქვს, საუბარია არა მხოლოდ ციხიდან ვანო მერაბიშვილის გაყვანაზე, არამედ სხვა გახმაურებული საქმეების მოწმეების გატაცებაზე, ცემასა და ჩვენების მიცემის იძულებაზე.

სიტუაცია იმაზე მეტად რთული აღმოჩნდა, ვიდრე ამას თავად ხელისუფლება ვარაუდობდა.

გლდანის მერვე საპყრობილეში ვიქტორ ჯაფარიძის, პატიმარ მირზა სუბელიანის და გენერალური ინსპექციის ყოფილი თანამშრომლის დავით ცუხიშვილის შეხვედრა გასული კვირის ხუთშაბათს, 11 ოქტომბერს გაიმართა. ის, რომ ვიქტორ ჯაფარიძე სოზარ სუბარისა და მირზა სუბელიანის ახლო მეგობარია, არავისთვის საიდუმლო არ ყოფილა, ასევე წარმოუდგენელია, რომ მირზა სუბელიანს, რომელიც თავად იყო სასჯელაღსრულების დეპარტამენტის გენერალური ინსპექციის უფროსი, არ სცოდნოდა, რომ ციხეში ნებისმიერი პატიმრის ნებისმიერი შეხვედრის ჩანაწერი კეთდებოდა და სამ ეგზემპლარად ინახებოდა – ერთი სუსისთვის, მეორე – შსს-სთვის და მესამე – თავად ციხის არქივისთვის, ამდენად, სრულიად ლეგიტიმურია ეჭვი იმის თაობაზე, რომ მირზა სუბელიანმა იცოდა, რასაც აკეთებდა და მის ინტერესებში ნამდვილად შედიოდა საუბრის შინაარსის ადრესატამდე მიტანა.

ვინ იყო ამ საუბრის ადრესატი? – როგორც საუბრის შინაარსიდან ირკვევა, შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია, რომელსაც მირზა სუბელიანის სასჯელის, ფინანსური უზრუნველყოფისა და სხვა საკითხების ბოლომდე მოგვარების გარკვევას სთხოვდნენ.

მოასწრო თუ არა დეპუტატმა ჯაფარიძემ შს მინისტრთან შეხვედრა, ამ ეტაპზე ცნობილი არ არის, მაგრამ პროკურატურაში აცხადებენ, რომ გამოძიება ჩანაწერის გავრცელებამდე ორი დღით ადრე დაიწყეს გლდანის საპყრობილის თანამშრომლის, ვინმე ი.პ.-ს პატაკის საფუძველზე, რომ უცნობი პირი მას პირადი ცხოვრების ამსახველი ფირების გავრცელებით დაემუქრა, რის სანაცვლოდაც  მირზა სუბელიანის შეხვედრების ჩანაწერების გადაცემა აიძულა.

იმის მიუხედავად, რომ პროკურატურა ჩანაწერების ავთენტურობაზე არ დაობს, შეხვედრის ფაქტს ვიქტორ ჯაფარიძეც ადასტურებს. მმართველი გუნდის წარმომადგენლები ისევ ჩანაწერების ავთენტურობასა და კანონიერებაზე ლაპარაკობენ, ეს განსაკუთრებით კომიკურია იმ ადამიანებისგან, რომლებსაც არც ციხის კადრების, არც ცოცხების სცენის, არც სააკაშვილის მოპარული 19 მილიარდისა და არც სხვა გახმაურებული ჭორების ავთენტურობისა და კანონიერების დადგენა ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგაც კი არ მოუთხოვია.

მირზა სუბელიანი უკმაყოფილოა. უკმაყოფილია იმით, რომ თბილისის ყოფილ პროკურორ მიშა შაყულაშვილს ხელი დააფარეს და მან პარლამენტის საგამოძიებო კომისიას განსხვავებული ჩვენება მისცა.
„ქრონიკა+“-ის წყაროს ინფორმაციით, პირველი პირი, რომელსაც მირზა სუბელიანმა ხორავას ქუჩაზე მომხდარი ტრაგედიის შემდეგ დაურეკა, სწორედ თბილისის პროკურორი იყო. მანვე მიიყვანა პროკურატურაში საკუთარი არასრულწლოვანი შვილი, ესწრებოდა მის გამოკითხვას და  დეტალური ჩვენება მიაცემინა. იმედი ჰქონდა, რომ გამოძიება სწორედ მისთვის ხელსაყრელი გზით წავიდოდა და წავიდა კიდეც მანამ, სანამ საზოგადოების მასშტაბური პროტესტის  გამო მთავარ პროკურორ ირაკლი შოთაძეს თანამდებობის დატოვება არ მოუწია. სწორედ ამის შემდეგ გამოძიება შს სამინისტრომ გადაიბარა და დანაშაულის დაფარვაზე რამდენიმე პირი დააკავა, თავად მირზა სუბელიანი დაკითხვაზე რამდენჯერმე დაიბარეს. “ქრონიკა+“-ის წყაროს ინფორმაციით, სუბელიანის ცხრასაათიანი დაკითხვა ბლეფი იყო, ამ დროის განმავლობაში მასთან შეხვედრაზე იმყოფებოდა შს სამინისტროს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი ვლადიმერ ბოცვაძე, რომლის მეშვეობითაც მიმდინარეობდა მოლაპარაკებები სუბელიანის პატიმრობაზე, სასჯელის ვადებსა და მისი ოჯახის უსაფრთხოების დაცვაზე. სუბელიანის ოჯახი მოწმის დაცვის პროგრამაში ჩასვეს, მათ საცხოვრებელი სახლიც კი გამოუცვალეს და ფინანსურადაც უზრუნველყვეს. მირზა სუბელიანმა ზუსტად იცოდა, რომ მომდევნო დაკითხვაზე მას დაიჭერდნენ, ამიტომ შს სამინისტროში ადვოკატის თანხლებით მივიდა. სუბელიანის დაკავებამ, გარკვეულწილად, საზოგადოების მღელვარება ჩააცხრო, მაგრამ ხორავას ქუჩის ტრაგედია არათუ გამოიძიეს, არამედ სუბელიანის პატიმრობის სანაცვლოდ, გარიგების ფარგლებში დანაშაულის დაფარვისთვის დაკავებული  პირებიც კი გაათავისუფლეს. რაც შეეხება მიხეილ კალანდიას დაკავებას, მას, ცხადია, არ დაიჭერენ, რადგან მირზა სუბელიანს თუ დავუჯერებთ, მისი დაკავებით ძირი საქმე დაენგრევათ.

გავრცელებული ფარული ჩანაწერების შინაარსზე პროკურატურა, ჯერჯერობით, დუმს. არ კეთდება განმარტებები თეთრაძის, ნავთლუღის, ვანოსა და სხვა გახმაურებულ საქმეებზე მოწმეებზე სავარაუდო ზეწოლაზე.

სერგო თეთრაძის საქმეზე  პირველი განცხადება ვლადიმერ ბედუკაძემ გააკეთა. მან თქვა, რომ თეთრაძის წამებაში გლდანის ციხის პატიმრები ე. წ. საქათმის ბინადრები (სისაური და „გოჭი“) მონაწილეობდნენ. ბედუკაძე აცხადებდა, რომ თეთრაძის გარდაცვალების დროს ბაჩო ახალაია ციხეში არ ყოფილა და იგივე ჩვენება მისცა სასამართლო პროცესზეც. რაში გამოიხატა სუბელიანის როლი ამ საქმეში, რთული წარმოსადგენია.

ვანო მერაბიშვილის ციხიდან გაყვანა მაშინდელი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივა იყო. შს მინისტრობის დროს ირაკლი ღარიბაშვილი მატროსოვის ციხეში პირადად შედიოდა და ბაჩო ახალაიას ხვდებოდა, ახალიას სააკაშვილის წინააღმდეგ ჩვენების მიცემის სანაცვლოდ თავისუფლებას ჰპირდებოდნენ. „ქრონიკა+“-ის წყაროს ინფორმაციით, ვანო მერაბიშვილი არა მთავარ პროკურატურაში, არამედ ორთაჭალაში კონსპირაციულ ბინაში მიიყვანეს. ავტომანქანაში, რომლითაც ის ციხიდან გაიყვანეს, კოტე კუბლაშვილი და დიმა დარბაისელი ისხდნენ, კონსპირაციულ ბინაში კი შეხვედრაზე ოთარ ფარცხალაძესთან ერთად ირაკლი ღარიბაშვილი და უჩა მამაცაშვილიც იმყოფებოდნენ, რომლებიც მერაბიშვილს სააკაშვილის საიდუმლო ანგარიშებს სთხოვდნენ.

საპრეზიდენტო არჩევნების წინ გლდანის ციხის ჩანაწერი ერთადერთი დაანონსებული სკანდალი არ არის. მართალია, ბიძინა ივანიშვილს საკუთარი გარემოცვა არწმუნებს, რომ ზაზა ოქუაშვილს მასთან შეხვედრა ჩაწერილი არ აქვს, “ქრონიკა+“-ის წყაროს ინფორმაციით, ეს ჩანაწერი ნამდვილად არსებობს და არჩევნებამდე რამდენიმე ხნით ადრე გამოქვეყნდება. ასევე არსებობს ჩანაწერიც, სადაც სპორტის ყოფილი მინისტრი ლევან ყიფიანი ბიძინა ივანიშვილს უღვთო პირით აგინებს.

საპრეზიდენტო არჩევნებს “ქართული ოცნება“  სრულიად დემორალიზებული და თავის მართლების რეჟიმში ხვდება. ბიძინა ივანიშვილი პრეზიდენტობის “დამოუკიდებელი“ კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის გვერდით პირველ  ოქტომბერს პირველად და, ჯერჯერობით, უკანასკნელად გამოჩნდა. ზურაბიშვილის საარჩევნო კამპანია პარტია “ქართული ოცნების“ გენერალურ და აღმასრულებელ მდივნებს კახი კალაძესა და ირაკლი კობახიძეს მიჰყავს.

სწორედ ისინი იქნებიან ოფიციალურად პასუხისმგებლები, თუ სალომე ზურაბიშვილი არჩევნებს წააგებს. ყველა ოფიციალური და არაოფიციალური კვლევის  მიხედვით, ზურაბიშვილის რეიტინგი ათ პროცენტსაც არ სცდება, ეს კი იმას ნიშნავს, რომ მასშტაბური გაყალბების შემთხვევაშიც კი სალომე ზურაბიშვილი არჩევნებს პირველ ტურში ვერ იგებს. კულუარებში არსებობს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ივანიშვილი რეალურად შექმნილი მძიმე სიტუაციიდან გამოსავალს ეძებს და რამდენიმე ვარიანტს განიხილავს. ივანიშვილის კარზე პავლე კუბლაშვილი დავით ბაქრაძის პრეზიდენტობას ლობირებს და მმართველი პარტიის ლიდერს არწმუნებს, რომ გაპრეზიდენტების შემთხვევაში ამერიკელებთან მის ურთიერთობას გიგა ბოკერია დაალაგებს, მაგრამ ჩვენი წყაროს ინფორმაციით, ივანიშვილი ბოკერიას ბოლომდე არ ენდობა, ვიწრო წრეში ამბობს კიდეც, – როცა დასჭირდა, მიშა გაყიდა და რა გარანტია მაქვს, მეც არ მომატყუებსო.

ამერიკელებს კი საპრეზიდენტო არჩევნების მიმართ განსაკუთრებული ინტერესი აქვთ, არჩევნების წინ საქართველოში დონალდ ტრამპის მრჩეველი ჩამოდის და ასევე მობილიზებული იქნება დამკვირვებლების დიდი არმია.  ჩვენი წყაროს ინფორმაციით, გავლენიანი ამერიკული წრეებიდან ივანიშვილმა გაფრთხილება უკვე მიიღო, – სალომე ზურაბიშვილის სასარგებლოდ თუ არჩევნები გაყალბდება, საქართველოში მოვლენები რევოლუციური სცენარით წარიმართება და ივანიშვილიც ამერიკული სანქციების ქვეშ აღმოჩნდება. ამ შემთხვევაში კი გაზაფხულზე ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებსაც უნდა ველოდოთ.

მმართველი გუნდი დაბნეულია – ერთი მხრივ, მას წინ აქვს 2003 წლის გამოცდილება, როცა სამთავრობო ბლოკი შევარდნაძის კოზირებს ელოდებოდა, სანაცვლოდ კი ქვეყანაში რევოლუცია მოხდა და გარანტიებიც მხოლოდ მაშინდელმა სახელმწიფოს მეთაურმა ედუარდ შევარდნაძემ მიიღო. არსებობენ ისეთებიც, რომლებიც  ფიქრობენ, რომ ივანიშვილი ძალაუფლებას ასე მარტივად არ დათმობს და მას აუცილებლად ექნება შემონახული სათადარიგო სვლები. თუმცა კულუარებში შიგადაშიგ ეჭვობენ, რომ ივანიშვილი ხელისუფლებას სხვა პოლიტიკურ ძალას აბარებს და „ქართული ოცნება“ საბოლოოდ ისტორიის სანაგვეზე აღმოჩნდება.

ფაქტია, რომ ივანიშვილის კარზე მუდმივი ხელშეუხებელი ფიგურები არ არსებობენ, მათ შორის, არც მისი უახლოესი ნათესავები. როგორც კი საჭირო გახდა, საყვარელი დეიდაშვილი უჩა მამაცაშვილიც კი ჩამოაშორა ფინანსურ წრეებს და სუსიდან დემონსტრაციულად გააგდო მამაცაშვილის მარჯვენა ხელი, სოსო გოგაშვილი. სწორედ ამიტომ „ოცნების“ პოლიტიკური ელიტა ცდილობს, ზედმეტად არავის მოხვდეს თვალში. მათ შორის, არც ბიძინა ივანიშვილს.

რას ფიქრობს და რას გეგმავს ბიძინა ივანიშვილი,  მხოლოდ ბიძინა ივანიშვილმა იცის.

ელისო კილაძე