ბიჭი აქციიდან

ბიჭმა, რომელმაც საზოგადოებას შვილმკვდარი მამის აქციიდან დაამახსოვრა თავი, საკმაოდ დიდი ინტერესი გამოიწვია. ბევრმა შეაქო წარმოთქმული სიტყვების გამო, ბევრმაც, უბრალოდ, ფაქტების ყოველგვარი გადამოწმების გარეშე კონკრეტული პარტიის წევრად შერაცხა და მისი ბულინგი დაიწყო. არადა, ყველაზე ნათელი სიტყვა, რაც 36 წლის ირაკლი ფოცხვერაშვილის დასახასიათებლად გამოდგება, მსოფლიოს თავისუფალი მოქალაქე, მთელი ქვეყნის შვილი და დამოუკიდებელი აზროვნების მქონე ახალგაზრდაა.

მას შემდეგ, რაც სცენაზე ასვლით საკმაოდ დამაფიქრებელი, განსხვავებული და საინტერესო გამოსვლით ბევრ ადამიანს დაამახსოვრა თავი, ქართველებს კითხვა გაუჩნდათ, თუ ვინ არის ეს თეთრპერანგიანი ახალგაზრდა. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ, ის დღეს თქვენთვისაც გაგვეცნო.
ირაკლი ფოცხვერაშვილი განათლებით მარკეტოლოგია, თბილისის ტექნიკური უნივერსიტეტი დაამთავრა და საკმაოდ მრავალფეროვანი პროფესიული გამოცდილებაც დააგროვა. ამ ფაკულტეტზე ჩაბარება მშობლების დაჟინებული თხოვნით და იმის გამოც მოუწია, რომ იქ სწავლა უფასო გახლდათ. მიუხედავად არასაოცნებო ფაკულტეტისა, ბუნებით ფილოსოფოსსა და პროფესიით მარკეტოლოგს, ცხოვრებაში ბევრი გამარჯვება უგემია! კონკრეტულად არ ყვება, თუმცა გვიტყდება, რომ სირთულეც უამრავი ჰქონია, მათ შორის, ფინანსური, ეგზისტენციალური, ოჯახური:
„ისიც ხომ სირთულეა, როცა საკონტროლო წერაზე კალამი აღარ წერს, მასწავლებელთან ცუდი ურთიერთობა გაქვს და არ გეხმარება?!
სირთულეა ისიც, როცა ადამიანი დაუკითხავად მელაპარაკება მაშინ და ამ დროს განწყობა არ მაქვს ან პირიქით, ჩემთან არ არის, როცა მჭირდება“.
მარკეტინგის პარალელურად, ბოლო ერთი წელი (2017/18), GSAC  სტრატეგიული ანალიზის ცენტრში პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობისა და საჯარო გამოსვლების კურსის შესწავლას დაუთმო, რომელსაც ყოფილი და მოქმედი პოლიტიკოსები ატარებდნენ. როგორც თავად ამბობს, ამ კურსის დასრულების შემდეგ მის თვალში საქართველოს ყველა პოლიტიკოსი გაუფასურდა და მათი რეიტინგი 100 ბალიან სისტემაში 20-ით დაეცა, თავად კი ამ მიმართულებით ცოდნა გაიღრმავა.
ირაკლი დეტალურად გვიყვება იმის შესახებ, თუ როგორ აღმოჩნდა აქციაზე, როგორ მიხვდა, რომ უკვე დროა, მაყურებლის კი არა, სცენიდან მოსაუბრე რიგითი მოქალაქის როლში აღმოჩენილიყო:
„აქციის პირველი დღე იყო, შვილმკვდარი მამის და უსამართლობის ყველა კადრმა ერთად გამირბინა თვალწინ, ტანზე შემოვიცვი და გავედი. იქ რომ მივედი, ცხოვრებაში პირველად ვთქვი, მოდი, ახლა მე დავდგები სცენაზე და მე ვიტყვი ჩემს სათქმელს-მეთქი. ისე აღმოჩნდა, რომ სიტყვის თქმის საშუალებას ყველას აძლევდნენ, უბრალოდ, რიგში უნდა დამდგარიყავი. მეც დავდექი და საკუთარი სათქმელი ვთქვი. მეორე და მესამე დღესაც გამოვედი, მომდევნო დღეებში უკვე თავად დამიკავშირდნენ, შემდეგ კი, საერთოდ, მიტინგის წაყვანა მთხოვეს. ეს უკვე ის პერიოდია, ხალხი რომ ნაკლებად დადიოდა მიტინგზე. ყოველთვის იმას ვამბობდი, რაც რეალურად მაწუხებდა და რასაც ვფიქრობდი. მერე, როგორც სჩვევიათ ხოლმე, დამაბულინგეს. თავიდან ვერავინ გაიგო, ვინ ვიყავი, რა მინდოდა. მალევე ნაციონალური მოძრაობის ზონდერობა მომაწებეს ამ ე. წ. ტროლებმა და ბოტებმა, მაგრამ მათთვის ყურადღება არ მიმიქცევია, ეს ყველაფერი გადავლახე. მე ხომ ისეთს არაფერს ვამბობდი, რაც არასწორი ან არარეალური იყო. ჩემი სათქმელის აზრი ის გახლდათ, რომ ერთმანეთი არ დავხოცოთ, არ ვლანძღოთ, ცოცხლები გვიყვარდეს და არა მკვდრები! ვაჟას წერილი გამახსენდა, როცა რედაქციას მისწერა, _ კი ვიცი, რომ კარგად დამმარხავთ, მაგრამ სანამ ცოცხალი ვარ, სანამ მოვკვდები, იქნებ, მანამდე მომცეთ ორი გვერდის ჰონორარიო.
გულწრფელად, ძალიან მინდა, ერთი იდეის გარშემო ვიყოთ გაერთიანებულები, ისე, როგორც, ვთქვათ, ებრაელები. ყველა მათგანი ამბობს, რომ რჩეული ერის წარმომადგენელია და ამ იდეის ირგვლივ გაერთიანდა. მოდი, რა, ჩვენც ერთმანეთს თავი დავანებოთ და ნუ ვებრძვით. ბოლოს და ბოლოს, 3 მლნ ერთ მუშტად შეკრული ამერიკელი გახდა დასაბამი კოლონიზაციისგან განთავისუფლებისა და დამფუძნებელმა მამებმა დღევანდლამდე მოიყვანეს ეს სუპერსახელმწიფო. მართალია, სამეზობლოც ისეთი გვაქვს, რომ ვერავის იმედზე ვიქნებით, სამ დიდ იმპერიას და სომხეთ- აზერბაიჯანს შორის ვართ მოქცეულები, ამიტომაც თავად უნდა ვუშველოთ საკუთარ თავს.
წარმოგიდგენიათ, 70 მლნ ქართველი რომ იყოს ჩვენს სახელმწიფოში? ავტომატურად დაიწყება ჩვენი გაფართოება. მერე სხვანაირად გაგვიწევენ ანგარიშს. ეს 3 მლნ ადამიანზეა, რომ ბახტაძე გვყავს პრემიერად, თორემ 70 მლნ-ზე სხვაგვარად იქნება ყველაფერი“, _ ამბობს სტატიის მთავარი გმირი, თუმცა აქვე ბახტაძის მიმართ ასაკობრივ სოლიდარობასაც აფიქსირებს.
კითხვაზე, თუ რამდენად მიიჩნევს საკუთარ თავს წარმატებულად იმ ქვეყანაში, სადაც ცხოვრობს, პასუხობს, რომ შეუძლია ისაუბროს იმაზე, თუ რა არ არის მისთვის წარმატება და არა პირიქით. ამბობს, ახლა ისეთ ასაკში, ეტაპზე, კონდიციაშია, რომ გადაწყვეტით არ შეუძლია თქვას, თუ რა არის ცუდი და კარგი, წარმატება და წარუმატებლობა:
„გულახდილად რომ ვისაუბროთ, რას ნიშნავს სიტყვა წარმატება? ჩვენს რეალობაში, ბოლოს მომხდარი მოვლენებიდან გამომდინარე, რა შეგვიძლია ვთქვათ, რომელია წარმატებული _ პროკურორი, რომელიც ფეხსაცმლის ქურდობისთვის არის ნასამართლევი გერმანიაში და დღეს საქართველოში ძალადობს სპორტის მინისტრზე, თუ თავად მინისტრი, რომელზეც ძალადობენ?! რომელი მათგანია წარმატებული? მინისტრი თუ ყოფილი პროკურორი?! რას ნიშნავს წარმატება? _ საკითხავია!“
ყველა საინტერესო მოსაზრებასთან ერთად, ბიჭი აქციიდან, ძვირფასად მიიჩნევს საკუთარ შვილს, რომელსაც ყოველთვის ასეთი სიტყვებით მოიხსენიებს:
„დიდი, 64 კილო, ცაცია, 14 წლის, უყვარს ფეხბურთი. შვილთან ერთად კი ჩემთვის ძვირფასია ადამიანის არსი, კარგი შენაძენი, შეყვარებული. ამ ბოლო დროს პერმანენტულად ისეთი ნიჰილიზმი მიტევდა და იმდენად ხანგრძლივად, რომ დამავიწყდამ რას ნიშნავს ეს სიტყვა საერთოდ. მიუხედავად ამისა, რა თქმა უნდა, ჩემთვის ყველაზე დიდებული შვილია.
რაც შეეხება ყველასგან აღიარებულ და სათუთ „დროს“, ვიცი, რომ ის უნდა დავაფასო, მაგრამ მის განუმეორებლობას ვერ აღვიქვამ, ის ერთადერთია, რასაც ვერ აღვიქვამ. მინდა გითხრათ, რომ არც ასაკის შეგრძნება მაქვს. დრო ერთადერთი განზომილებაა, რომელსაც ვერ ვიგებ. ხუმრობით ვამბობ ხოლმე, რომ კოლხურ ღვთაებათა პანთეონში მატრიარქატის როლს გავიგებ, აღვიქვამ სივრცესაც, მაგრამ დროს _ ვერასდროს!“
საინტერესოა, რომ სტატიის მთავარი გმირი 3 წელია, ფენტეზის ჟანრის ტექსტზე მუშაობს და მოკლევადიან პერსპექტივაში მის წიგნად გამოცემას გეგმავს. წიგნის ტექსტსა და შინაარსზე სხვას არაფერს ამბობს.
ჰყავს კატა, რომელსაც ოფიციალურ დოკუმენტებში კონსტანტინე დაარქვა, თავად კი მოფერებით კოტეს ეძახის, _ კოტე ჩემი გულის ბუთქი და ნუგეშიაო, _ ამბობს და მის სურათებს ერთიმეორის მიყოლებით მაჩვენებს.
კითხვაზე, თუ რისი სჯერა, შემდეგნაირად პასუხობს:
„მჯერა ღმერთის და იმის, რომ ის არის ყველაფერი: ენერგია, საწვავი, ენდორფინი, სიყვარული. ყველაზე მეტად კი მაინც ამ უკანასკნელს ჰგავს!
მჯერა, რომ ძალიან დიდი თამაშის მონაწილეები ვართ ჩვენ, ადამიანები. მჯერა, რომ სათამაშო ველზე ვდგავართ და „შემოგდებული“ სათამაშოა ღმერთი იმ სახით, რითიც მას „გვაწოდებენ“. მჯერა, იმ მოსაზრების, რომ ჩვენ ოდესღაც ავირჩიეთ ასეთი სტილის ცხოვრება. ოღონდ მთავარი ის კი არაა, 80 წელს იცხოვრებ, 100-ს თუ 200-ს ან საერთოდ რამდენჯერმე ვიბადებით თუ არა, მთავარი ისაა, რომ მეხსიერება არ მიგაქვს, მეხსიერების გარეშე დაბადება _ აი, ესაა მთელი მუღამი“.
ამბობს, რომ ყოველდღიურ ცხოვრებაში უამრავი კრიტიკოსი ჰყავს, მაგრამ მათ დიდ ყურადღებას არ აქცევს და ძალიანაც არ იწუხებს თავს მითითებებზე.
აქვე, თუ ჰედონისტურ მიდრეკილებებსა და გართობას არ ჩავთვლით, მისთვის ყველაზე სასიამოვნო საყვარელ ადამიანთან დროის გატარებაა.
ადრე დიდ სიამოვნებას ანიჭებდა, ზოგადად, ადამიანებთან ურთიერთობა და მათთვის საკუთარი შეხედულებების გაზიარება, თუმცა, ბოლო დროს, გადაწყვიტა, რომ ეს ყველაფერი ასფალტზე მარცვლის დათესვას ჰგავს, რომელიც ნაყოფს არ გამოიღებს, ამიტომ აღარ უღირს. ეს მდგომარეობა კი 33 წლის მერე დაეწყო (ეს რიცხვიც ხომ საკრალურია).
ყველაზე მეტად აღიზიანებს დაუკითხავად საუბარი, კითხვის დასმა მაშინ, როცა „შესაბამის სიხშირეზე“ „არ ზის“, სხვა რამეზე ფიქრობს და მის სულში რომ იჭრები.
მისთვის ყველაზე ღირებული ბიბლიური ანტივერცხლისმოყვარეობა, ანტიმომხვეჭელობაა. ბევრს რომ კომუნიზმის იდეით შთაგონებულს მომხვეჭელი ჰგონია ბოროტი, მისთვის ბიბლიით ნასაზრდოები გაგებით არის მომხვეჭელი ადამიანი ბოროტი. მიუხედავად ამისა, მიხვდა, რომ სწორედ ისინი იმარჯვებენ და საბოლოო ჯამში, ის 10 მომხვეჭელი კაცი მართვს ქვეყანას. ამბობს, _ იმაზე ვბრაზდები, რომ რელიგია, როგორც მართვის ინსტრუმენტი, ისე გამოიყენესო.
კითხვაზე, თუ რა პრობლემას ხედავს დღეს საქართველოში, პასუხობს:
„ნეპოტიზმი, კორუფცია. პოლიტიკურ ლიდერს რომ არ დავემსგავსო, გეტყვით, რასაც ვფიქრობ: გამომდინარე ადამიანის ნაკლოვანებებიდან, რომელიც ეროვნებისდა მიუხედავად მაინც ყველას იდენტური, ერთი გვაქვს, იგივე პრობლემებია ჩვენთან, რაც მსოფლიოში და ამას პლუს, ეროვნული სოლიდარობით შექმნილი მორიგი მარაზმი-მანტრა, რაც ასე ჟღერს: „რაც კარგები ვართ, ქართველები ვართ“.
დაუდევრობა, გაუტანლობა, შურიანობა. ეს შური რომ ამოგვაცალოს ღმერთმა, დანარჩენს თვითონ მივხედავთ. ზოგადად, ადამიანის პირველი ქმედება იყო მკვლელობა და ისიც, ისევ შურის გამო, ანუ, არსობრივად, ისევ იქ ვართ. ადამიანის ცნობიერება არ შეცვლილა, მხოლოდ ტექნოლოგიები, მარკა იცვლება, არაბული ჯიშის ცხენიდან იტალიურ „ალფა რომეოზე“ გადავსხედით. ადამიანი დარჩა იგივე!
ვფიქრობ, ნეპოტიზმსა და კორუფციაზე ისეთი სასჯელი უნდა იყოს, როგორც ირანში, _ ხელის მოჭრა! სასტიკად ჟღერს, მაგრამ ამათ შემხედვარე სხვა გზას ვერ ვხედავ. იქნებ, შიშით აღარ მოიპარონ ან არ მოქრთამონ ერთმანეთი“, _ ამბობს სტატიის მთავარი გმირი.
ბუნებით ფილოსოფოსსა და საკმაოდ ბევრის მნახველ რესპონდენტს ყოველთვის მინიმალიური ქმედებით მაქსიმალურის მიღება სურს, რადგან ფიქრობს, რომ თუ რაღაც მაქსიმალურ ყურადღებას ითხოვს, მაშინ ეშმაკსაც წაუღია იგი! ამბობს, ფილოსოფიურად მარკეტოლოგი ვარ და მინიმალური ქმედებით მაქსიმალური შედეგის მიღების იდეაც ძალიან მხიბლავს, უბრალოდ, ყოველთვის არ გამოდის ასეო.
მისთვის ყოველი ახალი გათენებული დღე ახალი დილის მწუხარების, პერმანენტული მელანქოლიის მომტანია, ამის შემდეგ კი არავინ იცის, რა მოაქვს დღეს. საერთოდ კი ყოველ დილით სამნი იღვიძებენ: ეგო, რაციო და ირაკლი. ერადერთი, რაც ამ ირაკლიზე იცის ისაა, რომ ის მართლმადიდებელი ქართველია, მეტი არაფერი, ამიტომ, საკუთარ თავს მუდმივად ხან სად ეძებს და ხან _ სად. ძიებისა და პოვნის პროცესი კი მისთვის დიდ ბედნიერებასთან ასოცირდება.
ამბობს, საკმარისად ამპარტავანი ვარ იმისთვის, რომ ვინმეს მივბაძოო, თუმცა ბავშვობაში ჯერ ჰეკლბერი ფინთან აიგივებდა საკუთარ თავს, მერე _ არამისთან.
იმ საინტერესო ცნებაზე, რასაც თავისუფლება ჰქვია, შემდეგნაირად გვესაუბრება:
„ამ სიტყვას 5000-ზე მეტი დეფინიცია აქვს. თავიდან ვოცნებობდი, რომ საკუთარ ვნებებზე კონტროლი მომეპოვებინა და მეგონა, ამით თავისუფლებას მივაღწევდი, ახლა ვოცნებობ, მწუხარებისგან გავთავისუფლდე. ეს არის ჩემთვის თავისუფლება, რომელიც, სამწუხაროდ, არ მაქვს. საერთოდაც, თავისუფლებას ბედნიერებასთან ვაიგივებ. თუ ბედნიერი არ ვარ, ე. ი. არ ვარ თავისუფალი. ყველაფერი ჯაჭვურ ბმაშია ერთმანეთთან და ისე გამოვიდა, რომ თავისუფლებაც და მთავარი ღირებულებაც ჩემთვის ბედნიერებაა.
ამ ეტაპზე, რადგან ვნებებზე ვერგამარჯვების მწუხარებისგან ვერ ვთავისუფლდები, ძალიან მარტივად, ჩემი შვილი და ფეხბურთი მაბედნიერებს. გულაცრუებას განვიცდი ღრმა ტრანსცენდენტულ თემებსა და ეგზისტენციალიზმზე და მარტივად, ბედნიერებას ვეძებ კრისტალ პალასის კოტ-დ’ივუარელ ვილფრედ ზაჰაში, რომელიც საინტერესოა, ორ გოლს გაიტანს თუ ვერა“.
როგორც ირაკლი ამბობს, მიზნის მისაღწევად ყველაფერს გააკეთებს, მთავარია, სწორად განისაზღვროს მიზანი და მოტივაცია, რომელშიც არასგზით არ უნდა იყოს ვერცხლი და მომხვეჭელობა!
მისი თქმით, ღმერთთან იმდენად ახლოსაა, რომ რასაც ჩაიფიქრებს, თითქმის ყველაფერი უსრულდება. ამ ეტაპზე არაფერზე ოცნებობს. ეს უკანასკნელი მხოლოდ მაშინ „ემართება“, როცა ბავშვობაში ბრუნდება ფიქრებით:
„მე ხომ ვიცი, რომ მისრულდება ყველაფერი და იქიდან „ვუკვეთავ“ ხოლმე ბევრ რამეს. მაგრამ ეს უფრო მზესუმზირის ჭამას ჰგავს, გართობას. ისე კი არ ვოცნებობ, ნებისმიერი სურვილის ჩაფიქრებისაც მეშინია, რადგან ღმერთს აუსრულებია და აღარ მომწონებია ან მინანია! ამიტომ მოვრჩი უკვე. ამ ეტაპზე არამც თუ ოცნება არ მაქვს, არამედ სურვილიც აღარ მაქვს. რომ რამე ვისურვო“.
ფიქრობს, რომ ყველა ადამიანი საკუთარ მისიას თავად წყვეტს და თავადვე განსაზღვრავს მას:
„ერთი გურუს გამოსვლები ვნახე და ვეთანხმები მას. ის ასეთ კითხვას სვამს, _ და თუ შენ ღმერთი არ გიცნობს და არ აქვს მისია შენზე, მაშინ რა ხდება?!
მგონია, რომ, უბრალოდ, ბევრი ფიქრის გარეშე უნდა იცხოვრო, თუმცა ეს ხელ-ფეხს გიხსნის, რომ საშინლად უპასუხისმგებლო გახდე, ამავდროულად, ეს არ ნიშნავს იმას, რომ უტვინოც ხარ. შესაბამისად, მთელი პასუხისმგებლობა შენზეა! ადამიანმა არ იცის, რა მოუხერხოს სიცოცხლეს! ჯერ სიკვდილი ხომ ვერ გადალახა, ხან ღმერთი მოიგონა, ხან რეინკარნაცია, ხან გაქრობა და ა. შ. რომ დაიბადე, უკვე სიკვდილმისჯილი ხარ, რა გინდა, რომ ქნა? გაჩნდი და უნდა მოკვდე! უკვე გეფიქრება მასზე, დასტრესილი ხარ, მაგრამ, ამავდროულად, ადამიანმა არ იცის, რა უყოს ამ სიცოცხლეს, რა უქნას მას, ხან მიზანს ეძებს, ხან მისიას, ხან ოცნებობს. ამიტომ გადავწყვიტე, რომ მაგაზეც აღარ ვიფიქრო! ყველაფრის გაპრიმიტიულება იქცა ჩემს ჰობად. ამავდროულად, ვფიქრობ, სხვებისგან მხოლოდ პირადი ნომერი და თითის აბაბეჭდი განმასხვავებს. ყველა ერთნი ვართ, რეალურად!
საკუთარ თავში კი ყველაზე მეტად ვამაყობ კეთილი და პაციფისტური არსით, რომ არ მინდა ომი, არ მინდა ძალადობა! მაქვს სიბრალულის გრძნობა! ამით კი ვამაყობ, მაგრამ, მეორე მხრივ, ეს მაზარალებს კიდეც. მზეთამზსიგან განსხვავებით მე ხანდახან ვეთნხმები ნიცშეს „ანტიქრისტიანში“, რომ გაზიარება, თანაგრძნობა არის ადამიანის ყველაზე დიდი სისუსტე. ის აფერხებს შენს ბობოქარ განვითარებას. თუ გაიზიარებ სიბრალულს, შენც გეკუთვნის იგი. ეს ჩემი საამაყო ტკივილია“.
ირაკლი ფოცხვერაშვილის მთავარი გზანილი საზოგადოებისთვის, შემდეგია:
„თუ ერთმანეთი არ გვიყვარს, არ გვძულდეს მაინც და გაიღვიძოს ჩვენში ერთობამ. ერთი დიდი სახლი ავიშენოთ დემოკრატიულად აგრესიულად! ყველა თავის სამსახურში იქნება, ვიღაც ჯარში წავა, ვიღაც ლექსებს დაწერს თუ პურს დააცხობს და ყველას მთავარი იდეა იქნება, საქართველო უპირველეს ყოვლისა. ხანდახან ვფიქრობ, რომ ახალი „ღმერთი“ და თუნდაც კერპი გვჭირდება.
ზემოთ აღვნიშნე, ებრაელებს ერთიანობის კარგი იდეა აქვთ: „ჩვენ რჩეული ერი ვართ“. მართალია ბევრი ნეგატივით არის სავსე თორა-თალმუდი-თანახები, მაგრამ ჩვენ ვართ რჩეული ერი და ავტომატურად, ერთად ვდგავართო. ამიტომ ვფიქრობ, იქნებ, ქართველებსაც ახალი იდეა გვჭირდება, რომელიც რეალურად შეგვკრავს და იმუშავებს.
სულ ახლახან, გვეყო იდეა _ თავისუფლება. ზვიადმა და მერაბმა სათქმელიც თქვეს და საქმეც დადეს, მაგრამ ეს სიტყვა ამოიწურა. განახლება გვჭირდება.
ცხადია, რომ ისედაც 40 წლის „ბაღნები“ გვყავს ქვეყანაში და აქ ღვთისმშობლის წილხვედრობა აღარ მუშაობს. მთლად გავზარმაცდით. ვითომ ეს ყველაფერი არაფერია, მაგრამ ინსტიქტებსა და ქვეცნობიერში აისახება იგი. გვისუსტებს მთავარ მამოძრავებელ მუხტებს, არადა, უნდა გავძლიერდეთ და ერთად ვიდგეთ. საქართველო უპირველესს ყოვლისა!!!“ _ აი, ეს გახდეს თითოეული ქართველის მანტრა.

ნინო ტაბაღუა