1918 წლის დეკემბერი

გაგრძელება. დასაწყისი იხ. „ქრონიკა+“ ##3-27;29-30.

საქართველოს დამოუკიდებლობის ექვსი თვის საზეიმო აღნიშვნა _ 1918 წლის დეკემბერი

საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ ნახევარი წელი გავიდა. ეს სიმბოლური თარიღი ხელისუფლებამ საგანგებოდ აღნიშნა. პირველ დეკემბერს სასახლის მოედანი, რომელიც ყოფილი მეფისნაცვლის რეზიდენციის წინ მდებარეობდა, ხალხით აივსო. მოეწყო სახალხო გვარდიისა და რეგულარული საარმიო ნაწილების აღლუმი. გოლოვინის პროსპექტი ეროვნული დროშებით მორთეს. უკრავდა სამხედრო ორკესტრი. პარლამენტის სხდომათა დარბაზი ყვავილებით იყო სავსე.
პარლამენტის საზეიმო სხდომას ესწრებოდა ყველა მინისტრი, თბილისში მყოფი უცხოური მისიის წარმომადგენლები, მათ შორის, გერმანიის სამხედრო მისიის ხელმძღვანელი ფონ კრესი, სპარსეთის კონსული შერიფ-დოულე, აზერბაიჯანის წარმომადგენელი ჯაფაროვი და სომხეთის დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელი ჯამალიანი, ჩრდილო კავკასიის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე კოციევი. დარბაზში იყვნენ აგრეთვე: შვეიცარიის, საბერძნეთის, ლიტვის, უკრაინისა და ესპანეთის წარმომადგენლები.
გაისმა ეროვნული ჰიმნი, დარბაზში მყოფნი ფეხზე წამოდგნენ. შემდეგ საზეიმო სიტყვით გამოვიდნენ პარლამენტის თავმჯდომარე ნიკოლოზ ჩხეიძე და მთავრობის ხელმძღვანელი ნოე ჟორდანია, რომლებმაც განვლილი ნახევარი წელი შეაჯამეს და საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების მნიშვნელობაზე ისაუბრეს.
1918 წლის 4 დეკემბრის ნომერში გაზეთი „საქართველო“ სრულად ბეჭდავს ჩხეიძისა და ჟორდანიას სიტყვას და დეტალურად აღწერს, თუ რა ვითარება სუფევდა თბილისში დამოუკიდებლობის ნახევარი წლის საზეიმო ღონისძიებაზე: „თბილისის ქუჩებს დილიდანვე დიდი მოძრაობა დაეტყო. ქალაქის ყველა კუთხეებიდგან, ხალხმა სასახლისაკენ იწყო დენა და მრავლად მოგროვდა სასახლის მოედანზედ და სამხედრო ტაძრის გალავნის გარშემო, სადაც თბილისის ჯარების პარადი იყო განზრახული. დილის 11 საათისათვის პარადზედ მობრძანდნენ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ნიკოლოზ ჩხეიძე და მთავრობის თავმჯდომარე ნოე ჟორდანია, მინისტრებისა და ღენერალ ღუბერნატორის მაზნიაშვილის და ღენერალიტეტის თანხლებით.
პარადი, რომელსაც ქართულად ხელმძღვანელობდა ღენერალი სუმბათაშვილი ბატონმა ჟორდანიამ მიიღო და ჯარების ჩამოვლისას მიულოცა მათ ეროვნული დღესასწაული და მოუწოდა საქართველოს დამოუკიდებლობის ერთგულ დარაჯებად ყოფილიყვნენ. „გაუმარჯოს ბატონ ჟორდანიას“, იგრიალა ჯარმა. მუსიკამ ეროვნული ჰიმნი დაუკრა. არსენალიდან იგრიალეს ზარბაზნებმა და ჯარის ნაწილებმა გაშლილი დროშით, ცერემონიალური მარშით გაიარეს მთავრობის თავმჯდომარის წინ და ყაზარმებისკენ გაეშურენ. პარადის დასრულების შემდეგ, პარლამენტის წევრნი და მთავრობა სასახლისკენ გაემართნენ, ხოლო სასახლის პატარა მოედანზედ აუარებელი ხალხი მოგროვდა. 12 საათისთვის მოედანზედ მოვიდნენ ქართული უნივერსიტეტის სტუდენტობა დროშებით წარწერებით: „გაუმარჯოს საქართველოს“ და სახალხო გვარდია წითელი ბაირაღებით, რომელთა შორის სრულიად შეუფერებლად ამართულიყვენ წითელი ბაირაღები რუსული წარწერით: გაუმარჯოს რუსეთის დემოკრატიას, გაუმარჯის დამფუძნებელ კრებას“.

მესხეთ-ჯავახეთში ქართული არმიის შესვლა

პირველ მსოფლიო ომში ოსმალეთის დამარცხებისა და საქართველოდან თურქული არმიის გასვლის შემდეგ ისტორიული კუთხე _ მესხეთ-ჯავახეთი _ საქართველოს დაუბრუნდა. გაზეთი „საქართველო“ ამ მოვლენასთან დაკავშირებით პირველ ცნობას 6 დეკემბერს აქვეყნებს. გაზეთი სამხედრო სამინისტროს ინფორმაციას ბეჭდავს, საიდანაც ირკვევა, რომ გენერალ მაყაშვილის მეთაურობით ქართული არმიის ნაწილები ახალციხისა და ახალქალაქის მაზრებში შევიდნენ და ადგილობრივი მოსახლეობა მათ დიდი სიხარულით შეეგება. 7 დეკემბერს გაზეთში უკვე გენერალ მაყაშვილის ანგარიშია მოთავსებული: „5 ქრისტეშობისთვეს დილის 10 საათზე ახალქალაქში შევედით. მცხოვრებნი სიხარულით შეგვხვდნენ და პურმარილით. ირგვლივ ძარცვაგლეჯა სწარმოებდა. მიღებულია უკიდურესი ზომები. გაგზავნილია წინა-ჯარი. მცხოვრებლებს გამოეცხადათ, რომ დაბრუნდნენ თავთავიანთ ადგილას. ოფიცერთა ერთი შენობა ოსმალების მიერ დანგრეულია. ჯარის სულიერი განწყობა მხნეა“.
10 დეკემბერს გაზეთი „საქართველო“ ნიკო კეცხოველის ვრცელ რეპორტაჟს ბეჭდავს, სადაც ავტორი იმ სიხარულის შესახებ გვიყვება, რომელიც ადგილობრივ მოსახლეობაში ქართული ჯარის გამოჩენამ გამოიწვია. როგორც წერილიდან ჩანს, კეცხოველი ქართულ არმიას სამცხე-ჯავახეთში გაჰყვა და დეტალურად აღნუსხა რეგიონში არსებული განწყობა: „სიცილი, სიხარული, აცრემლებული თვალები… „ქრისტე აღზდგა, ქრისტე აღზდგა“… ვიღაც მოხუცებული გადაეხვია ახალგაზრდას და ტირილი დაიწყო. ჟრუანტელმა დამიარა. შევდექ. „რა იყო, ბიძია, გიხარიან?“… „რაღას მეკითხები, თქვენს მზეს კი შემოვევლე. დღეს დავიბადე მეორედ, დღეს გათენდა ჩვენთვის ნათელი დღე. დიდება თქვენს მოსვლას, მშვიდობა, ქართველებო, ინათლოს თქვენი მშობლის ხელმა რომ არ დაგვივიწყეთ“… ჟრიამული აღარ მაცლის, რომ ბოლომდე უსმინო… აგერ ქალი და ბავშვი, ვაჟკაცი და მოხუცი: ეტყობათ, სოფლელები არიან. მათკენ ვეშურები, ვეკითხები. „უდელები ვართ, ბიძიავ, უდელები… გავიგეთ, შემოგეგებეთ, ძვირფასო ძმებო“. უდე ახალციხეს 20 ვერსზეა მოშორებული… მთელი ახლო-მახლო სოფლები აქ არის… აღარ იციან, რა სთქვან, რა ილაპარაკონ, პასუხს ვერ ახერხებენ შეკითხვაზე. ბევრს ცრემლი ადგება, გული უჩუყდება, ტირილი მოსდით, ლაპარაკს ვერ ახერხებენ. ზოგი პასუხის მაგივრად გულ ნათლად იცინის და შემოგხარის. ჯარი კი ღამ მორეული და ამაყი მიდის ამ ხალხის ორ კედელშუა და გული უფრო უზვიადდება, სული მისი მეორედ ინათლება.
აგერ ქალაქს მიუახლოვდით და გამოჩნდა ზღვა ხალხი და ქართული დროშები. რა ამაყად იშლებიან და ფრიალებენ ჰაერში. „მადლიერი მესხეთ ჯავახეთი სალამს უძღვნის ძვირფას საქართველოს ჯარს. 1918 წლი ქრისტეშობის 4“, ჯარი შედგა. ალბათ პურ მარილს მოართმევენ. ლაშქრისა სარდალი ღენერალი გელოვანი ცხენზე ზის: მას შემოჰხვევიან, სიტყვას ეუბნებიან. მინდა მივიდე, მაგრამ ეს ზღვა ხალხი ვერ გამირღვევია. ისმის გუგუნი ხალხისა და ეს გუგუნი ეფინება არე მარეს, მთასა და კლდეს.
ჯარი იცინის, ჰხარობს. „ახ, ნეტავი არ წასულიყვნენ ის წუნკლები და ერთი გვეფორიაქებინა, როგორც წესია“… ნანობს ერთი თათრების წასვლას. „უპატრონო რო გვნახეს, ბიჭო დაგვიბრიყვეს, აბა ვნახოთ, ეხლა რას გვიზამენ. ჰაი გიდი, პატარა საქართველოვ, დაბრიყვება მოინდომეს შენი?“ ამგვარ აღტაცებით შევიდა ჯარი ახალციხეში ქრისტეშობის ოთხს. ნიკო კეცხოველი“.
12 დეკემბრის ნომერში ნიკო კეცხოველი უკვე ახალქალაქის დაკავების ამბავს მოგვითხრობს. მისი გადმოცემით ქალაქი ქართული დროშებით კი იყო მორთული, მაგრამ ალაგ-ალაგ თურქულიც გამოეფინათ. ახალციხისგან განსხვავებით ახალქალაქში ქართული ჯარის შემოსვლას ადგილობრივი მოსახლეობის სომხური ნაწილი დიდი სიხარულით არ შეხვედრია. ქალაქის დატოვების წინ თურქებმა სამხედრო ყაზარმები დაარბიეს და ქართულ არმიას შუშებჩამსხვრეული შენობები და დამტვრეული ავეჯი დაუტოვეს.
ნიკო კეცხოველის გადმოცემით ქალაქში ყველა წარწერა თურქულ ენაზე იყო შესრულებული. ადგილობრივებთან საუბრის შემდეგ გაირკვა, რომ ოსმალების წასვლის შემდეგ ადგილობრივმა ბეგებმა და სომხებმა საკუთარი რესპუბლიკის შექმნა გადაწყვიტეს და მთავრობაც კი ჩამოაყალიბეს. დაიწყეს მობილიზაცია და ჯარში 45 წლამდე ასაკის მამაკაცებს იწვევდნენ. მათ გადაწყვეტილი ჰქონდათ, რომ ქართული არმია მაზრაში არ შეეშვათ, მაგრამ ამ გეგმის განხორციელება ვერ მოახერხეს.

სომხეთ-საქართველოს ომი

1918 წლის დეკემბრის მთავარი მოვლენა. ომი საქართველოსა და სომხეთს შორის. ისტორიის მანძილზე არ ყოფილა შემთხვევა, როდესაც ორ მეზობელ ერს ერთმანეთთან სამხედრო კონფლიქტი ჰქონოდა. მაგრამ სანამ საგაზეთო პუბლიკაციების ციტირებაზე გადავალთ, მცირე მიმოხილვა გავაკეთოთ, თუ რამ გამოიწვია ეს დაპირისპირება:
პირველი მსოფლიო ომის დროს, სომხებით კომპაქტურად დასახლებულ პროვინციებში, ოსმალურმა არმიამ რამდენიმე სადამსჯელო ოპერაცია განახორციელა, რომელსაც თან სომეხთა მასობრივი მკვლელობა და დეპორტაცია სდევდა. განსაკუთრებით ვანისა და ყარსის ოლქები დაზარალდა, სადაც თურქებმა პირწმინდად აყარეს სომხები. თურქების მტკიცებით, ეს უკიდურესი ზომა სომხების ღალატის საპასუხოდ მიიღეს, რომლებმაც მათ ზურგში მახვილი ჩასცეს, მხარდაჭერა რუსეთს გამოუცხადეს და ოსმალთა წინააღმდეგ შეიარაღებული აჯანყება მოაწყვეს.
საპირისპიროს ამტკიცებენ სომხები. მათი ვერსიით, სომეხი მოსახლეობა თავს იცავდა და ბრძოლა მხოლოდ მაშინ დაიწყო, როდესაც ოსმალეთის ტერიტორიაზე სომხების ტოტალური დევნის, დეპორტაციისა და მკვლელობების მასშტაბური კამპანია გაჩაღდა. ასეა თუ ისე, საქართველომ ოსმალეთიდან დევნილი ასეულ ათასობით სომეხი შეიფარა და სიკვდილს გადაარჩინა.
თუმცა, პირველი მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ, ვითარება რადიკალურად შეიცვალა. თურქეთი, რომელიც გერმანიის მოკავშირე იყო, გლობალურ დაპირისპირებაში დამარცხდა. ოსმალეთის იმპერია დაშლის პირას აღმოჩნდა. კავკასიიდან თურქული სამხედრო ნაწილების გასვლა დაიწყო. ოსმალებმა დატოვეს სამცხე-ჯავახეთი, აჭარა, სომხეთის ოკუპირებული რეგიონები. მათ ადგილს კავკასიაში დიდი ბრიტანეთი იკავებდა. სომხეთის ხელისუფლება, რომელიც პირველი მსოფლიო ომის დროს, 1915 წლიდან, ოსმალებს ებრძოდა და ანტანტის წევრ რუსეთს უჭერდა მხარს, თავს ანტანტის ლიდერი ქვეყნის _ დიდი ბრიტანეთის მოკავშირედ თვლიდა და მიაჩნდა, რომ მათი დახმარებით საკუთარი მიზნის მიღწევა შეეძლო. მიზანი კი შემდეგი იყო: კავკასიის ის რეგიონები, სადაც სომხური მოსახლეობა სჭარბობდა, სომხეთის შემადგენლობაში უნდა შესულიყო. საქართველოს შემთხვევაში, სომხებს მთლიანად ახალქალაქის მაზრისა და ბორჩალოს მაზრის მნიშვნელოვანი ნაწილის მიერთება სურდათ.
ნოემბრის შუა რიცხვებში დიდი ბრიტანეთის საექსპედიციო კორპუსმა, რომელსაც გენერალი ტომსონი მეთაურობდა, ბაქო დაიკავა. იმავე პერიოდში ცნობილი გახდა, რომ ბრიტანელები სულ მალე საქართველოშიც შემოვიდოდნენ. ბრიტანელთა სამხედრო წარმომადგენლები თბილისშიც ჩამოვიდნენ და საქართველოს ხელისუფლებას აცნობეს, რომ კავკასიის ტერიტორია ბრიტანელთა პასუხისმგებლობის ზონას წარმოადგენდა. ბრიტანელებს უნდა დაეკავებინათ ბათუმის ოლქი და ამიერკავკასიის მაგისტრალური სარკინიგზო ხაზი.
დიდი ბრიტანეთის სამხედრო ფლოტი საქართველოს ტერიტორიულ წყლებში პირველად 1918 წლის 29 ნოემბერს გამოჩნდა, როდესაც კრეისერი „ლივერპული“, ორი ნაღმოსნის თანხლებით, სოხუმის ნავსადგურში შევიდა. 1-ლ დეკემბერს ბრიტანული ხომალდი უკვე ბათუმს მიადგა. „ლივერპული“ აჭარიდან ოსმალთა გასვლას ადევნებდა თვალყურს და თან საქართველოში ძირითადი საჯარისო ნაწილების შემოსვლისთვის საჭირო ცნობებს აგროვებდა.
კავკასიაში ბრიტანელთა შემოსვლას სომხეთის ხელისუფლება სიხარულით შეხვდა. სომხეთის მმართველი პარტია „დაშნაკცუტუნი“ დარწმუნებული იყო, რომ თუ საქართველოსთან ომს დაიწყებდა, დიდი ბრიტანეთი მათ მხარეს დაიჭერდა. ამას ადასტურებს სომხეთის რესპუბლიკის პირველი პრემიერის, „დაშნაკცუტუნის“ პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, ოვანეს კაჩაზნუნის ჩანაწერებიც: „ბათუმში ინგლისელთა ჯარები გადმოსხდნენ – ჩვენი მოკავშირეების ჯარები. ჩვენ ახალი იმედები ჩაგვესახა. ისე ჩანდა, რომ ჩვენი მდგომარეობა ამიერკავკასიაში ძირფესვიანად უნდა შეცვლილიყო. გამარჯვებულები და გერმანელთა შემცვლელები ხომ ჩვენი მოკავშირეები იყვნენ. საერთო მტრის წინააღმდეგ ჩვენც ხომ მათთან ერთად ვიბრძოდით. ჩვენ ინგლისელთა კეთილგანწყობით უნდა გვესარგებლა. ომის დროს ქართველები ხომ გერმანელებს ეკურკურებოდნენ, ხოლო აზერბაიჯანელები ღიად გადავიდნენ თურქების მხარეს“.
ახლა კი საგაზეთო პუბლიკაციებს დავუბრუნდეთ, საიდანაც ნათლად ჩანს თუ როგორ ვითარდებოდა მოვლენები. შევეცდებით, თავი შევიკავოთ შეფასებებისგან და ძირითადად საგაზეთო წერილებს დავუთმოთ ადგილი.
მაშ, ასე! 7 დეკემბერს გაზეთი „საქართველო“ აქვეყნებს ვრცელ წერილს, რომელიც საქართველოში სომეხ დევნილებს ეხება. სწორედ ლტოლვილების თემას იყენებდნენ სომხები და საქართველოს ხელისუფლებას მათ შევიწროებაში ადანაშაულებდნენ: „რამდენიმე ხნის წინად სომხურ პრესამ განგაში დაჰკრა: უშველეთ სომეხ ლტოლვილებს, შინ დაბრუნება უნდათ, საზღვრებზე მოგროვდნენ, სიცივისგან, ავადმყოფობისგან და სიმშილისგან იჟლიტებიანო“. მათ უბედურებას და ოსმალების ჯიუტობას საქართველოს მთავრობას აბრალებდნენ. ნამდვილ მიზეზებზე თვალები დახუჭეს და ყურები მოიყრუეს. მარტო სომხის ლტოლვილებს ხედავენ და მარტო მათი ტირილი ეყურებოდათ. თითქოს არა ჰხედავდნენ, თუ რა გაჭირვებას განიცდიან ქართველი ლტოლვილნი. იციან ჯავახელთა მდგომარეობა? ნახეთ საგარეჯოში თუ რკინის გზის ლიანდაგის პირ-პირ ჯავახელ ლტოლვილებს როგორ გამოუთხრიათ მიწა, აუყირავებიათ ზედ ურმები, მიუფარებიათ ფიჩხი, ქვეშ ძონძები გაუშლიათ და ისე სცხოვრობენ ამ ცივსა და მშიერს ზამთარში. გამვლელთ ხელს უშვერენ და შველას სთხოვენ. თუ შესაძლებელია შველა, ნუ თუ მთავრობა არ უშველის და არ დაუბრუნებს ამ აწიოკებულ ხალხს თავის კერას?“
შემდეგი და მთავარი საკითხი, რა თქმა უნდა, სომხების ტერიტორიული პრეტენზიები იყო. 12 დეკემბერს გაზეთი „საქართველო“ სომხური გამოცემის „ნორ-ჰორიზონის“ წერილს ბეჭდავს: „სომხეთის ელზას-ლორენად მონათლულია ახალქალაქის მაზრა და ლორი, უსამართლოდ დაჭერილი და მისაკუთრებული, გაზეთის აზრით, საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკის მიერ.
გაზეთი აღნიშნავს, რომ „საქართველოს „დემოკრატიულ“ რესპუბლიკის ჯარებმა, რომელთაც არავითარი წინააღმდეგობა არ შეხვედრიათ სომხეთის მთავრობის ჯარების მხრით, აიღეს და საქართველოს მიწა-წყლად გამოაცხადეს ლორი და ახალქალაქი, „რომელთაგანაც პირველში, ლორში, გამონაკლისადაც კი არ მოიპოვება თითქმის არც ერთი ქართველებით დასახლებული სოფელი, ხოლო მეორეში _ მოსახლეობის დიდ უმრავლესობას სომხობა შეადგენს… სრულიად ბუნებრივია და გასაგებია, რომ ასეთი პოლიტიკის წინააღმდეგ და სომხის ერის წმინდა და სამართლიან მოთხოვნილებათა გულისათვის მენშევიკების ძალმომრეობასთან უკანასკნელ შესაძლებლობამდე საბრძოლველად მზად არის დღეს სომეხი სოციალ-დემოკრატიაც“.
იმავე 12 დეკემბრის ნომერში უკვე სასაზღვრო რაიონში დაბა სანაინთან სროლასა და შეტაკების თაობაზე ჩნდება ინფორმაცია. ომი დაიწყო: „სანაინიდან #1 ჯავშნიან მატარებლის უფროსი ხუნგია დეპეშით იუწყება: ქრისტეშობისთვის 9-ს დილის 8 საათზე რაზმი გაემგზავრა სოფ. უზუმლიარში და თან წაიღო 3 ტყვიისმფქვეველი. როცა ჩვენები კლდის პირს მიუახლოვდნენ, ჩასაფრებულ სომხებმა სროლა აუტეხეს. ჩვენებმაც ჯავშნოსანიდან არტილერიით და ტყვიისმფქვეველებით უპასუხეს, რაც საღამოს 8 საათამდე გაგრძელდა. ჩვენებმა მთაზე ასვლა ვერ მოახერხეს და უკან დაბრუნდნენ. სროლის ადგილზე ჩვენ დავსტოვეთ ერთი ტყვიისმფქვეველი, რადგან მისი ჯარისკაცი მეფარიშვილი მძიმე დაიჭრა და მეორე ხუნდაძე დაშავდა. დიდად დაზარალდა ქვეითი ჯარი“.
იქვე მოცემულია ცნობა ბრძოლის დროს დაჭრილი და დაღუპული მეომრების შესახებაც: „9 ქრისტეშობისთვეს მომხდარ შეტაკების დროს ჩვენის მხრით მოკლულია 8; დაჭრილია 1, მსუბუქად დაჭრილია _ 6; მათ შორის პორუჩიკი შუბლაძე. უგზოუკვლოდ დაიკარგა _ 2“.
ამონარიდი გაზეთ „საქართველოს“ 14 დეკემბრის მეწინავე სტატიიდან, სადაც გადმოცემულია სომხეთის აგრესიის მიზეზები: „ანგარიშ აბნეულ სომხის პოლიტიკოსების რწმენით, ამიერიდან იწყება ახალი ხანა რუსეთისა და, მაშასადამე, ამიერკავკასიის პოლიტიკურ ცხოვრებაში. ისინი ალბად დაჯერებულნი არიან იმაში, რომ ტომსონი ხელს შეუწყობს სტატუს ქვოს აღდგენას ერთის გამონაკლისით, რომ რესტავრაციის მოხდენა უსათუოდ ჰგულისხმობს „დიდი სომხეთის“ გაერთიანებას „დიდი რუსეთის“ მფარველობის ქვეშ!“
იმავე ნომერში ოფიციალური ცნობა საზღვართან შეტაკებების დაწყების შესახებ: „გუშინ შესდგა საქართველოს პარლამენტის სხდომა. სამხედრო მინისტრმა გამოაქვეყნა ოფიციალური ცნობები სომხეთ-საქრთველოს ჯარების შეტაკებისა სანაინთან. გამოირკვა, რომ ჩვენს სანაპირო რაზმებს თავს დასხმიან შეიარაღებული სომხები, რომელთაც მეთაურობენ რეგულიარული ჯარის აფიცრები. ჩვენის მხრიდან სხვა და სხვა ადგილას მოუკლავთ ორმოც კაცამდე. ჩვენმა მზვერავებმა აღმოაჩინეს საბუთები, საიდანაც ირკვევა, რომ სომხის ნაწილებს კავშირი ეჭირათ ერთმანეთთან და ორგანიზაციულ შეტევას აწარმოებდნენ. ბრძოლა ამ ჟამად მიმდინარეობს“.
15 დეკემბერი. საქართველოში შემოიღეს სამხედრო ცენზურა: „სამხედრო მინისტრმა განკარგულება გასცა, არ დაბეჭდონ ცნობები საომარ მოქმედებაზე და რესპუბლიკის ჯარის გადაჯგუფებაზე, თუ ამის შესახებ პირდაპირ მინისტრისგან არ იქნება ცნობა“.
17 დეკემბერი. გაზეთ „საქართველოს“ ნომერში დაბეჭდილი ვასილ წერეთლის წერილი, რომელიც სომეხთა ზრახვებს ეხება: „მოულოდნელი საფრთხე მოგვევლინა: არარატის რესპუბლიკამ ახალციხის, ახალქალაქისა და ბორჩალოს მაზრების დაცლა მოგვთხოვა და ვიდრე ამ ულტიმატუმს წარმოადგენდა, მოულოდნელად თავს დაგვეცა და სამხედრო მოქმედება დაიწყო.
ასე გადაგვიხადეს ამდენი ამაგი. საქართველო ყოველთვის და უკანასკნელ დროსაც მტერთაგან დევნილ სომეხთათვის თავშესაფარს წარმოადგენდა. აუარებელი გადმოხვეწილი სომეხი ამოჟლეტასა და შიმშილს გადავარჩინეთ. მადლობის ნაცვლად კი ომი გამოგვიცხადეს. რა უმადურობაა!
საჭირო არ არის იმის დამტკიცება, რომ ვის ხელშიაც იქნება ახალქალაქი, ახალციხე და ბორჩალო, მის ხელში იქნება, ბოლოს და ბოლოს, მთელი საქართველო. მაშ, სომხეთის რესპუბლიკის წადილი ჩვენს პოლიტიკურსა და ეროვნულ არსებობას ემუქრება.
თბილისი, საქართველოს დედა ქალაქი რომლის თვითეული ხელის დადება მიწა ჩვენ წინაპართა სისხლით მორწყლულია, ნეიტრალურ ქალაქად ჰსურთ გამოაცხადონ. ერთი სიტყვით, ჩვენ მადა გახსნილ მეზობელს საქართველოს ტერიტორიაზე დიდი სომხეთის აშენება განუზრახავთ!..“
საბრძოლო მოქმედებების დაწყებასთან დაკავშირებით, 16 დეკემბერს, საქართველოს მთვრობამ საპროტესტო ნოტა გაავრცელა, სადაც მსოფლიოს სომეხთა თავდასხმის შესახებ ამცნობდა: „სანაინში და ვორონცოვკაში მდგარ ჩვენ მოსაზღვრე სადარაჯოს 10 ქრისტეშობისთვეს თავს დაესხა სომხეთის რეგულიარული ჯარის ნაწილები. მოსაზღვრე რაზმის ნაწილი დახოცეს, ნაწილი ტყვეთ წაიყვანეს. ტელეგრაფი შეწყვეტილია, რკინის გზის ლიანდაგი _ აყრილი. საქართველოს მთავრობა ფიქრობდა, რომ ამ მუხანათურ თავდასხმასთან არავითარი კავშირი არ ექნებოდა სომხის მთავრობას და მით უმეტეს თავდასხმა არ იქნებოდა მოწყობილი მისი თანხმობით. ამის გამო, საქართველოს მთავრობამ ტელეგრაფით წინადადება მისცა სომხეთის მთავრობას, რათა მას საჭირო ზომები მიეღო სისხლის ღვრის შესაწყვეტად, მაგრამ არა თუ მიიღეს საჭირო ზომები, პირიქით, სამხედრო მოქმედება განვითარდა და ჩვენ უკვე მივიღეთ სომხეთის მთავრობის ოფიციალური განცხადება, რომ ეს მუხანათური თავდასხმა სომხეთის მთავრობის ბრძანებით მოხდა“.
18 დეკემბერი მოკლე ცნობები სომხეთის ფრონტიდან: „სამხედრო სამინისტროს ცნობით, ჩვენმა მომწყვდეულმა რაზმმა მტრის რკალი გაარღვია და სამშვიდობოს გავიდა. სახალხო გვარდიის მთავარ შტაბმა მოწოდებით მიჰმართა სახალხო გვარდიის შტაბების დროშის ქვეშ დასადგომად“.
18 დეკემბერს გაზეთი „საქართველო“ ბეჭდავს მთავრობის ინფორმაციას მობილიზაციის გამოცხადების შესახებ: „მთავრობის დადგენილების ძალით გამოცხადებულია მობილიზაცია იმ პირთა, რომელნიც 1892, 1893, 1894 და 1895 წლებში დაიბადნენ. ყოველი შეგნებული ქართველი ვალდებულია, ყოველ მხრივ შეუწყოს ხელი მთავრობის დადგენილების შესრულებას: მობილიზაცია რაც შეიძლება ჩქარა და უკლებლივ უნდა დამთავრდეს. სომხეთ-საქართველოს ომი მთელი ერის საარსებო საკითხებს გადასწყვეტს“.
გაზეთში გადმოცემულია სომხეთის მთავრობის პასუხიც: „ჩვენი მთავრობის მიერ თქვენს მთავრობას გაეგზავნა ორი დეპეშა, რომლებშიაც წინადადებას ვაძლევდით საქართველოს მთავრობას, დაუყოვნებლივ გაეყვანა თავისი ჯარები ახალქალაქისა და ბორჩალოს მაზრების სომხურ ნაწილებიდან, რომ არ მოხდეს შეტაკება სომხის და ქართველ ჯარების ნაწილებისა. ვაცხადებთ, რომ ეს წინადადება არ ნიშნავს საქართველოს შინაურ საქმეებში ჩარევას, ამასთან ერთად, არა ერთხელ ვაცხადებთ, რომ ეს ნაწილები არ შედის საქართველოს ტერიტორიაში და შეადგენს სომხეთის განუყრელ ნაწილს და ძალადობით დაკავებულია საქართველოს ჯარების მიერ“.
19 დეკემბერს ქართული არმიის კონტრშეტევის ცნობები ჩნდება: „ჩვენი ჯარი წინ მიიწევს და ალავერდის იქით ორი სოფელი აიღო. სახალხო გვარდიის რაზმმა გზა გაიკაფა და ვორონცოვკას მიაღწია. გენერალი მაყაშვილი ახალქალაქის მაზრაში წინ მიისწრაფის“.
გაზეთი ბეჭდავს ინფორმაციას სომეხი მილიციონერებისთვის იარაღის აყრისა და სამსახურიდან დათხოვის შესახებ. აქვე მოცემულია ცნობა, რომლის მიხედვითაც დაიხურა საქართველოში გამომავალი სომხური გაზეთები, ხოლო მათი თანამშრომლები დააპატიმრეს. სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები ფრონტზე მოხალისეებად ეწერებიან. ქუთაისში ჩატარდა მიტინგი და მოხალისეთა ჯარში ჩაწერა.
20 დეკემბერი. ცნობები ფრონტიდან. ქართული არმია კონტრშეტევას განაგრძობს: „სადახლოსთან სომხები დიდი ზარალით უკუვაქციეთ. ბრძოლის ველზე დასტოვეს 3 ოფიცერი და რამდენიმე ათეული ჯარისკაცი. ტყვედ წამოვიყვანეთ 2 ოფიცერი (ერთი რუსი) და 37 შეიარაღებული ჯარისკაცი. პირველ დღეებში ტყვედ წაყვანილი 5 ქართველი ჯარისკაცი სომხებს დაუხვრეტიათ. მაჰმადიანები საქართველოს ჯარში ეწერებიან. პროვინციიდან მოხალისეები ჩამოდიან. ახალქალაქის მაზრა სრულიად გაწმენდილია სომხებისგან გენ. მაყაშვილის მიერ“.
მთავრობის დადგენილებით სამხედრო წესები გამოცხადდა თბილისისა და გორის მაზრებში. 19 დეკემბერს თორმეტის ნახევარზე გოლოვინის პროსპექტით სანაინის ასპარეზიდან ჩამოყვანილი ოთხმოცამდე სომხის ტყვე ჩაატარეს. თელავიდან ომში წასასვლელად ჩამოვიდა 35 მოწაფე. მოხალისეები მოდიან ხევსურეთიდან და სამეგრელოდან.
გასაოცარი ინფორმაციაა გადმოცემული გაზეთ „საქართველოს“ 1918 წლის 24 დეკემბრის ნომერში, საიდანაც ირკვევა, რომ სომხური არმიის დასახმარებლად სომხები მობილიზაციას თბილისშიც კი აწარმოებდნენ: „იმის შემდეგ, რაც სომხებმა საქართველოს ომი გამოუცხადა მთავრობის ორგანოებმა შენიშნეს, რომ სომხები ყოველგან საიდუმლო მობილიზაციას ახდენენ და როგორც ტფილისიდან, ისე ყველა რაიონიდან, სადაც კი სომხები მოსახლეობენ, აუარებელი ჯარში გასაწვევი ახალგაზრდა მიდიოდა სომხეთში. აშკარად გამოირკვა, რომ ჯარების გამაგრებას ახდენდნენ საქართველოში სომეხთა ეროვნულ საბჭოს ბინაზე არამიანცის სახლში და სომხეთის დიპლომატიური მისიის ბინაზე. ჯარის მოკრეფას ხელმძღვანელობდნენ დაშნაკციუტუნის ცნობილი მოღვაწეები. მომხდარმა ჩხრეკამ ეს გარემოება დაამტკიცა. აღნიშნულ ბინებზე დაპატიმრებულ იქნა აფიცრები, სათადარიგო ჯარის კაცები და ახალგაზრდები რიცხვით 184 კაცი.
ამის გამო, სომხეთის რესპუბლიკის ქვეშერდომნი ჯარში გასაწვევი ახალგაზრდანი გამოცხადებულ იქნენ სამხედრო ტყვეებათ და უნდა გაიგზავნონ ქუთაისში, ხოლო დაშნაკცაკანების ხელმძღვანელნი, რომელნიც აგროვებდნენ ჯარს, დაპატიმრებულ იქნენ საერთო წესით“.
სამხედრო ცენზურისა და იმ პერიოდში ინფორმაციის დაგვიანებით გავრცელების ობიექტური მიზეზის გამო, გაზეთი „საქართველო“ ფრონტის ამბებს რამდენიმე დღის დაგვიანებით ბეჭდავდა. დეკემბრის მეორე ნახევარში გავრცელებულ ცნობებს თუ შევკრებთ, ასეთ სურათს მივიღებთ: პირველი შემოტევით გამოწვეული მარცხის შემდეგ, გენერალ გიორგი მაზნიაშვილის მეთაურობით, ქართულმა საარმიო ნაწილებმა და სახალხო გვარდიის რაზმებმა ჯერ სომეხთა წინსვლა აღკვეთეს, შემდეგ კი შეტევაზე გადავიდნენ და თითქმის მთლიანად გაწმინდეს ლორე სომხური ჯარისგან.
კონფლიქტის შეჩერება დიდი ბრიტანეთის შუამავლობით მოხერხდა. სომხების იმედები, რომელიც ბრიტანელთა კავკასიაში შემოსვლას უკავშირდებოდა, არ გამართლდა. მისი უდიდებულესობის მთავრობას, პირველ რიგში, მშვიდი რეგიონი სჭირდებოდა და სომეხთა ტერიტორიული პრეტენზიები ნაკლებად აღელვებდა. მაგრამ რა შედეგით დასრულდა სომხეთ-საქართველოს ომი, ეს უკვე 1919 წლის იანვრის ნომრის ამბავია.

მიხეილ ბასილაძე