რესტორანი “ამრა” – ხელიდან ხელში გადასული ბიზნესობიექტის ბედი ჯერაც გაურკვეველია

კერძო ბიზნესისთვის ატეხილი შარი მართალია, დღეს არ გვაკვირვებს, მაგრამ ეს კონკრეტული შემთხვევა აშკარად გაცილებით ბევრ კითხვის ნიშანს აჩენს და საინტერესო დეტალებს ავლენს.

საუბარი ეხება რესტორან „ამრას“, მის მფლობელსა და მოიჯარეს, რომელიც უამრავი მცდელობის მიუხედავად, კონტაქტზე დღემდე არ გამოდის.
ყველაფერი თავიდან რომ დავიწყოთ, გეტყვით, რომ რესტორანი „ამრა“ 2016 წელს გაიხსნა შენობაში, რომელსაც შპს „ამრა+“ იღებდა იჯარით. ამ შპს-ს 55%-იანი წილის მფლობელი გახლდათ ბიზნესმენი იოსებ შენგელია, 45%-ის კი _ თამარ-ელენე გოგიშვილი. ცხადია, წლიდან წლამდე რესტორანს პრობლემებიც ჰქონდა და სოლიდური მოგებებიც. ძირითადი პრობლემები კი დაკავშირებული იყო იჯარის თანხის გადახდასთან. არავინ უარყოფს იმას, რომ ხსენებული შპს „ამრა+“-ის ძირითადი ფინანსური რესურსები სწორედ მის დამფუძნებელ სოსო შენგელიასგან მოდიოდა. დანარჩენს, რაც რესტორნის თავისებურებებსა და ორგანიზაციულ საკითხებს ეხება, მოწილეები, თამარ-ელენე გოგიშვილი და მისი მეუღლე, შეფმზარეული გურამ კიკნაძე კურირებდნენ.
შენობა თავისი ძირითადი ინვენტარით ეკუთვნოდა მის მოიჯარე შპს „ტეტრისს“.
როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, 2016 წლიდან დღემდე რესტორანს 3-4 თვის იჯარის გადასახადი ყოველთვის რჩებოდა დავალიანების სახით. მას კი ბიზნესმენი იოსებ შენგელია თავისი ჯიბიდან იხდიდა (ამას, რა თქმა უნდა, დოკუმენტურად სესხის სახით აფორმებდა). საბოლოო ჯამში, მიმდინარე წლის დასაწყისშივე დავალიანება უკვე დაგროვილი იყო და შენგელიამაც მისი ერთი ნაწილი, 30 000 ლარი, გადაიხადა, თუმცა გადასახდელი დარჩა კიდევ 33 000 ლარი, რომლის გადახდის შესაძლებლობაც მას უკვე აღარ ჰქონდა. ლოგიკურია, რომ ამას მოიჯარეც დიდხანს აღარ მოითმენდა და მეწილეებს წერილი გამოუგზავნა, სადაც ხსნიდა, რომ ამ დავალიანებას თუ არ დაფარავდნენ, უკვე კანონისა და ხელშეკრულების პუნქტების შესაბამისი ზომები იქნებოდა მიღებული. წერილთან ერთად მან შპს „ამრა+“-ს დამატებით 2-კვირიანი ვადა მისცა, რომლის ფარგლებშიც „ამრას“ მესვეურებს ეს თანხა უნდა ეშოვათ. ივნისში კი მეორე წერილი მოვიდა თანხის გამართულად გადაუხდელობის გამო ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე.
იქიდან გამომდინარე, რომ ეს ადგილი, სადაც რესტორანი მდებარეობდა, ძალიან ხელსაყრელი და შესაბამისი იყო სამუშაოდ, თანაც მას უკვე ჰქონდა თავისი სახელი და იმიჯი, იოსებ შენგელიამ გადაწყვიტა, რომ ის არ დაეკარგა და „ტეტრისისგან“ იგივე ფართი იჯარით კვლავ აეღო, ოღონდ სხვა შპს-ით (შპს „გლდანი“) და მეწილეების გარეშე (რადგან ცალსახა იყო, რომ რესტორნის შიგნით მენეჯმენტი სწორი ფორმით არ ხორციელდებოდა). ამ წინადადებაზე „ტეტრისი“იმ პირობით დათანხმდა, რომ შპს „გლდანი“ შპს „ამრა+“-ის დავალიანებას გადაიხდიდა.
საბოლოოდ, მართლაც შეწყდა ხელშეკრულება შპს „ამრა+“-თან, რაც, ცხადია, ცნობილი იყო ამავე შპს-ს მეორე მოწილე თამარ-ელენე გოგიშვილისთვის.

დანარჩენს უკვე კომპანია „გლდანის“ იურისტი, ვახტანგ ნაყოფია გვიყვება:
„ხელშეკრულება მოთხოვნის დათმობის თაობაზე გაფორმდა და შპს „გლდანმა“ მართლაც აიღო ვალდებულება, რომ ის „ამრა+“-ის ვალებსაც გადაიხდიდა. ამ ვალების გადახდის შემდეგ „გლდანმა“თვისი იჯარის 1 თვის თანხაც გადაიხადა და მუშაობას შეუდგა. მან 2018 წლის ივლისის ნახევარი თვის მანძილზე იმუშავა და უკვე თვის ბოლოს იოსებ შენგელიას მიმართ წმინდა წყლის პოლიტიკური შანტაჟი იწყება. ამ ყველაფერს კი ყოფილი მეწილეები, თამარ-ელენე გოგიშვილი და მისი მეუღლე, გურამ კიკნაძე უწყობენ. ისინი თვლიდნენ, რომ ბ-ნ იოსებს ისევ უნდა გადაეხადა საკუთარი ჯიბიდან ეს იჯარის თანხები და იგივენაირად გაგრძელებულიყო ყველაფერი. საბოლოო ჯამში, მტკიცე უარის შემდეგ, ყოფილ მეწილეებს შორის ურთიერთობა შეწყდა. თამარ-ელენე გოგიშვილისა და მისი მეუღლის უკმაყოფილებას იწვევდა ის ფაქტი, რომ იოსებ შენგელიამ ახალი, სხვა შპს-თი დაიწყო იმავე ტერიტორიაზე მუშაობა. მიუხედავად ამისა, თავიდან ყველაფერი ცივილიზებულად ხდებოდა, ბუღალტერთან ერთად ითვლებოდა თანხები და აღმოჩნდა, რომ თამარ-ელენე გოგიშვილს, მეუღლესთან ერთად, რესტორან „ამრას“ შემოსავლებიდან წლის დასაწყიდიდან ივნისამდე გატანილი ჰქონდა 45 000 ლარი(!).
„ტეტრისსა“ და „გლდანს“ შორის ხელშეკრულების გაფორმებიდან და რესტორან „ამრას“ ამოქმედებიდან თითქმის ერთი თვის მანძილზე თამარ-ელენე გოგიშვილიც დადიოდა რესტორანში და თანხები ითვლებოდა. იოსებ შენგელიამ მათ შესთავაზა, ხელფასს ორივე ცოლ-ქმარს დაგიტოვებთ, უბრალოდ, მეწილეები აღარ ვიქნებით და ასე გავაგრძელოთ ურთიერთობაო, თუმცა საქმეში უკვე გურამ კიკნაძის ძმის ჩართვის მერე ცოლ-ქმარი ამ მოცემულობაში ითხოვდა, რომ კომპენსაციის სახით მათთვის შეგნელიას $100 000 გადაეხადა.
რეალურად, სცენარი აღმოჩნდა შემდეგნაირი:
მას შემდეგ, რაც იოსებ შენგელია ცალკე ხელშეკრულებას აფორმებს „ტეტრისთან“ და იმავე ობიექტზე ახალი შპს-ით რეგისტრირდება, უკრაინიდან ჩამოდის გურამ კიკნაძის ძმა, რომელიც წინა მთავრობის დროს სუს-ის ინფორმაციული ტექნოლოგიების სპეციალისტი („აიტიშნიკი“) გახლდათ. შესაბამისად, მას კონტაქტები ჰქონდა ძველი მთავრობის მაღალჩინოსნებთან, რომელთა მხრიდანაც, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, წმინდა წყლის შანტაჟი და მუქარა დაიწყო.
საბოლოო ჯამში, სიტუაცია ისე ვითარდება, რომ 16 ივლისს რესტორან „ამრაში“ დილის 10 საათზე იჭრება 8-10 პირი, ყრიან თანამშრომლებს, ცვლიან საკეტებს, შედიან ბუღალტრისა და დირექტორის კაბინეტებში, ისაკუთრებენ რესტორნის მთელ ინფორმაციას, სოციალური ქსელების ოფიციალურ გვერდებს და მას შემდეგ, დღემდე, სწორედ ისინი მართავენ რესტორან „ამრას“.
საინტერესოა ის ფაქტი, რომ ამ ამბავთან დაკავშირებით საქმეში ჩართული იყო პოლიციაც, თუმცა რეალური შედეგი არ დადებულა! ამასთან, მნიშვნელოვანია ისიც, რომ „ტეტრისს“, რომლის ოფიციალური საკუთრებაცაა ეს ადგილი, თითიც კი არ გაუნძრევია სიტუაციის გამოსასწორებლად და არათუ საკუთარი შენობიდან ითხოვს ამ შეჭრილი ადამიანების გამოშვება-გამოყრას, არამედ ამბობს, რომ ყოფილმა პარტნიორებმა თავად უნდა დაარეგულირონ სიტუაცია:
მე იურისტი ვარ და სხვა პრიზმით ვუყურებ ამ ყველაფერს. ჩვენ „ტეტრისს“ ვეუბნებით, რომ ვინაიდან თქვენ გაქვთ ვალდებულება, ჩაგვაბაროთ უფლებრივად და საგნობრივად უნაკლო ნივთი, თუ რაიმე პრობლემა შეიქმნება შენსავე ტერიტორიაზე, ე. ი შენ, მოიჯარემ, მე _ მოიჯარეს, არ შემიქმენი სრულყოფილი პირობა და ვერ ჩამაბარე უფლებრივად და საგნობრივად უნაკლო ნივთი.
რეალურად, ჩვენს ყოფილ მეწილეებს პრეტენზია უნდა ჰქონოდათ „ტეტრისის“ მიმართ, მაგრამ ეს უკანასკნელი თითქოს მშვიდობის მაძიებლის როლს თამაშობდა და პასუხისმგებლობა არ ჰქონდა გაცნობიერებული. რაც დრო გადის, მით უფრო ვრწმუნდებით, რომ მათ არათუ ვერ გააცნობიერეს პასუხისმგებლობა, არამედ წინასწარაც კი იცოდნენ ეს ყველაფერი (ამას სხვა დანარჩენთან ერთად ის ფაქტი გვაფიქრებინებს, რომ „ტეტრისის“ ერთ-ერთი თანადამფუძნებელი გურამ კიკნაძის ძმის (ვინც სუს-ში მუშაობდა) მეგობარია).
საინტერესოა ისიც, რომ „ტეტრისის“ წარმომადგენლები თავიდან კონტაქტზეც გამოდიოდნენ და მეტიც, გვამშვიდებდნენ, ჩვენ მოვაგვარებთ ამ ამბავს, თქვენ მართლები ხართო და ამასთან, იჯარის თანხას ხომ მაინც გადაიხდითო?! მიუხედავად იმისა, რომ ობიექტზე შპს „გლდანის“ არც ერთი მომსახურე პერსონალი არ მუშაობს და, შესაბამისად, სარგებელს არ იღებს, ამ ადგილის იჯარის გადასახადს _ 7000 ლარს _ მაინც იოსებ შენგელია იხდიდა. ამის დამადასტურებელი ანგარიშფაქტურებიც გვაქვს! ყველაფერს ემატება ისიც, რომ აღმოვაჩინეთ, იჯარის გადასახადს ჩვენთან ერთად იხდიან ჩვენი ყოფილი მეწილეებიც, ანუ „ტეტრისის“ აფერა ცალსახაა.
ისინი არაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ საკუთარ ტერიტორიაზე ძალით შეჭრილი ადამიანები გააძევონ. არადა, ამისთვის ერთი განცხადების დაწერა და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟის გამოძახებაა საკმარისი. რეალურად, „ტეტრისს“ ტერიტორიაზე უკანონოდ შეჭრილი პირები ჰყავს, რომელთაც ყველაფრის საკეტი გამოცვალეს, იქაურობას დაეპატრონნენ და, ამ დროს, „ტეტრისს“ პრეტენზიაც კი არ უჩნდება ამაზე. ამავდროულად, თავიდან თვითონ იღებს სიტუაციის მოგვარების პასუხისმგებლობას, შემდეგ უკვე, „თამაშიდან გადის“ და ყოფილ პარტნიორებს აბარებს საქმეში გარკვევას. ახლა კი საერთოდ კონტაქტზე აღარ გამოდის. იჯარის თანხა მაინც გადასახდელია!
სამართლებრივად რომ ვისაუბროთ, მოიჯარეს უფლება არ აქვს, ასეთი ტიპის განცხადებები დაწეროს პოლიციაში, რადგან შენობა სხვას, ანუ მოიჯარეს ეკუთვნის. ეს „ტეტრისმა“ უნდა გააკეთოს! ჩვენ ყოველდღიურად ზარალს განვიცდით, ამის პარალელურად კი მეორე კომპანია მოგებას ნახულობს.
„ტეტრისი“ დღესაც გვატყუებს, არც ჩვენ გვეუბნება, შევწყვიტოთ ხელშეკრულება, ისინი არიან მართლები და იმათთან ვიმუშავებო და არც შპს „ამრა+“-ის წარმომადგენლებს „აძევებს“ ძალით დაკავებული ტერიტორიიდან. პირიქით, ის ორივე ჩვენგანს უგზავნის ფაქტურებს და ორივე იხდის იჯარის გადასახადს.
დავუშვათ, რესტორან „ამრას“ დამფუძნებელი არის შპს „ამრა+“, რომელსაც დავალიანება აქვს ამ ტერიტორიაზე. მერე მოვედით ჩვენ, შპს „გლდანის“ წარმომადგენლები და იმ კომპანიის ვალი გავისტუმრეთ. შპს „ტეტრისი“, ანუ ვინც იჯარით გასცემს ამ ადგილს, ვალდებულებას იღებს (მნიშვნელობა არ აქვს, ეს ხელშეკრულებაში წერია თუ არა, კანონით არის გათვალისწინებული), რომ იჯარით გაცემული ფართი მე-3 პირებს არ ექნებათ დაკავებული. ანუ იგი უფლებრივად უნაკლო იქნება, მაგრამ რეალურად ასე არ არის!
ჩნდება ლოგიკური კითხვა, _ მაშინ რატომ არ ვუჩივით „ტეტრისს“ ან „ამრა+“-ის ყოფილ პარტნიორებს? _ გიპასუხებთ, რომ ამას აუცილებლად გავაკეთებთ, თუმცა მანამდე უფრო მეტ ინფორმაციას ვიღებთ და ვრწმუნდებით, რომ ისინი შეხმატკბილებულად მოქმედებენ.
იოსებ შენგელიას იმის იმედი ჰქონდა, რომ მოლაპარაკებით რაიმე შეიცვლებოდა და სასამართლოსთვის საჭიროზე ნაკლებ დროში მოხერხდებოდა სიტუაციის განმუხტვა, მაგრამ ეს ასე არ მოხდა!
„ტეტრისს“ რაიმე აქტიურობა რომ გამოეჩინა, ეს პრობლემა საერთოდ არ ექნებოდა, მაგრამ უკვე ჩვენი მოქმედების დრო მოვიდა.
სამართლებრივად რომ წავიდეთ, ამ კომპანიას მოგების ძალიან ნაკლები შანსი აქვს. ისინი ამბობენ, ჩვენ მაშინ ჩაგაბარეთ ობიექტი, როცა იქ მესამე პირი შეჭრილი არ იყოო, მაგრამ, რეალურად, ამას რა მნიშვნელობა აქვს?!
იოსებ შენგელიასთვის უკვე პრინციპული საკითხია ეს ყოველივე, სახეზე ცალსახად გვაქვს თაღლითობის ფაქტი, როცა ვიღაც იჯარაში თანხას იხდის და ამ დროს, მესამესაც სთხოვს გადახდას“.

ამბის გაგების შემდეგ „ქრონიკა+“ კომპანია „ტეტრისს“ დაუკავშირდა და აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მათი პოზიციის დაფიქსირება სთხოვა. საინტერესო იყო, თუ რეალურად რა გააკეთეს მათ იმისთვის, რომ ადგილზე მუშაობა შპს „გლდანს“ გაეგრძელებინა და რატომ არ მუშაობს დღეს ეს შპს რესტორან „ამრაში“?
„ტეტრისმა“ რატომ არ მიმართა პოლიციას და სამართლებრივად რატომ არ მიუდგნენ მათი საკუთრების უცხო პირების მხრიდან დაპატრონების, საკეტების გამოცვლისა და უკანონო ქმედების განხორციელების ფაქტებს?!
მიუხედავად რამდენიმედღიანი მცდელობისა, კომპანია „ტეტრისის“ წარმომადგენელმა „ქრონიკა+“-ს განუცხადა, რომ კომპანიის დირექტორი, დავით ფანჯაკიძე, ამ საკითხზე კომენტარს არ აკეთებს.

საბოლოოდ, ცალსახაა, რომ ამ ამბავში მნიშვნელოვნად ზარალდება ერთი მხარე, კომპანია „ტეტრისი“ კი თავისი მოვალეობის პირნათლად შესასრულებლად არაფერს აკეთებს! საინტერესოა ისიც, თუ ვინ და რატომ მფარველობს ამჟამად რესტორან „ამრაში“ შეჭრილ პირებს?..
უახლოეს მომავალში საქმე სასამართლოში გაგრძელდება. ნაკლებად სავარაუდოა, რომ მას „ტეტრისი“ მოიგებს და ამ შემთხვევაში ამ უკანასკნელს საკმაოდ დიდი თანხის უკან დაბრუნებაც მოუწევს!

ნინო ტაბაღუა