რა ღირს სკოლაში ბავშვის ტარება?

მე ხუთ ბავშვს ვზრდი, სამი ჩემი შვილია, ორი _ ჩემი დის.
ჩემი შვილები ჩვეულებრივ საჯარო სკოლაში დადიან, ჩემი დისშვილები კი ერთ-ერთ ეკლესიასთან არსებულ კერძო გიმნაზიაში.
რეგიონში კერძო სკოლები ძალიან ცოტაა, იმდენად ცოტა, რომ თელავში ერთი კერძო სკოლა არსებობს და ისიც X-XII კლასელებისთვის. ბევრჯერ მიფიქრია: „ნეტა, მარიამი კერძო სკოლაში ხომ არ წამეყვანა?!“ მაგრამ ბავშვი უარზეა და ამიტომ თავის კლასში რჩება.

როცა დავფიქრებულვარ, რა განსხვავებაა კერძოსა და საჯაროს შორის, პირველს მატერიალურად ვითვლი; მეორე მგონია, რომ იქ უფრო ინდივიდუალურად მუშაობენ ბავშვებთან…
მატერიალურით რომ დავიწყოთ და შედარებები მოვიყვანოთ…
მაგალითად, მარიამი ახლა მე-11 კლასშია და მისი მომზადება, საშუალოდ, თვეში, ყველაზე მცირე, 350 ლარი მიჯდება, ოღონდ, მგონი, მე ყველაზე იაფად გამოვდივარ. ვამზადებ ინგლისურში, ფიზიკაში, ქიმიაში, მათემატიკაში, ბილოგიასა და გეოგრაფიაში. იმის გარდა, რომ სკოლის მერე საშინელი გადატვირთული გრაფიკი აქვს, ამას ემატება დანარჩენ სასკოლო საგნებში მეცადინეობაც: რუსული, ისტორია, ქართული და ა. შ. მეორე შვილი მე-9 კლასშია და მისი მომზადებაც 4 საგანში მიწევს: ფიზიკა, მატემატიკა, ინგლისური და ქიმია.
სკოლას, ერთი შეხედვით, საერთოდ არ ვემდური, მაგრამ ძალიან მანერვიულებს ჩემი საფულე. არადა, საქართველოს მთავრობის 2015 წლის 14 სექტემბერის #476 დადგენილებით:
„ზოგადი განათლების დასაფინანსებლად ერთ მოსწავლეზე გათვლილი ფინანსური ნორმატივისა და მისი შესაბამისი სტანდარტული ვაუჩერის ოდენობის განსაზღვრის შესახებ მუხლი I „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად:
1. საჯარო სკოლებისათვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 1-დან 169 მოსწავლის ჩათვლით და „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის #448 ბრძანების დანართი #4-ით და დანართი #6-ით გათვალისწინებული საჯარო სკოლებისათვის ერთ მოსწავლეზე გათვლილი ფინანსური ნორმატივი და მისი შესაბამისი სტანდარტული ვაუჩერი გამოითვლება ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული მოსწავლეთა რაოდენობის, საათობრივი დატვირთვის, ადმინისტრაციული და სხვა ხარჯების გათვალისწინებით;
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საჯარო სკოლების გარდა ერთ მოსწავლეზე გათვლილი ფინანსური ნორმატივი განისაზღვრება 300 ლარის ოდენობით.
ე. ი. მე და სახელმწიფო თითქმის თანაბრად ვხარჯავთ ჩემს შვილზე სწავლის თახას, ბავშვებს კი სწავლის გარდა ჯანსაღი საკვები და კიდევ ძალიან ბევრი რამ სჭირდებათ.
თუ უარს ვიტყვი მომზადებაზე, გაბუტულები მიყურებენ და მეუბნებიან, რომ ვერ შეძლებენ და ვერ ჩააბარებენ საატესტატო გამოცდებს.
მაშ, რატომ ხარჯავს სახელმწიფო ძალიან ბევრ თანხას სასკოლო განათლებაზე?
ე. ი. მე და ჩემნაირ კიდევ ბევრ მშობელს დიდი პრობლემის წინაშე გვიწევს ბრძოლა. კერძო სკოლაში გადასახადი 2000 ლარია. ალბათ დარწმუნებულიც რომ ვიყო და მარიამიც მხარს მიბამდეს, აუცილებლად გადავიყვანდი იქ და ამით ჩემს დანაზოგსაც გავუფრთხილდებოდი და სახელმწიფოსასაც.
ფაქტი ერთია: მეც ვიხდი და სახელმწიფოც, თუმცა მაინც არ ვართ კმაყოფილები არც მე და არც ქვეყანა! მაშ, რა ხდება?
წინასიტყვაობა მშობლის სტატუსით დავიწყე, ახლა კი გავიგოთ, რეალურად რა ხდება სასკოლო განათლებაში?

***
ზუსტად ერთი კვირაა, რაც საქართველოში სასწავლო წელი დაიწყო…
სად არის განათლების სისტემის ტროას ცხენი?
„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ მიერ მომზადებულმა კვლევამ ის ბევრი მანკიერი მხარე მზის შუქზე გამოიტანა, რაც ვიცოდით და რაც არც ვიცოდით.
2018 წელს, 2011 წელთან შედარებით, საქართველოში სასკოლო განათლების დაფინანსება თითქმის ორჯერ არის გაზრდილი. მიუხედავად ამისა, სასკოლო განათლების ხარისხი ისევ კრიტიკულად დაბალ დონეზე რჩება, რასაც საერთაშორისო კვლევები და ოფიციალური სტატისტიკაც ადასტურებს.
„მოსწავლეთა შეფასების საერთაშორისო პროგრამის“ (PISA) კვლევაში საქართველო სასკოლო განათლების ხარისხით 72 ქვეყანას შორის ბოლოდან მე-11 ადგილზეა, გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსით კი 137 ქვეყანას შორის 106-ე ადგილზეა.
2016-2018 წლებში სკოლის გამოსაშვები გამოცდები წარმატებით ჩააბარა მოსწავლეთა, საშუალოდ, 77%-მა, მაშინ როცა 2011-2015 წლებში წარმატების საშუალო მაჩვენებელი 84% იყო.
ყველაზე პრობლემური საგნები ფიზიკა, მათემატიკა და უცხო ენაა.
საქართველოს სკოლებში, დაახლოებით, 67 ათასამდე პედაგოგი ასწავლის.
2017 წლის ბოლოს საქართველოში უმაღლესი რანგის _ მენტორი მასწავლებლის სტატუსს მხოლოდ 9 ადამიანი ფლობდა, ხოლო შემდეგი რანგის _ წამყვანი მასწავლებლის _ მხოლოდ 257. 2017 წლის მდგომარეობით სასერტიფიკაციო გამოცდა მასწავლებელთა მხოლოდ 30%-ს ჰქონდა ჩაბარებული.
2010-2017 წლებში პედაგოგების სასერტიფიკაციო გამოცდებში მინიმალური ზღვარი გამოცდაზე გასულ პედაგოგთა 25%-მა გადალახა. სასერტიფიკაციო გამოცდების წარმატებით ჩაბარების ყველაზე დაბალი მაჩვენებელი დაწყებითი კლასების, ფიზიკის, ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და მათემატიკის პედაგოგებს აქვთ.
2011-2017 წლებში საჯარო სკოლებში საშუალო ნომინალური ხელფასი (მათ შორის, პედაგოგების) ორჯერ გაიზარდა და 2017 წელს 548 ლარს შეადგენდა, თუმცა ქვეყნის ეკონომიკის ყველა სექტორში არსებულ საშუალო ნომინალურ ხელფასს მნიშვნელოვნად (თითქმის ორჯერ) ჩამორჩება. საჯარო და კერძო სკოლებში ხელფასებს შორის დიდი სხვაობა არ არის. ბოლო მონაცემებით კერძო სკოლებში საშუალო ხელფასი 631 ლარი იყო. სასკოლო განათლების დაფინანსებასა და ხარისხის ზრდას შორის პირდაპირი კავშირის არარსებობის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ხარისხის ამაღლებაზე ორიენტირებული სახელმწიფო პოლიტიკის არქონაა, რასაც განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ზოგადი განათლების პროგრამაც ადასტურებს. პროგრამას მიზნად არ აქვს ხარისხის ამაღლება და შემუშავებული არ არის ხარისხის საზომი ინდიკატორები.

რას ხარჯავს ბიუჯეტი სასკოლო განათლებისთვის?

სასკოლო განათლება საქართველოს ბიუჯეტის ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი მიმართულებაა. 2018 წელს მის დაფინანსებაზე 678 მლნ ლარია გამოყოფილი, რაც თითქმის ორჯერ აღემატება 2011 წლის მაჩვენებელს.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“ დაინტერესდა, რა კრიტერიუმებით აფასებს საქართველოს მთავრობა ამ პროგრამის შედეგებს და ხარჯების გაწევას რეალურად მოაქვს თუ არა საზოგადოებისთვის დადებითი ეფექტი?
მონაცემები ძირითადად მოიცავს 2011-2018 წლების ტენდენციებს, თუმცა სრული სურათის წარმოსაჩენად ზოგიერთი საკითხი საანგარიშო პერიოდსაც სცდება. სტატისტიკა ეყრდნობა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს (შემდგომში განათლების სამინისტრო), საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (შემდგომში „საქსტატი“) მიერ მოწოდებულ/გავრცელებულ ინფორმაციას. განათლების სამინისტრომ დაუსაბუთებელი მიზეზებით ზოგიერთი მონაცემი ორგანიზაციას სრულად არ მიაწოდა.
ორგანიზაციის დასკვნით:
2011-2018 წლებში სახელმწიფო ბიუჯეტიდან ზოგადი განათლების ყოველწლიური დაფინანსება თითქმის გაორმაგდა. სასკოლო განათლების დაფინანსება იზრდება ისე, რომ ის მიბმული არ არის განათლების ხარისხის ზრდაზე. ამას მოწმობს განათლების სამინისტროს პროგრამული ბიუჯეტი, კერძოდ, ზოგადი განათლების პროგრამა. აღნიშნული პროგრამისა და მისი ქვეპროგრამის (ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების დაფინანსება) მიზანს მხოლოდ მოსწავლეებისთვის განათლებისადმი ხელმისაწვდომობა წარმოადგენს. ეს იმას ნიშნავს, რომ მთავარია სკოლას სრულად ჩაერიცხოს ის თანხა, რაც მას მთავრობის დადგენილებით ეკუთვნის.
საბიუჯეტო პროგრამის მიზანი პრობლემის მოგვარება ან არსებული სიტუაციის გაუმჯობესება უნდა იყოს, ხელისუფლება კი მოძველებული მიდგომებით მოქმედებს და მხოლოდ სკოლების გამართული დაფინანსება აქვს მიზნად დასახული. განათლების ხარისხის გაუმჯობესება პოლიტიკის მიზანიც კი არ არის. შედეგად, სასკოლო განათლებაში ყოველი დამატებით დახარჯული თანხის ეფექტიანობა კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. არსებული კვლევები და სტატისტიკა აჩვენებს, რომ სასკოლო განათლების დაფინანსების ზრდის მიუხედავად, საქართველოს ზოგადი განათლების ხარისხი, ფაქტობრივად, არ უმჯობესდება.
2017 წელს სკოლაში დასაქმებული პედაგოგები ასაკის მიხედვით:
_ 35 წლამდე ასაკის _ 14%;
_ 65 წლის და მეტის _ 13%;
_ 36-დან 64 წლამდე ასაკის _ 72%.
ასეთი აზრი არსებობს, არ უნდათ ახალგზრდებს პედაგოგობაო, არადა, ბევრ ახალგაზრდას პედაგოგობა უნდა, მაგრამ, უბრალოდ, სკოლას ვერ პოულობს…
2017 წლის ბოლოს:
_ 44 579 პრაქტიკოსი მასწავლებელი (საგნობრივი კომპეტენცია არ აქვს დადასტურებული, ანუ ძველებურად რომ ვთქვათ, არასერტიფიცირებული);
_ 18 768 უფროსი მასწავლებელი (საგნობრივი კომპეტენცია აქვს დადასტურებული);
_ 257 წამყვანი მასწავლებელი (გადაინაცვლა მაღალ საფეხურზე);
_ 9 მენტორი მასწავლებელი (გადაინაცვლა მაღალ საფეხურზე).
საბოლოო ჯამში, ორგანიზაციამ რეკომენდაციების ნუსხა გამოაქვეყნა:
სასკოლო განათლების დაფინანსების ზრდა შედეგებზე უნდა იყოს ორიენტირებული, შედეგს კი განათლების ხარისხის ამაღლება უნდა წარმოადგენდეს. სახელმწიფომ დამატებითი ფული არ უნდა გადაიხადოს განათლებაში, თუ ხარისხი არ გაუმჯობესდება.
ე. ი. სახელმწიფო ფულს იმაში ხარჯავს, რაშიც რეზონანსი არ აქვს.
უნდა შემუშავდეს ზოგადი განათლების პროგრამის კონკრეტული მიზნები და შედეგები, რომელიც იქნება გაზომვადი და საშუალებას მოგვცემს, წლიდან წლამდე ვნახოთ, გვაქვს თუ არა პროგრესი;
სახელმწიფო თუ არ დააკვირდება წლიდან წლამდე პროგრესს ან რეგრესს, ეს განათლების არც განვითარებას მოგვიტანს და სადღაც გავიყინებით.
სასკოლო განათლების საბოლოო და შუალედური შედეგები უნდა შეფასდეს შესაბამისი ინდიკატორებით, რომლებიც დღეს არ ახლავს ზოგადი განათლების პროგრამას და მის ქვეპროგრამებს;
შესაბამისი კვლევების დანერგვით ყოველწლიურად უნდა განხორციელდეს დაკვირვება სასკოლო განათლების ხარისხზე, რომლის შედეგებიც გამოყენებული იქნება ზემოთ აღნიშნული პროგრამების შეფასების ინდიკატორებისთვის;
ვინაიდან სკოლის პედაგოგთა საშუალო ასაკი წლიდან წლამდე იზრდება, უნდა შემუშავდეს შესაბამისი სახელმწიფო პოლიტიკა ამ პროფესიაში უფრო მეტი ახალგაზრდის მოსაზიდად.

P. S. მაშ, ასე! ვისწვლოთ, ვასწავლოთ, ვუკიჟინოთ როგორც შვილებს, ისე სახელმწიფოს, რომ ამ ქვეყნაში განათლებას ეშველოს. არადა, ყველაზე დიდი ინვესტიცია განათლებაშია!

მაკა მოსიაშვილი