„ეროვნული ბანკი სესხის გამცემი ორგანიზაციების ერთიან რეგულაციას ცდილობს“

2017 წლის ბოლოს საქართველოს პარლამენტმა დაამტკიცა „საქართველოს ეროვნული ბანკის“ უფლებამოსილება სესხის გამცემი სუბიექტების საქმიანობის რეგულირებისა და ზედამხედველობის „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში განხორციელებული ცვლილებით. შესაბამისი პროექტი 2018 წლის 11 იანვარს ამოქმედდა. აღნიშნული უფლებამოსილების თანახმად, „საქართველოს ეროვნულ ბანკს“ დაევალა, რომ 2018 წლის პირველ ოქტომბრამდე გამოსცეს სესხის გამცემი სუბიექტის საქმიანობის ზედამხედველობის მარეგულირებელი სამართლებრივი აქტი და 2019 წლის პირველი იანვრიდან რეგულარულად განახორციელოს სესხის გამცემი სუბიექტების საქმიანობის ზედამხედველობა.

2018 წლის პირველ ოქტომბერს საქართველოს პარლამენტმა გამოაქვეყნა დოკუმენტი „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე. შესაბამისი დოკუმენტის თანახმად, ეროვნულ ბანკს მინიჭებული აქვს სრული უფლებამოსილება, ზედამხედველობა გაუწიოს კომერციული ბანკების, საბანკო ჯგუფების, არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების, ფასიანი ქაღალდების დამოუკიდებელი რეგისტრატორების, საბროკერო კომპანიების (გარდა სადაზღვევო ბროკერებისა), საფონდო ბირჟის, ცენტრალური დეპოზიტარის, სპეციალიზებული დეპოზიტარის, აქტივების მმართველი კომპანიების, ანგარიშვალდებული საწარმოების, ვალუტის გადამცვლელი პუნქტების, საინვესტიციო ფონდების, საგადახდო სისტემის ოპერატორების, საგადახდო მომსახურების პროვაიდერების, საკრედიტო საინფორმაციო ბიუროს და სესხის გამცემი სუბიექტების საქმიანობას ამ კანონისა და სხვა სამართლებრივი აქტების საფუძველზე.
„საქართველოს ორგანული კანონის“ თანახმად „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე სესხის გამცემი სუბიექტი გახლავთ ნებისმიერი მეწარმე სუბიექტი, რომლის მიმართ, ერთდროულად, 20-ზე მეტ ფიზიკურ პირს აქვს სასესხო/საკრედიტო ვალდებულება.

ზემოხსენებულ წესზე, მის საჭიროებასა და საქართველოს ეროვნული ბანკის უფლება-მოვალეობებზე „ქრონიკა+“-ის შეკითხვებს პასუხობს საბანკო პროდუქტების ექსპერტი _ დავით კიკვიძე:

_ რას ითვალისწინებს ეს წესი და რატომ გახდა მისი მიღება საჭირო?
_ უპირველეს ყოვლისა, ეროვნული ბანკი ცდილობს, რომ ყველა ფინანსური ინსტიტუტი, რომელიც სესხების გაცემასთან არის დაკავშირებული, ერთიანი რეგულირების ქვეშ მოაქციოს და ეროვნული ბანკი თავად იყოს აღნიშნული სექტორის მარეგულირებელი. მივესალმები ამ ინიციატივას იქიდან გამომდინარე, რომ ნებისმიერი ფინანსური ორგანიზაცია, ფინანსური ინსტიტუტი, რომელიც სესხის გაცემის პროცედურებთან არის დაკავშირებული, აუცილებლად უნდა იყოს ეროვნული რეგულირების ქვეშ.
რაც შეეხება, ზოგადად, ეროვნული ბანკის ამ პირობებს, მის მიერ შემუშავებული ეს კონკრეტული დოკუმენტი, გარკვეულწილად, ძალიან კარგია. იმ მოთხოვნებს, რაც ეროვნულმა ბანკმა დაუწესა ფინანსურ ორგანიზაციებს, რა თქმა უნდა, პირადად მივესალმები იმიტომ, რომ ესენი გახლავთ მინიმალური მოთხოვნები, მინიმალური სტანდარტები, საოპერაციო საქმიანობების მოწყობის წესები _ როგორ უნდა იმუშაოს ასეთი ტიპის ორგანიზაციებმა, რა ტიპის ფართი უნდა იყოს ამისთვის გამოყოფილი, სალაროს ორგანიზების სტრუქტურა როგორი უნდა იყოს და ა. შ. ეს ყველაფერი ძალიან კარგია, სწორია, რადგან აუცილებელია გარკვეული ტიპის სტანდარტების არსებობა და დარწმუნებული ვარ, ეს სტანდარტები საერთაშორისო გამოცდილების საფუძველზეა შემუშავებული. ამრიგად, ეს წესი სიახლეა ქართული ბაზრისა და ფინანსური სექტორისთვის. ერთადერთი, რაზეც ვფიქრობ, რომ მეტად დიფერენცირებული უნდა იყოს, ეს არის მოსაკრებელი. არ შეიძლება, ყველა ფინანსური ინსტიტუტის მიმართ ერთი და იგივე მიდგომა იყოს. ეს არ მგონია სწორი პოზიცია. ვგულისხმობ იმ 10 000 ლარს, რომელიც მინიმალურ მოსაკრებლად დაწესდება.
ამასთან, მცირე ტიპის ორგანიზაციებს _ ლომბარდებსა და მსგავსი ტიპის სხვა დაწესებულებებს _ ცხადია, გაუჭირდება, ერთჯერადად, ამ რაოდენობის მოსაკრებლის გადახდა. ეს იმიტომ, რომ ასეთი ტიპის ორგანიზაციები საკმაოდ დაბალ მარჯაზე მუშაობს და, მომგებიანობის თვალსაზრისით, არცთუ ისე მაღალი კოეფიციენტით ხასიათდება.
კარგი იქნებოდა, მიდგომები დიფერენცირებული ყოფილიყო თვითონ ორგანიზაციების სიმსხვილიდან გამომდინარე. თუმცა ეროვნულმა ბანკმა საჭიროდ მიიჩნია, რომ ერთიანი სტანდარტი ყოფილიყო. ვნახოთ, თვითონ ბაზარი როგორ მოახდენს რეაგირებას ამ რეგულაციების მიმართ. ნამდვილად არსებობს ალბათობა, რომ, უახლოეს პერიოდში ბევრმა ორგანიზაციამ უარი თქვას ბაზარზე ოპერირებაზე არა მხოლოდ ამ რეგულაციის გამო, არამედ სხვა, ახლად მიღებული რეგულაციების გამოც, რადგან ეროვნულმა ბანკმა ბევრი სხვა შეზღუდვა შემოიღო. ამ ყველაფრის ფონზე, შესაძლებელია, რომ ორგანიზაციების ნაწილი ბაზარზე აღარ დარჩეს.
_ სესხის გამცემ სუბიექტებს რა დოკუმენტების წარდგენა მოუწევს ეროვნული ბანკის მიმართ?
_ ჩამონათვალში ბევრი დოკუმენტაციაა. პირველ ყოვლისა, ეს გახლავთ მოგება-ზარალის უწყისები, ფინანსური მდგომარეობა, წესდება, ორგანიზაციის სტრუქტურული მოწყობა, ინფორმაცია დამფუძნებლის შესახებ და ა. შ., ანუ ყველა ის ძირითადი დოკუმენტაცია, რომელიც მნიშვნელოვანია ფინანსური ინსტიტუტის ფორმირებისთვის. გარდა ამისა, რასაც მინდა, ყურადღება მივაქციო, გახლავთ ის, რომ კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ კანონში მკაფიოდ არის განსაზღვრული თვითონ დამფუძნებლებისა და აქციონერების შესახებ, მმართველი რგოლში შემავალი პირების შესახებ პირადი, დეტალური ინფორმაცია, რაც ძალიან მნიშვნელოვანია გამომდინარე იქიდან, რომ არსებითია, ფინანსურ ინსტიტუტს მართავდეს საკმაოდ გამოცდილი და პროფესიონალი კადრები ფინანსების, ეკონომიკის, იურისპრუდენციის მიმართულებით. ვფიქრობ, ეს საკითხიც საკმაოდ სწორად არის დალაგებული. უნდა გაირკვეს და წარმოდგინდეს, არსებობს თუ არა საფრთხე, რომ ასეთი ტიპის პირებმა შეძლონ, რაიმე ზეგავლენა მოახდინონ ფინანსური ორგანიზაციების არასწორი მიმართულებით წასვლის კუთხით.
_ სესხის გამცემ სუბიექტებს ეროვნული ბანკის მიმართ რა ვალდებულებები ექნებათ?
_ ერთი კონკრეტული და მნიშვნელოვანი ვალდებულება არის ის, რომ ყველა ფინანსური ინსტიტუტი უნდა დაექვემდებაროს და შეასრულოს ის წესები, დადგენილებები და დებულებები, რასაც ეროვნული ბანკი გამოსცემს. გარდა ამისა, ასეთი ტიპის ორგანიზაციებს ვალდებულება აქვს, რომ ყოველკვარტალურად, ყოველთვიურად, ყოველწლიურად შესაბამისი ანგარიშგებები აგზავნოს ეროვნულ ბანკში და შესაბამისობაში იყოს იმ ყველა პირობასთან, რაც საქართველოს ეროვნულ ბანკს აქვს ჩამოყალიბებული შესაბამისი ფინანსური ორგანიზაციებისა და სუბიექტების მიმართ.
_ მომხმარებლისთვის რა მნიშვნელობის იქნება შესაბამისი წესი?
_ პირველ ყოვლისა, ცხადია, მომხმარებელზე უნდა აისახოს ყველა ტიპის ფინანსური რეგულაცია, რასაც ეროვნული ბანკი იღებს. მომხმარებელი ძალიან ემოციურია ხოლმე ამ მიმართულებით. ის ფაქტი, რომ საქართველოს ეროვნული ბანკი ყველა ფინანსურ ინსტიტუტს აწესრიგებს, იმას ნიშნავს, რომ ამ ინსტიტუტებს არ ექნება თვითნებობის უფლება, დაარეგულიროს საკუთარი საქმიანობა ისე, რომ გვერდი აუაროს რაიმე სახის კანონმდებლობას. ძალიან მარტივი და ბევრი მაგალითი არსებობს იმისა, რომ ლომბარდები ან ვალუტის გადამცვლელი პუნქტები, ხშირად, საკომისიოს იღებს ისე, რომ ამის შესახებ წინასწარ არ აწვდის მომხმარებლებს ინფორმაციას. ამ მიმართულებით ბევრი პრობლემაც ყოფილა.
ყველა ფინანსური ინსტიტუტი იქნება ვალდებული, რომ მომხმარებლებს წინასწარ შეატყობინოს ყველა ტიპის ინფორმაცია საკუთარი სერვისების, თანდაყოლილი გადასახადებისა და ხარჯების შესახებ, რაც, საბოლოოდ, იმის საშუალებას მოგვცემს, რომ გაუთვითცნობიერებლობის შედეგად მიღებული ზიანი და ა. შ. თავიდან იქნეს აცილებული. ასე რომ, უპირველეს ყოვლისა, მომხმარებლისთვის კარგია, როცა მისი უფლებები დაცული იქნება თაღლითური სქემებისგან, ორგანიზაციების მიერ არაკეთილსინდისიერი მოპყრობისგან და ა. შ.
_ საქართველოს ეროვნულ ბანკს რა ვალდებულებები ექნება, ზედამხედველობის კუთხით, სესხის გამცემი სუბიექტების მიმართ?
_ ქვეყანაში ფინანსური სტაბილურობის შექმნა _ ეს გახლავთ ეროვნული ბანკის ერთადერთი ვალდებულება. აქედან გამომდინარე, მისი თითოეული დებულება ამ ვალდებულების გარშემო მოქმედებს. რომ ვთქვათ, რომ სებ-ს რაიმე ვალდებულება აქვს რომელიმე კონკრეტული ფინანსური სუბიექტის ან ფინანსური ორგანიზაციის მიმართ, ასეთი მიდგომა არ არსებობს. თუმცა მეორე მხარე არის ის, რომ იგი ვალდებულია, ყველა ფინანსურ ორგანოს მხარი დაუჭიროს, მათი პრობლემები გაიზიაროს, მათი გადაჭრის გზებზე იმუშაოს და ა. შ., რომ ყველა ორგანიზაციას მიუდგეს ერთიანი, ობიექტური პირობებით, რათა ვინმემ არ იგრძნოს თავი მიკერძოებულად.
საქართველოს ეროვნული ბანკის შეფასებით, სესხის გამცემი სუბიექტების რეგულირების მიზანია ფინანსური სტაბილურობისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის უზრუნველყოფა. მარეგულირებელმა აქტმა ხელი უნდა შეუწყოს მომხმარებლისთვის შეთავაზებული მომსახურების ხელმისაწვდომობასა და უსაფრთხოებას.
ზემოხსენებული დოკუმენტის თანახმად, არავის აქვს უფლება, ეროვნული ბანკის მიერ გაცემული საბანკო საქმიანობის ლიცენზიის გარეშე მიიღოს დეპოზიტები და მათი გამოყენებით გასცეს კრედიტები. გარდა ამისა, ეროვნულმა ბანკმა საფინანსო სექტორის წარმომადგენელ სუბიექტებსა და ორგანიზაციებს უნდა დაუდგინოს მომსახურების გაწევისას მომხმარებლისთვის აუცილებელი ინფორმაციის მიწოდების წესი. ასევე ეროვნული ბანკის უფლებამოსილებაა, რომ კომერციულ ბანკებს მიაწოდოს ყველა იმ პირთა სია, რომელთა საქმიანობა შეიცავს ან შეიძლება შეიცავდეს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ან ტერორიზმის დაფინანსების რისკებს.

მარიამ ტიელიძე