ოთხი პრეზიდენტი საქართველოსი

ოთხი პრეზიდენტი… უკვე მეხუთეს ვირჩევთ და ვიდრე აგვირჩევია, მოდი, ორიოდე სიტყვა ვთქვათ ამ 4 პრეზიდენტზე, მათ ვინაობასა და რაობაზე. ჰო, ნუ შეიცხადებთ. რაობა. „ვინ არის“ შემდეგ ქართველი მუდამ კითხულობს: „რა კაცია?“
ერთი მარტივი ფილტრი. ქართველი თუ გაღიარებს ან ავად, ან კარგად, მხოლოდ სახელით გიხსენიებს. ერთ სახელს გჩუქნის და მხოლოდ შენთან ახდენს იმ სახელის ასოცირებას. ეს ასეა პოლიტიკაშიც, ხელოვნებაშიც და, თქვენ წარმოიდგინეთ, ქალაქის გიჟთა სახელდებაშიც _ გიჟი მარინას გვარი არავინ იცის, მაგრამ ყველამ იცის, ვინ იყო გიჟი მარინა, ან თუნდაც კიკა.

როგორც ვთქვით, ასეა ხელოვნებაში _ როდესაც იტყვი სოფიკოს, არა მგონია, ვინმემ სხვა სოფიკოზე გაიფიქროს, თუ არა სოფიკო ჭიაურელზე. ან როდესაც იტყვი ვერიკოს, არა მგონია, ვინმეს ეგონოს, რომ ვერიკო ტურაშვილზე ლაპარაკობ და არა ვერიკო ანჯაფარიძეზე.
მოკლედ, ქართველი, ნიშნად აღიარებისა, დგება და იმ ერთ სახელს შენ გჩუქნის და გიხსენიებს მხოლოდ სახელით ან ავად, ან კარგად. შეიძლება გვარითაც გიხსენიებდეს, შეიძლება კი არა, უმეტესად, გვარით გიხსენიებს, მაგრამ მარტო სახელის ხსენება საკმარისი უნდა იყოს იმის მისახვედრად, ვისზეა საუბარი.
ვინმე ზვიადს რომ ახსენებს, არა მგონია, ვინმე დალაგებულს ჯერ ზვიად ძიძიგური გაახსენდეს და მერე ზვიად გამსახურდია. ასეთი იაღლიში ლიანდაგზე თვითონ ძიძიგურივით გაშოტილ-თავდადებულს თუ მოუვა.
არა მგონია, თქვა ედუარდი, უფრო სწორად, ედიკა და არ გაგახსენდეს შევარდნაძე. დიდი-დიდი შენს მეზობელ „კაფელშიკში“, „სანტეხნიკში“ ანდა სულაც კალაძის მიერ უტანგოდ დატოვებულ ტაქსისტში აგერიოს, ვინმეში.
არა მგონია, თქვა მიშა და ეტლში გათხრილ მთვარეზე მღელვარე მიშა ცაგარელი გაგახსენდეს და არა _ მიხეილ სააკაშვილი.
მოკლედ, ამ სამეულმა შეძლო ეს _ მათ სახელით იხსენიებენ, ყოველ შემთხვევაში, ამ სახელებზე (ზვიადი, ედიკა, მიშა) პირველ რიგში გვახსენდებიან სწორედ ისინი, თუნდაც სახლში გვყავდეს ამ სახელის მქონენი.
ახლა მე თქვენ გეკითხებით, გიორგის რომ ახსენებენ, ვინმეს ახსენედება თუ არა გიორგი მარგველაშვილი? ცოლ-შვილზე არ გეკითხებით, ხალხზე გეკითხებით.
არაა საჭორო ახლა იმ ტარხუნით გაპრავება, რომ გიორგი ყველაზე გავრცელებული სახელია საქართველოში და ამიტომაა ეს შეუძლებელი. გარკვეულწილად, არც უამისობაა, მაგრამ შე კაი კარტოფილის მოსავლიანო, „გიორგის“, ამ სახელის ხსენებისას, სხვა ბევრ გიორგისთან ერთად, ვინმეს ხომ მაინც უნდა გაახსენდე შენც?
მოკლედ, რაღა მეტი გავაგრძელოთ, აი, ამ ფილტრიდანაც კარგად ჩანს, ვინ რა მოხელე „ნაჩალნიკი“ იყო პრეზიდენტთა შორის.
ახლა, მოკლედ მთავარ გარემოებაზედ. არც ამ შემთხვევაში აქვს მნიშვნელობა, როგორ ვაფასებთ ჩვენ ამ პერსონების საქმიანობას _ დადებითად თუ უარყოფითად.
ზვიად გამსახურდიაზე ვერავინ იტყოდა, რომ ვინმეს კაცი იყო. ის ერის კაცი იყო და სწორედ ასე _ ერის კაცის სახელით დამკვიდრდა საბოლოოდ ისტორიაში _ კრემლისა და მათი ადგილობრივი დამქაშების _ ერთი მუჭა მეძავი, კოლაბორაციონისტი (ბნ)ელიტის ძალისხმევის მიუხედავად.
ვერც შევარდნაძეზე იტყოდა ვინმე, რომ ის ვინმეს კაცი იყო, თუმცა შეგეძლო გეთქვა, რომ ის კრემლის კაცია. კრემლის კაცია, მაგრამ არა ვინმე კონკრეტული კაცის კაცი. ფაქტია, არც ზვიადი იყო კაცის კაცი და არც ედუარდ შევარდნაძე ყოფილა კაცის კაცი. და არც მიხეილ სააკაშვილი იყო ვინმეს კაცი. შევარდნაძის მსგავსად, ვინმემ ისიც შეიძლება მოიხსენიოს დასავლეთის კაცად, მაგრამ პერსონალიებამდე _ ვერც გარეულამდე, ვერც შინაურამდე ვერავინ დავა, ვერავინ იტყვის, რომ ის ჟვანიას კაცი იყო, ან შევარდნაძის კაცი, ან კლინტონის, ან ბუშის, ან მადლენ ოლბრაიტის.
მოკლედ, პირველი სამი პრეზიდენტი _ ზვიად გამსახურდია, ედუარდ შევარდნაძე თუ მიხეილ სააკაშვილი _ არავის კაცები არ ყოფილან. ისინი თავად იყვნენ კაცები და მათ ყოველთვის იქით ჰყავდათ თავისი კაცები ყველგან _ ხელისუფლების სხვადასხვა შტოსა თუ საზოგადოების სხვადასხვა ფენაში.
1991 წელს ზვიად გამსახურდიას ხმა მისცა 2 565 362 კაცმა;
1995 წელს ედუარდ შევარდნაძეს ხმა მისცა 1 589 909 კაცმა;
2000 წელს ედუარდ შევარდნაძეს ხმა მისცა 1 870 311 კაცმა;
2004 წელს მიხეილ სააკაშვილს ხმა მისცა 1 890 256 კაცმა;
2008 წელს მიხეილ სააკაშვილს ხმა მისცა 1 059 647 კაცმა.
მოკლედ, ზვიადს ზვიადის ხათრით ხმა მისცა 2 565 362 კაცმა! ისევე როგორც შევარდნაძეს შევარდნაძის ხათრით _ ჯერ 1 589 909-მა და შემდეგ 1 870 311 და მიშას _ მიშას ხათრით _ 1 890 256, მეორედ _ 1 059 647-მა კაცმა.
ოფიციალურად, 2013 წელს გიორგი მარგველაშვილს ხმა მისცა 1 012 569 კაცმა. დიახ, დღემდე ჩატარებულ 6 საპრეზიდენტო არჩევნებში ყველაზე ნაკლები ხმა სწორედ კაცის კაცმა _ გიორგი მარგველაშვილმა მიიღო. ანუ მან და იმან, ვისი კაციც ეს გახლავთ, ასე წყვილში ყველაზე ნაკლები ხმა მიიღეს.
ძალიან საინტერესოა, რეალურად რამდენმა კაცმა მისცა ხმა გიორგი მარგველაშვილს? დიახ, მარგველაშვილს მარგველაშვილისა და არა ბიძინა ივანიშვილის ხათრით? ამის დათვლა შეუძლებელია, ოღონდ არა იმიტომ, რომ ასეთების სახელი ლეგიონია, პირიქით…
გიორგი მარგველაშვილი სწორედ ამით იყო და ამითაა ახალი სიტყვა საქართველოს საპრეზიდენტო ისტორიაში _ ის იყო ბიძინა კაცი და მე თუ მკითხავთ, ასეთადაც დარჩა და დღემდე ასეთია. თუ რატომ, ამაზე ქვემოთ.
სწორედ გიორგი მარგველაშვილის გაპრეზიდენტებით დამკვიდრდა ახალი ეტაპი ქართულ საპრეზიდენტო ისტორიაში. დღეს უკვე ყველა კანდიდატი ვიღაცის კაცია (და ქალია).
უკვე ვთქვით, არავის იმდენი ხმა არ მიუღია საქართველოს ისტორიაში, რამდენიც მიიღო პირადად ზვიად გამსახურდიამ _ 2 565 362! მაგრამ…
არჩევნები, რომლითაც „მრგვალი მაგიდა _ თავისუფალი საქართველო“ მოვიდა ხელისუფლებაში, გაიმართა 1990 წლის 28 ოქტომბერს.
ზვიად გამსახურდია უზენაესი საბჭოს თავმჯდომარედ აირჩიეს პირველ სესიაზე 1990 წლის 14 ნოემბერს, პრეზიდენტად _ 1991 წლის 26 მაისს. საქართველო დატოვა 1992 წლის 6 იანვარს.
ზვიად გამსახურდია საქართველოს პრეზიდენტი იყო 7 თვეზე ოდნავ მეტი, სულ 225 დღე!!! მთლიანად „მრგავლი მაგიდა“ ხელისუფლებაში იყო სულ 435 დღე _ (დღიდან არჩევნებისა დღემდე საქართველოდან განდევნისა _ 1990 წლის 28 ოქტომბრიდან 1992 წლის 6 იანვრამდე).
225 დღე კი იყო, მაგრამ რეალურად ეს 225 დღეც არავის უცლია მისთვის პრეზიდენტობა…
მისი პრეზიდენტად არჩევიდან 85-ე დღეს (19 აგვისტო) გადადგა პრემიერ-მინისტრი თენგიზ სიგუა. 90-ე დღეს კი თენგიზ კიტოვანმა გვარდიის ნაწილები რკონის ხეობაში გაიყვანა. დაიწყო ის პროცესები, რამაც მიგვიყვანა სამხედრო გადატრიალებამდე. სექტემბრიდან აქცია აქციაზე იმართებოდა, ბარიკადები იყო რუსთაველზე. ეროვნული გვარდიის დაუმორჩილებელი ნაწილი თბილისის ზღვაზე განლაგდა. მიტინგები მიტინგებზე იყო, სად აღარ კოტრიალობდნენ რუსთაველზე: ედეპეს შტაბბინასთან, კინოს სახლთან, ტელევიზიის კიბეებზე. 1991 წლის 21 დეკემბერს პირველი ტყვიაც გავარდა…
ზვიად გამსახურდიამ აღადგინა საქართველოს დამოუკიდებლობა. თუმცა დღესაც იპოვით არაერთ გარეწარს, რომელიც ურცხვად ჟონგლიორობს და ამბობს, რომ სსრკ დაშლილი იყო და ჩვენ „პოდნოსზე“ დადებული მოგვივიდა დამოუკიდებლობა და რომ თურმე ზვიად გამსახურდიაზე ამ ღვაწლის მიწერა სასაცილოა.
როდესაც დრუნჩზე ხელს მოკიდებ და იმ უსირცხვილო თავს მოატრიალებინებ და შეახსენებ კონკრეტულ თარიღებს, რომ ზვიად გამსახურდიამ რეფერენდუმი ჩაატარა 1991 წლის 31 მარტს, რომლის საფუძველზეც დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა 1991 წლის 9 აპრილს და რომ სსრკ დაიშალა 1991 წლის დეკემბერში, ჩვენ მიერ დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან თითქმის 9 თვეში! ამ ყველაფერს რომ ეტყვი, უსინდისოდ მაინც თავს წევს და გეუბნება, _ ნუ, თითქმის დაშლილი იყო, რა… იმაზე აღარაფერს ამბობს, იმ დაშლილის რესტავრირებულ ვარიანტში, დსთ-ში რომ მისმა მამათელმა დალაი ლამამ შეათრია საქართველო.
დიახ, საქართველოს დამოუკიდებლობა მოუტანა ზვიად გამსახურდიამ! საბჭოთა კავშირი შემდეგ დაიშალა!
ზვიად გამსახურდიამ მოგვარებული დატოვა ცხინვალის კონფლიქტი! ცხინვალის რეგიონი საქართველოს დაუკარგა შემდეგმა ხელისუფლებამ და არა ზვიად გამსახურდიამ!
ცხინვალის რეგიონში კონფლიქტი ქართველებსა და ოსებს შორის ზვიად გამსახურდიას ხელისუფლებაში მოსვლამდე იყო დაწყებული. 1990 წლის მიწურულს, როგორც კი ე. წ. სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის რეგიონულმა საბჭომ საქართველოდან გამოყოფაზე გააკეთა განცხადება, ზვიად გამსახურდიას თაოსნობით, უზენაესმა საბჭომ საერთოდ გააუქმა სამხრეთ ოსეთის ავტონომია! რამდენიმე თვეში დასრულდა შეტაკებები! ტორეზ კულუმბეკოვი ციხეში გამოკეტეს!
1991 წლის 23 მარტს ყაზბეგში ერთმანეთს შეხვდნენ ზვიად გამსახურდია და ბორის ელცინი. შემუშავდა დოკუმენტი _ შეთანხმება, სადაც ყველგან ნახმარი იყო „ყოფილი სამხრეთ ოსეთი“! რუსეთმა აღიარა ოლქის გაუქმება! და რა მოხდა შემდეგ? ზვიად გამსახურდიას დამხობის შემდეგ ციხიდან გამოუშვეს ტორეზ კულუმბეკოვი… და ცხინვალი ჩააბარეს რუსებს…
ზვიად გამსახურდიაზე ხშირად ვამბობთ, რომ არ ვაცალეთ. არასწორია. ხალხი არაფერ შუაშია. მას არ აცალა კრემლმა, „კაგებემ“, მათმა აქაურმა ნომენკლატურამ, ერთმა მუჭა ელიტამ, რომელმაც ცხადია, აიყოლია და შეცდომაში შეიყვანა საზოგადოების ვიწრო წრეც, რომელსაც გულწრფელად არ მოსწონდა რაღაც _ არსებითი თუ არაარსებითი.
ზვიად გამსახურდია იყო „კაგებეს“ ბინძური ჭორების სამიზნე. ის იყო პრეზიდენტი, რომელსაც არ შეარგეს „მერსედესის“ ყოლა. სხვათა შორის, არაერთი ჭორი გაავრცელეს როგორც მის, ისე მისი ოჯახის წევრების პირად ცხოვრებაზეც. დიქტატორამდე გიჟადაც შერაცხეს…
ჭორებს რომ სწორედ „კაგებე“ უვრცელებდა მთელი თავისი კარგად მომართული მანქანით, ეს კარგად ჩანდა შემდეგი გარემოებიდან: თბილისში მანანა არჩვაძის ესკორტის გადაადგილების გამო ქუჩა რამდენიმე წუთით გადაიკეტა. ეს ამბავი ზუსტად ორ დღეში მოედო მთელ ქვეყანას. ჩემს სოფელშიც კი ყველა ამაზე ლაპარაკობდა, თურმე, როგორ კეტავდნენ ქუჩებს და ა. შ.
ჯერ კაცმა არ იცის, მართლა გადაიკეტა კი ის ქუჩა იმ რამდენიმე წუთით, თუ ეგეც მოგონილი იყო? უბრალოდ, რა თარიღიც სახელდებოდა გადაკეტვის დროდ, იქიდან ორ დღეში ინფორმაციის გავრცელებაზე ვამბობ. რომც გადაკეტილიყო, ამაში არაფერია გასაკვირი, არც ასე და არც ისე. მით უმეტეს, დღეს, როდესაც არათუ წუთებით, საათობით კეტავენ გზებს, მათ შორის სარკინიგზოს, მხოლოდ იმიტომ რომ იმ ბრძენმა დაგლეჯილი ხეები აგლიჯინოს. ეს ცალკე თემაა _ დღეს ეს რომ არ აღელვებთ და ოდესღაც გზის ხუთწუთიანი გადაკეტვის გამო რომ მზად იყვნენ, თავისი ხელით დაეხრჩოთ პირველი პრეზიდენტი.
მოკლედ, არსებითი მნიშვნელობა არცა აქვს, გადაიკეტა თუ არა. მთავარია ამბის გავრცელების სისწრაფე! დღეს ეს ჩვეულებრივი ამბავია -_ შეესწრო ვიღაც, დაწერა ფეისბუკზე და მოედო ქვეყანას. ან გადაიღო რომელიმე არხმა და გაუშვა!
1990-91 წლებში არც ფეისბუკი იყო, არც დამოუკიდებელი არხი, რომელიმე ოპოზიციურ გაზეთში რომც დაწერილიყო ეს ამბავი, განა რა ტირაჟით გამოდიოდა ეს გაზეთი, რომ ყველამდე მივიდა? და თუ ვიღაცამ წაიკითხა, განა რა სისწრაფით გაავცელა? კი, მიტინგებზეც ამბობდნენ ასეთ სიბრძნეებს, მაგრამ განა რამდენი ათასი კაცი ესწრებოდა იმ მიტინგებს და რამდენს უყვებოდა? თითო კაცი _ ათას კაცს?
ფაქტია, რაღაც ძალა შეგნებულად ავრცელებდა ამ ცნობას! რა ძალა იყო ეს, მხოლოდ ოპოზიცია? ჰქონდა კი ოპოზიციას ამხელა რესურსი? თუ ეს ძალა სწორედ ბინძური ჭორების გავრცელებაში ჭიპმოჭრილი „კაგებე“ იყო? რა თქმა უნდა ის იყო. მთელი რუსული მანქანა მუშაობდა ზვიად გამსახურდიას დისკრედიტაციაზე. მათ მესიჯბოქსს, ცხადია, მათივე შნირი მაშინდელი ოპოზიცია და ნომენკლატურული ელიტა იმეორებდა. დღეს, რატომღაც, მათ რეჟისორებად, მწერლებად, მსახიობებად, მხატვრებადღა ვიხსენიებთ, არადა თითოეული მათაგნი ოფიციალურად იყო სხვადასხვა დროს საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს თუ სსრკ უმაღლესი საბჭოს დეპუტატი, პარტიული ფუქნციონერი. აღარაფერს ვამბობ მათ აგენტურულ მოღვაწეობაზე.
ეს არ ყოფილა არანაირი სამოქალაქო დაპირისპირება, ეს იყო კრემლის ორგანიზებით და რუსეთის ჯარების დახმარებით განხორციელებული ნომენკლატურის რევანში! დიახ, ის, ვინც დამარცხდა 1990 წლის 28 ოქტომბრის არჩევნებში, ხელისუფლებაში მობრუნდა ტყვიით და სისხლით. ტყვიის სროლაზე არც მერე ამბობდნენ უარს კარგა ხანს _ ხვრეტდნენ მიტინგებს! გადაუარეს სამეგრელოს…
საქართველოს შემდეგი პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე გახდა. ოფიციალურად, ის ორჯერ აირჩიეს საქართველოს პრეზიდენტად -_ 1995 და 2000 წლებში, მაგრამ ამას ხელი არ შეუშლია მისთვის, რომ საქართველოს პრეზიდენტი მანამდეც ყოფილიყო სხვადასხვა „იარლიყით“: ხან ცეკას მდივნის რანგში და ხან სახელმწიფო საბჭოს, ხანაც პარლამენტის თავმჯდომარის რანგში.
რეალურად ის საქართველოს ორგზის მართავდა 13 და 12 წელი! 1972-დან 1985 წალმდე _ ცეკას მდივნის რანგში და 1992 წლის მარტიდან 2003 წლის ბოლომდე.
გამსახურდიას დამხობის შემდეგ ძალაუფლება ხელში სამხედრო საბჭომ აიღო _ კიტოვანის, იოსელიანისა და სიგუას შემადგენლობით. მოიწვიეს ედუარდ შევარდნაძეც, სამხედრო საბჭო სახელმწიფო საბჭოდ იქცა. ედუარდ შევარდნაძე საქართველოში დაბრუნდა და სახელმწიფო საბჭოს 1992 წლის 7 მარტს ჩაუდგა სათავეში. რევოლუციის შედეგად გადადგა 2003 წლის 23 ნოემბერს. სისხლისღვრით სათავეში მოსული შევარდნაძე შინ გაისტუმრეს ვარდებით და ხავერდით, მაგრამ ამ გასტუმრებამდე მას აცალეს ზუსტად 4278 დღე!
ამ 4278 დღიდან, ყოველგვარი ლეგიტიმაციის გარეშე, ქვეყანას სახელმწიფო საბჭოს თავმჯომარის რანგში მართავდა 218 დღე. პარლამენტის თავმჯდომარე/სახელმწიფო მეთაურის რანგში _ 1120 დღე, პრეზიდენტის რანგში _ 2940 დღე.
ზვიად გამსახურდიას დამხობის დღეებში თუ ვინმე იტყოდა, რომ ეს ყველაფერი შევარდნაძის აქ ჩამოსაყვანად კეთდებოდა, სეზონის გიჟად აცხადებდნენ, გამორიცხულად მიიჩნევდნენ მის აქ ჩამოყვანას, შემდეგ ზუსტად იგივე ხალხი ენაგადმოგდებული „აპრავებდა“ მის ჩამოყვანას და აცხადებდა, რომ შევარდნაძე საქართველოს ააყვავებდა. და რა გააკეთა მან საქართველოს აყვავების მაგიერ? თეა წულუკიანს რომ ჰკითხო, თურმე, ეს მან აიძულა უცხოელები თავისი რეპუტაციით, რომ საქართველო მსოფლიოს რუკაზე დაენახათ. არადა, საქართველოს დამოუკიდებლობა მის აქ ჩამოსვლამდე ცნო არაერთმა ქვეყანამ, მათ შორის, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა. წულუკიანს რომ ჰკითხო, ეს, თურმე, სწორედ მან, შევარდნაძემ დაამარცხა ქუჩაში მორბენალი კალაშნიკოვები. იმას აღარ ამბობს თეა, ეს კალაშნიკოვები რომ სწორედ ამ შევარდნაძის აქ ჩამოსაყვანად გამოცვივდნენ ქუჩაში, არც იმას, პირველ ეტაპზე სწორედ ამ კალაშნიკოვებს რომ ეყრდნობოდა მისი იეღოვა _ ედუარდ შევარდნაძე. შევარდნაძემ წარმატებით შეასრულა რუსეთის მიერ მისთვის დაკისრებული მისია _ ჩააბარა ცხინვალი. ჩააბარა აფხაზეთი. ცხადია, ბოლომდე ვერც ერთი გადაუფორმა, ვერც _ მეორე. ეს საქმე, ეგერ, სალომეს დაუტოვა, ზურაბიშვილს. საქართველო შეათრია დსთ-ში. რაც შეეხება კალაშნიკოვების აღკვეთას, ცხადია, მას შემდეგ, რაც მომძლავრდა, აღარ სჭირდებოდა ძალაუფლების ვინმესთან დაშეარება და თავიდან მოიშორა ჯაბაც, კიტოვანიც და მათი ხელქვეითებიც.
ცხადია, შევარდნაძეზეც იყო და არის მითები, ოღონდ თუ ზვიადზე და შემდეგ მიშაზე ამბობდნენ, რომ გიჟია, დიქტატორია, რომ წაიღო მილიარდები; ზვიადზე ტონობით ოქროსაც ამბობდნენ; ზვიადზე ამბობდნენ, რომ ცოლი და ცოლისდა ასხედან თავზე, მიშაზე ამას არ ამბობდნენ _ „კაგებეს“ მითოლოგიით სანდრას მიშას თავზე ჯდომისთვის არ ეცალა, ამალია ჯიბლაძისგან ნათხოვარი „კლეჩატი“ „სუმკით“ თირკმელები დაჰქონდა, მიშა კიდევ ძუძუებს ღეჭავდა კევივით…
აი, შევარდნაძეზე კი რა იყო? რომ შევარდნაძე ძალიან მაგარი პოლიტიკოსია, მართვის დიდოსტატი. ამ მითიდანაც ჩანდა, ვინ ავრცელებდა ამ მითებს და ისიც _ ვისზე მუშაობდა ეს გამავრცელებელი მარად უკვდავი „კაგებე“. დღემდე ბევრისგან გაიგებ, რომ შევარდნაძე მაგარი პოლიტიკოსი იყო, მაგრამ როგორც კი დასვამ შემხვედრ კითხვას, _ რაში გამოიხატა ეს სიმაგრე? პასუხი არის, _ ხელი გავიქნიე ფეხი. როდესაც ელისაბედ ტიუდორზე ვამბობთ, რომ ის იყო სწორუპოვარი პოლიტიკოსი, ვგულისხმობთ იმას, რომ მან დატოვა უძლიერესი სახელმწიფო! და რა დატოვა შევარდნაძემ? კორუფციის ჭაობში ჩაფლული ქვეყანა, სადაც ყველა ქრთამს იღებდა, „გაიშნიკი“ თუ „ჰაიშნიკი“ _ ყველაზე დაბალი რანგის ჩინოვნიკი თუ უმაღლესი რანგის ჩინოვნიკი. დადიოდი და არიგებდი ქრთამს ყველაგან… აყვავებისა და კვირტების დაბერვის ნაცვლად ქვეყანაში იყო სრული განუკითხაობა, უგაზობა, უშუქობა. განადგურებული გზები, განადგურებული ინფრასტრუქტურა, მარად კვეცად-კუმშვადი ბიუჯეტი, გაყინული პენსია-ხელფასები.
აი, ეს სახელმწიფო ჰქონდა შევარდნაძეს _ კორუფცია იყო მისი მართვის სტილი _ ყველას აძლევდა ჭამის საშუალებას და ყველას სწორედ ამ გზითვე აკონტროლებდა. მართვადი ქაოსი იყო მისი სტიქია.
დღესაც არიან ისეთები, რომელთაც სურთ, რომ იგი ლამისდა ეროვნულ გმირად წარმოგვიდგინონ, შემოგვასაღონ მედასავლეთედ. თურმე, იმიტომ, რომ ბაქო-ჯეიჰანი მისი დამსახურებაა და ნატოსკენ, ევროსტრუქტურებისკენ სვლა და ა. შ. ეს ის ხალხია, რომელიც სააკაშვილის ხელისუფლების დიდი ძალისხმევით მოგვარებულ ენერგოკრიზისს ბუნებრივ პროცესად ასაღებს _ დრომ მოიტანა, ვის უკვირს შუქი 21-ე საუკუნეშიო და მართლა გლობალური პოლიტიკის შედეგი უნდათ, რომ შევარდნაძის პირად დამსახურებად შემოგვასაღონ. ძალაუფლების შესანარჩუნებლად წარმოებული ორმაგი თამაშები ცალკე დასავლეთთან და ცალკე რუსეთთან, რომელზედაც გარკვეული დრო დასავლეთიც თვალს ხუჭავდა, უნდათ მედასავლეთეობად მოგვყიდონ. რომ არ ყიდულობ, ცმუკავენ და ათამაშებენ ერთ ადგილს ფინთად.
აი, იუმორი კი ნამდვილად ჰქონდა შევარდნაძეს. არ უნდა დავუკარგოთ. ფორტუნაც სწყალობდა _ არც ეს უნდა დავუკარგოთ. მერე რა, რომ რევოლუცია მოუწყვეს… იმ დღეებშიც და შემდეგაც ტრიალებდა მისი პასუხი: „სახლში“, კითხვაზე, _ სად მიდიხართ? „თეთრ მელად“ სახელდებულმა ამაშიც მოიტყუა! სახლში კი არა, რეზიდენციაში წავიდა და იქცია ის რეზიდენცია სახლად. იქცია რა, უქციეს და დაუმკვიდრეს…
მიხეილ სააკაშვილი, მრავალი ფუნდამენტური განსხვავების მიუხედავად, მაინც ბევრწილად უფრო ზვიად გამსახურდიას გაგრძელებაა, ვიდრე მისი უშუალო წინამორბედის, ვის პოლიტიკურ ბანაკში იყო კიდეც წლები. თუმცა აქვე უნდა ითქვას, ვინც მას და ქართული პოლიტიკის იმ წლების ისტორიას კარგად იცნობს, გადასარევად იცის, რომ ის „მოქკავშირში“ თავისი გეგმით მივიდა. სხვანაირად და სხვა გზით ვერანაირად მოიპოვებდა პოლიტიკურ ძალაუფლებას, რომ შემდეგ ის განეხორციელებინა, რაც სურდა და რაც განახორციელა კიდეც. ამდენად, ის არც ოდესმე ყოფილა შევარდნაძისტი.
შემთხვევითი სულაც არაა, რომ ზვიად გამსახურდიას იდეების ბევრი მიმდევარი შემდგომში სწორედ მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერად მოგვევლინა.
გამსახურდია რუსეთის წაქეზებით, გეგმით და მათივე ჯარების დახმარებით დაამხეს ადგილობრივმა კოლაბორაციონისტებმა.
სააკაშვილი არჩევნებში დამარცხდა 2012 წელს, მაგრამ აქაც რუსეთის ხელი იყო. უბრალოდ, რუსეთმა ამჯერად მეთოდი შეცვალა, ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ხალხს ის არჩევანი გაეკეთებინა, რაც გააკეთა. რუსული პროპაგანდისტული მანქანა დაეხმარა სააკაშვილის ოპონენტებს ყველა იმ მითისა და სიბინძურის გავრცელებაში, რაც საჭირო იყო მათი გამარჯვებისთვის. პრაქტიკულად, ზვიად გამსახურდიაც და მიხეილ სააკაშვილიც რუსებმა განდევნეს ქართველი კოლაბორაციონისტების ხელით. უბრალოდ, პირველად სისხლით და ტყვიით, მეორედ _ უსისხლოდ, თუმცა ეს უსისხლობა, ისევ და ისევ, „ტირანი“ სააკაშვილის დამსახურებაა _ მან მომენტალურად აღიარა არჩევნებში მარცხი. რომ არა მისი ეს სვლა, აქ სისხლისღვრა და ტყვიების წვიმა ატყდებოდა, კიტოვანი ქორფა კიტრად მოგეჩვენებოდა.
ზვიად გამსახურდია საქართველოდან განდევნეს. მისდევდნენ სროლით. ძლივს გაასწრო. მოგვიანებით, საქართველოში დაბრუნებული მოკლეს კიდეც.
მიხეილ სააკაშვილმა, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში მისი პარტიის მარცხის შემდეგ, თავისი საპრეზიდენტო ვადა ამოწურა და შემდეგ ასე ტყვიით არავინ გამოჰკიდებია, მაგრამ დღემდე დევნილობაშია. ივანიშვილი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ იგი საქართველოში არ დაბრუნდეს. თუ ზვიადს „მერსედესი“ ამოადინეს ძმრად, აქ ფიგურირებს სუში, ქიშმირის პალტო, რამდენიმე ხელი პიჯაკი და იუშენკოს ტანზე წანასვამი საპონი.
ორივე შემთხვევაში საქმე გვაქვს ერის უმადურობასთან და ორივე შემთხვევაში საქმე გვაქვს ერის დიდ სიყვარულთან. აი, ასეა, პარადოქსია, მაგრამ ასეა. ზვიად გამსახურდიამ დამოუკიდებლობა მოუტანა ქვეყანას, არაერთ საშვილიშვილო საქმეს ჩაუყარა საფუძველი, მაგრამ ბევრი დღემდე, რატომღაც, მას მხოლოდ პატრიოტად მოიხსენიებს, რომელმაც, თურმე, მართვა არ იცოდა. ბევრი, ვისაც დღეს ენა აქვს მუცელში ჩაგდებული, მას ჩაუშესკუს ეძახდა, დიქტატორს, გიჟს… მაგრამ იმ ამბებიდან ამდენი წლის შემდეგ ზვიად გამსახურდია მაინც სარგებლობს ათეულობით ათასი ადამიანის გულწრფელი, უანგარო სიყვარულით! სიკვდილიდან 25 წლის შემდეგ ვინმეს ემახსოვრება ან შევარდნაძე, ან ივანიშვილი? მათი გულისთვის ვინმე სიტყვას მაინც კი დაასველებს?
მოსახლეობის დიდი თუ არა გარკვეული ნაწილი მაინც უმადური აღმოჩნდა სააკაშვილის მიმართაც. იმ სააკაშვილის მიმართ, რომელმაც ქვეყანას მოაშორა მის სხეულზე კიბოდ მომჯდარი ედუარდ შევარდნაძე და კორუფცია. ქვეყანა ამოათრია უგაზობიდან, უშუქობიდან, უწყლობიდან, უგზოობიდან. შეიქმნა პატრული, სწორედ პატრულმა და არა მხოლოდ დეკლარირებულმა, არამედ რეალურად განხორციელებულმა ნულოვანმა ტოლერანტობამ კრიმინალის მიმართ მოგვიტანა უსაფრთხო ქუჩები, კრიმინალის ალაგმვა. ჯარი დაემსგავსა ჯარს. ეროვნული გამოცდების შემოღებით ბოლო მოეღო კორუფციას მისაღები გამოცდებისას, რამაც თაობებს გაუხსნა გზა განათლებისკენ.
დასტაბილურდა ლარი. დაიწყო ეკონომკის ზრდა. ქვეყნის შენება იქცა შეუქცევად პროცესად და რა, დაუნახა ვინმემ? ადგნენ და გადაირჩიეს, ამის გარდა, ლანძღეს და თათხეს, რაღა არ უწოდეს, მაგრამ… ამისდა მიუხედავად, 2016 წლის არჩევნებზეც კი მას ნახევარმილიონიანი ელექტორატი ჰყავდა! ახლა, თუ კიდევ ვინმეს ჰგონია, რომ 2016 წელს იმ ნახევარი მილიონი ხმის მიმცემიდან ვინმემ ხმა მას მისცა და არა მიხეილ სააკაშვილს, ტანში მართლა მაგრად ამტვრევს და ტვინში აჟრიალებს. მიხეილ სააკაშვილს დღემდე ჰყავს პერსონალური ელექტორატი _ ასეულობით ათასიანი…
მან ქვეყნის შენება აქცია შუქცევად პროცესად, რომელიც მაინც შეაჩერეს. ის აშენებდა და არ დაგავიწყდეთ, ეს ყველაფერი, მთელი ეს შენება მიმდინარეობდა გაუთავებელი, პერმანენტული საპროტესტო აქციების პარალელურად, რასაც შემდეგ დაემატა რუსეთის ომი საქართველოს წინააღმდეგ. აქციები არც შემდეგ შეწყვეტილა, უბრალოდ, დრო იცვალა მართლა და ოპოზიციას აღარ გამოუვიდა ის, რაც ზვიად გამსახურდიას დროს გამოუვიდა. ზვიად გამსახურდიას დროს ამბოხებულ ოპოზიციას რუსეთის ჯარები დაეხმარა და ამას „მოსკოვსკიე ნოვოსტი“ წერდა. 2011 წლის 26 მაისის აქციებისას კი კარგად გახსოვთ, ვისი ჯარების შემოსვლის იმედიც ჰქონდათ.
არც სააკაშვილს აცლიდნენ, კერ კიდევ 2005 წელს გამოცვიდნენ ქუჩაში. გახსოვთ, ალბათ, ჯღანას იცავდნენ. მერე საბაბებიც მიეცათ და ქვეყანა ცხოვრობდა პერმანენტული აქციების რეჟიმში, რომელიც აღარ მთავრდებოდა. დღეს ერთ კარავს არ ადგმევინებს შვილმოკლულ მამებს ის ხალხი, ვისაც კარვებისა და საკნების მთელი ქალაქი ჰქონდა მოწყობილი შუა რუსთაველზე თვეობით. სააკაშვილის გადადგომის მოთხოვნა პავლოვის ძაღლის რეფლექსად ექცათ და აგერ, ვაკის პარკში რომ კონტრაქცია გამართეს, ისევ მიშას გადადგომას ითხოვდნენ.
და რა უნდა ვთქვათ პრეზიდენტ მარგველაშვილზე?
ექვსჯერ დადებული ვეტო. ექვსჯერ დაძლეული ვეტო (განმარტებისთვის _ მეექვსე ვეტოსას სამ საკითხს გლიჯა ვეტო, ამდენად ჯამში რვა ვეტოა _ საკითხების მხრივ).
კიდევ? კიდევ ის, რომ როგორც ნიკო იტყოდა, ლორთქიფანიძე, _ კაი ნოგროს გამოდგნენ _ ორჯერ გამოწეული მუცელი და ორჯერ შეზნექილი წელი… (2 ვაჟი შეეძინა).
ხარდანიანი ვენახის ნაცვლად კარტოფილის ბოსტანი. ქსოვა თავშესაქცევად და განცხრომა საპრეზიდენტო რეზიდენციაში. სხვა მას არაფერი გაუკეთებია. ურცხვად არ ხსნის გრიფს დოკუმენტებს და არც იმ პატიმრებს იწყალებს, ვისგანაც აშკარა საფრთხე ელის ბიძინა ივანიშვილს. რეალურად ის რჩება ობერქოცად და ივანიშვილის კაცად, რომელსაც, უბრალოდ, „რასკლადში“ ბიძინამ სხვა როლი მისცა _ მასთან გაბუტულისა და მის რეჟიმზე აფარებული ლეღვის ფოთლის…
მოკლედ, ხატოვნად რომ მოგახსენოთ, ჩვენ გვიკიდია 4 ჩარჩო. პირველ სამ ჩარჩოში პორტრეტებია _ ველასკესის მიერ დახატული, მეოთხეში _ კარიკატურა, აი, ვახტანგ კუცია რომ ხატავდა…

რეზო შატაკიშვილი