ქუთაისის სასიკვდილო განაჩენი

მმართველი გუნდის ახირებით, პირველი იანვრიდან ქუთაისი საპარლამენტო დედაქალაქის სტატუსს დაკარგავს. მართალია, ამ გადაწყვეტილებას ქუთაისელები უკვე წლებია, ელოდნენ, მაგრამ იმედოვნებდნენ, რომ ხელისუფლებას ეყოფოდა გონიერება და საქართველოს უძველეს ქალაქს სასიკვდილო განაჩენს არ გამოუტანდა.

„ხელისუფლებამ ქურდულად წაიღო პარლამეტი ქუთაისიდან“, _ ასე აფასებენ ადგილობრივები მიღებულ გადაწყვეტილებას. ეს თემა გასული კვირის განმავლობაში ქალაქში მთავარი განხილვის საგანს წარმოადგენდა. მოსახლეობის დიდი ნაწილი არ მალავს უკმაყოფილებას და არ ეთანხმება არგუმენტებს, თითქოს ყოველივე ხარჯების შემცირებას ემსახურება. ქუთაისელები დარწმუნებულები არიან, რომ დეპუტატები პირად კომფორტზე ზრუნავენ და ქალაქის მომავალი ნაკლებად აღელვებთ.

ლევან ჭანჭალეიშვილი ერთ-ერთია, რომელიც არგუმენტირებულად აყალიბებს, თუ რატომ იყო მნიშვნელოვანი ქუთაისში საქართველოს პარლამენტის მუშაობის გაგრძელება და რას მოუტანდა იგი როგორც ქალაქს, ისე _ მთლიანად რეგიონს:
_ ლევან, შენი აზრით, რას მოუტანდა პარლამენტის სრულფასოვნად ფუნქციონირება ქალაქს?
_ ეს იყო ქუთაისისთვის დამატებითი ფუნქციის მინიჭება _ პარლამენტის გადმოტანა მხოლოდ შენობის გადმოტანა არაა. ჩემი თვალით მაქვს ნანახი, მეგობარი ქვეყნების წარმომადგენლები როგორ ეძებდნენ შენობებს საელჩოებისთვის. როგორ იყიდეს, შემოღობეს ტერიტორიები მაღალსართულიანი სასტუმროების ასაშენებლად ჩამოსულმა ინვესტორებმა და შემდეგ როგორ მიატოვეს ხელისუფლების განცხადებების გამო.
საპარლამენტო ქალაქი ეს არის სტატუსი, ანუ ეს ნიშნავს იმას, რომ ქალაქი არის განსხვავებული, ვიდრე სხვა და, მინიმუმ, პირველ ლიგაში თამაშობს თბილისთან და ბათუმთან ერთად. ზემოთ ღნიშნულ ქალაქებში რამდენიმე მსხვილი მაღაზია, სასტუმრო და თუნდაც ქსელური კაფე არის და ქუთაისში არ გახლავთ წარმოდგენილი. რატომ? მათი ცენტრალური ოფისების მენეჯერების თავებში ქუთაისი, დაახლოებით, ისე ჩანს, როგორც რომელიმე რაიონული ცენტრი.
პარლამენტის გადმოტანის პარალელურად წლების წინ მიმდინარეობდა მუშაობა საპარლამენტო ქალაქის შესახებ საქართველოს კანონზე, რაც საშუალებას მოგვცემდა, ბევრ რამეში გავთანაბრებოდით თბილისსა და ბათუმს. ბევრმა დღემდე არ იცის, რომ ადგილობრივ თვითმმართველობებში ერთი და იგივე პოზიციაზე მომუშავე საჯარო მოხელეებს ბათუმსა და თბილისში უფრო მეტი აქვთ ანაზღაურება, ვიდრე _ აქ.
_ იყო მოლოდინი, რომ პარლამენტის აქ არსებობა შეაჩერებდა ახალგაზრდების ქალაქიდან და მეზობელი რეგიონებიდან დედაქალაქში გადინების პროცესს.
_ სამწუხაროდ, ქუთაისს ყოველწლიურად 500-ზე მეტი სტუდენტი ტოვებს. ქუთაისელი აბიტურიენტების ყველაზე წარმატებული ნაწილის მშობლების ცხოვრებისეული ამოცანაა, შვილი ამ ქალაქიდან გაუშვას. იდეალურ შემთხვევაში სახლი უყიდოს თბილისში და უნივერსიტეტის იქ დამთავრების შემდეგ სადმე სამუშაოც მოაძებნინოს. ეს ინტელექტუალური რესურსის გადინება ყოველწლიურად უფრო და უფრო საოცრად ეტყობა ქალაქს.
_ კომფორტს მოწყურებული დეპუტატები იმაზეც წუწუნებდნენ, რომ მათ ქუთაისში ცხოვრებისთვის შესაბამისი პირობები არ გააჩნდათ. ხშირად აჟღერებდნენ იმასაც, რომ ქალაქში 24-საათიანი წყალმომარაგების პრობლემა დგას.
_ ქალაქს უამრავი გამოწვევა ჰქონდა და აქვს. წლების განმავლობაში არ გაგვაჩნდა განათებული ქუჩები, ჯერ კიდევ არ გვაქვს 24-საათიანი წყალმომარაგება და ცივილიზებული ნაგავსაყრელი. რატომ? იმიტომ, რომ ჩვენი გამოწვევები სხვა უამრავი ქალაქის გამოწვევებთან და პრობლემებთნ ერთად განიხილებოდა. ჩვენი ქალაქის სიდიდის გამო მათი მოგვარების ფასიც დიდი იყო და, შესაბამისად, გვერდზე იწეოდა. როგორც კი საპარლამენტო ქალაქი დაგვერქვა და პალამენტის მშენებლობა დაიწყო, ცენტრალური ხელისუფლება დღეში 10-ჯერ კითხულობდა ამ პრობლემების შესახებ. 2010-2012 წლებში საოცრებები აკეთეს, რომ ჯერ ავტოქარხანაში ყოფილიყო 24-საათიანი წყალი, შემდეგ გორა ჩაირთო გრაფიკიდან ყოველდღიურზე, ქალაქის ცენტრი, საფიჩხია და ბოლოს ნიკეა-ავანგარდის მხარე. ასე ფეხდაფეხ ერთ წელიწადში გახდა ამ ყველაფრის მოგვარება შესაძლებელი. როგორ? საპარლამენტო ქალაქს სჭირდებოდა და ეს პრობლემა პირველხარისხოვანი იყო მთელი ქვეყნისთვის. აღმოიფხვრა ფინანსური პრობლემა. არც სხვა ტექნიკური თუ ბიუროკრატიული პრობლემა არსებობდა მაგ დროს. 2012 წლის შემდეგ, როგორც კი ეს სტატუსი გაქრა და ისევ საერთო კალათაში აღმოჩნდა ჩვენი პრობლემები, თითქმის არანაირი წინსვლა არაა წყალმომარაგების პრობლემის დროულად გადაწყვეტასთან დაკავშირებით. წნევამ მოიმატა ქსელის რეაბილიტაციის გამო და ეგაა.
საბენდიეროდ, მაშინ მიღებული გადაწყვეტილებებიდან გამომდინარე ინერციით და მაშინ შექმნილი კარგი პროექტებით (წყალმომარაგება, ნაგავსაყრელი) გვარდება ახლა ეს პრობლემები. მომავალ წელს იმედია, ორივე საბოლოოდ დასრულდება. თუმცა ქალაქის წინაშე სხვა გამოწვევებიც არსებობს, რომელიც კვლავინდებურად საერთო პრობლემების კალათაში ყრია და ჩვენი ქალაქის სიდიდისგან გამოწვეულ სიძვირის გამო მუდამ უკანა პლანზე გადაიწევს.
_ სტატუსიდან გამომდინარე, რამდენადაც ვიცი, სხვა მნიშვნელოვანი პროექტები იგეგმებოდა როგორც ქალაქში, ისე მეზეობელ მუნიციპალიტეტებში.
_ დიახ, ეს იყო პარკი, რომელიც საკანონმდებლო ორგანოს შენობის ირგვლივ უნდა განაშენიანებულიყო, საპარალმენტო ბიბლიოთეკა, მედეას პარკი (რიყის პარკივით მოწყობილ ბოტანიკურ ბაღს დამატებული 8 ჰექტარამდე ტერიტორია ტბორში გაშვებული არგოს ასლით), არგონავტიკის მუზეუმი, საირმე-აბასთუმნის გზა, წითელმინდვრების სათხილამურო კურორტი, მესტია-ლენტეხის (იგივე მესტია-ქუთაისი) გზა, მაშინ ასე აუცილებელი და ახლა ასე წარმოუდგენელი.
_ ხელისუფლების ოპონენტთა აზრით, პარლამენტის ქუთაისში ფუნქციონირება და ზოგადად დედაქალაქიდან რიგი უწყებების გადატანა თავად თბილისისთვის იქნებოდა მნიშვნელოვანი.
_ პარლამენტის აქ გადმოტანა ზუსტად ისევე იყო მომგებიანი ქუთაისისთვის, როგორც _ თბილისისთვის. ზემოთ ჩამოთვლილი ფაქტორები, რომელიც სასიცოცხლოდ სჭირდება ქუთაისს, სავსებით ზედმეტად აქვს და ამძიმებს თბილისს. მიუხედავად ამისა, ბევრი მაინც ვერ გასცდა ვიწრო აზროვნებას და მანქანით საცობში 2-საათიანი დგომის შემდეგ მაინც „ქუთაისში პარლამენტს რა უნდას“ პოზიციაზე რჩება. თბილისის მოსახლეობა უკვე გრძნობს და ცოტა ხანში კიდევ უფრო იგრძნობს იმ უარყოფით შედეგებს, რაც რეგიონების დაცლასა და მოსახლეობის თბილისში გადაბარგებას მოაქვს.
_ კანონმდებლები არგუმენტად გაზრდილ ხარჯებს ასახელებენ. დეპუტატების განცხადებით, ქუთაისში არსებული პარლამენტის შენობის შენახვა წელიწადში 2 მილიონი ლარი ჯდება.
_ პარლამენტის ქუთაისში არსებობა, მშენებლობის ერთჯერადი დანახარჯის გარდა, არანაირ დამატებით ხარჯს არ უკავშირდებოდა. „ჭკვიანი“ შენობა ცენტრალური ვენტილაციით და გათბობით ბევრად უფრო ეკონომიური იყო კომუნალურ ხარჯებში, ვიდრე თბილისში არსებული ძველი შენობა. ყველაფერთან ერთდ, ელენერგია შენობას პირდაპირ მაღალი ძაბვიდან მიეწოდება განსაკუთრებულად დაბალი ტარიფით, რაც ცალკე ეკონომიაა. გარდა ამისა, გეოგრაფიულად ქუთაისი უფრო ახლოა საქართველოს სხვა ქალაქებთან, ვიდრე თბილისი, რის გამოც სამივლინებო ხარჯებიც უფრო ნაკლები იქნებოდა. საცხოვრებელს რაც შეეხება, როგორც ქუთაისელ თანამშრომელს არ უხდის არავინ სახლის ქირას თბილისში და თვითონ აგვარებს პრობლემას, ისე უნდა მიეხედა არაქუთაისელსაც აქ, დამატებით მისთვის რაიმე ანაზღაურების გარეშე. კანონი ყველა მოქალაქისთვის ერთნაირია, მიუხედავად მისი დაბადების ადგილისა თუ საცხოვრებლისა.
მნიშვნელოვანია ისიც, რომ პარლამენტის აქ გადმოსვლისთანავე წყალტუბო გაცოცხლდა _ ქუთაისს მიება და მისი პრობლემებიც პირველხარისხოვანი გახდა. უცებ გაჩნდა ფული მისი პარკისთვის, ცივი ტბის რეაბილიტაციისთვის და ა. შ. ქუთაისთან დამაკავშირებელ გზაზე ლამის ქვეყანაში პირველი დიოდური განათებაც ვიხილეთ. სასტუმრო სასტუმროზე შენდებოდა, მიწის ფასი 10-ჯერ გაიზარდა.
ეს ყველაფერი რომ არ ყოფილიყო, მარტო ისიც არგუმენტია, რომ ქუთაისს გადარჩენა სჭირდება, რაც მარტო ამ ქალაქის მკვიდრთა საზრუნავი არ უნდა იყოს. ბევრს დაავიწყდა, რომ როცა 100 წლის წინ თბილისმა შველა ითხოვა, მთელი ქუთაისის მაშინდელი ელიტა დაუფიქრებლად გადაბარგდა დედაქალაქში. ქუთაისიდან გადავიდა თბილისში ყველაფერი, რაც დღეს უკვე თბილისლობასთან და ქალაქთან ასოცირდება.
დღევანდელი ხელისუფლება ქუთაისის აეროპორტსაც გაუმართლებელ პროექტად მიიჩნევდა, მაგრამ დავინახეთ ის, რომ ესაა აეროპორტი, რომელიც ახლა ქუთაისის ხელოვნური სუნთქვის ფუნქციას ასრულებს და ამუშავებს უამრავ სასტუმროს, კაფეს და ჯერ კიდევ გვეხმარება, საბოლოოდ არ მოკვდეს ქალაქი. ხელისუფლების მიერ მიღებული გადაწყვეტილება რომ არა, წარმომიდგენია, რა მასშტაბებზე გავიდოდა თუნდაც ეს აეროპორტი და რას გააკეთებდა იგი ქალაქისთვის. ისე, მაშინ ნახევრად აშენებული აერპორტი ისე ნაუცბათევად რომ არ გახსნილიყო და პირველი რეისი არ მიეღო, ახლა პარლამენტთან მდგარი, მთავრობის სახლივით ჩაბნელებული იდგებოდა და იმაზეც იტყოდნენ, უაზრო ხარჯი იყოო.

საბედნიეროდ, ლევან ჭანჭალეიშვილის მსგავსად უამრავი ადამიანი გამოჩნდა, რომელიც არ ერიდება საკუთარი მოსაზრების დაფიქსირებას და ხელისუფლების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას მკაცრად აფასებს. მათგან განსხვავებით, ჯერჯერობით, საკუთარი პოზიცია არ დაუფიქსირებიათ ქალაქის ხელისუფლების წარმომადგენლებს. ქალაქის საკანონმდებლო ორგანოში უპასუხოდ დარჩა „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელთა მოწოდება პარლამენტის გადატანასთან დაკავშირებით განცხადების შემუშავების შესახებ.
„მოგმართვათ კიდევ ერთხელ, არ დავასრულოთ ეს სხდომა ისე, რომ არ შევიმუშაოთ ეს მიმართვა და არ ვუთხრათ საზოგადოებას კიდევ ერთხელ, რომ პარლამენტი ქუთაისისთვის საციცოხლოდ მნიშვნელოვანია“, _ განაცხადა ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე გიგა შუშანიამ, რომელიც მიიჩნევს, რომ ეს გადაწყვეტილება ქუთაისისთვის სასიკვდილო განაჩენის ტოლფასია.
დეპუტატის ინიციატივას მხოლოდ „ევროპულმა საქართველომ“ დაუჭირა მხარი.

საკრებულოს თავმჯდომარე ნიკა ლატარიამ დეპუტატების მოთხოვნის საპასუხოდ განაცხადა, რომ საკითხს დღის წესრიგთან ვერ დააკავშირებდა და დეპუტატებს შეახსენა, _ სურვილის შემთხვევაში, სხდომის დასრულების შემდეგ, მათ შესაძლებლობა ექნებოდათ, ერთობლივი მიმართვა გაეკეთებინათ.

პროტესტის უკიდურესი ფორმისთვის მიმართვას აპირებს ქუთაისის მერობის ყოფილი კანდიდატი ბესიკ მიქელთაძე:
„სასესიო კვირაში პარლამენტის შენობაში მშრალ შიმშილობას დავიწყებ! დაე, მოხდეს მოსახდენი. ჩემი სიცოცხლე მოთხოვნის წილ! მე ვაჯობე კიბოს და ამ ტიპის შიმშილი რეალურად განაჩენის ტოლფასია, მაგრამ ჩემი ქალაქის ასეთ დაცინვას და აგდებას სიკვდილი მირჩევნია“, _ მსგავსი შინაარსის წერილი გაავრცელა ბესო მიქელთაძემ სოციალური ქსელით.

ხვიჩა ვაშაყმაძე