„ქოცთა“ შიდა ომები

თუ მისი გამომეტყველებით ვიმსჯელებთ, საკუთარ თავზე დიდი კი არა, ზედიდი წარმოდგენა აქვს და, როგორც იტყვიან, ცა ქუდად არ მიაჩნია და დედამიწა _ ქალამნად. „ქოცების“ ის ფრთაც, რომელსაც არქიფო სეთურის მრევლის ფსიქოლოგია აქვს, მას ქართული პოლიტიკის ნამდვილ ვარსკვლავად მიიჩნევს და გულში, შესაძლოა, იმასაც ფიქრობს, ეს ახალგაზრდა კაცი ღმერთის საჩუქარია და წმინდანად სიცოცხლეშივე უნდა შეირაცხოსო.

თუ ვიფიქრებთ, რომ ამ კატეგორიის ხალხისთვის ღმერთი ბიძინა ივანიშვილია, მაშინ არც უნდა გაგვიკვირდეს, რომ ერთ (არა)მშვენიერ დღეს ირაკლი კობახიძე, მართლაც, პოლიტიკურ წმინდანად შერაცხონ და საჯარო დაწესებულებებში მისი გადიდებული პორტრეტები დაკიდონ. აი, ზუსტად ისეთი პორტრეტები, როგორი პორტრეტებითაც იყო ხოლმე დამშვენებული საბჭოეთის სასწავლო, სამედიცინო თუ სამეცნიერო დაწესებულებების ფასადები.
ახლა, ზოგი გამოვა და იტყვის, სიტუაციის ასეთი უტრირება რა საჭიროაო, მაგრამ უტრირებას კი არ ვახდენთ, არამედ, იმას ვამბობთ, რაც რეალურად ხდება.
დიახ, ამხანაგებო, ირაკლი კობახიძეს „ნეოკომკავშირელს“ ჩუმ-ჩუმად „ოცნების“ უმრავლესობაშივე ეძახიან და პარლამენტის თავმჯდომარეს, რომელსაც თავი პოლიტიკის მზეჭაბუკი ჰგონია, ზურგს უკან მასხარადაც იგდებენ.
სხვათა შორის, კობახიძის კომკავშირულ ბუნებაზე მწერალმა როსტომ ჩხეიძემ, ამას წინათ, სოციალურ ქსელში დაწერა:
„არსებობდა ზღვარი, რომლის გადალახვასაც თვით ბოლშევიკებიც ერიდებოდნენ. ბოლშევიკური უტიფრობა ხომ ცნობილი გახლდათ, ბოლშევიკური დაუნდობლობა და დემაგოგია, ბოლშევიკური პარტიული ეგოიზმი, კანონების ფეხქვეშ გათელვა, წართმევა-წაგლეჯა, რეპრესიები არაფრად რომ უღირდათ, თუმც თვით ისინიც გაურბოდნენ ზოგიერთი რამის ჩადენას, მაგრამ პარტიული პრინციპი თუ მოითხოვდა იმ ზღვარის გადაბიჯებას, ამისთვის კომკავშირლები ჰყავდათ შეგულებული, ისინი, რომლებიც იმ ზღვარსაც გადააბიჯებდნენ ხოლმე, ბოლშევიკები ყოყმანით რომ შედგებოდნენ მის წინაშე.
და როგორ არ გამხსენებოდა პარტიული დავალების კომკავშირული აღსრულების ის ტენდენცია, ბ-ნ კობახიძეს რომ მოვუსმინე, ბრმა ბედისწერის ირონიით პარლამენტის თავმჯდომარის სკამზე წამოსკუპებულს.
ამის თქმას: გამომძალველები, კორუფციაში ჩაფლული ადამიანები კი არა, არამედ დაზარალებული უნდა დაისაჯოს, სამთავრობო დანაშაულის მამხილებელს უნდა აზღვევინოს პროკურატურამ, ეს არის ჩემი პირდაპირი დავალებაო, _ ეს კომკავშირელი თუ იკადრებდა იმ ზღვარის გადაბიჯებას, ბოლშევიკებიც რომ გაურბოდნენ.
რას ვიზამთ, კომკავშირული მორალი ეს ყოფილა და ეს რჩება. ბრმა ბედისწერა კი კვლავ განაგრძობს ჩვენს დაცინვას პარლამენტის თავმჯდომარის სკამზე შემოსკუპებული კონკიჟღარუნას სახით… მაგრამ განა როდემდე?!“
ისე, მზეჭაბუკს, როგორც იტყვიან, მეტი კომფორტისთვის საკუთარი ამალაც ჰყავს პირისფარეშებითა და სეფექალებით.
კობახიძის მთავარი სეფექალი, როგორც კულუარებში ამბობენ, თამარ ჩუგოშვილია. პირისშფარეშების მისია-ფუნქციას კი, თურმე, ნუ იტყვით და, მამუკა მდინარაძე და არჩილ თალაკვაძე ასრულებენ!
ხუმრობა იქით იყოს და ზუსტად ეს ოთხეულია, რომელიც საქართველოს მოსახლეობის ბედ-იღბალს განაგებს. უფრო სწორად, გარედან ასე ჩანს, თორემ, სინამდვილეში, როგორც „ქრონიკა+“-ს „ოცნების“ ინტრიგებში გარკვეულები უყვებიან, კობახიძეც, ჩუგოშვილი და თალაკვაძე-მდინარაძეც ქვევრის ფუნქციას ასრულებენ და იმას „ამოიძახებენ“, რასაც ჩასძახებენ ხოლმე. მთავარი „ჩამძახებელი“ კი ვინც არის, ამას დიდი მიხვედრა არ სჭირდება, თუმცა ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, ბოლო დროს კობახიძე „დამოუკიდებელი ნაბიჯების“ გადადგმას „სწავლობს“ და ცდილობს, მმართველ პარტიაში საკუთარი კლანი შექმნას.
„ამ ეტაპზე კობახიძე მთავარ მეტოქედ კახა კალაძეს მიიჩნევს. ამიტომაც ყველაფერს აკეთებს, რომ თბილისის მერი დუელში გამოიწვიოს და მერე ივანიშვილს უთხრას, ყველაფერი ცუდი, რაც „ოცნებას“ დაემართა, კალაძის ბრალია და თუ ამ ფეხბურთელს თავიდან დროზე არ მოვიშორებთ, დედა აღარ გვეყოლებაო, მაგრამ ამ ბრძოლაში კობახიძე თავად დამარცხდება, რადგან არც პოლიტიკური გათვლები შეუძლია და არც საკუთარი ფინანსები აქვს, რომელსაც კალაძესთან ომში დახარჯავს,“ _ უყვება „ქრონიკა+“-ს კონფიდენტი, რომელიც „ქართული ოცნების“ შიდა სამზარეულოს ძალიან კარგად იცნობს.
ამასთან, ჩვენთვის ის ისტორიაც ხდება ცნობილი, თუ როგორ და ვისი დახმარებით „გაქოცდა“ კობახიძე.
„კობახიძეს თავი ისე უჭირავს, რომ თითქოს დიდი პოლიტიკური ბეგრაუნდი აქვს, მაგრამ ჯერ კიდევ სამი წლის წინ მისი არსებობის შესახებ მხოლოდ მშობლებმა და, ბევრი-ბევრი, კარის მეზობლებმა იცოდნენ. სამაგიეროდ, ცნობილი იყო მამამისი, გია კობახიძე, რომელიც, თავის დროზე, ეროვნულ მოძრაობაში იყო და გია ჭანტურიას გვერდით იდგა, თუმცა ჭანტურიას გარდაცვალების მერე „ეროვნულ-დემოკრატიული პარტია“ ორად რომ გაიყო, უფროსმა კობახიძემ ედპ დატოვა. მას შემდეგ კი, რაც დეპუტატობის ვადა ამოეწურა, კარგა ხანს საზოგადოების თვალთახედვიდანაც გაქრა. მერე კი, მოულოდნელად, ნინო ბურჯანაძის „სახალხო კრებაში“ გამოჩნდა.
ახლა, მამა კობახიძის წარსულს არ ჩავუღრმავდები, მაგრამ პირადად მე დღემდე ვერ ავხსენი _ კაცი, რომელიც ეროვნულ იდეალებს „აწვებოდა“ და საქართველოს დამოუკიდებლობისთვის იბრძოდა, ნინო ბურჯანაძის გვერდით როგორ აღმოჩნდა? _ ალბათ, აქაც სპეცსამსახურების ხელი ერია, თუმცა ეს სხვა საუბრის თემაა.
ერთი სიტყვით, როგორც მე ვიცი, გიორგი კობახიძე ვასილ მაღლაფერიძესთან 90-იანი წლებიდან ურთიერთობდა. მოგეხსენებათ, მაღლაფერიძე „ოცნებაში“ თავიდანვე შეძვრა და იმდენიც მოახერხა, რომ ბიძინა ივანიშვილის კარზე დიდი გავლენა მოეპოვებინა.
სხვათა შორის, ისიც ვიცი, რომ მაღლაფერიძე დღესაც იმ საიდუმლო პიარჯგუფის წევრია, რომელიც ყველაზე მარაზმულ გადაწყვეტილებებს იღებს. მაქვს ინფორმაცია, რომ სანამ მარიხუანას კულტივაციის კანონპროექტი გასაჯაროვდებოდა, მაღლაფერიძე, ლაშა ნაცვლიშვილი და კიდევ რამდენიმე ადამიანი ერთ-ერთი მაღალი თანამდებობის პირის კაბინეტში შეიკრიბნენ და სწორედ ამ შეკრებაზე დაიგეგმა ნაბიჯები, რომელიც მარიხუანას კულტივაციის კანონპროექტის პარლამენტში წარდგენამდე უნდა გადადგმულიყო.
ამ დეტალებს იმიტომ გიყვებით, რომ მაღლაფერიძის გავლენებზე წარმოდგენა შეგიქმნათ. ჰოდა, კობახიძეც ზუსტად მაღლაფერიძემ „დაღუპა“. ეს ამბავი კი, როგორც ვიცი, ასე მოხდა: „ოცნება“ ხელისუფლებაში მოვიდა თუ არა, მამა კობახიძემ მაღლაფერიძეს უთხრა, _ იქნებ, ჩემი ბიჭისთვის რამე კარგი პონტი „გამიჩალიჩოო“.
ამ დროს პარტიაში „პირველი ვიოლინო“ კალაძე გახლდათ. მაღლაფერიძე მიდის კალაძესთან და ეუბნება, ერთი კარგი ბიჭი უნდა მოგიყვანო და აბა, შენ იცი, მიმიხედეო. ვერ გეტყვით, კალაძემ კობახიძეში რა ქარიზმა დაინახა, მაგრამ ფაქტია _ პარლამენტის დღევანდელი თავმჯდომარე, რომელიც მანამდე პოლიტიკური ელიტისთვის აბსოლუტურად უცნობი იყო, მოულოდნელად „ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს წევრი და, ამავე დროს, აღმასრულებელი მდივანიც გახდა.
აქედან გამომდინარე, კობახიძე კალაძის მადლიერი და მადლობელი უნდა იყოს, მაგრამ მადლიერება ხომ პირობითი ცნებაა და ყველას სხვადასხვანაირად ესმის“, _ ამბობს „ქრონიკა+“-ის კონფიდენტი და, აქვე, კიდევ ერთ საინტერესო ისტორიას გვიყვება, რომელიც ნათელყოფს, რომ პარლამენტის ჯერ კიდევ მოქმედ თავმჯდომარეს ღალატისკენ აქვს მიდრეკილება.
ბუნებრივია, ამ ამბის ამსახველი დოკუმენტური მასალა „ქრონიკა+“-ს არ მოეპოვება და, როგორც წყარო ამბობს, ბუნებაში მსგავსი დოკუმენტები არც არსებობს, სამაგიეროდ, წყაროს თქმით, არსებობენ თვითმხილველები, რომლებმაც კარგად იციან, რომ ჯერ კიდევ ერთი წლის წინ, როცა „ოცნებაში“ პირველმა შიდა განხეთქილებამ იჩინა თავი, მაშინ კობახიძე ყოყმანობდა, ვისი მხარე დაეჭირა და, პრაქტიკულად, გადაწყვიტა კიდეც, რომ კვირიკაშვილის ბანაკში „გადაბარგებულიყო“, მაგრამ როგორც ირკვევა, ბოლო წუთს რაღაც შეიცვალა.
რა იყო ეს რაღაც?
ისევ „ქრონიკა+“-ის წყაროს მოვუსმინოთ:
„ოცნება“ კორპორაციული გაერთიანება არასოდეს ყოფილა და ამ პარტიაში გაერთიანებულ ადამიანებს ადრეც და ახლაც მხოლოდ ერთი მიზანი ამოძრავებდათ და ამოძრავებთ _ როგორმე ივანიშვილის კეთილგანწყობა მოიპოვონ ან იმდენი ფული იშოვონ, რომ შემდეგ შანტაჟზე გადავიდნენ და „პირველს“ უთხრან, თუ ჩვენს მოთხოვნებს არ დააკმაყოფილებ, გუნდში ბუნტს დავიწყებთო.
ასე მოხდა კვირიკაშვილის შემთხვევაშიც, რომელიც ივანიშვილის კარზე ენის მიტანებითა და დასმენებით აღზევდა, თორემ სხვა შემთხვევაში ივანიშვილი კვირიკაშვილს პირად მტრად მიიჩნევდა და 2012 წელს „ქართუდანაც“ გააგდო, თუმცა მერე კვირიკაშვილმა ურთიერთობის დალაგება მაინც მოახერხა, თან „ოცნებას“ კადრებიც არ ჰყავდა და იძულებული გახდა, კვირიკაშვილი მთავრობის შემადგენლობაში შეეყვანა.
ახლა, ერთი ამბებია ატეხილი, აი, ივანიშვილთან ენები მიაქვთ კვირიკაშვილისა და ქუმსიშვილის წინააღმდეგო, მაგრამ ეს პრაქტიკა „მეფის კარზე“ თავად კვირიკაშვილ-ქუმსიშვილმა დაამკვიდრეს. ყველაფერი კი მაშინ დაიწყო, როცა ღარიბაშვილს „წითელი აენთო“.
დიახ, სწორედ ქუმსიშვილი იყო ის მოენე, რომელიც კვირიკაშვილის დავალებით, ივანიშვილს „ეჩიჩინებოდა“, ქვეყნას თუ გვანდობთ, მე და გიორგი გადავარჩენთ და ხალხის წყევლა-კრულვასაც აგაცილებთო. ამ ტრიუკმა გაჭრა და კვირკაშვილმა და, შესაბამისად, ქუმსიშვილმა, აღმასრულებელი ხელისუფლების სადავეები იგდეს ხელთ, მაგრამ ერთი საბედისწერო შეცდომა დაუშვეს _ გარშემო ბანკირები შემოიკრიბეს და სხვა ბიზნესებს ამოსუნთქვის საშუალებას აღარ აძლევდნენ. არადა, „ოცნების“ წევრებს, მათ შორის, დეპუტატებსაც, თავიანთი ინტერესები სხვადასხვა ბიზნესში აქვთ.
როგორც მე ვიცი, ზუსტად ეს გახდა „ოცნებაში“ შიდა ომის დაწყების მიზეზი. მალე ამ ომმა ისეთი სახე მიიღო, რომ კვირიკაშვილ-ქუმსიშვილს იგივე პარლამენტში ერთი გულშემატკივარიც კი აღარ დარჩა.
პარალელურად, კობახიძის „დამუშავებაც“ ხდებოდა და არწმუნებდნენ, რომ კვირიკაშვილს თუ თავიდან მოიცილებდა, მაშინ მის ოლიმპოზე ასვლას ხელს ვეღარავინ შეუშლიდა და ივანიშვილთან ყველაზე დაახლოებული ადამიანი იქნებოდა. ამ შიდა ომში კალაძე ღიად არ ერეოდა, მოვლენებს გარედან აკვირდებოდა და იმის მხარეს დადგებოდა, რომელსაც გამარჯვების მეტი შანსი ექნებოდა.
კობახიძე თავიდან ყოყმანობდა, კვირიკაშვილისთვის ხელთათმანი ესროლა თუ არა, მაგრამ, ამასობაში, ერთ-ერთი საგარეო ვიზიტი დაიგეგმა და მთელი ვიზიტის განმავლობაში დეპუტატების ერთი ჯგუფი კობახიძეს ტვინს ულაყებდა, გინდა თუ არა, კვრიკაშვილის საწინააღმდეგო განცხადება ღიად გააკეთეო. შეთანხმებასაც, თითქოს, მიაღწიეს, რაც იმით გამოიხატებოდა, რომ საქართველოში დაბრუნებული პარლამენტის თავმჯდომარე პრემიერს აუგად ახსენებდა, მაგრამ ეს სცენარი აღარ გათამაშდა, რადგან „რუსთავი 2“-მა „ოცნების“ შიდა ჩატის მიმოწერები გამოაქვეყნა, სადაც კვირიკაშვილ-კობახიძის კონფლიქტი კარგად ჩანდა.
ამას მოჰყვა მაისის ცნობილი მოვლენები, რომელიც, საბოლოოდ, კვირიკაშვილის პოლიტიკურ რეკვიემად იქცა.
მას შემდეგ, რაც კვირიკაშვილი პრემიერობიდან გადადგა და მედიაშიც გაჩნდა ინფორმაცია, რომ მას და ქუმსიშვილს სამართალდამცველებთან პრობლემები ექნებოდათ, კობახიძემ თავი გამარჯვებულად მიიჩნია და ყურადღება მოადუნა, მაგრამ „ომეგა ჯგუფის“ სკანდალმა მას ახალი სიცოცხლე გაუხსნა, ანუ მიხვდა ან ვინმემ მიახვედრა, რომ ამღვრეულ წყალში შეუძლია, თევზი ადვილად დაიჭიროს და ამიტომაც გააქტიურდა, თუმცა ბოლო დღეებში იმდენი სულელური განცხადება გააკეთა, რომ მის დაბინძურებულ პოლიტიკურ აურას იორი და ალაზანიც კი ვეღარ გარეცხავს“, _ აღნიშნავს „ქრონიკა+“-ის კონფიდენტი.
რაც შეეხება კობახიძის სამარცხვინო განცხადებებს, რამდენიმე დღის წინ, ერთ-ერთ სატელევიზიო ეთერში, პარლამენტის თავმჯდომარემ, რომელსაც „ოცნებაში“ „ჩიჩილაკას“ ეძახიან, შვილმოკლულ მამაზე, ზაზა სარალიძეზე თავდასხმა განახორციელა და შვილმოკლული მამის მისამართით უკადრებელი იკადრა, ანუ შვილმოკლული მამების საპროტესტო აქციას, რომელიც ორ კვირაზე მეტია, პარლამენტის წინ იმართება, წინა ხელისუფლებისგან მართული უწოდა.
„ყველამ კარგად იცის, რომ ეს არის „ნაციონალების“ აქცია. ეს არის ჩვეულებრივი პოლიტიკური აქცია. კიდევ ერთხელ ვამბობ, იქ არ არის არანაირი ნიშნები იმისა, რომ კომისიას რეალურად ეს არ დაუდგენია, რომ ვინმემ ვინმეს ხელი დააფარა. რაც შეეხება იმას, რომ 100%-იანი მტკიცებულებით არ არის დადგენილი სასიკვდილო ჭრილობის მიმყენებელი პირი, ამას აქვს თავისი ობიექტური საფუძველი. სწორედ ამიტომ ვერ დაადგინა კომისიამაც, ვინ იყო ეს პირი. რატომ ვერ დაადგინა, სერგი კაპანაძემ ხელი დააფარა?! დაუსვით კითხვა კომისიის წევრებს, რომელ მხარეს იდგა მ. კ. და შეეძლო თუ არა მას ეს მკვლელობა ჩაედინა? ყველაფერი იცის კომისიამ“, _ განაცხადა კობახიძემ, რომელსაც ტოლი არც პირისფარეშებმა დაუდეს და, მაგალითად, მამუკა მდინარაძემ, რომელიც ქართულ პოლიტიკაში ასევე არსაიდან არის მოსული, იგივე ნარატივი გაატარა.
_ რას იზამდით, თქვენი შვილი რომ გარდაცვლილი გენახათ და მას 12 ჭრილობა ჰქონოდა მიყენებული?.. – ჰკითხა ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამამ, ზაზა სარალიძემ, უმრავლესობის წევრ მამუკა მდინარაძეს ინგა გრიგოლიას გადაცემაში. მდინარაძემ შვილმოკლულ მამას, რომელიც სამართალს ვერ პოულობს, სიტყვა სიტყვით უპასუხა:
_ გულწრფელად გეტყვით, რას ვიზამდი, ჩემი შვილი 12 ჭრილობით გარდაცვლილი რომ მენახა: მე ბიჭი მყავს, რომელიც 7 წლის ხდება და რომელსაც 8 წელი ველოდებოდით. შემიძლია, მთელი გულწრფელობით გითხრათ, რომ ყველაფერს გავაკეთებ, რომ, პირველ რიგში, ჩემს თავთან ვიყო მართალი, რათა ასეთ თემებზე საუბრის დროს არ შემრცხვეს. ამის გარანტიას ვაძლევ თითოეულ მოქალაქეს.
თუკი მე დამჭირდება იმის თქმა, რაც არ აწყობს ან პარტიას, ან ქვეყანას, ეს განსხვავება იქნება ჩვენ შორის. მე იმ პარტიის ან ხელისუფლების, ან რომელიმე ჯგუფის ნაწილი არ ვიქნები. ემოციურად ძალიან რთულია ესაუბრო შვილმკვდარ მამას, რომელსაც ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, აქვს კითხვები, თუმცა, ჩვენ გარდა, სხვა პოლიტიკოსებიც ვალდებულები არიან, მივიდნენ და ამ კაცს სიმართლე უთხრან. რასაც ამ დროის განმავლობაში ვუყურებდი – ეს ადამიანები სარალიძის ტრაგედიით ძალიან ცუდად მანიპულირებდნენ და ატყუებენ საზოგადოებასა და ზაზა სარალიძეს. ეს არის მთავარი უბედურება“.
როგორც აღვნიშნეთ, მდინარაძე კობახიძის პირისფარეშთაგან ერთ-ერთია, რომლის მიმართაც საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობა, რბილად რომ ვთქვათ, არაკეთილად არის განწყობილი.
მართალია, მდინარაძეს თავი მოაქვს, რომ წინა ხელისუფლებას ებრძოდა და მაშინდელ უსამართლობებს აპროტესტებდა, მაგრამ გინდ დაიჯერეთ, გინდ _ არა, ციხეში სულ ათი დღე აქვს გატარებული და ამას ერთ-ერთ ინტერვიუში თავად ამბობს.
ასევე არც იმას უარყოფს, რომ „ოცნებას“ საკუთარი თავი თვითონ შესთავაზა და უთხრა, „გაქოცება“ მინდა და უარი არ მითხრათო. „გაქოცებაში“ კი მდინარაძესაც, როგორც ირკვევა, კალაძე დახმარებია.
„ჩემი სურვილი კახა კალაძეს შევუთვალე. ერთი ახლობელი ადამიანი მოჰყვა ჩემს კლიენტს. ისე მოხდა, რომ პოლიტიკაზე ვისაუბრეთ და საუბრის ბოლოს ვთხოვე, კალაძისთვის გადაეცა, ჩემნაირი ხალხი თუ სჭირდებათ, გვერდით დავუდგები-მეთქი.
დაახლოებით, 2 კვირაში წაიღეს ჩემი სივი. რაღაც პერიოდის მერე დაიწყო შეხვედრები, დისკუსიები, იყო კითხვები საგარეო კურსზე, ჩემს წარმოდგენებზე, რას შევცვლიდი ჩემს სფეროში და ა. შ. შევხვდი პრემიერ გიორგი კვირიკაშვილს, კახა კალაძეს, პარტიის აღმასრულებელ მდივან ირაკლი კობახიძეს“, _ აღიარებს ერთ-ერთ ინტერვიუში მდინარაძე და ამავე ინტერვიუში არც იმას მალავას, რომ გადაკვეთის წერტილები ყოფილ მთავარ პროკურორ ოთარ ფარცხალაძესთანაც აქვს.
საგულისხმოა, რომ მდინარაძე ირაკლი კობახიძის თანაკურსელია.
რადგან სიტყვა კობახიძის გარემოცვაზე ჩამოვარდა, მოდით, თამარ ჩუგოშვილისა და არჩილ თალაკვაძის ბიოგრაფიასაც გადავავლოთ თვალი.
დავიწყოთ თალაკვაძით, რომელსაც, გარეგნობის გამო, „ქართველ კობზონსაც“, ეძახიან.
თალაკვაძის ბიოგრაფიაში წერია, რომ პოლიტიკოსია, თუმცა პოლიტიკოსობა ვირუსი არ არის, რომ ადამიანს შეეყაროს და პოლიტიკოსი გახდეს. კი ბატონო, თალაკვაძის დღევანდელი სტატუსიდან გამომდინარე _ უმრავლესობის ლიდერია, შეიძლება, პოლიტიკოსად მოვიხსენიოთ, მაგრამ პოლიტიკოსობას დიდი დრო და შრომა სჭირდება. ეს ბატონი კი დიპლომიანი ექიმია _ 2006 წელს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტი დაამთავრა; 2010-ში კი _ საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი (GIPA).
2006-2007 წლებში თალაკვაძე აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ქალთა ჯანმრთელობის პროგრამა-პროექტის კოორდინატორი გახლდათ; 2007 წელს _ ფონდ „ღია საზოგადოება საქართველოს“ ადამიანის უფლებათა დაცვის მონიტორინგის პროექტის მენეჯერი; 2008-2009 წლებში _ საქართველოს სახალხო დამცველის მრჩეველი; 2009-2011 წლებში _ საქართველოს სახალხო დამცველის თანაშემწე მენეჯმენტის საკითხებში; 2011-2012 წლებში _ აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დემოკრატიული მმართველობის პროგრამის დირექტორის მოადგილე; 2012-2014 წლებში _ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის მოადგილე; 2014-2016 წლებში კი _ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე.
ამ ბიოგრაფიდან ნათლად ჩანს, რომ თალაკვაძე წინა მთავრობას, ანუ როგორც „ქოცები“ ამბობენ, რეჟიმს არ ებრძოდა. ინტერნეტში ვერც იმ ინფორმაციას იპოვით, რომ „ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერს, მაგალითად, სანდრო გირგვლიანის მკვლელობა გაეპროტესტებინოს, ანუ სხვა უსამართლობაზე ამოეღოს ხმა.
სამაგიეროდ, დღეს აკეთებს ბრტყელ-ბრტყელ განცხადებებს, თუმცა „ქრონიკა+“-ს წყარო ეუბნება, რომ საჭიროების შემთხვევაში, თალაკვაძე შესაძლოა, ერთ-ერთი პირველი იყოს, რომელიც „ოცნებას“ დაგმობს!
რაც შეეხება თამარ ჩუგოშვილს, რომელიც პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი და კობახიძის ამალის ერთადერთი სეფექალია: კახეთში, კერძოდ, გურჯაანში დაბადებული ამ ქალბატონის პოლიტიკური ბიოგრაფია, სულ რაღაც, ორ წელს ითვლის, მაგრამ, მიუხედავად ამისა, მის ბიოგრაფიაში ამაყად წერია, რომ პოლიტიკოსია(!).
„დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი და ამავე უნივერსიტეტის მაგისტრატურა. 2005-2006 წლებში გაიარა კემბრიჯის (დიდი ბრიტანეთი) უნივერსიტეტის ერთწლიანი დაუსწრებელი სწავლების კურსი ადამიანური რესურსების მართვაში.
2004 წელს დააარსა არასამთავრობო ორგანიზაცია _ „სამოქალაქო ინტერესების დაცვის ახალგაზრდული კავშირი“; იყო მისი გამგეობის წევრი და პროექტის კოორდინატორი; 2004 წლიდან მუშაობდა „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში“ (საია), ჯერ იურისტის ასისტენტის, ხოლო შემდეგ _ იურისტის თანამდებობაზე.
2009 წლიდან იყო საია-ს საპარლამენტო მდივანი, ხოლო 2010-2012 წლებში _ ამ ორგანიზაციის თავმჯდომარე.
ამავე პერიოდში იყო „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის“ 32 არასამთავრობო ორგანიზაციისაგან შექმნილი კოალიციის თავმჯდომარე და 100-ზე მეტი არასამთავრობო ორგანიზაციისაგან შექმნილი სამოქალაქო საზოგადოების ეროვნული პლატფორმის მმართველი კომიტეტის წევრი“, _ წერია მის ბიოგრაფიაში.
ჩუგოშვილის „გაქოცება“ 2013 წელს მოხდა _ სწორედ ამ წელს დაინიშნა საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანაშემწედ ადამიანის უფლებების დაცვისა და გენდერული თანასწორობის საკითხებში; ამავე პერიოდში იყო მთავრობის ადამიანის უფლებების დაცვის სამდივნოს ხელმძღვანელი და მუშაობდა საქართველოს ადამიანის უფლებების დაცვის ეროვნული სტრატეგიისა და ადამიანის უფლებების მთავრობის სამოქმედო გეგმის შემუშავებაზე.
მას შემდეგ, რაც „გაქოცდა“, ჩუგოშვილს მთავარი პოლიტიკური ცოდვა გაუხსენეს _ ინტერნეტმედიაში ის განცხადება ამოწიეს, რომელიც ჩუგოშვილმა 2011 წლის 26 მაისის მიტინგთან დაკავშირებით გააკეთა (როგორც აღვნიშნეთ, მაშინ საია-ს ხელმძღვანელობდა და იმასაც ამბობდნენ, რომ ფარული „ნაციონალიც“ იყო).
ამ განცხადების თანახმად, 2011 წლის 26 მაისს, ოპოზიციას აქციის გამართვის სამართლებრივი საფუძველი არ ჰქონდა. არადა, „ქართული ოცნება“, თავის დროზე, სწორედ 26 მაისის აქციის დაშლას მანიპულირებდა…
მოგეხსენებათ, „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი მთავარი პრობლემა არაფორმალური მმართველობაა, რასაც თავად „მეოცნებეები“ კატეგორიულად უარყოფენ, მაგრამ იმ დროს, როცა ნარკოპოლიტიკაზე მიდიოდა მსჯელობა და ჟურნალისტებმა კომენტარი ჩუგოშვილს სთხოვეს, პარლამენტის პირველ ვიცე-სპიკერს ერთი ფროიდისეული ფრაზა წამოსცდა, რითაც ქვეყანაში არსებული არაფორმალური მმართველობა დაადასტურა.
„მისი (ბიძინა ივანიშვილის) ძირითადი როლი ამ შეხვედრაში არის პოზიციების დამაახლოვებლის როლი, სხვადასხვა პოზიციას უსმენს და, შესაბამისად, გვეხმარება გადაწყვეტილებამდე მისვლაში“, _ განაცხადა მაშინ ჩუგოშვილმა.
როგორ „გაქოცდა“ ჩუგოშვილი? _ ამის შესახებ ოფიციალური მონაცემები არ არსებობს. სამაგიეროდ, კულუარებში არ გამორიცხავენ, რომ ის დააინტერესეს.
„ოცნების“ მთავარი დილემა ის არის, რომ ყველა ნორმალური ადამიანი თუ არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელსაც ამ ქვეყანაზე გული შესტკივა, „ოცნების“ პოლიტიკის წინააღმდეგია, ამიტომ, თავის დროზე, დღის წესრიგში დადგა, რომ გავლენიანი არასამთავრობო ორგანიზაციები და მათი სახეები როგორმე „გაექოცებინათ“. იმედი ჰქონდათ, რომ ამით საერთაშორისო საზოგადოების კეთილგანწყობას მოიპოვებდნენ.
ერთი სიტყვით, როგორც მე მაქვს ინფორმაცია, შედგა სტრატეგია, რომლის თანახმადაც უნდა მომხდარიყო „ენჯეოშნიკებისა“ და ასევე იმ ადამიანების „დავერბოვკება“, რომლებიც საზოგადოებაში ავტორიტეტით სარგებლობდნენ. ამავე პერიოდში შეიქმნა ორგანიზაცია „2030“.
ბევრ ადამიანთან მიდიოდა მოლაპარაკება, თუმცა ამას მოლაპარაკებასაც ვერ დავარქმევ _ ბევრმა შეთავაზება მიიღო თუ არა, რომ „ოცნების“ აპოლოგეტი გამხდარიყო, დაუფიქრებლად განაცხადა უარი. ჩუგოშვილზეც, ალბათ, მაშინ გავიდნენ. ამ ქალბატონის დღევანდელი განცხადებებიდან ჩანს, რომ რაღაცანაირად ძალაუფლებისკენ აქვს მიდრეკილება. ალბათ, იმით მოიხიბლა, რომ მაშინდელი პრემიერის მრჩეველი გახდებოდა და სამომავლოდ, ხელისუფლებაში გარანტირებულ სტატუსს მიიღებდა.
აბა, სხვანაირად როგორ შეიძლება აიხსნას, რომ არასამთავრობო სექტორიდან ჯერ აღმასრულებელ ხელისუფლებაში წახვიდე, შემდეგ კი _ საკანონმდებლოში. კარგი, წახვედი, მაგრამ იმაზე მაინც ხომ უნდა იფიქრო, რომ ამქვეყნად მუდმივი არაფერია და ყველაფრის „გაპრავებას“ არ შეეცადო? ოღონდ პარტიას დასჭირდე და, ჩუგოშვილმა, შეიძლება, შავზეც დაამტკიცოს, თეთრიაო. ამის მაგალითად გამოდგება მისი განცხადება „ომეგა ჯგუფის“ სკანდალურ ჩანაწერებზე. მისი განცხადებით, ეს ჩანაწერი, როგორც მე მითხრეს, ხუთი წლის წინანდელიაო.
მართალია, მერე ბოდიში მოიხადა, შეცდომა მომივიდაო, მაგრამ საინტერესოა, ვინ უთხრა, რომ ჩანაწერები ხუთი წლის წინანდელია? ისე, ხუთი წლის წინ პრემიერი ივანიშვილი იყო. ჰოდა, ალბათ, ქალბატონ თამარს თმა დააწიწკნეს, _ გოგო, აზრზე მოდი, რას ბჟუტურებო და მანაც სასწრაფოდ „პლასტინკა გადაატრიალა“, _ ამბობს „ქრონიკა+“-ის წყარო.
ასეთია „ოცნების“ შიდა ომებისა და „ნეოკომკავშირლების“ „გაქოცების“ ანატომია. ეს ახალგაზრდები ბუზს არ აიფრენენ, მაგრამ ხვალინდელ დღეზე აღარ ფიქრობენ და არც ის ახსენდებათ, რომ მათზე ბევრად უფრო გავლენიანი, ნიჭიერი და წარმატებული ადამიანები აღმოჩენილან „ბორტს მიღმა“. ჯობია, ამაზე დაფიქრდნენ და სისულელეების კეთებას მოეშვან, თორემ ამ ქვეყანამ შაჰ-აბასს, თემურ-ლენგსა და კიდევ სხვა მრავალი ჯურის დამპყრობელს გაუძლო. ამ სახადსაც მოიხდის და, ადრე თუ გვიან, ფეხზე დადგება. აი, კობახიძეები, ჩუგოშვილები, თალაკვაძეები და მდინარაძეები კი ისტორიას არასოდეს წერდნენ და ვერც ახლა დაწერენ! ისინი, უბრალოდ, პაიკები არიან, რომელსაც ყუთში მაშინ ჩაყრიან, როცა დასჭირდებათ! თუ ამის არ სჯერათ, მაშინ დაელოდონ და ცოტა ხნის მერე იკითხონ, მათი არსებობა ვინმეს ემახსოვრება თუ არა!

გიორგი აბაშიძე