გიორგი მშვენიერაძე: “ამ ტიპის მმართველობას სიმბოლურად მართლა შეიძლება ვუწოდოთ „ფარცხალაძის სარდაფი“

„ქრონიკა+“ ესაუბრება არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელ გიორგი მშვენიერაძეს („საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა“):

_ საპრეზიდენტო არჩევნებზე ამომრჩეველს ერთობ მრავალფეროვანი ასორტიმენტი აქვს ასარჩევად. თქვენი აზრით, კანდიდატების წარმოდგენილი სპექტრი რამდენად ასახავს და პასუხობს საზოგადოების დაკვეთას, ინტერესს?
_ არსებობს მოსაზრება, რომ ამომრჩევლის დაკვეთა, მოთხოვნა სხვა ტიპის კანდიდატებზეა, მაგრამ თუ ასეთი მოთხოვნა არსებობს ბაზარზე, ჩნდება მიწოდებაც და რადგან არ გაჩნდა, ვფიქრობ, ან ამ მოთხოვნის კონტურები არ არის საკმარისად მკაფიო და ცახადი, თუ რა ტიპის კანდიდატი უნდა საზოგადოებას, ან ეს კანდიდატები მეტ-ნაკლებად პასუხობენ იმ მოთხოვნებს, რომელიც საზოგადოებაშია. თუ მართლაცაა მოთხოვნა სხვაგვარ კანდიდატებზე და, უბრალოდ, ჯერ არაა გამოკვეთილი ცხადად კონტურები, როგორც კი ეს კონტურები საკმარისად გამოიკვეთება, გამოჩნდება კიდეც ასეთი კანდიდატი. ახლა, ვგონებ, ის უფროა გამოკვეთილი, როგორი კანდიდატი არ უნდა ამომრჩეველს.
_ მართლაც ის შემთხვევაა, როდესაც საზოგადოებამ მკაფიოდ არ იცის, რა და ვინ უნდა, გაურკვევლობაშია და ეს გაურკვევლობა ისახება კიდეც სპექტრზე. საზოგადოებამ, მისმა დიდმა ნაწილმა, მართლაც იცის, ვინ არ უნდა _ კოლაბორაციონიზმში მხილებული და ხელისუფლებისგან მხარდაჭერილი სალომე ზურაბიშვილი.
_ წარმოვადგენ იმ არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელსაც პოლიტიკურ პროცესებთან მიმართებით დეკლარირებული აქვს ნეიტრალურობა, მაგრამ, მიუხედავად ამისა, მიმაჩნია, რომ არის რიგი საკითხები, რომელზედაც უნდა გქონდეს პოზიცია და მაქვს კიდეც ჩემი მოქალაქეობრივი პოზიცია ქალბატონ სალომე ზურაბიშვილთან დაკავშირებით, რომლის განცხადებები საფრთხის შემცველია სახელმწიფოს ინტერესებისთვის დეოკუპაციის პოლიტიკასთან მიმართებით. მისი განცხადებები მიუღებელია, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქისთვის და ამიტომ ერთ-ერთი ინიციატორიც კი ვიყავი იმ 30-თეთრიანი _ „30-ვერცხლიანი“ აქციის, რომელიც გავაკეთეთ. სამშობლო, შენი სახელმწიფო და მისი ინტერესები არ უნდა გაყიდო. რაც შეეხება მის „დამოუკიდებლობას“, ესაა ერთგვარი ილუზია, რომელსაც ეს ხელისუფლება უქმნის საზოგადოებას. არანაირი დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი არაა. ერთადერთი რაღაც, რის გამოც შეიძლება ვთქვათ, რომ ის არ არის „ქართული ოცნების“ კანდიდატი, არის ის, რომ მის ბილბორდებზე ლურჯი ფონი არაა.
_ და 48 აწერია, 41-ის ნაცვლად.
_ დიახ, სხვა მხრივ კი სრულად მხარდაჭერილია „ოცნების“ მიერ. ცხადია და ნათელია, რომ „ქართული ოცნება“ მის ხელთ არსებულ ყველა რესურსსა და ბერკეტს იყენებს სალომე ზურაბიშვილის მხარდასაჭერად და ბუნებრივია, „ქართული ოცნება“ თანაზიარი და პასუხისმგებელია იმ განცხადებების, რომელსაც სალომე ზურაბიშვილი აკეთებს. თუკი შენთვის, როგორც პოლიტიკური ძალისთვის, პრინციპულად მიუღებელია ის, რასაც ამბობს და კვეთს შენთვის წითელ ხაზებს, რომელიც გადის შენ მიერვე არაერთგზის საჯაროდ გაცხადებულ და დეკლარირებულ დამოკიდებულებებზე ქვეყნის დეოკუპაციის პოლიტიკასთან დაკავშირებით, მაშინ, ბუნებრივია, არათუ მხარი არ უნდა დაუჭირო ასეთ კანდიდატს, შენი გუნდის წევრი რომ იყოს, საერთოდ გუნდშიც არ უნდა გააჩერო. რაკი „ქარული ოცნება“ არ ემიჯნება მას და პირიქით, მხარს უჭერს სრულად, თავად სალომე ზურაბიშვილთან ერთად, „ქართული ოცნებაცაა“ პასუხისმგებელი ყველა იმ განცხადებაზე, რომელიც ამ ქალბატონმა აგვისტოს ომთან დაკავშირებით გააკეთა.
_ არსებობს საფუძვლიანი მოსაზრება, რომ სალომე ზურაბიშვილი მოვლენილია კრემლის მიერ იმ პროცესების დასასრულებლად, რისი დასრულებაც ვერ შეძლო ბიძინა ივანიშვილმა: აფხაზეთის, ცხინვალის რეგიონის აღიარება-ჩაბარება. ფაქტია, ეს ჯერ მართლაც ვერ შეძლო ივანიშვილმა. ვერ შეძლო ალბათ იმიტომაც, რომ თავის დასავლურ კაპიტალს უფრთხილდება და თავს არიდებს ღიად რუსულ თამაშს. ამდენად, საჭირო იყო პოლიტიკურ ავანსცენაზე იმგვარი სუბიექტის შემოყვანა, რომელიც ამ ყველაფერს გააკეთებს, ეს აწყობს პუტინსაც და აწყობს ივანიშვილსაც, რომელსაც დასავლეთთან თავი სამართლებელი ექნება, რომ ამ ყველაფერს ხალხის რჩეული პრეზიდენტი აკეთებს და არა _ იგი. ეს მის სტიქიაშია, პასუხისმგებლობისგან დისტანცირება მისი ამპლუაა.
_ ცხადია, არსებობს ამგვარი მოსაზრება, თუმცა მე სხვათა მოსაზრებაზე მტკიცებით ფორმაში საუბარი გამიჭირდება, ნამდვილად ასეა თუ არ არის ასე. ჩემი აზრით, სალომე ზურაბიშვილის კანდიდატად დასახელება და მხარდაჭერა საზოგადოებრივი აზრის ერთგვარი და ყველაზე მასშტაბური კვლევაა, რომელსაც ეს ხელისუფლება ატარებს. ეს იქნება მართლაც კარგი ტესტი საიმისოდ, რომ ნათლად დავინახოთ ამომრჩევლის განწყობები; გავიგოთ, არის თუ არა ქართველი ამომრჩეველი ან ამომრჩევლის რა ნაწილია მზად იმისთვის, რომ ხელისუფლების მითითებით მხარი დაუჭიროს იმ კანდიდატს, რომლის პრეზიდენტობაც ღიად შეუშლის ხელს ქვეყნის დეოკუპაციას. ნებისმიერ სერიოზულ კვლევებში ტერიტორიული მთლიანობა სიღარიბესთან და უმუშევრობასთან ერთად იმ პრობლემების პირველ სამეულში შედის, რომელიც ყველაზე მეტად აწუხებს ჩვენს საზოგადოებას. ზუსტად ახლა ვნახავთ, ეს ამომრჩეველი რამდენადაა მზად, ხმა მისცეს კანდიდატს, რომელიც ამ პრობლემის გადაწყვეტის გზაზე შეიძლება აღმოჩნდეს არათუ მომგვარებელი, პირქით უკუპროცესის დამაჩქარებელი. მოკლედ, იმის თქმა მინდა, რომ ეს არჩევნები ერთგვარი რეფერენდუმია და თუ სალომე ზურაბიშვილი სერიოზულ მხარდაჭერას მოიპოვებს, ეს სიგნალი იქნება დასავლეთისთვისაც და თვით რუსეთისთვისაც, რომ აი, ამდენი ადამიანია ამ ქვეყანაში, რომელმაც ხვალ შეიძლება კიდევ ერთი ნაბიჯი წადგას წინ და მხარი დაუჭიროს პრორუსულ პოზიციებს, რუსეთისთვის სასარგებლო პოზიციებს ამ ქვეყანაში.
_ არჩევნები დიდწილად არჩევნებამდე ყალბდება. როგორ ფიქრობთ, რა ფორმით და რამდენად იყენებს ხელისუფლება ადმინისტრაციულ რესურსს, მის ხელთ არსებულ ბერკეტებს?
_ ჩვენი ორგანიზაცია არ არის არჩევნებზე დამკვირვებელი ორგანიზაცია, არ მაქვს წვდომა ბევრ იმ ინფორმაციაზე, რომლის ფლობაც აუცილებელია კომპეტენტური პასუხის გასაცემად და ამდენად გამიჭირდება სრულყოფილი შეფასების გაკეთება. ცხადია ხდება ამ რესურსების ეფექტიანად გამოყენება სახელისუფლებო ჯგუფების მიერ, ზოგადად, ამ რესურსს ყველა ხელისუფლება იყენებდა საქართველოში. არ მახსენდება არჩევნები, რომელშიც ეს რესურსი სათანადოდ არ ყოფილიყოს გამოყენებული _ არც წინა ხელისუფლების დროს, არც ამ ხელისუფლების დროს. თუ უკანასკნელ რამდენიმე არჩევნებს გავიხსენებთ, „ქართულ ოცნებას“ ბოლო თვეს სჩვევია გააქტიურება, ბოლო თვეს აქვთ ხოლმე ძალიან დახუნძლული საარჩევნო კამპანია, შეიძლება ასე იყოს ახლაც, ზურაბიშვილის შემთხვევაშიც.
_ მაინც, რას გულისხმობთ დახუნძვლაში, მათთვის დამახასიათებელ შავი პიარების აგორებას, თუ ინტენსიურ საარჩევნო შეხვედრებს?
_ პრინციპში, თუკი იმ წინა არჩევნებს თვალს გადავავლებთ, ისინი კარგად უხამებდნენ ამ ორივე კომპონენტს, _ ერთი მხრივ, ანტიპიარს აწარმოებდნენ ოპოზიციის მიმართ ნეგატიური განწყობის გასაჩენად და მეორე მხრივ, საკუთარი კანდიდატის პიარს, პოზიტიური განწყობების შექმნას მის მიმათ. საზოგადოდ, რაც თავი მახსოვს, ყველა ხელისუფლება, ყველა ხელისუფლებაში მყოფი პოლიტიკური ძალა ცდილობს, არსებული სიტუაცია წარმოაჩინოს, როგორც პოზიტიური, ხოლო ოპოზიციური ძალები ცდილობენ, სიტუაცია წარმოაჩინონ, როგორც კატასტროფული, დრამატული.
_ იმ ჩანწერების ფონზე, რომელიც ბოლო ხანს ვრცელდება, ვგონებ, ხელისუფლებას გაუჭირდება იმის წარმოჩენა, რომ ამ ქვეყანაში ყველაფერი კარგადაა. ირკვევა, რომ ქვეყანაში ყვავის რეკეტი, ბიზნესის ტერორი, ექსმინისტრები ჩაჰყავთ და სარდაფში ატიტვლებენ… რამდენად იქონიებს ეს ფაქტები გავლენას არჩევნებზე? რამდენიც არ უნდა ილაპარაკოს ამ ხელისუფლებამ, დაველოდოთ ავთენტურობის დადგენასო, ფაქტია, ამ ჩანაწერების ნამდვილობა ჯერ ვერავინ უარყო.
_ ცხადია, ყველა ჩვენ მიერ მოსმენილი ჩანაწერი ავთენტურობის დადასტურებას საჭიროებს, თუმცა ჩვენ ბატონი ზაზა ოქუაშვილის ინტერვიუც მოვისმინეთ, რომელმაც კონტექსტებიც ახსნა და დაადასტურა, რომ ამ ჩანაწერებში მონაწილე თავად არის, დაადასტურა ის შინაარსებიც, რაც ამ ჩანაწერებში იყო _ ეს, რა თქმა უნდა, ზრდის სანდოობას ამ ჩანაწერების მიმართ. ამის პარალელურად ჩვენ არ მოგვისმენია ჩანაწერების ავთენტურობის უარყოფა მეორე მხარისგან, ჩანაწერში ფიგურანტი სხვა პირებისგან, ამიტომ ჩემთვის, რა თქმა უნდა, ეჭვი მათი ავთენტურობის შესახებ უფრო ქარწყლდება. რაც ჩვენ მოვისმინეთ, ძალიან მძიმეა. შეიძლება ბევრისთვის იმის მოსმენა იყო მძიმე, რომ ვიღაც სარდაფში ჩაჰყავთ და უსწორდებიან, მაგრამ ამაზე უფრო მძიმე, ჩემი აზრით, ისაა, რომ ამ ქვეყანაში ყველაფერი ისეა, როგორც მოვისმინეთ. ე. ი. ეს ქვეყანა არ იმართება რესპუბლიკური მმართველობით, ანუ ქვეყანა კანონზე და კონსტიტუციაზე დაყრდნობით კი არ იმართება დემოკრატიული პროცედურებით არჩეული ხელისუფლების მიერ, არამედ, სინამდვილეში, ჩვენს სახელმწიფოში მმართველობა ხორციელდება აბსოლუტურად კონსტიტუციის მიღმა. ქვეყანა იმართება, როგორც კორპორაცია, _ კორპორაცია ცუდი გაგებით.
_ მაფიოზური კლანივით იმართება, როცა კორპორაციას თანამშრომლები „პადვალში“ ჩაჰყავს და ატიტვლებს?
_ ამიტომ ვთქვი, ცუდი გაგებით-მეთქი… იმართება, როგორც კერძო კორპორაცია, სადაც ფუნქციები დანაწილებულია, როგორ იშოვოს კორპორაციის მეპატრონემ დიდი ფული. სამწუხაროდ, ასეთ რეალობას ვხედავთ, ინსტიტუტები ორიენტირებული არის არა მათზე დაკისრებული კონსტიტუციური ფუნქციების შესრულებაზე, არამედ კონკრეტული ადამიანების ფინანსური ინტერესების დაკმაყოფილებაზე. ეს კატასტროფაა და ამ ტიპის მმართველობას სიმბოლურად მართლა შეიძლება ვუწოდოთ „ფარცხალაძის სარდაფი“, არა იმიტომ, რომ იქ ვიღაცებს უსწორდებიან, რაც, თავის მხრივ, ასევე პრობლემაა, არამედ იმ გაგებით, რომ მმართველობის სტილია ასეთი, _ სადაც ადამიანები, ნაცვლად დემოკრატიისა, ნაცვლად რესპუბლიკური მმართველობისა, ქმნიან სისტემას, რომელსაც „ფარცხალაძის სარდაფი“ ჰქვია.
_ ეს ქეისი გარდამტეხი და მნიშვნელოვანია იმ გაგებითაც, რომ საბოლოოდ ყველანაირი საფუძველი გამოაცალა საზოგადოების გარკვეული ნაწილის გულარხეინობას და „გამპრავებელ“ ჯადოსნურ „არგუმენტებს“. აქამდე, როგორც კი ვინმე ამ ხელისუფლების კრიტიკას დაიწყებდა, ხელისუფლების წარმომადგენლებიც და მათი მხარდამჭერებიც იმ წუთას იწყებდნენ: სამაგიეროდ თავისუფლად ვსუნთქვთ, ბიზნესზე ზეწოლა არაა, არავინ გვაუპატიურებს. ეს იყო ის ბურთები, რომელსაც მომენტალურად გჩრიდნენ. აღმოჩნდა, რომ კარგადაც ატერორებენ და გაუპატიურებითაც კარგად ემუქრებიან…
_ სამწუხაროდ, ხშირად, ადამიანების ნაწილში პოლიტიკა რწმენად იქცევა ხოლმე და მათ არ უნდათ დაიჯერონ ის, რაც შემდეგ მათ რწმენას ეწინააღმდეგება. არადა, რწმენისგან განსხვავებით, სადაც უნდა გწამდეს და მორჩა, პოლიტიკა ჩვენგან რაციონალურ განსჯას მოითხოვს ამა თუ იმ პოლიტიკოსის ქცევისა და ქმედებისა, რასაც ბევრი გაურბის და ისინი პოლიტიკოსში შეუმცდარ ღმერთს ეძებენ. როგორც ერთი ცნობილი ავტორი წერს, _ ხელისუფლებაში ასე ღმერთებად მოყვანილები, რამდენიმე წელიწადში, დაცემულ ანგელოზებად ასრულებენ მოღვაწეობას. ჩვენთან, სამწუხაროდ, ეს პრობლემაც დგას და კიდევ სხვაც, _ დაცემის შემდეგ ამომრჩეველთა ნაწილში ისინი მაინც ღმერთები, ანგელოზები არიან და მათი ქცევა, პოლიტიკური ცხოვრება არ ფასდება კრიტიკულად და ბრმად სწამთ. ეს ეხება წინა ხელისუფლების მხარდამჭერთა ნაწილსაც, ეს ეხება დღევანდელი ხელისუფლების მხარდამჭერებსაც.
_ თქვენი აზრით, რა იყო არსებითი ამ ჩანაწერებში?
_ ამ ჩანაწერებიდან რაც ირკვევა, თავლში საცემია განსხვავება. წინა ხელისუფლების დროს მაღალი თანამდებობის პირები შეიძლება შემჩნეული ყოფილიყვნენ, საზოგადოების მიერ ეჭვმიტანილნი იყვნენ ამა თუ იმ ძალადობაში, ზეწოლაში, მათ შორის, სახელმწიფოს სასარგებლოდ რაღაცების მოთხოვნაში, დღეს საუბარია, რომ ყველა სახელმწიფო ინსტიტუტი მორგებულია არა სახელმწიფოს ფუნქციების განხორციელებაზე, არამედ ერთი ადამიანის ბიზნესინტერესების განხორციელებაზე. რა მოვისმინეთ? _ რომ სუს-ი ჩანაწერებს აკეთებს, რომელსაც შემდეგ იყენებს _ მიადგებიან პოლიტიკოსებს: „შენ ეს რატომ თქვი, რატომ გააკეთე?!.“ და სჯიან. პრემიერ-მინისტრის პოსტზე, (გარდა თავად ივანიშვილისა) ინიშნებიან ადამიანები, რომელთა რეიტინგი, უბრალოდ, იმიტომაც ვერ იზომება, რომ ცნობადობაც კი არ გააჩნიათ. ავიღოთ დღევანდელი პრემიერ-მინისტრი. მოიყვანეს და დადეს ადამიანი. ის პოლიტიკური პროცესის შედეგად არ შერჩეულა, არ იყო პოლიტიკური გუნდის ლიდერი. არც პოლიტიკოსი იყო, ის იყო რიგითი, საზოგადოებისთვის უცნობი მინისტრი, რომელიც პრემიერ-მინისტრი გახადეს. ის არ არის პოლიტიკური პროცესის შედეგად შექმნილი თანამდებობის პირი. ის ასევე დატოვებს ამ თანამდებობას ხვალ. იგივე მოუვიდა კვირიკაშვილსაც. ის არ იყო რეალური პოლიტიკის შემქმნელი ადამიანი. რეალური პოლიტიკა, თუკი ეს პოლიტიკა არსებობს, თუნდაც მისი ყველაზე მანკიერი ფორმით, იქმნებოდა სხვა ადგილას, სხვა შენობაში. გვყავს შსს, რომლის დეპოლიტიზება დღემდე ვერ მოხერხდა და, სამწუხაროდ, მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება მისი როლი ადამიანის თავისუფლებებით სარგებლობის პროცესში. მათ შორის ეს ეხება გამოხატვის თავისუფლებას და ბოლო ამბები კარგად აჩვენებს, რომ პოლიცია კარავს არ აშლევინებს შეკრება-მანიფესტაციის მონაწილეებს, კარავს, რომლის გაშლა კონსტიტუციით დაცულია, იმიტომ რომ ეს აქცია მიმართულია ხელისუფლების წინააღმდეგ. მარტივ მაგალითს მოვიყვან: ავიღოთ ქუჩაში პოსტერის გაკვრა, როდის რეაგირებს პოლიცია ამაზე? როცა ამ პოსტერით სახლს ვაქირავებ თუ ივანიშვილის მოშორებას ვითხოვ ხელისუფლებიდან? შეგიძლიათ, ძალიან მარტივად ექსპერიმენტი ჩაატროთ: გააკრათ პოლიციელების თვალწინ პოსტერი, სადაც წერთ, რომ აქირავებთ ბინას და ნახეთ, ექნებათ თუ არა მათ რეაქცია ამაზე და ექნებათ თუ არა მაშინ, თუ პოსტერით მოითხოვ ხელისუფლების შეცვლას. ეს ხომ ნიშნავს, რომ პოლიციელი შინაარსით ხელმძღვანელობს და არა იმ საზოგადოებრივი ინტერესით, რომელიც არის: “არ დააბინძურო კედელი” გავნაგრძოთ თემა, რა მოვისმინეთ? მოვისმინეთ ის, რომ ამ თამაშის მონაწილე არის ეროვნული ბანკი, პროკურატურა. როცა ხელისუფლებას სჭირდება, საკანონმდებლო ორგანო ამ თამაშის მონაწილე ხდება. თამაშის მონაწილეა სასამართლო და რა დარჩა ამ ქვეყნიდან, თუკი ყველა ინსტიტუტი ცალ-ცალკე და ერთად აღებული ერთი ადამიანის ბიზნესინტერესებს ემსახურება? ეს არის კატასტროფა.
_ ხელისუფლების მხარდამჭერთა რაღაც ნაწილი, ცახდია, მაინც „გააპრავებს“ ამ ხელისუფლებას, მაგრამ დიდ ნაწილს, ვგონებ, უკვე უნდა გაუჭირდეს იმის ძახილი, რომ ბიზნესს არავინ აწვება, რომ თავისუფლად სუნთქავენ და ა. შ.
_ ეს ხელისუფლება, წინა ხელისუფლებისგან განსხვავებით, საკუთარ ძალაუფლებასა და ძლევამოსილებას ყველას მისამართით არ იყენებს. წინა ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ მკაცრი პოლიტიკის გამტარებელი ყოფილიყო ყველა დონეზე და, მათ შორის, ხშირ შემთხვევაში, ბიზნესის „წინააღმდეგ“ ოპერაციები სულაც არ ემსახურებოდა ვინმეს ბიზნესინტერესებს, არ იყო განპირობებული ვინმეს პირადი ბიზნესინტერესებით. ცხადია, ასეთი შემთხვევებიც გახლდათ, მაგრამ ეგ უფრო მსხვილ ბინზესებს ეხებოდა, მაგრამ წვრილი ბიზნესი (ამას თავადაც აღიარებენ), ხშირ შემთხვევაში, იმაზე უფრო ბევრჯერ იყო შეწუხებული სახელმწიფო ორგანოებისგან, ვიდრე ამის რეალური საჭიროება არსებობს ნორმალურ ქვეყნებში. ეს იყო, ალბათ, ერთგვარი გამოძახილი, წარსული შიშები, რომ ბიზნესში კვლავ შავი ბუღალტერია არ დაბრუნებულიყო, თუმცა ინტენსივობა ბევრად მაღალი იყო, ვიდრე ამის საჭიროება არსებობდა და სწორედ ამან გააჩინა ის შიშები. როდესაც რომელიმე პატარა მეწარმე ბიზნესპროექტს ახორცეილებდა, მათ შორის თუ ტენდერს მოიგებდა, სახელმწიფო თითოეულ თეთრში მიჰყვებოდა და ადამიანებს ეშინოდათ, რომ მათ დასჯიდნენ. დღეს ეს აღარ არის. დღესაც, მაგალითად, არიან ადამიანები, რომელთა აზრითაც სახელმწიფოს რეპრესიული მანქანა ისეთი ინტენსივობით არ მოქმედებს, როგორც წინა ხელისუფლების დროს მოქმედებდა. მაგრამ მაშინ საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნებისთვის ხელისუფლების ინტერესი ერთგვარად მაქსიმალური საზოგადოებრივი წესრიგის დამყარება იყო, წინაპირობა, რომ საზოგადოებას მკაცრად დაეცვა წესები. ამ ხელისუფლებას რადიკალურად განსხვავებული მიდგომა აქვს: იგი ამბობს, რომ ყველანი ცოტა ვიყოთ ქაოსურად, მაგრამ როცა მე დამჭირდება, მაშინ ყველა ინსტრუმენტს საჩემოდ, ჩემი ინტერესების გასატარებლად გამოვიყენებ. ეს კარგად ჩანს სასამართლოსთან მიმართებითაც, _ უფრო მეტი გამამართლებელი განაჩენი გამოაქვს სასამართლოს, უფრო მეტ საქმეშია შესაძლებელი, მხარემ თავისუფლად იგრძნოს თავი, მაგალითად, იუსტიციის სამინისტროს ყოფილმა თანამშრომელმა სასამართლოში იუსტიციის მინისტრს დავა მოუგოს, მაგრამ როგორც კი საკითხი ე. წ. კორპორაციულ ინტერესს შეეხება, იქ სასამართლო სწორედ იმ გადაწყვეტილებას მიიღებს, რომელიც ხელისუფლებას სჭირდება. ეს ყველაფერი იმას კი არ ნიშნავს, რომ გადავრჩით და ინსტიტუტები კარგი გახდა, უბრალოდ, ნაკლებად იყენებს საკუთარ ძალას, თუ ამის საჭიროებას არ ხედავს. სასამართლოს კლანი მართავს, ამის შესახებ არაერთხელ გვისაუბრია და ეს არის მათ შორის ჩვენი საზოგადოების ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა. კლანს ვეძახით იმიტომ, რომ აქ თანამდებობების გადანაწილება, მართვის სტილი არის არა კანონისმიერი, არამედ აბსოლუტურად არაფორმალური. რეალურად იუსტიციის საბჭოც და სხვა ადმინისტრაციული ფუნქციის განმახორციელებელი პირებიც ექვემდებარებიან ერთ ადამიანს და ეს არის მიხეილ ჩინჩალაძე, რომელიც, თავის მხრივ, ანგარიშვალდებულია ერთი ადამიანის _ ბიძინა ივანიშვილის წინაშე. ანუ ეს სისტემაც ისე იმართება, როგორც დანარჩენი სისტემები. ამიტომ როცა იმ ერთ ადამიანს სჭირდება, მას ყველა ინსტრუმენტის თავის სასარგებლოდ მომართვა შეუძლია. ეს იქნება პოლიტიკური თუ ბიზნესინტერესი, ის ამას ყოველთვის მოახერხებს.
_ რას ფიქრობთ, როგორია თქვენი პროგნოზი, რამდენად მშვიდობიანად განვითარდება პროცესები და რამდენად მშვიდობიანად მივალთ და გადავაგორებთ არჩევნებს?
_ ძალიან ძნელია საქართველოში რაიმეზე საუბარი იმიტომ, რომ უცნაური გამოცდილება გვაქვს, _ შესაძლებელია, რაღაც ერთმა „ავტოსაგზაო შემთხვევამ“ თუ „შეჯახებამ“ საერთოდ შეცვალოს მთელი ქვეყნის პოლიტიკური ლანდშაფტი და მდგომარეობა, არსებული სიტუაციაც. ძალიან არაპროგნოზირებადი საზოგადოება ვართ. უბრალო რაღაცებს, უბრალოს არა, ბრალიანს, ოღონდ მასშტაბურად პატარას შეიძლება იმხელა ტალღის აგორება მოჰყვეს, რომ ქვეყანაში ყველაფერი გადააბრუნოს და პირიქით. რაზე და როდის ამოხეთქავს საზოგადოებრივი პროტესტი, ამის განჭვრეტა წინასწარ ძნელია _ არ ვიცით.

რეზო შატაკიშვილი