იმერეთი ეკოკატასტროფის წინაშე


საქმე, რომელზედაც უნდა მოგიყვეთ, 3 წლის წინ, 2015 წელს დაწყო და მასში ჩართული არიან როგორც სამშენებლო, ისე საზედამხედველო კომპანიები და ამათ დამატებული, „საქართველოს რკინიგზა“, ჩვენი დღევანდელი პრემიერის მეთაურობით!

კარგა ხანია, სამართალს ეძებს და ვერ უპოვია კახა კიკნაძეს, რომელიც პროფესიით ინჟინერ-გეოდეზისტი გახლავთ. იგი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ, 8 წლის მანძილზე, კათედრაზე მუშაობდა და 2006 წლის მერე თითქმის ყველა მნიშვნელოვან და დიდ პროექტში მონაწილეობს.
საქმის ვითარება შემდეგია:
2015 წელს კახა კიკნაძეს მისმა ნაცნობმა გერმანელმა ინჟინერმა, არნდ მიულერმა, კომპანია ILF-ში მუშაობა შესთავაზა. ეს უკანასკნელი ზედამხედველობას უწევდა ჩინურ კომპანია „23-ე ბიუროს“, რომელიც, თავის მხრივ, ხაშური-ზესტაფონის მონაკვეთზე ასრულებს ახალი რკინიგზის მშენებლობას.
ამ შეხვედრის მერე კახა კიკნაძის შესახებ ინფორმაცია გადასცეს სტეპენ მორანს, კომპანია ILF-ის დირექტორს საქართველოში. მანაც, კინკაძის გამოცდილებისა და ცოდნის გათვალისწინებით, ის სამსახურში აიყვანა და მალევე გააგზავნა ავსტრიაში ტრენინგებზე.
პარალელურად, იმ პერიოდში, როდესაც ინჟინერ-გეოდეზისტი ILF-ში იწებს მუშაობას, ხარაგაულის გამგეობაში ინფრასტრუქტურისა და არქიტექტურის სამსახურში თანამშრომლობას სთხოვენ და აქაც წარმატებით ასრულებს რამდენიმე პროექტზე ზედამხედველობით ფუნქციას.
კიკნაძის ავსტრიაში რამდენიმედღიანი ვიზიტიდან საქართველოში დაბრუნების შემდეგ, ის იწყებს გვირაბების შემოწმებას, რომლის შესახებაც თავად გვიყვება:
„ჩინელების მიერ აშენებული ქვიშხეთიდან სოფელ ზვარეში გამავალი 8 კმ-იანი გვირაბის შემოწმება რომ დავიწყე, მაშინვე მივხვდი, რასთან გვქონდა საქმე _ ეს იყო საშინელება! იქ, სადაც კედლის სისქე 45 სმ უნდა ყოფილიყო, რეალურად, 5-6 სმ იყო. ამას დარღვევაც კი აღარ ჰქვია!
ეს რომ ვნახე, მაშინვე ვთქვი, _ ამ ამბავს ხელს არ მოვკიდებ-მეთქი. ცალკე ეკოლოგიასა და მდინარის დაბინძურებაზე აღარ ვსაუბრობ! როცა ამის შესახებ ვთქვი, ჩინელების ინჟინერმა მითხრა, _ მე რა ვქნა, რასაც მთხოვენ, იმას ვაკეთებო. აქედანვე ეჭვი გამიჩნდა, რომ საქართველოს რკინიგზა და კომპანია ILF კოორდინებულად მუშაობენ.
როცა აზომვები და გამოაშკარავება დავიწყე, მაშინ მიულერიც ამყვა, ისიც ხვდებოდა, რომ საშინელება ხდებოდა. მდინარესთან, საყრდენ კედლებში ჩასხმული უნდა იყოს სუფთა ბეტონი, არადა 90% ქვაა ჩაყრილი. ეს ყველაფერი 5-6 წელს გაძლებს, მერე ნგრევას დაიწყებს, არადა, 120 წლის მანძილზე უნდა გაძლოს. ფუნდამენტს სიღრმე, სადაც 3 მ უნდა ჰქონდეს, რეალურად 1-1,5 მ აქვს. ამას მარტივად გამოთხრის მდინარე!
როცა ეკოლოგიაზე ვსაუბრობდი, მეუბნებოდნენ, _ დაანებე თავი, შენ არ გეხებაო. არადა, უკვე 4 წელია, იმ მონაკვეთზე მდინარე ჩხერიმელა რძისფერი ჩამოდის, მთელი ცემენტი მდინარეშია თავმოყრილი. 4-ჯერ დაიწამლნენ ბავშვები ხარაგაულის რაიონში, თუმცა, ამ თემასთან შეხება და ხმის ამოღება არ შეიძლება! ეს არ შეუძლია არც ჟურნალისტს, არც ოპოზიციას, მით უფრო, არც მთავრობის წარმომადგენელს. ეს იმიტომ, რომ, პირველ რიგში, ვერაფერს გახდები, გვერდით არავინ დაგიდგება და მერე სამსახურს დაკარგავ, იმაზე უარეს დღეში ჩაგაგდებენ, ვიდრე მე ჩამაგდეს!
სამსახურის დაწყებიდან 6 თვის შემდეგ სტეპენ მორანმა დამიბარა და მითხრა, _ გვირაბებს ჩამოშორდი, აღარ ამოწმებ, ამას თვითონ ჩინელები გააკეთებენო.
გვირაბებს რომ ჩამომაშორეს, სანაყაროებზე გადავედი. ეს არის ადგილი, სადაც გვირაბისთვის აფეთქებული მთის ნაწილი იყრება. ორ მთას შორის ჩამოდის მდინარე ფიჭვნარის ღელე, რომელიც ხეობაში 300 მ-ის სიმაღლეზე და 1 კმ-ის სიგრძეზე ამოვსებულია მთლიანად.
ახლა აქ 4 მლნ კუბი მიწაა ჩაყრილი. შედარებისთვის: ყველას გვახსოვს, რომ 2015 წელს ვერის ხეობა 400 000-მა კუბმეტრმა მიწამ წამოიღო, ნუნისში კი 10-ჯერ მეტი მიწაა ჩაყრილი. ერთი წლის მანძილზე გამოატარა მდინარემ იგი, თუმცა მერე დიდი ქვები დაიშალა და მდინარე მეორე მხრეს აღარ გამოდის.
თამამად შემიძლია გითხრათ, რომ მსოფლიოში ისეთ სპეციალისტს ვერ ნახავთ, რომელიც ამ მდგომარეობას გამოაკეთებს! რადგან მდინარე, ფიჭვნარის ღელე მეორე მხარეს აღარ გამოდის, მალე ეს მასალა დაცურდება და, სულ რაღაც, 30 მ-ით დაჩოჩება საკმარისია, რომ მდინარე ნუნისიც დაკეტოს, რომელიც ფიჭვნარის ღელესთან შედარებით დიდია. ამის შემდეგ მათ წინ წარმოიშობა, მინიმუმ, 80 მ სიმაღლის კაშხალი. დაახლოებით 8 საათი დასჭირდება მის ამოვსებას. ვერაფრით მოხერხდება მისი გაწმენდა, ეს ისეთი ადგილია, იქ ტექნიკას ვერ მიიყვანთ.
ერთადერთი, რისი გაკეთებაც შეიძლება, არის სოფლების ევაკუაცია, მაგრამ ის მაინც მთლიანად წაიღებს ინფრასტრუქტურას, მათ შორის, არსებული რკინიგზის დიდ ნაწილს და საავტომობილო გზას. წარმოიქმნება, მინიმუმ, 7-8 მ-იანი ტალღა, რომელიც წალეკავს მთელ ხარაგაულსა და ზესტაფონს (მსგავსი რამ უკვე მოხდა ხარაგაულის სოფელში, ოღონდ, მაშინ შედარებით პატარა, 2 მ-იანმა ტალღამ ჩამოიარა და სახლები წაიღო). იგივე მდგომარეობაა ქვიშხეთში, აქაც აუცილებლად წამოვა მდინარე, მაგრამ ეს იმდენად სახიფათო არაა, რადგან მტკვარს უფრო დიდი ადგილი უჭირავს და, მაქსიმუმ, შეიძლება ხაშური დატბოროს.
ეს გარდაუვალია! ვერ ნახავთ სპეციალისტს, რომელიც ამას არ გეტყვით. უბრალოდ, არავინ იცის, ერთ თვეში უნდა ველოდოთ მას თუ ორ წელიწადში.
როცა ხელმძღვანელობას ამის შესახებ ვაცნობე, მერე ვითომ გადაკეთება დაიწყეს, პატარა კედელი ააშენეს, გვერდზე 20 მ-იანი თხრილი გაუკეთეს და იქ გადაუშვეს მდინარე. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, აბსურდია, არანაირი პრევენცია ეს არაა, მაგრამ ამით ვიღაცას თვალს აუხვევენ“.

ამ ამბავში საინტერესო და მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ სანამ კახა კიკნაძეს სამსახურიდან გაათავისუფლებდნენ, რამდენიმე თვით ადრე ყაზბეგში კორპორაციულ საღამოზე რკინიგზის დეპარტამენტის თანამშრომლებს შეხვდა. აქ იყო მამუკა ბახტაძის მოადგილე და მართვის სამსახურის უფროსი აკაკი საღინაშვილიც. სწორედ მართვის სამსახურის მოვალეობაა პროექტის ზედამხედველობა ILF-თან ერთად. კიკნაძე მათაც დაელაპარაკა და მშენებლობაზე არსებულ მდგომარეობაში გაარკვია:

„ვუთხარი, რომ იმ გვირაბში ძალიან დიდი დარღვევები იყო და იქ მატარებელი ვერასდროს გაივლიდა. გვირაბის ჩასხმას დაასრულებდნენ თუ არა, რამდენიმე წელიწადში დაიწყებდა ნგრევას. აკაკი საღირაშვილმა მითხრა, _ შენ გვერდით ვართ, არ გვეგონა, ასეთი მდგომარეობა რომ იყო ადგილზეო!
ამ საუბრიდან 2 თვეში კი სამსახურიდან გამათავისუფლეს. ILF-ის დირექტორმა სტეპენ მორანმა მითხრა, ხელფასის გადასახდელად ბიუჯეტი არ გვყოფნისო. არადა, ამ კომპანიის წლიური ბრუნვა, დაახლოებით, 2 მლრდ აშშ დოლარია. ჩემი ხელფასი კი $1500 გახლდათ.
ჩემთან ერთად გაათავისუფლა მიულერი, თუმცა დღემდე განთავისუფლების ბრძანება თვალით არ მინახავს, ანუ არ ვიცი, ოფიციალურად რა მიზეზით გამათავისუფლეს.
ამ ამბის შემდეგ გადავწყვიტე, რკინიგზის დეპარტამენტს მოსალოდნელი საფრთხეების შესახებ სცოდნოდა, რადგან, რეალურად, მოსახლეობა საფრთხეშია და ამას ყურადღებას არავინ აქცევს. მინდოდა, მამუკა ბახტაძეს შევხვედროდი. ჯერ მის თანაშემწეს მოვუყევი ამბავი, ბახტაძესთან შეხვედრას დამპირდა, თუმცა 3 თვის მანძილზე ამბობდნენ, რომ ის ხან ლიეტუვაში იყო, ხან _ ლატვიაში და ხანაც _ ესტონეთში.
ამ პერიოდში შევხვდი რკინიგზის მონიტორინგის სამსახურის წარმომადგენლებს, რომელთაც როცა გაიგეს, იქ რა ამბებიც ხდებოდა, თითქოს გაოცდნენ და მითხრეს, _ სრული სიზუსტით გვითხარი ის ადგილი, სადაც კედლის სისქე 6-7 სმ-ია. იცოდე, 1 მეტრითაც თუ გვერდი ავუარეთ ამ ადგილს, დაღუპულები ვართ, ციხე არ აგვცდებაო.
ეს მითხრა უკვე გაპრიალებულ, ჩასხმულ და მოწესრიგებულ გვირაბზე, რომელსაც გარედან არაფერი ეტყობა(!), არადა, ყველამ რეალურად ყველაფერი იცოდა და ისიც, რომ გვირაბების 80% მსგავსი დარღვევითაა აშენებული.
ამ ამბის შემდეგ პარლამენტარ გია მიქელაძეს შევხვდი ქუთაისში. როცა სიტუაციაში გავარკვიე, ცხადია, ისიც ავუხსენი, რომ მორანმა არც განთავისუფლების საბუთიც მომცა და არც _ კომპენსაცია. ვხედავდი, რომ მძაფრად განიცადა ეს ყველაფერი და იმედი მომეცა, იქნებ, საქმეს ეშველოს და რამე გამოსწორდეს-მეთქი. მან ვასილ ხორავას (იმ დროს ბახტაძის მოადგილე), ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსს დაურეკა და ჩემ შესახებ მოუყვა, უთხრა, კახა კიკნაძე ხვალ დილითვე მიიღე და სტეპენ მორანთან საქმე მოუგვარეო. ამაზე გადავირიე, _ მე მორანთან საქმის მოგვარება კი არა, გვირაბებისა და იქ მცხოვრები ხალხის ბედი მაწუხებს-მეთქი. ბოლოს და ბოლოს, ისე გაიგეს, თითქოს მე იმ კომპანიაში დაბრუნება მინდოდა, არადა, ეს აზრადაც არ მომსვლია! მანამდე მორანმა გამაფრთხილა, _ იცოდე, თუ ამ საქმეს არ შეეშვები, ისე გაგამწარებ, რომ საკუთარი ფეხით ვერ ივლიო. ვიცოდი, რომ იმ ადგილას დაბრუნება გვირაბში მოყოლას ან რამის მოწყობას ნიშნავდა. როცა ეს ყველაფერი ხორავას ვუთხარი, მან მითხრა, ეგ პროექტი რომ დამთავრდება, ვინ სად ვიქნებით, არავინ იცის, ამიტომ ჯობია, გაჩერდეო! საბოლოოდ, ისე მოხდა, რომ მე 2 თვის კომპენსაცია გადამიხადეს (რომელიც ცალსახაა, მანამდეც კანონით მეკუთვნოდა!), თუმცა დანარჩენ ამბებზე გაჩუმება მირჩიეს.
ამ ყველაფერმა შედეგი რომ არ გამოიღო, უკვე სახალხო დამცველის აპარატში დავიწყე სიარული. აქაც ვერ შევხვდი უჩა ნანუაშვილს და რამდენიმეთვიანი სიარულის მერე ზეპირი პასუხი მივიღე _ სახიფათო თემაა და ფრთხილად იყავიო.
მერე ოპოზიციური პარტიების მხრიდან ჩემთან შეხვედრები დაიწყო, რის შემდეგ ოფიციალურ წერილს უგზავნიდნენ რკინიგზას და ერთ კვირაში ჩუმდებოდნენ. ახლაც აღარ იღებენ ხმას. ამას ემატება რამდენიმე ტელევიზია და პრესა, რომელიც შედარებით დაინტერესდა ამ ამბით. ის შემიძლია დაჟინებით ვთქვა, რომ უახლოეს მომავალში საზოგადოება დეტალურად ნახავს, თუ რა ხდება“.

არანაკლებ საინტერესოა ამ ამბის შემდგომი განვითარდება და ის ეტაპები, თუ მართლაც როგორ დაინგრა რამდენიმე სახლი და რა საფრთხე ელის დღეს იქ მცხოვრებ მოსახლეობას:
„2016 წლის შემოდგომაზე სოფელ ბეჟათუბანში, სადაც გვირაბის მშენებლობა მიდიოდა, მოსახლეობა უკმაყოფილებასა და პროტესტს გამოხატავდა მთის აფეთქებისა და ეზოში ჩამოვარდნილი ქვების გამო. აღმოჩნდა, რომ ადგილზე დასაშვები ასაფეთქებლის მაქსიმალური წონის _ 45 კგ-ს ნაცვლად, ჩინელები 230 ასაფეთქებელს იყენებდნენ, რაც ამბსოლუტურად დაუშვებელია!
ვინაიდან მე ხარაგაულის გამგეობაში ვმუშაობდი, ადგილზე გამგზავნეს. ჩემზე უკეთ არავინ იცოდა, თუ იქ რა ხდებოდა. ჩემ დანახვაზე ჩინელი ინჟინერი გადაირია, _ ძლივს მოგიშორეთ ILF-დან და ახლა აქ მომადექიო?! ბევრი რომ არ გავაგრძელო, მოსახლეობის ერთად დგომით ისე, რომ მათ ღამითაც კი არ ეძინათ და გარეთ იყვნენ გამოსულები (არ შეიძლება აფეთქება, თუ გარეთ ერთი ადამიანი მაინც არის), აფეთქებები 3 კვირის მანძილზე გავაჩერებინეთ.
ისე მოხდა, რომ ამავე პერიოდში, დედაჩემს ამ ამბების გამო, ინსულტის გადატანა მოუხდა, თან სახალხო დამცველთან დავდიოდი თბილისში. ანუ ავადმყოფ დედას ვუვლიდი და ერთადერთი შემოსავალი, რაც ხარაგაულის გამგეობიდან მქონდა 420 ლარი(!) იყო. ამდენად გაჭირვებულ პერიოდში ჩინელმა ინჟინერმა ქრთამიც კი შემომთავაზა, თუმცა, რა თქმა უნდა, არ ავიღე და ისიც უარით გავისტუმრე!
ეს პერიოდი დაემთხვა ასევე 2016 წლის ოქტომბრის არჩევნებს, რომლის შემდეგაც ხარაგაულში გამგებელი ხდება ნიკო თოფურიძე. ის კვირიკაშვილის კლასელი იყო და იმედი მქონდა, რომ მაშინდელი პრემიერის ყურამდეც მიაღწევდა ეს ამბავი. დეკემბრამდე ყველაფერი სტაბილურად მიდიოდა, როცა სახალხო დამცველის აპარატში მორიგი წარუმატებელი შეხვედრის შემდეგ ხარაგაულში დავბრუნდი და გავიგე, რომ, თურმე, 13 დეკემბერს სამსახურიდან გამათავისუფლეს.
თოფურიძემ და მისმა მოადგილემ მითხრეს, ეს რომ არ გაგვეკეთებინა, სამსახურიდან ჩვენ გაგვათავისუფლებდნენო. განთავისუფლების საბუთში კი ეწერა, რომ, თითქოს, სამსახურში 3 კვირა არ დავდიოდი და არც მობილურის ზარებს ვპასუხობდი, რაც სრული აბსურდი იყო! სამართლებრივად დავიწყე დავა და მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოზე ბევრი კურიოზული მომენტი იყო, რადგან გამგეობის იურისტი და არქიტექტურის სამსახურის უფროსი სხვადასხვაგვარ პასუხს სცემდნენ მოსამართლის კითხვებს (იურისტმა თქვა, სამსახურის უფროსი 3 კვირის მანძილზე ეძებდა კახა კიკნაძეს, ურეკავდა და კიკნაძე სახლშიც კი არ იყოო. სოფელ ბეჟათუბანში აფეთქებებზე სამსახურის უფროსს არ გაუშვია, თავისი სურვილით წავიდაო და ცოტა ხანში სამსახურის უფრომა თქვა, _ კი, კიკნაძეს ტელეფონზეც ველაპარაკე, ნანუაშვილთან შეხვედრაზე იყო დაბარებული, მოგვიანებით სახლში იყო, რადგან დედა ავად ჰყავს, უვლის და აფეთქებებზეც იმიტომ დადიოდა, რომ ჩვენ ვუშვებდითო. ამ ყველაფრის შემდეგ იურისტსა და სამსახურის უფროსს იქვე მოუვიდათ დაპირისპირება, რაზედაც მოსამართლემაც კარგად იხალისა). საბოლოო ჯამში, მაინც მე გამამტყუნეს! სარჩელი ახლა უზენაეს სასამართლოშია და ვნახოთ, რა შედეგს მივიღებთ“, _ აღნიშნავს რესპონდენტი.
საინტერესოა ამბის ის ნაწილიც, რომელიც უკვე ბოლოს განვითარდა იმ სოფლებში, კახა კიკნაძე კარგა ხნის წინ რომ წინასწარმეტყველებდა მოსალოდნელ შედეგებზე.
ამ გაზაფხულზე სოფელ ბეჟათუბანში 2 სახლი დაინგრა, რადგან აფეთქების შედეგად სახლები დაიბზარა:
„ეს ადგილი ამიერკავკასიის რკინიგზაზე ყველაზე მეწყრული უბანია. ამას ყოველთვის ვამბობდი და ყველაფერი რომ სწორად წარმართულიყო, დეტალურ აზომვებს ვაკეთებდი. თავიდან ხალხს ეს არ სჯეროდა.
დაუდევრად მუშაობისა და აფეთქებების გამო თითქმის ყველა სახლი დაიბზარა და უკვე ორი მათგანი დაინგრა. შემიძლია გითხრათ, რომ ამ ზამთარში მთლიანად დაინგრევა სოფელი. არ არსებობს მაგ ადგილის გადარჩენის შანსი. იგივე მოხდა სოფელ ზვარეში, სადაც მთა იგივენაირად მოძრაობს. თუ ამ ადგილას რკინიგზის გაყვანა გვინდოდა, მაშინ მას მდინარის თავზე, ესტაკადებით უნდა გაევლო და მთას არ უნდა შეხებოდა. ამათმა არ გაიგონეს ეს, მთა გადაჩიჩქნეს, 2-3 კვირაში მას წყალი ჩაუდგა და ჩამოიწია. მთლიანად 1000-ობით კუბური მეტრი დაცურდა. მოსალოდნელი საშიშროების გამო ახლა იმ მთის ძირში არსებული საბავშვო ბაღი და რწმუნებულის შენობა დაკეტილია. ამ მთას ვერ აჩერებენ. ის მალე მდინარესაც ჩაკეტავს და, რა თქმა უნდა, იქ რკინიგზას ვერ გაატარებენ _ გამორიცხულია!
ამ ორმა სოფელმა ნგრევა უკვე დაიწყო. ზამთარში დაიწყო გვირაბმაც. მატარებლის სავალი ნაწილი სულ ამოყრილია. იქ ჯერ ქანებს მოძრაობა არ დაუწყია, ეს ყველაფერი კი მხოლოდ გაზების გამო დაინგრა.
საბოლოოდ, გულწრფელად შემიძლია გითხრათ, რომ მე ვერავის დავაშანტაჟებ და არც იმის ინტერესი მაქვს, ვინმე მოვატყუო, მით უფრო, ვიცი, როგორი ხალხი დგას ამ ყველაფრის უკან. უბრალოდ, მოსახლეობა მეცოდება და ის უდანაშაულო ადამიანები, რომლებიც უეჭველად ვიცი, რომ ამ ყველაფერს, ადრე თუ გვიან, ემსხვერპლებიან.
ამას ემატება ისიც, რომ დღემდე სამსახურს ვერსად ვიწყებ. არ მაქვს ძველი სამსახურიდან განთავისუფლების ცნობა. მოკვლით მემუქრებიან და, ამავდროულად, ყველა ორგანო, რომელსაც ამ ამბავს ვუყვები ან ჩუმდება, ან მე მირჩევს გაჩუმებას!“ _ აღნიშნავს კიკნაძე.

„ქრონიკა+“ კომპანია ILF-ს დაუკავშირდა, სადაც განაცხადეს, რომ კახა კიკნაძეს, მორიგების ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, კომპენსაცია გადაეცა და მასთან ყველანაირი კონტაქტი შეწყდა. ხოლო ინფორმაცია, რომელიც მისი განთავისუფლების მიზეზებსა და მშენებლობის დეტალებს ეხება, კონფიდენციალურობის გამო არ გააცხადეს.

რაც შეეხება საქართველოს რკინიგზას, ამ ორგანოდან კითხვებზე პასუხს იმის შესახებ, იცოდნენ თუ არა, რა პროცესები მიმდინარეობს მშენებლობის მონაკვეთზე და რამდენად უწევენ მონიტორინგს არსებულ სიტუაციას, რატომ ვერ მოხერხდა ბახტაძისა და კიკნაძის შეხვერდა, როცა საქმე ამდენად მნიშვნელოვან ამბავს ეხებოდა, დღემდე ველოდებით და მისი მოწოდებისთანავე თემას ხელახლა მივუბრუნდებით.

ამ ეტაპზე კი ცხადია, ადამიანის უფლებების დარღვევებზე რომ არ ვისაუბროთ, გამორიცხულია. მშენებლობა, კი რომელიც ჯერ 2019-ში უნდა დასრულებულიყო, ახლა კი 2025 წელს „აპირებს“ დასრულებას, აშკარა დარღვევებით მიმდინარეობს და მის დამანგრეველ შედეგებს, ადრე თუ გვიან, აუცილებლად უნდა ველოდოთ, შესაბამისი უწყებების რეაგირება კი ამ საკითხზე ცალსახად ნულის ტოლია!

ნინო ტაბაღუა