ლადო კახაძე: „ყველა ადამიანს, ვისაც გული ვატკინე, მინდა, ბოდიში მოვუხადო!“

რამდენიმე დღის წინ რუსთაველის თეატრში „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილი პრეზიდენტობის კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი მომხრეებს შეხვდა. ამ შეხვედრის მთავარი მოულოდნელობა ის გახლდათ, რომ სცენაზე ისეთი ადამიანები გამოჩნდნენ, რომლებიც მმართველი გუნდის მხარდაჭერით აქამდე არ გამოირჩეოდნენ. მაგალითად, ზურაბიშვილის მომხრეებს შორის მოულოდნელი იყო მსახიობ ზურა ყიფშიძის ნახვა, რომელმაც ახლახან საცხოვრებელი დაკარგა და რომელიც ხელისუფლებას უყურადღებობაში ადანაშაულებდა. ასევე საზოგადოებას ისიც გაუკვირდა, რომ ზურაბიშვილს ექიმმა ლადო კახაძემ გამოუცხადა მხარდაჭერა.

„უფლის ნებით, დედის სხეულგამოტარებულო სიყვარულის ნაყოფნო, თქვენ მინდა მოგესალმოთ. დიახ, აბა, ვის უნდა დავუჭიროთ მხარი, თუ არა ქალბატონ სალომეს, ვისთვის უნდა დაგვეჭირა მხარი? – დიახაც, იმ ასულისათვის, დამიჯერეთ, მე ჩემს სიტყვაზე ვაგებ პასუხს. ქალბატონო სალომე, 28 ოქტომბერს თქვენ ვერ მოხვალთ ჩემს დაბადების დღეზე, მაგრამ ძალიან გთხოვთ, თქვენი გამარჯვებით მომილოცეთ დაბადების დღე“, – განაცხადა ლადო კახაძემ რუსთაველის თეატრში სიტყვით გამოსვლისას.

მაშ, ასე: როგორ გახდა სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერი და როგორ განმარტავს გაფრანგებული ქალბატონის უცნაურ გამონათქვამებს ცნობილი ექიმი? _ „ქრონიკა+“ ლადო კახაძეს ესაუბრა:

_ ბატონო ლადო, სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო კამპანიაში თქვენი ჩართვა საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობისთვის დიდი მოულოდნელობა აღმოჩნდა. „ოცნების“ მიერ მხარდაჭერილი პრეზიდენტობის კანდიდატის გვერდით როგორ მოხვდით?
_ არ მესმის, დიდი მოულოდნელობა რატომ აღმოჩნდა? მართალია, მე საქართველოში დავიბადე, სალომე კი _ საფრანგეთში, მაგრამ საქართველოს დამოუკიდებლობა მეც მინდოდა და _ მასაც. ამ მიზნისკენ მან სხვა გზით იარა _ დევნილობასა და ტკივილში; მე კი, გარდამავალ პერიოდში, ამ ქვეყანაში, ჩემს სახლში ვცხოვრობდი, სადაც ბებიაჩემი, ბაბუაჩემი და, საერთოდ, უფროსი თაობა ყველაფერ ამას განიცდიდა. მაშინ მათ გულისტკივილს შეიძლება, ვერ ვგრძნობდი, მაგრამ საქართველომ დამოუკიდებლობა რომ აღიდგინა, ამით მეც ბედნიერი ვიყავი და _ სალომეც, ანუ ჩვენ ერთი თაობის ერთი შვილები ვართ, სხვადასხვა გზით მიმავალი, მაგრამ ორივე ერთი ქვეყნის ხვალინდელ დღეზე ვფიქრობთ. მასთან სწორედ ამან მიმიყვანა. ეს არის წარსული, რომელიც ორივეს წინაპრებს ჰქონდათ… ძალიან ბევრი რამ გვაერთიანებს. სხვათა შორის, უამრავი ადამიანი დღესაც ქვეყნის გარეთაა და ელოდება, რომ ის სამშობლო, რომელიც მათ წინაპრებს ეკუთვნოდათ და ღირსებით სავსე იყო, წარჩინებული და ევროპის ქვეყნებს შორის იყოს! თქვენი აზრით, ამაში გასაკვირი რა არის?
_ იმაში, რომ საქართველო ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი უნდა გახდეს, გასაკვირი არაფერია და ვინმე არც ქალბატონი ზურაბიშვილის წინაპრების ღვაწლზე დაობს, მაგრამ კითხვის ნიშნის ქვეშ თავად ამ ქალბატონის პოლიტიკოსობა დგას. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ჰააგის ტრიბუნალმა საქართველოს წინააღმდეგ საქმის წარმოება სწორედ ზურაბიშვილის განცხადების საფუძველზე დაიწყო. ეს ნორმალურია?
_ ჰააგაში გამოძიება სალომეს განცხადებამდე დაიწყო…
_ გამოძიების დაწყების ერთ-ერთი საფუძველი სწორედ ზურაბიშვილის განცხადება გახდა…
_ სალომე ზურაბიშვილი ფიგურანტი არ არის.
_ რას გულისხმობთ?
_ პასუხისმგებლები ისინი არიან, რომლებიც ხელისუფლებაში იყვნენ და არიან, თორემ ეს ახლა მოდის!
_ ვერ ვხვდები, საუბარი საითკენ მიგყავთ?..
_ კარგად გამიგეთ: ჩემთან ტკივილით რომ მოხვიდეთ და გითხრათ, ნაღვლის ბუშტი გაქვთ ამოსაჭრელი ან ნაწლავია დაზიანებული და ამიტომ ოპერაციაა გასაკეთებელი-მეთქი, შეიძლება, არ გესიამოვნოთ, რადგან ეს თქვენთვის რაღაც გარკვეული ტრავმა იქნება, მაგრამ რომ გითხრათ, არაფერი გჭირთ-მეთქი, წახვიდეთ და გარეთ მოკვდეთ, მერე მე დამაბრალებენ, _ სიმართლე რატომ არ უთხრაო? დიაგნოზი ვერდიქტი და სწორი გზის მაძებარია. იმის უარყოფა, რისი უარყოფაც დასაცინი გახდება, სწორი არ იქნება…
_ მაპატიეთ, მაგრამ რა უნდა უარვყოთ, ის, რომ ომი საქართველოს არ დაუწყია?
_ არსად თქმულა და არც მომისმენია საქართველოს მიერ ომის დაწყების თაობაზე. საქართველოს არასოდეს, არც ერთ ეპოქაში, პროტოქართველებიდან მოყოლებული, ომი არ დაუწყია! საქართველო ყოველთვის დავდაცვით ომში იყო! სხვის წინააღმდეგ საქართველო ომს არც დაიწყებს!
ადამიანის მოკვლა ხომ დასჯადია?
_ რასაკვირველია, თუმცა არსებობს სხვადასხვა გარემოება, მაგალითად, თავდაცვის მიზნით ჩადენლი მკვლელობა…
_ თვითმკვლელობამდე მიყვანა დასჯადია?
_ დიახ, დასჯადია…
_ ჰოდა, ამ შემთხვევაში, თვითმკვლელობამდე მიყვანის მცდელობა ხომ იყო?
_ არ გეთანხმებით, ბატონო ლადო!
_ რატომ არ მეთანხმებით?
_ იმიტომ, რომ მტერს წინააღმდეგობა უნდა გავუწიოთ!
_ მტერს მხოლოდ წინააღმდეგობა კი არ უნდა გაუწიო, არამედ უნდა შეაკვდე კიდეც!
_ ჰოდა, აქედან გამომდინარე, მტერთან ბრძოლაში თვითმკვლელობამდეც მიყვანა გამართლებულია!
_ არა, ეს სხვა მომენტია! მტრისას და ავისას, როცა მაპროვოცირებელი ხდები, რომ ომი, უფრო სწორად, სისხლისღვრა მოხდეს. იმის გადარწმუნება, ვინც ასე ფიქრობს, ცოტა ძნელია, მაგრამ მე მაინც ასე ვფქირობ.
_ ანუ როგორ ფიქრობთ?
_ როცა ცეცხლი გაქვს ჩასაქრობი, წყლით უნდა ჩააქრო! ნავთით ცეცხლის ჩაქრობა არ შეიძლება!
_ ამაში გეთანხმებით, მაგრამ, ბატონო ლადო, მართალია, დიდ პატივს გცემთ, მაგრამ ყველა იმ კითხვას დაგისვამთ, რომელიც საზოგადოებაში არსებობს…
_ რაც გაგიხარდებათ, ის მკითხეთ.
_ ჯერ ერთი, სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ აფხაზეთი სამეგრელოს მეზობელია; მეორეც, თქვენ, როგორც საქართველოს მოქალაქე, როგორ ფიქრობთ, საქართველოს პრეზიდენტმა ჩვენი ქვეყნის სახელმწიფო ენა უნდა იცოდეს თუ არა?
_ უარესსაც გეტყვით: თანამედროვე ახალგაზრდებმა ძველი ქართული ენა უნდა იცოდნენ თუ არა?
_ ახლა, იმ ენით ვერ ვისაუბრებთ, როგორი ენითაც მე-19 საუკუნის ქართველები საუბრობდნენ…
_ მერე, ეს ვისი დანაშაულია _ იმ ქართველების, რომლებიც ქართულად კარგად საუბრობდნენ, თუ ჩვენი, ვინც ქართული ენა გავაქიაქეთ?
_ ისე, ახალგაზრდებს, რომლებიც ძველი ქართულით ვერ ლაპარაკობენ, ქვეყნის პრეზიდენტობის სურვილი არ გააჩნიათ!
_ ლოცვები როგორ უნდა წავიკითხოთ _ ადაპტირებულ ენაზე თუ იმ ენაზე, რომლითაც ბიბლიაში წერია?
_ სიტყვას ბანზე მიგდებთ.
_ რატომ? დღეს სალომეს შვილებს მოვუსმინე, რომლებიც საფრანგეთში დაიბადნენ და იმ პატარა გოგომ, რომელიც სპორტული ჟურნალისტია, თქვა, ყველა ქართველის ენა მესმის და ჩემებმა ისე გამზარდეს, რომ ვცდილობ, ჩემი ნათქვამი მშობლიური ქვეყნის შვილებს გავაგებინო და ჩემი მათაც ესმითო. მთავარია, ადამიანს მოსმენა უნდოდეს და ყველაფერს კარგად გაიგებს.
_ მოსმენა კი მინდა, მაგრამ მართლა ვერ გავიგე, რას ნიშნავს: „სადაც არ უნდა გათხარო, ყველგან უნდა გათხარო!“
_ კარგად იცით, მაგრამ გინდათ, ჩემგან მოისმინოთ…
_ გეფიცებით, მართლა ვერ მივხვდი, ამ წინადადებაში ქალბატონი ზურაბიშვილი რას გულისხმობდა…
_ როცა იმ ენის ტრანსკრიფციას აკეთებ, რომელზედაც გაიზარდე და ქართულზე გადმოგაქვს, შინაარსს კი არ თარგმნი, არამედ, სიტყვა-სიტყვით გადმოგაქვს და ეს გასაგებად ძნელია. ამიტომ, შეიძლება, შეცდომა გაგეპაროს, მაგრამ როცა აზრობრივად ჩასწვდები, სხვა რამეა ნათქვამი…
_ ბატონო ლადო, პოლიტიკაში აქამდეც იყავით, თუმცა, როგორც ერთხელ მითხარით, არასოდეს გაგიმართლათ. დღეს სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერი ხართ…
_ პოლიტიკაში ყოფნა და მხარდაჭერა ერთი და იგვეა? მე პოლიტიკაში არ ვარ!
_ კეთილი, მაგრამ მგონია, რომ სალომე ზურაბიშვილის წარმატებისთვის თქვენს ავტორიტეტს იყენებენ!
_ ამაში დასაწუნი რა არის?
_ დასაწუნი ისაა, რომ ზურაბიშვილის მიმართ ხალხი არცთუ კეთილგანწყობილია…
_ ქართველებმა ილია ჭავჭავაძეს ესროლეს…
_ მაპატიეთ, მაგრამ სალომე ილია ჭავჭავაძე ნამდვილად არ არის!
_ სალომეს ბაბუა, ნიკო ნკოლაძე _ ქართველთა კონსტიტუციის დამწერი კაცი, ქართველებმა მოღალატედ გამოაცხადეს. აბა, საქართველო ერთფეროვანი ხომ არ იქნება? როცა ფრიდონ სულაბერიძე გასმას აკეთებს, ზოგი ქართველი ამბობს, მე უკეთეს გასმას გავაკეთებო.
_ ამჯერად არც ერთფეროვნებაზე ვსაუბრობთ და არც _ წინაპრებზე. დღევანდელი მოცემულობა სალომე ზურაბიშვილია…
_ ვიცი, რასაც მეკითხებით… სალომე ზურაბიშვილმა ფრანგული განათლება მიიღო და იმ ქვეყნის პასუხისმგებლობა აიღო, თუმცა არასოდეს უარუყვია, რომ ქართველი და საქართველოზე მოფიქრალია და ამ ქვეყნის შვილი დიდი პასუხისმგებლობით აღსავსე ქვეყნის სამსახურში მსახურობდა და დიდი ნდობით გაიარა როგორც პოლიტიკური ავანსცენა, ასევე დიპლომატიური და მომრიგებლის ავანსცენა და დიდი გამოცდილება დაუგროვდა. ამიტომ არ მინდა, რომ გავაქიაქო, როგორც ცდილობენ. პირიქით, მინდა, რომ ყველა ადამიანს თავისი ნაღვაწი დავუფასო, კარგი ნაწილი დავინახო და მინდა, ეს კარგი ქვეყანამ გამოიყენოს!
_ ძალიან ბევრი ადამიანი, რომელთანაც მეგობრობთ და რომელსაც პატივს სცემთ, ზურაბიშვილის აქტიური მოწინააღმდეგეა. ამის გამო მეგობრებთან ურთიერთობა ხომ არ დაგეძაბებათ?
_ როცა შალვასთან ვიყავი, ბევრი ფიქრობდა, რომ ამის ღირსი არ იყო. მერე ვისთანაც ვიყავი, მასზეც ასე ფიქრობდნენ, მაგრამ ჩემთან ურთერთობა არავის გაფუჭებია. მათთვის, როგორც პიროვნებას, ჩემი პროფესიიდან და მათთან ურთიერთობიდან გამომდინარე, არასოდეს მიღალატია! ჩემი ქვეყნისთვის არასოდეს მიღალატია! ჩემს შვლიშვილებს და თქვენ ვერ გიღალატებთ, ჩემო მეგობარო, რომელსაც ზუსტად ისე გყავართ დანახული, რომ გაქვთ უფლება, ერთმანეთს სუფთად ვუთხრათ! ერთმანეთის არც გვრცხვენია, არც გვეშინია და არც გვერიდება, რადგან რაც უნდა მოხდეს, ერთმანეთს არ დავკარგავთ! ჩემს ცხოვრებაში აქცენტი ამაზეა გაკეთებული… მე-20 საუკუნეში დაბადებული კაცი ვარ და ინტრიგები კარგად ვიცი, სახელოვნებო სცენაზე ვიცეკვე და ვიცი, მოცეკვავეებს, რომლებიც გვერდზე გიდგანან და ტაშს გიკრავენ, უნდათ, ფეხი მოგტყდეს, რომ გასტროლებზე შენ კი არა, ისინი წავიდნენ… ყველაფერი ეს ძალიან კარგად ვიცი… თუ დისერტაციას წერს, ვიღაცას არ უნდა, რომ დისერტაცია წარმატებულად ჩააბარო, მაგრამ არსებობს მეორე მხარეც, რომელსაც შენი წარმატება უნდა. გახსოვთ, ჩემი ლექსი? _ „ცუდი და კარგი ერთი ბარგია, რადგან ზოგისთვის ცუდი კარგია!“ ამიტომ ამის არც თქვენ უნდა შეგეშინდეთ და არც _ მე!
ყველას მიმართ, ვინც პოლიტიკურ ავანსცენაზეა, პატივისცემით ვარ განწყობილი იმიტომ, რომ მათ მშობლებსა და ოჯახებს ვიცნობ, მაგრამ, უბრალოდ, ვფქირობ, რომ დღეს საქართველოსთვის ასეა საჭირო! შეიძლება, ვცდებოდე, მაგრამ ვცდებოდე მათთვის, ვინც ჩემნაირად არ ფიქრობს, მაგრამ ხომ არ შემიძლა, განვიკითხო, რომ ისინი, ჩემი გაგებით, არასწორად ფიქრობენ?!
_ პოლიტიკაში ყველაფერი ხდება. ჰოდა, ერთ დღესაც დოკუმენტები რომ დაიდოს, რომლითაც ნათელი გახდება, რომ ზურაბიშვილი ოკუპანტი რუსეთის მეკავშირეა, რას იზამთ? ისე, სიმართლე რომ ითქვას, რუსის ჯარი საქართველოდან ზურაბიშვილს არ გაუყვანია _ ეს შეთანხმება 1999 წელს თურქეთში გაფორმდა და, უბრალოდ, მის საგარეო საქმეთა მინისტრობას დაემთხვა…
_ ესე იგი, შევარდნაძეს კარგი რამ გაუკეთებია!
_ ასე გამოდის, თუმცა „ოცნებისგან“ იმის ხაზგასმა, რომ ზურაბიშვილმა საქართველოდან რუსის ჯარი გაიყვანა, თვალში ნაცრის შეყრაა და მეტი არაფერი! მოკლედ, დოკუმენტებით რომ დადასტურდეს, ზურაბიშვილი მტრის წისქვილზე ასხამდა და ასხამს წყალს, მის მხარდამჭერობას ინანებთ?
_ ექიმი ვარ და დიაგნოზი უნდა დავსვა, ანუ ჯერ საბუთები უნდა ვნახო, სხვანაირად არ დავიჯერებ, თუმცა საბუთების გადაკეთების უამრავი ფორმა არსებობს, მაგალითად, ქალი შეიძლება, ქალწული დატოვო და ისე ამშობიარო. ამიტომ ასე ადვილად წამოსაგები კაცი არ ვარ… ხაკერებმა შეიძლება, ისეთი დოკუმენტი გააკეთონ, რომ დედნისგან ვერ გაარჩიო! ასეთ ფალსიფიკაციას ისეთ მუზეუმებშიც პოულობენ, როგორიც ლუვრი და ვერსალია. ამიტომ ასეთი საბუთების დაჯერებაც ძნელი იქნება!
_ გასაგებია… ბატონო ლადო, თქვენი აზრით, საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს მთავარსარდალი უნდა იყოს თუ არა?
_ ეს კონსტიტუციამ უნდა განსაზღვროს! სალომემ თქვა, ღმერთმა ნუ მამყოფოს მთავარსარდალიო, ანუ საქართველო საომარ მდგომარეობაში არასოდეს აღმოჩნდესო…
_ საომარი მდგომარეობა იქნება თუ არა, ქვეყანას მთავარსარდალი მაინც უნდა ჰყავდეს!
_ გახსოვთ, კონსტიტუციაში როგორაა? _ პრეზიდენტს მთავარსარდალი ჰქვია, მაგრამ საომარი მოქმედებების დროს ღონისძიებებს გენერალური შტაბი ახორციელებს, ანუ მთავარსარდალი გენერალური შტაბის კოორდინაციას ახდენს, თორემ პროფესიული კუთხით ძლიერი პროფესიული გადაწყვეტილებები სამხედრო შტაბმა უნდა მიიღოს. ამიტომ სამხედრო სფეროში სწორი საკადრო პოლიტიკაა საჭირო, რაც ქვეყნის პრემიერ-მინისტრისა და პარლამენტის გასაკეთებელია!
_ პრეზიდენტობის კანდიდატებისგან სხვადასხვა დაპირებას ვისმენთ. მაგალითად, ზოგი პენსიის გაზრდას გვპირდება, რაც პრეზიდენტის მოვალეობა არ არის. „ერთად საქართველოსთვის“ _ ეს საარჩევნო სლოგანია, მაგრამ რა არის სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო დაპირება?
_ იმ კონსტიტუციური უფლებებიდან, რომელიც პრეზიდენტს აქვს, ერთ-ერთი შიდა კრიზისული სიტუაციის მართვაა, ანუ იმ სიტუაციაში, როცა ხელისუფლების ორ _ აღმასრულებელ და საკანონმდებლო შტოს _ შორის რაღაც ისეთი გაჩნდება, რაც საზიანოა, მაშინ პრეზიდენტის მიერ გადაწყვეტილების მიღება იქნება საჭირო _ ან პარლამენტის დათხოვნა, ან აღმასრულებელი ხელისუფლების განეიტრალება და პრემიერის პოსტზე ახალი კანდიდატურის წამოყენება. ეს შიდა სამზარეულოა.
_ მესმის, მაგრამ სალომე ზურაბიშვილი, როგორც პრეზიდენტობის კანდიდატი, იცით, რას გვპირდება?
_ რას და, _ კრიზისული სიტუაციების სწორად მართვას. მას უნდა, რომ აღმასრულებელ და საპარლამენტო შტოებს ენდობოდეს და ქვეყნის მართვაში მისი ჩარევა მინიმიზირებული იყოს. ეს კონფლიქტები ღმერთმა აგვაცილოს და ამისთვის ხართ თქვენ, ჟურნალისტები, ამისთვისაა არასამთვრობო სექტორი, ამისთვისაა სამოქალაქო აქტივობა, საგანმანათლებლო სისტემა თუ სახელოვნებო შტო. პრეზიდენტი სხვის საქმეში მანამ არ უნდა ჩაერიოს, სანამ ამის მოთხოვნილება არ იქნება!
_ დიახ, ხელისუფლების კონტროლი ჟურნალისტების მოვალეობაა, თუმცა ჯერ პრეზიდენტი არ გამხდარა და ქალბატონი ზურაბიშვილი უკვე გვეუბნება, გაანძრიეთ ტვინიო. პრეზიდენტობის კანდიდატი მედიას ასე უნდა გველაპარაკებოდეს?
_ შეურაცხყოფას როგორ მოგაყენებდათ ან ამას როგორ გაბედავდა?
_ მეტიც, გაბედა და გამოაცხადა, პრეზიდენტი ხალხთან უნდა იყოს, მაგრამ ხალხზე ზემოთ უნდა იყოსო!
_ ესეც არასწორად იქნა გაგებული…
_ ბატონო ლადო, ჩვენ პრეზიდენტი უნდა ავირჩიოთ, ლინგვისტი კი არა!
_ კი ბატონო, მაგრამ მე ეს ისე არ გამიგია, როგორც სხვამ გაიგო. ესე იგი, მე ცოტა უკეთესად მესმის _ ბოდიშს ვიხდი, არ მინდა, რომ ჟურნალისტებზე მაღლა დავდგე…
_ თქვენ შეიძლება, ფრანგული იცით და ხვდებით, ზურაბიშვილს რისი თქმა უნდა, მაგრამ ჩვენ, საქართველოს მოქალაქეებს, ფრანგულის ცოდნა არ გვევალება, რადგან ზურაბიშვილის ქვეტექსტებს ჩავწვდეთ…
_ უბედურება ეგაა, რომ ჩვენ ქართულის ცოდნაც არ გვევალება _ ქართულ საგანმანათლებლო სისტემაში გოგებაშვილის „დედა ენაც“ აღარ არის. ჩვენ „მერე რა“ დავნერგეთ და არაფერი გვევალება. სამაგიეროდ, კრიტიკა გვევალება და შეგვიძლია, ნებისმიერ ადამიანს ყველაფერი მოვკითხოთ, ოღონდ როგორ შეიძლება, ვინმემ რამე ჩვენ რომ მოგვკითხოს?! სამწუხაროდ, ესაა ჩვენი ქვეყანა, მაგრამ ჩემი შვილიშვილების თაობას რომ ვუყურებ, ნელ-ნელა სწორად მსჯელობს!
_ სხვათა შორის, ახალ თაობას, 20-15 წლის ახალგაზრდებს, მეც ვუყურებ და ზურაბიშვილის მიმართ ოდნავი სიმპათიაც კი არ აქვთ…
_ 20-25 წლის ახალგაზრდები მაინც მოწამლულები არიან…
_ ურთიერთობა თინეიჯერებთანაც მაქვს და ვერ გეტყვით, რომ სალომეს პიროვნებით აღფრთოვანებულები არიან!
_ რა ვქნათ ახლა? საქართველოს დამოუკიდებლობას 1918 წელსაც ბევრი მტერი ჰყავდა!
_ უკაცრავად, სალომეს საქართველოს დამოუკიდებლობასთან გაიგივება ძალიან უხეში შედარებაა!
_ ცხოვრება გრძელდება და წყვეტა არ არის! ვიღაცები ამბობენ, ეს ქვეყანა ჩვენგან იწყებაო, მაგრამ ასე არ შეიძლება.
_ გეთანხმებით, რომ საქართველოს ისტორია არც 2003 წლიდან დაწყებულა და არც სალომეთი იწყება…
_ მემკვიდრეობაში ბევრი ჩავარდნა გვაქვს, მაგრამ ამის არ უნდა შეგვეშინდეს და ერთად უნდა გამოვჯანმრთელდეთ! სხვანაირად ამ ქვეყნის ხვალინდელი დღე არ აშენდება. შეიძლება, ბევრს არ მოსწონს და კი ბატონო, როგორ შეიძლება, ყველას მოსწონდეს, მაგრამ როცა ადამიანი თავის ნაფიქრალს რეალიზებას გაუკეთებს და დელეგირებული უფლებები ექნება, შეიძლება, ბევრმა შეხედულება შეიცვალოს!
როცა ნოდარ ახალკაცს თბილისის „დინამოს“ მწვრთნელად ნიშნავდნენ, არ იცოდნენ, როგორი კაცი ინიშნებოდა, მაგრამ მისმა დამოუკიდებლობამ და სხვებისგან ჩაურევლობამ, თბილისის „დინამო“ მხოლოდ საბჭოთა კავშირის ჩემპიონი კი არ გახადა, არამედ, ევროპის თასი ააღებინა!
ამიტომ დამოუკიდებლობის ის ხარისხი, რომელიც ადამიანს აქვს და ჯერ არ იცი, შენს ქვეყანას როგორ გამოადგება, პირდაპირ ქილიკი და ლანძღვა არ შეიძლება.
საერთოდ, ლანძღვისა და ცუდი სიტყვების წინააღმდეგი ვარ, თორემ მწარე და მართალი სიტყვა აუცილებელია!
_ სხვათა შორის, ამას წინათ ცუდი სიტყვა თავად ზურაბიშვილმა თქვა _ „შევატყნათო“, თუმცა არ ვიცი, ამაში რას გულისხმობდა…
_ მე არ მომისმენია… შეიძლება, ადამიანს რაღაც წამოსცდეს…
_ ჰოდა, როცა იცის, რომ რამე არაკორექტული წამოსცდება, ჯობია, საერთოდ გაჩუმდეს!
_ გახსოვთ, ქართველებმა ვაჟას როგორ უთხრეს, ენას გიწუნებთო, მაგრამ, თურმე, რას მეტყველებდა და როგორი გენოსი ყოფილა, როცა ვაჟა თავის ენაზე წავიკითხეთ და თავისებურად გავუგეთ!
_ მერწმუნეთ, სალომე ვაჟა ვერასოდეს გახდება!
_ იმას კი არ ვამბობ, სალომე ვაჟა-ფშაველა გახდება-მეთქი, იმას ვამბობ, ჩვენ ვინ გავხდებით-მეთქი, ჩვენ როგორ მოვისმენთ და დროზე ადრე შევაფასებთ თუ არა. ჯერ ოპერაცია დამთავრებული არ არის, არც რეაბილიტაციაა გავლილი და პაციენტის მდგომარეობაზე ასე ადვილად ნუ ვმსჯელობთ!
_ ბატონო ლადო, კიდევ ერთ თემას შევეხები: ზურაბიშვილს ეკლესიაც უპირისპირდება და „მარიხუანას დედოფალს“ ეძახის. არადა, თქვენ მხოლოდ მარიხუანას კი არა, ყველა სახის ნარკოტიკის წინააღმდეგი ხართ.
_ წინააღმდეგი კი არა, მტერი ვარ, მაგრამ სალომეს აქაც ვერ გაუგეს. ვერასოდეს დავიჯერებ, რომ მას უნდა, „მარიხუანას დედოფალი“ იყოს…
_ მან თქვა, რომ მარიხუანას საგანმანათლებლო იდეოლოგიას ჩაუდგება სათავეში…
_ თქვენ ხომ წესიერებისა და სიმართლის კამპანიას უდგახართ სათავეში?
_ თუ საზოგადოება ასე ფიქრობს, ესე იგი, ასეა…
_ რა უნდა მომცეს ადამიანმა, რომ ნარკოტიკს მხარი დავუჭირო, მაგრამ მეც შემიძლია ჩავუდგე სათავეში საგანმანათლებლო კამპანიას ნარკოტიკების საზიანობაზე…
_ სხვათა შორის, სიტყვა „საგანმანათლებლო“ მას შემდეგ ახსენა, რაც აჟიოტაჟი ატყდა…
_ იცით, რა არის? ადამიანს, მათ შორის, პოლიტიკოსსაც, რომელსაც კომუნიკაციის უნარი აქვს, შეიძლება, მეტყველებისას ლაფსუსი მოუვიდეს. მაგალითად, გაიხსენეთ, რა უთქვამს რეიგანს ან ზოგჯერ ტრამპი რას ამბობს ხოლმე, მაგრამ თუ ადამიანის სიტყვამ ვინმეს ყურს ზიანი მიაყენა და ამ სიტყვას განმარტავს, ეს დიდი ვაჟკაცობაა, ქალობა და თქვენდამი, ადამიანებისადმი სიყვარულია! მინდა, ეს ყველამ გავიგოთ! ეს საქებარი სიტყვები არ არის. როცა ქართულ დიასპორასთან, მგონია, რომ გამართული ქართულით ვლაპარაკობ, შეიძლება, ვერ გაიგონ და უბნის დიალექტზე გადავდივარ. ზოგჯერ მეგრელებთან მეგრულად ვუქცევ ხოლმე, რაჭველებთან კი _ რაჭულად. ეს არ ნიშნავს, რომ ისინი არ მიყვარს!
_ ბატონო ლადო, თქვენ ლადო ხართ, კახაძე, ის კი სალომეა, ზურაბიშვილი და თქვენი მაგალითის მოშველიებით ზურაბიშვილის მხარდამჭერად მაინც მაქცევთ!
_ უღრმესი მადლობა, მაგრამ გავბედე და გითხართ, სალომეს მხარდამჭერი გახდით-მეთქი? რაც უნდა მოხდეს, თქვენთან ურთიერთობას ვერ გავწყვეტ და მჯერა, თუ რამე შეცდომას დავუშვებ, მოხვალთ, მეტყვით და ამას მივიღებ!
_ მოკლედ, საზოგადოების ყველა ფენას ზურაბიშვილის, მინიმუმ, გამონათქვამები აღიზიანებს. ჰოდა, ხელმეორედ გეკითხებით: ამ სიტუაციაში არ გერჩიათ, განზე გამდგარიყავით?
_ 65 წლის ვარ, მალე პენსიაზე გავდივარ და ამდენი წლის განმავლობაში სულ მახსოვს მუხრან მაჭავარიანის გენიალური ლექსი: „ხმას ამოიღებ, ვაია; ჩუმად იქნები, _ უი, ვინც ლაპარაკობს, ხომ სტყუის, ვინც სდუმს, ის უფრო სტყუის!“
ამ სიბერეში ჩემი ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენა მინდა, იმ დამოუკიდებლობისა, რომლის ტკივილიც ბებიაჩემმა და ბაბუაჩემმა გაიყოლეს! მინდა, ის გაწყვეტილი კავშირი აღდგეს, რომელიც ასი წლის წინათ გაგვიწყვიტეს. ეს კავშირი ცხონებულმა ზვიად გამსახურდიამ და მერაბ კოსტავამ აღგვიდგინეს და ამის დაზიანების უფლება არ გვაქვს! მართალია, რუსების მხრიდან ბევრი შემოტევაა, მაგრამ ეს დამოუკიდებლობა უნდა გაგრძელდეს. რუსები სწორედ ამას არ გვპატიობენ და არასოდეს გვაპატიებენ, მაგრამ არ უნდა შეგვეშინდეს!
ერთად დგომით ბევრი რამის გამოსწორება შეიძლება, მათ შორის, ქართულის სწავლაც, განათლების სრულყოფაც, რწმენაში გაძლიერებაც და სამხედრო მზადყოფნაც!
_ ბოლოს, ყბადაღებულ ფარულ ჩანაწერებსაც შევეხები. სალომე ზურაბიშვილმა, მიუხედავად იმისა, რომ ამ ჩანაწერებში მოქმედი და ყოფილი მაღალჩინოსნები, ასევე ივანიშვილი და მისი ძმა და დეიდაშვილი ფიგურირებენ, კომენტარი არ გააკეთა, ანუ თქვა, რომ ივანიშვილთან კითხვები არ აქვს. პრეზიდენტობის კანდიდატი ასე დროს ასე უნდა იქცეოდეს?
_ ამაზე ვინმემ ჰკითხა?
_ დიახ, ჰკითხეს…
_ მომხრე არასოდეს ვარ, რომ უდანაშაულობის პრეზუმპცია დაირღვეს და ვინმე არგუმენტების გარეშე ან დაისაჯოს, ან არ დაისაჯოს. ყველა საქმეში ილია ჭავჭავაძისეული მოსამართლე-მომრიგებლის მომხრე ვარ.
_ ეს მესმის, მაგრამ ზურაბიშვილს, როგორც პრეზიდენტობის კანდიდატს, მინიმუმ, ის ხომ მაინც უნდა ეთქვა, ფარულ ჩანაწერებზე გამოძიება უნდა ჩატარდესო?
_ ეს, რა თქმა უნდა. ჰკითხონ და აუცილებლად იტყვის…
_ ჰკითხეს და უპასუხა, ივანიშვილთან კითხვები არ მაქვსო…
_ ვერ გეტყვით…
ყველა იმ ადამიანს, ვისაც შეიძლება, გული ვატკინე, მინდა, ბოდიში მოვუხადო და აუგს არავისზე ვიტყვი. სოციალურ ქსელში რაღაც კომენტარები წავიკითხე და ბებიაჩემის სიტყვები გამახსენდა, ქვეყნად უცვლელი მხოლოდ ის არის, რომ ყველაფერი ცვალებადიაო. ამ მუდმივად ცვალებად სამყაროში ადგილის მოპოვება ადვილი არ არის! მესმის, ძნელია, მაგრამ თუ ამ ადამიანებს ოდესმე ჩემი თავი დასჭირდათ, ისეთივე ლადო დავხვდები, როგორსაც მიცნობენ და არავითარ შემთხვევაში არ ვუღალატებ! როცა საქართველო ფინალში გავა, ნეტავ, მათმა ფალავანმა გაიყვანოს და მათ ფალავანს დავუჭერ მხარს! მთავარია, ფინალში ვიყოთ!

გიორგი აბაშიძე