მავთულხლართები და სახელმწიფოსთვის წართმეული ტერიტორიები

ქუთაისში ყოფნის დროს, ერთ-ერთი საქმის გამოძიებისას, ჩემი რესპონდენტის მამამ საყვედური მითხრა, სოფლების ცხოვრებით რატომ არ ინტერესდებითო? რამდენიმე მაგალითი ჩამოვუთვალე, ისიც ვუხსენე, რომ სწორედ „ქრონიკა+“ აშუქებს ყველაზე აქტიურად რეგიონებს. ამის შემდეგ თერჯოლის რაიონის ერთ-ერთი სოფლიდან ფოტომასალა გადმომიგზავნა, რამაც შემზარა.

სამწუხაროდ, ადგილზ ჩასვლა ვერ მოვახერხე (რასაც აუცილებლად გამოვასწორებ), მაგრამ მაშინვე დავუკავშირდი ჯერ თერჯოლის მერს, რომელმაც ახალდანიშნული ვარო და თავის მოადგილესთან გადამამისამართა.
„ქრონიკა+“-თან საუბრის შემდეგ ხსენებული მოადგილე მე-3 დღეს მოხსნეს.
საქმე ეხებოდა შემდეგს:
თერჯოლის რაიონის სოფელ ჯგილათში, ნაკვეთების უაზროდ და არაკანონიერად სხვის საკუთრებაში გადაცემით, სოფლის მცხოვრებლების ნაწილს სერიოზული პრობლემა შეექმნათ. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ნაკვეთები მე-8-9 თვეა, რაც მავთულხლართებით არის შემოღობილი და ამაზე არანაირი რეაგირება არ არის. ერთ-ერთ მცხოვრებს საძოვრების უქონლობის გამო მთელი თავისი პირუტყვის გაყიდვა და ქალაქში გადასვლა მოუხდა; მეორე საზღვარგარეთ წავიდა სამუშაოს საძებნელად და მანაც დატოვა სოფელი. დღეს, როდესაც სოფლის განვითარების პროგრამაში მთავრობა მილიონობით ლარს დებს, რომ მოსახლეობა სოფელს დაუბრუნოს, რატომ აიძულებს ადგილობრივი მუნიციპალიტეტი სოფლიდან გაქცევას ხალხს?!
როგორც „ქრონიკა+“-ისთვის გახდა ცნობილი, დღეს სოფელ ჯგილათის საძოვრებისა და ტყის ნაწილს მავთულხლართი აქვს შემოვლებული. მავთულხლართის შიგნით კი მოყვა სახელმწიფო და კერძო საკუთრების ნაკვეთები. „ქრონიკა+“ დაინტერესდა და ამ საკითხთან დაკავშირებით, თერჯოლის მერს, ბონდო სოფრომაძეს, ჯერ კიდევ, ივლისში დაუკავშირდა. აქვე დავძენთ, რომ ეს არ არის ჩვენი პირველი საუბარი რაიონის მერთან. სწორედ მან რამდენიმე თვის წინ თავის მოადგილესთან გადაგვამისამართა, _ ის არის საქმის კურსშიო. „ქრონიკა+“ მერის მოადგილე პაატა კუპატაძეს ესაუბრა, რის შემდეგაც ეს უკანასკნელი, უბრალოდ… მოხსნეს.

ამჯერად ბონდო სოფრომაძეს მოვთხოვეთ, „ქრონიკა+“-ის კითხვებზე ეპასუხა:
_ ბატონო ბონდო, რამდენიმე თვის წინ გესაუბრეთ და შემდეგ თქვენს მოადგილესთან გადამამისამართეთ.
_ კუპატაძე აქ აღარ არის, რა გაინტერესებთ?
_ სოფლის მცხოვრებლებმა მოგვმართეს სოფელ ჯგილათში სახელმწიფო მიწების შემოღობვასთან დაკავშირებით.
_ მე არ ვარ საქმის კურსში, ზედამხედველობის სამსახურს უნდა მიმართოთ.
_ საქმის კურსში როგორ არ ხართ, როდესაც თქვენ მიერ ხელმოწერილი წერილი გვიდევს წინ, სადაც დაპირებას იძლევით, რომ აღნიშნულ საკითხს შეისწავლით?
_ მერი მე ვარ და, რა თქმა უნდა, ჩემი ხელმოწერა იქნება!
_ ვერ გავიგე, წერილს ხელს აწერთ ისე, რომ არ კითხულობთ?
_ იმას ვამბობ, რომ გადაწყვეტილება ზედამხედველობის სამსახურს ეკუთვნის, ამიტომ ზედამხედველობას ან ჩემს მოადგილეს დაუკავშირდით.
_ თქვენს მოადგილეს დავუკავშირდი, ჩავწერე, ვიფიქრე, მასალას გავაკეთებ-მეთქი და ჩვენთან საუბრის შემდეგ მოხსნეს…
_ თქვენი ზარი ხსნის ხალხს და რა ვქნათ?..
_ იმედია, ჩვენთან საუბრის შემდეგ ახალ მოადგილესაც არ მოხსნით, თორემ ვის მივმართოთ, აღარ ვიცით.
_ მე არავინ მომიხსნია, თვითონ წავიდა, ალბათ.
_ ბატონო ბონდო, კონკრეტულად მითხარით, ვის მივმართო?
_ ზედამხედველობის სამსახურს ეცოდინება. აბა, ჩემთან დღეში 250 წერილი შემოდის და მე ყველა როგორ დამამახსოვრდება?
_ ეს როგორ გავიგოთ, რომ ჯგილათში სახელმწიფო მიწების უკანონოდ შემოღობვა არ გამახსოვრდებათ?
_ მე ვარ ხალხთან ახლოს, ხალხის სამსახურში, ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ვმუშაობთ, გზების კეთება მიმდინარეობს… ახლაც თუზის ბოლო სოფელ სეფარეთში ვარ.
_ ხომ მშვიდობაა მანდ?
_ მშვიდობაა, აბა რა, მშვიდობა რომ არ იყოს, აქ რა მინდა, რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
_ რა რეაბილიტაცია, რის ინფრასტრუქტურული პროექტები… თქვენს დაქვემდებარებაში მყოფ ტერიტორიაზე მწვანე საფარია განადგურებული.
_ არასწორი ინფორმაცია გაქვთ.
_ ფოტომასალას გადმოგიგზავნით!
_ ტყუილია, ეგეთი არაფერი მომხდარა. არსად არაფერი ნადგურდება, რაც არ ხდება, იმის ფოტოებს ხომ ვერ გადაიღებთ? არ იქნება ეგ ფოტოები აქედან გამოგზავნილი.
_ თქვენი აზრით, საიდან არის მაშინ?
_ მე რა ვიცი.

„ქრონიკა+“ ამის შემდეგ თერჯოლის ზედამხედველობის უფროს გელა ქასრაშვილს დაუკავშირდა:

_ ბატონო გელა, თერჯოლის მერმა ბონდო სოფრომაძემ თქვენთან გადმომამისამართა. სოფელ ჯგილათის საძოვრები, რომელიც სახელმწიფოს კუთვნილებაშია, მავთულხლართებით არის შემოღობილი. როგორც ვიცი, იქ დღემდე მავთულხლართებია და ტერიტორია არ არის განთავისუფლებული. ჩემი ინფორმაციით, თქვენ უნდა მოგემზადებინათ პასუხი…
_ მე კი არ უნდა მომემზადებინა ეს წერილი, მომისმინეთ თქვენ! სულ სხვანაირი ინფორმაცია გაქვთ. ზედამხედველობის სამსახური ავიდა, უკანონო შემოღობვები ყოფილა მოსახლე ზურაბ კირკიტაძის მიერ, მივედით, საჯარიმო ქვითარი დავწერეთ. შემდეგ მზომავები ავიდნენ და აღმოჩნდა, რომ, მართლაც, სახელმწიფო მიწების მცირე ნაწილი მავთულხლართებით ყოფილა შემოღობილი. დემონტაჟის მითითება მივეცით და თუ არ დაგვემორჩილებოდნენ, აღსრულებას გადავცემდით. ამაზეც დავუწერეთ ჯარიმა, მერე ზედამხედველობამ ეს მასალები იურიდიულ სამსახურს გადასცა. ახლა ეს მასალები სასამართლოშია და ყველანი განჩინებას ველოდებით. როგორც კი სასამართლო გადაწყვეტს, ჩვენც ვიმსჯელებთ. სასამართლო არის უზენაესი. ახლა თუ რაიმე შეკითხვა გაქვთ, დაურეკეთ მიხეილ ვერულაშვილს, იურიდიული სამსახურის უფროსს.
_ სასამართლოში საქმე როგორ აღმოჩნდა?
_ იმიტომ, რომ ღობე არ მოხსნეს _ არც მითითებას დაემორჩილა და არც _ ჯარიმას. ამიტომაც მივმართეთ სასამართლოს. კუთვნილი მიწა სახელმწიფოს სასამართლოს ძალით დაუბრუნდება.
_ თბილისში ჩემმა მეზობელმა თავის კუთვნილ ეზოსთან მომიჯნავედ 50 მეტრი შემოღობა. ფიქრობდა, ხეებს დავრგავ საქარედო. მოვიდა ზედამხედველობის სამსახური და პირდაპირ მოუხსნა ღობე. თბილისის მერიას არანაირი სასამართლოსთვის არ მიუმართავს.
_ თქვენი მეზობელი ნორმალური და კეთილსინდისიერი აღმოჩნდა და ვისთანაც ჩვენ გვაქვს საქმე, ის ხულიგანია.
_ ჯგილათისა და მისი შემოგარენის გაჩეხილ და განადგურებულ მწვანე საფარზე რას გვეტყვით?
_ სად?.. ჩამოდით და მაჩვენეთ.
_ ჩამოვალთ და გაჩვენებთ. მანამდე ფოტომასალას გადმოგიგზავნით.

ერთი სიტყვით, თერჯოლის რაიონის სოფლებში ასეთი ვითარებაა და „ქრონიკა+“ ხსენებულ საკითხს ბოლომდე მიჰყვება.

თამარ როსტიაშვილი