პრეზიდენტი აფიშით

ალბათ გახსოვთ გოლდონის შესანიშნავი კომედია „საპატარძლო აფიშით“. შეიძლება, არც გახსოვდეთ, მაგრამ ნამდვილად არ გეხსომებათ ისეთი არჩევნები, უფრო სწორად, საარჩევნო კამპანიები, სადაც უხვად არ მონაწილეობდნენ მსახიობები, იმდენად იმდენნი, რომ ვეღარ გაიგებ, არჩევნებია თუ თეატრალური აფიშა.

ეს ყველაფერი კი მე ბოლო დღეებმა გამახსენა, როდესაც საარჩევნო კამპანიაში არტისტების მონაწილოებამ რეკორდულ ნიშნულს მიაღწია. გამოიფინნენ არტისტები _ თუ რუსთაველის თეატრში სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრაზე, თუ სოცქსელებში, თუ ტელეეკრანებზე და დავარდნენ ქადაგად. გამოიფინნენ არტისტები _ დაწყებული ყოვლად უნიჭო აქტრისულიებით, აი, ცხოვრებაში ნეხვივით სულ ერთხელ რომ აყვავდნენ _ ერთ როლში და დამთავრებული მართლაც ნამდვილი აქტიორებით და აქტრისებით.
გამოეფინნენ მხარდასაჭერად და ადგილი აღარ დაუტოვეს ამ სალომე ზურაბიშვილს დასაჭერი. აი, როგორც „მე, ბებია, ილიკო და ილარიონში“ რომაა _ სიხარულიძე რომ ავად გახდება და ჭყონია, ცენტერაძე, ბურჭულაძე, ქორიძე, ნინიძე და ღლონტი რომ სახლში გააცილებენ და ქიმიის მასწავლებელი რომ იკითხავს, _ მთელი კლასი ვერ გაყევითო? და ზურიკელა რომ პასუხს შეაგებებს, _ ხელის მოსაკიდებელი ადგილი აღარ დარჩა, თორემ მივყვებოდითო.
აი, ზუსტად ასეა სალომე ზურაბიშვილისა და მისი მხარდამჭერი არტისტების საქმეც.
ვიღაც თავის გრძელ ან მოკლე კისერს მოიღერებს და იკითხავს, _ კი მაგრამ, რა არის ამაში ცუდიო? უბრალოდ, ცუდი კი არა, ეს ყველაფერი გულის ამრევიცაა და თავზარდამცემიც. სწორედ ამიტომაა, ნაბიჯი რომ ვერ წადგა წინ ამ ქვეყანამ.
ცხადია, არვინ არავის უკრძალავს, გამოვიდეს და ვისაც უნდა, იმას დაუჭიროს მხარი, უნდა ღიად, უნდა ურნასთან ფარულად. ეს მისი საქმეა, უბედურება აქ ისაა, საზოგადოება რომ მათ შეჰყურებს და საზოგადოებაზე რომ აქვთ გავლენა ცნობილი მსახიობების პოზიციას.
რატომაა უბედურება? თუ ჯერ კიდევ ვერ ჩაგიანალიზებიათ, შევეცდები, ავხსნა: ნებისმიერი პროფესიის ადამიანისგან ჩვენ ვიღებთ მისი შრომის პროდუქტს და, პრაქტიკულად, არც ვკითხულობთ მებაღეს. ასე მაგალითად, შევდივართ სახინკლეში, მივირთმევთ ხინკალს. თუ არ ვარგა, ვაგინებთ მის მომხვევს, თუ გემრიელია, ლამის, აღარც გვახსოვს. ყოველ შემთხვევაში, ბისზე არ გამოგვყავს და ტაშს არ ვუკრავთ.
ბისზე არც კარგი ინჟინრები გვამოგვყავს, არც ექიმები, არც პედაგოგები, არც ათასი ხელობის ხელოსნები, დიდი-დიდი, ვიწრო წრეში შევაქოთ და პირადად გადავუხადოთ მადლობა და, დიდი-დიდი, ჩვენს ახლობლებში გავუწიოთ რეკომენდაცია, ოღონდ ეს უფრო ისევ ჩვენი ახლობლების საკეთილდღეოდ. მოკლედ, ისინი ბისზე არ გამოგვყავს, არტისტებისგან განსხვავებით.
არტისტები ბისზეც გამოგვყავს და მეტიც, მათ პოზიციებს ყოველთვის გავლენაც ჰქონდა საზოგადოებაზე. მეტი რა გინდათ, _ კვლევებისას ყოველთვის მაღალია იმ რესპონდენტთა პროცენტული მაჩვენებელი, რომელიც ამბობს, რომ არჩევნებისას მის არჩევანზე მნიშვნელოვანი გავლენა აქვს საზოგადოების ცნობილი წარმომადგენლების პოზიციებს, თუ ვის უჭერენ ისინი მხარს.
ჰოდა, ეს რომ გადასარევად იცოდა ბიძინამ და კრემლმა, სწორედ იმიტომაც კვებავდა არტისტებს წლობით, რომ ახლა, როცა კი გაუჭირდება, ერთი თითი გაუტკაცუნოს და „სატანცაოდ“ იხმოს პოლიტიკურ სცენაზე. ახლა რომ სწორედ ეს დრო უდგას _ დრო გაჭირვების, რაც კარგად ჩანს „ედისონ რისერჩის“ კვლევის შედეგებიდანაც. სწორედ ამიტომ იხმო ბიძინამ ერთად სცენაზე ყველა არტისტი. ის კი არა, მეშინია, საფლავებიდანაც კი არ წამოყაროს ყველა ის არტისტი, ვისთვისაც ცხოვრებაში ორი ლუკმა უჭმევია და იმათაც არ მოსთხოვოს მხარდაჭერა.
არტისტებს რომ ვამბობ, მხოლოდ მსახიობებს არ ვგულისხმობ, ვგულისხმობ ყველა ცნობილ სახეს, ანუ ყველას, ვინც საზოგადოების წინაშე არტისტობს _ ასრულებს ცნობილი ადამიანების როლებს. იქნებიან ეს მსახიობები, პოეტები, მწერლები, მხატვრები და, საერთოდაც, უპროფესიო ცნობილები.
ვიმეორებ კითხვას, _ რატომ არ აქვს საზოგადოებაზე გავლენა კარგი ექიმის, ინჟინრის, პედაგოგის, კალატოზის, სანტექნიკოსის, დურგლის არჩევანს და რატომ აქვს ამხელა მნიშვნელობა, ვის აძლევენ ხმას გურანდა გაბუნია და ლალი ბადურაშვილი? წამით მაინც დაფიქრებულხართ იმაზე, რომ ეს ხალხიც, უბრალოდ, თავის საქმეს აკეთებს _ ასრულებს ამა თუ იმ როლს ან ძალიან კარგად, ანდა სულაც ისე უნიჭოდ და უგერგილოდ, როგორც ეს მაგ თქვენმა ლალი ბადურაშვილმა შეასრულა შორენა კოლონკელიძის „დიდოსტატის მარჯვენაში“.
დიახ, ისინი ასრულებენ როლებს ან ავად, ან კარგად. თუ კარგად ასრულებენ, ეს უნდა გავითვალისწინოთ მაშინ, როდესაც მივდივართ თეატრში, კინოში ან შინ ვაპირებთ ვუყუროთ ფილმებს მათი მონაწილეობით და რა მნიშვნელობა აქვს მათ მოქალაქეობრივ პოზიციას? ვინმეზე მეტი ჭკუა აქვთ? რაკი ხან ჭკვიანი ადამიანების როლებს ასრულებენ სცენასა თუ ეკრანზე? ან რატომ ვითხოვთ მათგან რიგით მოკვდავზე, თუნდაც რიგით ყაჩაღსა თუ ბოზზე მეტს, რაკი ვთქვათ რომელიმე პატრიოტი მეფე ან დედოფალი, ან უდრეკი გმირი ჰყავთ განსახიერებული? იქნებ, სწორედ თქვენ უშვებთ მომაკვდინებელ შეცდომას, როდესაც მათ მათსავე განსახიერებულ როლებთან აიგივებთ და თქვენვე აძლევთ იმ ძალას, რომელიც შემდეგ თქვენზე მოქმედებს?
დიახ, სწორედ, აი, აქ იკვრება ის წრედი, რომელიც ყულფად ექცა ამ საზოგადოებას. ჩვენ მსახიობებს ვაიგივებთ მათ მიერ სცენაზე თუ ეკრანზე განსახიერებულ როლებთან და მათგან ველოდებით ისეთივე გმირობას, რასაც სჩადიოდნენ მათ მიერ განსახიერებული გმირები.
უკაცრავად! ჯულიეტა მაზინა მეძავ კაბირიას როლს ასრულებდა და მაგ ლოგიკით მისგან სექსუალურ მომსახურებას უნდა დალოდებოდა ვინმე? მსახიობი ხან მეფეს თამაშობს, ხან _ გლახაკს, ხან _ პატიოსანს, ხან _ ახვარს, ხან _ კეთილს, ხან _ ბოროტს, ხან _ ვის და ხან _ ვის და მათგან თვითონ არც ერთია! ადრე ერთი სოცქსელებში მეკამათებოდა, _ რას ამბობთ, როდესაც პატრიოტ მეფეს ასახიერებდნენ, ნუთუ ის ტექსტი მათზე არ იმოქმედებდა, მათზე არ დატოვებდა კვალს და პატრიოტი მეფის როლის განმსახიერებელი ასეთი მოღალატე როგორ უნდა იყოსო?
ვიმეორებ, თქვენ უშვებთ შეცდომას! შეცდომით აიგივებთ მსახიობს მათ მიერ განსხიერებულ გმირებთან და თქვენ იქმნით მათგან სხვა მოლოდინებს, რომლის გამართლებაზე ისინი არც ფიქრობენ და არც ახსოვთ. დიახ, ეს თქვენ გგონიათ, რომ როლის ტექსტი მათზე ჯადოსნურად ზემოქმედებს და აკეთილშობილებს. მათთვის კი ეს მხოლოდ როლია. ისეთივე როლი, როგორც ვიღაც წუნკალი მაწანწალის, კახპის, მოღალატის. შეიძლება, ეს თქვენთვის ძვირფასი მეფისა თუ დედოფლის როლი მისთვის ბევრად უინტერესოც იყოს და კახპის თამაში უფრო საინტერესოდ ეჩვენებოდეს.
მახსოვს, ადრე ერთი იმასაც მიმტკიცებდა, _ როგორ, ყველა მსახიობი, ჩვენიც და უცხოელიც, იმას ამბობს ინტერვიუებში, რომ მათზე დიდი გავლენა იქონია მისმა განსახიერებულმა პერსონაჟის ცხოვრებამ, ესაო, ისაო. ჩემო კარგებო, როცა მაგას ამბობს, მანდაც როლშია და იმ პერსონაჟის ცხოვრება კი მისთვის მოხლოდ მსუყე (ან მწირი) მასალაა როლის განსასახიერებლად.
ეს თქვენ ანიჭებთ ამ როლს მსახიობებს, თქვენ აძლევთ იმ ძალას, რომელიც შემდეგ თქვენვე გიბრუნდებათ და მათ პოზიციას მნიშვნელობა აქვს თქვენს არჩევანზე. და რაკი ასეთი ძალა აქვს, ამ მოჯადოებული ჯაჭვის გაწყვეტისთვის შემდეგ, სამწუხაროდ, არავის სცხელა და ყველა თავისკენ უხმობს არტისტებს, ძველგაზრდებსა თუ ახალგაზრდებსაც. აგერ, ვიღაც სალომე ბაკურაძეც კი წამოსკუპებულა კოფოზე „დიდი სალომეს“ გვერდით.
ამ ბებერი არტისტების შემყურეს, ახალგაზრდა მსახიობებს ლამის ჰგონიათ, რომ ვინმეს არჩევნებში მხარდაჭერა მათი პროფესიის შემადგენელი ნაწილია.
მეტყვით, რომ ეს მხოლოდ საქართველოში არ ხდება და ვთქვათ, ბარბრა სტრეიზანდი აქტიურად მონაწილეობდა ხოლმე ბილ კლინტონის კამპანიებშიო. ბარბრა სტრეიზანდი მხოლოდ მსახიობი არაა, ის აქტიური დემოკრატია. ცხადია, მის ცნობადობას იქაც აქვს გავლენა, ისევე როგორც იმ არტისტების პოზიციას, რომლებიც ახლა ტრამპს უპირისპირდებიან საჯაროდ, მაგრამ მერწმუნეთ, დიდი განსხვავებაა გავლენის მასშტაბებშიც, თვითონ მხარდაჭერის ფორმაშიც და შინაარსშიც.
თუ არ ისვენებთ და მაინც ამ ბარბრას მიხსენებთ, მაშინ მიგდეთ ახლა ყური, რასაც გეტყვით!
ბარბრა სტრეიზანდი იმთავითვე დემოკრატების მხარდამჭერი იყო, არის და იქნება! ახლა, გაიხსენეთ ქოცთა ბარბრა სტრეიზანდი _ გურანდა გაბუნია! გურანდა გაბუნია ზვიად გამსახურდიას დაუძინებელი მტერი იყო. მერე ოსანას უგალობდა ედუარდ შევარდნაძეს! მერე, შევარდნაძის ბოლო წლებში, ის და ოთარ მეღვინეთუხუცესი შევარდნაძეს განუდგნენ, ჟვანიას ბანაკში გადაინაცვლეს და შევარდნაძეს დაარტყეს. შემდეგ სააკაშვილთან ვერ დალაგდნენ და მას მტრობდნენ, შემდეგ გურანდამ ბიძინა დასახა ღმერთის მიერ ჩვენზე დაგდებულ მესიად.
განსხვავებას ხედავთ? ან იმაზე თუ გიფიქრიათ, რომ გურანდა ან სხვა პირადი სარგებლის, გამორჩენის გამო რომ იცვლიან პოზიციებს, ხან ერთს უჭერენ მხარს, ხან _ მეორეს, თქვენც მისი და მისი კოლეგების წამხედურობით ხან ერთს უჭერთ მხარს, ხან _ მეორეს, ხანაც _ მესამეს, ოღონდ მაგ გურანდებისგან განსხვავებით _ სრულიად მუქთად!
დიახ, ისინი მაგ როლის განსახიერებით მსუყე ჰონორარებს, მსუყე კუშებს ხსნიან, თქვენ კი ბრიყვის როლში ხართ, რომელიც არჩევნებზე თავისი კალმით დაიარება.
საბჭოთა პერიოდიდან ასე მოგვდგამს. „კაგებე“ თავად უწყობდა ხელს ვიღაცების ავტორიტეტად ქცევას, რომ მერე მათ მიერ წახალისებულ ავტორიტეტებს სისტემის სასარგებლოდ ემუშავათ. ეს გაგრძელდა შემდეგ და დღემდე გრძელდება და ეს პრაქტიკა პირდაპირ ლოჯიასავით მიაშენდა არჩევნებს. არჩევნები იქცა ამ ფენის შემოდგომად _ მოსავლის აღებად. მომღერლები ხან ერთი პარტიის საარჩევნო კლიპში არიან, ხან _ მეორისაში, ხან ერთის საარჩევნო ჰიმნს მღერიან, ხან _ მეორისას და ისე აკეთებენ ამას, რომ სირცხვილის ნატამალს არ გრძნობენ.
ისინი, კიდევ, პროდუქტს მაინც ყიდიან, ავად თუ კარგად ღნავიან, მღერიან, მსახიობები კი პირდაპირ პოზიციებს ყიდიან _ უმად. თუმცა რატომ უმად? ესეც ხომ მათი როლია? როლი, რომელსაც საზოგადოებრივ ცხოვრებაში ასრულებენ.
ისე, ცნობისთვის: არც ერთი ნამდვილი არტისტი სცენის იქით არ თამაშობს. ისინი სცენაზე ახდენენ სრულად რეალიზებას. ეს შეუმდგართა ხვედრია _ სცენად აქციონ ყველაფერი, რაკიღა სცენა არ სწყალობს მათ.

რეზო შატაკიშვილი