ეროვნულმა ბანკმა ვალუტის გადამცვლელი 17 პუნქტი დახურა

თბილისში საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის გადამცვლელ 17 პუნქტს შესაბამისი ოპერაციების გახორციელების უფლებამოსილება გაუუქმა. აღნიშნული პუნქტები „ვალუტის გადამცვლელი პუნქტების რეგისტრაციისა და რეგულირების წესის“ მოთხოვნათა დარღვევების გამო დაიხურა. ზემოაღნიშნული წესი 2018 წელს ამოქმედდა.

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ მოწოდებული ინფორმაციით: „სავალუტო პუნქტებს არ ჰქონდათ მითითებული ინფორმაცია საყურადღებო კურსის შესახებ და ამით შეგნებულად ახდენდნენ მომხმარებლის შეცდომაში შეყვანას. სებ-მა 2018 წელს „ვალუტის გადამცვლელი პუნქტების რეგისტრაციისა და რეგულირების ახალი წესი დაამტკიცა“, რომლის მიხედვითაც, სავალუტო პუნქტები ვალდებული არის, მომსახურების გაწევისას მომხმარებელს მიაწოდოს სრული ინფორმაცია როგორც ვალუტის საყურადღებო გაცვლითი კურსისა და მომსახურების საკომისიოს (ასეთების არსებობის შემთხვევაში) ოდენობის, ისე განხორციელებული ოპერაციის 30 წუთში გაუქმების შესაძლებლობის შესახებ.
საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცეპრეზიდენტის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე, სებ-ის თანამშრომლების მიერ თბილისსა და რეგიონებში პერიოდულად ხორციელდება „ვალუტის გადამცვლელი პუნქტების რეგისტრაციისა და რეგულირების წესით“ დადგენილი სარეგისტრაციო პირობებისა და პუნქტებისთვის განსაზღვრული ვალდებულებების დაცვის შემოწმება.
ასევე პერიოდულად, შსს-ის ერთობლივი ოპერაციების ცენტრის თანამშრომლებთან ერთად, ხორციელდება პუნქტების გარე ვიდეომეთვალყურეობის სისტემის დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის შემოწმება. საქართველოს ეროვნული ბანკი პრესრელიზების საშუალებით პერიოდულად ახდენს საზოგადოების ინფორმირებას სექტორის რეგულირების მიზნით გამოცემულ ნორმატიულ დოკუმენტებთან და გატარებულ ღონისძიებებთან დაკავშირებით“.
საქართველოს ეროვნული ბანკი არ აქვეყნებს ვალუტის გადამცვლელი იმ კონკრეტული პუნქტების მისამართებს, რომლებსაც მუშაობის უფლებამოსილება შეუწყვიტა.
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 28 თებერვლის ბრძანების თანახმად (ვალუტის გადამცვლელი პუნქტების რეგისტრაციისა და რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ), ვალუტის გადამცვლელი პუნქტების წარმომადგენლები ვალდებულები არიან, თვალსაჩინო ადგილზე განათავსონ ეროვნული ბანკის მიერ გაცემული რეგისტრაციის დამადასტურებელი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი; სალაროსთან განათავსოს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ, არსებობის შემთხვევაში, იყენებენ საკომისიოს; რომ მომხმარებელმა მოითხოვოს ქვითარი; რომ ტრანზაქციის გაუქმება შესაძლებელია ქვითრის მიღებიდან 30 წუთის განმავლობაში, თუ ტრანზაქციის მოცულობა არ აღემატება 5000 ლარს ან მის ეკვივალენტს უცხოურ ვალუტაში. ასევე ვალდებულია, თვალსაჩინო ადგილას განათავსოს ვალუტის ყიდვა-გაყიდვის კურსების ამსახველი ელექტრონული დაფა, რომელზედაც ერთნაირი შრიფტით, ზომითა და განათებით ასახული უნდა იყოს შემდეგი ინფორმაცია: ვალუტის დასახელება; ვალუტის ყიდვის კურსი მეასედის სიზუსტით; ვალუტის გაყიდვის კურსი მეასედის სიზუსტით და მომხმარებელთა საყურადღებოდ: საკომისიოს ოდენობა და საყურადღებო კურსი (არსებობის შემთხვევაში).
ზემოხსენებული ზოგიერთი პუნქტის დარღვევა გახდა იმის მიზეზი, რომ, მომხმარებლების შეცდომაში შეყვანისა და მოტყუების თავიდან აცილების მიზნით, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის გადამცვლელი ჯიხურების გარკვეული ნაწილი დახურა.

ზემოაღნიშნული საკითხის შესახებ „ქრონიკა+“-ის შეკითხვებს პასუხობს ეკონომიკის ექსპერტი _ სოსო არჩვაძე:
_ როგორია საზოგადოების ცნობიერების დონე ვალუტის გადაცვლის ოპერაციის გახორციელებისას?
_ ვალუტის გადაცვლა, კომერციულ ბანკებში იქნება თუ ვალუტის გადამცვლელი პუნქტების მეშვეობით, გულისხმობს ღია, თავისუფალ ეკონომიკურ სისტემას, საზოგადოებას, სადაც დაშვებულია უცხოური ვალუტაზე ეროვნული ვალუტის თავისუფალი გადაცვლა. ვალუტის კურსს, ფაქტობრივად, განსაზღვრავს ვალუტაზე მოთხოვნა-მიწოდება, ხოლო მოქალაქეთა დაინტერესება უცხოურ ვალუტაზე ოპერაციების წარმოებაზე (უცხოური ვალუტის შეძენა ან გაყიდვა) თავისთავად გულისხმობს აღნიშნულ პირთა მონაწილეობას ეკონომიკურ ოპერაციებში, რომელიც სცილდება ეროვნული სახელმწიფოს საზღვრებს და მოიცავს უცხოური საქონლის ან მომსახურების შეძენას, ან პირიქით _ უცხოეთის რეზიდენტებზე საქართველოს მოქალაქეების მიერ წარმოებული საქონლისა და მომსახურების რეალიზაციას.
უცხოური ვალუტის შეძენა/გაყიდვით დაკავებული პირი აპრიორი უკვე ჩართულია გლობალურ ეკონომიკურ პროცესებში, ხოლო მენტალობა აბსოლუტურად საბაზრო ეკონომიკის ადეკვატურია _ საკმაოდ რაციონალური.
რადგანაც არსებობს მარჟა ვალუტის შეძენისა და გაყიდვის კურსებს შორის, უცხოური ვალუტის მქონე პირი ცდილობს, რაც შეიძლება მაღალი კურსით ჩააბაროს მის ხელთ არსებული უცხოური ვალუტა და რაც შეიძლება იაფად იყიდოს ის ეროვნული ვალუტით.
ამის მიუხედავად, ვალუტის შეძენა/გაყიდვით დაკავებული პირების ქცევა ხშირად ექცევა არასწორი ინფორმაციის ტყვეობაში, რომლის დროსაც მენტალურად ის ირაციონალურად მოქმედი, არასწორი გადაწყვეტილებების მიმღები ბრბოს ნაწილი ხდება. მხედველობაში გვაქვს პანიკური ქცევა კურსის მერყეობისას, სავალუტო აჟიოტაჟი და სავალუტო სპეკულაციები, რომელთაგანაც მხოლოდ შეზღუდული რაოდენობის პირები ღებულობენ სარგებელს.
ვალუტის შეძენა/გაყიდვის პროცესში ჩართული ადამიანები, სხვებთან შედარებით, გამოირჩევიან აზროვნების უფრო ფართო დიაპაზონით. მათი ინტერესის საგანს, ვალუტის კურსთან და შესაბამისი ყიდვა/გაყიდვის ოპერაციებთან ერთად, წარმოადგენს ისეთი ინდიკატორები, როგორიცაა _ ვალუტის კურსი და მისი დინამიკა, ინფლაციის ტემპი, მსოფლიო ბაზარზე ოქროს, ნავთობისა და ზოგიერთი სხვა მაღალლიკვიდური საქონლის ფასები.
_ რა ვალდებულებები აქვს მომხმარებლის მიმართ ვალუტის გადამცვლელ პუნქტებს?
_ ვალუტის გადამცვლელი პუნქტების საქმიანობის წესსა და, შესაბამისად, მათ ვალდებულებებს არეგულირებს საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანებით დამტკიცებული „ვალუტის გადამცვლელი პუნქტების რეგისტრაციისა და რეგულირების წესი“. აღნიშნული დოკუმენტის საფუძველზე განსაზღვრულია აღნიშნული პუნქტების რეგისტრაციის პირობები, მოთხოვნილებები, რომელსაც ისინი უნდა აკმაყოფილებდნენ ფინანსური, სივრცითი და უსაფრთხოების კუთხით.
ვალუტის ყიდვა-გაყიდვის თითოეული ოპერაცია უნდა აისახოს პროგრამულად და ამოიბეჭდოს შესაბამისი ქვითარი, რომელიც კლიენტს უნდა გადაეცეს. პუნქტი თავად განსაზღვრავს ქვითრის ფორმას, რომელიც, მინიმუმ, უნდა მოიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:
ა) პუნქტის/ფილიალის დასახელება და მისამართი;
ბ) ვალუტის ყიდვა-გაყიდვის ქვითრის #;
გ) შემოსული და გასული ვალუტის დასახელება და თანხის ოდენობა;
დ) გადაცვლის კურსი;
ე) კლიენტის საიდენტიფიკაციო მონაცემები (კლიენტის სახელი, გვარი, პირადი ნომერი);
ვ) ტრანზაქციის განხორციელების დრო (წუთი, საათი) და თარიღი;
ზ) ორივე მხარის ხელმოწერა;
თ) „ტრანზაქციის გაუქმება შესაძლებელია ქვითრის მიღებიდან 30 წუთის განმავლობაში!“
პუნქტი/ფილიალი ვალდებულია, მომსახურების გაწევისას მომხმარებელს სიტყვიერად მიაწოდოს სრული ინფორმაცია ვალუტის საყურადღებო გაცვლითი კურსისა და მომსახურების საკომისიოს (ასეთების არსებობის შემთხვევაში) ოდენობის შესახებ“.
საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ის მომავალშიც, პერიოდულად, განახორციელებს შემოწმებას და მიიღებს შესაბამის ზომებს მომხმარებელთა უფლებების დასაცავად და ვალუტის გადამცვლელი პუნქტების საქმიანობის კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად.

„მიმდინარე წელს, სარეგისტრაციო მოთხოვნების დარღვევის გამო, 120 ვალუტის გადამცვლელი პუნქტს საჯარიმო სანქცია დაეკისრა, ხოლო 85 პუნქტს რეგისტრაცია გაუუქმდა. ეროვნული ბანკი კიდევ ერთხელ მოუწოდებს მომხმარებელს, ვალუტის გადაცვლის ოპერაციის განხორციელებისას გამოიჩინონ განსაკუთრებული ყურადღება და ტრანზაქციის შესრულებამდე გადაამოწმონ გაცვლით კურსთან და მომსახურების საკომისიო გადასახადთან დაკავშირებული ინფორმაცია“.
როგორც ზემოთ აღინიშნა, ვალუტის გადამცვლელი დახურული პუნქტების უფლებების დაცვის მიზნით საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მათ შესახებ დეტალური ინფორმაცია არ გაამხილა. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია, ნებისმიერ დროს გაახორციელოს პუნქტის/ფილიალის საქმიანობის შემოწმება იმ მიზნით, რომ თავიდან იქნას აცილებული არაკანონიერი ოპერაციები. მომხმარებლების ნაწილისთვის ბევრი საჭირო ინფორმაცია ხელმისაწვდომი არ არის. აღნიშნული საკითხის დეტალებში გაუთვითცნობიერებლობის გამო მათი ნაწილი არაერთხელ ყოფილა გაურკვეველ სიტუაციაში. სწორედ მათი უფლებებისა და ვალდებულებების დაცვის მიზნით შევიდა ძალაში კანონი „ვალუტის გადამცვლელი პუნქტების რეგისტრაციისა და რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ“. ეს კანონი მორგებულია, რომ დაცული იყოს მომხმარებლების უფლებები, განისაზღვროს ვალუტის გადამცვლელი პუნქტების ვალდებულებები და თავიდან ავიცილოთ ყველა მოსალოდნელი გაუგებრობა.

მარიამ ტიელიძე