მიტოვებული ბავშვი და დიპლომირებული უვიცების ქვეყანა

სასწავლო პროცესი დაიწყო და ქართული განათლების სისტემა კვლავ ძველი გამოწვევებით შეხვდა ამ უმნიშვნელოვანეს ეტაპს, ჩვენი შვილებისა და, ზოგადად, მომავალი თაობის, გნებავთ, ქვეყნის განვითარების აუცილებელ და უპირველეს ამოცანას.

ისევ მომიწია ამ საკითხზე დაფიქრებამ და მივხვდი, შარშანდელიდან რეალურად არაფერი შეცვლილა. ვგონებ, არც არავის აქვს სურვილი, სიღრმისეულად გაიაზროს პრობლემა და მხოლოდ ზედაპირულად ან მოჩვენებითად ხდება „წინსვლა“, რეფორმებზე კი საუბარიც ზედმეტია. ამიტომ წინამდებარე წერილში კვლავ მომიწია ადრინდელი პუბლიკაციებიდან მრავალი თემის განმეორება.
ერს, ხალხს, ქვეყანას, სახელმწიფოს ჰქონდეს განვითარების, თანაცხოვრებისა და პროგრესის გამზადებული კონცეფციები და ასე მოჩვენებითად ეძებდეს პრობლემის დაძლევის გზებს ან პოულობდეს „სხვაგან“ და იმასაც მახინჯად ახორციელებდეს, ამ ნიჭით, ალბათ, მხოლოდ ჩვენ ვართ დაჯილდოებულნი.
ქართულ სახელმწიფოს სამი უმნიშვნელოვანესო დოქტრინა აქვს _ მოძღვრება, რომელიც გენეტიკური კოდის რაობამდე უნდა განსაზღვრავდეს და რიგ შემთხვევებში განსაზღვრავს კიდეც ამ ქვეყნის არსებობის ქვაკუთხედს. სამივე დოქტრინა გამორჩეულ პერსონებს უკავშირდება. გრიგოლ ხანძთელმა ქართული სახელმწიფოს პოლიტიკური და რელიგიური _ კულტურული იდენტობა განსაზღვრა და ეს არის გზა დასავლეთისკენ; შოთა რუსთაველმა საზოგადოების თანაცხოვრების პრინციპები დაგვიტოვა, როგორც ადამიანების თანაარსებობის კონსტიტუცია; დავით გურამიშვილმა კი ქართველი ხალხის არსებობისთვის აუცილებელი, უმთავრესი წიაღისეული იპოვა _ ნიჭი, რომელიც რეალიზებული უნდა იქნას სწავლა-განათლებით.
პირველი ორის, ანუ სახელმწიფოს არჩევანისა და საზოგადოების თანაცხოვრების პრინციპების სწორი რეალიზებისთვის სწორედ რომ განათლებაა საჭირო.
არავითარი მნიშვნელობა არ აქვს დღევანდელ საქართველოში, რაოდენობრივად რამდენი ადამიანი უჭერს მხარს დასავლურ ღირებულებებს და არც იმას, რამდენი ადამიანი იცავს კანონებს, სხვის უფლებებს _ რეალურად თუ მოჩვენებითად, ცხადზე უცხადესია, რომ დღეს ყველაზე დიდი პრობლემა სწოედ რომ მასებში სათანადო განათლების არქონა და უარესი _ არაპროფესიონალიზმია ხელისუფლების სხვადასხვა დონეზე.
ქართულ საგანმანათლებლო და სააღმზრდელო სისტემაში არსებული ვითარება არანაირად არ პასუხობს მსოფლიოში არსებულ გამოწვევებს და თუ ჩვენ არ გადავდგამთ კონკრეტულ ნაბიჯებს იმ მიმართულებით, რომ ეფექტიანად გამოვიყენოთ ბავშვების-მოზარდების შესაძლებლობები და ინტელექტუალური პოტენციალი, ვერავითარი ეკონომიკური ზრდა ამ ქვეყანას წინ ვერ წასწევს.
სწორედ ამ პოტენციალის გამოუყენებლობის ნათელი მაგალითია ის, რომ ჩვენ გვყავს საქართველოს მოქალაქეები მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის გარეშე. მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა კი მხოლოდ შინაგანად თავისუფალ ადამიანებს აქვთ, რომლებმაც ამ თავისუფლებისთვის აუცილებელი კომპონენტები სწორედ ბავშვობის ეტაპზე უნდა მოიპოვონ.

***
როდესაც არასაკმარის განათლებაზე ვსაუბრობ, აქ მხედველობაში არ მაქვს ქვეყანაში დიპლომირებული პერსონების რაოდენობა. ამ მხრივ ხომ მსოფლიოში პირველი დიპლომირებული უვიცების ქვეყანა ვართ. მე ვსაუბრობ სამოქალაქო პასუხისმგებლობაზე, ვსაუბრობ კანონის პატივისცემის შინაგან განცდაზე, რომელიც ასევე განათლების საბაზისო ცოდნას ემყარება და რა თქმა უნდა, ვსაუბრობ დიპლომის წონაზეც _ ანუ მიღებული განათლების ტოლფას ცოდნაზე.
განათლება მხოლოდ კონკრეტული საგნის ან პროფესიის ცოდნას არ გულისხმობს და რა თქმა უნდა, მოიცავს აღზრდის კომპონენტებს. ამ კონტექსტში ქართული საზოგადოება, თუ გვყავს ზოგადად პასუხისმგებლიანი საზოგადოება და გნაბავთ, პროფესიული წრეები, ვერ გასცდნენ სტანდარტულ სამკუთხედს _ სკოლა, ოჯახი საზოგადოება.
ვერავის დავეთანხმები, რომ ამ „სამკუთხედის“ გააზრება (აქამდე რომ ვერ გავიაზრეთ, ეს ცალკე საკითხია) პრობლემას მოაგვარებს. „სამკუთხედი“ რომ ყოფილიყო პრობლემა, ის ამდენი ხანი მოგვარდებოდა, რადგან მის თითოეულ გვერდზე ცალ-ცალკე და ერთად უამრავი დაწერილა და თქმულა. პრობლემის გადაჭრისა თუ გადაწყვეტის სათავე არის სახელმწიფო და არა რომელიმე დასახელებული კომპონენტი.
ადრეც ვწერდი და გავიმეორებ: სახელმწიფო ვერ უზრუნველყოფს ბავშვთა უფლებების არათუ დაცვას, არამედ მისი, როგორც მოქალაქის კონსტიტუციურად გარანტირებულ _ სიცოცხლის უფლებას. რაოდენ ცუდი და მტკივნეული მოსასმენიც არ უნდა იყოს, ჩვენ ვცხოვრობთ სახელმწიფოში, რომელიც ვერ ათვითცნობიერებს ბავშვის როლს საზოგადოებისა და სახელმწიფოს განვითარების ასპექტში. შესაბამისად, ბავშვი, როგორც პიროვნება და ფენომენი, მახინჯი დამოკიდებულების შედეგად არასწორად ვითარდება, რაც გავლენას ტოვებს მისი პიროვნებად ფორმირების პროცესზე.
დავაკვირდეთ, როდესაც სკოლაში წინა პლანზე წამოვიდა ბულინგის თემა, სკოლა _ განათლების სისტემა _ ცდილობს, მოსალოდნელი რისკები, და არ მომერიდება ამის თქმა, _ ფატალური შემთხვევები, იმთავითვე მშობელს გადააბრალოს და თავად პილატესავით ხელები დაიბანოს. სხვას არაფერს ემსახურება ის ხელშეკრულებები, რომელზედაც სასწავლო დაწესებულებები მშობლებს აწერინებენ ხელს. ნუ დაგვავიწყდება, რომ სკოლა ამ შემთხვევაში სახელმწიფოს წარმოადგენს.
ცალკე საკითხია მეტწილად გაუნათლებელი, ამბიციური და საკუთარი სურვილების ტყვეობაში მყოფი მშობელი. მშობლებმა ზუსტად იციან, რა სურვილები აქვთ ბავშვებთან დაკავშირებით და ცდილობენ, ბავშვი ისე გაზარდონ, როგორც მათ სურთ. ამ პროცესში მშობლებს ავიწყდებათ, რომ საქმე აქვთ ინდივიდთან და არა მარიონეტთან. ქართველი მშობლების უმეტესობა ბავშვებს საკუთარი სურვილების შემსრულებლად ზრდის. ეს პროცესი იმდენად მახინჯი და ძალადობრივი, მაგრამ, ამავდროულად, ტრადიციაზე აპელირებადია, რომ მის შეცვლას და პრობლემის არსში ჩაღრმავებას არავინ ცდილობს.
მაგალითები? რამდენიც გნებავთ: რას ჰქვია, არ ჭამს?! რას ჰქვია, არ მღერის?! რას ჰქვია, არ ცეკვავს?! რას ჰქვია, არ სწავლობს?! რას ჰქვია, ენა შემომიბრუნა?! რას ჰქვია, არ გააკეთა, რაც დავუბარე?! და ა. შ. ეს ნაცნობი ფრაზები ბავშვთა აღზრდის ყოველდღიურ და ჩვეულებრივ ნორმად იქცა. მშობელი ვერ ათვითცნობიერებს, რომ ამ ქცევით ბავშვში კლავს ინდივიდს, პიროვნებას, თავისუფალ არსებას და მასში ნეგატიური ემოციების დაგროვებას უწყობს ხელს. ეს ემოციები სად და როდის ამოიფრქვევა, ამაზე „წესრიგისა თუ წესების“ დამდგენ-მოყვარული მშობელი არ ფიქრობს. მეორე და მნიშვნელოვანი ფაქტორია ბავშვთა თავნებობა, როდესაც მშობლები არ ახდენენ მათი ინდივიდუალური ნეგატიური ემოციების კორექციას.
დავუბრუნდეთ სახელმწიფოს და მათ წარმომადგენელს სასწავლო დაწესებულებაში _ მასწავლებელს. რა რეფორმა უნდა განახორციელოს სახელმწიფომ და განათლების სისტემამ იმ პირობებში, როდესაც მას ჩვენი შვილების დასამახინჯებლად დაქირავებული ჰყავს ათასობით მასწავლებელი, რომელიც კონკრეტულ საგნებში ტესტირებას ვერ გადის? რა უნარ-ჩვევები უნდა გამოუმუშავონ ამღზრდელებმა ჩვენს შვილებს, როდესაც თავად არ აქვთ წარმოდგენა საკუთარ უნარებზე და სტანდარტულ ჰაიდლაინებსაც კი ვერ ავსებენ?
უზნეობაც არის იმაზე მუდმივი აპელირება, რომ მასწავლებელს არასაკმარისი ჯამაგირი აქვს. დიახ _ ეს ჯამაგირი არასაკმარისია, მაგრამ რაში გამოიხატება ამ მუდამ სახელისუფლებო ელექტორატის მოტივაცია, რომ უფრო მეტი ჰქონდეთ, გარდა იმისა, რომ არჩევნებიდან არჩევნებამდე სახელისუფლებლო კანდიდატების მხარდამჭერები არიან და სანაცვლოდ, სწორედ რომ საკუთარი, ზემოთ აღნიშნული უცოდინარობის მიჩქმალვას ცდილობენ? რომელიმე ხელისუფლების პირობებში გინახავთ მასწავლებელთა კოლექტიური-კორპორაციული პროტესტი ჯამაგირის გაზრდის მოთხოვნით? _ არა! და ვერც გაბედავენ, რადგან მაშინ ადმინისტრაცია მართლაც რომ სამართლიანად ეტყვის მათ უმეტესობას, _ თქვენი კვალიფიკაცია არ შეესაბამება სათანადო მოთხოვნებსო და სასწავლო დაწესებულებიდან სახლში მიაბრძანებს. ამიტომ ისინი ჩუმად არიან, ხელისუფლებაც ჩუმად არის, რადგან ამ ორ, ჩვენი შვილების აღზრდა- განათლებაში უმთავრეს კომპონენტს ჰაერი და წყალივით სჭირდებათ ერთმანეთი. არც ერთი და არც მეორე არ ფიქრობს იმაზე, თუ რა ზიანს აყენებენ ჩვენს შვილებს და რა ზიანს აყენებენ ქვეყნის განვითარებას, მის პროგრესს.
დიახ, ჩვენ გვყავს საკმაოდ დაბალი კვალიფიკაციის მასწავლებლები და მეტიც _ ჩვენ გვყავს ძალიან ცოტა პედაგოგი. შედეგად ვიღებთ არასათანადო განათლების მქონე თაობებს.
ეს ძალიან მოკლედ სამკუთხედის ორ კომპონენტზე. ისევ მყარად ვდგავარ ჩემს პოზიციაზე და ტოტალური სამოქალაქო უპასუხისმგებლობის პირობებში, პირადად მე საზოგადოებას კომპონენტად არ ვაღიარებ, რადგანაც მან საერთოდ არ იცის, რა უნდა ამ სამკუთხედში, იმის გარდა, რომ სიტუაციების მიხედვით ხან აღშფოთდეს, ხან გაიბადროს. საზოგადოების წევრის _ ინდივიდის დონეზე კი ცხადდება, რომ პრობლემა არის საზოგადოებაშიც, მაგრამ მასზე მსჯელობა, კონკრეტული პასუხისმგებლობის დაკისრება ან იმდენად ამორფულია, რომ ვერც ვერაფერს მიხვდები ადამიანი, ან იმდენად დატვირთულია ვალდებულებებით, რომ სასაცილოც კი არის, ვინმემ ამ „პრობლემისთვის“ მოიცალოს. მით უფრო, რომ საზოგადოება თავისთავად არ არის ერთფეროვანი და საზოგადოების ჯგუფებს მუდამ სხვადასხვა ინტერესი აქვთ ცალკეულ საკითხებზე. კოლექტიური პასუხისმგებლობა კი ყველაზე დიდი უპასუხისმგებლობაა. შესაბამისად, როგორ შეიძლება, უპასუხისმგებლო საზოგადოების პირობებში, რომელიც ობობას ქსელივით დაქსაქსულია და ყოველი ცალკეული ჯგუფი მეტწილად საკუთარი კეთილდღეობისთვის იბრძვის და „ბობოქრობს“, საზოგადოებას რაიმე ვალდებულება დააკისრო? ან რომ დააკისრო, არის კი ეს ის საზოგადოება, რომელიც ამ ვალდებულებას აიღებს და პასუხისმგებლობით შეასრულებს? არამც და არამც! შესაბამისად, როგორ შეიძლება, დღეისთვის ამორფული ცნება _ საზოგადოება _ რამეზე იყოს პასუხისმგებელი და ვალდებულება ჰქონდეს, გაუგებარია.

***
ახლა კი სახელმწიფოს დავუბრუნდეთ და ამ ჭრილში დავინახოთ პრობლემა.
ადამიანებმა, რომლებიც სახელმწიფოს მართავენ და ზოგადად ყველამ _ სახელმწიფოს მოქალაქეებმა, პრობლემა, რეალობიდან გამომდინარე, პერსპექტივაში მისი დაძლევის აუცილებლობის გააზრებით უნდა განვიხილოთ. რადგან ჩვენ ვსაუბრობთ სწავლა-განათლებასა და აღზრდაზე, შესაბამისად _ ბავშვზე, მოზარდზე, სწორედ მასზე უნდა აეგოს სტრატეგია. განთლება და აღზრდის მეთოდოლოგია მისი რეალიზების ტაქტიკად უნდა იქცეს.
დავაკვირდეთ ჩვენს ბავშვებს, თუ რა ინფორმაციებს ფლობენ ისინი ტექნლოგიებში, რამდენად სხარტად აზროვნებენ და რა უცებ იღებენ გადაწყვეტილებებს თითქოს ელემენტარულ ვითარებაში, რომელთა გააზრება მათ ასაკში ჩვენთვის წარმოუდგენელიც იყო.
დავაკვირდეთ იმასაც, რომ ჩვენ ძნელად ვეწევით მათ აზროვნებას, ისევე როგორც მათ უჭირთ ჩვენს მიერ მათთვის დასახული ამოცანების გადაწყვეტა ცალკეულ შემთხვევაში. რატომ? იმიტომ, რომ, მათთვის ხშირად გაუგებარია ჩვენი ენა, გაუგებარია, რატომ ვსვამთ ელემენტარულ კითხვებს, რომლის პასუხი მათთვის ნათელია, მაგრამ რადგან მათ ჭკვიანებად და განათლებულებად მივაჩნივართ, მუდამ ეჭვობენ, _ იქნებ, რაიმე სირთულეა ჩვენ მიერ დასახულ ამოცანაში? შესაბამისად, ხშირად, ჩვენ თავად ვართ ცალკეული პრობლემის მაპროვოცირებლები, ვიდრე ისინი ამოცანების ვერამომხსნელი თაობა.
იქნებ, ამ ტექნოლოგიური პროგრესის გათვალსიწინებით ჩვენი ბავშვების ინტელექტი ბევრად გამორჩეულია და თუ ამის რეალიზება ვერ ხდება, ეს არა მხოლოდ არასწორი აღზრდის, არამედ მისი განუვითარებლობისა და მახინჯი გამოყენების შედეგია?
ვრცელ ამონარიდს მოვიტან ჩემი ერთ-ერთი პუბლიკაციიდან („ამოცანა _ ნუ მოკლავთ ჩვენს შვილებს“. 2017 წელი, დეკემბერი); „თუ დავაკვირდებით ბავშვების საკმაოდ მნიშვნელოვან ჯგუფს, მათზე აშკარაა ოჯახის ნეგატიური, არასასურველი გავლენა. ვაღიაროთ, დიახაც, 90-იანი წლების გამოძახილად მივიჩნიოთ ის გარემოებაც, რომ მშობლების უმეტესი ნაწილი თავად არის გაუნათლებელი და ისინი ვერ აძლევენ საკუთარ შვილებს სათანადო მაგალითებს თუნდაც ინტელექტუალური თვალსაზრისით. ამ ბავშვებში ჩაბუდებული აგრესია მათი მშობლების აგრესიის ერთგვარ გაგრძელებასაც წარმოადგენს. ამის მიუხედავად, ცალკეულ პერიოდებში ისინი ამჟღავნებენ კაცთმოყვარეობის საუკეთესო მაგალითებს, რაც იმას მოწმობს, რომ მათ აქვთ სიკეთის, მეგობრობის, კომუნიკაციის მოთხოვნილება. მათთვის, რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, სიკეთე სასიცოცხლო და ბუნებრივი მოთხოვნილებაა, ხოლო აგრესია შეძენილი, მაგრამ თვითდამკვიდრების პლატფორმა, სადაც ისინი არაკომფორტულად გრძნობენ თავს. შესაბამისად, ამ მიმართულების _ ანუ სიკეთის არსებობის ფაზის განვითარება ინტელექტუალურ ბაზასთან ერთად ფრიად მნიშვნელოვანი ფაქტორია.
ნურც ის დაგვავიწყდება, რომ ბავშვების სიბრაზე და აგრესია მეტწილად განპირობებულია მათი უსაქმურობით, ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით. თუ ბავშვებს მუდამ ექნებათ კეთილი საწყისებით გაჯერებული საქმე, ჩვენ ისინი საკმაოდ ბევრჯერ გაგვაკვირვებენ“.
ჩვენი ბავშვები იზრდებიან ქართული მოტივატორების გარეშე. ჩვენი ინტელექტუალი და კეთილი ან, გნებავთ, აგრესიული ბავშვები იზრდებიან სამშობლოს, სახელმწიფოს განცდის, პასუხისმგებლობისა და ვალდებულებების აღქმის გარეშე. სახელმწიფოს მოკავშირე არ არის არც მშობელი და არც მასწავლებელი, რომელთაც თავად არ გააჩნიათ პასუხისმგებლობები და ბოლომდე არ აქვთ გათვითცნობიერებული ვალდებულებები.

***
„როდესაც საკითხი ეხება მშობლის ამბიციას, ბავშვები აკეთებენ და აღწევენ წარმოუდგენელ შედეგებს _ პოზიტიურსა თუ ნეგატიურს არ აქვს მნიშვნელობა _ არ აქვთ მუსიკალური სმენა და მღერიან, სხეული არ უწყობთ ხელს და ცეკვავენ, საკმარისად არ იციან საგანი და მონაწილეობენ კონკურსებში, ავიწყდებათ, მაგრამ ყვებიან ლექსებს, ეზარებათ, მაგრამ თამაშობენ ფეხბუთს თუ დაკავებულნი არიან სპორტის სხვა სახეობებით. ანუ ხშირად საქმე გვაქვს არასწორ, შესაძლოა, არაეფექტიან იძულებასთან, რომელიც კეთილი ნებისა და სწორი გააზრების პირობებში სრულიად ადვილად არის შესაძლებელი, ვაქციოთ ეფექტიან შედეგად, რომლის მარგი ქმედების კოეფიციენტი სახელმწიფოებრივ ჭრილში განუზომლად დიდი იქნება. საკითხს ასე შევეხედოთ: ის ტექნოლოგიური ან, გნებავთ, ინტელექტუალური ამოცანები, რომელსაც ბავშვები საკუთარი სურვილით ხსნიან, არ არის მარტივი. მაშინ რატომ უჭირს ბავშვს ან ძალით არის „სათრევი“ მუსიკაზე, ცეკვაზე, სხვადასხვა წრეში? იმიტომ, რომ ეს არის ჩვენ მიერ დასმული ამოცანები, რომელთა გადაჭრის სურვილი მათ არ გააჩნიათ. იმისთვის, რომ მათი ინტელექტი, სიკეთისა და ურთიერთობების საწყისები და ეროვნული ფაქტორი სინთეზირებული გახდეს, ამოცანები უნდა დავუსახოთ სწორად და ნათლად, რასაც ვერასოდეს ვახერხებთ ან, მეტწილად, ვერ ვახერხებთ“, _ („ამოცანა _ ნუ მოკლავთ ჩვენს შვილებს“. 2017 წელი, დეკემბერი).
არ დავიღლები გავიმეორო, რომ „სახელმწიფომ სწორად უნდა გაიაზროს საკუთარი ფუნქცია ბავშვებთან, მოზარდებთან მიმართებით და ისინი პრობლემების გადაწყვეტის პროცესში ჩართოს. პრობლემების და არა მშობლის ემოციებისა თუ ამბიციების საამებლად გამოგონილი ამოცანების გადასაწყვეტად. სახელმწიფოს მიზანი უნდა იყოს, რომ ბავშვმა პრობლემის გადაჭრის, ანუ ამოცანის პასუხი იპოვოს აქ, ამ რეალობაში და არა ჰიპოთეტურ განზომილებაში“.
თუ ჩვენ არ და ვერ შევძლებთ ვაღიაროთ ის, რომ ბავშვების დღევანდელი თაობა ჩვენზე ბევრად ჭკვიანია, მაშინ საერთოდ არ ღირს თუნდაც მოჩვენებითი მსჯელობა მათ პრობლემებზე. აქვე ისიც უნდა განვსაზღვროთ, რა გვინდა ამ ჭკვიანი თაობისგან? ჩემი აზრით, პასუხი მარტივი უნდა იყოს, _ სწორად და ეფექტიანად გამოვიყენოთ ისინი სახელმწიფოს ინტერესებისთვის მათი პირადი ინტერესების რეალიზებით.
როგორ? თუ გავითვალისწინებთ მშობლის ინსტინქტს, რომ მას შვილისთვის ყოველთვის კარგი და ყველაზე უკეთესი უნდა, სწორედ ეს უნდა გამოვიყენოთ ამ ამოცანის ერთ-ერთ კომპონენტად და ბავშვებს დამოუკიდებელი ცხოვრებისა და შემოქმედების უფლება მივცეთ. სად? სახელმწიფოში. წარმოვიდგინოთ ბავშვის სახელმწოფო მუნიციპალური და ფედერალური სტრუქტურებით _ სასკოლო თვითმმართველობები, მედია, ტელევიზია, ცალკეული წრეები, კლუბები და ა. შ., რომლეთა მართვაში სწორედ მათ აქვთ მნიშვნელოვანი და გადამწყვეტი ხმა. ეს მოდელი შესაძლებლობას მოგვცემს, ბავშვები დავაახლოვოთ რეალური ცხოვრების კომპონენტებთან. ოდესღაც, სწორედ მათ მოუწევთ პასუხისმგებლობის აღება არა მხოლოდ ცალკეული სტრუქტურების სწორად მართვაზე, არამედ პასუხისმგებლობა გაუჩნდებათ როგორც საქმის, ასევე სხვა ბავშვების მიმართ. რა თქმა უნდა, ეს იქნება ძალიან მკაცრი პირობები უამრავი პრობლემით, მაგრამ იმედია, არ დაგვავიწყდა, რომ ისინი ჩვენზე უკეთ და უფრო მარტივად წყვეტენ პრობლემებს და ხსნიან ამოცანებს.
ბავშვებს უნდა მივცეთ საშუალება, საკუთარი და თანატოლების მიღწევების პოპულარიზაცია მოახდინონ, გამართონ დისკუსიები და მსჯელობები სხვადასხვა აქტუალურ თემაზე.
უნდა გავიაზროთ, რომ ბავშვებს შეუძლიათ კონკრეტული ამოცანების გადაჭრა სტუდენტებთან, მაგისტრანტებთან და პროფესორ-მასწავლებლებთან კოოპერირებით, მაგრამ ეს ჯაჭვი არ არსებობს და ამაზე არავინ ფიქრობს. ჩვენ უნდა მივცეთ მათ შანსი, რომ გლობალური ამოცანების გადაჭრის მოდელირება შეძლონ სხვადასხვა სფეროში.
მოცემულობას თუ პოლიტიკურ ჭრილში განვიხილავთ, ბავშვი, რომელიც თვითმმართველობას რეალურად შეიგრძნობს, მონაწილეობას მიიღებს მართვაში, მიაღწევს წარმატებებს და გამოიმუშავებს სათანადო უნარებს, მასთან ზრდასრულ ასაკში ძნელი იქნება არათუ არჩევნების გაყალბებაზე საუბარი, არამედ ის წინააღმდეგობას გასწევს მცდარი გადაწყვეტილებების მიღებისას და არც საკუთარი აზრის გამოთქმა გაუჭირდება. აღნიშნულით საფუძველი ჩაეყრება მოქალაქის ზრდის პროცესს. შედეგად, ჩვენ გვეყოლება სწორედ ეროვნულ და გნებევთ, პატრიოტული ღირებულებებით გაჯერებული მოქალაქე, რომელსაც არავითარი პრობლემა არ ექნება გლობალიზაციის პროცესთან, კანონთან, სამართლიანობასთან, უფლებების დაცვასთან. პირიქით, ამ პროცესებში სათანადო პატივით წარმოჩნდებიან.
რა თქმა უნდა, ნებისმიერი ამოცანის დასახვა შეიძლება, მაგრამ მის განსახორციელებლად აუცილებელია ადამიანური რესურსი _ პედაგოგი, მასწავლებელი.

***
სამართლიანობისთვის უნდა აღვნიშნოთ, რომ უმაღლეს სასწავლებლებში მრავლად არიან პროფესორები, მეცნიერ- თანამშრომლები, მასწავლებლები, რომელთაც მართლაც მაღალი კვალიფიკაცია აქვთ. საჭიროა მათი ინტეგრირება სასკოლო სასწავლო პროცესში. მათვე უნდა უზრუნველყონ განსაკუთრებით გამორჩეული და ნიჭიერი ბავშვების ჩართვა სამეცნიერო კვლევებში. აუცილებელია ცალკეულ პროფესიებში წარმატებული პერსონების „პედაგოგიური იძულება“, როგორც ცალკეული დისციპლინების მიხედვით, ასევე ზოგადი ხასიათის ლექცია-სემინარების დონეზე. აღნიშნულ პროცესში სავალდებულო წესით უნდა ჩაერთონ სახელმწიფოს უმაღლესი თანამდებობის პირებიც.
აუცილებელია, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმოს მომავალი პედაგოგების, მასწავლებლების უმაღლეს სასწავლებლებში მიღების საკითხს. დღეს პედაგოგი ხდება მეტწილად ის პერსონა, რომელმაც ვერ შეძლო სწავლის გაგრძელება სხვა _ სასურველ უმაღლეს სასწავლებელში. ამ შემთხვევაშიც აუცილებელია სწორი სელექცია, რათა ყველას არ მიეცეს ბავშვებთან მუშაობის უფლება. რაც შეეხება მოქმედ მასწავლებლებს, დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს დაბალი კვალიფიკაციის მქონე მასწავლებლების სასწავლო დაწესებულებებიდან დათხოვა. ეს ის სფეროა, სადაც სიბრალული, ანგარიშის გაწევა, დამსახურებების გახსენება და ა. შ. არავითარ შემთხვევაში არ უნდა იყოს გასათვალისწინებელი ფაქტორი. სახელმწიფოს დღეს და ახლა სჭირდება დროისა და გამოწვევების შესაფერისი პედაგოგი, მასწავლებელი და წარსული დამსახურებები მის დასაფასებლად და საგანმანათლებლო დაწესებულებაში შესანარჩუნებლად სრულიად მიუღებელი და გნებავთ, მავნებლური ქმედებაა.
სასწრაფოდ არის დასაშლელი სკოლების სამეურვეო საბჭოები, სადაც, ძირითადად, სკოლის ადმინისტრაციის, უარეს შემთხვევაში კი, დირექტორის მიერ შერჩეული პერსონები არიან გაერთიანებულნი. სამეურვეო საბჭოს მისია უნდა შეიცვალოს და სკოლაში არსებობდეს ერთი _ ადმინისტრაციული საბჭო, მშობლების, ბავშვებისა და შეზღუდული რაოდენობის პედაგოგების შემადგენლობით _ როგორც მინისტრთა კაბინეტის ანალოგი და მმართველი საბჭო, სადაც მეტწილად წარმოდგენილნი იქნებიან მოსწავლეები, მცირე შემადგენლობით _ მასწავლებლები და უფრო მცირე შემადგენლობით _ მშობლები, ეს ორგანო კი პარლამენტის ანალოგიით.
დღეს ბულინგი სკოლებში რეალობაა. ისიც ცნობილია, რომ ამ ფაქტების შესახებ მეტწილად ცნობილია სკოლის ადმინისტრაციისთვის, მაგრამ მოქმედება მხოლოდ უბედურების დადგომის შემდეგ იწყება და ისიც კამპანიურ ხასიათს ატარებს. სწორედ ამის გამო მიზანშეწონილია, სკოლებში არა მხოლოდ მანდატურების სამსახურების გაძლიერება, არამედ პროცესში ფსიქოლოგების ჩართვა მათი ადგილებზე პერმანენტული საქმიანობით. თუმცა ისიც ცხადია, რომ ფსიქოლოგები პრობლემას ვერანაირად გაუმკლავდებიან ვიზიტების დონეზე. ამიტომაც აუცილებელია, სკოლებში ავტორიტეტული პედაგოგების ყოფნა, რომელთა ფუნქცია სააღმზრდელო პროცესი იქნება.
ჩვენი განათლებისა და სააღმზრდელო სისტემის პრობლემას მისი წყვეტილობა წარმოადგენს, ანუ საბავშვო ბაღი ცალკე ავტონომიაა, სკოლა _ ცალკე, პროფესიული კოლეჯი _ ცალკე, უმაღლესი სასწავლებელი _ ცალკე.
აი, აქაც მოგვიწევს სინქრონიზება. კოლეჯი და უმაღლესი სასწავლებელი თამამად უნდა შევიდეს სასწავლო დაწესებულებებში მოზარდების _ ბავშვების ინტელექტუალური პოტენციალის რეალიზებისა და მათი სწორი მიმართულებით წარმართვისთვის. უმაღლეს სასწავლებელში მოვიაზრებ იმ სასწავლო დაწესებულებებს და არა კანტორებს, სადაც სამეცნიერო და კვლევითი საქმიანობები ტარდება და არა გამოცემული (მეტწილად ლექტორთა მიერ დაწერილი) სახელმძღვანელოების დაზუთხვა და მერე დიპლომების ნოტარიული წესით გაცემა.
რას გვაძლევს ეს პროცესი? კონკრეტულ შედეგებს. პროფესიული კოლეჯი და უმაღლესი სასწავლებელი სკოლის მოსწავლის წინაშე კონკრეტულ ამოცანებს სვამს, რომელთა გადაწყვეტაზე თავად მუშაობენ ლაბორატორიებში და მათ პარალელურად აკვირდებიან პროცესში ბავშვების ინტეგრირებას.
ისევ არაერთგზის გაჟღერებულ მაგალითებს გავახმოვანებ: სულაც არ იქნება რთული, გარემოს დაცვის კუთხით დაევალოთ სკოლის მოსწავლეებს ტყე-მასივების განაშენიანებისთვის აუცილებელი ადგილების მოძიება და გეგმის შედგენა. ასევე შედგეს პროექტი საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების ან საცობებისგან ქალაქის განთავისუფლების თაობაზე. კონკრეტული ამოცანების დასახვა ყველა სასწავლო დაწესებულებისთვის არის შესაძლებელი. თუნდაც დაბის ან ქალაქის განვითარების კონცეფციის შემუშავება და ა. შ.
ამის პარალელულად ბავშვებს უნდა მიეცეთ სტარტაპების პროგრამებში ჩართვისა და ფინანსური მოგების მიღების შესაძლებლობა. მიღებული შემოსავლების კვლავწარმოებაში ჩადება ან გასამრჯელოს სახით ვაუჩერების სახით დარიცხვა სწავლის, მოგზაურობის, სახელმძღვანელოების, ტექნიკისა და ა. შ. შეძენის დასაფინანსებლად.
ზოგადად, არ არსებობს ამოცანა, რომელც უფროსმა ადამიანმა შეიძლება დაისახოს და გადაჭრას, იგივე არ გააკეთოს ბავშვმა _ მოზარდმა და შესაძლოა, უფრო ეფექტიანად _ დროში და პერსპექტივაში გათვლილად. თან ისეთი დეტალების გათვალისწინებით, რომელიც უფროსმა ადამიანმა შესაძლოა, ვერც გათვალოს.

***
სამწუხაროდ, განათლების სისტემის მესვეურებს არ აქვთ რეალური და მკვეთრი ხედვა ამ სფეროს რეფორმირებისა და კონკრეტული ნაბიჯების გადასადგმელად. უფრო მეტად სამწუხარო ის არის, რომ ბავშვი _ განათლება და აღზრდა, კვლავაც რჩება „ბერმუდის სამკუთხედის“ _ ოჯახის, სკოლისა და საზოგადოების კონტექსტში მსჯელობის საგანი. იმდენსაც ვერ ვხვდებით, რომ ამ სამკუთხედში ვკლავთ და ვკარგავთ სწორედ ჩვენს შვილებს, მათ მომავალსა და პერსპექტივას.
დღეს ყველა ბავშვი, იმის მიუხედავად, თუ როგორ ზრუნავს მასზე მშობელი, მიტოვებულია. ამ დროს ბავშვი სახელმწიფოს ზრუნვის საგანია და სწორედ სახელმწიფოა პასუხისმგებელი როგორც მის აღზრდაზე (რაშიც ხელი უნდა შეუწყოს მშობლებს), ასევე მის განათლებაზე და უმწვავესი რეფორმები უნდა გაატაროს სასწავლო დაწესებულებაში. სხვა შემთხვევაში რამდენიც არ უნდა ვიძახოთ, _ ჩვენ გვაქვს არასაკმარისო განათლება, გვყავს არაპროფესიონალი ხელისუფლება ან კიდევ, _ რატომ არც ვცემთ კანონს პატივს და მეტიც, _ რატომ არ იღება ფართოდ დასავლეთის კარი, _ შედეგი არანაირად არ გვექნება, იმიტომ რომ პასუხი მარტივია _ ჩვენ არ გვსურს ვიყოთ განათლებულნი და წიგნიერნი.

გოჩა მირცხულავა