დასუსტებული სერგეენკო და მოძლიერებული საგანელიძე: ბრძოლა „რესპუბლიკური საავადმყოფოსთვის“

2017 წელს დავით საგანელიძის „საპარტნიორო ფონდმა“ 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით შპს „კლინიკების განვითარების კომპანია“ (Clinics Development Company LLC) დააფუძნა და საკუთრებაში გადასცა რესპუბლიკურ საავადმყოფოს.
2017 წელსვე საერთაშორისო აუდიტორული კომპანია „ბეიკერ ტილმა“ რესპუბლიკურ საავადმყოფოში აუდიტორული შემოწმება ჩაატარა, თუმცა… საავადმყოფოს ფინანსური მდგომარეობის შესახებ დასკვნა ვერ დადო. მიზეზად კლინიკაში არსებული საფინანსო და სამეურნეო საქმიანობასთან დაკავშირებული დარღვევები დაასახელა.

საიდან გავიგეთ ზემოთქმული, ისიც 2018 წელს? რა თქმა უნდა, „საპარტნიორო ფონდის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციიდან.
ფონდის განცხადებით, დარღვევების გამოსწორების მიზნით „კლინიკების განვითარების კომპანიისა“ და შიდა აუდიტის სამსახურების მიერ მომზადდა რეკომენდაციები, რომელიც კლინიკის დირექტორმა ავთანდილ იმედაძემ არ გაითვალისწინა.
ამის შემდეგ „საპარტნიორო ფონდმა“ სახელმწიფო აუდიტის სამსახურს მიმართა. ფონდმა ამასთანავე გაავრცელა განცხადება, რომ ავთანდილ იმედაძე თანამდებობაზე დარჩებოდა და ფონდი არ აპირებდა სახელმწიფო აუდიტის დასკვნამდე კლინიკაში რაიმე ტიპის საკადრო ცვლილებებს, მათ შორის, დირექტორის გადაყენებას.
დასკვნა არ დადებულა. სამაგიეროდ, „საპარტნიორო ფონდს“ რესპუბლიკური საავადმყოფო მთავრობის მიერ ქვეყანაში მიმდინარე ჯანდაცვის პოლიტიკის ფარგლებში გადაეცა.
რა თქმა უნდა, ავთო იმედაძე მოხსნეს.
მიზანი დიადი და მნიშვნელოვანია _ საპარტნიორო ფონდმა რესპუბლიკური საავადმყოფო უნდა ააღორძინოს.
რა თქმა უნდა, „ქრონიკა+“ მიესალმება ქვეყანაში ყველაფრის აღორძინებას, მაგრამ მანამდე მკითხველს „არქიმედეს გლობალ ჯორჯიას“ ისტორიას შევახსენებთ, რომელზედაც პრესაში ყველაზე დიდი საგამოძიებო მასალა სწორედ ჩვენმა გაზეთმა დაწერა და რომლითაც „გადაგდებულ“ იქნენ კლინიკები და 300 ათასამდე მოქალაქე. ეს იყო წლის ყველაზე გახმაურებელი სკანდალი _ „არქიმედეს გლობალ ჯორჯია“ (რომლის ხელმძღვანელიც დავით საგანელიძის ძმისშვილი იყო), გაკოტრდა.
„არქიმედეს გლობალ ჯორჯიას“ 243 607 მოქალაქე ჰყავდა დაზღვეული და ბაზარზე 2007 წლიდან ოპერირებდა.
2012 წლის პირველი სექტემბრიდან კომპანიის სადაზღვევო პოლისი ყველა თბილისელ პენსიონერს, 5 წლამდე ასაკის ბავშვებსა და სტუდენტებს გადაეცა.
სახელმწიფოს მიერ 2012 წლის გაზაფხულზე გამოცხადებული ტენდერი „არქიმედეს გლობალ ჯორჯიამ“ მოიგო და მას თითო პოლისში სახელმწიფო 15,75 ლარს უხდიდა.
ამავე წლის ოქტომბერში პირველად გამოჟონა ინფრმაციამ „არქიმედეს გლობალ ჯორჯიას“ პროვაიდერებთან არსებულ პრობლემებზე.
მალევე დაიწყო კომპანიის გაკოტრების პროცესი. პროვაიდერ კლინიკებთან სადაზღვევო კლინიკას დავალიანებები დაუგროვდა, რომელიც რამდენიმე მილიონ ლარს შეადგენს. „არქიმედეს“ გაკოტრების შემდეგ კომპანიის ვალდებულება მთლიანად სახელმწიფომ აიღო თავის თავზე.
2013 წლის 28 თებერვალს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა ამოქმედდა. იგი საქართველოს აბსოლუტურად ყველა მოქალაქეზე ვრცელდებოდა _ იმათზე, ვისაც შესაძლებლობა ჰქონდა და იმათზე, ვისაც არ ჰქონდა. პროგრამის თანახმად, ჯანდაცვის საყოველთაო პროგრამის ფარგლებში ადამიანი გეგმური სტაციონარული და ამბულატორიული მომსახურების მისაღებად მისთვის სასურველ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართულ სამედიცინო დაწესებულებაში გადიოდა რეგისტრაციას.
საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის პირველი ეტაპი 453 სხვადასხვა ტიპის ნოზოლოგიის, ოჯახის ექიმის მომსახურებისა და ბაზისური ლაბორატორიული ანალიზების დაფინანსებას ითვალისწინებდა. დაავადებათა ჩამონათვალი დეტალურად იყო გაწერილი მთავრობის #36-ე დადგენილებაში. იგულისხმებოდა საყოველთაო დაზღვევის პროგრამის ფარგლებში ამბულატორიული და სტაციონარული მომსახურების ჩამონათვალი. აქ ყურადსაღები ის გახლდათ, რომ პაკეტი, რიგ შემთხვევებში, ბენეფიციარის მიერ თანაგადახდას გულისხმობდა. მაგალითად, კი ბატონო, 36-ე დადგენილება პაციენტს კონკრეტულ ინფორმაციას აწვდიდა იმასთან დაკავშირებით, თუ რა სახის სამედიცინო მომსახურებას ფარავდა მისი დაზღვევა, მაგრამ იმის გასარკვევად, იყო თუ არა ბენეფიციარის დაავადება პროგრამით დაფინანსებული, გამოკვლევა სჭირდებოდა. ამას კი სახელმწიფო დაზღვევა არ აფინანსებდა.
რაც ყველაზე მთავარია, 36-ე დადგენილებაში ჩამოთვლილი დაავადებებისთვის კლინიკური გაიდლაინები და პროტოკოლები არ არსებობდა. ზოგადად, მთლიან ნუსხაში გაიდლაინი მხოლოდ 129 დაავადებისთვის არსებობდა („გაიდლაინი“, _ ინსტრუქცია ექიმებისთვის, რომელიც დეტალურად აღწერს დაავადებათა ჯგუფის ცალკეული კლინიკური მდგომარეობის მკურნალობას, _ თ. რ.). არადა, გაიდლაინების არსებობა ერთ-ერთი მთავარი განმსაზღვრელი ფაქტორია სადაზღვევო კომპანიებსა და კლინიკებს შორის ანაზღაურებასა და გაწეულ მკურნალობაზე დავების მოგვარების საკითხში.
ასე და ამგვარად, მსგავსი რამ არ არსებობდა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის პაკეტში (უკვე ნახსენები 120 დაავადების გარდა). ეს იყო პირველი ეტაპი. მეორე ეტაპი კი 2013 წლის პირველი ივლისიდან დაიწყო.
რას გულისხმობდა მეორე ეტაპი?!
გაფართოვდა სამედიცინო მომსახურების სპექტრი, საყოველთაო დაზღვევის პაკეტს დაემატა გადაუდებელი და გეგმური ქირურგიული ოპერაციები, ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობა, მშობიარობის ხარჯების დაფინანსება, სადაც ლიმიტი ფიზიოლოგიური მშობიარობისას 500 ლარს, საკეისრო კვეთის შემთხვევაში კი 800 ლარს შეადგენს. ეს არ იყო ბევრი. მეტიც, ძალზე მიზერული დაფინანსება გახლდათ აღნიშნული ოპერაციებისთვის. ამაზე ყველა სამშობიაროს ხელმძღვანელი აყვირდა, მაგრამ მათთვის ყური არავის დაუგდია.
თუმცა მანამდე წინა მთავრობის მიერ მიღებული დადგენილებები გასაუქმებელი და „არქიმედეს“ სკანდალი მოსაგვარებელი იყო.
2013 წლის დეკემბერში საერთაშორისო ფონდმა „კურაციომ“ საქართველოში ჯანდაცვის სისტემის კვლევა გამოაქვეყნა. კვლევის ერთ-ერთი ავტორი, „კურაციოს“ მაშინდელი ხელმძღვანელი, აკაკი ზოიძე გახლდათ. გამოკითხულ 98 ექსპერტს შორის უმეტესობამ აღნიშნა, რომ საყოველთაო დაზღვევის პირველ ტალღაში სამედიცინო მომსახურების ხარისხი გადაუწყვეტელი დარჩა. მაგალითად, კითხვაზე, _ ბოლო 6 თვის მანძილზე როგორ შეიცვალა, ზოგადად, სამედიცინო მომსახურების ხარისხი ქვეყანაში, ექსპერტთა 41,7%-ის პასუხი იყო, რომ არ შეცვლილა. ამავე კვლევის პირველ ეტაპზე (2013 წლის აპრილი) აღნიშნული მაჩვენებელი 42% იყო. კვლევის მეორე ტალღაში ექსპერტთა 21,9% პასუხობს, რომ „ოდნავ ან მნიშვნელოვნად გაუარესდა“, წინა ტალღის შედეგებით ეს მაჩვენებელი 14.1% იყო.
რა პასუხი გასცა ხსენებულ კვლევაზე ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ? პასუხი იყო: „არაფერიც არ გაუარესებულა, პირიქით!“ ეს თქვა მან 2013 წელს. 2016 წელს კი დავით სერგეენკომ განაცხადა, რომ საყოველთაო ჯანდაცვის სისტემამ ვერ გაამართლა და 2017 წლიდან იგი ყველასთვის ხელმისაწვდომი აღარ იქნება.
აი, ასე!
ჩავარდნილი ჯანდაცვის საყოველთაო პროგრამა, ჯანდაცვის დაკავებული მაღალჩინოსნები, კორუფციის მაღალი ინდიკატორი სამედიცინო პრეპარატების მიმოქცევის სქემაში და დასუსტებული სერგეენკო!
დავით საგანელიძე ისევ ძალას იკრებს და არ არის გამორიცხული, იგი სულ მალე სრულიად სხვაგვარ ამპლუაში მოგვევლინოს. რა ამპლუაში? ამაზე „ქრონიკა+“-ის შემდეგ ნომერში…

თამარ როსტიაშვილი