ბიზნესი თანამედროვე სამყაროში და პოერსონა დიადი მიზნებით

ის 22 წლისაა, ჯერ კიდევ სტუდენტია და უკვე საკმაოდ წარმატებული ბიზნესი აქვს.
18 წლისამ ტექნოლოგიებით და ბიზნესით მეტად დაინტერესება გადაწყვიტა, მუდმივად ბიზნესიდეას ეძებდა და ცოტა ხანში, როცა საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს 2-თვიან პროგრამა „ინოვაციების მართვაში“ ჩაერთო, მთლიანად ამ სფეროში გადაეშვა.
მან დააარსა კომპანიაkompania Future Laboratory Management, რომელიც ინოვაციური ინფრასტრუქტურის შექმნას, პროგრამების დანერგვას, სპეციალისტების გადამზადებასა და ამ პროცესების მენეჯმენტს ერთიანად საკუთარ თავზე იღებს. საინტერესო კონცეპტისა და ინოვაციის გამო ამ პროდუქტით უკვე დაინტერესდა ყაზახეთი, უზბეკეთი, ტაჯიკეთი, მოლდოვა, აზერბაიჯანი და სხვ.
ამავე კომპანიით მან თბილისის რამდენიმე სკოლაში თანამედროვე ტექნოლოგიების სწავლების პროცესიც დანერგა.
ახალგზარდა, რომელზედაც დღეს გიყვებით, გიორგი ხაჩიძეა.

_ ჩემი ცხოვრების სასიამოვნო ნაწილი იყო, როდესაც პროექტს „დაიწყე ბიზნესი ფაბლაბთან ერთად“ ვხელმძღვანელობდი. ამით 1000-მდე ახალგაზრდა დაინტერესდა, შეიქმნა 50-მდე მცირე ბიზნესი, რომელსაც საკმაოდ კარგი ყოველთვიური შემოსავალი ჰქონდა მათ მიერ შექმნილი პროდუქტების წყალობით;
მეორე დასამახსოვრებელი წარმატება იყო დრო, როდესაც ვეცადე, საუკეთესო გუნდთან ერთად შემექმნა სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორიები და მომსახურება რეკორდულ დროში გამეხადა ძალიან ეფექტიანი. ჩვენ ეს შევძელით და 7 თვეში 400-ზე მეტ ადამიანს შევუქმენით მისი ბიზნესიდეის პროტოტიპი, ისინი მარტივად ჯავშნიდნენ აპარატებს, ჰქონდათ წვდომა ტექნიკური დახმარების თანამშრომლებთან და ამისთვის ყოველწლიურ დაჯილდოებაზე ყოფილი ვიცეპრემიერისგან საუკეთესო სერვისის ჯილდოც კი მივიღეთ, მაშინ, ჯერ კიდევ, 20 წლის ვიყავი;
მესამე და ყველაზე დიდი წარმატება უკავშირდება ჩემი და ჩემი პარტნიორის მიერ შექმნილ ახალ კომპანია Future Laboratory Management-ს, რომლის ფარგლებშიც ერთ წელიწადში შევქმენით პირველი, საერთაშორისო სტანდარტებზე დამყარებული საუნივერსიტეტო კერძო აქსელერატორი, ასევე ფონდი 100 000 ლარამდე საწყისი თანხით, რათა სტარტაპები დაგვეფინანსებინა. ჯამში 3 სტარტაპი დაფინანსდა 36 000-100 000 ლარამდე თანხით. ასევე 7 თვეში შევქმენით სასკოლო ინოვაციების ცენტრები, სადაც 1000-მდე ბავშვს ვასწავლით მომავლის პროფესიებს, სადაც შედიან როგორც ქართველი, ისე უცხოელი ბავშვებიც, რომლებიც აღტაცებას ვერ მალავენ სწავლების პროცესში და სწავლის მიმართ დიდი სიყვარული უბრუნდებათ.
_ გიორგი, ვიცით, რომ შენი კომპანიის პროდუქცია უკვე ექსპორტზეც გადის, ამაზე მოგვიყევი.
_ ჩვენი კომპანიის პროდუქტი უნიკალურია და შემიძლია ვთქვა, რომ მსგავსი კომპანიები მსოფლიოშიც კი რთულად მოიძებნება, რომელიც ინოვაციური ინფრასტრუქტურის შექმნას, პროგრამების დანერგვას, სპეციალისტების გადამზადებასა და ამ პროცესების მენეჯმენტს ერთიანად საკუთარ თავზე იღებს. ამიტომაც ჩვენმა პროდუქტმა და იმ ტექნოლოგიურმა გამოწვევებმა, რომელიც მსოფლიოში არსებობს, უფრო მეტად დააინტერესა ისეთი ქვეყნების წარმომადგენლები, როგორიც არის ყაზახეთი, უზბეკეთი, ტაჯიკეთი, მოლდოვა, აზერბაიჯანი და სხვ. ამ ეტაპზე ჩვენი კომპანია მოლდოვაში 3 ტექნოლოგიური პარკის შექმნას ახორციელებს მოლდოვის მთვრობის დაკვეთით, რაც, ვფიქრობ, მცირე ხნის დაარსებული ორგანიზაციისთვის რეკორდული შედეგია.
_ თუ ფლობ ან სწავლობ კიდევ დამატებით პროფესიას?
_ ყოველთვის რაღაცას ვსწავლობ და არ ვჩერდები, როგორც კი გავჩერდები, ვფიქრობ, ჩემი წარმატება იქ დამთავრდება, რადგან დღევანდელი მსოფლიო ძალიან მაღალ კონკურენციაში გვამყოფებს, პატარა მოდუნებაც კი შეიძლება მარცხის საწინდარი გახდეს. ძირითადად ვსწავლობ იმას, რაც ჩემი საქმიანობის განვითარებას სჭირდება.
_ ვინ არის ყველაზე დიდი კრიტიკოსი შენს საქმეში?
_ ჩემი ყველაზე დიდი კრიტიკოსი ჩემთვის ძალიან ახლო ადამიანი და პარტნიორი ირაკლი ქაშიბაძეა, რომელსაც 17-წლიანი გამოცდილება აქვს ინოვაციების მიმართულებით, ჯერ კიდევ, 2000 წელს ჰქონდა საკუთარი სტარტაპი საქართველოში. მე და ირაკლის საუკეთესოდ გვესმის ერთმანეთის და ყოველთვის მცირე ნაკლსა თუ ხარვეზსაც არ ვტოვებთ, რომ ერთმანეთს არ ვუთხრათ, რადგან გვჯერა, რომ ჩვენ თვითონ უნდა ვიყოთ მსოფლიოში #1 სპეციალისტები ჩვენს სფეროში, რომ შევძლოთ გლობალურად ცნობილი და წარმატებული კომპანიის შექმნა.
_ რას აქცევ ყველაზე დიდ ყურადღებას საქმის კეთებისას?
_ ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ აკეთებდე მხოლოდ იმას, რისი კეთებაც ყველაზე მეტად მოგწონს, გიყვარს და, რაც მთავარია, აკეთებდე ბოლომდე, არასოდეს უნდა მიატოვო შენი საყვარელი წამოწყება და საქმიანობა შუა გზაში. თუ გინდა, რომ ბოლომდე დატკბე და ისიამოვნო, ყოველთვის უნდა შეაფასო შედეგები, რომელსაც საქმის ბოლომდე მიყვანით იღებ.
რაც შეეხება ადამიანს, მასში ყველაზე ღირებულად სამართლიანობის გრძნობას, სანდოობას და მიზანსწრაფულობას ვთვლი. ასევე ვფიქრობ, რომ დანარჩენ თვისებებთან ერთად, როცა პოზიტიურიც ხარ, შეგიძლია სხვა ადამიანების განწყობა მნიშვნელოვნად შეცვალო, რაც ჩვენს ქვეყანაში მცხოვრებ 90-იანებგამოვლილ მოსახლეობას ძალიან სჭირდება.
_ საქმის კეთებისას, ზოგადად, რა გაღიზიანებს ყველაზე მეტად?
_ უხეშად მომსახურე ადამიანები სხვადასხვა სერვისის მიმწოდებელ ორგანიზაციებში, რომლებსაც შეუძლიათ 5-წუთიანი კონტაქტითაც კი მთელი დღე ხასიათი შეგიცვალონ, ნებისმიერი რამის კეთების ხალისი დაგიკარგონ. ასევე მაღიზიანებს ჩვენი ბევრი ცუდი ტრადიცია, რომელიც დროთა განმავლობაში განვითარდა და დამახინჯდა, ასეთი ძალიან ბევრია…
_ იმ სფეროში, სადაც ხარ, დროს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რა არის შენთვის იმდენად ღირებული და მნიშვნელოვანი, რაშიც დრო არ გენანება?
_ მართალია, ჩემთვის თითოეული წუთი მნიშვნელოვანია, რადგან ძალიან ბევრ რამეს ვარ ერთდროულად მოდებული, თუმცა არასოდეს მენანება დრო და ენერგია ჩემი საქმით გამოწვეულ შედეგებზე სალაპარაკოდ, შემიძლია გაუჩერებლად, მთელი დღე ვისაუბრო, რა მაგარი შეგრძნებაა ამ შედეგების ყურება და როგორ ცვლის ეს შედეგები ბავშვების, ახალგაზრდების ცხოვრებას უკეთესობისკენ.
_ თავისუფალ დროს რას აკეთებ ხოლმე?
_ ცოტა რთული ამბავია ჩემთვის თავისუფალი დროის ქონა, თუმცა როცა ამის ბედნიერება მაქვს, მაქსიმალურად ვცდილობ, რომ ბორჯომში წავიდე ჩემს ბებია-ბაბუასთან, სუფთა ჰაერი ვისუნთქო, რომელიც ჩვენს ქალაქში ძალიან ჭირს და, რა თქმა უნდა, იქაურ მცხოვრებლებს ვესაუბრო ინოვაციებსა და მომავლის პროფესიებზე. ვიცი, სასაცილოდ ჟღერს ამით ტვინის გამოჭედვა სოფლის მოსახლეობისთვის, თუმცა უკვე ვხედავ, რომ ჩემი იქაური მეზობლები საოჯახო სასტუმროებს Booking.com-ზე როგორ ტვირთავენ და როგორ ზრუნავენ მომხმარებლის შეფასებებზე Rewiev-ებზე.
_ 22 წლის ასაკში უკვე საკუთარი კომპანიის პროდუქცია ექსპორტზე გაგაქვს, შეგიძლია თქვა, რომ მაქსიმალისტი ხარ?
_ როდესაც მიზნად გაქვს, რომ საკუთარი ინოვაციური დიზაინის მქონე ოფისი გახსნა სილიკონის ველზე, Google-სა და Facebook-ის გვერდით, რა თქმა უნდა, მსოფლიოში #1 უნდა იყო შენს საქმეში. ძალიან გამიძნელდებოდა სხვანაირად დღემდე მოსვლა. ვერ ვიტყვი, რომ ყველაფერს ვაკეთებ, რაც შემიძლია, თუმცა ამაზე მუდმივად ვმუშაობ, რომ ჩემი სრული რესურსი აქტიურად გამოვიყენო.
_ გასაგებია მიზნები, ახლა ოცნებებზე გვიამბე.
_ ადრე Google-ში მუშაობაზე ვოცნებობდი იმიტომ, რომ ეს არის ყველაზე თავისუფალი გარემო სამუშაოდ, არავინ გზღუდავს, არავინ გაკრიტიკებს და ყველა ბედნიერია იმ საქმით, რასაც აკეთებენ. მაგრამ ახლა ყველაზე მეტად ვოცნებობ, რომ მე თვითონ შევქმნა ისეთი კომპანია, რომელიც Google-ზე უფრო სასურველი სამუშაო ადგილი იქნება მსოფლიოში არსებული სპეციალისტებისთვის. რეალურად, გავაცნობიერე, რომ ეს უფრო მიზანია, ვიდრე ოცნება.
_ მისაბაძი მაგალითი თუ გყავს?
_ ჩემთვის მისაბაძი ადამიანი არის SpaceX-ის, თესლა-სა და კიდევ რამდენიმე ცნობილი კომპანიის დამფუძნებელი ელონ მასკი, რომელიც დაიბადა სამხრეთ აფრიკაში და ცხოვრებაში იმდენს მიაღწია, რომ ელექტრომობილების ინდუსტრია შექმნა, რითიც დედამიწას „ნავთობით სიკვდილისგან“ ათავისუფლებს, ადამიანებს გზას უხსნის კოსმოსში სამოგზაუროდ, რაც აქამდე არარეალურ მოვლენად მიიჩნეოდა. ამ ადამიანმა ბევრს შეუცვალა აზროვნება საკუთარი საქციელებით, ხოლო ასობით მილიონ ბავშვსა და ახალგაზრდას ინსპირაცია მისცა, რომ თვითონაც გახდნენ ასეთი წარმატებულები. მეც ერთ-ერთი მათგანი ვარ, ვისაც სურს, რომ იყოს ისეთივე მიზანდასახული, როგორიც ელონ მასკია.
_ დღეს რა პრობლემას ხედავ იმ სფერო(ებ)ში, სადაც მოღვაწეობ და, ზოგადად, საქართველოში?
_ ალბათ, საზოგადოდ ცნობილია, რომ საქართველოში ყველაზე დიდი პრობლემა არის განათლება, მეც ამ სფეროში ვმოღვაწეობ და შესაძლებლობა მაქვს, რომ წვლილი შევიტანო მის მოგვარებაში.
რეალურად, დღესდღეობით, 150 000 სტუდენტი სწავლობს უნივერსიტეტში და კიდევ უფრო მეტი მოსწავლეა სკოლებში. მათ დიდ ნაწილს აინტერესებს ისეთი პროფესიების შესწავლა, რომელიც გაქრობის კანდიდატია უახლოეს 15-20 წელიწადში, ტექნოლოგიური ცვლილებების გამო.
მასწავლებლები მოსწავლეებს მათემატიკას ასწავლიან და ეუბნებიან, რომ ის ავითარებს აზროვნებას, რეალურად კი მათემატიკის ცოდნაზეა აწყობილი კომპიუტერი და ყველა ის პროგრამა, აპლიკაცია თუ სოციალური ქსელი, რომელსაც ჩვენ აქტიურად ვიყენებთ. ძალიან მინდა, ყველას დავანახვო დიდი პერსპექტივა მომავლის პროფესიებში, რათა ყველას მიეცეს შესაძლებლობა, რომ ეს მიმართულებები ისწავლონ. ჩვენი სისტემის დანერგვის შემდეგ ყოველდღიურად ვესწრები სკოლებში გაკვეთილებს, სადაც ბავშვების გაოცებული შეძახილები მესმის: „ნეტა, როდის მოვა შემდეგი გაკვეთილი“, „ვაიმე, რა მაგარ რამეს ვსწავლობ“, „ერთადერთი გაკვეთილია, სადაც წამებს არ ვითვლი დასრულებამდე“ და ა. შ.
_ ვფიქრობ, ზემოთ აღნიშნული პრობლემის მოსაგვარებლად, პირველ რიგში, სწორი სასწავლო მეთოდოლოგიის დანერგვა გვჭირდება. ეს არ მოითხოვს კოლოსალურ ხარჯებს, უბრალოდ, ვინმემ ეს ყველაფერი საკუთარ თავზე უნდა აიღოს და ეფექტიანადაც მიიყვანოს ბოლომდე. შემდეგ კი საჭიროა მეტი საინფორმაციო კამპანია იმისთვის, რომ მოსახლეობის ცნობიერება ავამაღლოთ ისეთი პროფესიების მიმართ, რომელიც უახლოეს 10-15 წელიწადში, ანუ მოსწავლეების სწავლის დასრულების შემდეგ, იქნება აქტუალური. არ ვაყენებ არც ერთ პროფესიას შეურაცხყოფას, მაგრამ აუცილებელია, ადამიანებმა გაიგონ, რომ საკმაო იურისტი, ფინანსისტი და ბუღალტერი ჰყავს ჩვენს ქვეყანას და, ზოგადად, მსოფლიოს, ახლა სულ სხვა გამოწვევების წინაშე ვდგავართ.
_ და შენთვის რა არის ის საქმე, რასაც აკეთებ?
_ ეს ისა, რასაც შეუძლია, მუდმივად მომცეს უფრო მეტის კეთების მოტივაცია. ვფიქრობ, ეს საქმე დიდი ტალღაა, რომელზედაც სერფინგიც კარგად გამომდის, თუმცა მინდა, უფრო მაღალ ტალღაზე გადავიდე, რომლითაც გინესის რეკორდს მოვხსნი. ჩემთვის ყველაზე საინტერესო გამოწვევა ისაა, რომ საქართველოდან მივაღწიო ძალიან ბევრს, სადაც ყველაფერი ჯერ არ არის ისე აწყობილი, როგორც ამერიკაში, გერმანიასა და იაპონიაშია. მაქსიმალურ წარმატებას რაც შეეხება, ჩემთვის იქნება ის, რომ ვიყო ქართული კომპანიის თანადამფუძნებელი, რომელსაც მსოფლიო იცნობს და რომლის სერვისებსაც მთელი მსოფლიო იყენებს, ამიტომაც მაქსიმალური წარმატების მიღწევას სწორედაც რომ საქართველოდან ვგეგმავ.
_ ცხოვრების რა ეტაპზე ხარ ახლა?
_ ამჟამად ვცდილობ ვიყო ჩემი საქმის საუკეთესო პროფესიონალი, ჯერჯერობით, განვითარებად ქვეყნებში, თუმცა როგორც კი ამას მივაღწევ, აუცილებლად შემდეგ ეტაპად დავისახავ მთელ მსოფლიოს. ვიცი, ძალიან ძნელი იქნება, მაგრამ სირთულეების ყველაზე ნაკლებად მეშინია.
_ შენი ნება რომ იყოს, რას შეცვლიდი ან გამოასწორებდი შენს ცხოვრებაში ან ქვეყანაში, ზოგადად?
_ ამ კითხვაზე როგორი აზრის ვარ, იცით. ვფიქრობ, მაქვს ნება იმისა, რომ ქვეყანაში შევცვალო და გამოვასწორო ის, რაც ყველაზე მეტად მაწუხებს, თუმცა დიდი მონდომება და შრომაა საჭირო, რომელიც ასევე ჩემს ხელთაა და თავს არ დავზოგავ ამ პრობლემის მოსაგვარებლად. ჩვენ ყველას შეგვიძლია მივაღწიოთ ძალიან ბევრს და ძალიან ბევრი რამ შევცვალოთ.

_ ჯერ ახალგაზრდა ხარ, გაქვს ისეთი პრინციპი, რასაც არასდროს უღალატებ?
_ პატიოსნება. მსოფლიოში ძალიან ბევრი ბიზნესის კეთების პროცესში არაპატიოსნურ მეთოდებს იყენებს და ბინძურ საქმეებში ეხვევა, ჩემი ერთ-ერთი პრინციპი ის არის, რომ ყველა იმ „შავ“ ბიზნესზე წარმატებული ვიქნები ისეთ კომპანიასთან ერთად, რომელიც პატიოსნად მიაღწევს ძალიან დიდ წარმატებას.
_ როგორ გგონია, რა გაქვს ისეთი, რაც სხვა ადამიანებისგან რადიკალურად განგასხვავებს?
_ ხშირად მესმის ხოლმე ისეთი ფრაზები, თითქოს ელონ მასკი, მარკ ცუკერბერგი და ეს ცნობილი ადამიანები სხვა პლანეტიდან ჩამოფრენილები და განსაკუთრებული ნიჭით დაბადებულები არიან. ვფიქრობ, ჩვენ ყველას მონდომება, საკუთარი თავის რწმენა და მიზანსწრაფულობა გამოგვარჩევს ერთმანეთისგან, შესაძლოა მცირედი თანდაყოლილი ნიჭებიც, თუმცა ესეც კი მოგვარებადია ბევრი შრომისა და მონდომების შედეგად. ის ადამიანები, რომლებსაც ღმერთებივით ვუყურებთ, დღეს და ღამეს არ ზოგავდნენ საკუთარ თავზე სამუშაოდ და ამიტომაც არიან ასეთი წარმატებულები. მეც მიმაჩნია, რომ, ალბათ, სხვებისგან ზემოთ ჩამოთვლილი თვისებები გამომარჩევს, რომელიც ზოგ შემთხვევაში ვიღაცაზე მეტი მაქვს, ზოგში კი ნაკლები.
_ რაზე ფიქრობ ხოლმე ყველაზე ხშირად?
_ ყველაზე ხშირად ვფიქრობ, თუ როგორ შევძლო იმდენი, რომ ჩემ გარშემო მყოფი ადამაინების ცხოვრება გავაუმჯობესო, ბევრი ღარიბი ადამიანია ჩვენს ქვეყანაში, ძალიან გულსატკენია ამდენი მოხუცებული თუ ბავშვი ასეთ გაჭირვებაში რომ ატარებს მის სიბერესა თუ ბავშვობას, ძალიან მინდა, რომ ყოველთვის ვიცხოვრო საქართველოში, სადაც ასეთ სიტუაციას ვეღარ ვნახავ.
_ ვისი იმედი გაქვს ცხოვრებაში?
_ რა თქმა უნდა, ჩემი ოჯახის წევრებისა და ახლო ადამიანების, თუმცა ყოველთვის ვცდილობ, თავი არ დავიიმედო სხვისით, ყოველთვის ჯობს, შენ თვითონ გქონდეს შენი თავის იმედი, რადგან, დამერწმუნეთ, ადამიანებს ბევრი რამის გაკეთება შეუძლიათ, რომელსაც არ აკეთებენ.
_ გიფიქრია იმაზე, შანსი რომ გქონდეს, რომელ ქვეყანასა და ეპოქაში დაიბადებოდი?
_ აუცილებლად დავიბადებოდი 50 წლის შემდეგ არსებულ მსოფლიოში, თუმცა ვერ ვიტყოდი, რომ იმ მსოფლიოში ქვეყნები იარსებებდა, განვითრების ტემპი იქითკენ მიდის, რომ მთელი მსოფლიო თითქმის ერთ დონეზე იყოს, სადაც არ იარსებებს საზღვრები, თუმცა მე მაინც ასეთ მსოფლიოშიც კი საქართველოს ტერიტორიაზე ვიცხოვრებდი და ჩვენი უნიკალური ჰავით დავტკბებოდი თანამედროვე სამყაროში.
_ საყვარელი გამონათქვამი თუ გაქვს, რომელსაც ყველაზე ხშირად იყენებ ხოლმე?
_ ალბათ არ გაგიკვირდებათ, რომ ჩემი საყვარელი გამონათქვამიც ელონ მასკს ეკუთვნის: „თუ რაიმე საკმარისად მნიშვნელოვანია, ღმერთებიც კი შენ წინააღმდეგ რომ იყვნენ, მაინც შეგიძლია, მიაღწიო“.
_ რა იქნება შენი გზავნილი საზოგადოებისთვის?
_ საკუთარ შესაძლებლობებში ეჭვი არ ეპარებოდეთ და თუ ამის ფიზიკური ძალა შესწევთ, აუცილებლად ძალიან ბევრი იშრომონ და ისწავლონ საკუთარი მიზნების მისაღწევად.

ნინო ტაბაღუა