უცნობი საქართველოს ქრონიკა – 1918 წლის ნოემბერი

გაგრძელება. დასაწყისი იხ. „ქრონიკა+“ ##3-27;29.

1918 წლის ნოემბერში ევროპის კონტინენტზე აქტიური საბრძოლო მოქმედებები დასრულდა. ევროპის ცენტრალური ქვეყნების კავშირის სამხედრო ბლოკმა (გერმანია, ავსტრო-უნგრეთი, ოსმალეთი, ბულგარეთი) ანტანტის წინაშე კაპიტულაცია გამოაცხადა. გერმანიის იმპერიამ, რომელიც ამ ბლოკის წამყვანი ქვეყანა იყო, 11 ნოემბერს მარცხი აღიარა. ბერლინი იძულებული გახდა, ანტანტის მძიმე საზავო პირობები მიეღო და ომის მსვლელობისას ოკუპირებული ყველა ტერიტორია დაეცალა. დაიშალა ავსტრო-უნგრეთის იმპერია, იგივე პროცესი დაიწყო ოსმალეთის იმპერიაშიც. მსოფლიო თვალსა და ხელს შუა იცვლებოდა. ავსტრო-უნგრეთში რევოლუციური განწყობა სუფევდა. გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ბუდაპეშტის ქუჩები დემონსტრანტებით გაივსო და უბრალო მოსახლეობას ჯარიც შეუერთდა. გაზეთი „საქართველო“, 1918 წლის 5 ნოემბერი: „ოთხშაბათს საღამოთი დემონსტრანტებს ჯარი შეუერთდა, ჯარის კაცები გლეჯდნენ კოკარდებს და სხვებთან ერთად გაიძახოდნენ „გაუმარჯოს რესპუბლიკასო“. შუა ღამის რევოლიუციონურმა რაზმებმა აღმოსავლეთის ვოგზალი დაიპყრეს. ასპარეზზე მიმავალი 2 მატარებელი ჯარი გააჩერეს და არ გაუშვეს. ეს ჯარი რევოლიუციონერებს შეუერთდა. ბევრმა კერძო პირმა იარაღი შეიძინა. აჯანყებულთ აქვთ ტყვიისმტყორცნელები, დიდძალი ამუნიცია და ყოველგვარი იარაღი. ჰუნგრეთის იარაღის ქარხანა სრულიად გასძარცვეს. შუა ღამისას ცნობა მოვიდა, რომ ბუდაპეშტის მე-32 პოლკი მთავრობას გადაუდგა და რესპუბლიკის მხარეს გადავიდა“.
მსგავსი რევოლუციური განწყობა იყო ვენასა და ბერლინში, სადაც სამთავრობო შენობების წინ მრავალრიცხოვანი მიტინგები იმართებოდა. გერმანიაში რევოლუცია სულ უფრო ღრმავდებოდა. შედეგად, 11 ნოემბერს გერმანიის იმპერატორი ვილჰელმი ტახტიდან გადადგა. ჩამოყალიბდა ახალი მთავრობა. ფრონტზე დროებითი ზავი დაიდო და ყველა საბრძოლო მოქმედება შეწყდა. საზავო პირობებზე მოსალაპარაკებლად კი პარიზში გერმანიის დელეგაცია გაემგზავრა.
საინტერესო ინფორმაცია დაიბეჭდა გაზეთ „საქართველოს“ 8 ნოემბრის ნომერში. ამ ცნობის თანახმად, რუსმა ბოლშევიკებმა გერმანიაში არსებული რევოლუციური განწყობების გამოყენება სცადეს და იქ ფარული აგიტატორები მიავლინეს: „რუსი ბოლშევიკების დიპლომატიურ შიკრიკებს ცოტაოდენი მარცხი მოუვიდათ ბერლინში მისვლისას, ფრიდრიხშტრასეს სადგურზე: უხეიროდ შეკრული ბარგი გაეხსნათ და გადმოუცვივდათ პროკლამაციები, რომელშიც ლენინი, ტროცკი და სვერდლოვი სალამს უგზავნიან გერმანიის რევოლიუციურ ჯარსა, ბოგანო გლეხობასა და პროლეტარიატს. ამ პატარა შემთხვევამ დიდი შედეგები გამოიწვია: პრინც მაქს ბადენელის მთავრობამ რუსეთიდან გაიწვია თავისი ოფიციალური წარმომადგენლები და სთხოვა ბ. იოფფეს ოცდაოთხ საათში დასტოვოს გერმანიის საზღვრები.
თავის თავად ცხადია, რომ რუსეთ-გერმანიის დიპლომატიური ურთიერთობის შეწყვეტას უფრო პოლიტიკური მნიშვნელობა აქვს, ვიდრე სამხედრო. გერმანიას დღეს არც რუსეთთან საომრად სცალია, არც თეთრი გვარდიელების დასახმარებლად. ბერლინის მთავრობას სხვა უფრო დიდი საზრუნავი აქვს: ის სცდილობს ხალხი და ჯარი ბოლშევიკური ბაცილისგან დაიფაროს“.

გერმანელები საქართველოში

ოქტომბერში საქართველოდან გერმანული არმიის გასვლის თაობაზე სხვადასხვა ინფორმაცია ვრცელდებოდა, მაგრამ ბერლინში მთავრობის შეცვლისა და მსოფლიო ომში გერმანიის დამარცხების შემდეგ ეს უკვე დადასტურებული ფაქტი გახდა. გაზეთ „საქართველოს“ 7 ნოემბრის ცნობით, ჯერჯერობით, თბილისში გერმანული სამხედრო მისიის ხელმძღვანელი ბარონი ფონ კრესენშტაინი და გერმანელი სამხედროების მცირე ჯგუფი რჩებოდა. სამხედროების ძირითადი ნაწილი კი უკვე ფოთში იმყოფებოდა და სამშობლოში დასაბრუნებლად სამხედრო ტრანსპორტს ელოდებოდა.
გაზეთი განსაკუთრებით თბილად იხსენიებს გერმანელ ოფიცერს, ვინმე კაიზერს, რომელიც, როგორც ირკვევა, საქართველოში ჯერ კიდევ ამიერკავკასიის რესპუბლიკის პერიოდში ჩამოსული პირველი გერმანელი სამხედრო იყო. აღმოჩნდა, რომ სწორედ კაიზერმა შეკრიბა საქართველოში მყოფი ტყვე გერმანელები და მათგან საგანგებო ბატალიონი ჩამოაყალიბა. ეს ბატალიონი შემდეგ უკვე დასავლეთ საქართველოში გაემგზავრა და ჩოლოქთან ოსმალთა ჯარის წინსვლის შეჩერების მიზეზი გახდა. კაიზერი თბილისში იმყოფებოდა 26 მაისს დამოუკიდებლობის გამოცხადების დროსაც. როგორც გამოცემა აღნიშნავს, იგი გულწრფელად მიესალმა საქართველოს ეროვნულ საბჭოს და ქვეყნის დამოუკიდებლობას. ეს ცნობა შემდეგი სიტყვებით სრულდება: „ქართულმა საზოგადოებამ ბ-ნ კაიზერი დიდი სიყვარულით გააცილა“.
ამავე ნომერში გაზეთი „საქართველო“ გერმანელთა პატივსაცემად გამართული ნადიმის შესახებაც მოგვითხრობს: „შაბათს საღამოს, სამხედრო სამინისტრომ ქართულ კლუბის შენობაში გამოსათხოვარი ნადიმი გამართა გერმანიაში წამავალ მხედრობის პატივსაცემად. დაესწრნენ საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები, ღენერალიტეტი, სამხედრო კომისიის წევრები, გერმანულ დელეგაციის მეთაური საქართველოში ღენერალი კრესსი ფონ კრესენშტაინი, გერმანიის კონსული გრაფი შულენბურგი, დელეგაციის წევრი ბარონ ვოლფსკოლი და მრავალი სხვანი. სიტყვები წარმოთქვეს სამხედრო მინისტრმა გიორგაძემ და ღენერალმა კრესმა, გერმანიაში წარმავალ ოფიცერთა წარმომადგენელმა და აგრეთვე აქ დარჩენილთა წარმომადგენელმა, რომლებმაც ერთგული სამსახური აღუთქვეს საქართველოს დამოუკიდებლობის დაცვის საქმეში. გამოსათხოვარმა ნადიმმა ნაშუაღამევდის გასტანა“.

აჭარა და მესხეთ-ჯავახეთი

გერმანიასთან ერთად საქართველოს ტოვებდნენ ოსმალებიც. თურქული არმიის ნაწილები გადიოდნენ სამცხე-ჯავახეთიდან და აჭარიდან. 10 ნოემბრის გაზეთში დაბეჭდილია ბათუმიდან ჩამოსული მოქალაქის მონათხრობი, საიდანაც ვიგებთ, რომ ოსმალებმა ბათუმის ფორტიდან უკვე მოხსნეს ქვემეხები და ისინი ბათუმის ნავსადგურში გემებზე დატვირთეს. ამავე ინფორმაციიდან ირკვევა, რომ თურქი სამხედროები ბათუმში თითქმის აღარ იყვნენ. ოსმალებმა ქალაქის დასაცავად მხოლოდ ასკერთა მცირე შენაერთი დატოვეს. ბათუმში ცხოვრება ჩვეული რიტმით მიმდინარეობდა, მოსახლეობა თურქების გასვლის ამბავს სიხარულით შეხვდა და ბაზარში სურსათიც კი გაიაფდა. 14 ნოემბრის ნომერში კი მოცემულია ვრცელი სტატია ბათუმისა და აჭარის შესახებ, სადაც წერია, რომ საქართველოს ხელისუფლებამ თურქთა სრული გასვლის შემდეგ უნდა ეცადოს დაუყოვნებლივ დაიკავოს ოლქი.
12 ნოემბერს გაზეთი „საქართველო“ მთავრობის ოფიციალურ მოწოდებას ავრცელებს, რომელიც ახალქალაქისა და ახალციხის მაზრაში მცხოვრები მოქალაქეებისადმი იყო მიმართული. მოწოდება, ძირითადად, მაზრის მუსლიმებს ეხებოდა. მთავრობა აცხადებდა, რომ საქართველოს ხელისუფლებას მათი შევიწროების არავითარი განზრახვა არ ჰქონდა და რეგიონში მხოლოდ მშვიდობის დასამყარებლად მოდიოდა. გაზეთი „საქართველო“: „საქართველოს რესპუბლიკის მთავრობა, მისგან დამოუკიდებელი მიზეზებისა გამო, მოკლებული იყო საშუალებას, ახალციხისა და ახალქალაქის მცხოვრებლებისადმი თავისი მზრუნველობა აღმოეჩინა. ეს კუთხე, რომელიც რამდენიმე თვე, გარეშე ძალების მეოხეობით, მოშორებული იყო საქართველოზე, დღეს უკვე უბრუნდება მას, რადგანაც ოსმალეთის მთავრობისაგან მიღებულ ცნობებით, ეს კუთხე უკვე იცლება ოსმალოს ჯარებისაგან. ამითი საქართველოს მთავრობას საშუალება ეძლევა, გაუწიოს ამ დაზარალებულ კუთხეს დახმარება და ახლო მომავალაში შეუმსუბუქოს მცხოვრებლებს მათი მძიმე და აუტანელი პირობები. ამის გამო საქართველოს რესპუბლიკის მთავრობა საყოველთაოდ აცხადებს, რომ ის შედის ამ კუთხეში შეურყეველი გადაწყვეტილებით _ მოჰგვაროს მას მშვიდობა და წესრიგი, რომელიც არის თავდები ნორმალური ცხოვრების და თავისუფალი შრომისა.
ვინაიდან, თანახმად მიღებული ცნობებისა ზოგიერ ბოროტ-განმზრახველ პირებისაგან ვრცელდება სიმართლეს მოკლებული ბოროტ ხმები, ვითომდა აღნიშნულ კუთხის მუსლიმ მცხოვრებლებს მოელოდეს საქართველოს მთავრობისაგან გასამართლება და სასტიკი სასჯელი, _ საქართველოს მთავრობა ამით კატეგორიულად აცხადებს, რომ ხმები ბოროტ-განმზრახველთა უტიფარი ცილისწამებაა. პირიქით, ეს დარბეული და დაზარალებული კუთხე თავის მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლათ საქართველოს მთავრობისაგან მიიღებს გულწრფელ მზრუნველობას და ყოველმხრივ დახმარებას. საქართველოს მთავრობა იმედოვნებს, რომ ახალციხისა და ახალქალაქის მცხოვრებლები განურჩევლად ეროვნებისა შეიგნებენ მდგომარეობის დიდმნიშვნელობას და საქართველოს მთავრობასთან მტკიცე თანამშრომლობით გამოიჩენენ საჭირო მშვიდობიანობას, რითაც ხელს შეუწყობენ მთავრობას ამ ორი მაზრის აღსადგენად და მოსაწყობად ჩვენი ნორჩი რესპუბლიკის საზღვრებში, საქართველოს ხალხთან ძმურ ურთიერთობის და თანამშრომლობის ნიადაგზე“.

დაძაბულობა სომხეთთან

1918 წლის ოქტომბერში სომხეთთან მომხდარი სასაზღვრო ინციდენტის შემდეგ, როდესაც სომხურმა შეიარაღებულმა ნაწილებმა ბორჩალოს მაზრაში საქართველოს საზღვარი გადმოკვეთეს და სადავო ტერიტორიების დაკავებას შეეცადნენ, საქართველოსა და სომხეთს შორის ურთიერთობა დაიძაბა. მართალია, ბორჩალოს მაზრაში შეიარაღებული დაპირისპირება შეწყდა, მაგრამ როგორც გაზეთ „საქართველოს“ 9 ნოემბრის ნომერში მოყვანილი ცნობიდან ვიგებთ, სომხური ნაწილები სანგრებში მყოფ ქართველ მესაზღვრეებს პერიოდულად ცეცხლს უხსნიდნენ: „როდესაც ჩვენები შეჰკითხვიან მათ ოფიცერს, რად შვრებით ამასაო, ოფიცერს განუცხადებია: ეს ჯარის ნაწილის ფანტაზიააო“.
საერთოდ, შეიძლება ითქვას, რომ სომხეთ-საქართველოს ურთიერთობა 1918 წლის ნოემბერში ქართული გაზეთების ცენტრალური თემა გახდა. ყველაფრიდან ჩანდა, რომ ვითარება თანდათან მწვავდებოდა და მხარეებს შორის ურთიერთ ბრალდებები სახიფათო ფორმას იღებდა. როგორც ჩანს, ორი ქვეყანა სამხედრო კონფლიქტის პირას იდგა.
ამ მხრივ განსაკუთრებით სომხეთი აქტიურობდა და საქართველოს წინააღმდეგ მიზანმიმართულ საინფორმაციო კამპანიას აწარმოებდა, რომელიც სავსე იყო დეზინფორმაციითა და ათასგვარი ბრალდებით. საქართველოს იმ პერიოდში თურქეთიდან და თავად სომხეთიდანაც დევნილი უამრავი მოქალაქე აფარებდა თავს. ჩვენმა ქვეყანამ მოკლე დროში ასეულობით ათასი სომეხი ეროვნების ლტოლვილი მიიღო. თბილისი გადაჭედილი იყო. საქართველოს ხელისუფლებამ დევნილებისთვის სპეციალური ბანაკები შექმნა, მათ გამოსაკვებად და ელემენტარული პირობების შესაქმნელად ბიუჯეტიდან თანხა გამოყო, მაგრამ ეს მძიმე ვითარებას მაინც არ შველოდა. ქვეყანას, რომელიც თავად ღრმა ეკონომიკურ კრიზისში იმყოფებოდა, უცხო ქვეყნის მოქალაქეების სრულფასოვანი შენახვა არ შეეძლო და ამის გამო სომეხ დევნილებს ხშირად საკვები არ ჰყოფნიდათ და გაუსაძლის პირობებში იმყოფებოდნენ. ამას თან ემატებოდა სიცოცხლისთვის სასიკვდილო დაავადებები: ქოლერა, ჭლექი, ტიფი, შავი სახადი, დიზინტერია, რომელიც ლტოლვილთა შორის საკმაოდ გავრცელებული იყო და თანდათან საქართველოსაც ედებოდა.
1918 წლის ნოემბრის დასაწყისში თბილისში არსებულმა სომხურმა გაზეთებმა ანტიქართული კამპანია წამოიწყო, რომელშიც საქართველოს ხელისუფლებას სომეხი დევნილების მიმართ უსულგულო დამოკიდებულებაში ადანაშუალობდა. ერთ-ერთმა სომხურმა გაზეთმა „ჰორიზონმა“, რომელიც პარტია „დაშნაკცუტუნის“ ბეჭდვით ორგანოს წარმოადგენდა, ქართული მთავრობა ლამის სომეხთა გამიზნულ გენოციდში დაადანაშაულა. გაზეთი აცხადებდა, რომ ქართველები სომხებს ოსმალთა მსგავსად ექცეოდნენ და მათი განადგურება შიმშილით სურდათ.
აშკარა იყო, რომ სომეხთა ეს პროვოკაცია უფრო შორს მიმავალ გეგმას ემსახურებოდა და ის სომეხ მოსახლეობაში ქართველებისგან მტრის ხატის შექმნას ცდილობდა. სომხეთის ასეთი დეზინფორმაციის მიზანი, საბოლოოდ, საქართველოს სომხობის მობილიზება და თავად სომხეთის მოქალაქეების ქართველების წინააღმდეგ ამხედრება იყო. როგორც შემდეგ გამოჩნდა, სომხეთი საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა.
გაზეთი „საქართველო“. 1918 წლის 6 ნოემბერი: „ჩვენ ვიცით, რომ სომხის „დემოკრატია“ აქტუალურ ინტერესს იჩენს საქართველოს მიწა-წყლისადმი. ჩვენ ვიცით ბევრი გადამიჯვნის პროექტები. და უკანასკნელის მორცხვის გეგმით, რომელზედაც ახდილად გვესაუბრებოდნენ ჩვენი მეზობლები, საქართველოს საზღვარი გასდევს იმნაირად, რომ გორის მაზრის ორი სოფელიც სომხეთში რჩება; ხოლო თბილისის გასწვრივ ეს სამიჯნო ხაზი ისეა გაყვანილი მდინარე ხრამზე, რომ აქედან არც ისე შორს მსროლელი ზარბაზნის ყუმბარა საქართველოს პარლამენტის წინ გასქდება…“
იმავე ნომერში სომხების საკითხს ეხება პავლე ინგოროყვაც, რომლის ავტორობითაც საკმაოდ ვრცელი სტატიაა დაბეჭდილი: „ჩვენ გვმართებს მტკიცედ გამაგრება იმ საზღვრებში, რომელიც ისტორიამ ქართველ ხალხს ამოუხაზა სამკვიდრებლად. ჩვენში ბევრს ლაპარაკობენ სომხეთის ტრადიციულ მეგობრობაზე საქართველოსთან. ჩვენ გვგონია, სასტიკი სინამდვილე არ გაამართლებს ამას. მიტომ, რომ ისტორიას ჰქმნის არა კეთილი სურვილები, არამედ უფრო ულმობელი სოციალური სტიქიონი. და რასაკვირველია, შემთხვევითი არ იყო ის მოვლენა, რომ წარსული საუკუნის მანძილზე სომხური ტალღა როგორც ლავა, ისე ეშვებოდა მტკვრის ხეობაში და სომხურ კოლონიები რადიუსების მსგავსად მოემართებოდნენ თბილისისა და შუა-ქართლისაკენ… სომხეთი დღეს სცდილობს წარსულში მონაპოვარის ლეგალიზაციას და ჩრდილოეთისკენ მომავალ ტერიტორიის ავანპოსტებზე დამკვიდრებას.
რასაკვირველია, სომხის ხალხს ამ შემთხვევაში არავითარი მტრული განზრახვა აქვს ჩვენდამი… მაგრამ ჩვენ გვინდა მხოლოდ ვთქვათ სომხის ხალხის ეს მეგობრული მოხვევნა შესაძლოა იმდენად მჭიდრო აღმოჩნდეს, რომ ქართველ ხალხს ამისგან გული შეუწუხდეს. ჩვენ გვინდა მხოლოდ ვსთქვათ: ჩვენი მეგობრობა სომხეთთან გაცილებით მტკიცე იქნება, როცა ჩვენ შორის აღმართული იქნება თოვლიანი მთების ის ბარიერი, რომელიც თითონ ბუნებამ დასვა ჩვენს საზღვრად და სადაც გაატარა თავისი მიჯნა ისტორიამ. უღელტეხილები, რომლებიც გადასერავენ მტკვრისა და არაქსის წყალთა-გამყოფ თოვლიან ალპებს, ღია იქნება მეგობრული ურთიერთობისათვის მშვიდობიანობის დროს. ხოლო როცა სომხის ხალხს მომავალში _ ისე როგორც ეხლა _ აიტანს მხურვალე გულისთქმა არაქსის ზეგანიდან მტკვრის ველებზე დამკვიდრებისა, მაშინ საუღელტეხილო კარების დაკეტვა არც ისე ძნელი იქნება, და ეს მოსაზღვრე თოვლიანი მთები გაანელებენ ამ მხურვალებას“.
სომხები რომ ომისთვის ემზადებოდნენ, ეს საქართველოში განხორციელებულმა რამდენიმე დივერსიულმა აქტმაც დაადასტურა. 7 ნოემბერს გამოქვეყნებული ინფორმაციით ირკვევა, რომ დივერსანტებმა ძეგვის სარკინიგზო ხიდი ააფეთქეს, რის გამოც სარკინიგზო კავშირი შეწყდა აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს შორის. გაზეთში არ ჩანს, თუ ვინ მოაწყო აფეთქება, მაგრამ შემდეგ ნომრებში ირკვევა, რომ ეს დივერსია სომხებმა განახორციელეს.
ძეგვის ხიდის აფეთქების გამო ხელისუფლებამ 8 ნოემბრიდან თბილისში საალყო წესები გამოაცხადა. თბილისის გენერალ-გუბერნატორად გენერალი მაზნიაშვილი დაინიშნა. საგანგებო რეჟიმი გამოცხადდა რკინიგზაზეც. თითოეულ ხიდს მცველებად ჯარისკაცები მიუჩინეს. აფეთქებული ხიდი უმოკლეს ვადაში აღადგინეს. 11 ნოემბერს, ანუ დივერსიიდან 3 დღის შემდეგ, ძეგვის გავლით დასავლეთ საქართველოს მიმართულებით შვიდმა დატვირთულმა ეშელონმა გაიარა.
როგორც აღმოჩნდა, ძეგვის სარკინიგზო ხიდი ერთეული შემთხვევა არ ყოფილა. გაზეთის ცნობით, თბილისის მილიციამ დროზე აღკვეთა კიდევ რამდენიმე დივერსიული აქტი. 13 ნოემბერს, ბედნიერი შემთხვევის წყალობით, თბილისის ტრამვაის ცენტრალური სადგურისა და თბილისის ელექტროსადგურის აფეთქების მცდელობა ჩაიშალა: გაზეთი „საქართველო“ 1918 წლის 19 ნოემბერი: „საქმე ასე ყოფილა: ერთი მუშა შემთხვევით ამ ორ სადგურის კედლებს შუა ეძებდა ჭიაყელებს თევზებისთვის, შენიშნა, რომ მიწაში და კედლებთან რაღაც გრძელი არის დაფლული, აგრეთვე კედლებშიც. ცოტა მოგლიჯა შეაგდო ცეცხლში, რაც მაშინვე აფეთქდა, მუშამ ეს განუცხადა ამხანაგებს და მოახდინეს ჩხრეკა და იპოვეს კიდევ ასაფეთქებლად დამზადებული ყუმბარები და დინამიტი. მაშინვე მილიცია მოიწვიეს და ტრამვაის გვარდიელები სადარაჯოდ. ნოემბრის 14-15 ღამის 4 საათზე ორი ვიღაც შეიარაღებული კაცი დაეცა დარაჯ გვარდიელს, ალექსანდრე ღრუბელაშვილს და დაუწყო სროლა. იგი დასჭრეს ორ ადგილას, ღრუბელაშვილს სხვებიც მიეშველნენ, მაგრამ ბოროტ-განმზრახველებმა თავს უშველეს. აფეთქება რომ მომხდარიყო, ერთსა და იმავე დროს განადგურდებოდა ქალაქის ტრამვაის ცენტრალურ ელექტრონის სადგური და აგრეთვე ქალაქის ელექტრონის სადგური“.
17 ნოემბერს დილის 11 საათზე მილიციამ ვერის ხიდის ქვეშ დამაგრებული დინამიტი აღმოაჩინა. აშკარა იყო, რომ მტერი საქართველოს სასიცოცხლო ობიექტების მწყობრიდან გამოყვანას, მოსახლეობაში პანიკის დათესვას და სატრანსპორტო სისტემის პარალიზებას ცდილობდა.
სომხურ გაზეთებში ანტიქართული ისტერია იმდენად გაძლიერდა, რომ ხელისუფლებამ პარტია „დაშნაკცუტუნის“ გაზეთ „ჰორიზონის“ დახურვის გადაწყვეტილება მიიღო. მოგვიანებით, „დაშნაკცუტუნმა“ სპეციალური განცხადება გამოაქვეყნა, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ საქართველოს ხელისუფლება პარტიას უბრალოდ ცილს სწამებს და სომხებს საქართველოს წინააღმდეგ არავითარი მტრული გაზრახვა არ გააჩნიათ. ამის საპასუხოდ, გაზეთი „საქართველო“ მმართველი პარტიის სოციალ-დემოკრატების ბეჭდვითი ორგანო „ერთობის“ წერილს ბეჭდავს, სადაც ნათლად ჩანს, თუ რა პოზიცია უკავია ხელისუფლებას სომხურ პროვოკაციებთან დაკავშირებით: „ეს არის თქვენი ლოიალობა და ერთგულება? ნუ თუ ისე გულუბრყვილოდ მიგაჩნიათ თქვენი მოწინააღმდეგე, რომ მათ ვერ დაინახონ თქვენ აგიტაციაში ამბოხებისკენ მოწოდება? თუ კი საქართველოს მთავრობა მართლა ენვერ ფაშების პოლიტიკას ეწევა, თუ კი იგი მართლა საქართველოში სომხებს „მეორე მესოპოტამიას“ უწყობს, თუ კი იგი სომხების „ჟლეტას“ აწარმოებს, გვიბრძანეთ, რა ვალი ედება იმ სომხის მთავრობას, სომხის მცხოვრებთ, სომხის ორგანიზაციებს, რომლებსაც თქვენ აკავშირებთ და რომლებსაც თქვენ გამოსასვლელად მოუწოდებთ? მაგრამ თქვენი მუხანათობა სწორეთ იმაშია, რომ ყველა თქვენი ნაწერი სომეხ ლტოლვილთა შესახებ მტკნარი სიცრუე და ცილისწამებაა და დღევანდელი თქვენი ფიცი, საქართველოს რესპუბლიკის ერთგული მოქალაქენი ვართ და ამბოხებისკენ მოწოდება აზრათაც არ მოგვსლიაო, თქვენს მოწინააღმდგეებში მხოლოდ ზიზღს გამოიწვევს თქვენდამი. იყავით მტრები, მაგრამ იყავით კეთილშობილი მტრები, ისე რომ თქვენი მოწინააღმდეგეებიც პატივისცემით გეპყრობოდნენ“.
სომხურ საკითხთან დაკავშირებით, საქართველოს პარლამენტში საგანგებო მსჯელობა გაიმართა. სპირიდონ კედიას სიტყვა. 1918 წლის 8 ნოემბერი: „საქართველოს პარლამენტის წევრნო! დღეს პირველი შემთხვევაა, რომ საქართველოს პოლიტიკურ წრეებში სომხების საკითხი დაისვა. თქვენ გაიგონებდით მთავრობის თავმჯდომარის გაოცებას: რა მოხდა ამ 5 დღეშიო? მე ის კი არ მაკვირვებს, თუ რამ გამოიწვია ამ 5 დღეში სომხების გამოსვლა; მე უფრო ის მაკვირვებს თუ რატომ აქამდე არ მოხდა იგი? ის, რაც ამ 5 დღის განმავლობაში ხდება, ლოღიკური დასკვნაა იმ მუშაობისა, რომელსაც სომხები მრავალი წელის განმავლობაში აწარმოებდნენ. თუ ეს გამოსვლა გუშინ არ მოხდა, დღეს იქნებოდა; თუ დღეს არ მოხდებოდა, ხვალ უთუოდ იჩენდა თავს…
ის ფაქტი, რომ ხიდი ჩაანგრიეს, ის ფაქტი, რომ საომარი ძალა დაგვიპირისპირეს, ის ფაქტი, რომ თბილისში მუდმივ შიშია მათი გამოსვლების გამო, მეტყველებს იმას, რომ მათთან მეგობრული განწყობილების დამყარება არც ისე ადვილი საქმეა. საქართველოს მთავრობის მოვალეობაა უვნებელი გადარჩენა საქართველოსი სომეხ ერისგან, რომელიც „დაშნაქცუტუნის“ მიერ არის ამოძრავებული.
დღეს თქვენი ყურადღება მიაქციეს იმ გარემოებას, რომ სომხობა არ წარმოადგენს კომპაქტურ მასსას და იგი მოთავსებულია რამოდენიმე სახელმწიფოში და ყველგან მისი მოქმედება მიმართულია იმ სახელმწიფოთა წინააღმდეგ, სადაც ისინი მოსახლეობენ…“
საბოლოოდ, საქართველოს პარლამენტმა სომხურ საკითხზე 9 ნოემბერს სპეციალური რეზოლუცია მიიღო, სადაც აღნიშნული იყო, რომ სომხების ასეთი აგიტაცია მიზნად ისახავს საქართველოს დამოუკიდებლობისა და მისი დემოკრატიული წყობილებისათვის ლახვარის ჩაცემას. ამასთან პარლამენტი იმედს გამითქვამდა, რომ მთავრობა ჯეროვანი ყურადღებით მოეკიდებოდა ამ საკითხს და ძალ-ღონეს არ დაიშურებდა ორ მოძმე ერს შორის სისხლისღვრის გამომწვევი პოლიტიკის აღსაკვეთად.

დიდი ბრიტანეთი

პირველი მსოფლიო ომში გერმანიისა და მისი მოკავშირეების დამარცხებამ კავკასიის რეგიონში ძირეული ცვლილება გამოიწვია. გერმანიისა და ოსმალეთის ნაცვლად კავკასიაში დიდი ბრიტანეთი გამოჩნდა. 1918 წლის 17 ნოემბერს გენერალ ტომპსონის მეთაურობით აზერბაიჯანის დედაქალაქი ბაქო ბრიტანელმა სამხედროებმა დაიკავეს. ეს იყო ბრიტანელთა პირველი სამხედრო შენაერთი ჩვენს რეგიონში. 1918 წლის ნოემბერში, ბრიტანელები საქართველოში ჯერ შემოსულები არ იყვნენ, მაგრამ მათ შესახებ გაზეთებში უკვე გამოჩნდა მცირე ინფორმაცია.
23 ნოემბერს გაზეთი „საქართველო“ იტყობინება, რომ ბათუმში ჯერჯერობით ინგლისელები არ გამოჩენილან. უფრო ადრე, 17 ნოემბერს, გამოცემა ინგლისისა და ოსმალეთის ხელშეკრულებაზე გვაწვდის ცნობას: „ინგლის-ოსმალეთის ზავის პირობების მე-11-ე და მე-15 მუხლში ნათქვამია, რომ ინგლისი დაიკავებს ბათომს დროებით, რათა ადგილობრივ გაეცნოს მდგომარეობას და თუ იგი სრულებით მის დაცლას მოითხოვს, ოსმალეთი ამის თანახმა იქნება. ამასთან ერთად, ამავე პირობით იგი დაიკავებს რკინის გზის მხოლოდ იმ ნაწილს (ნატანებამდის), რომელიც ოსმალთა ხელშია.
ამ მუხლებიდან სჩანს, რომ ოსმალები არწმუნებენ ინგლისელებს, რომ ბათომის ოლქი უმთავრესად თურქებით არის დასახლებული და ინგლისს ამ ადგილების დაკავებით სურს თითონ გაეცნოს საქმის ნამდვილ ვითარებას, აგრეთვე ის ფაქტიც, რომ ინგლისი რკინის გზას იკავებს, მხოლოდ ოსმალეთის მიერ დაკავებულ ფარგლებში, მოწმობს, რომ საქართველოს წინააღმდეგ მას არავითარი მიზანი არა აქვს“.
ამ ცნობის გავრცელებიდან მეორე დღეს, 18 ნოემბერს, გაზეთი უკვე თბილისში ინგლისური დიპლომატიური მისიის ჩამოსვლაზე წერს. ცნობაში აღნიშნულია, რომ დიპლომატიური მისია ხუთი კაცისგან შედგებოდა და იგი საქართველოს დედაქალქში ბათუმიდან დილის 11 საათზე ჩამოვიდა.
თვის ბოლოს გაზეთი „საქართველო“ ბრიტანელებზე მორიგ ამბავს გვამცნობს: „ოთხშაბათს 27 გიორგობისთვეს საღამოს 6-ს თბილისში ჩამოვიდა ბაქოს კონსული მაკდონელი. მას თან ახლავს ინგლისის ლაშქრის 4 რუსი ოფიცერი და 2 ინგლისელი ოფიცერი. გუშინ კონსულის წარმომადგენელი წარუდგა გზათა სამინისტროს საერთო საქმეთა მმართველს გიორგი ფიცხელაურს და მადლობა მოახსენა, რომ მათ საქართველოს ტერიტორიაზე მშვიდობიანად იმგზავრეს და თან სთხოვა, რომ მათი მატარებელი მოუბას საქართველოს რკინის გზის სწრაფლ მატარებელს გარეშე მიღებულ წესისა, რაზედაც ფიცხელაურმა ნებართვა მისცა“. როგორც ირკვევა, მაკდონელი თბილისში საქართველოს რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი ევგენი გეგეჭკორსაც ეწვია, რომელთანაც ხანგრძლივი საუბარი ჰქონდა.
ბრიტანეთი საქართველოში შემოსასვლელად ემზადებოდა. 1918 წლის დეკემბერში საქართველოში დიდი ბრიტანეთის დივიზია სრულად განლაგდება, მაგრამ ეს უკვე დეკემბრის ამბავია.

მიხეილ ბასილაძე