„უსახლკაროდ ვრჩები“ _ რუსთაველის თეატრიდან მსახიობები გაუშვეს

რუსთაველის თეატრიდან მსახიობები გეგა ჩხაიძე, ნინუცა მაყაშვილი, გოგა გველესიანი, ნათია კვაშალი და ანდრია თავბერიძე გაათავისუფლეს. გაათავისუფლეს ასევე ნანული სარაჯიშვილიც, თუმცა მსახიობი ამაზე ხმამაღლა ჟურნალისტებთან არ საუბრობს და არც „ქრონიკა+“-ის ზარებს პასუხობს.

ჩვენი წყაროს ცნობით, სარაჯიშვილი განთავისუფლებიდან რამდენიმე დღეში თეატრში კვლავ აღადგინეს, მაგრამ ამჯერად მარკეტინგის სამსახურში.
„რუსთაველის თეატრიდან თანამშრომლების ნაწილის განთავისუფლება რეორგანიზაციის ფარგლებში, კანონის დაცვით განხორციელდა“, _ ეს არის კულტურის სამინისტროს პოზიცია, რომელიც, ცოტა არ იყოს, სასაცილოა, რადგან მაშინ, როდესაც აღნიშნული უწყება კანონზე და კანონიერებაზე საუბრობს, ისიც უნდა ესმოდეს, რომ სრულიად გაუფრთხილებლად და ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარშე სამსახურიდან არავის უშვებენ.
„ქრონიკა+“-ის წყაროს ცნობით, მსახიობები თეატრიდან რობერტ სტურუას გადაწყვეტილებით გაათავისუფლეს, თუმცა ამაზე ხმამაღლა არავინ საუბრობს.

მიზეზების გასარკვევად „ქრონიკა+“ რუსთაველის თეატრის უკვე განთავისუფლებულ მსახიობ ნათია კვაშალს დაუკავშირდა:
_ ნათია, რა მიზეზით გამოგიშვეს თეატრიდან?
_ რეორგანიზაცია ჩატარდა, რის შედეგადაც რამდენიმე მსახიობს კონტრაქტი გაგვიწყვიტეს.
_ ხელშეკრულების ვადა სადამდე გქონდათ?
_ იანვრამდე.
_ კულტურის სამინისტრო ამბობს, რომ კანონიერად გაგათავისუფლეს და თქვენც ასე ფიქრობთ?
_ იცით, რა არის? თეატრში რეორგანიზაცია ჩატარდა და კონტრაქტი გაგვიწყვიტეს. სხვას ვერაფერს გეტყვით.

„ქრონიკა+“ ასევე დაუკავშირდა რუსთაველის თეატრიდან განთავისუფლებულ ერთ-ერთ მსახიობ გოგა გველესიანს, რომელიც ამ თეატრში 20 წელი მოღვაწეობდა:
_ გოგა, რუსთაველის თეატრიდან გაგათავისუფლეს. მართალია?
_ დიახ. ზოგადად, მსახიობი ყოველთვის დგას ამ საშიშროების წინაშე, რადგან დღეს თუ რეჟისორისთვის რომელიმე კონკრეტული მსახიობი ინტერესის სფეროა, ხვალ შეიძლება აღარ დაინტერესდეს შენით. სამწუხაროდ, ეს მსახიობის მძიმე ხვედრია. ყველაფერს აქვს თავისი ფორმა და გარემოება, მით უმეტეს, დღევანდელ სიდუხჭირეში. ერთი მხრივ, ჩემთვის ეს იყო უზარმაზარი მორალური დარტყმა და მეორე მხრივ, მატერიალური, რაც იმაში მდგომარეობს, რომ ბინა, რომელშიც მე ვცხოვრობ, იპოთეკით მაქვს შეძენილი, ყოველ თვე ვიხდი ფიქსირებულ გადასახადს და გადაუხდელობის შემთხვევაში, თავი რომ დავანებოთ უმუშევრობას, უსახლკაროდ ვრჩები.
_ თქვენ ხომ კონტრაქტი გქონდათ დადებული, რომელიც წლის ბოლოს გიმთავრდებოდათ?
_ დიახ, ა. წ. 29 დეკემბერს ხელშეკრულებას ვადა გასდიოდა.
_ წინასწარ არავის გაუფრთხილებიხართ, რომ თეატრიდან გიშვებდნენ?
_ არავის და მეგონა, რომ 3 თვით ადრე მაინც გაგვაფრთხილებდნენ, რადგან ახალი სამსახურის ძებნას შევუდგებოდი, ან რამეს მოვახერხებდი. მოგეხსენებათ, ზაფხული მკვდარი სეზონია და დღეს ასეთი იოლი არ არის სამსახურის შოვნა. აღარაფერს ვამბობ შვებულებაზე, რადგან დასვენებაც არ შემერგო.
_ მიზეზად რა დაგისახელეს?
_ არავის არაფერი უთქვამს. 8 ივლისს დამიბარეს კადრებში, სადაც ხელი მომაწერინეს თეატრის მიერ მიღებულ კანონზე რეორგანიზაციის შესახებ და 31 ივლისს უკვე უწყება ჩამბარდა ჩემი განთავისუფლების შესახებ. ბოლომდე მოქმედი მსახიობი ვიყავი. სიმბოლურია, რომ ჩემი მოღვაწეობიდან 34 წელი შემისრულდა, ხოლო „რუსთაველის თეატრში“ მოღვაწეობის 20 წელი და არც მეტი, არც ნაკლები, ბატონი რობერტ სტურუას დაბადების დღეზე გაგვიშვეს თეატრიდან.
_ რაიმე სახის კონფლიქტი ხომ არ მოხდა?
_ არა. უბრალოდ, 7 წლის წინ ჩემსა და ბატონ რობიკოს შორის ურთიერთობა დაიძაბა. მიუხედავად ჩემი მრავალგზის მცდელობისა, დღემდე ვერ გავარკვიე, რა მოხდა. აბა, რა გითხრათ? _ ადამიანი იბადება, ცოცხლობს და მერე კვდება, რომლის დრო და საათი წინასწარ არავინ იცის. სავარაუდოდ, მსგავსი შეგრძნება დამეუფლა, როდესაც თეატრიდან გამომიშვეს. ეს იყო სრულიად მოულოდნელი.
_ თქვენ აღნიშნეთ, რომ 7 წლის წინ თქვენსა და რობერტ სტურუას შორის ურთიერთობა დაიძაბა. ხომ არ ფიქრობთ, რომ სწორედ ეს გახდა თეატრიდან თქვენი განთავისუფლების მიზეზი?
_ შესაძლოა, ესეც ყოფილიყო.
_ რა მოხდა თქვენ შორის?
_ ზუსტად მაგის გაგება მინდოდა მეც, მაგრამ 7 წლის მანძილზე პასუხი ვერ მივიღე. ჯერ კიდევ მანამ, სანამ თეატრიდან გამიშვებდა.
_ სამართლებრივი ბრძოლის გაგრძელებას არ აპირებთ?
_ ყველაფერი გავაკეთე, რომ ეს გაუგებრობა თავიდან ამეცილებინა. ჩვენი ურთიერთობა არ იმსახურებდა ასეთ გაუგებარ დასასრულს. ახლა მხოლოდ იმ ბედნიერ წლებსა და დროს ვიხსენებ, როდესაც ერთობლივ წარმატებებს ვაღწევდით თეატრში, ჩემთვის კიდევ უფრო აღმატებული იყო ასეთ გენიალურ რეჟისორთან მუშაობა. ეს იყო ჩემთვის დიდი გამოცდილება და სიამოვნება. რეჟისორისა და მსახიობის ურთიერთობა ძალიან ჰგავს ცოლ-ქმრის ურთიერთობას, თუ ნდობა და სიყვარული ქრება, იმას ვერანაირი სასამართლო ვერ გაამყარებს. ამ შემთხვევაში გონიერი ადამიანები ღირსეულად სცილდებიან ერთმანეთს. არსებობს რაღაცები, რაც რეამინირებას არ ექვემდებარება. მიმაჩნია, რომ ჩვენ ორივე დავმარცხდით!

გიორგი საკარული