რა ბედი ელის სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ ფაკულტეტებს?

შრომის ბაზარზე პროფესიები არათანაბრადაა გადანაწილებული. ზოგიერთი მათგანი პრესტიჟულია და დასაქმების მსურველიც ბევრია, ზოგიერთი კი, მიუხედავად საჭიროებისა და მნიშვნელობისა, დღითი დღე კარგავს პოპულარობას.

რა განაპირობებს ამ დისბალანსს და როგორ აისახება ეს ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკურ ფონზე?
ეკონომიკის სამინისტრომ, შრომის ბაზრის ანალიზის მიხედვით, რომელიც HR.ge-ს მონაცემებს ეყრდნობა, ყველაზე პრესტიჟული პროფესიები გამოავლინა. ამ სიაში მოთხოვნად პროფესიებს განეკუთვნება: გაყიდვების სფეროს მუშაკები; ბიზნესისა და ადმინისტრირების სფეროსთან ასოცირებული პროფესიონალები (ყიდვა-გაყიდვის აგენტები და ბროკერები) ბიზნესისა და ადმინისტრირების სფეროს პროფესიონალები (ფინანსების სფეროს პროფესიონალები, ადმინისტრირების სფეროს პროფესიონალები, გაყიდვების, მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობების სფეროს პროფესიონალები).
სამუშაო ძალის მოთხოვნის ხვედრითი წილი პროფესიების მიხედვით სწორედ პრესტიჟულ სფეროებზე ნაწილდება, რაც დისბალანსს ქმნის და უარყოფითად აისახება ქვეყნის ეკონომიკასა და სოციალურ გარემოზე. იმდენად, რამდენადაც ჩვენი ცხოვრება არა მხოლოდ გაყიდვების სფეროსგან შედგება, არამედ ისეთი საქმიანობებისგან, რაც უკვე ნაკლებად იწვევს ინტერესს, დასაქმებული კადრებისა და პროფესიონალების ნაკლებობა ამ სფეროების ჩამორჩენასა და საბოლოოდ კვდომასაც განაპირობებს.
ქვეყანას, რომელსაც ათასობით გაყიდვების მენეჯერი და ბიზნესადმინისტრატორი ჰყავს, ნაკლებად აქვს განვითარებული საბუნებისმეტყველო სფერო. სწორედ ეს კონტრასტი ანაზღაურებისა და მოთხოვნადობის ნაწილში განაპირობებს პროფესიის არჩევას.
არსებული მოსაზრების თანახმად, უმაღლესი განათლების დაწესებულებებში სტუდენტები, ძირითადად, პრესტიჟულ პროფესიებს ირჩევენ და ნაკლებად აკეთებენ არჩევანს სხვა მოთხოვნად და საჭირო პროფესიებზე. ეს კარგად აისახება სტატისტიკასა და სხვადასხვა ფაკულტეტზე მსურველთა რაოდენობაზე.
სწორედ ამ დისბალანსის მოსაგვარებლად და საკმაოდ მნიშვნელოვანი სფეროების პოპულარიზაციისთვის განათლების სამინისტრო 2013 წლიდან მოყოლებული რამდენიმე პრიორიტეტულ ფაკულტეტს აფინანსებს.
სახელმწიფოს მიერ სრულად დაფინანსებული ფაკულტეტების, ე. წ. უფასო ფაკულტეტების მიზანი „საჭირო“ პროგრამებზე უკეთესი და მეტი კონტინგენტის მოზიდვაა.
ამ პროგრამით ნაკლებად „პრესტიჟული“ სასწავლო პროგრამების ხელშეწყობა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხრიდან პრიორიტეტულად ჩაითვალა და მას ფინანსური ტვირთის შემსუბუქების კვალობაზე უნდა წაეხალისებინა სტუდენტები, რომ მათი პრიორიტეტი ყოფილიყო ის პროგრამები, რომელიც მათ განათლებას მისცემდა (რაც მანამდე მოთხოვნად, მაგრამ დაუინტერესებელ პროგრამებად ითვლებოდა) ან პროფესიები, რომელიც სახელმწიფოს „სჭირდებოდა“ (მაგალითად, ქართული ფილოლოგია და სხვ.).
ერთია, რა სჭირდება სახელმწიფოს და მეორე, რა სჭირდება თავად კანდიდატს, რომელიც შემდგომ რეალიზაციას სწორედ საკუთარ პროფესიასა და საქმეში გეგმავს.
პროგრამის ამოქმედებიდან ხუთი წელი გავიდა და სფეროს ექსპერტები და უმაღლესი განათლების მუშაკები ამ პროგრამის გამოწვევებსა და ეფექტიანობაზე საუბრობენ.
ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მიღებული შედეგების კვლევით ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი დაინტერესდა, რომელმაც ამ ანალიზის შედეგად შეფასებითი დასკვნები დადო და პროგრამის ეფექტიანობა და ე. წ უფასო ფაკულტეტების მნიშვნელობა განსაზღვრა.
ამ დასკვნების მიხედვით „უფასო ფაკულტეტების“ პროგრამის შედეგები მოზიდული სტუდენტების უნარების კუთხით წინააღმდეგობრივია. პროგრამამ შედეგად გამოიღო პროგრამაში მოხვედრილი სტუდენტების მუდმივი ზრდა, ასევე უნივერსიტეტების (განსაკუთრებით, ტექნიკური უნივერსიტეტი) მხრიდან პროგრამაში მოხვედრილი მიმართულებების დამატება, ასევე სტუდენტთა რიცხოვნობის გაზრდა. იმ პროგრამებზე, სადაც პროგრამის დაწყებამდე ადგილების შევსების პრობლემა იყო, არ შეინიშნება უფრო უანარიანი სტუდენტების მოზიდვის ტენდენცია, ზოგიერთ პროგრამაზე (მაგ.: ქართული ფილოლოგია, მშენებლობა, ენერგეტიკა და ა. შ.) მართლაც აღინიშნება სტატისტიკურად მნიშვნელოვანი გაუმჯობესება, თუმცა ამ ფონზე ამავე უნივერსიტეტებში საკონტროლო პროგრამებზეც იყო მოზიდული კონტინგენტის საშუალო უნარიანობის ზრდა.
საქართველოში სახელმწიფო უნივერსიტეტების 21 სპეციალობას სახელმწიფო 2014 წლიდან აფინანსებს. ესენია: აგრონომია, ვეტერინარია, მეცხოველეობა, სასურსათო ტექნოლოგია, სატყეო საქმე, განათლების მეცნიერებები, მასწავლებლის განათლება, საინჟინრო ფიზიკა, ენერგეტიკა და ელექტროინჟინერია, მშენებლობა, აგროინჟინერია, მათემატიკა, ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია, სიცოცხლის შემსწავლელი მეცნიერებანი, გამოყენებითი ბიომეცნიერებები, ეკონომიკა, ისტორია, ფილოლოგია, ფილოსოფია, არქიტექტურა და არქეოლოგია.
შეიმჩნევა ტენდენცია, რომელზედაც სფეროს ექსპერტები ამახვილებენ ყურადღებას. ე. წ უფასო ფაკულტეტები უმეტესად იმ სტუდენტების თავშესაფარი გახდა, რომლებიც სხვა ფაკულტეტებზე ვერ მოხვდნენ, რაც თავისთავად შემდგომ მათ აკადემიურ მოსწრებაზე აისახა. ეს უკვე ქმნის პრობლემებს, რადგან სფეროს განვითარება დიდწილადაა დამოკიდებული მასში დასაქმებული ადამიანების უნარებსა და განათლების ხარისხზე.
ბოლო პერიოდში განათლების სამინისტროში სახელმწიფოს მხრიდან დაფინანსებული პროგრამების არაეფექტიანობასა და მის არაშედეგიანობაზე ალაპარაკდნენ. სწორედ ამიტომაც 2019 წლიდან ამ პროგრამის რეფორმირება იგეგმება და განათლების სამინისტრო აბიტურიენტებს სიახლეს შესთავაზებს.
განათლების მინისტრის მოადგილე თეიმურაზ მურღულიას განცხადებით, არსებული ფორმა სამინისტროსთვის მიუღებელია და უნდა გაუქმდეს. მურღულია განმარტავს, რომ სახელმწიფო აქამდე, დაახლოებით, 700-მდე მომავალი ეკონომისტის სწავლას აფინანსებდა სრულად, რაც სულაც არ წარმოადგენს საჭიროებას. მისივე თქმით, ახალი მოდელი ორიენტირებული იქნება სახელმწიფოს პრიორიტეტებზე და იმაზე, რასაც სახელმწიფო ინტერესები, ბიზნესი მოითხოვს.
როგორც „ქრონიკა+“-ს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პრეს-სამსახურში განუცხადეს, მიმდინარე სასწავლო წელს არ შესულა ცვლილებები ე. წ. უფასო ფაკულტეტების პროგრამაში და ჩამონათვალს პირიქით _ ერთი ფაკულტეტი დაემატა.
როგორც პრეს-სამსახურში აღნიშნეს, ცვლილებები იგეგმება მომდევნო სასწავლო წლისთვის, თუმცა ჯერ ბრძანება პირვანდელი სახით რჩება და საუბარი არაა სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული ფაკულტეტების გაუქმებაზე.
„უფასო ფაკულტეტების“ ახალ მოდელზე განათლების სამინისტრო უკვე მუშაობს. პარლამენტს ეს სიახლე საშემოდგო სესიაზე წარედგინება, ახალი მოდელით სარგებლობას კი აბიტურიენტები უკვე 2019 წელს შეძლებენ.
გასულ წელს უფასო ფაკულტეტებზე 5655 აბიტურიენტის დაფინანსება იყო შესაძლებელი, ბიუჯეტიდან კი პროგრამის განსახორციელებლად 12 მილიონზე მეტი ლარი დაიხარჯა, რაც საკმაოდ სოლიდური თანხაა, და სწორედ ამიტომაც პროგრამის ეფექტიანობასა და მის შედეგებზე განხილვა დღემდე აქტიურად გრძელდება.

ანა ურუშაძე