სავალდებულო ტექდათვალიერება _ კორუფციული სქემის საფრთხე

მიმდინარე წლის იანვრიდან ქვეყანაში სავალდებულო ტექდათვალიერების რეფორმა დაიწყო, რომელიც გულისხმობს საქართველოს ავტოპარკისთვის ეტაპობრივი შემოწმების პროცესს ტექნიკური დათვალიერების მიზნით.
დიდი ხანია, ეს რეფორმა თავისი გამოწვევებით განხილვის საგანია.

რა მოთხოვნებსა და პროცედურებს ითვალისწინებს ავტომანქანების სავალდებულო ტექნიკური დათვალიერება და რა თანხებთან არის დაკავშირებული ეს პროცესი?
საქართველოს მთავრობის 30-ე დადგენილება, რომელიც 2014 წელს მიიღეს, ითვალისწინებს ავტოსატრანსპორტო საშუალებების მიმართ წაყენებულ ტექნიკურ მოთხოვნებს. სწორედ ამ დოკუმენტშია საუბარი იმ აუცილებელ მოთხოვნებზე, რასაც უნდა აკმაყოფილებდეს ყველა ავტომანქანა, რათა უსაფრთხო გარემოს არსებობასა და განვითარებას შეეწყოს ხელი.
სავალდებულო ტექდათვალიერების შემოღებაც ამ ტექნიკურ მოთხოვნებსა და არსებული რეალობის მათთან შესაბამისობის შემოწმებას ისახავს მიზნად.
ავტომობილები ჯამში 12 პარამეტრზე შემოწმდება, მათ შორის, ავტომობილის კომპლექტაციაზე: ცეცხლმაქრი, სააფთიაქო ყუთი და სხვ. აუცილებელ პარამეტრებს შორისაა გამართული სამუხრუჭე სისტემა, საჭის მართვის მექანიზმი, საქარე მინები, და ა. შ.
ჯამურად, საქართველოს მასშტაბით, 35 სადგური არსებობს, სადაც ტექნიკური დათვალიერების გავლაა შესაძლებელი, თუმცა პროცესის მნიშვნელობიდან გამომდინარე, ამ ცენტრების რაოდენობა 51-მდე გაიზარდა, ასევე გამოვლინდა კონკრეტული კომპანია, რომელიც ტექდათვალიერების სავალდებულო პროცესს ოპერირებას გაუწევს ქართულ ბაზარზე.
აპრილში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ გამოაცხადა მოწვევა წინადადებათა წარმოდგენის თაობაზე სამ ლოტად ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტესტირების ხაზების რაოდენობის, სახეობებისა და გეოგრაფიული განაწილების მიხედვით, რომელშიც გამარჯვებულად გამოცხადდა შპს „პრემიუმ რეზიდენსი“.
ორიოდ სიტყვა თავად კომპანიის შესახებ:
„პრემიუმ რეზიდენსი“ გახლავთ სადაზღვევო კომპანია „ალდაგის“ შვილობილი კომპანია, რომელმაც ვალდებულება აიღო, ავტოსატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ცენტრების მოწყობა განახორციელოს მსოფლიოში ავტომობილების ტექნიკური ინსპექტირების სფეროში აღიარებული ესპანური კომპანია „Applus Iteuve Technology, S.L.U.“-ის ტექნიკური მომსახურების საშუალებით.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ გამოცხადებულ ტენდერში შპს „პრემიუმ რეზიდენსის“ გამარჯვებას ბევრი კომპანიისა თუ კერძო პირის უკმაყოფილება მოყვა. მათი კრიტიკის ძირითად არგუმენტს წარმოადგენს ის ფაქტი, რომ შპს პრემიუმ რეზიდენსი ტექნიკური ინსპექტირების სფეროში დამწყებია და, ამავდროულად, ის ვერ აკმაყოფილებდა გამოცხადებული ტენდერის მოთხოვნებს.
საქართველოს ავტომობილების ინსპექტირების ორგანოების ასოციაციაში მიიჩნევენ, რომ ესაა ბაზარზე დომინანტური პოზიციების მოპოვების მცდელობა, რაც მონოპოლიის საფრთხეს ქმნის. ისინი ეჭვობენ, რომ ტენდერი სპეციალურად მოარგეს კონკრეტულ პრეტენდენტს და ბაზარი ხელოვნურად ჩაკეტეს უსაფუძვლო შეზღუდვებით. ასოციაციის წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ პროცესში გამოვლინდა უხეში დარღვევები, რაც მიუღებელია, მით უფრო ასეთი მნიშვნელოვანი საქმის გადაწყვეტის დროს.
მონოპოლიისა და კორუფციის მწარე გამოცდილება, რომელიც ქართულ საზოგადოებას „ბნელი“ ოთხმოცდაათიანებიდან აქვს, კვლავ აქტუალურია და რეალურ რისკად გვევლინება ტექნიკური ინსპექტირების სფეროში.
საერთაშორისო ნორმაა და ტექნიკური დათვალიერების ცენტრების რეგლამენტშიცაა ასახული, რომ „ინსპექტირების ცენტრი არ უნდა ახორციელებდეს სხვა ისეთ საქმიანობას, რომელმაც შეიძლება გავლენა მოახდინოს მის გადაწყვეტილებათა დამოუკიდებლობაზე და მის მიუკერძოებლობაზე“.
ეს მოთხოვნა ეკონომიკის სამინისტრომ წარმატებით უგულებელყო და ტექდათვალიერების ბაზარზე დომინანტად სადაზღვევო კომპანია აქცია.
სწორედ აქ ხედავენ ინტერესთა კონფლიქტს სფეროს ექსპერტები და ტექნიკური ინსპექტირების დარგში მოღვაწე კომპანიების წარმომადგენლები. ისინი გასულ საუკუნეს იხსენებენ, როდესაც ტექდათვალიერების კორუფციული სქემის ერთ-ერთი მონაწილე სწორედ სადაზღვევო კომპანია „ალდაგი“ იყო.
ინტერესთა კონფლიქტი და სადაზღვევო კომპანიის გამოჩენა ტექინსპექტირების ბიზნესში დღითი დღე იკვეთება. „ალდაგის“ შვილობილ კომპანია „პრემიუმ რეზიდენსს“ კი 2019 წლის ბოლომდე 51 ერთეულიპერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ცენტრის გახსნა ევალება. მისი წარმომადგენლების განცხადებით, კომპანიაა მზადაა ნაკისრი ვალდებულების შესასრულებლად. ამავდროულად, შპს „პრემიუმ რეზიდენსი“ გავრცელებულ განცხადებაში უარყოფს წაყენებულ ბრალდებებს და ტენდერში მათ გამარჯვებასა და შემდგომი საქმიანობის სირთულეებზე ამახვილებს ყურადღებას.
კომპანია აღნიშნავს, რომ ყველა ავტომობილის ტექნიკური ინსპექტირების პროცესი 2019 წლის ბოლომდე გასტანს. თითო სატვირთო ავტომობილის ინსპექტირება 100 ლარი, მსუბუქის კი 60 ლარი ეღირება.
წინასწარი შეფასებით, საკონტროლო პუნქტების მოწყობაში 35-40 მლნ ლარის ინვესტიცია ჩაიდება. ინვესტიციისთვის თანხა საკრედიტო ხაზებით იქნება მოზიდული.
ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ტექდათვალიერების ამოქმედებიდან დღემდე, შემოწმებული 56 906 სატრანსპორტო საშუალებიდან ყოველმა მეოთხემ, ანუ 13 360-მა ავტომობილმა, ტექნიკური ინსპექტირება ვერ გაიარა.
ტექნიკური ინსპექტირება ამჟამად ვრცელდება მიკროავტობუსებზე, ავტობუსებზე, სატვირთო, სახელმწიფო უწყებებისა და იურიდიული პირების ავტომობილებზე.
ოქტომბრიდან ტექდათვალიერების გავლა უკვე სავალდებულო გახდება 3,0-ზე მეტი მოცულობის ძრავის მქონე ავტომობილებისთვის.
მთელ ავტოპარკზე სავალდებულო ტექდათვალიერება კი 2019 წლის იანვრიდან ამოქმედდება.
აღმოჩენილი ტექნიკური ხარვეზის გამოსასწორებლად მძღოლს კონკრეტული ვადა მიეცემა. თუ ის ერთთვიან ვადაში ხარვეზს არ გამოასწორებს, 50 ლარით დაჯარიმდება, იურიდიული პირისთვის ჯარიმა 200 ლარით განისაზღვრა.
იმდენად, რამდენადაც ეს სავალდებულო ტექნიკური შემოწმების პროცესი დიდ ფინანსებთან და ინფრასტრუქტურულ მოწყობასთანაცაა დაკავშირებული, საზოგადოების ინტერესი საკითხის მიმართ არ წყდება, შეფასებებიც მისი მნიშვნელობისა და მიმდინარეობის შესახებ არაერთგვაროვანია.

რამდენად არსებობს კორუფციული სქემის საფრთხე სავალდებულო ტექდათვალიერების პროცესში? როგორ შეიძლება განმეორდეს გასული საუკუნის არც ისე სახარბიელო სცენარი ქართული ტექინსპექტირების ბაზარზე?
ამ და სხვა საკითხებზე „ქრონიკა+“-ს ესაუბრა ავტომობილების ინსპექტირების ორგანოების ასოციაციის თავმჯდომარე _ ვაჟა იორდანაშვილი:

_ რას ფიქრობთ ავტომობილების სავალდებულო ტექდათვალიერების პროცესზე? რა საჭიროებებმა განაპირობა მისი შემოღება და როგორია მისი ეფექტიანობა?
_ ავტომობილების ტექდათვალიერების საჭიროებას რამდენიმე საფუძველი აქვს. გარდა საქართველო-ევროკავშირით ნაკისრი ვალდებულებისა, ეს არის სახელმწიფოს კონსტიტუციური ვალდებულება, რომ უზრუნველყოს უსაფრთხო გარემო. უსაფრთხო გარემო გულისხმობს როგორც ტექნიკურ, ასევე ეკოლოგიურ მხარეს. ტექნიკურად გაუმართავი ავტომანქანა არის საფრთხე ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის, თვით ამ ავტომანქანის მფლობელთა ჩათვლით.
იმის გათვალისწინებით, რომ რეფორმა სრული მასშტაბით არ ამოქმედებულა, მისი შეფასება და ეფექტიანობაზე საუბარი რთულია. არის შედეგები, ხარვეზები, რომელიც მთავრობის მიერ გამოსწორებასა და ადეკვატურ გადაწყვეტას საჭიროებს.
რაც შეეხება ბიზნესს, ანუ ინსპექტირების ცენტრებს, დღეს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი 89 ინსპექტირების ხაზი მზად არის, ყოველგვარი შეფერხების გარეშე მოემსახუროს საქართველოს მთელ ავტოპარკს.
წლის დასაწყისიდან ავტომობილების ნაწილისთვის (სამგზავრო, სატვირთო, იურიდიული პირებისა და სახელმწიფო დაწესებულებების) უკვე სავალდებულოა ინსპექტირება. განვლილი პერიოდის შედეგებმა აჩვენა, რომ შემოწმებული ავტომანქანების დაახლოებით 25% ტექნიკურად გაუმართავია.
2019 წლის პირველი იანვრიდან ტექნიკური ინსპექტირების გავლა ყველა ავტომანქანისთვის სავალდებულოა.
_ რა გამოწვევები და სირთულეები ახლავს თან ტექდათვალიერების პროცესს და ფინანსურად როგორ აისახება ეს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობაზე?
_ ინსპექტირების ცენტრები აღჭურვილობით და პერსონალით მზად არის. რაიმე არსებითი პრობლემა არ გამოვლენილა. ცალკეული ხარვეზები თუ მცირე პრობლემები ოპერატიულად წყდება.
მსუბუქი ავტომობილების მფლობელი ფიზიკური პირებისთვის მათი ავტომობილის ინსპექტირების საფასური მიმდინარე წლის დასაწყისიდან მთავრობამ დაადგინა და იგი შეადგენს 60 ლარს. ინსპექტირების ცენტრებს მთავრობამ არ დაუტოვა საშუალება, შეეცვალა, შეემცირებინა ეს საფასური. ავტომანქანის ინსპექტირება, უმრავლეს შემთხვევაში, ყოველწლიურად, წელიწადში ერთხელ იქნება გასავლელი. შესაბამისად, ინსპექტირების საფასურის, 60 ლარის გადახდა ავტომფლობელებს წელიწადში ერთხელ მოუწევთ.
იმის გათვალისწინებით, რომ სრული მასშტაბით ინსპექტირება 2019 წლიდან დაიწყება, ვერ გეტყვით, რომ ინსპექტირების საფასური, 60 ლარი, არ არის ტვირთი იმ ავტომფლობელებისთვის, რომლებმაც უკვე გაატარეს ამტომანქანები ინსპექტირებაზე. თუმცა ეს სულაც არ ნიშნავს, რომ 2019 წლის პირველი იანვრიდან ეს მოცემულობა არ შეიცვლება, როცა მოსახლეობის უდიდეს ნაწილს მოუწევს ავტომანქანების ტექნიკური შემოწმება. მძიმე სოციალური მოცემულობის გათვალისწინებით, შესაძლოა ეს საფასური მოსახლეობის გარკვეული ნაწილისთვის ტვირთად იქცეს. ეს არის გამოწვევა, რომლის გადაწყვეტაზეც მთავრობამ უნდა იზრუნოს.
_ ტექდათვალიერების სავალდებულო პროცედურას ბევრი კრიტიკოსი გამოუჩნდა. მათი შეფასებით ეს სისტემა კორუფციის წყარო შეიძლება გახდეს. თქვენ რას ფიქრობთ, რამდენად არსებობს ეს რისკი და საფრთხე?
_ რისკები ყველა სფეროში არსებობს. მთავარია, ამ რისკების სწორედ იდენტიფიცირება, შეფასება და სამოქმედო გეგმის შემუშავება. ვერ გეტყვით, რომ მთავრობასთან კომუნიკაციაში ამ ყველაფრის არსებობა დავინახეთ.
გამჭვირვალობის ნაკლებობა ზრდის კორუფციული და არაკეთილსინდისიერი ქმედებების რისკებს. სამწუხაროდ მთავრობამ ჯეროვნად არ გაითვალისწინა ეს და ეკონომიკის სამინისტრომ სერიოზული დარღვევებით და გაუმჭვირვალე გარემოში ჩაატარა ახალი, დამატებითი ინსპექტირების ცენტრების შერჩევის პროცესი, რითაც არსებული ბიზნესი არათანაბარ პირობებში ჩააყენა ახალ კომპანიასთან შედარებით.
ასოციაციამ და მისმა წევრმა კომპანიებმა არაერთი წერილით მიმართეს მთავრობას, პარლამენტს, ბიზნესომბუდსმენს, ევროკავშირის წარმომადგენლობას და კონკურენციის სააგენტოს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში წარდგენილია 2 სარჩელი მთავრობისა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ მიღებული ანტიკონსტიტუციური გადაწყვეტილებების გაუქმების მოთხოვნით. თბილისის საქალაქო სასამართლოში წარდგენილია 3 სარჩელი, საიდანაც ერთ საქმეზე 20 სექტემბერს სასამართლომ უკანონოდ ცნო ეკონომიკის სამინისტროს გადაწყვეტილება და მოსარჩელე კომპანიასთან ინსპექტირების ცენტრის მოწყობის ხელშეკრულების გაფორმება დაავალა.
გაუმჭვირვალე გარემო, ბიზნესთან კომუნიკაციის არარსებობა, სასამართლო დავები, უკანონო გადაწყვეტილებები და რეფორმის მიმდინარეობისას გაჩენილი არაერთი კითხვის ნიშანი ბუნებრივია, გარემოს ქმნის, რომელშიც იარსებებს კორუფციის არაიდენტიფიცირებული რისკები, ამაზე პასუხისმგებელი კი მთავრობაა.
კორუფციული კუთხით კითხვის ნიშნები ავტომობილების ინსპექტირების მიმდინარე რეფორმის ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილებების თაობაზე საგამოძიებო ორგანოებსაც გაუჩნდათ, მთავარმა პროკურატურამ ერთი თვის წინ ამოიღო მასალები ეკონომიკის სამინტროდან და აკრედიტაციის ცენტრიდან.
_ თქვენ ასევე ისაუბრეთ ტექდათვალიერების პროცესში მონოპოლიის საფრთხეზე. როგორ შეაფასებთ ამ სფეროში ბანკის შემოსვლას და რას ეფუძნება თქვენი ეჭვები?
_ ავტომობილების ინსპექტირების ბიზნესი და მისი აკრედიტაცია ნებაყოფლობითი პროცესია, ეს არარეგულირებადი სფეროა. იგი არ საჭიროებს რაიმე ლიცენზიას ან ნებართვას მთავრობისგან. ამასთანავე, მთავრობას კანონით არ აქვს სატარიფო რეგულირების და საფასურების დაწესების უფლებამოსილება. მიუხედავად ამისა, მთავრობა ჩაერია ამ სფეროში, დააწესა საფასურებიც და დახურა ბაზარი. ინსპექტირების ბიზნესში შესვლა ან არსებული ბიზნესის გაფართოება ეკონომიკის სამინისტროს კეთილ ნებაზეა დამოკიდებული.
ასეთ დახურულ ბაზარზე გაუმჭვირვალე პროცედურებით ეკონომიკის სამინისტრომ შერჩევაში მონაწილე ერთადერთ, სადაზღვევო კომპანია „ალდაგის“ შვილობილ კომპანიას, მთელი საქართველოს მასშტაბით, 51 ინსპექტირების ხაზის მოწყობაზე გაუფორმა კონტრაქტი. რომ შეადაროთ, დღეს არსებულ კომპანიებს, საშუალოდ, 2-3 ინსპექტირების ხაზი აქვს, ისიც კონკრეტულ დასახლებებში, ერთი კომპანიის ხელში კი ისეთი კონცენტრაცია აღმოჩნდა, რომელიც ბუნებრივია, გავლენას იქონიებს კონკურენციასა და არსებულ ბიზნესზეც.
გასათვალისწინებელია, რომ საქართველოს ბანკი თავის ოფიციალურ ვებგვერდზე სადაზღვევო კომპანია „ალდაგს“ შვილობილ კომპანიად მიუთითებს. შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, ამ ფინანსური რესურსის მქონე ფინანსური ინსტიტუტის შემოსვლა ბაზარზე და ოპერირება 51 ინსპექტირების ხაზით, რა მდგომარეობაში ჩააყენებს არსებულ ბიზნესს, განსაკუთრებით რეგიონებში.
_ თქვენი ეჭვების შესახებ პრემიერს მიმართეთ და საქმის ვითარება აუხსენით. თუ მიიღეთ პასუხი და რას აპირებთ სამომავლოდ თუ ბრძანებულება ბაზარზე გამარჯვებულის შესახებ არ გაუქმდება?
_ ჩვენი მიზანი არ არის რომელიმე კომპანიისთვის ზიანის მიყენება. ასოციაციის მიზანი ბიზნესგარემოს დამაზიანებელი იმ ანტიკონსტიტუციური და კანონსაწინააღმდეგო გადაწყვეტილებების შეცვლაა, რომელიც მთავრობას აქვს მიღებული გასული წლის დეკემბრის შემდგომ პერიოდში.
ჩვენ მზად ვართ და მივესალმებით სამართლიან კონკურენციას, ეს ბიზნესსაც ავითარებს და მომხმარებელიც საუკეთესო სერვისს იღებს. სწორედ ამისთვის, ამის ასახსნელად და გადაწყვეტის გზების შესათავაზებლად ველოდებით ახალ პრემიერთან და ეკონომიკის მინისტრთან შეხვედრას.
იმედია, მთავრობა იქნება საარჩევნო და სამთავრობო პროგრამაში გაცხადებული, ბიზნესის მხარდაჭერის დაპირების ერთგული და შეხვედრაც დიდხანს არ დააყოვნებს. სხვა შემთხვევაში ჩვენ დავრჩებით მოქმედი კანონმდებლობის ჩარჩოში, გავაგრძელებთ ბრძოლას ყველა სამართლებრივი საშუალებით და გამარჯვებაშიც დარწმუნებული ვართ. სასამართლო თუ სხვა კანონიერი გზით დავანახვებთ მთავრობასა და საზოგადოებას მთავრობის გადაწყვეტილებების უკანონობასა და დაუსაბუთებლობას. სამწუხაროდ, ეს დააზიანებს რეფორმას. შესაძლოა, მთლიანად ინსპექტირების იდეის დისკრედიტაცია მოხდეს, რაზეც მთავრობა იქნება პასუხისმგებელი.

ანა ურუშაძე