ექვსი წელი ანტიდემპინგური კანონის მოლოდინში

ისეთი ქვეყნების ეკონომიკისთვის, როგორიც საქართველოა, ბიზნესის წარმოება, შეიძლება ითქვას, არსებითად მნიშვნელოვანია. მიუხედავად ამისა, სამწუხაროდ, ხშირად ისე ხდება, რომ ადგილობრივ წარმოებას სხვა ქვეყნიდან იმპორტირებული საქონელი თუ მომსახურება ანაცვლებს, მომხმარებლებს ართმევს და, საბოლოო ჯამში, ქართული კომპანიები ბაზრიდან ქრებიან. ამის მიზეზი დემპინგია. ეს უკანასკნელი ბაზარზე, კონკურენტებთან შედარებით, დაბალი ფასებით დამკვიდრებას და ამით მომხმარებლების მიზიდვას გულისხმობს.

სწორედ დემპინგის „წყალობით“ უამრავი ადგილობრივი და უცხოური წარმოების პროდუქცია გაქრა ბაზრიდან.
უკვე 2012 წლიდან მიდის საუბარი იმაზე, რომ ქვეყანაში ანტიდემპინგური კანონი უნდა მიიღონ, რომელიც იმპორტიორ კომპანიებს უკრძალავს, პროდუქციაზე შიდა ბაზრის ფასებთან შედარებით, მკვეთრად დაბალი ფასების დაწესებას, რადგანაც, როგორც აღვნიშნეთ, ამგვარი ქმედების მთავარი მიზანი ხშირად, ადგილობრივი კომპანიების ჩაძირვაა. მას შემდეგ კანონპროექტი პარლამენტში არაერთხელ წარადგინეს, თუმცა 6 წლის მანძილზე მან საბოლოო სახე მაინც ვერ მიიღო. გასულ წელს იყო აქტიური საუბარი მის აუცილებლობასა და სიკეთეებზე, თუმცა კვლავაც უშედეგოდ.
საინტერესოა, რომ ასოცირების ხელშეკრულებაც კი ავალდებულებს საქართველოს, რომ ქვეყანაში ანტიდემპინგური კანონი მივიღოთ, მას შემდეგ 2 წელი გავიდა და ჩვენ ჯერ კიდევ ერთ ადგილზე ვდგავართ. ცხადია, პარლამენტის დონეზე გარკვეულ სუბიეტებს თუ ჯგუფებს ამგვარი კანონის მიღება არ „აწყობთ“ და ყველაფერს თავისუფალი ბიზნესგარემოსთვის ხელშეწყობითა და მისთვის ზიანის მიყენებისგან თავის არიდებით ხსნიან, მაგრამ რა უნდა ვუყოთ კომპანიებს, რომელთა არსებობაც სასიცოცხლოდ საჭიროა ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისთვის ანდა ასოცირების შეთანხმებას, რომლის ვალდებულებებიც აუცილებლად უნდა შევასრულოთ?!
საზოგადოების გარკვეული ნაწილი ცალსახად პოზიტიურად უყურებს ანტიდემპინგური კანონის მიღების საკითხს და მიიჩნევს, რომ ის აუცილებელია, რადგან ბევრ რამეს შეცვლის და სიტუაციას დაარეგულირებს, ბევრის აზრი კი სკეპტიკურია, _ ამით მაინც არაფერი იცვლება, ვინაიდან კანონს ყველა თავისებურ ინტერპრეტირებას მისცემს. საბოლოო ჯამში, ობიექტური ინსტრუმენტების არქონის გამო ვერ დგინდება, ნამდვილად დემპინგურ ფასად არის საქონელი და მომსახურება ბაზარზე წარმოდგენილი თუ არა!

ვახო ჭარაია _ ეკონომისტი, თსუ-ს ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის დირექტორი:
„ანტიდემპინგური კანონმდებლობის მიღება საჭიროა და ეს იმიტომ, რომ ადგილობრივ კომპანიებს შევუწყოთ ხელი. მათ უნდა დავეხმაროთ, რომ, პირველ რიგში, მსხვილ კონკურენტებთან არ დაიჩაგრონ. დღეს საქართველოში ისედაც იშვიათია ისეთი დარგები, რომელიც გაქრობის რისკის ქვეშ არ არი, მაგალითად, სოფლის მეურნეობაში ან ტექნოლოგიებში.
ნებისმიერი დარგი რომ ავიღოთ, იმპორტიორს, რომელიც მსხვილ საწარმოს წარმოადგენს, შეუძლია გარკვეული დროის განმავლობაში უფრო იაფად შემოიტანოს პროდუქცია, ვიდრე ეს მისი თვითღირებულებაა და ამით გააკოტროს ადგილობრივი მწარმოებელი, შემდგომ ეს იმპორტიორი არავითარ შემთხვევაში არ გაჩერდება და არ გააგრძელებს თავისი საქონლის დემპინგურ ფასად გაყიდვას. ის, რა თქმა უნდა, ეცდება, უფრო მეტად ამოიღოს თავისი დანახარჯები და, საბოლოო ჯამში, მომხმარებელი რჩება წაგებული, რადგან რაღაც პერიდის განმავლობაში იაფად საქონლის შეძენის შესაძლებლობის შემდეგ, მას გაცილებით მეტის გადახდა მოუწევს ამავე პროდუქციაში. ადგილობრივ წარმოებას კი უკვე მომხმარებელი აღარ ეყოლება.
საბოლოოდ, მომხმარებელს უფრო მეტად გაუძვირდება ფასები, ამასთან ერთად, დავკარგავთ ადგილობრივ წარმოებას, შემოსავლებს, დასაქმებას. მომხმარებლის თვალით რომ შევხედოთ ამ ყველაფერს, ჯერ საქონლის უფრო იაფად შეძენის შესაძლებლობა ექნება, ვიდრე ეს რეალურად უნდა ღირდეს, თავიდან შეიძლება ეს მომგებიანად ჩანდეს, თუმცა გარკვეული პერიოდის, თვეების, წლების შემდეგ მას აუცილებლად გაუძვირდება ეს პროდუქტი. ქვეყანა და მომხმარებელი მაინც წაგებული რჩება!
დიდი ხანია, ამ კუთხით კანონის შემოღების მცდელობებია, მაგრამ ბოლოს, რატომღაც, მაინც ყოველთვის თავს იკავებენ და ამას იმით ხსნიან, რომ ანტიდემპინგური კანონის მიღებით შეიძლება უცხოელ ინვესტორს ზიანი მიაყენონ და ბიზნესგარემო გაფუჭდეს ქვეყანაში. ჩემი აზრით, ეს არასაკმარისი არგუმენტია, რადგან გასაგებია, რომ უცხოელი ინვესტორი და იმპორტიორი საჭიროა, თუმცა ადგილობრივი წარმოება არანაკლებ მნიშვნელოვანია, თუ უფრო მეტად არა! პირველ რიგში, ადგილობრივი მწარმოებლის დასაცავად უნდა გადაიდგას ეს ნაბიჯები. პრობლემა ის არის, რომ ეს კორუფციულ სქემებს შექმნის: შეიძლება უცხოელმა იმპორტიორებმა ისე დაასაბუთონ თვიანთი საქონლის დაბალი ღირებულება, რომ ადგილობრივ ხელისუფლებას ეჭვი არ შეეპაროს და თუ ჩვენ არ გვექნება საკმარისი ინსტრუმენტი იმპორტირებული საქონლის თვითღირებულების დასადგენად, მაშინ მარტივად შემოვუშვებთ მას ან თუ გარიგებაში შევა მთავრობა, ან მთავრობის რომელიმე ჩინოვნიკი იმპორტიორთან, შეიძლება პროდუქცია მაინც შემოვიდეს დემპინგური ფასით, თან ადგილობრივი წარმოებაც არ იქნება დაცული _ ამაზეა საუბარი, როცა ამბობენ, რომ შეიძლება კანონმა მდგომარეობას ვერ უშველოს.
მიუხედავად ამისა, თუ რაღაც მიზანს ვისახავთ და ეს მიზანი არის ეკონომიკის გამართვა-აშენება, ე. ი. ეს კანონიც უნდა მივიღოთ, საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილებაც ავიღოთ და კანონის ბოლომდე შესრულებას უნდა მივყვეთ. კანონი საჭიროა და მისი საბოლოოდ დახვეწა და გამოყენება მნიშვნელოვანია.
მაგალითი რომ მოგიყვანოთ, თურქეთი თავისი სოფლის მეურნეობის სუბსიდირებას ახდენს. შესაბამისად, მას შეუძლია, თვითღირებულებაზე უფრო იაფად შემოიტანოს სოფლის მეურნეობის პროდუქცია საქართველოში და მსგავსი ფაქტები ხშირია. ევროკავშირიც ახდენს თავისი სოფლის მეურნეობის პროდუქციის სუბსიდირებას. ე. ი. პროდუქციის ღირებულება შეიძლება იმაზე უფრო მაღალი იყოს, ვიდრე პროდუქტის წარმოება საქართველოში, თუმცა მაინც უფრო იაფად შემოვიდეს იგი, ვიდრე ქართული პროდუქციაა, რადგან იმ ქვეყნის ხელისუფლება უწევს მას სუბსიდირებას გარკვეული დოზით.
სოფლის მეურნეობა ერთ-ერთი ყველაზე გამოკვეთილი დარგია, სადაც ეს პრობლემა ყველაზე კარგად ჩანს. რაც შეეხება ტექნიკას, ჩვენ რომ მისი წარმოება და რეალიზება ავიღოთ საქართველოში, მივხვდებით, რომ ამ მხრივ ადგილობრივი წარმოება არ გვაქვს, ამიტომ დემპინგური ფასით შემოვა თუ არა იგი, ამას ვერც ჩვენ შევატყობთ. ადგილობრივ კომპანიებთან კონკურენციაშიც ვერ იქნება და, ამასთან ერთად, თუ დემპინგური ფასით შემოვა, ის სხვა უცხოურ კონკურენტებს განდევნის ბაზრიდან, თვითონ დაისაკუთრებს ბაზარს, მერე გააძვირებს პროდუქციას. შესაბამისად, გინდ გქონდეს აქაური წარმოება და გინდ _ არა, მაინც, ორივე შემთხვევაში, ეკონომიკისთვის ზიანის მიყენება შესაძლებელია“.

აკაკი ცომაია _ ეკონომიკის ექსპერტი:
„იმის დადგენა, დემპინგურ ფასებში იყიდება თუ არა საქონელი და მომსახურება, შეუძლებელია. მისი მიღებისთანავე აუცილებლად იმის ინტერესი გაჩნდება, რომ ეს კანონი ვიღაცამ თავის სასარგებლოდ გამოიყენოს. შეიძლება, ისე მოხდეს, რომ პირობითად თამბაქოს მწარმოებელმა კომპანიამ დემპინგურ ფასებში დაადანაშაულოს კონკურენტი, სარეგულაციო კომისია აამოქმედოს, მანაც მომჩივანის სასარგებლოდ გამოიტანოს გადაწყვეტილება და სინამდვილეში საქმე გვქონდეს არა დემპინგთან, არამედ კერძო ინტერესებთან და გარიგებებთან, როგორც ეს რეალურად ხდება ხოლმე.
ამიტომაც ვამბობ, რომ როგორც წესი, რეგულირების ისეთი მექანიზმი არ არსებობს, რომელიც გამოავლენს, არის თუ არა დემპინგი ქვეყანაში. შეფასება ყოველთვის სუბიექტური იქნება. პრინციპი მარტივია, კომპანია შემოდის ადგილობრივ ბაზარზე და საქონელსა და მომსახურებას გვთავაზობს კონკურენტებზე იაფად, დაიკავებს ბაზარს, გაყრის სხვა კონკურენტებს, მერე გააძვირებს საქონელსა და მომსახურებას, მის შემდეგ ისევ შემოვა ახალი კომპანია და გაჩნდება კონკურენცია, ანუ გრძელვადიან პერიოდში დემპინგი არ ქმნის პრობლემას. გარდა ამისა, დემპინგის გამოვლენა, როგორც აღვნიშნე, ყოველთვის სუბიექტურ ფაქტორებთანაა დაკავშირებული, ობიექტურად მისი გამოვლენა ვერ ხერხდება.
ეს რომ ობიექტურად მოხდეს, ჯერ უნდა გამოიკვლიონ, მართლა იყიდება თუ არა საქონელი თვითღირებულებაზე დაბალ ფასად, ანუ კომპანია ყიდის თუ არა ნამდვილად საქონელს იმაზე უფრო ნაკლები ღირებულებით, ვიდრე მას დაუჯდა ამ საქონლის დამზადება? ასევე უნდა შეისწავლონ კომპანიის ხარჯები, ამისთვის კი მისი მონაცემები უნდა აიღონ. თუ ეს კომპანია არაქართულია და იმპორტს ეწევა, მისი მონაცემების ნახვა შეუძლებელია. შესაბამისად, ინფორმაციის არქონის პირობებში დემპინგის ობიექტურად დადგენა შეუძლებელია“.

ქეთევან ქავთარაძე _ იურიდიული კომპანია KK Low Office-ის დამფუძნებელი, დირექტორი:
„ბოლო წლების განმავლობაში არაერთხელ იყო მცდელობა, რომ საქართველოში პარლამენტს მხარი დაეჭირა ანტიდემპინგური კანონპროექტის მიღებისთვის, თუმცა, სამწუხაროდ, დღემდე არ გვაქვს შესაბამისი კანონი, რომელიც ამომწურავად დაარეგულირებს სამართლებრივ ურთიერთობებს ბაზარზე.
ამდენად, ქართულ ბაზარს დემპინგთან დაკავშირებით გარკვეულ საკითხზე არაერთი პრობლემა აქვს.
მოგეხსენებათ, დემპინგი ბაზარზე ისეთი ფასებით შესვლას გულისხმობს, რომელიც შიდა წარმოების პროდუქტებზე მოთხოვნას დაბლა წევს. ეს, რა თქმა უნდა, ჩვენი ბაზრისა და ეკონომიკისთვის შეიძლება დამღუპველი იყოს.
ასოცირების ხელშეკრულებაც კი გვავალდებულებს საქართველოში ანტიდემპინგური კანონის მიღებას. ეს ვალდებულება, ჯერ კიდევ, 2016 წელს დაგვეკისრა და იგი დღემდე არ არის რეალიზებული. ყველა განვითარებული ქვეყანა ამ კანონის შესაბამისად მოქმედებს ბაზარზე და თავს იცავს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენი წარმოება ძალიან დიდი რისკის ქვეშაა და ბევრი ისეთი კომპანია გაკოტრებულა, რომელზეც ამას ვერავინ იფიქრებდა.
ზოგადად, ანტიდემპინგურ კანონზე საუბარი 2012 წლიდან მიდის და იგი გასულ წელსაც აქტიურად განიხილებოდა, თუმცა, სამწუხაროდ, დღეს ჩვენს რეალობაში არ არსებობს კანონმდებლობა, რომელიც თავის დაცვის კუთხით დაეხმარება ბაზარს“.

როდის მიიღებს საბოლოო სახეს დემპინგთან დაკავშირებული კანონპროექტი და კიდევ რამდენი კომპანია თუ ადგილობრივი წარმოება უნდა გავიდეს ბაზრიდან ზოგიერთი კომპანიის დემპინგური პოლიტიკის გამო, ჯერ უცნობია. ამასთან, საკამათოა, რამდენად დიდ სარგებელს მოიტანს იგი, თუ ობიექტურად არ მოხდა ყველაფრის გამოკვლევა და დასაბუთება, თუმცა ის, რომ კანონის მნიშვნელობა დიდია და მისი მიღება სავალდებულოა, ამას ასოცირების შეთანხმებაც მკაფიოდ გვეუბნება.

ნინო ტაბაღუა