ინფრასტრუქტურული გაურკვევლობა წინასაარჩევნოდ

რამდენიმე კვირაში ქვეყნის ახალი მეთაურის ვინაობა გახდება ცნობილი.
ვინ ჩაუდგება სათავეში სახელმწიფოს და ვინ დაიკავებს პრეზიდენტის პოსტს? _ ამ კითხვებს პასუხი მიმდინარე წლის 28 ოქტომბერს გაეცემა, როდესაც საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდება.
როგორც ცენტრალური საარჩევნო კომისიის 10 აგვისტოს დადგენილებით ირკვევა, სახელმწიფოს ეს არჩევნები საკმაოდ ძვირი დაუჯდა.
ამ დადგენილების თანახმად: საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებისთვის სახელმწიფოს მიერ 42,667,518 ლარი გამოიყო. აქედან 32,127,177 ლარი არჩევნების ჩატარებას მოხმარდება. არჩევნებისთვის მოხელეთა გადამზადებისთვის 1,190,617 ლარი დაიხარჯება. საარჩევნო სუბიექტების სატელევიზიო რეკლამის განთავსების ხარჯი კი 2,111,674 მილიონი ლარი იქნება. ამასთან, დადგენილების თანახმად, საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენელთა დაფინანსებისთვის 7,238,050 ლარია გათვალისწინებული.

ეს თანხა რამდენიმე მილიონით აღემატება წინა თვეებში დადგენილებით განსაზღვრულ თანხას, რომელიც არჩევნების სრულფასოვნად ჩასატარებლად უნდა გამოყოფილიყო.
სრულფასოვნად არჩევნების ჩატარებაში კი საკმაოდ ბევრი ფაქტორი იგულისხმება, მათ შორის, უბნების მოწყობა და ისეთი პირობების შექმნა, რომელიც აუცილებელია ამომრჩევლებისთვის ხმის მისაცემად.
საქართველოს საარჩევნო კოდექსის 23-ე მუხლი განსაზღვრავს საარჩევნო უბნების მოწყობასა და დაგეგმარებას, ასევე მის მახასიათებლებს.
კოდექსის თანახმად, საარჩევნო უბანი იქმნება არანაკლებ 20 და არაუმეტეს 1500 ამომრჩევლისთვის, გარდა ამ მუხლის 2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა. საარჩევნო უბნებს ქმნის, მათ საზღვრებსა და ნომრებს ადგენს შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისია არაუგვიანეს არჩევნების წლის პირველი ივლისისა და 2 დღის ვადაში აქვეყნებს სათანადო ინფორმაციას საარჩევნო უბნების საზღვრების მითითებით. საოლქო საარჩევნო კომისია მუნიციპალიტეტის შესაბამის ორგანოთა მონაცემების საფუძველზე ადგენს და აზუსტებს საარჩევნო უბანში შემავალი ყველა საცხოვრებელი შენობა-ნაგებობის ნუსხასა და მისამართებს, აგრეთვე იმ შენობა-ნაგებობათა ნუსხასა და მისამართებს, რომელიც საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციამ შეიძლება საარჩევნო მიზნებისთვის გამოიყენოს. საქართველოს პარლამენტის რიგგარეშე არჩევნების შემთხვევაში საარჩევნო უბნები იქმნება არჩევნებამდე არაუგვიანეს 40 დღისა.
რამდენიმე რეგიონში საარჩევნოდ ინფრასტრუქტურული პრობლემები გამოიკვეთა. მათ შორის ოზურგეთის რაიონის სოფელ ხვარბეთში, სადაც მოსახლეობა გაიფიცა. აქციის მონაწილეებმა გააპროტესტეს ბევრი სოციალური პრობლემა, მათ შორის, ის ფაქტიც, რომ არ აქვთ შესაბამისი ოთახი და გარემო, სადაც არჩევნების ჩატარება და ხმის მიცემა იქნება შესაძლებელი.
„ქრონიკა+“-მა კითხვებით მიმართა ცენტრალურ საარჩევნო კომისიას და იმის გარკვევა სცადა, თუ რამდენად ხშირია მსგავსი პრობლემები რეგიონებში და თუა მზად შესაბამისი ინფრასტრუქტურული სივრცე მოახლოებული საპრეზიდენტო არჩევნებისთვის.
როგორც ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრესსამსახურში „ქრონიკა+“-ს განუცხადეს, შესაბამისი უბნებისა და მათი მოწყობის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს ადგილობრივი თვითმმართველობა და ეს არ შედის ცესკოს კომპეტენციაში.
დადგენილ ვადებში, ისე როგორც ეს კოდექსშია განსაზღვრული, შესაბამისმა უწყებებმა უნდა წარადგინოს არჩევნების ჩატარების ადგილების შესახებ ინფორმაცია და მისამართები და ასევე შემდეგ იზრუნოს მათ მოწყობასა და ინფრასტრუქტურულ გამართვაზე.
რამდენად არის უბნები მოწყობილი და გამართული და რა მნიშვნელობა აქვს ამას არჩევნების სამართლიანად ჩასატარებლად, ეს ცალკე საკითხია, მნიშვნელოვანი კი ისაა, კიდევ რამდენ რეგიონში დგას მსგავსი პრობლემა და რა გარემოში უწევთ სოფლის მცხოვრებლებს ხმის მიცემა.
არადა, საარჩევნო ადმინისტრაციის 2018 წლის სამოქმედო გეგმაში სტრატეგიულ პრიორიტეტად სწორედ საარჩევნო უბნების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება და მისი ადაპტირებაა დასახელებული.
საარჩევნო უბნების შესაფერის შენობებში განთავსების ხელშეწყობა, უბნების აღჭურვა თანამედროვე მატერიალურ- ტექნიკური ბაზით, ინოვაციური საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენება _ ეს იმ საქმიანობების მცირე ჩამონათვალია, რომელიც საარჩევნო ადმინისტრაციას მიმდინარე წელს ჰქონდა დაგეგმილი.
რამდენად მნიშვნელოვანია საარჩევნოდ შესაბამისი გარემოს არსებობა ხმის მიცემის სამართლიანი და გამჭირვალე პროცესისთვის და არჩევნების სამართლიანად ჩასატარებლად, „ქრონიკა+“-მა არასამთავრობო ორგანიზაცია სამართლიან არჩევნებს მიმართა.
მისმა წარმომადგენელმა ამ ინფრასტრუქტურული მოწყობის მნიშვნელობა შეაფასა და ყურადღება გაამახვილა სახელმწიფოს ვალდებულებაზე, მაქსიმალურად უზრუნველყოს ამ საკითხის სრულყოფა და ისე განხორციელება.
„ზოგადად კი ყველა საოლქო საარჩევნო კომისია ვალდებულია, დაადგინოს უბნების მისამართები, ყველა საარჩევნო უბანი იყოს უზრუნველყოფილი შესაბამისი აღჭურვილობითა და ინვენტარით. არჩევნებისთვის საჭირო ინვენტარის ან ზოგადად პირობების არქონის გამო კონკრეტულ უბანზე არჩევნების ჩაშლა დაუშვებელია.
სოფელ ხვარბეთში 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის გათვალისწინებულია საარჩევნო უბნის გახსნა სოფელ ხვარბეთის ყოფილი დაწყებითი სკოლის შენობაში. საარჩევნო უბნებისა და მათი მისამართების შესახებ ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ ცესკოს ვებგვერდზე განთავსებულ დოკუმენტში“.
რეგიონებში მსგავსი პრობლემების დაფიქსირების შემთხვევაში ორგანიზაცია მზადაა მიიღოს ინფორმაცია და რეაგირებისთვის მიმართოს შესაბამის უწყებებს, რათა არჩევნების შეუფერხებლად ჩატარებას არ შეეშალოს ხელი.
როგორც თავში აღვნიშნეთ, სახელმწიფო ბიუჯეტიდან საკმაოდ სოლიდური თანხა გამოიყო არჩევნებისთვის სხვადასხვა ღონისძიების ჩასატარებლად, კადრების გადასამზადებლად და აუცილებელი გარემოს მოსაწყობად და ადაპტირებისთვის.
საინტერესოა, რამდენად მიზნობრივად მოხდა ამ თანხების გამოყენება და გადანაწილება და მიუხედავად ასეთი სოლიდური თანხისა, რატომ დგას რეგიონებში საარჩევნო ინფრასტრუქტურის პრობლემები ასე მწვავედ, თან უკვე წლებია?
სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა მიმდინარე წლის ივლისში ცენტრალური საარჩევნო კომისიის ფინანსური აუდიტის ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც დეტალურად იყო განსაზღვრული ცესკოს მიერ დახარჯული თანხების ეფექტიანობა და მათი შესაბამისობა კომისიის მიერ დადგენილ მიზნებთან.
ცესკოს განმარტებით, 2008 წლიდან მოყოლებულ პერიოდზე, მუშავდება პირველადი დოკუმენტაცია მარაგების გაშიფვრის მიზნით. შესაბამისად, ვერ მივიღეთ რწმუნება ფინანსურ ანგარიშგებაში, ფორმა #1-ში ასახული მატერიალური მარაგების _ 3,585,465 ლარის ოდენობის ნაშთის არსებობაზე, სისრულესა და სიზუსტეზე.
ამ კონკრეტულ ფინანსურ ანგარიშში უარყოფითადაა შეფასებული ასევე ცესკოს მიერ შრომის ანაზღაურება-დანამატების საკითხი და აღნიშნულია, რომ საარჩევნო პერიოდში ცესკოს თანამშრომლებზე გაცემული აქვს როგორც სარგოს ორმაგი ოდენობა, ასევე იმავე ოდენობით დანამატი. იმის გამო, რომ საარჩევნო კოდექსი არ აკონკრეტებს დეტალურ მოტივს, თუ რისთვის არის საარჩევნო პერიოდში განსაზღვრული ხელფასის ორმაგი ოდენობით გაცემა, გაურკვეველი რჩება, დანამატი კიდევ რაიმე სხვა ზეგანაკვეთური სამუშაოსთვის გაიცა, რაც ორგანული კანონით არ იყო განსაზღვრული, თუ იმავე სამუშაოს კომპენსირებაა, რაც ორმაგი სარგოთი ისედაც ანაზღაურდა?
რაც შეეხება შესაბამისობის ანგარიშს, რომელსაც ასევე სახელმწიფო აუდიტის სამსახური დადებს, იგი არჩევნების შემდგომ პერიოდში გახდება ცნობილი, როდესაც ყველა დაგეგმილი თუ დაუგეგმავი ნაბიჯი გადაიდგმება და მეტად ადვილი იქნება საერთო სურათის შეფასება _ თუ რამდენად მიზნობრივად და ეფექტიანად დაიხარჯა ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ სახელმწიფოს ბიუჯეტიდან გამოყოფილი მილიონობით ლარი.
მანამდე კი უმეტეს რეგიონებში საპრეზიდენტო არჩევნები კვლავ ჩატარდება სკოლის შენობებში ან საერთოდაც კოდექსთან შეუსაბამო გარემოში და ამ ინფრასტრუქტურული გაურკვევლობის ფონზე მოსახლეობამ თვის ბოლოს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება უნდა მიიღოს საკუთარი საარჩევნო ნების დაფიქსირებით.

ანა ურუშაძე