მწვანე ეკონომიკა „არამწვანე“ ქვეყანაში

არასამთავრობო ორგანიზაცია „ეკოხედვამ“ თბილისის ატმოსფერული ჰაერი შეისწავლა. ნიმუშების ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ დედაქალაქში ტყვია დასაშვები კონცენტრაციის (0.3 მკგ/მ3) მეათედია (მინიმუმ 0.01 მკგ/მ3 და მაქსიმუმ 0.06მკგ/მ3). ვინაიდან ტყვია ორგანიზმში მოხვედრის შემდეგ ძნელად გამოიდევნება, ის დაგროვებას იწყებს და ყოველი შესუნთქვის დროს დამატებითი რაოდენობა კონცენტრირდება.

დადგინდა, რომ ორგანიზმისთვის სახიფათო ნივთიერებების სიმრავლე ატმოსფერულ ჰაერში გაიზარდა.
გამწვანების კოეფიციენტის მიხედვით, თბილისი ევროპის ქალაქებს შორის ერთ-ერთ ბოლო ადგილზეა. თბილისში ერთ სულ მოსახლეზე, დაახლოებით, 4-5 კვ.მ. მწვანე საფარი მოდის, რაც საკმაოდ დაბალი მაჩვენებელია.
საქართველოში დღეს არსებული 63 ოფიციალური მუნიციპალური ნაგავსაყრელების უმრავლესობას არ გააჩნია ნაგავსაყრელიდან გამოჟონილი წყლების შეგროვება-გაწმენდის სისტემა და წყალგაუმტარი ფუძე, რომელიც მიწისქვეშა წყლებს დაბინძურებისგან დაიცავდა. ნაგავსაყრელების ნაწილი მდინარეების ნაპირზე ან წყალგამტარ ხევებშია განთავსებული, რაც ზედაპირული და გრუნტის წყლების დაბინძურების საშიშროებას ქმნის.
ამ და სხვა ეკოლოგიური პრობლემების ფონზე, რომელიც უკვე წლებია, მძიმედ დგას ჩვენს ქვეყანაში, პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ რამდენიმე განცხადებაში ხაზი გაუსვა მწვანე ეკონომიკის მნიშვნელობას და ეს თემა სახელმწიფოსთვის მიმდინარე წლის პრიორიტეტად დაასახელა.
რას ნიშნავს მწვანე ფერი ეკონომიკაში და რა შედეგები და სასიკეთო ცვლილებები შეიძლება მოიტანოს მძიმე ეკოლოგიური პრობლემების მიუხედავად საკითხის ეკონომიკურმა გადაწყვეტამ?
2017 წელს დამტკიცებული სახელმწიფო ბიუჯეტიდან გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთვის გამოიყო 274 მლნ ლარი, აქედან გარემოს დაცვისთვის 40 მლნ-ზე მეტი, რაც წინა წლის მაჩვენებელზე მეტია, როცა სფეროს დაფინანსება 35.7 მლნ ლარს შეადგენდა.
ეს ციფრები კარგად ასახავს, თუ რა უღირს სახელმწიფოს პრიორიტეტული პრობლემა, რომლის მასშტაბებიც და გამოვლენილი საფრთხეებიც ყოველდღიურად იზრდება.
მწვანე ეკონომიკა არის ეკონომიკური განვითარების ის მოდელი, რომელიც დამყარებულია მდგრად განვითარებასა და ეკოლოგიური ეკონომიკის ცოდნაზე. ის ეკონომიკის სხვა დარგებისგან იმით განსხვავდება, რომ პირდაპირ აფასებს ქვეყნის ბუნებრივ კაპიტალს, რომელსაც აქვს ეკონომიკური ღირებულება. მწვანე ეკონომიკა ქმნის მწვანე სამუშაო ადგილებს, უზრუნველყოფს რეალურ, მდგრად ეკონომიკურ განვითარებას და ამცირებს გარემოს დაბინძურებას, გლობალურ დათბობას, გარემოს დეგრადაციას და აფერხებს რესურსების გამოლევის საშიშროებას. მწვანე ეკონომიკა სტიმულს აძლევს და მოტივაციას უქმნის ბიზნესს, აწარმოოს მწვანე პროდუქტი და მომსახურება.
ამ განმარტებას ბიზნესისა და ეკონომიკის ცენტრი გვთავაზობს, რომელშიც გამოკვეთილია ეკონომიკის ამ სახეობის მახასიათებლები და ის პრინციპები, რაზეც ისაა დამყარებული.
კავშირები ეკონომიკასა და გარემოს შორის მრავალი მიმართულებით ვლინდება. მათ შორის ეს მიმართება შეიძლება მიზეზ-შედეგობრივიც იყოს. ხშირად ეკოლოგიური პრობლემები გარღვევას იწვევს ქვეყნის ეკონომიკაში და პირიქით, შეიძლება სუსტმა ეკონომიკურმა გასაქანმა აუცილებელი გარემოსდაცვითი ღონისძიებების გატარებას შეუშალოს ხელი, რაც საბოლოოდ გარემოსა და ეკოლოგიაზე უარყოფითად აისახება.
სწორედ ამ მჭიდრო კავშირის გამო ეკონომიკის ისეთი დარგი ჩამოყალიბდა, უფრო ზუსტად, მიდგომა და პოლიტიკა, რომელიც გარემოს დაცვითი გადასახედიდან აფასებს მოვლენებს და შესაბამისად ამ პრობლემების ეკონომიკური მოგვარების გზებზე ამახვილებს ყურადღებას.
მწვანე ეკონომიკა ხელისუფლების მიერ აღიარებული პრიორიტეტია, რომელიც ახალი ცნება არაა ჩვენს ქვეყანაში და წლების წინაც იყო მცდელობა ამ კუთხით რეფორმების წამოწყებისა და გაძლიერებისა. თუმცა თუ ზემოთ ჩამოთვლილ ეკოლოგიურ პრობლემებს გადავხედავთ, მაშინ ამ რეფორმების სისუსტესა და მათ წარუმატებლობაშიც ადვილად დავრწმუნდებით.
ეკოლოგიური უსაფრთხოება მჭიდრო კავშირშია ეკონომიკურ უსაფრთხოებასთან. მწვანე ეკონომიკის ეს სასურველი და ბევრისთვის მისაღები მოდელი სწრაფად ვრცელდება უკვე მთლიანად მსოფლიოში და ბევრი ქვეყნისთვის წარმოადგენს პრიორიტეტს. საკითხავი ისაა, ჩვენს ქვეყანაში რა გამოწვევებისა და სირთულეების წინაშე დგას ეს დარგი და რა ბედი ელის ახალ მწვანეს ქართული ეკონომიკის არცთუ ისე ნათელ სამყაროში?

ამ და სხვა კითხვებზე „ქრონიკა+“-ს ესაუბრა ეკონომიკური განათლებისა და სტრატეგიული კვლევის ცენტრის ხელმძღვანელი _ ქეთევან კრიალაშვილი:
_ მწვანე ეკონომიკა მიმდინარე წლის ერთ-ერთ პრიორიტეტად უკვე რამდენჯერმე დასახელდა. თქვენ რას ფიქრობთ ამ სფეროზე, რა მნიშვნელობის მატარებელია ის?
_ ყველა განვითარებული ქვეყანა ორიენტირებულია მწვანე განვითარებაზე. პირველ რიგში განვმარტოთ, რას ნიშნავს მწვანე განვითარება და მწვანე ეკონომიკა?
ესაა ისეთი გადაწყვეტილებების მიღება, რომელიც პრიორიტეტად განვითარებას მიიჩნევს, ნაცვლად ეკონომიკური ზრდისა, როცა გათვალისწინებულია გარემოსდაცვითი კომპონენტები. მარტივად რომ ავხსნათ, მწვანე განვითარება არის ორიენტირებული თანამედროვე ტექნოლოგიურ განვითარებაზე, ინოვაციებზე, ენერგიის, რესურსების ეფექტიან გამოყენებაზე, როცა მინიმალურია დანახარჯები და ამავდროულად შემცირებულია გარემოს დაბინძურების შესაძლებლობები.
_ რატომ გახდა აქტუალური მწვანე ეკონომიკის თემატიკა და როგორი ურთიერთმიმართებაა გარემოს დაცვასა და ეკონომიკას შორის?
_ როგორც საერთაშორისო კვლევები ცხადყოფს, ერთ-ერთ უმთავრეს პრობლემას სწორედ ჰაერის დაბინძურება წარმოადგენს, რომელიც გამოწვეულია სხვადასხვა საქმიანობიდან, დაწყებული მშენებლობებით, დასრულებული გამონაბოლქვითა და დანაგვიანებით.
წარმოება ორიენტირებული უნდა იყოს სწორედ გამონაბოლქვის შემცირებისკენ და ამასთანავე ის პასუხისმგებლობას უნდა იღებდეს ნარჩენების მართვაზე.
პრინციპში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ნარჩენების მართვის თემაზე უკვე რამდენიმე წელია მუშაობს და შესაბამისად ეს ფაქტორი ნელ-ნელა რეგულირდება, თუმცა ნარჩენის გადამუშავება ჯერ კიდევ არ ხდება ჩვენს ქვეყანაში. რაც შეეხება გამონაბოლქვს ავტომობილებიდან, აქაც მეტ-ნაკლებად იდგმება ნაბიჯები, საუბარია ჰიბრიდულ და ელექტრო ავტომანქანების პოპულარიზაციის ხელშეწყობაზე, თუმცა ჯერ კიდევ პრობლემად რჩება საწვავის ხარისხი და ეკოლეიბლინგის თემა.
„ევრო 5“-ის სტანდარტი ის მინიმალურია, რომელიც საჭიროა სავალდებულო გახდეს საწვავის იმპორტიორებისთვის, თუმცა ამას აქვს მეორე მხარე _ რამდენად მზადაა ჩვენი ქვეყანა და საწვავის მომხმარებლები, კიდევ უფრო ძვირადღირებული საწვავის შესაძენად?
ამის ალტერნატივა იქნება საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარება, რათა კერძო ავტომობილების მოხმარება შემცირდეს.
ერთ-ერთ მიმართულებად ასევე უნდა განვიხილოთ ენერგიის წარმოება _ ჩვენ, განსხვავებით ევროპისგან, ჰიდრორესურსები გვაქვს, რომელთა ეფექტიანი ათვისება, ჯერ კიდევ, პრობლემას წარმოადგენს. მზისა და ქარის ელექტროსადგურები დღეს საკმაოდ პოპულარულია ევროპაში, თუმცა მათ ამის მიზეზი აქვთ _ ესაა ჰიდრორესურსების ნაკლებობა. ჩვენ ეს პრობლემა არ გვიდგას, პრობლემაა მისი სწორად ათვისება და გამოყენება, რაც ნამდვილად არ ხდება სწორი ფორმით.
_ ჩვენს ქვეყანაში რა პერსპექტივები აქვს ეკონომიკის ამ სახეობას, რა ბედი ელის სიმწვანეს ქართულ ეკონომიკაში და პირიქით?
_ როგორც უკვე გითხარით, განვითარებული ქვეყნებისთვის მწვანე განვითარებაა პრიორიტეტი, ეს იმიტომ, რომ მათ აქვთ ფინანსურად ძლიერი ეკონომიკა, წარმოება, შესაბამისად, მწვანე განვითარება საწყის ეტაპზე ხარჯებთანაა დაკავშირებული, რათა მომავალში შესაბამისი მოგება მიიღონ.
ესაა გრძელვადიანი ქმედება. ჩვენი ეკონომიკა ამ ეტაპზე ამისთვის მზად არაა, რადგან მწვანე განვითარების დაფინანსება ბევრ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან პროექტებზე უარის თქმაა, თუმცა არ ვამბობ, რომ ეს არ უნდა დავიწყოთ, დაწყებისთვის საჭიროა, ეკონომიკის განვითარება, რისთვისაც, პირველ რიგში, ბიზნესისა და კერძო სექტორის განვითარებაა საჭირო, კერძო სექტორი კერძო საკუთრებასა და რესურსებზე წვდომის გარეშე ვერ განვითარდება.
დღეს ქვეყნის 70% რესურსებისა სახელმწიფოს ხელშია, რომელიც ეკონომიკურად აქტიური არაა, შესაბამისად, მათი შემოსავალი ნულის ტოლია, საჭიროა ეს რესურსები ავამოქმედოთ და ეს ამოქმედება გულისხმობს მათ კერძო საკუთრებაში ფორმირებას.
_ მწვანე ეკონომიკა საკმაოდ წარმატებით ხორციელდება მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში. როგორ უნდა გაითვალისწინოს ჩვენმა ქვეყანამ ეს საერთაშორისო პრაქტიკა?
_ ის ქვეყნები, რომლებიც მწვანე ეკონომიკის პრინციპებს ახორციელებენ, სწორედ კერძო საკუთრების დომინირებით გამოირჩევიან, ანუ ქვეყნის ეკონომიკას ქმნის კერძო სექტორი და რესურსები კერძო სექტორის ხელშია.
შესაბამისად, რესურსების სრული ჩართვა ეკონომიკაში საშუალებას იძლევა, ისინი ეფექტიანად გამოვიყენოთ. თითოეული მეწარმე ცდილობს, შეამციროს დანახარჯები, რესურსებიდან მიღებული დანაკარგი მინიმუმამდე დაიყვანოს. ამისთვის იყენებენ თანამედროვე ტექნოლოგიებს, რესუსების კერძო საკუთრებაში ფლობა საშუალებას იძლევა მათ ფინანსებზე წვდომა ჰქონდეთ და ეფექტიანი, გრძელვადიანი და დაბალპროცენტიანი კრედიტები აიღონ წარმოების განვითარებისთვის.
უფრო მარტივად რომ აგიხსნათ, მაგალითად, „არემჯის“ შემთხვევაში, რომელსაც დღეს ლიცენზიით რამდენიმე წლით აქვთ აღებული საბადო, ცდილობს, რაც შეიძლება სწრაფად აითვისოს რესურსი, ვინაიდან არ იცის, მომავალში რა ბედი ეწევა მის ლიცენზიას ან სულაც რესურსი, რომელიც ასობით წლები შეიძლება ეყოს, ცდილობს მაქსიმალურად სწრაფად აითვისოს, ისე რომ ნაკლები დანახარჯები ჰქონდეს. ახლა დავუშვათ, რომ ეს რესურსი ეკუთვნის „არემჯის“ და კიდევ ასობით აქციონერს, რა მოხდებოდა? ისინი ეცდებოდნენ, ინვესტიცია მოეზიდათ ან კრედიტი აეღოთ, რომლის საშუალებითაც ისეთი ტექნოლოგიის შეძენას შეძლებდნენ, რომელიც საბადოს კი არ ააფეთქებდა, არამედ ლაზერული ჭრით (რომელსაც, მაგალითად, მსგავსი კომპანიები განვითარებულ ქვეყნებში იყენებენ) ისე დაჭრიდნენ თითოეულ მონაკვეთს, რომ დანახარჯები მინიმალური იქნებოდა და შესაბამისად არ ეცდებოდნენ სასწრაფოდ და არაეფექტიანად აეთვისებინათ რესურსი.
_ მწვანე ეკონომიკის ეფექტიანობას ქვეყნის ბუნებრივი პოტენციალი და რესურსების მრავალფეროვნება განაპირობებს. ამ კუთხით როგორ შეაფასებთ, რამდენად აქვს ჩვენს ქვეყანას წარმატებული ეკონომიკური მოდელისთვის აუცილებელი ბუნებრივი რესურსი, რომლის ათვისებაც შეიძლება?
_ ჩვენ ვართ რესურსებით მდიდარი ქვეყანა, რომელსაც დღეს ღარიბი მოსახლეობა ჰყავს. ღარიბი იმიტომ, რომ ეს რესურსები არაა ჩართული ეკონომიკურ საქმიანობაში. გვაქვს თითქმის ყველანაირი რესურსი, იქნება ეს ოქრო, მარმარილო, წყალი, ხე-ტყე, მიწა, ქვიშა თუ ბაზალტი. რომ ვიყოთ განვითარებულები და წარმატებულები, ამისთვის, როგორც გითხარით, საჭიროა რესურსის ამოქმედება, რაც საშუალებას მოგვცემს, იმდენი შემოსავალი და მოგება მივიღოთ, რომ დავიცვათ ბუნება, მეტი გადავიხადოთ მაღალი ხარისხის პროდუქტებში, სახლები ვაშენოთ ენერგოეფექტიანი სამშენებლო მასალებით, რომელსაც ნაკლები მტვერი აქვს, ისეთი ტრანსპორტით ვიაროთ, რომელსაც ნაკლები გამონაბოლქვი აქვს და საწვავშიც მეტი გადავიხადოთ.
ამის საშუალება უნდა მოგვეცეს, საშუალება კი ფულია, ფული კი კერძო სექტორმა უნდა გამოიმუშაოს.
მწვანე ეკონომიკის წარმატებულობა დიდწილად არა მხოლოდ სახელმწიფო და კერძო სექტორის, არამედ საზოგადოების მონდომებაზეცაა დამოკიდებული.
_ თქვენი აზრით, რამდენად არის ქართულ საზოგადოებაში მზაობა ამ კუთხით და ქართველი მოქალაქეების თვითშეგნების ამაღლების კუთხით რა სამუშაოებია ჩასატარებელი?
_ თვითშეგნება დამოკიდებულია იმ მინიმალური მოთხოვნილებების დაკმაყოფილებაზე, რომელსაც დღეს ღარიბი მოსახლეობა უჩივის.
როცა შენს მოქალაქეს არ შია, არ ეშინია ხვალინდელი დღის, არ ცივა, თავს აძლევს უფლებას იცხოვროს კომფორტულად, სწორედ მაშინ უჩნდება მას მეტისა და ხარისხიანის მოთხოვნილება. ამიტომ როგორც კი შემოსავლები გაიზრდება, თავადვე გაგვიჩნდება სურვილი, სუფთა ქუჩებში ვიცხოვროთ, მეტი ვისეირნოთ და მეტი სკვერი გვქონდეს, უკეთესი მანქანა გვყავდეს და დავახარისხოთ ნარჩენი, რომელიც, თქვენ წარმოიდგინეთ, და იმხელა რესურსია, რომელსაც, მაგალითად, შვედეთი ყიდულობს და ენერგიას გამოიმუშავებს!
ისრაელში, მაგალითად, სასმელი წლის 70% გადამუშავებული წყალია, რომელიც ქვებზე, ნარჩენების ნეშომპალად ქცევის დანამატებით მოჰყავთ, და თქვენ წარმოიდგინეთ, ექსპორტზეც კი გააქვთ, ჩვენ კიდევ სასოფლო სამეურნეო მიწების სახნავი 60% გაჩერებული გვაქვს და მხოლოდ იმიტომ, რომ ის სახელმწიფო საკუთრებას წარმოადგენს.
ამიტომ თუ გვინდა მწვანე, სწრაფი, სწორი, განვითარება, საჭიროა კერძო სექტორის გაძლიერება, ეს კი მათთვის ამ რესურსების გადაცემით მოხდება.

ანა ურუშაძე