მცხეთის განვითარების გეგმა არ არსებობს

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 2016 წლის დეკემბრამდე მცხეთის ისტორიულ ზონაში მშენებლობასა და პრივატიზებაზე გამოცხადებული მორატორიუმი მცხეთის მიწათსარგებლობის გეგმის არარსებობის გამო დღემდე გრძელდება.

„პრაქტიკულად, მზად არის ტექნიკური დავალება გენერალური გეგმის შემუშავებისთვის და იგი დღე-დღეზე დაიწყება. დიდი იმედი მაქვს, რომ მომავალი წელი არის ის დრო, როდესაც ამას წერტილი უნდა დავუსვათ“, _ ეს განცხადება კულტურის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ, ჯერ კიდევ, 2017 წელს გააკეთა.
დღეს 2018 წელია… მართალია, გენგემის განხორციელება მცხეთაში არ დაწყებულა, მაგრამ გიორგაძის პოლიტიკურ კარიერას წერტილი ნამდვილად დაესვა. ხელისუფლება მცხეთის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის შედგენისთვის 1,8 მილიონი ლარის დახარჯვას აპირებდა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ტენდერი უკვე გამოაცხადა. სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, გენგეგმის მომზადების თაობაზე ტენდერი მეორედ ცხადდება, რადგან პირველი დოკუმენტი მცხეთის საკრებულომ დაიწუნა.
სანამ მცხეთის საკრებულო გენგემას იწუნებს, ადგილობრივი მოსახლეობა აქციების დაწყებას აანონსებს, ასევე მორატორიუმის გაუქმებასა და სამართლის აღდგენას ითხოვს.

„ქრონიკა+“-ს მცხეთიდან კონკრეტული პირი დაუკავშირდა, რომლის ვინაობასაც ინკოგნიტოდ ვტოვებთ. ქვემოთ მოყვანილი ინტერვიუდან გაიგებთ, თუ რატომ არ ვრცელდება კანონი და მორატორიუმი დეპუტატ დიმიტრი ხუნდაძეზე? რატომ უნდა საპატრიარქოს მთლიანი მცხეთის ხელში ჩაგდება? და რას აპირებს გამწარებული, ქუჩაში დატოვებული ხალხი?
_ დარეგისტრირებულ, დაკანონებულ საკუთარ ტერიტორიებზე მშენებლობა გვეკრძალება. უფლებას არ გვაძლევენ, რომ ჩვენს მიწაზე სახლი ავაშენოთ.
_ რომელი წლიდან?
_ თუ არ ვცდები, 2015 წლიდან, მაგრამ 2017 წელს ეს აკრძალვები მთელ მცხეთაზე გავრცელდა. მორატორიუმი გავრცელდება ასევე სოფელ წეროვანზეც, სადაც აიკრძალება ყველანაირი სახის მშენებლობა. მოგეხსენებათ, მცხეთა არის ქალაქი-მუზეუმი, მაგრამ სადაც მე ვცხოვრობ, ის ჩემი საკუთარი მიწაა და არა ძეგლი.
სწორედ მსგავსი აკრძალვები იყო საბჭოთა კავშირის დროს. მახსოვს, მაშინ ჩვენი ოჯახი ძალიან აწვალეს და იგივე ხდება დღესაც. ადამიანებს იმ დონეზე უზღუდავ ყველაფერს, რომ თავის საკუთრებაში უუფლებოს ხდი. ეს იგივეა, ვიღაცამ რომ გიკარნოხოს, იყიდე ერთი პური და არა _ სამი. ყველაფერს გვიკონტროლებენ, ჩვენი უფლება შელახულია და ასე ხდებოდა ტოტალური რეჟიმების დროს. ეს მორატორიუმი სუფთა პოსტსაბჭოთა დროინდელი დოკუმენტია.
მცხეთის გამგეობაში არქიტექტურის სამსახურის უფროსმა გვითხრა, რომ ახალი დადგენილება გამოვიდა და თქვენი ტერიტორიაც მორატორიუმის ნუსხაში შევიდა, შესაბამისად, თქვენც გეკრძალებათ ნებისმიერი სახის მშენებლობაო.
_ პროექტი ხომ დამტკიცებული გაქვთ?
_ დიახ, პროექტი შეთანხმებული მაქვს როგორც სახელმწიფო სტრუქტურასთან, ასევე ძეგლთა დაცვასთან. მორატორიუმი მაინც გავრცელდა.
_ თქვენ სად ხედავთ გამოსავალს, რას გეუბნებიან, რა იმედებს გაძლევენ?
_ შესამუშავებული არის გენგეგმა, რომელიც მცხეთის საკრებულოში რომელიმე შპს-მ უნდა წარადგინოს. მცხეთის საკრებულომ უკვე ორი გენგეგმა დაიწუნა, რადგან არ აწყობდათ. ეს გენგეგმა კიდევ იწელება და იწელება, არ აწყობთ, რომ დროულად დამტკიცდეს.
_ ვის არ აწყობს?
_ ალბათ, სახელმწიფოს. მცხეთა არის თათდადებული თემა, რომელიც კონკრეტული ჯგუფების ინტერესებში შედის.
_ ვის ინტერესებშია მცხეთის ხელში ჩაგდება? თქვენი ვარაუდი როგორია? რას ამბობს მცხეთის მოსახლეობა?
_ მცხეთაში ვინც არ უნდა გააჩეროთ, ყველა გეტყვით: საპატრიარქოს დიდი ინტერესი აქვს. მაღალი იერარქიის სასულიერო პირებს მცხეთის ხელში ჩაგდება და თავიანთი გეგმის განხორციელება უნდათ. სავარაუდოდ, ბიზნესის წამოწყება და თავიანთი გენგეგმის დამტკიცება სურთ. არ არის გამორიცხული, შპს-ებიც საპატრიარქოს დაქვემდებარებაში იყოს. ხალხი ძალიან იტანჯება. სასულიერო პირები, თურმე, მოსახლეობაში არც მალავენ, რომ მცხეთის ტერიტორია მათ ინტერესებში შედის! რატომ? ხალხმა რა დავაშავეთ? რატომ აქვს საპატრიარქოს ამდენი უფლება და ჩვენ _ არა?
_ მცხეთელები დიმიტრი ხუნდაძეზეც ლაპარაკობენ, რომ ის სახლს იშენებს. მართალია?
_ დიახ, აღმაშენებლის ქუჩაზე იშენებს სახლს. თუ დეპუტატ ხუნდაძეს აქვს სახლის აშენების უფლება, ჩვენ რა დავაშავეთ?! ჩვენთვის რატომ არის ყველაფერი აკრძალული?! ამ ადამიანებზე რატომ არ ვრცელდება მორატორიუმი?! ააშენონ, კი ბატონო, მაგრამ შერჩევითი სამართალი არ უნდა იყოს და კანონი ყველასთვის უნდა კანონობდეს. ხუნდაძის გარდა უამრავი სხვა მსგავსი პირია, ვინც სახლს იშენებს.
_ როგორც ვიცი, მცხეთის მოსახლეობა სუს-მა დაიბარა. რატომ?
_ როგორც ჩემთვის ცნობილია, მცხეთის არქიტექტურული სამსახურის წინააღმდეგ აღძრულია საქმე, რომელსაც სუს-ის ანტიკორუფციული სამსახური იძიებს. გამოკითხვაზე დაგვიბარეს და გვკითხეს, _ ვაშენებთ თუ არა სახლებს? ასევე ჩვენს ტერიტორიებზე სურათები გადაიღეს. მოკლედ, კუდში დაგვსდევენ.
_ რამდენ ოჯახზეა საუბარი?
_ ძალიან ბევრზე.
_ რას აპირებთ?
_ ეს ყველაფერი სოციალურ პროტესტში გადაიზრდება და ამაში ძალიან ბევრი რაიონისა თუ სოფლის მოსახლეობა ჩაერთვება.
_ აქციებს აანონსებთ?
_ იმის მიხედვით, თუ როგორ განვითარდება მოვლენები. შეიძლება, ხალხმა მორატორიუმს აღარ მიაქციოს ყურადღება და მშენებლობა დაიწყოს. ეს არავისთვის იქნება კარგი, რადგან შესაძლოა, სახელმწიფოსა და ხალხს შორის დიდი დაპირისპირება მოხდეს. სადამდე უნდა ვითმინოთ, ამ გენგემას კი ბოლო არ უჩანს. ჩვენთვის მთავარია, მორატორიუმი გაუქმდეს.

ცნობისთვის: მცხეთის განვითარების ახალ გეგმაზე მუშაობა 2014 წელს დაიწყო, თუმცა ისტორიული და მსოფლიო მნიშვნელობის მქონე ქალაქის განვითარება ამ დრომდე არ დაწყებულა. გეგმაზე მუშაობის დასრულებამდე, 2015 წლის აგვისტოში, მთავრობამ იუნესკოს რეკომენდაციით, მცხეთაში სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მიწების გასხვისებასა და იქ მშენებლობაზე მორატორიუმი გამოაცხადა. იუნესკომ მცხეთის ისტორიული ძეგლები საფრთხის ქვეშ მყოფი ძეგლების ნუსხიდან 2016 წელს ამოიღო.
გეგმაზე მუშაობა თავდაპირველად მცხეთის საკრებულოს სივრცით ტერიტორიული დაგეგმარებისა და ინფრასტრუქტურის კომისიამ დაიწყო. პროექტის შესადგენად გამოვლინდა საპროექტო კომპანია შპს „სალი-2011“, რომელსაც მთავრობამ სარეზერვო ფონდიდან 160 000 ათასი ლარი გადაუხადა. კომპანიაში შემავალ არქიტექტორთა ჯგუფს ქალაქის განვითარების დოკუმენტი უნდა მოემზადებინა, თუმცა 2017 წელს უკვე გამზადებული დოკუმენტი ადგილობრივმა საკრებულომაც და იუნესკომაც დაიწუნა.
როგორც მაშინ ითქვა, მიზეზი ის იყო, რომ აღნიშნული დოკუმენტი ქალაქის იერსახეს სრულიად ცვლის, რაც ადგილობრივების უკმაყოფილებას იწვევს, ასევე პროექტი არ შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს.

გიორგი საკარული