ოცნებით დაბოლილი „ოცნება“

მარიხუანათი დაბოლებასა და ოცნებით დაბოლებას შორის საკმაოდ დიდი განსხვავება რომ არ არის, ამის გარკვევასა და ამაზე მსჯელობას, ვგონებ, დროც კი არ უნდა დავუთმოთ. დაბოლილ ტიპს, რომელიც ასტრალში გადის და ბოლოს „ატხადნიაკისას“ შიმშილ-წყურვილი აწუხებს, შეუძლია არანორმალურად ბევრი ჭამოს. სწორედ ასეა ოცნებით დაბოლილი „ქართული ოცნებაც“. ახლა ამათი პოლიტიკური მადა, რომლის უმთავრესი ინგრენდიენტი გავლენა და ფულია, იმდენად უკონტროლო გახდა, რომ მალე მონელების სისტემა გაუქვავდება და გასკდება კიდეც. თუმცა „გასკდომის“ შემდგომი კატაკლიზმების შესახებ დაბოლილი „ოცნება“ და მეოცნებეები ვერ ფიქრობენ.

პირველ ოქტომბერს „ქართული ოცნების“ ოფისში გამართული „ღონისძიება-პანაშვიდი, რომელსაც გაყინული და მკვდარი სახეებით ესწრებოდა „ოცნების“ ელიტა, სამომავლოდ ისტორიის სახელმძღვანელოებში მოხვდება, როგორც პოლიტიკური უტიფრობის მაგალითი. თურმე „ნაციონალური მოძრაობაა“ ხელისუფლების ვიზავი, ხოლო ხალხი ბრიყვი და სულელია, რომელსაც „რუსთავი 2“ ურეცხავს ტვინს. „ომეგა“-ოქუაშვილის სკანდალი, რომელსაც სირაქლემის პოზაში შეხვდა „ქართული ოცნება“, შესაძლოა, ბოლო ლურსმანი არ აღმოჩნდეს, მაგრამ ერთ-ერთი ბოლო ნამდვილად იქნება, რომელიც ამ პარტიისა და მისი ელიტის ლუსტრირების „სასახლეში“ ჩაეჭედა. ახლა, იმაზე საუბარიც არ ღირს, რომ, მაგალითად, „ოცნების“ სტანისლავსკი _ ნუკრი ქანთარია _ ოთხ მილიონს 4 ლარს ადრის და ლოგიკას გვიწუნებს. ეს მაშინ, როდესაც ამ, ამავდროულად, ნემიროვიჩ-დანჩენკოს იმდენი ინტელექტი მაინც უნდა ჰქონდეს, რომ მყისიერად გაიელვოს, _ მილიონს რომ კაპიკი აკლდეს, მილიონი აღარ არის და რა ლოგიკით მოაკლებს ბიჭებისთვის ივანიშვილი საკუთარ ყულაბას, როდესაც ქვეყანაში მრავლად არიან ბისნესმენები? მეტიც: ეს ყველაფერი „სპექტაკლი ყოფილა, რომლის მონაწილეები „არ წითლდებიან“, მაყურებლები კი… პრინციპში, ამას რა აზრი აქვს სცენაზე მდგომი აქტორებისთვის, რომელთათვის გათამაშებული ტრაგედია მხოლოდ სკეტჩი და ანეკდოტია.
მოკლედ, მართლაც ანეკდოტურ ქვეყანაში ვცხოვრობთ, რომლის მმართველი ძალაც და მოსახლეობის უმეტესობაც ოცნებებით არის დაბოლილი.

***
ახლა უკვე დადასტურებულად შეიძლება იმაზე საუბარი, თუ საიდან გამოტყვრა ე. წ. დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი.
„“ქრონიკა+“-ს ინფორმირებული წყარო უყვება, რომ პრემიერ კვირიკაშვილის გადადგომისა და ბახტაძის დანიშვნა-დამტკიცების შემდეგ ქალბატონი ზურაბიშვილისა და პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კიბახიძის შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე ზურაბიშვილმა კობახიძეს საკუთარი საპრეზიდენტო ამბიციის შესახებ განუცხადა და მისი პოზიციის ბიძინა ივანიშვილთან შეთანხმება და აუდიენციის დაგეგმვა სთხოვა.
კობახიძემ დაყოვნებლივ გაიარა კონსულტაციები ნეოკომკავშირულ აქტივთან. განიხილეს ყველა შესაძლო ვარიანტი. პირველ რიგში ითქვა, რომ ივანიშვილის კანდიდატურის _ ბიძინას კადრის _ არჩევა არ იქნებოდა სასურველი. ცხადი იყო, რომ ნეოკომკავშირლების გუნდიდან ბიძინა არავის დაასახელებდა, ამიტომ ზურაბიშვილის კანდიდატურა უმჯობესი იქნებოდა, რომელთანაც მომავლის მთავრობის, ახალი საპარლამენტო უმრავლესობისა და 2020 წლისთვის განახლებული „ქართული ოცნების“ ან „ქართული იდეის“ პარტიის შექმნის კონცეფციაც უკვე შეთანხმებული იყო. ზურაბიშვილმა ამ სქემაში ახალი გუნდის საერთაშორისო იმიჯისა და გარანტიების უზრუნველყოფის მთავარი რგოლის ფუნქცია იკისრა. მანვე აიღო პასუხისმგებლობა, რომ ის უზრუნველყოფდა არა მხოლოდ დასავლეთთან, არამედ რუსეთთან ურთიერთობის დალაგებასაც. თავად ივანიშვილს კი ახალი გუნდი გარანტიებს მისცემდა და სანაცვლოდ სიკეთეებსაც მიიღებდა. ასევე აღინიშნა, რომ ბიძინა საშინლად ცუდი პოლიტიკური სტრატეგია, რომელიც 2012 წლიდან განუწყვეტლივ უშვებს საკადრო შეცდომებს. სხვათა შორის, ეს აზრი კობახიძემ საჯაროდაც თქვა რამდენიმე დღის წინათ ინგა გრიგოლიას გადაცემა „რეაქციაში“, როდესაც პრეზიდენტ მარგველაშვილს ლამის „ნაციონალური მოძრაობის“ აგენტი უწოდა, ხოლო მისი წარდგენა შეცდომად მონათლა. ეს იმ პირობებში, როდესაც მარგველაშვილთან და სხვა უმნიშვნელოვანეს საკადრო საკითხებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებებს ამ ქვეყანაში მხოლოდ ბიძინა ივანიშვილი იღებდა.
კობახიძემ სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურა სწორედ ისე შესთავაზა ივანიშვილს, როგორც ეს ამ უკანასკნელმა მის ინტერვიუში გაახმოვანა: „იქნებ, სულაც მივცეთ ოპოზიციას“… პარალელურად კი ნეოკომკავშირლებმა პრეზიდენტის პოსტის, მისი უფლებამისილების ნიველირების პროპაგანდა დაიწყეს, რათა ამით სწორედ რომ ივანიშვილი დაერწმუნებინათ პოსტის „უვარგისობაში“.
ჩემთვის უცნობია, როდის მიუტანეს ივანიშვილს ნეოკომკავშირლების შთქმულების ამბავი, მაგრამ ფაქტია, რომ მას წინააღმდეგობა კანდიდატთან დაკავშირებით არ გაუწევია, პირიქით _ შემოთავაზებულ კანდიდატურას დაეთანხმა, მაგრამ თავად კანდიდატს პირველ ოქტომბრამდე არ შეხვდა.
რა არგუმენტები მოიშველია ივანიშვილმა საკუთარი გადაწყვეტილების მისაღებად, დაეხმარა თუ არა ამ საკითხში საფრანგეთის ელჩი, ამაზე მხოლოდ ვარაუდი შეიძლება. თუმცა იგივე ინფორმირებული წყარო „ქრონიკა+“-ს ეუბნება, რომ ივანიშვილისთვის კობახიძე-კალაძის გეგმა ცნობილია და შეუძლებელია, ამას მისი მხრიდან კონკრეტულ ვადაში საპასუხო რეაქცია არ მოჰყვეს

***
ფაქტია, ბიძინა ივანიშვილი რეალურად არ ერევა საპრეზიდენტო არჩევნებში და მოვლენების განვითარებას გვერდიდან უყურებს. პირველი ოქტომბრის „კარტინკა“ უფრო დამთრგუნველი იყო, ვიდრე სიძლიერის მაჩვენებელი, თუმცა მას აქვს ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც ამომრჩევლის კეთილგანწყობის რეიტინგში სალომე ზურაბიშვილი მეხუთე ადგილზეა და მას ვაშაძე, ბაქრაძე, უსუფაშვილი და ნათელაშვილი უსწრებენ.
სწორედ ამ რეიტინგმა გააცოფა პარლამენტის თავმჯდომარე, რომელიც ირწმუნება, რომ სალომე ზურაბიშვილი პირველ ტურშივე გახდება საქართველოს პრეზიდენტი. „ასე რომ არ მოხდეს, იგი არა მხოლოდ სამომავლო _ გაწერილი გეგმის პრესპექტივებს კარგავს, არამედ, შესაძლოა, პარლამეტის თავმჯდომარის სკამსაც დაემშვიდობოს“, _ ეუბნება ინფორმირებული წყარო „ქრონიკა+“-ს. მოკლედ, შავ დღეში არიან ნეოკომკავშირლებიც.
რამდენიმე დღის წინათ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე პარლამენტის მაჟორიტარ წევრებს შეხვდა და ლამის… აქ აზრს არ დავასრულებ, ძალიან უცენზურო გამოვა და კორექტულად ვიტყვი, _ ლამის, კისერი გამოიღადრა თხოვნით: ჩადით რაიონებში, თქვენ ავტორიტეტი გაქვთ, გუნდი გყავთ და სალომეს მხარში დავუდგეთ…
შეხვედრიდან გამოსული მაჟორიტარები იღიმებოდნენ, ზოგი კი პირდაპირ დასცინოდა რუსთაველის გამზირის 8 ნომერში მდებარე შენობის მთავარ ბინადარს. საბოლოოდ, როგორც ირკვევა, დეპუტატების უმრავლესობა თავს არიდებს დავალების აქტიურად შესრულებას და მათი ვოიაჟი რეგიონებში შესაძლოა, მხოლოდ პირად საქმეს ან მოჩვენებით აქტივობას უკავშირდებოდეს.
„ამ ფონზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური არ აპირებს საარჩევნო პროცესში ჩართვას, ისევე როგორც _ შსს. თუმცა სუს-ის ზოგიერთი თანამშრომლის „თვითინიციატივა“ თუ იძულება ახლა პარტიაში გადაბარგებულ სოსო გოგაშვილს და ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი სამხარაძეს უკავშირდება. შს მინისტრს პირდაპირ უთქვამს, _ არჩევნებზე პოლიცია საზოგადოებრივ წესრიგს დაიცავს და პროცესში არ ჩაერევაო. იგივე განუცხადებია ერთ-ერთ დახურულ შეხვედრაზე სუს-ის უფროს გომელაურს“, _ აცხადებს „ოცნებასთან დაახლოებული“ წყარო.
თუმცა „ომეგა“-ოქუაშვილის სკანდალმა შესაძლოა, ეს ვითარება შეცვალოს და ხელისუფლებამ სრულად აამუშაოს ადმინისტრაციული რესურსი, მათ შორის, სუს-ი და შსს.
ნეოკომკავშირლები არჩევნებამდე ერთი თვით ადრე ძალიან ცუდ დღეში აღმოჩნდნენ, მაგრამ გამოსავალი „მოიძებნა“ _ მათი გადაწყვეტილებით ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებასთან დაკავშირებით ისინი პრემიერ-მინისტრთან კონსულტაციას არ აპირებენ, რადგან ადგილებზე ყველა მერი პარტიას ჰყავს მიბმული. თუმცა ცხადია, რომ სამართალდამცველთა გარეშე ზურაბიშვილის (რომელიც ყოველდღე ახალ-ახალ ნაღმზე ფეთქდება) გაპრეზიდენტება გაჭირდება. ამ ვითარებაში მუშავდება მასობრივი „კორცხელის ტაქტიკა“, რომლის არსსაც წარმოადგენს ხელჩართული დაპირისპირება სახიფათო უბნებზე, რაც მნიშვნელოვნად შეაფერხებს ამომრჩეველთა აქტივობას.
პარალელურად, ეს იქნება ერთგვარი შურისძიება გახარიასა და გომელაურზე, რომლებმაც „ვერ შეძლეს ვერც სათანადოდ საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა და ვერც მოსალოდნელი საფრთხის თავიდან აცილება“, _ აცხადებს იგივე პერსონა და დასძენს, რომ ნეოკომკავშირლები ამით ბიძინას საყრდენ კადრებს გამოაცლიან.
ცხადია, რომ ზურაბიშვილს საარჩევნო სახსრების მობილიზებაც უჭირს. მიუხედავად კობახიძის განცხადებებისა, პარტია ვერ ახერხებს იმდენი ფულის მობილიზებას, რომ აქტივი _ საარჩევნო პროცესში ჩართული პერსონები _ სრულად დააკმაყოფილოს. მით უფრო გართულდება ვითარება მეორე ტურში სალომე ზურაბიშვილის გასვლის შემთხვევაში. ამ ვითარებაში ცალკეული მუნიციპალიტეტების მერებსა და საკრებულოს თავმჯდომარეებს დავალება მიეცათ: „ამ ეტაპზე სახსრები თქვენ იშოვეთ და მერე გავსწორდეთ“. რამდენად მოინდომებენ საკუთარი მუთაქების გახსნას მერები და/ან ვალების აღებას ნეოკომკავშირლების მითითებით, რომლებიც შესაძლოა, ბიძინამ ძალიან მალე ჩარეცხოს, ძნელი სათქმელია, თუმცა ცნობილია რამდენიმე ფაქტი, როდესაც მერებმა ცალკეული ადგილობრივი ბიზნესმენები უკვე შეაწუხეს სხვადასხვა სამომავლო ტენდერში გამარჯვების პირობით. ამ ეტაპზე კი პარტიას თითქმის არც ერთი გრამი ბენზინი არ აქვს გაცემული, ხელფასებზე საუბარიც ზედმეტია.
აქვე ვვარაუდობ, რომ ივანიშვილი არჩევნებში ჩაურევლობის ტაქტიკას შეცვლის და საკუთარ ფულსაც კი დახარჯავს, რომ ზურაბიშვილმა წარმატებას მიაღწიოს და ამით შური იძიოს არათუ ოქუაშვილზე, არამედ მთელ პოლიტიკურ სპექტრზე და საზოგადოებაზე.
კობახიძე და ნეოკომკავშირლები ფარ-ხმალს მაინც არ ყრიან, რომ გამარაჯვებას თავად, ბიძინას ჩაურევლად მიაღწიონ და მის დარწმუნებას განაგრძობენ, რომ სალომე პირველსავე ტურში გაიმარჯვებს. რამდენიმე დღის წინათ ერთი მეტად მნიშვნელოვანი ფაქტი მოხდა: ერთ-ერთ არაოფიციალურ შეხვედრაზე ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ამხანაგ მამუკა მდინარაძეს, ისე რა, გაკვრით უთქვამს, _ რად უნდოდა ბიძინას ეს სალომე, თავად დამდგარიყო კანდიდატადო. ანუ ესეც ერთგვარი მზაკვრობაა, „უკან შეტენა ბიძინას“, იმ ყველაფრის გათვალისწინებით, რაც ზემოთაა აღნიშნული.
რაც შეეხება მეორე ტურის შესაძლებლობას, ნეოკომკავშირლები დარწმუნებული არიან, რომ სალომეს ყველა ვარიანტში გაიყვანენ, მით უფრო ამის მყარი გარანტია ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანიასგან და მდივან გიორგი ჯავახიშვილისგან მიღებული აქვთ. რეალურად, ამ გუნდის მთავარ მოკავშირედ ის სტრუქტურა და ინსტიტუტია დარჩენილი, რომელიც ყველაზე მეტად უნდა იყოს დაინტერესებული არჩევნების სამართლიანად და მშვიდ ვითარებაში ჩატარებით. ცესკო-ში იმასაც კი ამბობენ, რომ მეორე ტური „კარგი იქნება“ დემოკრატიისთვის და რაც მთავარია, განხანგრძლივებული გაორმაგებული ხელფასების თვალსაზრისით.
მოკლდე, „ოცნება“ აშკარად დაბოლილია და ოცნებობს. ახლა საკითხავი ის არის, რამდენად არიან დაბოლილნი ოცნებას შეჩვეული საქართველოს მოქალაქეები, რომელთაც საარჩევნო ციკლში ელექტორატად მოვიხსენიებთ და რამდენად ივაჟკაცებს მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის პრიზმაში 70%-მდე გადაუწყვეტელი ამომრჩეველი, _ გადაწყვეტს და მივა არჩევნებზე იმის მიუხედავად, თუ ვის დაუჭერს მხარს, თუ ისევ გააგრძელებს წუწუნს, რომ ოცნებები არ აუხდა?..

არმაზ მეტრეველი