სოფელი მეჯვრისხევი _ ათი წელი ომიდან

სოფელი მეჯვრისხევი ერთ-ერთია იმ არცთუ ისე მცირერიცხოვან სოფელთა შორის, რომელიც 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს განსაკუთრებით დაზარალდა. „კონფლიქტის ზონად“ მოხაზული სოფელი დღეს საოკუპაციო ხაზამდე სულ რამდენიმე მეტრს ითვლის, ერთი ათეული წლის შემდეგ კი ეს ტერიტორია, პირდაპირი მნიშვნელობით, მიუვალია. 2018 წელს ამ მრავალმოსახლიან სოფელს დასვენებისა და სიმშვიდისთვის ალტერნატივები ნამდვილად არ გააჩნია.

მეჯვრისხევი ისტორიული სოფელია. ის, თავდაპირველად, დაბა იყო და რაიონულ ცენტრად მიიჩნეოდა. ომის შემდგომ აქედან მოსახლეობის გადინება თვალში საცემად ნამდვილად არ განხორციელებულა. საკმაოდ დიდი სოფელია _ აქ 2000 ადამიანზე მეტი ცხოვრობს. მოსახლეობას შიშის საფუძველი ნამდვილად აქვს _ არ იცის, როდის რას შეიძლება ელოდოს.
ტატიაშვილების ოჯახი ერთ-ერთია იმ ოჯახებს შორის, რომელთა ფანჯარაც პირდაპირ გადაჰყურებს საოკუპაციო ხაზს. ბუნებრივია, საკუთარ საცხოვრებელ გარემოს რომ მოწყდე, ამას საკმაო გამბედაობა სჭირდება, თუმცა ის ფაქტი, რომ სულ რამდენიმე მეტრში მავთულხლართებია გავლებული, ამ ნაბიჯს რეალურს ხდის. ნათია ტატიაშვილის თქმით, ხელისუფლებას, ამ დრომდე, მისთვის და სხვა ოჯახებისთვის რაიმე ალტერნატიული ფართი რომ შემოეთავაზებინა და შესაძლებლობა გასჩენოდათ, სოფელი დაეტოვებინათ, ამ ნაბიჯს სიამოვნებით გადადგამდნენ, მაგრამ წლები გავიდა და მსგავსი ინიციატივით არავის მიუმართავს. თითქმის 50 მეტრში უკვე საოკუპაციო ხაზია.
ნათია: „სახელმწიფოს მხრიდან გასახლებაზე შემოთავაზება, სიმართლე გითხრათ, არასდროს ჰქონია მეჯვრისხევის მოსახლეობას. ან სადმე ქალაქისკენ გადაყვანაზეც არ მიგვიღია წინადადება. ვინმეს რომ ეთქვას, _ აქ საშიშია თქვენთვის ცხოვრება და ალტერნატიული ფართით დაგაკმაყოფილებთო, _ ასე არ ყოფილა. სიმართლე გითხრათ, წინასაარჩევნოდ რაიმე განსაკუთრებული ცვლილებები ნამდვილად არ არის სოფელში. მნიშვნელოვანი არც არაფერია გაკეთებული. ერთი ხიდი იყო ჩამტვრეული და დღემდე ჩამტვრეულია.
ყოველდღიური თავსატეხი ბევრი გვაქვს. პრობლემა კიდევ დაგვემატა _ ჩვენ ერთი პატარა საბაზო სკოლა გვაქვს, ცხრაწლიანი. ნახევარი ჩამოანგრიეს ვითომ იმიტომ, რომ უნდა გაეკეთებინათ. შემდეგ თქვეს, რომ კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი უნდა მიენიჭებინათ და აღარ აშენებდნენ. ახლა ეს სტატუსი მოუხსნეს და, პრაქტიკულად, მასწავლებლები აძვის სკოლაში არიან შეხიზნულები. ეს სკოლა რომ აღარ აშენდეს, სოფლის პედაგოგებიც სამსახურის გარეშე დარჩებიან. სოფელში უმუშევრობის დონე კიდევ უფრო გაიზრდება. როგორც წესი, წინასაარჩევნოდ დაპირებებს ვიღებთ, მაგრამ არჩევნები რომ გაივლის, მერე რა იქნება, წარმოდგენაც არ გვაქვს. გადადგმული ნაბიჯები სოფელში ნამდვილად არ გვაქვს. რაც სახელმწიფომ, ხელისუფლების ცვლილების შემდგომ, ნაბიჯი გადადგა, მხოლოდ განათლება დააფინანსა. წელს ჩავაბარე გორის უნივერსიტეტში, ფილოლოგიური ფაკულტეტის სტუდენტი ვარ და იმიტომ შევძელი სწორედ სწავლა, რომ ის უფასოა. სხვა შემთხვევაში ნამდვილად ვერ შევძლებდი თანხის გადახდას. კონფლიქტის ზონიდან ძალიან ბევრია, ვინც ამ უნივერსიტეტში სწავლობს.
ახლა გვინდა, რომ, ოდესმე, ყველასთვის მოსაწონი მთავრობა მოვიდეს, თუმცა ასეთი ხელისუფლება არ არსებობს. ზოგს არ უნდა განათლების ასეთი შეღავათი და სოციალური უზრუნველყოფა სურს, რომ იგი 100 და 200 ლარსაც კი შეადგენდეს და არაფერი აკეთოს“.
სოფელში გართობის, განათლების მიღებისა და სამოქალაქო აქტივობებისთვის არანაირი პირობა არსებობს. ამის აღსაქმელად ტერიტორიებისთვის თვალის ერთი გადავლებაც კი კმარა _ მიწასთან გასწორებული შენობები, საავადმყოფო, კლუბები _ მეჯვრისხევის ყოფილი რაიონული ცენტრი მოსწორებულია. 2008 წლის ომამდე იქ სიცოცხლე ჩქეფდა და განვითარების იმედებიც იყო. დღეს ბავშვებისთვის გასართობი მოედანიც კი არ არის _ ისინი სამანქანო გზაზე თამაშობენ და, ფაქტობრივად, მათი სიცოცხლე ყოველთვის საფრთხის ქვეშაა.
სოფელ მეჯვრისხევს წყლის მიწოდებასთან დაკავშირებითაც აქვს პრობლემები _ მოსახლეობისთვის მისი მიწოდება სისტემურად არ ხდება. ეს საკითხი მოსაწესრიგებელია იმ მხრივ, რომ როდესაც წყალი არ მიეწოდებათ, მისი აღრიცხვა მაინც ხდება და ხალხთან ერთი თვის გადასახადი მაშინ მოდის, როცა მათ ეს რესურსი ერთი კვირის მანძილზე მიეწოდებათ. დიდი ხანი არ არის, რაც აქაურ მცხოვრებლებს გაზი მიეწოდებათ, თუმცა მოსახლეობისგან მოწყვეტილ სოფელს გზებთან დაკავშირებით ამან საკმაო პრობლემები შეუქმნა: შეუძლებელია, ვინმეს სადმე ეჩქარებოდეს და ამ გზამ ხელი შეუწყოს; ამ გზების გაუმართავობის გამო ხშირად ნაწვიმარი გუბდება, რაც საკმაო უსიამოვნებებს ქმნის.
ნათია: „მივდივართ სოფლის მთავრობაში და ვეუბნებით, _ სულ ცოტა ხრეში მოიტანეთ და დაყარეთ, რომ, ელემენტარულად, გავლა შევძლოთ მოსახლეობამ. უკვე რამდენი წელია, პასუხად ვიღებთ, რომ ჯერ წყლის მილები უნდა გაიყვანონ და ეს პრობლემაც ამის შემდეგ მოგვარდება. სანამ წყლის მილებს გაიყვანენ ჩვენ რა ვქნათ? ან ბილიკის გასაკეთებლად მაინც, რა პრობლემაა წყლის მილების ჩაყრა? ეს უკვე მართლა ოცნებად იქცა, რომ ოდესმე აქ რამე გაკეთდება. კიდევ ვიფიქრე, რომ ადგილობრივ მთავრობასთან მივიდოდი, შევაწუხებდი, იქნებ, ამ გზებთან დაკავშირებით რამე გვშველოდა. მივედი და იუსტიციასთან იმხელა გუბე დამხვდა, ვეღარ შევედი. ამ დროს, კიდევ, რუსებმა ტყეში გაიყვანეს გზები. ისინი გვიყურებენ და ყველაფერი კარგად იციან“.
სოფელში, ერთ-ერთ შენობაში, ბავშვებისთვის ცეკვის წრეა გახსნილი. ამხელა სოფელში ეს ერთადერთი ოთახია, რომელიც ფუნქციონირებს. ბავშვები რომ ცეკვავენ, იქვე, ორ ნაბიჯში, ჭერია ჩამონგრეული და სიცოცხლისთვის საშიშია. ამ დროს, ცეკვის მასწავლებელი ფიქრობს, რომ მის გასამართად თანხა მშობლებმა უნდა მოაგროვონ. ხუთი-ექვსი წლის ბავშვებისთვის ერთადერთი ეს ოთახი არსებობს დროის გასატარებლად. წლების წინათ არსებული პრობლემა, რომ ბავშვებს გასართობი ტერიტორია ოდნავ სუფთა გარემო ჰქონოდათ სათამაშოდ, პრობლემად რჩება. ახლაც არის შესაძლებელი, რომ იმ ტიპის ფართები, სადაც ადრე კინოჩვენებები და სხვა აქტივობები იმართებოდა, გამაგრდეს და ისევ დაუბრუნდეს ძველი სახე სოფლის ყოველდღიურობას, რომ მოსახლეობას რაიმე საიმედო ჰქონდეს.
საინტერესოა, რომ საბჭოს შენობის წინ სოფელში 8 აგვისტოს მემორიალია. როგორც ნათია ამბობს, ყოველი 8 აგვისტო ისე ჩაივლის, ერთი სიმბოლური ღონისძიებაც კი არ იმართება ოთხი დაღუპული მეჯვრისხეველი ბიჭის პატივსაცემად. პრაქტიკულად, აქ შენობაც არ არის ისეთი, რომ სააქტო მიზნით გამოიყენონ. „ამ მხრივ, საერთოდ, მკვდარია სოფელი“.
კონფლიქტის ამ ზონაში დასაქმების პრობლემა ერთ-ერთი უმთავრესია. აქაურ მოსახლეობას სოფელში დასაქმების პერსპექტივა არანაირად აქვს. აქ არსებულ რამდენიმე მაღაზიაში დასაქმებული არის ის, ვის მფლობელობაშიცაა თვითონ ეს რესურსი. ახალგაზრდები და არა მხოლოდ ახალგაზრდები სამსახურს გორში ან, სულაც, დედაქალაქში ეძებენ. ძირითადად, აქ საგზაო დეპარტამენტში არიან დასაქმებულები, თუმცა ამ მიმართულების სპეციალისტების კვალი, როგორც ზემოთ ითქვა, სოფელს არ ემჩნევა _ ისინი ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში საქმიანობენ. ერთ დროს აქ ქარხანაც არსებობდა, თუმცა დღეს ყურადღება აღარ ექცევა, რომ ამ სოფლებში ვაშლის წარმოებასთან დაკავშირებული საქმიანობები მოწესრიგდეს და განვითარდეს. ვაშლის კულტურის წარმოების ხელშეწყობის კვალდაკვალ მოსახლეობის ნაწილსაც გამოუჩნდებოდა დასაქმების შანსი.
ნათია: „როდესაც მთავრობას გაჭირვებული ადამიანი დახმარებისა და ხელშეწყობისთვის მიმართავს და ამ დროს მას სოციალური მდგომარეობის შემსუბუქებას ჰპირდები, ეს პირობა აუცილებლად უნდა შეუსრულო ხალხს. სოფელში სანაგვე ურნები დადგეს. მეჯვრისხევში ამ ურნებს ვერსად შეხვდები _ დიდი მანძილი უნდა გაიარო, რომ მისით ისარგებლო, თუმცა ამის პარალელურად ნაგვის გადასახადი მაინც მოგვივიდა. ბუნებრივია, ურნა არ არის და ეს გადასახადიც არ გადაგვიხდია.
საოკუპაციო ხაზს რაც შეეხება _ წინასაარჩევნოდ, მათი მხრიდან, ნამდვილად არაფერი შეცვლილა. აქ წმინდა გიორგის სახელობის ტაძარი გვაქვს. გახსნა რომ იყო, მეუფე ანდრია ბრძანდებოდა ჩვენს მამაოსთან ერთად. ზარებისა და მსახურების ხმა რომ გაიგეს, რუსებმა გადმოიხედეს. ჩვენი მეუფე მივიდა, ეძახდა, რომ მოსულიყვნენ და მათ დალოცავდა. ბოლოს, მაინც არ მოვიდნენ. საბოლოოდ, დიალოგის ფორმა იქნება თუ სხვა, მშვიდობიანი გზით, ეს ორი ერი უნდა მოვგვარდეთ. ოსები და ქართველები მაინც. რა თქმა უნდა, ეს ჩვენზე არ არის დამოკიდებული, თორემ სულ შერეული ოჯახებია _ ვიღაცას ნათესავი ჰყავს იქით, ვიღაცას _ აქეთ და იცით, როგორი ცუდია, რომ შენი სისხლი და ხორცი იქით დარჩება? კონფლიქტის გამო ისინი ერთმანეთთან, ცხადია, ვერ მიდიან.
ჩვენ გასაყოფი ნამდვილად არაფერი გვაქვს. აქაც არიან ოსები. ეს ომი არავის უნდა. აქ რომ დგას რუსის ჯარი, ომი არც მას უნდა. ჩემი სათქმელი არის შემდეგი: რა მნიშვნელობა ჰქონდა ამ სისხლისღვრასა და ჩვენი ბიჭების დახოცვას? ჩემი, როგორც ერთ-ერთი ქართველის აზრი არის, რომ დასათმობი უნდა დაგვეთმო. ძალიან მტკივნეულია, აქ ვცხოვრობ და ბავშვობა საოკუპაციო ხაზის იქით მაქვს გატარებული, მაგრამ მე ის მიწები შვილმოკლულ დედებად არ მიღირს. მათთვის სამშობლო უკვე აღარ არსებობს. ძალიან რთულია, რომ ერთი ძმა ხაზს იქითაა და მეორე _ ხაზს აქეთ“.
ათი წლის შემდეგ, ოდესღაც აქტიურ მეჯვრისხევში, სიცოცხლე აღარ ჩქეფს. კეთილდღეობისა და ინფრასტრუქტურის მოწყობისთვის დაწერილი არაერთი განცხადება უგულებელყოფილია. მოსახლეობა უკვე იმ აზრამდეა მისული, რომ საკუთარი სოფლის კეთილმოწყობისთვის თანხები თავად გაიღოს.
არსებული რესურსის გონივრულად გამოყენების შემთხვევაში ბევრი ნაბიჯის წინ გადადგმაა შესაძლებელი და ბავშვების სიცოცხლისთვის საშიშ გარემოსაც შესაძლოა, ბოლო მოეღოს. მოსახლეობაც უკვე თვალს უსწორებს რეალობას და ცდილობს, საკუთარ თავს იმედი აღარ ჩაუნერგოს. აღარ აქვს მოლოდინი, რომ მათი განცხადებები განიხილება; რომ სოფელი მეჯვრისხევი აღარ იქნება მოწყვეტილი მოსახლეობას; რომ მხოლოდ განათლება არ იქნება ერთადერთი შეღავათი და სხვა ყოველდღიურ, ყოფაცხოვრებისთვის საჭირო გარემოებებს შეეწყობა ხელი. წინასაარჩევნოდ კამერებს ელოდებიან, მაგრამ ზუსტად იციან, რომ გაუმართავი გზისა და ქვა-ღორღის გამო მთავრობის წარმომადგენლების მანქანები მეჯვრისხევამდე ვერ მოვა და უკან დახევა მოუწევს.

 

მარიამ ტიელიძე