შსს-ში ომის დროს დაკარგული 95.9 ათასი ლარის იარაღი აღმოაჩინეს

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური აპარატის ფინანსური ანგარიშგების აუდიტი ჩაატარა, რომელიც მოიცავს ფინანსური მდგომარეობისა და მასთან დაკავშირებული შედეგების შესახებ ანგარიშგებას 2017 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით. აუდიტის ანგარიში ვრცელია და დეტალურად ასახავს იმ ხარვეზებს, რაც შსს-ში არსებობს. ძალოვან უწყებაში განსაკუთრებით თვალში საცემი აღმოჩნდა სააღრიცხვო პოლიტიკის არარსებობა. როგორც აუდიტის ანგარიშიდან ირკვევა, შს სამინისტროს დანაყოფში 2016 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით რუსეთ-საქართველოს ომის დროს განადგურებული და დაკარგული ქონების სახით რიცხული 95.9 ათასი ლარის ღირებულების იარაღი აღმოაჩინეს.

რატომ არ იყო აღნიშნული იარაღი აღრიცხული და მალავდა თუ არა მას შსს მიზანმიმართულად, ეს, ჯერჯერობით, უცნობია, თუმცა აუდიტის ანგარიშში ვკითხულობთ:

„მოქმედი ინსტრუქციის მოთხოვნათა მიუხედავად, სამინისტროს არ აქვს განსაზღვრული და დამტკიცებული სააღრიცხვო პოლიტიკა, რაც ზრდის ფინანსური ანგარიშგების არასწორად მომზადებისა და წარდგენის რისკებს. ფაქტობრივად, გამოყენებული სააღრიცხვო პოლიტიკა ძირითადად შეესაბამება მოქმედ კანონმდებლობას. ამასთან, მინისტრის 2009 წლის #189 ბრძანებით განსაზღვრულია ექსპლუატაციაში მყოფი მატერიალური მარაგების საცნობარო მუხლებში ასახვის კრიტერიუმები, თუმცა აღნიშნული ბრძანება ძველია და არ პასუხობს თანამედროვე მოთხოვნებს. სამინისტროში, ზოგიერთი სტრუქტურული ერთეულის მხრიდან სათანადო ყურადღება არ ექცევა აღრიცხვა-ანგარიშგების საკითხს. შედეგად, ხშირია სამეურნეო ოპერაციის ბუღალტრულად დიდი დაგვიანებით ასახვის ფაქტები, რაც სამინისტროს ამ სტრუქტურულ ერთეულებს შორის არსებულ არასაკმარის კომუნიკაციაზე მიუთითებს. მაგალითად: 2016 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით რუსეთ-საქართველოს ომის დროს განადგურებული და დაკარგული ქონების სახით რიცხული 95.9 ათასი ლარის ღირებულების იარაღი აღმოჩენილ იქნა შს სამინისტროს დანაყოფში. იარაღი წლების მანძილზე ინახებოდა შესაბამის დანაყოფში, მაგრამ ამის შესახებ მხოლოდ შესაბამისი წერილობითი შეკითხვის შემდეგ ეცნობა ეკონომიკურ დეპარტამენტს“.

შსს-ში აქტუალურია იარაღთან დაკავშირებული პრობლემები. ანგარიშში საუბარია იარაღის ცვეთის საკითხთან დაკავშირებითაც, რაც ჯერ კიდევ გადაუჭრელ პრობლემას წარმოადგენს. აუდიტის ანგარიშში ნათქვამია: „სამინისტროს ბალანსზე ირიცხება დიდი ოდენობით იარაღი, რომლის ნაწილი აკმაყოფილებს ძირითად აქტივად აღიარებისთვის მოქმედი ინსტრუქციით განსაზღვრულ მოთხოვნებს, თუმცა დამკვიდრებული პრაქტიკით მათზე ცვეთის დარიცხვა არ ხორციელდება. მოქმედი ინსტრუქციით იარაღის ცვეთის ნორმა დადგენილი არ არის, თუმცა არც ის არის აღნიშნული, რომ იარაღს ცვეთა არ ერიცხება. ინსტრუქციით ცვეთა არ ერიცხება მხოლოდ კულტივირებულ აქტივებს, დაუმთავრებელ ძირითად აქტივს და საბიბლიოთეკო ფონდებს. ამასთან, არალოგიკურია იარაღის სხვა რაიმე სახის ძირითადი აქტივის ერთგვაროვან (ანალოგიური) აქტივად აღიარება და ცვეთის მსგავსი ნორმების გამოყენება. აქედან გამომდინარე, ამავე ინსტრუქციის მიხედვით, სამინისტრომ უნდა შეიმუშავოს ცვეთის ნორმების შესაბამისი პროექტი და დასამტკიცებლად წარუდგინოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს“.

როგორც ჩანს, შსს-ში პრობლემებია ღირებულების გარეშე აღრიცხულ ქონებასთან დაკავშირებითაც, უფრო კონკრეტულად კი:
სამინისტროს კუთვნილი აქტივების ნაწილი, განსაკუთრებით იარაღი და სხვა სპეცდანიშნულების ქონება, მხოლოდ რაოდენობრივად არის აღრიცხული, ანუ წარმოდგენილია ღირებულების გარეშე, რაც ქვეყნის ძალოვანი სტრუქტურებისთვის 19 სისტემურ პრობლემას წარმოადგენს. შინაგან საქმეთა სამინისტროში ზოგიერთი სახის უძრავი ქონებაც (მიწა, შენობა-ნაგებობები) ასევე მხოლოდ რაოდენობრივად არის აღრიცხული, ამიტომ სამინისტროს წლიურ ფინანსურ ანგარიშგებაში მათი ღირებულება არ აისახება. მაგალითად, სამინისტროს ბალანსზე რიცხული 674 დასახელების შენობა-ნაგებობიდან 90 დასახელების სსღც-დან და ცკპდ-დან გადმოცემული ქონება ღირებულების გარეშეა აღრიცხული და არც ისტორიული ღირებულებაა ცნობილი. აქედან გამომდინარე, სამინისტროს ანგარიშგება შეიცავს უზუსტობას. ანალოგიური მდგომარეობაა მიწის აღრიცხვის საკითხებშიც. ამ მხრივ ეკონომიკური დეპარტამენტის მიერ ბოლო წლებში გარკვეული სამუშაოები ჩატარდა. შედეგად, 2017 წლებში შეფასდა და ბალანსზე აღირიცხა 443.4 ათასი ლარის ღირებულების საქართველოს სხვადასხვა რაიონში არსებული 9 მიწის ნაკვეთი, თუმცა ეს პროცესი არ დასრულებულა. სამინისტროს ბალანსზე 2017 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობითაც ირიცხებოდა ისეთი მიწის ნაკვეთები, რომელთა შეფასება ჯერ არ იყო განხორციელებული.
აუდიტის ანგარიშიდან ცნობილი ხდება, რომ გახარიას უწყებაში შრომის ანაზღაურების დარიცხვასთან დაკავშირებული შიდა კონტროლის სისტემის ხარვეზებია, რის შედეგადაც თანამშრომლებზე შრომის ანაზღაურების სახით ზედმეტად გაცემული თანხები ფიქსირდება.

უფრო ვრცლად:
„2016 წლამდე სამინისტროს იმ სტრუქტურული ერთეულების თანამშრომელთა რაოდენობა, რომელსაც ფინანსურ უზრუნველყოფას უწევდა ეკონომიკური დეპარტამენტი, დაახლოებით, 3 ათასს შეადგენდა. 2016-2017 წლებში განხორციელებული რეორგანიზაციის (სსღც-ს, ცკპდ-ს შემოერთება და ა. შ.) შედეგად კი ეს მაჩვენებელი დაახლოებით 9 ათას თანამშრომლამდე, ანუ თითქმის 3-ჯერ გაიზარდა. ცენტრალური აპარატის მიერ გაწეული ხარჯების მთლიან მოცულობაში შესაბამისად გაიზარდა თანამშრომელთა შრომის ანაზღაურებისთვის გაწეული ხარჯების ხვედრითი წილიც. კერძოდ, 2017 წელს გაწეული 221,826.8 ათასი ლარის საკასო ხარჯიდან, 120,527.0 ათასი ლარი, ანუ _ 54%, შრომის ანაზღაურების (მ. შ. შტატგარეშეებზეც) მუხლითაა გაცემული. აქედან გამომდინარე, შრომის ანაზღაურების დარიცხვის პროცესში მნიშვნელოვნად გაიზარდა გარკვეული შეცდომების რისკი, რომელსაც ვერ ფარავს შიდა კონტროლის არსებული მექანიზმები. კერძოდ, შრომის ანაზღაურების დარიცხვა შსს-ში წარმოებს ავტომატურად, სპეციალური პროგრამის მეშვეობით, რომლის ბაზაშიც შეტანილია ყველა საჭირო ინფორმაცია მოქმედი თანამშრომლების შესახებ. აღნიშნულ ბაზაში ცვლილებების შეტანის საფუძველია შესაბამისი ბრძანება, რომელიც დოკუმენტბრუნვის ელექტრონული სისტემის (შემდგომში _ eFlow) საშუალებით ეგზავნება ეკონომიკურ დეპარტამენტს. დეპარტამენტის შესაბამის თანამშრომელს პროგრამაში მექანიკურად (ხელით) შეაქვს საჭირო
მონაცემები. ამასთან, დანიშვნის პირველ თვეს მექანიკურად ხდება ასანაზღაურებელი დღეების
რაოდენობის გაანგარიშება, ბრძანებაში მითითებული თარიღიდან გამომდინარე. მომდევნო თვეებში, უკვე ბაზაში არსებული ინფორმაცია წარმოადგენს შრომის ანაზღაურების დარიცხვის საფუძველს, რომელშიც ცვლილებების შეტანა ხორციელდება მხოლოდ ახალი ბრძანების მიღების შემდეგ. აღნიშნული მონაცემების საფუძველზე პროგრამა ავტომატურად ახორციელებს ხელფასის დარიცხვას. მინისტრის ბრძანების შესაბამისად, სახელფასო რეესტრები (დარიცხული თანხების გარეშე) ყოველთვიურად იგზავნება ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტში, რომელსაც ევალება რეესტრების შედარება მათ ბაზაში არსებულ მონაცემებთან, იმის დასადგენად, რეალურად ირიცხებოდა თუ არა რეესტრში არსებული პიროვნება სამინისტროს თანამშრომლად. აღნიშნული გარკვეული ხასითის პრევენციულ ღონისძიებას წარმოადგენს, მაგრამ კონტროლის ეს მექანიზმი არ არის მიმართული თანამშრომლებზე დარიცხული (გაცემული) თანხების სიზუსტის გასაკონტროლებლად. ამასთან, ფულადი უზრუნველყოფის განყოფილების თანამშრომლების მიერ ხელფასის სპეციალურ პროგრამაში შეყვანილი ინფორმაციის გადამოწმება არ ხორციელდება. მოქმედი ინსტრუქციით ხელფასის დარიცხვის ერთ-ერთ საფუძველს წარმოადგენს სამუშაო დროის გამოყენების ყოველთვიური აღრიცხვა ორგანიზაციის მიერ დადგენილი ფორმით (სამუშაოზე გამოცხადების აღრიცხვის ჟურნალი ან/და სპეციალური ტექნიკური საშუალება), რაც შსს-ში ოფიციალური დოკუმენტის სახით არ წარმოებს და შესაბამისად არც ხელფასის დარიცხვისას გამოიყენება. გარდა ამისა, სამინისტროში ხშირია შემთხვევა, როდესაც თანამშრომლის განთავისუფლება ხდება გასული თარიღით ან შესაბამისი ბრძანება ეკონომიკურ დეპარტამენტს ეგზავნება დაგვიანებით, მაშინ როდესაც აღნიშნულ თანამშრომელზე შრომის ანაზღაურების დარიცხვა-გაცემა უკვე განხორციელებულია. შედეგად წარმოიშობა ზედმეტად გაცემული თანხები, რაც აისახება #1463 საბალანსო ანგარიშზე, როგორც მოთხოვნები შესაბამისი თანამშრომლების მიმართ. მიუხედავად ეკონომიკური დეპარტამენტის მიერ გაწეული საქმიანობისა, ზედმეტად გაცემული თანხები სრულყოფილად ვერ ბრუნდება და ამ ანგარიშზე რიცხული ნაშთი პერმანენტულად იზრდება. 24-ით აღნიშნულ ანგარიშზე წლის დასაწყისისთვის ირიცხებოდა 29.1 ათასი ლარი, რომელიც 2017 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით 51.2 ათას ლარამდე გაიზარდა, საიდანაც 7.9 ათასი ლარი ცკპდ-ს ბალანსზე რიცხული დავალიანებაა. აღნიშნული თანხა წარმოადგენს თანამშრომლებზე შრომის ანაზღაურების სახით ზედმეტად გაცემული თანხის იმ ნაწილს, რომლის დაბრუნება ამ პერიოდისთვის ვერ იქნა უზრუნველყოფილი“, _ ნათქვამია აუდიტის დასკვნაში.

ცნობილი ხდება, რომ შსს-ში თანამშრომლებს დანამატებს განუსაზღვრელი ვადით უნიშნავდნენ და დანამატების გაცემის აუცილებლობა დასაბუთებულად არ იყო წარმოდგენილი, დეტალურად კი:
„სამინისტროს თანამშრომლებისთვის მინისტრის შესაბამისი ბრძანებებით დაწესებულია დანამატები მრავალშვილიან მოსამსახურეებზე და წელთა ნამსახურობაზე. დანამატები გაიცემა აგრეთვე საკლასო ჩინისათვის. ამასთანავე, მოქმედი კანონმდებლობით შსს-ს თანამშრომლებს შესაძლებელია დაენიშნოთ სპეციალური დანამატები, რომელსაც ნიშნავს მინისტრი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. სამინისტროს ცენტრალური აპარატის შტატით განსაზღვრულ თანამშრომლებზე, 2017 წელს „დანამატის“ ქვემუხლით გაწეულმა საკასო ხარჯმა 22,564.7 ათასი ლარი შეადგინა, რაც შრომის ანაზღაურების საერთო მოცულობის 19.9%-ს შეადგენს. 2017 წელს, საშუალოდ, 70-80 თანამშრომელს ჰქონდა დანიშნული თანამდებობრივ სარგოზე მეტი დანამატი. სპეციალური დანამატის დაწესების შესახებ გამოცემულ ბრძანებებში მითითებული იყო მხოლოდ დანამატის დაწესების თარიღი და არ იყო განსაზღვრული, თუ რა პერიოდით დაწესდა აღნიშნული დანამატი. შედეგად, დანამატი ინიშნებოდა განუსაზღვრელი ვადით და მისი გაუქმება ხდებოდა ასევე ბრძანების საფუძველზე. შესაბამისი ბრძანებებით არ იყო დასაბუთებული დანამატის გაცემის აუცილებლობა და ის თავისი ყოველთვიური შინაარსიდან გამომდინარე უფრო თანამდებობრივი სარგოს ხასიათს ატარებდა. სამინისტროს თანამშრომლებზე დანამატების დანიშვნის საკითხი არ თანხმდებოდა სამინისტროს ეკონომიკურ დეპარტამენტთან, რის გამოც მას არ გააჩნდა საკმარისი საფუძვლები ამ მუხლის სწორად დასაგეგმად“, _ ნათქვამია აუდიტის ანგარიშში.

უწყების ზოგადი ვალდებულებების სიაც საკმაოდ დიდია, ვალდებულებების მიხედვით კრედიტული დავალიანება 17%-ით გაიზარდა, გამოვლინდა ასევე აქტივების არასწორი კლასიფიცირებაც:
„2016 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით ბალანსზე რიცხული კრედიტორული დავალიანება
შეადგენდა 11,787.8 ათას ლარს, 2017 წლის 31 დეკემბრისთვის კი ეს თანხა 13,764.5 ათას ლარამდე, ანუ თითქმის 17%-ით გაიზარდა. აქედან 7,888.0 ათასი ლარი (დარიცხული საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით) 2005 წლამდე თანამშრომლებზე გაუცემელ ხელფასებს წარმოადგენს. ბალანსზე რიცხული არარსებული აქტივები სამინისტროს ბალანსზე (ანგარიში 2121) სხვა ქონებასთან ერთად 2005 წლიდან უცვლელად ირიცხება. 14 ცალი სხვადასხვა მოდიფიკაციის ძრავა, ჯამური ღირებულებით 11.0 ათასი ლარი, რომლის ადგილსამყოფელიც უცნობია, წლების განმავლობაში ირიცხება ბალანსზე (აღნიშნული ძრავები სამართალმემკვიდრეობის პრინციპით, ნაშთის სახით, 2005 წელს გადაეცა შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალურ აპარატს). შედეგად, სამინისტროს ბალანსზე ძირითად აქტივად ირიცხება 11.0 ათასი ლარის საბალანსო ღირებულების არარსებული ქონება. 2007 წელს ლიკვიდირებული სსიპ სამთო მაშველის ანგარიშგებაში აღრიცხულია 8 დასახელების 5.2 ათასი ლარის საბალანსო ღირებულების მანქანა-დანადგარები და ინვენტარი, რომელიც 2017 წელს, ზემოხსენებული განკარგულების საფუძველზე, მექანიკურად აისახა ცენტრალური აპარატის ბალანსზე, აქედან 5 ერთეული სატრანსპორტო საშუალება, საბალანსო ღირებულებით 4.8 ათასი ლარი, წლის ბოლოს ჩატარებული ინვენტარიზაციით დაფიქსირდა დანაკლისად და აღირიცხა, როგორც მოთხოვნები არაფინანსური აქტივების დანაკლისებით, თუმცა დაუდგენელია და, შესაბამისად, არ არის მითითებული მატერიალურად პასუხისმგებელი პირების ვინაობა. აქედან გამომდინარე, აღნიშნული დანაკლისის ამოსაღებად არანაირი ღონისძიება არ გატარებულა და არც ეს მოთხოვნა შეიძლება დაკლასიფიცირდეს, როგორც აქტივი“.

აქტივების არასწორი კლასიფიცირება 2016 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით: „გრძელვადიანი მცირეფასიანი აქტივების ანგარიშზე ირიცხებოდა 3 ერთეული 80-იარდიანი კარავი ჯამური ღირებულებით 119.3 ათასი ლარი (ერთეულის ფასი _ 39.77 ათასი ლარი). 2017 წელს ამავე ანგარიშზე აღირიცხა 31 ერთეული სხვადასხვა სახის კარავი ჯამური ღირებულებით 58.2 ათასი ლარი (ერთეულის ფასი: 820 ლარიდან _ 5100 ლარამდე). აქედან 20 კარავი (19.1 ათასი ლარი) გადაეცა ექსპლუატაციაში, ჩამოიწერა ხარჯებში და აღირიცხა საცნობარო მუხლებში, ხოლო დანარჩენი ინახება საწყობში. ზემოხსენებული საქონელი აკმაყოფილებს აქტივად აღიარებისათვის მოქმედი ინსტრუქციით განსაზღვრულ მოთხოვნებს, რადგან ერთეულის ფასი აღემატება 500 ლარს და გამოიყენება ერთ წელზე მეტი დროის განმავლობაში. შედეგად, განხორციელდა აქტივების არასწორი კლასიფიკაცია: 19.1 ათასი ლარის ღირებულების ძირითადი აქტივები ხარჯებშია ჩამოწერილი, ხოლო 158.4 ათასი ლარის ღირებულების ძირითადი აქტივები აღრიცხულია, როგორც გრძელვადიანი მცირეფასიანი აქტივები და შესაბამისად მათზე ცვეთის დარიცხვა არ ხორციელდება“.

ნენე ინჯგია