პერსონა, ლექტორი და კანცლერი

პერსონა, რომელმაც ქართულ საზოგადოებას გერმანიის კანცლერისთვის ერთი კითხვის დასმით შეაყვარა თავი. ადამიანი, რომელმაც ანგელა მერკელს ათქმევინა, რომ საქართველო ოკუპირებულია რუსეთის მიერ!
პიროვნება, რომელიც მუდმივად ვითარდება და არანაკლები როლი აქვს მომავალი თაობის განვითარების პროცესშიც.
დღეს კონსტანტინე შუბითიძეზე გიყვებით. ის 28 წლის საერთაშორისო ურთიერთობის სპეციალისტია. ამ ეტაპზე დოქტორანტურაზე სწავლობს და უახლოეს მომავალში ხარისხსაც დაიცავს. ამავე მიმართულებაზე ასწავლის თბილისის სახელმწიფო და შავი ზღვის უნივერსიტეტებში. პარალელურად მუშაობს პარლამენტშიც (ვიცესპიკერის კაბინეტის წევრია). ამ ყველაფერთან ერთად, ევროკომისიის დაფინანსებით, მიმდინარე 3-წლიანი პროექტის მენეჯერია. პროექტის ფარგლებში მშვიდობის კვლევების კურიკულუმს ნერგავენ საქართველოს 4 უნივერსიტეტში.
წარმოშობით შიდა ქართლიდანაა. ჰყავს ორი უფროსი ძმა, ორივე მათგანი სამხედრო პირია. საინტერესოა, რომ მის ოჯახში ყველა მათემატიკოსია, ძმებმა კი ამის პარალელურად სამხედრო კარიერა გააგრძელეს. კონსტანტინემ ჰუმანიტარული მეცნიერება აირჩია, ამის მიზეზებსა და მოვლენების შემდგომ განვითარებაზე თავად გვიყვება:
_ 2008 წელს, ომის დროს, როცა ჩემი ძმები იბრძოდნენ, სკოლაში ვსწავლობდი. საერთაშორისო ურთიერთობები ძალიან მაინტერესებდა. სამხედრო კარიერაზე არასდროს მიფიქრია, თან ფიზიკური მონაცემებიც დიდად არ მიწყობდა ხელს, ამიტომ გადავწყვიტე, რომ საერთაშორისო ურთიერთობების სფეროთი უფრო საინტერესო და სასარგებლო ვიქნებოდი საზოგადოებისთვის, ამასთან, სიმბოლურია, რომ ერთ ოჯახში ჯარისკაცები და დიპლომატი ვართ.
ჩავაბარე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. ეროვნული გამოცდების შემდეგ, შიდა კონკურსიც გავიარე. გამიმართლა და ძალიან კარგ პროფესორებთან მოვხვდი: ალექსანდრე რონდელი, ზურა დავითაშვილი, სერგი კაპანაძე, თორნიკე თურმანიძე _ ბევრ ისეთ ადამიანთან, ვისთვისაც ახლობლობა და ნეპოტიზმი განმსაზღვრელი არასდროს ყოფილა.
როდესაც ბაკალავრიატი დავამთავრე, თსუ-ს ადმინისტრაციაში შემომთავაზეს სამსახური და აქ დავრჩი, მაშინ სტუდენტებისთვის სწავლების უფლება არ მქონდა, მერე მაგისტრატურაზე ჩავაბარე ისევ საერთაშორისო ურთიერთობებზე ნაციონალიზმის კვლევების მიმართულებით, აქ კი უკვე სემინარებზე ინსტრუქტორად შევედი და იქიდან დაიწყო ჩემი აკადემიური საქმიანობა. ხარისხს რომ დავიცავ, დიდი იმედი მაქვს, რომ სწორედ აკადემიური ხაზი იქნება ჩემი საქმიანობის ძირითადი მიმართულება.
_ რა გხიბლავს აკადემიურ საქმიანობაში ყველაზე მეტად?
_ რამდენიმე დღის წინ სადოქტორი პროგრამის რეაკრედიტაცია გვქონდა და უცხოელი კომისიის წევრი გვყავდა ლიტვიდან, ვილნიუსის უნივერსიტეტიდან. გვეკითხებოდა, დოქტორანტურაზე რომ სწავლობთ, რა არის მიზანიო? მაშინ ვუთხარი, იმდენად ბედნიერს მხდის სტუდენტებთან ურთიერთობა, სწავლების პროცესი, რომ ამის გარეშე რთულად წარმომიდგენია საკუთარი თავი-მეთქი. ყველაზე სასიამოვნო რამაა, რაც შეიძლება სამსახურის თვალსაზრისით აკეთო. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრ წინააღმდეგობას ვაწყდებით უნივერსიტეტში, რადგან ეს დიდი და რთული ორგანიზმია, მაინც ძალიან კარგად ვგრძნობ თავს.
ყველაზე სასიამოვნო შეგრძნებაა, როცა აკვირდები, თუ როგორ ვითარდებიან სტუდენტები, როგორ იზრდებიან. სურათებს ვიღებ ხოლმე ლექციის პირველ და ბოლო დღეს. იხვეწებიან და ვითარდებიან ინტელექტუალურად, მენტალურად, ხდებიან მეტად თავდაჯერებულები. საოცარი პროცესია. ამ ყველაფერთან ერთად აკადემიის ხიბლი ისაა, რომ ძალიან სწრაფად ვითარდება და იცვლება საერთაშორისო ურთიერთობები და ზოგადად, სოციალური მეცნიერებები _ თუ მუდმივად ტონუსში და საქმის კურსში არ ხარ, აბსლუტურად ამოვარდნილი შეიძლება აღმოჩნდე მთელი პროცესებიდან.
_ ქვეყანაში დღეს მიმდინარე მოვლენებს როგორ აფასებ?
_ რა თქმა უნდა, არ მომწონს, რაც ხდება. ასე რომ არ იყოს, ხელისუფლებასთან მექნებოდა სამსახურებრივი კონტაქტი, საიდანაც, გულწრფელად გითხრათ, ძალიან კარგი შემოთავაზებები მქონია. თუმცა იმის გამო, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით მიდის, საგარეო პოლიტიკა არასტაბილური, ჩამოუყალიბებელი და არაპრინციპული გვაქვს, საკმაოდ უარყოფითად ვაფასებ მათ მოქმედებებს.
ცხადზე ცხადია, რომ შიდა პოლიტიკაში არაფორმალური მმართველობა გვაქვს. საპრეზიდენტო არჩევნებზეც რომ გითხრათ ორი სიტყვით, ქ-ნ სალომე ზურაბიშვილს პირადადაც ვიცნობ და პიროვნულად არ მაქვს პრობლემა არავისთან, მაგრამ მმართველი პარტია რომ მის კანდიდატურას უჭერს მხარს, ჩემთვის ყველანაირი წითელი ხაზის გადალახვაა! ვერ წარმომიდგენია, როგორ უნდა დაუჭიროს ამ ქვეყანაში მცხოვრებმა, პოლიტიკურ პროცესებში გათვითცნობიერებულმა და მეტ-ნაკლებად პატრიოტულად განწყობილმა ადამიანმა მხარი სალომე ზურაბიშვილს.
_ როგორ გგონია, რა არის ყველაზე დიდი გამოწვევა დღეს ქვეყანაში?
_ შიდა პოლიტიკაში ეს არის არაფორმალური მმართველობა. ამის და იმ კონცენტრაციის გარეშე, რაც ფინანსურად და პოლიტიკურად არის მმართველი გუნდის ხელში, მეტ-ნაკლებად პლურალისტული პოლიტიკური გარემო გვექნებოდა.
ერთი ადამიანის ხელში როგორც ფინანსური, ისე პოლიტიკური ძალაუფლების შეკრება არის ის დიდი პრობლება, რის წინაშეც ვდგავართ და რაც ყველაზე დიდი გამოწვევაა.
საგარეო პოლიტიკის თვალსაზრისით, ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა რუსეთის მხრიდან და ოკუპაცია, რომლის პირობებშიც, რაც უნდა კარგი ხელისუფლება გვყავდეს (და არა ისეთი, როგორიც დღეს გვყავს!), მაინც ვერ ვიქნებით სრულფასოვანი სახელმწიფო, ისეთი ქვეყანა, როგორიც გვინდა, რომ გვქონდეს.
_ რადგან საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი ხარ, აქვე გკითხავ, როგორ ფიქრობ, დღევანდელი მოცემულობითა და მდგომარეობით, რამდენად რეალურია ნატოში ან ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაცია?
_ ამ თვალსაზრისით მე ძალიან ოპტიმისტურად ვარ განწყობილი.
მაქვს სალექციო კურსი _ ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის ისტორია. იქ ვასწავლი ისეთ მკაფიო მაგალითებს ოკუპირებული ტერიტორიების მქონე ქვეყნების შესახებ როგორც ნატოში, ისე ევროკავშირში ინტეგრაციისა, რომ არ მგონია, ეს იყოს ჩვენთვის შემაფერხებელი ფაქტორი ამ გზაზე.
თავად გერმანიის აღმოსავლეთ ნაწილიც კი საბჭოთა კავშირს ჰქონდა ოკუპირებული, როცა ნატოში შევიდა.
რაც შეეხება ევროკავშირში ინტეგრაციას, კვიპროსი არის ამის ყველაზე მკაფიო და უახლესი მაგალითი.
თუკი კარგად ვიმუშავებთ, მუდმივად გავაუმჯობესებთ დემოკრატიის ხარისხს, საგარეო პოლიტიკაშიც სწორი მიმართულებით წავალთ, მაშინ კარგ შედეგებსაც მივიღებთ. იმდენად დინამიკურია საერთაშორისო პოლიტიკა, რომ არავინ იცის, რა იქნება ხვალ, ამიტომ რაც ჩვენ უნდა გავაკეთოთ, მუდმივად მზადყოფნაა. ნებისმიერი მინიმალური შანსიც კი, რაც მოგვეცემა, მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ. თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ ამ ორგანიზაციების წევრობა და ამ გზაზე სიარული მხოლოდ იმიტომ კი არაა კარგი, რომ ოდესღაც ნატოს ან/და ევროკავშირის წევრი გავხდებით, არამედ ისეთ სტანდარტებს ვავითარებთ ინტეგრაციის გზაზე, როგორებიცაა დემოკრატიის მაღალი ხარისხი და ძლიერი ეკონომიკა, ადამიანის უფლებები…
ჩვენი საგარეო პოლიტიკის კურსი, რომელზეც მოსახლეობა ძალიან მყარად და დიდი ხანია აფიქსირებს თავის პოზიტიურ დამოკიდებულებას, არის ერთადერთი სწორი არჩევანი იმ მოცემულობაში, რაც საერთაშორისო პოლიტიკური თვალსაზრისით ჩვენ გარშემოა და ძალიან კონკრეტული შედეგების მომტანია ჩვენთვის.
_ ახლა ისევ შენს პერსონას რომ დავუბრუნდეთ, მოგვიყევი, როგორია შენი გრაფიკი?
_ ძალიან დატვირთული. კვირაში ექვს დღეს ვმუშაობ, რადგან სერგისთან (კაპანაძე) მუშაობა არ გახლავთ მარტივი, თუმცა არის ძალიან საინტერესო და ბევრის მომცემი, ისიც აკადემიური პერსონაა და პოლიტიკის პარალელურად სამ უნივერსიტეტშია პროფესორი. იმის გარდა, რომ მე ორ უნივერსიტეტში ვასწავლი, მასთან ერთად მაქვს საერთო პროექტები.
თსუ-ში ორმაგი დატვირთვა მაქვს, რადგან მშობლიური უნივერსიტეტია.
მხოლოდ კვირას ვისვენებ, სახლში ვარ და მაშინაც სტუდენტების ნაწერებს ვასწორებ, რომ უკმაყოფილოები არ დარჩნენ. არასდროს ყოფილა ჩემი სამუშაო ნორმირებული. ამ სემესტრში გადავწყვიტე, რომ შაბათსაც უნდა დავისვენო და რაღაც უცნაურად ვგრძნობ თავს. ზედიზედ ორი დღე დასვენება მეხამუშება.
ასევე ვარ ევროკომისიის მიერ დაფინანსებული პროექტის მენეჯერი, აქაც ყოველდღიურად ვარ ჩართული ონლაინ ან მობილურით. მიწევს ვიზიტები ევროპაშიც, პროფესორების ვიზიტების ორგანიზება ევროკავშირის ქვეყნებში და პირიქით და ა. შ. დიდი კონსორციუმია _ ევროკავშირის 4 ქვეყნის უნივერსიტეტი და 4 ქართული. ვცდილობთ, რომ აფხაზების, ქართველების, ირლანდიელების, ბრიტანელებისა და ავსტრიელების მონაწილეობით აკადემიურ სივრცეში თანამშრომლობა გავაღრმავოთ, რომ მერე შერიგებას შევუწყოთ ხელი. იმედია, ეს ყველაფერი სხვა ურთიერთობებშიც გადავა და ჩვენს ერთიანობას შეუწყობს ხელს.
_ რისთვის არ გენანება ამდენად ძვირფასი დრო?
_ მეგობრებთან ურთიერთობისთვის. ბოლო წლებია ვამბობ, რომ გამომიმუშავდა ერთგვარი მეორე სუნთქვა. როცა სამსახურში ძალიან ვიღლები და უკვე აღარ შემიძლია ფეხზე დგომა, როგორც კი შენობიდან გამოვალ, ხელახლა ვცოცხლდები, რადგან ვიცი, რომ რაღაც კარგ ამბავზე მივდივარ მეგობრებთან ერთად.
_ ამდენი საქმის მქონეს როგორ გგონია, შინაგანად რამდენი წლის ხარ?
_ გაცილებით უფრო პატარა, ვიდრე 28-ის. იმდენად სწრაფად განვითარდა ჩემი საქმიანობა, ცხოვრება, რომ ვერ მოვასწარი იმის გაკეთება, რაც სტუდენტობის დროს უნდა მეკეთებინა. მეორე კურსიდან USAD-ის პროექტში ვმუშაობდი, მერე მერიაში გავდიოდი პრაქტიკებს, არასამთავრობო ორგანიზაციებშიც ვმუშაობდი, ბევრგან მოხალისეც ვიყავი, ამიტომ ბევრი რამ გამოვტოვე. ხანდახან ჩემს თავს იმაში ვიჭერ ხოლმე, რომ სტუდენტებს ისე ვექცევი, როგორც ჯგუფელებს, მაგრამ მგონი, ორივე მხარეს მოგვწონს ეს ამბავი.
_ ვინმე გენატრება?
_ დედა, რადგან ემიგრანტია, ირლანდიაში ცხოვრობს. წელიწადში ორჯერ კი ჩავდივარ ხოლმე და კომუნიკაციაც ინტენსიური გვაქვს, მაგრამ მაინც არაა საკმარისი.
_ საქმეში რას აფასებ ყველაზე მეტად?
_ პასუხისმგებლობას. საშინლად ვერ ვიტან უპასუხისმგებლო ადამიანებს. ყველას ყველაფერი შემიძლია ვაპატიო, მაგრამ უპასუხისმგებლო დამოკიდებულებას _ ვერა.
დიდი პასუხისმგებლობის გრძნობა მაქვს. ამიტომაა, რომ ასეთი არანორმირებული გრაფიკით ვცხოვრობ. საქმის ხვალისთვის და ზეგისთვის გადადება არ შემიძლია.
_ ადამიანში რას აფასებ?
_ ერთგულებას. ჩვენს დროსა და გარემოში ეს ყველაზე დიდი გამოწვევაა ადამიანებისთვის. იმდენად მატერიალისტური გახდა დამოკიდებულებები და ურთიერთობები, რომ ვფიქრობ, ერთგულება ყველაზე დასაფასებელი თვისებაა.
_ მაქსიმალისტი ხარ?
_ კი! შეიძლება ყოველთვის არ ვაღწევდე იმას, რაც მინდა, მაგრამ იმაზე მეტს ვაღწევ, ვიდრე შესაძლებელი იყო კონკრეტულ მოცემულობაში.
ერთი ძალიან მაგარი ლექტორი მყავდა, რომელიც ახლა ჩემი მეგობარია. პირველივე ლექციაზე ჰორიზონტალურად, ერთმანეთის ზემოთ სამი წრფე დახაზა _ მინიმალური, საშუალო და მაქსიმალური და გვითხრა, _ თუ უმაღლესს, მაქსიმუმს არ დაისახავთ, საშუალოსაც კი ვერ მიაღწევთო!
მგონია, რომ თუ დაბალ ან საშუალო ნიშნულამდე მოინდომე მისვლა, მაშინ იმ მინიმალურსაც ვერ მიაღწევ, ამიტომ მუდმივად მაქსიმალურს ვისახავ და თუ ეს არ გამომდის, ეგ სტიმული უფროა ჩემთვის, ვიდრე უკმაყოფილება და ხელების ჩამოყრა.
_ რა გაღიზიანებს?
_ საკმაოდ დალაგებული ფსიქიკა მაქვს და ხშირად არ ვღიზიანდები, მაგრამ, ისევ და ისევ, უპასუხისმგებლო ადამიანები მიშლიან ნერვებს.
_ რა გაბედნიერებს?
_ ბევრი რამ. ზოგადად ვამბობ ხოლმე, რომ სულ ბედნიერი ვარ. მაბედნიერებს საქმის კარგად გაკეთება, ყველაზე მეტად კი მაინც პირადი ურთიერთობები. ადამიანები, რომლებთანაც შემიძლია მოსაზრებების გაზიარება, კამათი.
კვირა დღეს, როდესაც მარტო ვარ ხოლმე, დღის მეორე ნახევარში ისეთი უკმაყოფილების გრძნობა მაქვს, რომ ადამიანებთან კომუნიკაცია აუცილებლად მჭირდება.
_ გადაწყვეტილება, რომელიც გინანია…
_ რაიმე, რადიკალური არ მახსენდება, მაგრამ იყო რამდენიმე, რის გამოც უხერხულ სიტუაციაში აღმოვჩენილვარ. ძირითადად, დრო მიჩვენებს ხოლმე, რომ შეცდომასაც კი რაღაც პოზიტური შედეგი მოჰყვება მომავალში. ამიტომ საჭირო იყო, რომ ის შეცდომა დამეშვა.
_ რას გაძლევს ყოველი ახალი გათენებული დღე?
_ ბევრ პოზიტიურ ენერგიას და შესაძლებლობების დიდ ფანჯარას. მგონია, რომ სანამ ადამიანი ცხოვრობს, ბევრი უნდა გაიგოს და მაქსიმალურად ისწავლოს. ყოველდღიურად ბევრ ახალს ვსწავლობ და ეს ძალიან მიხარია.
_ რაზე ოცნებობ?
_ პრაქტიკული ადამიანი ვარ, ამიტომ არარეალურზე არ ვოცნებობ. შეიძლება ახლა ცოტა მიუღწევლად ჩანდეს რაიმე, მაგრამ მგონია, რომ, ზოგადად, ყველაფერი იმდენად ადამიანის შექმნილია (არასულიერი), რომ არ შეიძლება, მას რაღაც უნდოდეს და ვერ მიაღწიოს! ამიტომ ერთი და იგივეა ჩემთვის საკუთარი მიზანი და ოცნება. როცა აქტიურ კარიერას, საჯარო სამსახურს მოვრჩები, მინდა შედეგად დარჩეს ის, რომ ერთი ევროპული, ძალიან მაგარი კამპუსი ავაშენო, სადაც საერთაშორისო ურთიერთობების სკოლა იქნება. ის არ განთავსდება თბილისში. წარმოდგენილიც მაქვს, სად იქნება. ეს ყველაფერი თსუ-ს ფარგლებში, მაგრამ ცალკე ერთეული. საზღვარგარეთ ვიზიტების დროს დიდ ინსპირაციას ვიღებ ხოლმე. ავსტრიაში ინსბრუკის უნივერსიტეტია და ალპებში აქვთ მშვიდობის კვლევების ინსტიტუტი _ იქ სწავლა, მგონია, რომ ძალიან დიდი ბედნიერება იქნება. მინდა, მსგავსი რამ იყოს ყველაზე დიდი შედეგი, რასაც აკადემიური სივრცისთვის გავაკეთებ.
პირად ცხოვრებაში კი ვოცნებობ, რომ როცა პენსიაზე გავალ, სოფელში წავიდე საცხოვრებლად და იმ დროისთვის ჩვენი სოფლები იყოს ისეთი დონის, როგორც შვეიცარიასა და ავსტრიაში. მქონდეს სოფლის სახლი და პატარა ვენახი.
_ როგორ გგონია, ვინმეს ჰგავხარ?
_ არა, ყველა ადამიანი ინდივიდუალურია და საკუთარი თავის ვიღაცისთვის მიმსგავსებით მგონია. რომ საზღვრებში შეიძლება ჩაიკეტო. გინდა, არ გინდა, ფსქოლოგიურად დაემსგავსო მას. მყავს ადამიანები რომლებისგანაც შეიძლება მაგალითი ავიღო, მაგრამ კერპი და მისაბაძი _ არა.
_ რას გულისხმობს შენთვის ცნება თავისუფლება?
_ ეს ყველაზე დიდი რამაა, რაც ადამიანს აქვს. ჩემთვის ეს არის პროცესი, როცა თვითონ წყვეტ, ვინ გინდა იყო, როგორ გინდა ცხოვრობდე _ თუ პიროვნულ დონეზე ვსაუბრობთ; ხოლო ჯგუფურ ან სახელმწიფო დონეზე ნიშნავს, რომ ჯგუფი თავად წყვეტდეს, როგორ იცხოვროს და საით წავიდეს. თავისუფლებაა, იცხოვრო ისე, როგორც გინდა, მაგრამ პატივს სცემდე სხვებსაც. მე საკმაოდ თავისუფლალი ვარ, მაგრამ არა ბოლომდე. ბოლომდე თავისუფალი ადამიანების არსებობის არ მჯერა, მხოლოდ არაადეკვატურები არიან ბოლომდე თავისუფლები.
რაც შეეხება სახელმწიფოს, არ გვაქვს თავისუფალი და ვერც გვექნება მანამ, სანამ ტერიტორიებს არ დავიბრუნებთ. ევროკავშირშიც და ნატოშიც აუცილებლად შევალთ, გვექნება დემოკრატიული საზოგადოება, მაგრამ თანამედროვე სამყაროში შეუძლებელია, სრული თავისუფლება არსებობდეს. იმდენად გადაჯაჭვულები არიან სახელმწიფოები ერთმანეთთან, იქნება ეს პოლიტიკური თუ ადამიანური კავშირები, რომ შეუძლებელია, სრულიად თავისუფალ სახელმწიფოზე ისაუბრო.
_ შანსი რომ გქონდეს, რას გამოასწორებდი?
_ მთავარი მიზანი და ამოცანა არის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა. როგორც ვთქვი, ამის გარეშე შეუძლებელია სრულფასოვან სახელმწიფოზე საუბარი. თუ სუვერენიტეტია დარღვეული, სახელმწიფოს არსებობის ერთ-ერთი მთავარი პრინციპი ირღვევა, ამიტომ ეს არის ის, რისთვისაც ყოველდღე ყველა რაღაცას უნდა ვაკეთებდეთ. ყველა პასუხისმგებლობით უნდა ვაკეთებდეთ ჩვენს საქმეს. მე არ მივეკუთვნები იმ ადამიანების კატეგორიას, რომლებიც ფიქრობენ, რომ გამოუსწორებელ მდგომარეობაში ვართ და არაფერი გვეშველება. თუ გადავხედავთ უახლოეს წარსულს, ჯერ სულ რაღაც 30 წელია, რაც დამოუკიდებლები ვართ და უკვე ძალიან ბევრს მივაღწიეთ. შეიძლება რაღაცების უფრო სწრაფად გაკეთება, რაც ამ ბოლო წლებში განსაკუთრებით შენელებულია, თუმცა ბევრი წარმატება და წინსვლა გვაქვს. მჯერა, რომ ახალ თაობასთან ერთად სახელმწიფოც უფრო წინ წავა.
_ ვინ არის ნამდვილი კონსტანტინე შუბითიძე?
_ ძალიან შრომისმოყვარე ადამიანი, რომელსაც სჯერა კონკრეტული იდეების და თავისი რწმენისთვის ყველაფერს აკეთებს.
_ რისი გჯერა?
_ ადამიანების და იმის, რომ მას შესწევს ყველაფრის უნარი და თუ ძალიან მოინდომებ, ყველაფერი გამოგივა.
_ შანსი რომ გქონდეს, სად და რომელ ქვეყანაში დაიბადებოდი?
_ მიფიქრია მაგაზე, თუ რა კარგი იქნებოდა, დავბადებულიყავი ავსტრიაში, შვეიცარიაში, სადაც ძალიან კარგადაა აწყობილი სისტემა, მაგრამ მერე რომ მოვბრუნდები, იმდენად მომწონს ჩემი ცხოვრება, რომ ვერ წარმომიდგენია ისეთი დალაგებული და წყნარი გარემო, რომელიც ევროპის ბევრ ქვეყანაშია. ისინი ძალიან მომწონს, მაგრამ მხოლოდ სანახავად. შეიძლება ნახევარი ან ერთი წელი მეცხოვრა იქ, მაგრამ ისეთი საოცარი ერი ვართ _ თან ცოტათი გაუტანლები, თან როცა გვჭირდება, ერთად ვდგავართ, ეს არის რაღაც უნიკალური და საინტერესო ამბავი!
ამასთან, ვისაც საზოგადოებრივი აქტივობები აინტერესებს, ძალიან საინტერესო, გარდამავალ პერიოდში ვცხვრობთ, შეგვიძლია ყველამ ჩვენი მნიშვნელოვანი წვლილი შევიტანოთ, რაც არ შეუძლიათ, იგივე, შვეიცარიელებს, ავსტრიელებს, ვისაც უკვე დახვდა ძალიან მაგარი ქვეყანა და უბრალოდ უნდა გაუფრთხილდნენ მას. ჩვენ შეგვიძლია ძალიან მაგარი ქვეყანა ავაშენოთ ან, მინიმუმ, გარემო მაინც შევქმნათ უკეთესი ცხოვრებისთვის.

_ რა გაძლევს საქართველოს უკეთესი დღის იმედს?
_ უკეთესი დღის იმედს მეგობრები, გარშემომყოფები და ის სტუდენტები მაძლევენ, რომლებთანაც ურთიერთობა მაქვს. იმდენად მოტივირებულები, საკუთარ თავში დარწმუნებულები და რაც მთავარია, სწორი ღირებულებების მატარებლები არიან, რომ ზუსტად ვიცი, აღარ დავუშვებთ ვიღაცის გალიაში მოქცევას. არ შევეგუებით უვარგის ქვეყანაში ცხოვრებას, ასე მგონია და ამის რომ არ მჯეროდეს, ამ ქყვენიდან წავიდოდი.
სტუდენტებს სულ ვეუბნები ხოლმე, შეიძლება საუკეთესო არ იყო ყველაფერში, მეტიც, მეორე ან მესამე იყო, განსაკუთრებული ნიჭი არ გქონდეს, მაგრამ მთავარი ყოველთვის მონდომება და შრომისმოყვარეობაა. თუ მოინდომებ და ბევრს იშრომებ, შეიძლება შენზე ბევრად უკეთესები ჩამოიტოვო უკან და მიაღწიო რაღაცას, რასაც სხვებმა ვერ მიაღწიეს. ასეა სახელმწიფო დონეზეც. ბევრად უკეთეს მდგომარეობაში მყოფ ქვეყნებს (გეოპოლიტიკურად ან ეკონომიკურად, უკეთესი მეზობლების მქონეთ) შეიძლება დავეწიოთ და გავასწროთ კიდეც, თუ ბევრს ვიშრომებთ და მოვინდომებთ.
მე არასდროს ვყოფილვარ განსაკუთრებულად გამორჩეული არც სკოლაში, არც უნივერსიტეტში. ბევრად უფრო ძლიერი ბავშვები იყვნენ ჩემ გარშემო, მაგრამ ძალიან მონდომებული და შრომისმოყვარე ვიყავი, ზუსტად ვიცოდი, რა მინდოდა. შეიძლება იმ კონკრეტულ მომენტში ვიღაცას ჩემზე მეტი შედეგი ჰქონოდა, მაგრამ, საბოლოო ჯამში, არანაკლებ წარმატებას მეც მივაღწიე, თუ უფრო მეტს არა!
ამიტომ მთავარია, მოინდომო და იშრომო.
_ გაქვს რაიმე გზავნილი საზოგადოებისთვის?
_ ყველამ ჩვენი საქმე უნდა ვაკეთოთ ისე, როგორც შეგვიძლია და თუ ძალიან დიდი პასუხისმგებლობით მივუდგებით იმას, რასაც ვაკეთებთ (არ აქვს მნიშვნელობა, ვინ მასწავლებელია, მცხობელი, სამხედრო…), თუკი ყველა პრინციპულები ვიქნებით, ჩვენც უკეთ ვიცხოვრებთ, ჩვენ გარშემოც უკეთესი ვითარება იქნება და ქვეყანაც წინ წავა. ეს არის მთავარი!

ნინო ტაბაღუა