ისტორიის უცნობი ქრონიკა: 1918 წლის ოქტომბერი

გაგრძელება. დასაწყისი იხ. „ქრონიკა+“ ##3-27;29.

1918 წლის ოქტომბერში პირველი მსოფლიო ომის მსვლელობაში ძირეული გარდატეხა მოხდა. ცენტრალური სახელმწიფოების სამხედრო ბლოკი, რომელშიც გერმანია, ავსტრო-უნგრეთი, ოსმალეთი და ბულგარეთი შედიოდნენ, დამარცხების პირას აღმოჩნდა. ზაფხულიდან მოყოლებული გერმანიამ და მისმა მოკავშირეებმა ფრონტზე მძიმე მარცხი განიცადა. ამას თან დაერთო გერმანიაში დაწყებული შიდა არეულობა და რევოლუციური გამოსვლები, რის შედეგადაც კაიზერი გადადგა. ქვეყანა შიდა არეულობამ მოიცვა. მსხვილ ქალაქებში ჯარისკაცთა და მუშათა საბჭოები აღმოცენდა. მასობრივი გამოსვლები დაიწყო მიუნხენსა და ბერლინში.

გერმანული ჯარების გასვლის სამზადისი

თავისთავად ცხადია, რომ გერმანიის სავალალო მდგომარეობა საქართველოში მყოფ გერმანულ სამხედრო მისიაზეც აისახა. 1918 წლის 26 ოქტომბერს გაზეთმა „საქართველომ“ გერმანული მისიის თანამშრომელთან, პროფესორ ცუგმაიერთან ინტერვიუ გამოაქვეყნა, რომელიც საქართველოში განლაგებული გერმანული ნაწილების ევაკუაციას ეხებოდა: „გერმანელ დელეგაციამ საქართველოში ბრძანება მიიღო ბერლინიდან საგარეო სამინისტროდან და ლუდენდორფიდან, რომ საქართველოში მყოფი გერმანული ჯარების ნახევარი ნაწილი დაუყოვნებლივ დაბრუნებულ იქმნას გერმანიაში. რაც შეეხება მეორე ნაწილს, ამის შესახებ განკარგულება ცალკე იქნება.
ჩვენს შეკითხვაზედ, თუ რითია გამოწვეული ჯარების ასეთი მოულოდნელი გაწვევა, ბატონმა ცუგმაიერმა ბრძანა, რომ დელეგაციას ოფიციალურად არავითარი განმარტება ამ მოკლე ბრძანებისა არ მიუღია, მაგრამ კერძოდ ჰფიქრობს, რომ უნდა იყოს ორი მიზეზი: ერთი _ შესაძლებელობა ამ ჯარების გერმანიისაგან მოწყვეტისა და მეორე _ პოლიტიკური მოსაზრება, დამყარებული იმ საზავო მოლაპარაკებასთან, რომელსაც გერმანია აწარმოებს სახელმწიფოებთან.
საქართველოს მთავრობის თხოვნით ღენერალ ფონ კრესსმა დეპეშით, შუამდგომლობით მიმართა გერმანიის მთავრობას, რომ ჯარები აქედან გაწვეულნი არ იქმნენ და ამ შუამდგომლობის პასუხი ამ 2-3 დღეში მოვა, ამ დრომდე მაინც ჯარების გაგზავნა ვერ მოხერხდება, რადგან დიდი წინასწარი მზადებაა საჭირო, რომელიც 4 დღეს აუცილებლად გასტანს. შესაძლებელია, ჩვენი მთავრობა დასთანხმდეს _ დასტოვოს აქ მეორე ნახევარი მაინც, ყოველ შემთხვევაში, დიპლომატიური წარმომადგენლობა აუცილებლად დარჩება“.
საქართველოდან გერმანული ჯარების მოსალოდნელი გასვლა ახალგაზრდა ქართული სახელწიფოსთვის უდიდესი დარტყმა იყო. გერმანია საქართველოს დამოუკიდებლობისა და საგარეო უსაფრთხოების ყველაზე მნიშვნელოვანი გარანტი გახლდათ. სწორედ გერმანიის მეშვეობით მოხერხდა ქვეყნის დამოუკიდებლობის გამოცხადება და ოსმალთა აგრესიის შეკავება. რაიხსჰერის ნაწილების გასვლის შემდეგ კი როგორ განვითარდებოდა მოვლენები კავკასიის რეგიონში არავინ იცოდა.
ამ განწყობას კარგად გამოხატავს 29 ოქტომბრის ნომერში გამოქვეყნებული წერილი: „გერმანიის ჯარის მიერ საქართველოს მოსალოდნელ დატოვებამ გულწრფელად დააღონა ყოველი ქართველი. ხუთი თვის წინად მოვიდნენ აქ… მაგრამ მოვიდნენ არა როგორც დამპყრობელნი და გამარჯვებულნი. ისინი მოვიდნენ საქართველოს დემოკრატიის ძახილზე. მოვიდნენ ისინი ორი ვალდებულებით: დაეცვათ მტრის შემოსევისაგან საქართველოს რესპუბლიკა და არ გარეულიყვნენ მის შინაურ საქმეებში.
ორივ ვალდებულება მათ აღასრულეს. ოსმალეთის მიერ გამოწვდილი დანა აგვაშორა გერმანიამ. ხუთი თვის განმავლობაში გერმანელების ხიშტები იცავდნენ საქართველოს საზღვრებს… ქართველი ხალხი დაამოწმებს, რომ გერმანიამ აღასრულა პაწია საქართველოს მიმართ დაკისრებული ვალდებულებანი და მისი ისტორიის განწირვის ჟამს იხსნა იგი დაღუპვისაგან და ოსმალეთის მონობისაგან“.

თურქული არმიის ევაკუაციის დასაწყისი

გერმანიის პარალელურად, კავკასიის რეგიონს ტოვებდნენ მისი მოკავშირე ოსმალებიც. თუ გერმანიის გასვლას ჩვენი ქვეყანა მწუხარებით შეხვდა, თურქების შემთხვევაში ყველაფერი პირიქით იყო. ოსმალებს უნდა დაეტოვებინათ 1918 წლის მარტში ბოლშევიკურ ხელისუფლებასთან გაფორმებული ბრესტ-ლიტოვსკის ზავის შედეგად მიკუთვნებული ტერიტორიები და ის რაიონები, რომელიც თურქებმა დამატებით მიიტაცეს. ოსმალებს ბათუმის ოლქი, ახალციხისა და ახალქალაქის მაზრები უნდა დაეცალათ. თურქულმა ჯარებმა კავკასიის რეგიონიდან ეტაპობრივი გასვლა ოქტომბრის დასაწყისში დაიწყეს. როგორც გაზეთი „საქართველო“ 18 ოქტომბრის ნომერში იუწყება, ოსმალთა ჯარის ნაწილები ნელ-ნელა ლორეს ტოვებდნენ. გასასვლელად ემზადებოდნენ ბათუმიდანაც. 25 ოქტომბრის ნომერში გამოქვეყნებულია ვრცელი რეპორტაჟი, თუ რა ვითარება იყო აჭარის დედაქალაქში: „ქალაქში ეხლა ისეთი სიწყნარეა, რომ საღამოთი ვერც კი შეატყობთ თუ ვინმე სცხოვრობს იქ. 9 საათიდან ქუჩაში გამოსვლა მხოლოდ განსაკუთრებული ნებართვით შეიძლება, რომლის აღება ძალიან ძნელია, ხოლო 12 საათიდან კი მოძრაობა სრულიად აკრძალულია და ურჩებს სასტიკად სჯიან. ქალაქში წესრიგს ასკერები იცავენ. ოსმალები უკანასკნელ ხანებში როგორღაც დაბნეულნი სჩანან; ჯგუფდებიან ქუჩებში, ცხარედ კამათობენ, რაც უწინ მათ არ სჩვევიათ და მცხოვრებლებთან დიდ თავაზიანობას იჩენენ. ამ დღეებში ასეთ ფაქტს ჰქონდა ადგილი: უეცრად ღამით გემები ჯარით დატვირთეს და ნავთსადგურიდან მოხსნეს. მცხოვრებლები ძალიან დაშინდნენ, რადგან ქალაქი უგარნიზონოდ დარჩა და ყაჩაღების დაცემა მოსალოდნელი გახდა, მაგრამ დილით ადერბაიჯანიდან მოვიდნენ ახალი ნაწილები. ქალაქიდან ყველაფერი გააქვთ და თუ სულ მოუხდათ წასვლა, შესაძლებელია სრულებით არაფერი დასტოვონ“.
ამავე რეპორტაჟში მოცემულია ის სასჯელის მეთოდები, რომელსაც ოსმალები იყენებდნენ ბოროტმოქმედების წინააღმდეგ. როგორც ირკვევა, ყველაზე ხშირად დამნაშავის დასასჯელად ოსმალები ბათუმში გაროზგვას მიმართავდნენ. დაიჭირეს ქურდი ქალი, რომელმაც ხალიჩა მოიპარა. იგი მოედანზე გააწვინეს და 31 როზგი _ „ოთუს-ბირა“ დაჰკრეს. რომელიღაც გამვლელს ქალი შეეცოდა და მას გამოექომაგა. ოსმალებმა ქურდი შეიწყალეს, მაგრამ რაც დამნაშავეს 31 წკეპლამდე დააკლდა, მის მოსარჩელეს დაუმატეს.
აქვე მოცემულია ოსმალთა მიერ ქალაქის მართვის სხვა წესებიც. ოსმალთა დეპეშათა სააგენტოს ბიულეტის გარდა, რომელიც ოსმალურ და რუსულ ენაზე გამოდიოდა, თურქებმა ქალაქში ყველა სხვა გაზეთის დაბეჭდვა აკრძალეს. აჭარის ტერიტორიაზე შესვლა, ისევე როგორც გამოსვლა, ნებადართული იყო მხოლოდ სპეციალური საშვების მეშვეობით. თურქებმა დახურეს ყველა სასწავლებელი და მათ გახსნას მხოლოდ იმ შემთხვევაში თანხმდებოდნენ, თუ სკოლა თურქული ენის სავალდებულო სწავლას შემოიღებდა. ქართველებს სხვა ეროვნების მოქალაქეებთან შედარებით ცოტა უფრო თავაზიანად ეპყრობოდნენ, მაგრამ ყველაზე მეტად რუსებს სწყალობდნენ. იმ რუს სამხედროებს, ვინც პენსიას რუსეთის მთავრობისგან იღებდა, ოსმალები თავადაც უხდიდნენ ფულს და პურის ფქვილითაც ამარაგებდნენ.
ბათუმის გარდა ოქტომბერში თურქები საქართველო-სომხეთის საზღვარზე მდებარე ბამბაკის რაიონის დაცლასაც შეუდგნენ. რკინიგზაზე ჯერ კიდევ ოსმალთა პატრული იყო, მაგრამ ევაკუაცია უკვე მთელი ძალით მიმდინარეობდა. თურქებს მიჰქონდათ ყველაფერი, რისი წაღებაც შეეძლოთ. იგივე ვითარება იყო გიუმრის ოლქში,
თუმცა ოსმალთა გასვლას საქართველოს კიდევ ერთი კონფლიქტის გაღვივებად შეიძლებოდა დაჯდომოდა. გაზეთი „საქართველო“ 19 ოქტომბრის ნომერში, სომხურ გაზეთ „ჰორიზონტზე“ დაყრდნობით იუწყება, რომ ოსმალეთის წარმომადგენელმა უკვე შეატყობინა სომხეთის მთავრობას, რომ მას შეეძლო ბამბაკის დაკავება. ანუ სხვანაირად რომ ვთქვათ, საქართველოს ისტორიულ პროვინციას თურქი სომხეთს აძლევდა.
გაზეთი „საქართველო“. 1918 წლის 18 ოქტომბერი: „ბაბმაკი და აბოცი ჩვენი სამხრეთის დარიალია. ამ რაიონში იხლართება სამხრეთიდან საქართველოში მომავალი გზები: 1. აღსტაფა-დელიჟანი; 2. ერევანი-ყარაქილისი-ჯელალ-ოღლი; 3. გუმბრი-ჯელალ-ოღლი და 4. გუმბრი-ვორონცოვკა. ვისაც ხელში აქვს ეს კვანძი გზებისა, საქართველოს ბედი და კარებიც იმისია. ხიფათის დროს მას ეძლევა უდიდესი უპირატესობა… როცა საქართველოს მაგრა ედგა ფეხი ყაზახ-ბამბაკზე, თვისი სამხრეთის ნახევარი და დედა-ქალაქიც მტკიცედ ჰქონდა შენახული, ხოლო როცა ეს კარები ღია რჩებოდა, საქართველოს ბედი სწყდებოდა კრწანისსა, სამშვილდესა და ხრამის ნაპირებზე, ესე იგი თბილისის გვერდით.
როგორ მოხდა ეხლა, რომ სამხრეთის დარიალს, ქართლ-კახეთისა და თბილისის გასაღებს სომხეთს აძლევენ? რათა სდუმს ამ საქმეში ჩვენი მთავრობა, რომელსაც მთელი თავისი ენერგია ენაზე დაუგროვებია? ეს ესმის თუ არა მას, რომ იმ გასაღებს, რომელსაც სომხეთი ფარულად იდებს ჯიბეში, საქართველოსთვის საბედისწერო მნიშვნელობა აქვს?“

სომხეთთან შეიარაღებული კონფლიქტის დასაწყისი

გაზეთის ეს შეშფოთება სულ მალე გამართლდა. ვითარება 19 ოქტომბერს დაიძაბა, როდესაც სანაინის მახლობლად სომხეთის რეგულარული არმიის ნაწილებმა საქართველოს საზღვარი გადმოკვეთა და იმ ტერიტორიის დაკავებას შეუდგა, რომელიც მათ თურქეთმა გადაულოცა.
1918 წლის 25 ოქტომბრის ნომერში გაზეთი „საქართველო“ მთავრობის მიერ გავრცელებულ ოფიციალურ ცნობას აქვეყნებს, სადაც დეტალურად არის გადმოცემული კონფლიქტის მიმდინარეობა. როგორც ამ ცნობიდან ჩანს 19 ოქტომბერს მთავრობამ მიიღო შეტყობინება, რომ სომხეთის რეგულარული არმიის ნაწილებმა ბორჩალოს მაზრაში სოფელ ქობერთან სასაზღვრო ხიდი გადმოკვეთა და სანაინის ახლო მდებარე ტერიტორია დაიკავა. იქ მდგარი გერმანული სამხედრო ნაწილის ხელმძღვანელის მოთხოვნის მიუხედავად, სომხებმა უკან არ დაიხიეს და საქართველოს სიღრმეში წინსვლა განაგრძეს.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა იმავე დღეს სომხეთის დიპლომატიურ წარმომადგენელს საქართველოში, ჯამალიანს საპროტესტო ნოტა გადასცა, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ ჩვენი მთავრობა მზად იყო, მშვიდობიანი გზით გადაეწყვიტა სასაზღვრო საკითხი, მაგრამ სანამ ეს შეთანხმება მიღწეული არ იყო, საქართველოს ტერიტორიაზე სომხური ჯარის შემოსვლას მტრულ აქტად განიხილავდა.
ამის საპასუხოდ სომხეთის დიპლომატიურმა წარმომადგენელმა ჯამალიანმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ამხანაგთან შეხვედრისას განაცხადა, რომ ბორჩალოს მაზრის სადავო ტერიტორიის დაკავებას სომხეთის ჯარი ოსმალეთის მთავრობასთან შეთანხმებით ახორციელებდა.
საქართველოს მთავრობის დადგენილებით, სამხედრო მინისტრს საქართველოს საზღვრების დაცვა დაევალა. ვალიკო გოგუაძის ხელმძღვანელობით სანაინში ჯავშანმატარებელი გაიგზავნა. მკაცრი ულტიმატუმის შემდეგ სომხებმა პირობა დადეს, რომ საქართველოს ტერიტორიას დატოვებდნენ, მაგრამ შემდეგ პირობა დაარღვიეს.
გაზეთი „საქართველო“. 1918 წლის 25 ოქტომბერი. მთავრობის ოფიციალური ინფორმაცია: „ღვინობისთვის 23-ს სომხეთის მთავრობის თავმჯდომარის კაჩაზნუნისაგან მიღებულ იქნა დეპეშა, რომელშიაც გვაცნობებდა, რომ ქართულ ჯარის უფროსმა ულტიმატუმი წარუდგინა სომხებს სადგურ შაგალის დაცლის შესახებ, რომ სომხურ რაზმს ნაბრძანები აქვს, არ დასცალოს ეს სადგური, _ გვთხოვდა, ქართული ჯარი დაგვეკავებია იმ ადგილებზე, რომელიც მას დღეს უჭირავს, ხოლო საზღვრების საკითხი მშვიდობიანის გზით იქნეს გადაწყვეტილი. ამის საპასუხოდ მთავრობის თავმჯდომარის მაგივრად, სამხედრო მინისტრმა იმავე დღეს შეატყობინა კაჩაზნუნს, რომ საქართველოს მთავრობა თანახმაა, მშვიდობიანი გზით შეთანხმების დამყარებაზე, რის საკითხიც თვით წამოაყენა მან და რომ ამ საშუალებით საზღვრების საკითხის გადაწყვეტამდე ქართულ ჯარს ნაბრძანები აქვს, იმ ხაზზე დარჩეს, რომელიც მას უკავია და სამხედრო მოქმედება არ დაიწყოს.
მიუხედავად ამისა, იმავე დღეს, საღამოთი, საქართველოს მთავრობამ მიიღო ახალი ცნობა, რომ სომხურმა ჯარმა ქარინჯის დაცლა მოითხოვა და ამის შემდეგ ძალით დაიპყრეს ახალი ხაზი: ქარინჯ-წათერნი, რითაც აიძულეს გერმანელთა სადარაჯო, უკან წამოსულიყო იქიდან. შექმნილ მდგომარეობის განხილვის შემდეგ, საქართველოს მთავრობამ დაავალა საგარეო საქმეთა მინისტრს, აცნობოს სომხეთის დიპლომატიურ წარმომადგენელ ჯამალიანს, რომ თუ სომხური ნაწილები ეხლავე არ დასცლიან დაუყოვნებლივ იმ ადგილებს, რომლებიც ოსმალთა წასვლამდე ჩვენ გვეჭირა, ქარინჯ-წათერნ მდინარე კამენკას ხაზითურთ ან შემდეგ დაიპყრობენ ტერიტორიის რომელიმე ნაწილს თბილისის გუბერნიაში, მაშინ საქართველოს მთავრობა ამას ჩასთვლის სომხების მხრით სამხედრო მოქმედების დაწყებად“.
შექმნილ საგანგაშო მდგომარეობის გამო 26 ოქტომბერს საღამოს რვის ნახევარზე, საქართველოს პარლამენტის საგანგებო თათბირი გაიმართა, რომელსაც ექვთიმე თაყაიშვილი თავმჯდომარეობდა. თათბირზე სპეციალური მოხსენება გააკეთეს საგარეო საქმეთა მინისტრმა ნოე რამიშვილმა და სამხედრო მინისტრმა გრიგოლ გიორგაძემ. როგორც რამიშვილის სიტყვიდან ირკვევა, საქართველოს ხელისუფლება უკან დახევას არ აპირებდა და რადიკალური ზომების მიღებასაც არ გამორიცხავდა, თუ სომხეთის ჯარი უკანონოდ დაკავებულ საქართველოს ტერიტორიას დროულად არ დაცლიდა. მანვე აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლების საპროტესტო ნოტის საპასუხოდ, სომხეთის ხელისუფლებისგან მკაფიო პასუხი ჯერ არ მიუღია. მთავრობამ ბორჩალოს მაზრაში სამხედრო მდგომარეობის გამოცხადება გადაწყვიტა და ლორეს რაიონისკენ რკინიგზის მოძრაობა შეაჩერა. გარდა ამისა, საქართველოს ხელისუფლებამ გასცა განკარგულება, რათა სახელმწიფო ბანკს შეეწყვიტა სომხეთისთვის განკუთვნილი ფულადი ნიშნების _ ბონების გაცემა.
29 ოქტომბრის გაზეთი კი უკვე სანაინის მიდამოებში საქართველოსა და სომხეთის შეიარაღებულ შეტაკებაზე აქვეყნებს ცნობას. გაზეთი გენერალ წულუკიძის მიერ საქართველოს სამხედრო მინისტრის სახელზე გამოგზავნილ შემდეგ საგანგებო დეპეშას ბეჭდავს, სადაც ბრძოლის დეტალებია გადმოცემული: „ღვინობისთვის 26-ს ჩემი ბრძანებით, ჯავშნიამა მატარებელმა #4-მა სროლა აუტეხა ბრბოებს, რომელთაც ეჭირათ ქორინჯის პირდაპირ მაღლობები. ჯავშნიანმა მატარებელმა ბრბოები გაჰფანტა. ქორინჯის პირდაპირ მდგომ ჩვენს ჯარს ებრძანა ამ სოფლის დაჭერა. სროლაში მონაწილე ჩვენი ჯარი მე-118 ვერსზე იდგა. სროლის დროს დაიჭრა ჯავშნიან მატარებლის არტილერისტი ჯორბენაძე და ცხენოსან ასეულის ჯარისკაცი გურჯალიანი.
დღის 7 საათზე და 30 წუთს სამხედრო მოქმედება შესწყდა. მდგომარეობის გამოკვლევის შემდეგ სომეხთა დელეგაციის ერთი ნაწილი გაემგზავრა კარაკლისში, სადაც იმყოფებოდა სომეხთა რაზმის უფროსი დრო. ვინაიდან დრო ავად იყო, ხიდთან ნეიტრალურ ნაწილზე მოვიდა პოლკოვნიკი კარელკოვი, რომელიც მეთაურობს სომხის ჯარს ქორინჯიდან რკინის გზამდე. კარელკოვმა გამოგზავნა სასწრაფო დეპეშის ასლი ღვინობისთვის 26-ს ხელმოწერილი, სადაც ნათქვამი იყო, რომ ქორინჯი და წათერნი ქართველი ჯარისთვის გადაეცა და შეეტყობინებინათ მათ უფროსებისთვის ეს ამბავი. ამ დეპეშის მიღების შემდეგ მე ბრძანება გავეცი, ყოველივე მტრული მოქმედება შეეწყვიტათ ჩვენებს და დაეჭირათ ქორინჯი და წათერნი, სადაც გავგზავნე 15 ჯარისკაცი და 2 ოფიცერი. მოვალედ ვსთვლი ჩემს თავს გაცნობოთ, ცხენოსანთა ასეულის კორნეტის კორძაიას და ჯავშნოსან მატარებლის ყველა წევრთა ვაჟკაცობა ხუხუნაშვილის მეთაურობით“.
ლორეს რაიონში შექმნილი საომარი ვითარების გამო საქართველოს ხელისუფლებამ ამ რეგიონში სომეხი დევნილების განსახლების შეწყვეტის განკარგულება გამოსცა. ქართული მთავრობის ამ ნაბიჯმა სომხების მწვავე პროტესტი გამოიწვია. სომხეთის რესპუბლიკის რწმუნებულმა ჯამალიანმა საქართველოს რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს განუცხადა, რომ სომხეთი ლორეს რაიონს საქართველოს ტერიტორიად არ მიიჩნევს და აქედან გამომდინარე არ ცნობს საქართველოს ხელისუფლების მიერ შემოღებულ შეზღუდვას, ლორეში სომეხი ლტოლვილების დასახლების აკრძალვასთან დაკავშირებით. განცხადებაში აგრეთვე აღნიშნული იყო, რომ თუ საქართველოს ხელისუფლება ამ გადაწყვეტილებას არ შეცვლიდა, სომხეთის მთავრობა ამას ჩათვლიდა ძალადობის აქტად.

მდგომარეობა თბილისში

1920 წლის ოქტომბერში გაზეთმა „საქართველომ“ სტატიების მთელი სერია მიუძღვნა საქართველოს დედაქალაქში შექმნილ მძიმე მდგომარეობას. ამ წერილების მთავარი გზავნილი ის გახლდათ, რომ თბილისში ცხოვრების აუტანელი ვითარება იყო შექმნილი, სადაც მოსახლეობა შიმშილის ზღვარზე იმყოფებოდა, უამრავი დევნილი და ყაჩაღი აწუხებდა, სიბინძურე ახრჩობდა, უშუქოდ და უწყლოდ არსებობდა და ამას დამატებული გადამდები დაავადებებით იტანჯებოდა. სხვანაირად რომ ვთქვათ, გაზეთი ერთგვარი აპოკალიფსის სურათს ხატავდა. უნდა გავითვალისწინოთ, რომ გაზეთი „საქართველო“ ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ბეჭდვითი ორგანო გახლდათ და ამიტომ ხელისუფლებაში მყოფ სოციალ-დემოკრატიულ პარტიას დაუნდობლად აკრიტიკებდა, თუმცა ისიც აღსანიშნავია, რომ დედაქალაქში მდგომარეობა მართლაც უმძიმესი იყო და ამ წერილში მოყვანილი ფაქტების გამოგონება, უბრალოდ, შეუძლებელი იქნებოდა.
გაზეთი „საქართველო“. 1918 წლის 4 ოქტომბერი: „თბილისის ეკონომიკური მდგომარეობა პოლიტიკურზედ არა ნაკლებ სახიფათოა მთელ საქართველოსთვის. ეს მდგომარეობა დღითი-დღე უფრო რთულდება და კატასტროფულ ხასიათს ღებულობს. ქალაქის მეურნეობის ყოველივე დარგში დიდი არევ-დარევა ჰსუფევს. რა თქმა უნდა ახალი არაფერი კეთდება, მაგრამ სავალალო ის არის, რომ რაც ამდენ ხანს გაკეთებულა, ისიც ფუჭდება და ხელიდან გვეცლება. მცხოვრებთა ფართო მასსები განიცდიან გამოუთქმელ გაჭირვებას, ცხოვრება საოცარის სისწრაფით ძვირდება, ღარიბი ხალხი და ინტელიგენტური ძალები შიმშილის კარამდის არიან მისული და ხსნა და იმედი არსაიდან არა სჩანს…
ფუნიკულერი კარგა ხანია აღარ მოქმედობს, ტრამვაი აქამდის ბოგინობდა, ორიოდე დღის წინ კი სრულებით შეჩერდა. კიდეც რომ იშოვნონ მაზუთი და აამოძრაონ, ეს დროებით იქნება, რადგანაც ტრამვაის ყოველივე მოწყობილობა ისე გაფუჭდა და გაცვდა, ვაგონები დაიმსხვრა, ლიანდაგიც ჩაიზნიქა, რომ წესიერი მოძრაობის აღდგენა დიდხანს შეუძლებელი იქნება.
ეს ბედი მოელის ელექტრონის სადგურსაც. ელექტრონის ხმარება შეზღუდეს და დღითი-დღე ამცირებენ, რომ ერთ თვეს კიდევ ვისარგებლოთ და თანდათანობით შევეჩვიოთ სიბნელის დამყარებას ქუჩებში და სახლებში.
ქალაქის დიდებული სასაკლაო სიბინძურის მორევად გადაიქცა. შედარებით გვარიანად მოწყობილ კანალიზაციას ვეღარ ვუვლით, ვაფართოვებთ და ქალაქის განაპირა კუთხეები წუმპეში და უსუფთაობაში იხრჩობიან. წყლის მილი გვღალატობს. წყალი ამ ზაფხულში, რასაკვირველია, არ გვყოფნიდა, მაგრამ მოსალოდნელია ზამთარში სულ უწყლოდ დავრჩეთ, რადგანაც უვარგისი მაგისტრალი გასკდა და ჯერ გამორკვეული არ არის, შევძლებთ თუ არა მის შეკეთებას. ქალაქის ბაღები ამ ზაფხულში ჩაგვიხმა და მათ მობრუნებას დიდი მოვლა დასჭირდება.
საავადმყოფოები, მიუხედავად იმისა, რომ ქალაქის განკარგულებაში უთვალავი წამალი და სასანიტარო ნივთები დარჩა, მაინც გაჭირვებას განიცდიან, რადგანაც საკმაო წამლები არ აქვთ და აღარც სანიტარული მოწყობილობა. ეგრედ წოდებული „ალექსანდროვის“ საავადმყოფო ამ დღეებში სულ დაიკეტა, ალბათ მალე ჯერი სხვებზედაც მისდგება. ეპიდემიები თბილისში ვერას დროს ფეხს ვერ იკიდებდა, ახლა კი ხანგრძლივი ხასიათი მიიღო. აგერ შემოდგომაც დაიწყო და ხოლერა კი ვერ მოვიშორეთ, ალბათ ჩაზამთრებასაც აპირობს.
რა მდგომარეობაშია ქალაქის ქუჩები ყველა ჰხედავს, ახალი ქვაფენილი ერთი საჟენიც არ გაკეთებულა და რაც ძველად იყო გაკეთებული, ისიც შეუკეთებელი რჩება და ოღრო-ჩოღროებით და ორმოებით აივსო“.
26 ოქტომბერს გაზეთი კვლავ თბილისში შექმნილი ვითარების მიმოხილვას აგრძელებს, მაგრამ ამჟამად უკვე სულ სხვა კუთხით. გამოცემის ინფორმაციით, დედაქალაქში უამრავი ჯარში გასაწვევი ახალგაზრდა უსაქმოდ დაიარებოდა, ხოლო ხელისუფლება ამაზე სათანადო რეაგირებას ვერ ახდენდა. გაზეთის აზრით, საჭირო იყო სამხედრო სამინისტროს სპეციალური პოლიცია დაეარსებინა, რომელიც ამ საკითხს გადაჭრიდა. გარდა ამისა სამხედრო პოლიციას დაეკისრებოდა ისეთი ახალგაზრდების გამოვლენაც, რომლებიც გაწვევისგან თავის ასარიდებლად სხვა ქვეყნის მოქალაქეობას იღებდნენ. გამოცემის დასკვნით, ასეთი პირები საქართველოს ქვეშევრდომობაზე უარს ამბობდნენ, სამაგიეროდ უხვად სარგებლობდნენ რესპუბლიკის მიერ სხვადასხვა სფეროში დაწესებული უფლებებით. კიდევ ერთი პრობლემა თურმე ის იყო, რომ ყველა კრიმინალი, რომელიც დანაშაულს რეგიონებში სჩადიოდა, შემდეგ თბილისს აფარებდა თავს და მართლმსაჯულებას ამ გზით ემალებოდა.

კრიმინალური ვითარება

რა გასაკვირია, რომ ასეთი საყოველთაო განუკითხაობისა და დაუსჯელობის ფონზე სულ უფრო მძიმდებოდა კრიმინალური ვითარება. 1918 წლის ოქტომბერში თბილისი ნამდვილ ბრძოლის ველს დაემსგავსა. ერთი თვის მანძილზე, დედაქალაქში ორჯერ ატყდა ინტენსიური სროლა მილიციასა და ყაჩაღებს შორის. პირველ ასეთ შემთხვევაზე გაზეთი 6 ოქტომბერს იუწყება: „ღვინობისთვის 4-ს მთელი ღამე დიდი სროლა იყო ქალაქის ორ უბანში. პირველად საათის დაახლოვებით 9-ის ნახევარზე გაისმა გამუდმებული ზედიზედ სროლა მტკვრის გაღმა უბანში. 10 წუთის შემდეგ მეორე ასეთივე სროლა. 15 წუთის შემდეგ სროლა კვლავ განმეორდა. ამას ზედ მოჰყვა ხამუში სროლა აქა-იქ. ღამის 3 საათიდან კი დიდი სროლის ხმა ისმოდა დრო-გამოშვებით გოლოვინის პროსპექტის მხრიდან. საქმის მდგომარეობა ასეთი გამოირკვა, რომ მილიციელთა რაზმი ოლღას ქუჩაზე სასტუმრო „ანგლეტერეს“ ესროდა, სადაც მიმალულიყო ყაჩაღი დუმბაძე. დუმბაძე მილიციონერებმა დასჭრეს და შეიპყრეს“.
მეორე მსგავს შემთხვევაზე გაზეთი უკვე 18 ოქტომბრის ნომერში მოგვითხრობს. 16 ოქტომბრის ღამეს „დეზერტირების ბაზარში“ შეიარაღებული ბოროტმოქმედები გაძარცვის მიზნით თავს დაესხნენ ვინმე როსაშვილის დუქანს, მაგრამ ყაჩაღებს არ გაუმართლა. შემთხვევის ადგილზე მილიციის რაზმი დროულად გამოცხადდა, რის შემდეგაც ატყდა ორმხრივი სროლა. გაზეთი მხოლოდ იმას გვაუწყებს, რომ შეტაკება თითქმის ერთ საათს მიმდინარეობდა, მაგრამ მსხვერპლის შესახებ არაფერს იუწყება.
ბოროტმოქმედებმა პოეტ გალაკტიონ ტაბიძის გაძარცვა სცადეს. გაზეთი „საქართველო“. 1918 წლის 20 ოქტომბერი: „პარასკევს, ღამის 12 საათზე მძარცველები თავს დაესხნენ პოეტ გალაქტიონ ტაბიძეს და როდესაც პალტოს ხდიდნენ, მილიციონერებმა შემოასწრეს. ასტეხეს სროლა და ერთი მძარცველთაგანი შეიპყრეს“.
პირველ ოქტომბერს სადგურ ნავთლუღის ახლოს სადგურ ორხევის ფოსტის მილიციელებს თავს დაესხა 15 შეიარაღებული მძარცველი. ბოროტმოქმედებმა გაიტაცეს 2700 მანეთი, ვერცხლის ქამარი, საათი და სამართალდამცველებს წაართვეს ორი თოფი. ადგილზე მოკლეს მილიციელი ზუკაკიშვილი, ხოლო მეორე მილიციელი ეპიტაშვილი მძიმედ დაჭრეს. როგორც შემდეგ გაირკვა, მძარცველები ჯარისკაცები აღმოჩნდნენ.
სახასიათო წერილია დაბეჭდილი 1918 წლის ოქტომბრის ნომერში, რომელიც კახეთში არსებულ კრიმინალურ ვითარებას ცხადად გადმოგვცემს: „სადღაა ძველი კახეთი: დინჯი, ნელი, დარბაისელი და მუდამ დოვლათიანი. კახეთიც აირია, როგორც „მონასტერი“ და მიდის დაქანებულ გზაზედ. რა არა ჰხდება კახეთში ამ ჟამად? _ ყველაფერი; შესაძლებელი და შეუძლებელი: ქურდობა, მკვლელობა და სხვ. უწესობა მოიკითხეთ, თორემ წესიერება სხვაგან სად არის, რომ აქ მოიკითხოთ?
საღამოთი კარში ვერ გამოხვალთ და ვზივართ სახლში _ ვინ იცის, რა არ მოხდეს! _ ყველაფერია მოსალოდნელი: ყაჩაღი და ავაზაკი გითვალთვალებს უდანაშაულო მსხვერპლს. ქურდობა გახშირდა, როგორც არსად. იპარავენ ყველაფერს, რაც კი მოჰხვდებათ. და ამ უსვინდისობას, ამ არევდარევას არა ჰყავს პატრონი. განსაკუთრებით ეს ხდება ველისციხეში, ბაკურციხეში, გურჯაანში და სხვა. ადმინისტრაციამ იმდენი ძალა ვერ გამოიჩინა, რომ ალაგმოს ავაზაკთა თარეში და მყუდროება დაამყაროს. ვიტანჯებით უდანაშაულოდ და შეუბრალებლად; ხმა ვერ ამოგვიღია და კარში ვერ გავსულვართ“.

მიხეილ ბასილაძე