რატომ მოკლა კრემლმა აფხაზი პრემიერი?

მიუხედავად იმისა, რომ ცხადია, დიდ რისხვას დავიტეხ თავზე, ვერაფრით ავუვლი გვერდს აფხაზეთის სეპარატისტულ-მარიონეტული რეჟიმის ე. წ. პრემიერ-მინისტრ გენადი გაგულიას დაღუპვის ფაქტს და ადამიანურ დონეზე თავს უფლებას მივცემ, თუნდაც დაგვიანებით, სამძიმარი ვუთხრა გარდაცვლილის ოჯახს, ახლობლებსა და ყველა აფხაზს, რომელსაც სჯერა _ მათი მომავალი საქართველოსთან და ქართველებთან შერიგებაა; ყველა აფხაზს, ვინც ქართველთა მიტოვებულ საფლავებს უვლის და ყველა აფხაზს, რომელიც საკუთარ მომავალს მოსკოვს არ უკავშირებს.

ის, რომ საქართველოში ბევრი „სასარგებლო იდიოტი“ ცხოვრობს, არახალია _ ძველია. ისიც კარგად არის ცნობილი, რომ ცალკეული შემთხვევების დროს თუ ადამიანების ემოცია პირველად იმპულსებს ეფუძნება, სხვები მიმბაძველობით გამოხატავენ საკუთარ განცდებს. ძნელი სათქმელია, რომელი სჭარბობდა რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში, როდესაც მისი მომხმარებლები აღტყინებულები გამოხატავდნენ მოსაზრებებს ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაღუპული აფხაზი სეპარატისტების პრემიერ-მინისტრის, გენადი გაგულიას დაღუპვის გამო? თუმცა ფაქტია, რომ ამ ემოციებს, ალბათ, როგორც ყველა ემოციას, აკლდა პრაგმატიზმი _ ასე აფხაზებს იმის ვარაუდიც შეუძლიათ, რომ სრულიად ქართველობა მათ დაღუპვასა და ამოწყვეტას ელოდება. თუმცა იგივე აფხაზები თუ თავადაც პრაგმატულად გააანალიზებენ ქართველთა ემოციურ „გამოხტომებს“, უნდა მიხვდნენ, თუ რაოდენ ჰყავთ გამწარებული კრემლის მფარველებთან ერთად ასი ათასობით ქართველი და გაბრაზებული _ საქართველოს მილიონობით მოქალაქე.
გაგულიას დაღუპვის ფაქტი მაინც ზედაპირულად შეფასდა როგორც ქართველი ობივატელის, ასევე ქართული მედიისა და ანალიტიკოსების მიერ. პოლიტიკოსებზე არც ღირს საუბარი, რადგან მათ ახლა არაფრისთვის სცალიათ (ისე, ოდესმე, სცალიათ რაიმე გონივრულისთვის?).
გაგულიასთან დაკავშირებული ინფორმაციების ანალიზის საფუძველზე, ერთმნიშვნელოვნად თუ არა, დიდი ალბათობით შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ იგი მოიშორეს. და, ალბათ, აქ უნდა დავსვათ მთავარი კითხვა, _ რატომ? რომელზედაც პასუხი მნიშვნელოვნად შეარბილებდა ქართველთა „გამოხტომებს“.
2018 წლის 8 სექტემბერს გაგულია, რომელიც სირიიდან, კერძოდ დამასკოდან ადლერში ჩაფრინდა და ადლერიდან სოხუმში მიემართებოდა, ავტოსაგზაო შემთხვევაში მოყვა, მის ავტომანქანას შემხვედრი სატრანსპორტო საშუალება შეეჯახა. დაშავებული გაგულია საავადმყოფოში გადაჰყავთ, რომელიც სამედიცინო დაწესებულებაში მიყვანამდე იღუპება. აფხაზეთში უკვე არავინ სვამს კითხვას იმის შესახებ, როგორ ვერ მიიყვანეს პრემიერი ცოცხალი საავადმყოფომდე. ლამის ყველამ იცის(!), რომ მას დაეხმარნენ _ მოკლეს. ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სხვა არავინ დაშავებულა, _ არც გაგულიას მძღოლი და არც მისი დაცვის წარმომადგენელი, რომლებიც მაქანაში მასთან ერთად იმყოფებოდნენ და არც იმ სატრანსპორტო საშუალების მძღოლი, რომელიც პრემიერის მანქანას დაეჯახა. დააკვირდით _ „არავინ დაშავებულა“.
აფხაზეთის სეპარატისტულ-მარიონეტული მთავრობის პრესსამსახურის ხელმძღვანელმა დიანა ზანთარიამ ფაქტზე შემდეგი კომენტარი გააკეთა: „წინასწარი მონაცემებით, გენადი ლეონიდეს ძე საავადმყოფოში გადაყვანამდე, ჯერ კიდევ, ცოცხალი იყო. სხვა არავინ დაშავებულა“. შემდგომ კი დაზუსტდა, რომ გაგულია ავტომანქანაში _ საავადმყოფოში გადაყვანისას, გზად დაიღუპა.
წარმოიდგინეთ პირდაპირი შეჯახება, ნაკაწრის გარეშე გადარჩენილი ავტომანქანის სალონში წინ მსხდომი ორი პიროვნება და დაღუპული _ უკანა სავარძელზე მყოფი პერსონა.
მძღოლი, რომელიც გაგულიას ავტომანქანას დაეჯახა, 22 წლის ახალგაზრდა აღმოჩნდა, რომელსაც არ გააჩნდა მართვის მოწმობა, ავტომანქანის დოკუმენტები _ ტექპასპორტი და „ნარკოტიკული თრობის ქვეშ იმყოფებოდა“.
კიდევ ერთი ფაქტი: გაგულიას ავტომანქანა საგზაო მაგისტრალზე კორტეჟის შემადგენლობაში მოძრაობდა. ამ კორტეჟში იყო ოკუპირებული აფხაზეთის მარიონეტული მთავრობის ე. წ. პრეზიდენტი რაულ ხაჯინბაც. საგზაო შემთხვევა მოხდა 22.40 საათზე გუდაუთის რაიონში, მიუსერას მილიციის პოსტთან ახლოს. შემხვედრი „ვაზ 2109“ მარკის ავტომანქანა კორტეჟში „პოულობს“ გაგულიას Toyota Camry-ს და საქმეც გაკეთებულია.
აფხაზეთში გაგულიას დაღუპვა თითქმის ყველამ „სწორად გაიგო“. ყველა მიხვდა, რომ ეს იყო „პატრონის“, კრემლის გაფრთხილება, _ თუ თამაშს დაიწყებთ, თქვენც იგივე დაგემართებათ.
ისე, გასახსენებლად ცუდი არ იქნება ის ფაქტიც, რომ მეორე დღეს ავარიაში მოყვა მოლდოვას პრეზიდენტი იგორ დოდონი, მაგრამ გადარჩა. სოხუმში ირონიულად ხუმრობენ, რომ იმ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადაში, რომელსაც დოდონი საავადმყოფოში გადაჰყავდა, „ფეესბესთან“ დაკავშირებული მედპერსონალი არ იმყოფებოდა. შესაბამისად, მოლდოვის პრეზიდენტი ცოცხალია.
დიახ, როგორც უკვე აღვნიშნე, აფხაზეთში არავის ეპარება ეჭვი, რომ გაგულიას სიკვდილში დაეხმარნენ და იგი მოიშორეს. და მოიშორა არა ხაჯინბამ ან რომელიმე ადგილობრივი კლანის მეთაურმა _ ისინი ამას ვერ გაბედავდნენ _ არამედ კრემლმა.
რა შეიძლებოდა მომხდარის მიზეზი გამხდარიყო? სოხუმში ამის პასუხებიც აქვთ _ საქართველო და გაგულიას განწყობები.
1991 წლიდან გაგულია იყო აფხაზეთის საგარეო ეკონომიკური კავშირების სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარე. თბილისში ახსოვთ, რომ ეს პერსონა კარგად ურთიერთობდა „ცენტრთან“, საქართველოს მთავრობასთან და იყო კონსტრუქციული. 1992-1995 წლებში გაგულია სეპარატისტების მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის პოსტზეა, მაგრამ იგი არ არის დაკავშირებული საომარ ვითარებასთან და მის საკურატორო სფეროს არ განეკუთვნება სამხედრო საკითხები. იგი სამეურნეო საქმეებით არის დაკავებული. შესაბამისად, გაგულიას პერსონის დაკავშირება ქართველთა გენოციდთან საკმაოდ რთულია.
1995-1997 წლებში გაგულია ხდება სეპარატისტების მთავრობის პრემიერ-მინისტრი. ვინც ისტორიასთან მწყრალად არ არის, უნდა გაიხსენოს, რომ სწორედ ამ პერიოდში მიმდინარეობს მოლაპარაკებები აფხაზეთში (გალი, ოჩამჩირე) დევნილების დაბრუნებაზე და ერთიანი ქართულ-აფხაზური კონფედერაციული სახელმწიფოს შექმნაზე. 1997 წელს გაგულიას გადაყენების არაოფიციალურ მოტივად ქართველების მიმართ მისი ლოიალობა დასახელდა. 1997 წელს იგი საცხოვრებლად მოსკოვში მიემგზავრება და სახელმწიფო დუმაში მუშაობს, 2002 წელს კი „აფხაზეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატის“ ხელმძღვანელი ხდება.
2002 წლის 29 ნოემბერს მას კვლავ შესთავაზეს მთავრობის თავმჯდომარის პოსტი, სადაც რამდენიმე თვე იმუშავა და 2003 წლის 22 აპრილს თანამდებობა დატოვა. აქვე ერთი მეტად საინტერესო დეტალი: 2003 წლის 7 მარტს გამართულ შევარდნაძე-პუტინის შეხვედრაზე გაგულიაც იმყოფებოდა. მისი გადაყენების შემდეგ კულუარებში კვლავ დაიწყეს საუბარი, რომ მას „უცნაურად“ კარგი დამოკიდებულება ჰქონდა ქართულ დელეგაციასთან და ცალკეულ პერსონებს მეტად გახსნილად ესაუბრებოდა. სწორედ ამ დროს დაიწყო ლაპარაკი აფხაზეთზე ტრანზიტული სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენის შესახებ სომხეთის ინტერესების გათვალისწინებით. აფხაზეთში აცხადებენ, რომ სწორედ აქ არის მიზეზი, თუ რატომ გახდა წელს, უკვე მესამედ, გაგულია პრემიერ-მინისტრი.
მიმდინარე წლის 24 აპრილიდან სომხურმა ლობიმ მოსკოვში კვლავ დაიწყო ენერგიული მოქმედებები აფხაზეთზე სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენის მოთხოვნით. სომხური ლობისთვის მორჩილი, მაგრამ „უტვინო“ ხაჯინბა ამ საკითხში გამოსადეგი არ იყო, ამიტომაც მათ მოითხოვეს, პროცესში ჩართულიყო საქმეში ჩახედული და მცოდე ადამიანი. სომხურ ლობის სურდა, რომ საკითხში ჩართული პერსონა არ ყოფილიყო ქართველთა სისხლით დასვრილი, რათა აგრესია არ გამოეწვია ქართულ მოსახლეობასა და საქართველოს ხელისუფლებაში.
სწორედ ასეთი პერსონა აღმოჩნდა 70 წლის გენადი გაგულია.
როგორც ცნობილია, ამ საკითხის ლობირება ვერ მოხერხდა იმ გარემოების გამო, რომ სომხეთში ხელისუფლება შეიცვალა. ნიკოლ ფაშინიანს მოსკოვსა და სომხურ ლობიშიც ამერიკულ პროექტად და რუსეთისადმი მტრულად განწყობილ პერსონად მიიჩნევენ.
შესაბამისად, მთავარმა გარემოებამ, რის გამოც გაგულია პრემიერი გახდა, დროებით აქტუალობა დაკარგა და მისი კვლავ პენსიაზე დაბრუნების თემა გააქტიურდა.
მაგრამ აფხაზური ინტელიგენციის, სხვადასხვა პოლიტიკური წრის, მოსახლეობის ბოლოდროინდელი განწყობები და დამოკიდებულება ხაჯინბას ხელისუფლებისა და კრემლის მიმართ სოხუმს დენთის კასრს ამსგავსებს.
სოხუმში აცხადებენ, რომ გაგულია საკმაოდ ჭკვიანი პოლიტიკოსი იყო და მას კარგად ესმოდა და გრძნობდა საკუთარი ხალხის კატასტროფულ მდგომარეობას. გაგულიამ მთავრობასა და მის გარეთ დაიწყო ცალკეული მოქმედებები ამ ჩიხიდან გამოსასვლელად.
„ნებისმიერი გონიერი ადამიანი ერთ გამოსავალს საქართველოსთან და ქართველ ხალხთან შერიგებაში ხედავს“, _ ამ სიტყვებს აფხაზები გენადი გაგულიას მიაწერენ, რომელიც მან, როგორც ირკვევა, ერთ-ერთ დახურულ შეხვედრაზე თქვა. რა თქმა უნდა, ეს სიტყვები საიდუმლოდ ვერ დარჩებოდა და, სავარაუდოდ, კრემლმა და სომეხმა ნაციონალისტებმა გაგულიას განაჩენი გამოუტანეს, რითაც საქართველოსკენ მომზირალნიც გააფრთხილეს.
ერთი მეტად საინტერესო დეტალი: გაგულიას, რომელიც სამჯერ იყო პრემიერი, არც ერთხელ გაუკეთებია ანტიქართული განცხადებები. მისი პრემიერობის პერიოდში შერბილდა უმძიმესი დამოკიდებულება გალის ქართული მოსახლეობის მიმართ. ამბობენ, რომ სწორედ გაგულია უწყობდა ხელს ვაჭრობას ადმინისტრაციულ საზღვრისპირა ზოლში, რაც აფხაზეთის ეკონომიკისთვის მეტად მნიშვნელოვნად მიაჩნდა. ეს ქმედება ასევე უკმაყოფილებას იწვევდა აფხაზურ რადიკალ სეპარატისტებსა და სომეხ ნაციონალისტებს შორის, რომლებმაც მოსკოვში პრემიერის დაბეზღების კამპანია დაიწყეს.
მოსკოვსა და გაგულიას შორის რთულ ურთიერთობებზე მეტყველებს ინფორმაცია, რომელიც რუსეთის დედაქალაქში მის ბოლო ვიზიტს უკავშირდება. ვიზიტი, რომელიც „აფხაზეთის დამოუკიდებლობის დღისა“ და რუსეთის მიერ აღიარების ათი წლისთავის აღნიშვნამდე რამდენიმე დღით ადრე გაიმართა, საკმაოდ მწვავედ წარიმართა. გაგულია რუსეთის ვიცეპრემიერებს ვიტალი მუტკოსა და ალექსეი გორდეევს შეხვდა. აფხაზური წყაროების ინფორმაციით მას აგრძნობინეს, რომ არავის უხარია მოსკოვში გაგულიას ვიზიტი და განუცხადეს, რომ მოსკოვი არ აპირებს, იმავე მოცულობით დააფინანსოს სეპარატისტულ-მარიონეტული რეჟიმი.
მედიის ინფორმაციით, გაგულიამ მოსკოვში გამართული შეხვედრებისას რუსეთის ხელისუფლებას რეკომენდაცია მისცა, შეემუშავებინათ 2019 წელს აფხაზეთში პროექტების დაფინანსების საკითხები და „არ გაეწელათ დაფინანსება“. სავარაუდოდ, გაგულიას მხრიდან მოსკოვისთვის ჭკუის სწავლებამ _ რეკომენდაციების გაცემამ _ დამატებით აღაშფოთა კრემლის ჩინოსნები.
მოკლედ, პრემიერის გადაყენება გადაწყვეტილი საკითხი იყო. მაგრამ იმ ვითარების გათვალისწინებით, რაც ამჟამად სოხუმშია და რასაც რუსულ მედიაში „მაიდანის მდგომარეობას“ უწოდებენ, გაგულიას ცოცხლად დატოვება მიზანშეუწონლად მიიჩნიეს. წარმოგიდგენიათ, რა ინფორმაცების გამჟღავნება შეეძლო „მოხუცს“ აფხაზური საზოგადოებისთვის, რომელიც თვალნათლივ ხედავდა, რომ მისი ხალხი უფსკრულისკენ მიექანება? ამ კონტექსტში ცუდი არ იქნება გავიხსენოთ სერგეი შანბას განცხადებები უფსკრულსა და ჩიხზე იმის მიუხედავად, რომ იგი ყველაზე პრორუს აფხაზად მიიჩნევა დღეის მდგომარეობით.
რა თქმა უნდა, გაგულიას ჩუმად მოშორებაც შეიძლებოდა, მაგრამ ეს არ და ვერ იქნებოდა ეფექტიანი და დამაფიქრებელი განსხვავებულად ან არასასურველად მოაზროვნეებისთვის. დიახ, უნდა დარჩენილიყო კითხვის ნიშნები, რომ სხვებს სავარაუდო დასკვნა გამოეტანათ _ დასაჯეს, არ აპატიეს საქართველოსადმი ლოიალობა.
ხაჯინბასა და გაგულიასთან ერთად დამასკოში მყოფი დელეგაციის ცალკეული წევრებისგან გამოჟონა ინფორმაციამ, რომ დამასკოში გაგულიამ რამდენიმე „უცნაური შეხვედრა“ გამართა ასადის მთავრობის იმ წევრებთან, რომლებიც არ მოიაზრებიან, როგორც რუსეთის აპოლოგეტები, უფრო პირიქით. რა თქვა გაგულიამ დამასკოში, ალბათ, ამის შესახებ იდესმე შესაძლოა, ცნობილი გახდეს, მაგრამ ფაქტია, რომ ეს უკვე ბოლო წვეთი იყო კრემლისთვის. ცალკეული ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ გაგულია „კონტაქტების“ მოძიებას შეეცადა, ერთი შეხედვით, რუსეთისთვის უსაფრთხო სახელმწიფოსგან არაბი შუამავლების მეშვეობით, საქართველოს ხელისუფლებასთან.
მოკლედ, აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიის სეპარატისტულ-მარიონეტული რეჟიმის პრემიერი სპეციალურად და საჩვენებლად მოიშორეს, რათა კრემლის სპეცსამსახურების მიერ კონტროლირებულ ე. წ. მთავრობაში სხვებსაც არ გაუჩნდეთ საქართველოსთან ურთიერთობის გამონახვის ცდუნება. მით უფრო, რომ გაგულია სომეხ ნაციონალისტებსაც არ სჭირდებოდათ.
ყოველივე ზემოთ აღნიშნულის გათვალისწინებით, ცხადი ხდება, რა ცუდ დღეშია საქართველოს ხელისუფლება, რომელიც არათუ ვერ მუშაობს ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოსადმი ლოიალურად განწყობილი თანამდებობის პირებისა და საზოგადოებრივი ჯგუფების მხარდასაჭერად, არამედ, ხშირ შემთხვევაში, არც კი ახსოვს, რომ სოხუმი და ცხინვალი საქართველოა.
სტატია ემოციურ განცდებზე საუბრით დავიწყე. ვფიქრობ, ეს ყველაფერი რომ სცოდნოდა დიდად აღტყინებულ ქართულ საზოგადოებას, გაგულიას დაღუპვის გამო ყიჟინას კი არ დასცემდა და გულზე მუშტის ცემას დაიწყებდა, არამედ, მინიმუმ, სინანულით გააქნევდა თავს იმის გამო, რომ იქ, აფხაზეთში, „ახალი“ გაგულიას გამოჩენას დრო უნდა. და ასეც რომ მოხდეს, „ახალი“, ამ რეაქციების შემხედვარე, შეჩვეული ჭირს ამჯობინებს, თუ გაუაზრებელი ემოციების „მოკეთეს“?

გოჩა მირცხულავა