დიდქოცობა საქართველოში _ 41 დიდქოცი

ერთი შეხედვით, ქოცობა საქართველოში მას შემდეგ დაიწყო, რაც ბიძინა ივანიშვილმა პარტია „ქართული ოცნება“ და ამავე სახელის კაოლიცია შექმნა. მაგრამ ეს მოვლენა ვინაიდან გასცდა ვიწროპარტიულ საზღვრებს და მენტალიტეტად, ადამიანთა ერთგვარ მოდგმად მოგვევლინა, უნდა ვთქვათ, რომ ქოცობის ფესვები ბევრად ადრინდელია და ზოგიერთ ასპექტში ნომერ პირველ ქოცს ბრალიც არ მიუძღვის ქოცობაში. ანუ არსებობდნენ ქოცობამდელი ქოცები _ პროტოქოცები, რომლებიც, ცხადია, ბიძინა ივანიშვილის შემდეგ ოფიციალურადაც მოგვევლინენ ქოცებად. გთავაზობთ ესკიზებს 41 დიდქოცის პორტრეტებისათვის.

კარს მომდგარი არჩევნებიდან ეს 41 დიდქოცი შეიძლება განვიხილოთ, როგორც სალიბაბა და 40 ქოცაღი…

1 _ ბიძინა ივანიშვილი

მიუხედავად ყველაფრისა, თავისთავად ცხადია, ნომერ პირველი ქოცი სწორედ პირველი მოქალაქეა _ ბიძინა ივანიშვილი. სწორედ მის აქტივშია ქოცობის სახელმწიფოებრივ დონეზე აყვანა და მისი საზოგადო ჭირად ქცევა. რომ არა იგი, პროტოქოცები უსახელოდ ირბენდნენ ხან „გრეჩიხას“ და ხანაც ბურჯანაძის მოწყობილ მიტინგებზე. მის ხელში კი ყველა, ვინც დედამ დაწყევლა, ხელისუფლებაში მოვიდა და ქვეყნის მართვის სადავეები ჩაიბარა.
ბიძინა ივანიშვილის ქოცობის მთავარი მახასიათებლებია: სრული უტიფრობა _ გიყუროს და ურცხვად გატყუოს, იმართლოს თავი. იქით დაანადანაშაულოს სხვები ურცხვად, თან ისეთ ასპექტებში, რომელიც აზიანებს საქართველოს (განცხადება, რომ ომი სააკაშვილმა დაიწყო). ლაპარაკობს იმას, რაც ზერელედ ან საერთოდ არ იცის, მაგალითად, ნიცშე, ფროიდი და ა. შ.
მასში განსხეულდა ქოცობის ერთ-ერთი ფუნდამენტური თუ არა, ფაკულტატური ნიშანი _ ქართული ენის არცოდნა, არქაულ ფორმებს გამოკიდება. აკვიატებული არქაიზმი „რამეთუ“, აკვიატებული „ჩა“ ზმნისწინი („ჩაზუსტება-ჩაკითხვიდან“ დაწყებული, „ჩავასრულებ“, „ჩავიშოროთ“-ი დასრულებული), სიტყვების ბრუნვებში არასწორად ჩასმა, ბარბარიზმების ხმარება, მეტიც: უცხო სიტყვების მოქართულება და ზმნის პირიან ფორმებად ქცევა. არასწორი სიტყვათშეთანხმებების გურუა. იგონებს ახალ სიტყვებს და ფორმებს და მიუხედავად ამ ყველაფრისა, ახლა საპრეზიდენტო არჩევნებში მხარს უჭერს კანდიდატს, რომლის ფონზეც თავად აკაკი შანიძედ გამოიყურება.
მენტალური ქოცობის ერთ-ერთ ნიშნად, გინდა-არგინდა, მაინც, თავისით გამოიყოფა ზვიად გამსახურდიას მიმართ დამოკიდებულება _ ქოცს, როგორც წესი, სძულს ზვიად გამსახურდია. სხვანაირად არც შეიძლება. ივანიშვილმა ზვიად გამსახურდიაზე ბრძანა, _ გულანთებული იყო და დიდ პატივს ვცემ ზვიად გამსახურდიას, მაგრამ მარტო გიყვარდეს და გული გეწვოდეს არაფერია, მართვას ცოდნა უნდა, შესატყვისი მანერები უნდა გქონდესო.

2 _ სალომე ზურაბიშვილი

მართალია, პარტბილეთით ქოცი არაა და თავი „დამოუკიდებელ კანდიდატად“ უჭირავს, მაგრამ, რეალურად, ამ ქვეყანაში, ამ ეტაპზე, ძნელად თუ მოიპოვება უფრო ქოცი, ვიდრე სალომე ზურაბიშვილია. ომის დაწყებაში ადანაშაულებს იმ ქვეყანას, რომლის პრეზიდენტობაც ნებავს და არ იცის იმ ქვეყნის ენა, რომლის პრეზიდენტობაც ნებავს. მის მხარდამჭერს თუ „რამეთუ“ აქვს ახირებული, ეს „მეტადრეს“ ეტრფის, მისი ფრაზები უკვე ჩაიბარა ფოლკლორმა: „სადაც არ უნდა გათხარო, ყველგან შეგიძლია გათხარო“… „ანალისტი“… რატომღაც ყველა მის ბერწ ფრაზას სექსუალური კონოტაცია გააჩნია _ რაღაც უხერხულად და უხამსად ჟღერს…
სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, რომ სალომე ზურაბიშვილი, ეს „განძი“, ბიძინა ივანიშვილს არ ამოუთხრია, პარიჟებიდან მიხეილ სააკაშვილმა ჩამოიყვანა და ბაჯაღლო ოქროდ შემოგვასაღა ეს „ფრანგული ბიჟუტეღია“.
ეს ფრანგული ბიჟუტეღია 1992 წლის 7 იანვარს წერდა: „ზვიად გამსახურდია, როგორც დიქტატორი, დაამხო დემოკრატიულმა ძალებმა. ამისთვის თენგიზ კიტოვანს, ჯაბა იოსელიანს, თენგიზ სიგუას და მთელ ოპოზიციას _ დიდი მადლობა“.

3 – გიორგი მარგველაშვილი

მიუხედავად მისი ვირეშმაკობისა და ქოცობის მალვისა, ის იყო და არის დიდქოცი. ყველაზე ვერაგი ქოცი _ ასეც შეიძლება ითქვას, რადგან სხვა ქოცები არც მალავენ თავისი ქოცობას და ელემენტარულად, შეცდომაში მაინც არ შეჰყავთ ხალხი. რეალურად, მთელი მისი პრეზიდენტობა ივანიშვილის ლეღვის ფოთლობით ამოიწურებოდა _ ვითომ დაპირისპირებით დემოკრატიის ილუზიას ქმნიდა, რეალურად კი არც ერთ გადამწყვეტ მომენტში ხელისუფლებას არ უპირისპირდებოდა. ადებდა ვეტოებს, რომელსაც იცოდა, რომ დაძლევდნენ; მოჰყავდა კარტოფილი, იყენებდა ნათესავებს, ქსოვდა და ცხოვრობდა პრეზიდენტის რეზიდენციაში _ განცხრომაში. იყო პლასტელინის და დარჩა პლასტელინად _ უბრალოდ, ბატონმა ბიძინამ მისგან მერე „უდრეკი“ პრეზიდენტი გამოძერწა. როლი მიანიჭა ვეტომდებლის…

4 – კახი კალაძე

კახი კალაძეს, რომელსაც ბევრი ფანი ჰყავდა, ქოცობამდე თვითონ იყო მიხეილ სააკაშვილის ფანი. კარგად გაიხსენეთ, რა თავფეხიანად იყო ჩართული მიხეილ სააკაშვილის საარჩევნო კამპანიაში 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე. როგორ ეძახდა ყველას დაუნახავს, ვინც ვერ ხედავდა მიხეილ სააკაშვილის გაკეთებულ საქმეებს და როგორ სწამდა, რომ კიდევ ბევრს გააკეთებდა სააკაშვილი. მერე „ნაცობას“ ქოცობა ამჯობინა და დიდქოცადაც მოგვევლინა. რა წარმატებითაც აქებდა და ხოტბას ასხამდა სააკაშვილს, იგივე შემართებით გააგრძელა შესხმა, ოღონდ ლაფის. წესით, თუ გავითვალისწინებთ მის კავშირებს ქურდულ სამყაროსთან, მის ვერბალურ დიაპაზონს („გადაშენდით“), ის კლასიკური ქოცია და გასაკვირი მისი ნაცმეხოტბეობა უფრო იყო.

5 _ თეა წულუკიანი

აი, თეა წულუკიანი პირადად ბიძინა ივანიშვილის ფეშქაშია საქართველოსთვის. ეს განძი ბელადმა ჩვენთვის უფასოდ გამოიმეტა და მას შემდეგ აღარც თვითონ ელევა. გაბარიტების მიუხედავად, ამ ქვეყანაში ძნელად თუ იპოვით უფრო დიდ ქოცს, ვიდრე თეა წულუკიანია. სწორედ მისი დამსახურებაა იუსტიციის სახლის წინ იმ მემორიალის აღმართვა, რომელიც ამ ხელისუფლების მიერ კულტივირებული მენტალიტეტის გამოხატულებაა -_ ქვაში მღერის ამათ მიერ წახალისებული ქურდულ-კრიმინალური მენტალიტეტი. წულუკიანიც არქაიზმების მეტრფე გახლავთ, რამეთუ ვერ გაუგია, რომ ფორმები, რომელიც ასე მოსწონს, ხმარებიდან კარგა ხანია, ამოღებულია… მაგრამ ქოცი რის ქოცია, რაღაც რომ არ აიკვიატოს, იქნება ეს „რამეთუ“ თუ მიხეილ სააკაშვილის დაჭერა. მას, როგორც შევარდნაძის მუდამმღვიძარე ფანს, ცხადია, სძულს სააკაშვილი.

6 – გიორგი კვირიკაშვილი

ჩვენ ვართ მომსწრე მისი აღქოცებისა და დაღქოცებისა. ჩვენს თვალწინ აღაზევა ბატონმა ბიძინამ, სახავდა საუკეთესო ლიდერად. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე გვარწმუნებდა, რომ ხალხმა გენიალური გუნდი აირჩია კვირიკაშვილის მეთაურობით. ეს კვირიკაშვილი კი ერთობ ბანალურად მოასრიალა ამ ზაფხულს და ზედ ათასი ჭორი მიაყოლა მონასტრისკენ სავალ გზაზე. მარტო ბიძინა კი არა, მთელი საზოგადოება, მათ შორის, ოპოზიციაც იმაზე უკეთესად _ ღარიბაშვილზე უკეთესად სახავდა. არადა, იმთავითვე ცხადი იყო, რომ მისგან მხოლოდ ჭაღარა განასხვავებდა და ის, რომ კორექტული იყო და არ იგინებოდა. ეს განსხვავებაც მალევე მოხსნა და გინებაშიც გადაასწრო ღარიბაშვილს. რაც აგინა ნიკა მელიას, დაემართა თვითონ…

7 _ ირაკლი ღარიბაშვილი

მიუხედავად იმისა, რომ მას აღარ უკავია აღარც მინისტრისა და აღარც პრემიერ-მინისტრის პოსტი, ის კვლავაც რჩება ქოცად _ უბრალოდ, ექსპლუატაციის ვადა გაუვიდა მალე, ასაკის მიუხედავად. ვინც აღაზევა, იმან დასცა ბეჭზე. იყო დრო, რადარებიდან ვერ ხედავდა „ნაცმოძრაობას“ და მის ლიდერს პლანტაციებში ასაქმებდა, მაგრამ, საბოლოოდ, თვითონ დარჩა დაუსაქმებელი და იმედია, ბატონი პლანტატორი-ბარონი ივანიშვილი მარიხუანას პლანტაციებში მაინც მოუნახავს ადგილს. თუ, რა თქმა უნდა, ცმუკვას მოეშვება და თავის პოლიტიკურ თამაშებზე ხელს აიღებს.

8 _ მამუკა ბახტაძე

მამუკა ბახტაძე უეცრად ამოელვარდა ბიძინას ცის კაბადონზე. არადა, კახის არ იყოს, კალაძის, იყო დრო, ესეც „ნაცების“ საარჩევნო კამპანიაში მონაწილეობდა, მთელი 20 ათასი ლარი გადაურიცხა „ნაცებს“, დღეს კი ირწმუნება, 2011 წლიდან „ოცნების“ მხარდამჭერი ვარ და ეგ ჩემი ანგარიში ტექნიკურად გამოიყენესო. აი, „ცენტრპოინტში“ მუშაობის წლებიც ტექნიკურად, ანუ „ქოცურად“ ამოშალა ბიოგრაფიიდან… ვერ ამოშალა ის ფაქტორი, რომ ლომონოსოვი აქვს დამთავრებული. მართალი გითხრათ, ჩემთვის არსებითი მნიშვნელობა იმას არ აქვს, ომამდე იყო ეს თუ ომის შემდეგ, უბრალოდ, ახლა, 21-ე საუკუნეში, როცა ყველა გზა ხსნილია, როცა შეგიძლია ისწავლო ოქსფორდში, კემბრიჯში, ჰარვარდში, რატომ უნდა მოგინდეს ახალგაზრდა კაცს რუსეთში განათლების მიღება?.. თუ ქოცი არ ხარ, ცხადია…

9 _ დიმიტრი ქუმსიშვილი

ის კვირიკაშვილთან ერთად მოასრიალა ბიძინა ივანიშვილმა იმ ქოცვერტიკალიდან, სადაც წლებია, გადასარევად გრძნობდა თავს. საზოგადოების თვალში ის დარჩა ბღუჯა ქოცად. სხვა დროს რომ სულ მუმუსავით ჩუმად ყოფილიყო ან სიბრძნე ეფრქვია მუდამ, ამ ერთი განცხადებით მაინც ობერქოცი იქნებოდა. ისე კი არც სხვა დროს გვამადლიდა წმინდა ქოცურ განმარტებებსა და რეპლიკებს, არც საქციელებს. მე რა, თავის ბატონი ედავება დიდი ოდენობით თანხის ფლანგვას და პროკურატურაშიც არბენინებენ. ივანიშვილმა სკანდალურად გაიბურთავა და ის მაინც იდგა და ეკონომიკური ზრდის %-ული მაჩვენებლით აგრძელებდა კეკლუცობას.

10 _ ირაკლი კობახიძე

„ავრორამ“ მისთვის გაისროლა და მიუხედავად იმისა, რომ იმ „ავრორამ“ ბალიში აუფეთქა და მას მერე ქოცოღი ვერ დაულაგებია, ბატონთან მშვენივრად აქვს „დალაგებული“ და დღეს ჩვენი პარლამენტის თავმჯდომარეა და ერთგვარი სიმბოლო ქოცობის ახალი ფაზისა და ეტაპისა. შემტევი და უტიფარია, როგორც ყველა ქოცი დიდაზნაური. შეუძლია გითხრას, რომ ბიძინა ივანიშვილმა ქვეყანაში დაამარცხა ელიტური კორუფცია. და ეს მაშინ, როცა მისი საყვარელი დეიდაშვილი უჩა, ლამის, ყველა ჩანაწერში ფიგურირებს; როდესაც ზუგდიდის მერიც, მისი მოადგილეც გახვეული არიან სწორედ კორუფციულ სკანდალში. შეუძლია კულულები გაიქნიოს და გითხრას, რომ ბოლო წლებში საქართველომ სერიოზული ნაბიჯები გადადგა ნამდვილი დემოკრატიისკენ. და ეს მაშინ, როდესაც ციხეებში პოლიტპატიმრები არიან, ჩვენს თვალწინ ხელს აფარებენ მკვლელებს და მთელი ეს წლები ცდილობენ „რუსთავი 2“-ის ხელში ჩაგდებას.
მაგრამ კობახიძე რაის ქოცი იქნება, რომ ამ განცხადებების კეთებაზე დააბოყინოს?

11 _ დავით უსუფაშვილი

მიუხედავად იმისა, რომ ის ახლა თავისას ერეკება და თავს „ძლიერ პრეზიდენტად“ გვასაღებს, ის იყო ქოცთა ქოცი და ამდენად მარადიული ქოცი. ქოცი უკუნითი უკუნისამდე. სხვა თუ აქ ადგილზე ასხამდა ბატონს ხოტბას, მისი აღვლენილი ხოტბა ოკეანესაც კი გადასცდა და „ნიუ-იორკ თაიმსის“ გვერდებზე გადმოიღვარა. მერე რა, რომ ის გვერდები სარეკლამო იყო და ვინც ფულს გადაიხდის, იქ ყველა იბეჭდება. მერე რა, რომ ის ხოტბა-დიდება ჩემი, თქვენი, ჩვენი ჯიბიდან ამოღებული გადასახადებით დაფინანსდა.
მერე რა, რომ დღეს ალაგ-ალაგ ბატონი უსუფაშვილი წიწმატობს და ბოღმიან რეპლიკებს არ იშურებს ამ ხელისუფლების მიმართ, ის მაინც ქოცად რჩება და ბატონმა ბიძინამ ერთი რომ დაუძახოს, უსუფაშვილი მასთან აღმოჩნდება ელვის უსწრაფესად. აღმოჩნდება და ახლა „ვაშინგტონ პოსტში“ აღავლენს ოსანას.

12 _ მანანა კობახიძე

მანანა კობახიძე სწორედაც რომ დიდქოცია. მეტიც, ბიძინა ივანიშვილის მაგიერ სწორედ მანანა კობახიძე გახლდათ მისი პარტიის თავმჯდომარე. მეტიც, სწორედ მანანა კობახიძეს აყრევინა კენჭი საჩხერეში და ვიცე-სპიკერობის შემდეგ, საკონსტიტუციო სასამართლოშიც წარაგზავნა, რითაც საბოლოოდ უზრუნველყო მისი ხელშეუხებლობა წლების მანძილზე და შემდეგ მსუქანი პენსიით უზრუნველყოფილი მისი სიბერე.
სწორედ მანანა კობახიძის აქტივშია ქოცური აზოვნების ტიანშანი: „იქნებ, დედა შეაგინა“. დამნაშავის გამართლების მანანა კობახიძისეული სვლა ისტორიას დარჩება.
სხვებთან ერთად სწორედ მის კისერზეა ქუჩაში ათასობით კრიმინალის გამოშვება ამნისტიითა და შეწყალებებით. მის კისერზეა არაერთი ქოცური მითის ინპლანტაცია ქართულ საზოგადოებაში, მათ შორის ის, რომ ციხეებში პატიმრებს განგებ აავადებდნენ ცე ჰეპატიტითა და ტუბერკულოზით და მერე აღარ მკურნალობდნენ…

13 _ ეკა ბესელია

არც ეკა ბესელია მოუყვანია ჭორვილელ ბრძენს პოლიტიკაში. ის პროტოქოცი გახლდათ, ბიძინა ივანიშვილის შემოსვლამდე იყო ამ მხრივ ლიდერულ პოზიციებზე, გამეტებით უტევდა სააკაშვილს ხან ოქრუაშვილთან და ხანაც ვისთან ერთად. ბატონი ბიძინას გამოჩენის შემდეგ კი მისი ორბიტის ამომავალ და დღემდე ჩაუვალ ვარსკვლავად მოგვევლინა. ვინღა არ უტევდა, რაში აღარ ამხილეს, მაგრამ მაინც ისე წარბშეუხრელად დგას ქოცურ ოლიმპოზე, თვით ზევსის ჰერასაც რომ შეშურდება. მისი დამსახურებით გამოეფინა თბილისის ქუჩებში არაერთი კრიმინალი.

14 _ სოზარ სუბარი

სოზარ სუბარი, ცხადია, კლასიკური ქოცია, თავისი ალკოჰოლიზებული გატაცებებით, რასაც ახლა მარიხუანაც დაემატა. მარიხუანას პლანტაციების გაშენების „გასაპრავებლად“ სვანური ქელეხებიც კი გაიხსენა, აუცილებელი კერძი იყო ფხალი კანაფითო. იმაზე არაფერს ამბობს, თვითონ ყველა ხელისუფლებას რომ უხდება კანაფივით. სააკაშვილის დროს ომბუდსმენი იყო. მავანი იტყვის, უპირისპირდებოდაო. ეს იყო მერე. დანიშვნის დროს რომ ბუნტისთავი ყოფილიყო, არც დანიშნავდნენ… ომბუდსმენობისას და მერე რაღა არ ქნა, რაღა არ იხვანცალა, მანამ არაფერი ეშველა, სანამ ბიძინა არ გამოჩნდა და არ ჩაეწერა მასთან ქოც ფეოდალად. მისთვის ბიძინას კარზე ადგილი სულ არის _ იქნება მინისტრად თუ იქნება მთავრობის ადმინისტრაციაში. დიდქოცად მას ზღვარსგადასული უტიფრობა და ამაზრზენობა აქცევს.

15 _ გუგული მაღრაძე

არც გუგულა ძალო აღმოუჩენია ბიძინა ივანიშვილს, ისიც ნაცების დროს ამოიჭრა პოლიტიკურ სცენაზე, მაგრამ მიუხედავად ამისა, მაინც კლასიკური ქოცია. მეტიც, ქოცაზროვნების მებაირახტრეა. გუგულა ძალო ჭეშმარიტი ტაქსისტივით სამდიპლომიანია _ ჯერ ფსიქოლოგია-ფილოსოფიის ფაკულტეტი დაამთავრა, შემდეგ _ დასავლეთ ევროპის ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტი, სტუდენტობის ხანა 52 წლისამ დაასრულა _ იურიდიულიც დაამთავრა.
ქოცის წინაპარი რომ საბჭოთა ადამიანია, ეს გუგულა ძალოს მაგალითზეც ჩანს. გუგულა ძალო რუდუნებით იღვწოდა ახალი საბჭოთა ადამიანის გამოსაყვანად, როგორც ახლა იღვწის ქოცის გამოსაყვანად, რომელიც არ ეწევა სიგარეტს, არ ჭამს ტკბილს, არ სვამს არაყს, ჭამს მხოლოდ 10-კაპიკიან სალათის ფოთოლს და ბაზარში გაუყიდავად დარჩენილ ხორცის ლარტყებს. და ბეჯითად მუშაობს, მოჰყავს ან „მალინა“, ან მარიხუანა.
ახლა ალაგ-ალაგ კომენტარებს ისვრის, ადრე წიგნებს წერდა _ 1983 წელს დაწერა და გამოსცა ბროშურა: „ახალი ადამიანის აღზრდა და ჰარმონიული განვითარება“. საჯარო ბიბლიოთეკამ გუგულა ძალოს ნაღვაწის თემატიკა ასე განსაზღვრა: „ახალი ადამიანის აღზრდა. კომუნისტური მორალი“.
გუგულა ძალო, სულ რაღაც, 30-გვერდიან ბროშურაში ზუსტად 14-ჯერ იხსენიებს ლენინს. ციტატები აქვს მოყვანილი 25-ე ტომიდან, 31-ე ტომიდან, 33-ე ტომიდან… ისეთი ღრმა მოწიწებით და პატივისცემით, როგორც გუგულა ძალო რომ იყო განწყობილი ლენინის მიმართ, ნადეჟდა კრუპსკაია რომ ყოფილიყო _ ლენინის ბედს ძაღლი არ დაჰყეფდა.

16 _ ზაქარია ქუცნაშვილი

სოციალისტური წარსულის მიუხედავად, კლასიკურ ქოცად ჩამოყალიბდა. რა იცოდა ცხონებულმა სოციალისტმა ვახო რჩეულიშვილმა, ვისში დებდა კაპიტალს და ბოლოს ვისი შაქარია ბიჭი გახდებოდა მისი ზაქარია. დღეს ის ბიძინა ივანიშვილის შაქარიაა. მისთვის შაქარიაა, ერთ დროს დიდქოც მეჭიაურისთვის კიდევ „ცუილა“. ცხოვრება მისთვის შაქრად იქცა _ ოფიციალურადაა მილიონერი დეპუტატი, ვერ აუდის ბინებისა და მიწების ყიდვას.
ყველაზე ქოცური ქმედება რაც გახლდათ, ის იყო კონსტიტუცია რომ ამოიდო იღლიაში და მარგველაშვილს მიადგა ჭკუის სასწავლებლად. მარიხუანა მოწეული არ აქვს, გასინჯული აქვს. ისე გასინჯა, ხელით…

17 _ თინა ხიდაშელი

მერე რა, რომ დღეს ის აღარც პარლამენტარია, აღარც ჩვენი ჯარების მთავარსარდალი. მას იმხელა წვლილი აქვს შეტანილი საქართველოს გაქოცებაში და შემდგომ ამისა, აქ ქოცობის განმტკიცებაში, რომ მას ისევე აქვს გარანტირებული ადგილი ქოცების პარტისტორიაში, მეტიც ქოცთა გულებში, როგორც სამხრეთ ოსეთის სახალხო არტისტ ბეზრუკოვს და დასტაევსკის. ეკა ბესელიას დარად, არც ის მოუყვანია ბატონ ბიძინას, ისიც აქ დახვდა, ასე ვთქვათ, პროტოქოცად და სააკაშვილის დაუძინებელ მტრად. სად იყო ბიძინა, თინა რომ თინა ვაშლოვნელივით უტევდა მიშას ხანაც მუქთად და ხანაც ბადრის ფეშქაშით.

18 _ ირაკლი ალასანია

ირაკლი ალასანიაც იმ ბრძენ კაცთან ერთად იყო, მაგრამ მალევე იგემა მისგან მიჯირყვნის სიმწარე. ჯერ მასზე აჭორავდა, შემდეგ კაბელი ჩაუხსნა და საბოლოდ კაბელების საქმეზე დაუჭირა ხალხი. ისე, ალასანია ვიზუალურადაც ვერ იყო ქოცი _ ძალადქოცობდა და მალეც დაასრულა ქოცკარიერა.

19 _ პაატა ზაქარეიშვილი

აი, პაატა ზაქარეიშვილი სადაც არ უნდა იყოს, მაინც კლასიკური ქოცია. მთელი თავისი უტიფარი, ჭკუიდან გადამყვანი განცხადებებით ოკუპაციაზე, პუტინზე, რუსეთ-საქართველოს ომზე, აფხაზეთსა და ა. შ. თვითონაც მარადიული ქოცი იქნება და ამ ხელისუფლების სახეც მარადიულად იქნება კოლაბორაციონისტი ზაქარეიშვილი, გინდა თანამდებობაზე ეჯდეთ და გინდა პინგვინის ქანდარაზე.

20 _ ირაკლი სესიაშვილი

ირაკლი სესიაშვილი მუდამ ქოცურ ფორმაშია, ემანდ ვინმემ არ გადამასწროსო და ისე რულამს, რომ მუდამ მოსწონს მის ბატონს _ ბიძინა ივანიშვილს. მთელ ქვეყანას ახსოვს სკანდალი მისი მეორეკურსელი შვილის სუს-ში დასაქმებაზე და მისი, ირაკლი სესიაშვილის ყოვლად ქოცური, უტიფარი კომენტარები. მას თიაკოსავით ღრმად სწამდა, რომ სააკაშვილი აუცილებლად წარგება მათი მართლმსაჯულების წინაშე…

21 _ დავით ნარმანია

დავით ნარმანიას გამერება იყო პინგვინმპყრობელ ბიძინას პასუხი „ხოხბებისთვის“. ისე აარჩევინა კოკელი ბიჭი, როგორც ვაკელი… ქოცობა იყო მთელი მისი მერობა _ გაუკეთებელი საქმეებიც და ისიც, რაც რამ გააკეთა.

22 _ გია ვოლსკი

გია ვოლსკი ორგზის ჩეკისტია _ ადრე კომპარტიის ცეკაში მუშაობდა ინსტრუქტორად, ახლა „ოცნების“ ცეკას ინსტრუქტორია და ერთ-ერთი წონიანი „გამპრავებელია“ იმ ყველაფრისა, რასაც ბატონი ბიძინა გვთავაზობს. ვოლსკის, მე თუ მკითხავთ, სრულიად უსაფუძვლოდ აკრიტიკებენ იდეოლოგიურ ღალატში _ ის იყო იმ პარტიის ცეკას ინსტრუქტორი, რომელიც იყო შევარდნაძის ხელისუფლების წინამორბედი, იმ შევარდნაძის ხელისუფლების, რომლის ნაირსახეობასაც წარმოადგენს დღევანდელი „ოცნება“ და აბა, ღალატი?

23 _ ზვიად ძიძიგური

ზვიად ძიძიგური ქართული პოლიტიკის ანა კარენინაა, ოღონდ ანა კარენინასგან გასხვავებით ადგა რელსებიდან. მოკლედ, ხელი აიღო ანა კარენინობაზედ, ისევე როგორც ზვიად გამსახურდიას მიმდევრობაზედ. დღეს გამოდის და ნატამალი სირცხვილის გარეშე ამბობს, რომ ღირსეული პრეზიდენტი იქნება სალომე ზურაბიშვილი _ ზვიად გამსახურდიას მოსისხლე მტერი…

24 _ დავით საგანელიძე

იშვიათად რომ ვინმეს იმდენი ესარგებლოს ქოცობით, რამდენიც საგანელიძემ იხეირა და ხეირობს. არადა, „ახალი მემარჯვენე“ იყო, წამში გაქოცდა და აღზევდა და გაფუვდა. გაფუვდა და სახელმწიფოს კუთვნილი მილიონებით თავისი ძმისწულის კომპანიის დაფინანსებაც დაიწყო და ფაქტზე რომ დაასტუკეს, ღაბაბი უტიფრად შეათამაშა, _ მეო, დიდი სანათესავო მყავს და ყველათი ვამაყობო. ყველა წარმატებულია და სადაც კი რამეს ვაკეთებ, ყველგან ჩემი ნათესავები არიანო… ასეთ უტიფარს, მერე რომელიმე ხელისუფლება რომ შეჭმულს დააყრევინებს, ის ხელისუფლება გამოვა მოძალადე და ეს თავგასული ქოცი _ დაზარალებული, უმანკო კრავი.

25 _ გია გაჩეჩილაძე

ეს ის „მწვანეა“, ლამის მწვანე ფერს რომ შეგაძულებს. ბევრი ლურჯი ქოცი არ იკადრებს იმას, რასაც ეს მწვანე გაჩეჩილაძე კადრულობს. ეს მწვანე იმის ძახილში გაჭაღარავდა და გაწინგოსფრდა, რომ ქვეყანა სააკაშვილმა ნარკოტრანზიტად გადააქციაო, ახლა კი დგას და იმპერატიულად გაჰკივის, _ საქართველოში მარიხუანას პლანტაციები გაშენდებაო.

26 _ გედი ფოფხაძე

ხან კლასიკური ქოცია, ხან წაიპრინციპულებს და, საბოლოო ჯამში, ვერ გაიგებ, ბიძინას გედია თუ ბატგედა. იფიქრებ, აი, განსხვავდება იმათგანო და უცებ ისეთს ხევს, იმათ დაგავიწყებს… ხან დგას და მოსთქვამს, რა მეოცნებება, ჩემი ადგილი ოცნებაში არ არისო, იფიქრებ, გედი გედის სიმღერას მღერისო, და მეორე დღეს ისევ „მეჩტაობს“.

27 _ სოფო კილაძე

ადამიანის „უფლებათა დამცველი“ სოფო კილაძე ახალი ლეველის ქოცია. მაგრამ უყურებ რა მას, ხან ის ძველი ზეპური ქოცები _ მანანა კობახიძე ან თუნდაც ბესელია, მის ფონზე შეიძლება მოკრძალებულ, სათნო ქალბატონებადაც კი მოგეჩვენონ. მისგან აგრესია და ცინიზმი, უტიფრობა წამლეკავ ღვარად მოედინება. ვუფრთხილდები რა თქვენს თმებს ყალყზე დგომისგან, თავს შევიკავებ მისი განცხადებების ტირაჟირებისგან. მხოლოდ იმას შეგახსენებთ, ბოლოს რომ დაახეთქა, _ სალომეს თავს იმიტომ ესხმიან, ქალი რომააო.

28 _ თამარ ჩუგოშვილი

თუ სოფო კილაძე კაპასობს, ანჩხლობს და ისე ქოცობს, იგივეს ჩუგოშვილი ნეტარი სახით ახორციელებს. მარიხუანას გაშენებასაც აუღელვებლად „უპრავებს“ ბატონს და პარლამენტის ქუთაისიდან თბილისში გადმოტანასაც. მაგრამ რას არ „გაუპრავებს“, აგერ ჯონ მაკკეინის გასვენებაში საქართველოს სახელით გაგზავნა. ამას დაუვიწყებს? გახადა შემსწრე ისტორიული ფაქტის, აქ კი კარგად კვებავს, არც პრემიას აკლებს, არც დანამატს და აღარც „გააპრავოს“?

29 _ არჩილ თალაკვაძე

ქოცობისგან ზამთრის ნაადრევ ყინვაში მოყოლილ შავ ბოლოკს დაემსგავსა. ამდენი „გაპრავებისგან“ გაშავდა. ისეთი გზნებით და შემართებით „აპრავებს“ ბატონი ბიძინას ნებისმიერ ნაბიჯს, მე მგონი, მესიჯბოქსის მიცემაც არ უნდა _ ავტომატიკაზეა.

30 _ მამუკა მდინარაძე

რა უნდა მოხდეს, რომ მდინარაძემ ვერ გარეცხოს და ვერ „გააპრავოს“? რა უნდა გააშენოს ბატონმა ბიძინამ, რომ მდინარაძემ ვერ „გააპრავოს“? აი, ხვალ რომ მარიხუანას კი არა, დრაკონის კბილების თესვა დაიწყოს აიეტივით, მდინარაძე იმასაც წარბშეუხრელად გააპრავებს.

31 _ ნოდარ ხადური

ნოდარ ხადური კაი ხანია, თვალს მიეფარა, მაგრამ წარუშლელი კვალი დატოვა დიდქოცობის ისტორიაში. ის იყო განთქმული ქონდარში ჩადებული ციკნის ჭამით, ბიუჯეტის ხარჯზე არსენასავით გზებზე სუფრის გადაფენით, პენსიასა და კარტოფილს შორის უხილავი კავშირების პოვნა-ჩაფიქსირებით, ლარის ვარდნის მიზეზების ათასნაირი ახსნით და, რაღა თქმა უნდა, ქოცთათვის სავალდებულო უტიფრობით.

32 _ ალექსანდრე ჯეჯელავა

ქვეყანას ჰყავდა განათლების მინისტრი, რომელიც განათლების სისტემაში არსებულ პრობლემებსა და ნაკლოვანებებს კი არა, ზღაპრის პერსონაჟებს ებრძოდა. იდეა ფიქსად კომბლეს წინააღმდეგ ბრძოლა ჰქონდა დასახული, თანაც ისე, რომ ხეირიანად წაკითხულიც არ ჰქონდამ ისე ებრძოდა მას. მთელი მისი ნოვატორობა კი სკოლებში ვაშლების დარიგებით შემოიფარგლა, დაარიგა ვაშლები და კი გააგორეს თვითონაც ვაშლივით…

33 _ ვატო შაქარაშვილი

სალომე ჯერ არ გასულა პრეზიდენტად და ის უკვე ამაყია, რომ სალომე პრეზიდენტი იქნება. თავი გაითქვა იმით, რომ პოლიტიკურ გაწევ-გამოწევების დროს ბოლო ხმაზე გაიძახის „ბოზ ქალებს“. უტიფრად უტევს ყველას, ვისზეც მიუშვებენ. თუ ბიძინას ეამება, მისთვის ბალი ათი შაურია _ სულ ცალ „ნასკზე“ კიდია ასაკიც და ზრდილობაც.

34 _ თამარ ჟვანია

ბიძინას ნოტარიუსი, ცესკოს თავმჯდომარე მისი „კლიჩკაა“. ისეთ ლეგენდარულ ხელფასებს იღებს, ისეთ კრუიზებში და მივლინებებში დადის, მადლობა თქვით, რომ ზეზვა და მზია არ აგვირჩია აქამდე…

35 – გურანდა გაბუნია

მერე რა, რომ ის პარტიული არაა? რა მნიშვნელობა აქვს პარტბილეთის ქონას, როდესაც სწორედ გურანდა გაბუნიაა ის, ვინც გვამცნო, რომ ბიძინა ივანიშვილი ღმერთმა გადმოგვიგდო. სწორედ გურანდა გაბუნიაა, რომელიც ტონს აძლევს ქოცობას საქართველოში. ვერ ხედავს ვერც ორმოებს გზაზე და ვერც გაჭირვებას…

36 _ მანანა ბერიკაშვილი

ის დღეს იშვიათად ჩნდება კამერებთან, თუ ჩნდება, ისიც საქმიანად, მაგრამ ქოცობა საქართველოში სწორედ მისი მოთქმითა და ზარით დაიწყო _ რატომღაც დოისა და ჭოლას რომ უხმობდა. ეტყობა, ეს ასპასია პაპატანასიუს „რაზმახით“ განხორციელებული ქმედება იმდენად ფასეული იყო ბატონი ბიძინასთვის, რომ მას შემდეგ მანანა ბერიკაშვილისთვის არავის არ მოუთხოვია ქოცურ „გაპრავებებში“ მონაწილოება, ყოველ შემთხვევაში, მას არავის „გაპრავება“ არ უწევს. მოკლედ, „გამპრავებლად“ არ მუშაობს.

37 _ ქეთი დოლიძე

მას ლომის წვლილი მიუძღვის ქოცობის დამყარებაში. 41 წყვილი ტუფლი დაცვითა -_ სოფელ-სოფელ მოიარა საქართველო, ყველას დაჰპირდა ბიძინას დანაპირებს _ 5-5 მილიონს. ყველას ძალით ანახა თავისი „კუკარაჩა“, მაგრამ რა გინდა? დაუფასა ვინმემ ამაგი? როდესაც მისი თანამდებობა დასჭირდათ, აიღეს და მოხსნეს, მაგრამ მაინც არ გატყდა, მაინც იგივე აზრებს უწევს პროპაგანდას, მისი დოქტრინით სააკაშვილი ისევ შლეგია, რუსეთი კი _ უძლეველი…

38 _ ნინელი ჭანკვეტაძე

ქეთი დოლიძესთან ერთად სოფელ-სოფელ ნინელი ჭანკვეტაძეც დადიოდა და მასაც დიდი წვლილი მიუძღვის ერის გამოქოცებაში. არც ის ცხარობდა ქეთიზე ნაკლებად. ის დღემდე მყარად დგას თავის იდეოლოგიურ საძირკველზეც და პოზიციებზეც.

39 – გოგი ქავთარაძე

რაკიღა „ოცნების“ მეორე კუკარაჩა _ გოგი ქავთარაძე _ ასე ჯიქურ არ ითხოვს და არ კითხულობს, ნანახი გავთ თუ არა მისი კუკარაჩა, ისე არ იფიქროთ, რომ „ოცნებას“ ერთი კუკარაჩა ჰყავს. ეს კუკარაჩაც უპირისპირდებოდა სააკაშვილს ბიძინა ივანიშვილის მოსვლამდე. თავის დროზე, ზვიად გამსახურდიას უპირისპირდებოდა. მოკლედ, იგი, როგორც ქოცთა 99%, ამქვეყნად მხოლოდ ერთ ედუარდ შევარდნაძეს აღიარებდა და მას ეთაყვანებოდა და მხოლოდ მისი სიკვდილის შემდეგ აღიარეს ატროშანი რა შუაშია ბიძინა?

40 _ ზაზა პაპუაშვილი

არც ერთი წინამორბედი ქოცი ლამის ისეთ აგრესიას არ იწვევს ამ ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილ საზოგადოებაში, როგორც ზაზა პაპუაშვილი. თავისი აგრესიული გამოსვლებით იგი იმდენად აღიზიანებს საზოგადოებას, რომ საზოგადოებასაც წონასწორობას აკარგვინებს. ახლა ისინი ლანძღავენ ზაზა პაპუაშვილს. ლანძღავენ არა მარტო მის პოლიტიკურ შეხედულებებს, ლანძღავენ თვითონ მას და სრულიად დაუმსახურებლად იხსენიებენ უნიჭო არტისტად. მეტიც, ფაქტებსაც წიხლზე იკიდებენ და კაცზე, რომელსაც მაკბეტი, ჰამლეტი აქვს განსახიერებული, გაჰკივიან, რომ შეუმდგარი არტისტია, რომ, თურმე, ბუჩქის როლებს თამაშობდა…

41 _ სოსო ჯაჭვლიანი

არავის ისე ლაკონიურად არ გამოუხატავს და არ უჩვენებია „ქართული ოცნების“ ინტელექტუალური ფსკერი, როგორც ეს ბატონმა ჯაჭვლიანმა შეძლო ერთი განცხადებით _ იბიარდი რომ ბორდელი ეგონა. აი, ესაა საშუალოსტატისტიკური ქოცის ჭეშმარიტი „აიქიუ“…

რეზო შატაკიშვილი