ზურაბ ჯაფარიძე: “არასოდეს გავყოფთ თავს კოალიციებში, ბურჭულაძესთან ალიანსი შეცდომა იყო”

„ქრონიკა+“-ს ესაუბრება პრეზიდენტობის კანდიდატი ზურაბ ჯაფარიძე („გირჩი“):
_ ბატონო ზურაბ, საპარლამენტო არჩევნების დროს პაატა ბურჭულაძისა და „გირჩის“ ერთობა არჩევნების წინა დღეს დაიშალა. დღევანდელი გადმოსახედიდან, რამდენად კარგი აღმოჩნდა ან ცუდი ეს დაშლა „გირჩისთვის“?
_ ცალსახად ცუდი აღმოჩნდა. ყველას შეფასება, ვინც „გირჩში“ იყო, ერთია, რომ ეს გახლდათ დიდი შეცდომა, მცდარი ნაბიჯი და სერიოზულად დააზარალა „გირჩი“. შეიძლება ბევრი ადამიანი, რომელიც ჩვენი ამ ნაბიჯით გავანაწყენეთ, დღეს მაინც „გირჩის“ მხარდამჭერია. იმ მომენტისთვის ჩვენი ბევრი მხარდამჭერი ღიად გამოხატავდა პროტესტს, გულისტკივილს და პირდაპირი მნიშვნელობით გვაგინებდა. ეს ყველაფერი ერთგვარი გამოცდილება იყო და მეორედ მსგავს შეცდომას აღარ დავუშვებთ.
_ ანუ?
_ მაშინვე განვაცხადეთ, რომ არასოდეს მსგავს კოალიციებში თავს აღარ გავყოფთ.
_ სამომავლოდაც გამორიცხავთ სხვა პარტიასთან ან პარტიებთან თანამშრომლობას?
_ დღეს არსებული პოლიტიკური რეალობიდან გამომდინარე, მათთან პოლიტიკური კოალიცია გამორიცხულია.
_ როგორ ფიქრობთ, ხალხი ხმას მოგცემთ თქვენ თუ „გირჩს“?
_ მგონი, „გირჩი“ და მე ერთმანეთთან გაიგივებულები ვართ. ზოგადად არ მჯერა იმისი, რომ მე შეიძლება ბევრი მხარდაჭერი მყავდეს და „გირჩს“ _ არა. შეიძლება რაღაც სხვაობა არსებობდეს, მაგრამ ასეთი სხვაობა ძალიან პატარა არის ხოლმე.
_ თქვენი ცნობილი იდეა იყო სამპუნქტიანი შეთავაზება ხელისუფლებას: ეროვნული ბანკის ნაცვლად სავალუტო საბჭოს შექმნა; საგადასახადო საშუალებად ლართან ერთად სხვა უცხოური ვალუტის შემოღება; ფიქსირებული ლარის კურსი დოლართან, ევროსთან ან ამ ვალუტების კალათასთან. როგორ ფიქრობთ, რამდენად სწორი იქნებოდა ამის გათვალისწინება და რატომ?
_ როცა ხელისუფლებას სამპუნქტიანი გეგმა შევთავაზე, ვუთხარი, რომ ლარის კურსს სერიოზული პრობლემები ჰქონდა. აქ მთავარია ერთი კომპონენტი, ანუ თავისუფალი სავალუტო რეჟიმიდან მიმოქცევაში სხვადასხვა ვალუტის დაშვება. ვალუტებს შორის კონკურენცია ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც ნებისმიერ პროდუქტზე კონკურენცია. პირობითად რომ ავიღოთ, კარგი პომიდორი ბაზარზე იმიტომ იყიდება, რომ პომიდორის მომწოდებლებს შორის კონკურენციაა და ფასიც ნებისმიერ პროდუქტზე იმიტომ არის ისეთი, როგორიც არის, რომ კონკურენციაა. სხვა შემთხვევაში ფასი უფრო მაღალი იქნებოდა. იგივე ეხება ფულსაც. ქართულ ბაზარზე, ფულებს შორის კონკურენცია უნდა იყოს. ჩვენ ეროვნული ბანკისა და მისი არსებობის მხარდამჭერები არ ვართ, რადგან ბევრ სხვა პრობლემასაც ქმნის ცენტრალური ბანკის არსებობა, მაგრამ თუ მაინცდამაინც ვინარჩუნებთ ეროვნულ ბანკსა და ლარს, მაშინ იყოს ჯანსაღ და თავისუფალ კონკურენციაში სხვა ვალუტასთან, თუ მოუგებს _ მოუგოს. ხალხი თუ ენდობა ლარს, ლარი იქნება მიმოქცევაში, მაგრამ თუ ხალხი არ ენდობა ლარს და მჯერა, რომ ლარს არ ენდობა, მაშინ ლარი გავა ბაზრიდან და მიმოქცევაში ის ფული იქნება, რომელსაც ადამიანები ენდობიან.
_ დოლარს გულისხმობთ?
_ რა თქმა უნდა! ჩვენი ეკონომიკის დიდი ნაწილი დოლარიზებულია. ჩვენი სახელმწიფო წიხლს აჭერს ადამიანებს და ეუბნება, რომ გინდა თუ არა, ლარი გამოიყენეო და თუ არ გამოიყენებ, მაშინ დაგსჯი, ანუ კანონით არის ვალდებული. ერთადერთი პარტია გახლავთ „გირჩი“, რომელიც ითხოვს, ქვეყანაში არსებობდეს თავისუფალი სავალუტო რეჟიმი და ადამიანები იმ ფულს იყენებდნენ, რომელსაც ენდობიან.
_ საზოგადოების რა ნაწილი ფიქრობს, რომ „გირჩი“ დაბოლილებისგან შედგება, მისი ლიდერი კი მუდამ დაბოლილია და არის თუ არა თქვენთვის პრობლემა ეს მოსაზრება და აღქმა?
_ ჩემი აზრით, საზოგადოებას ძალიან მცდარი წარმოდგენა აქვს ბევრ რაღაცაზე. ეგ იგივეა, მე რომ ვიფიქრო, საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი ყოველდღე გალეშილი მთვრალია-მეთქი, მაგრამ რეალურად ეს ხომ ასე არაა? ეს ადამიანები, უბრალოდ, რეგულარულად მოიხმარენ ალკოჰოლს საქართველოში და, მათ შორის, მეც, თუმცა ალკოჰოლის დიდი მოყვარული არ ვარ. ასეთივე მცდარი წარმოდგენა აქვთ მათ „გირჩის“ წევრებზე. „გირჩში“ არიან ადამიანები, რომლებიც მარიხუანასაც მოიხმარენ და ალკოჰოლსაც, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყოველდღე დაბოლილები დავდივართ.
_ თქვენ თუ მოიხმართ მარიხუანას?
_ მოვიხმარ, თუმცა იშვიათად, რადგან დრო არ მაქვს იმისთვის, რომ სულ გართობით ვიყო დაკავებული.
_ რა სიხშირით მოიხმართ?
_ შეიძლება, ორ-სამ კვირაში ერთხელ, ისიც რომელიმე „უიქენდზე“ განტვირთვისთვის, ეს არის მაქსიმუმი. მაგის გარდა, არც სიგარეტს მოვიხმარ, არც ალკოჰოლს და არც არაფერს.
_ პირადად თქვენზე როგორ მოქმედებს მარიხუანა?
_ კარგად, გააჩნია, რა ტიპის მარიხუანაა. მარიხუანა არის, რომელიც კარგ ხასიათზე მაყენებს და მეგობრებთან ერთად ვერთობით და არის მარიხუანა, რომელიც მაფიქრებს რაღაცებზე და სხვათა შორის, ბევრი რამის განხორციელებაში მეხმარება.
_ როგორც გამიგია, ტვინის უჯრედებს ხსნისო, მართალია?
_ გახსნა ცოტა ჟარგონულია, უბრალოდ, რაღაც კონკრეტულ საკითხებს განახებს სხვანაირად, რაც შეიძლება რომ ორიგინალურად გააკეთო.
_ უამრავმა ახალგაზრდამ სწორედ „გირჩის“ დახმარებით აარიდა თავი სამხედრო სავალდებულო სამსახურს. ზურაბ ჯაფარიძე, უბრალოდ, პაციფისტია თუ ის პრაქტიკა არ მოსწონს, რაც საქართველოში სამხედრო სამსახურის გავლასთანაა დაკავშირებული?
_ კარგი შეკითხვაა. პაციფისტი არ ვარ, არ მჯერა. მე მჯერა, რომ სამყაროში არსებობენ ცუდი ადამიანები და არსებობს ბოროტება. მგონია, რომ თუ საფრთხე არსებობს, ძალით უნდა დაუპირისპირდე და, მათ შორის, შეიარაღებულითაც კი, თუმცა რისიც მე მჯერა და რაც ყველაზე მთავარია, ეს არის ადამიანის თავისუფლება. სახელმწიფოს არ აქვს უფლება, ადამიანს თავისუფლება შეუზღუდოს. ერთი წელი ადამიანების იძულებით სადღაც წაყვანა და ძალის დატანება იმის კეთებაზე, რაც არ უნდა, ეს ჩვეულებრივი ერთწლიანი მონობაა. ჩემთვის პრინციპულად მიუღებელია არსებული სისტემა. აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ სისტემა უვარგისია და ამას აღიარებს ყველა, _ თავდაცვის სპეციალისტებით დაწყებული, რიგითი მოქალაქეებით დამთავრებული. ზოგადად, კარგი სისტემაც რომ იყოს, სავალდებულო ჯარში წასვლა გაუმართლებელი მონობაა.
ნახევარი საუკუნეა გასული, რაც ეკონომისტებმა ხარჯები დათვალეს და დაამტკიცეს, რომ სავალდებულო სამხედრო სამსახური სახელმწიფოს ყველაზე ძვირი უჯდება. სწორედ ამიტომ გასული საუკუნეების 70-იანი წლებიდან აშშ-ში სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევა აღარ არსებობს, მიუხედავად იმისა, რომ კანონით დაშვებულია. ისინი მიხვდნენ და გაიაზრეს, თუ როგორი არაეფექტიანია სავალდებულო სამსახური და ჯამურად როგორი ძვირი უჯდება ქვეყანას იგი. ჩვენ ღარიბი ქვეყანა ვართ, სერიოზული თავდაცვა გვჭირდება, ასევე საჭიროა, რომ თავდაცვაზე მეტი თანხები დავხარჯოთ, ვიდრე ეს დღეს ხდება. ჩემს ერთ-ერთ დაპირებებში ესეც შედის, რომ თავდაცვის ბიუჯეტი უნდა გაორმაგდეს, მაგრამ ფული არ უნდა ვფლანგოთ. თავდაცვა გვჭირდება, რადგან იგი მნიშვნელოვანია, ხარჯების გაორმაგება გვჭირდება და არა ფლანგვა. სამხედრო სავალდებულო სამსახური კი ფულის ფლანგვაა.
_ თქვენი ერთ-ერთი წინასაარჩვენო დაპირება სწორედ თავდაცვის ბიუჯეტის გაზრდა იყო, სამაგიეროდ არ უნდა არსებობდეს სხვადასხვა სამინისტრო და მათ შორის, თუ არ ვცდები, განათლების სამინისტროზეც აპელირებდით. ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში რას და რატომ გააუქმებდით?
_ ბევრ სამინისტროს გავაუქმებდი. დავიწყებდი სოფლის მეურნეობის სამინისტროდან, რომელიც გაუგებარია, საერთოდ რატომ არსებობს, ასევე გაუგებარია ეკონომიკის სამინისტრო, გავაუქმებდი განათლების სამინისტროს, რადგან აქ შეიძლება იყოს ერთი ცალკე აღებული სოციალური ხარჯების სამინისტრო, სადაც განათლებისა და ჯანდაცვის რაღაც ნაწილი შევა. დავტოვებდი თავდაცვას, შინაგან საქმეთა სამინისტროს, იუსტიციას, საგარეო საქმეთა სამინისტროს და შეიძლება იყოს სოციალური ხარჯებისთვის გამოყოფილი სამინისტრო, რომელიც დაეხმარება ამ ქვეყანაში მცხოვრებ გაჭირვებულ ოჯახებს, ვისაც არ აქვს საკვების ფული, ასევე საკუთარი ჯანდაცვის დაფინანსების შესაძლებლობა და ვისაც არ გააჩნია საკუთარი შვილებისთვის განათლების მიცემის შესაძლებლობა. დანარჩენი ყველაფერი გასაუქმებელია.
_ რატომ?
_ იმიტომ, რომ ეს არის ფულის ფლანგვა. ჩვენ ღარიბი ქვეყანა ვართ, სადაც სახელმწიფო მოსახლეობას ფულს ართმევს და ვაფინანსებთ, მაგალითად, ფეხბურთის გუნდებს. ჩვენი პრიორიტეტი ფეხბურთის ყურება რომ იყოს, წავიდოდით, ბილეთს ვიყიდიდით და ასე დავაფინანსებდით ფეხბურთს, შესაბამისად, ფეხბურთის გუნდებს შემოსავალი ექნებოდათ, მაგრამ იმის გამო, რომ გაჭირვებულები ვართ, გვირჩევნია, საკუთარ შვილს პური ვუყიდოთ და ეს ფული ფეხბურთის ბილეთში არ დავხარჯოთ. სახელმწიფო კი გვეუბნება, _ მიუხედავად იმისა, რომ თქვენ სხვა პრიორიტეტები გაქვთ, მაინც წაგართმევთ გადასახადების ფულს და მაინც დავაფინანსებ რაღაცებს, თორემ ქართული ფეხბურთი მოკვდება, ქართული თეატრი მოკვდება, კულტურა განადგურდება და ათას სისულელეს გვეუბნება. ღარიბ-ღატაკ ხალხს ართმევ ფულს და ვიღაცებს აჭმევ იმიტომ, რომ პოლიტიკურად გჭირდება, რადგან ის სპორტსმენი, მსახიობი თუ მომღერალი, როგორც წესი, იმ ხელისუფლების მეხოტბეა, ისინი დადიან სატელევიზიო ეთერებში და მათ პოზიციებს იცავენ.
რაც შეეხება განათლებას, მანდ უფრო ბევრი პრობლემაა: ეს სისტემა არის ერთიანი, უნიფიცირებული და ყველასთვის ერთნაირი. სახელმწიფო ვითომ ეხმარება გაჭირვებულებს, რომ ხელმისაწვდომობა ჰქონდეს, მაგრამ სინამდვილეში განსაზღვრავს, რა არის განათლება. დაახლოებით იგივეა, რომ პურს აცხობდეს მარტო სახელმწიფო და გეუბნებოდეს, რომ პური არის ასეთი ფორმის, ზომისა და ფიგურის და სხვას არ აქვს პურის გამოცხობის უფლება. დაახლოებით იგივე ხდება განათლებაშიც. სახელმწიფო გვეუბნება, რომ განათლება არის აგურის, ბლოკის შენობა, მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯრით, გათბობით და ა. შ. პრობლემაა, რომ ეს სიტემა არის ნაგავი, საბჭოთა სისტემა თავისი არსით, რომელიც არაფრად ვარგა. მთელი პრობლემა ხომ, ზოგადად, გაუნათლებლობაშია, ყველაფერი აქედან იწყება. სწორედ ამიტომ ჩვენ ახალი პროექტი დავიწყეთ: თავისუფალი განათლება და სულ მალე საკუთარ ალტერნატიულ განათლების სისტემას შევქმნით, რომელიც აბსოლუტურად განსხვავებული იქნება სახელმწიფოსგან.
_ საპრეზიდეტო არჩევნებში სალომე ზურაბიშვილის დამარცხება ან გამარჯვება ერთგვარი რეფერენდუმის ტოლფასი იქნება იმასთან დაკავშირებით, თუ რა სტრატეგიას ავირჩევთ რუსეთთან?
_ რეფერენდუმი რამდენად იქნება არ ვიცი, მაგრამ, ჩემი აზრით, კატასტროფაა. არ მჯერა სალომე ზურაბიშვილის გულწრფელობის, რადგან რასაც ის ლაპარაკობს, ელემენტარული შინაარსი ვერ გამოგაქვს. მეეჭვება, რომ მას გულწრფელი მხარდამჭერები ჰყავდეს,. რეფერენდუმზე წავლენ და მხარს დაუჭერენ. მისი ამომრჩევლები სინამდვილეში იქნებიან ადამიანები, რომლებსაც „ქართული ოცნება“, უბრალოდ, იყიდის და ვიღაცები ტვინის დაუტანებლად წავლენ და დაუჭერენ მხარს, რადგან ასე თქვა „ქართულმა ოცნებამ“. არ მჯერა, რომ გულწრფელი რეფერენდუმი იქნება, _ რუსეთი თუ დასავლეთი? ეს იქნება ფულზე მოსული ხმები. საკუთარი პოლიტიკური კაპიტალი ამ ქალს არ გააჩნია, რადგან მისი არავის სჯერა და არავის სჯერა, რომ მას გულწრფელი მოტივები აქვს ამ ქვეყნის მიმართ. ეს არის ქალი, რომელმაც მთელი ცხოვრება საფრანგეთში გაატარა კომფორტში და საქართველოს პოლიტიკაში ის მხოლოდ წინასაარჩევნო პერიოდში ჩნდებოდა, რომ რაღაცისთვის გამოეკრა ხელი. ერთადერთი, რაც ამ ქალბატონს აინტერესებს, ეს არის მისი პირადი პატივმოყვარეობა. მას უნდა, რომ პრეზიდნეტის სტატუსი ჰქონდეს, იმოგზაუროს დედამიწის გარშემო, ვიღაცებს შეხვდეს და პატივმოყვარეობა დაიკმაყოფილოს.
_ გულწრფელად მითხარით, რამდენად გაქვთ გამარჯვების იმედი და თუ არ გაიმარჯვებთ, რას აპრებთ, იყრით კენჭს საპარლამენტო არჩევნებში?
_ 2020 წელს საპარლამენტო არჩევნებში ნებისმიერ შემთხვევაში ვიყრით კენჭს. გულწრფელი რომ ვიყო, ჩვენთვის ნებისმიერი შედეგი, რაც არ უნდა ვაჩვენოთ, გამარჯვება იქნება. ეს არის პირველი არჩევნები და პირველად ვიზომებით. რაც შეეხება გამარჯვებას, პრეზიდენტი გავხდები თუ არა, ეს, მგონი, ყველასთვის რთული იქნება, რადგან ყველა კარგად ვხედავთ, თუ რა რესურსები დგას ამ წუთას ზურაბიშვილის უკან. ეს არის ჩვეულებრივი ბრძოლა და ომი. არჩევნებამდე თვე-ნახევარია დარჩენილი და შეგვიძლია იმისთვის ვიბრძოლოთ, რომ მეორე ტური დაიდოს.
_ შემოწირულობით კმაყოფილი ხართ?
_ ვერ ვიქნებით კმაყოფილები, რადგან უკვე სამი თვეა, პრაქტიკულად, შემოწირულობა არ გვქონია. ბოლო პერიოდში რითიც არსებობს ეს ოფისი, მხოლოდ ბიბლიური თავისუფლების შემოწირულობებია. სერიოზული ფინანსური პრობლმები გვაქვს, მაგრამ მოტივაცია _ ძალიან მაღალი.
_ საკმაოდ უცნაური წინასაარჩევნო კამპანია წამოიწყეთ. ვგულისხმობ ცნობილ ფოტოს, რომელიც გადაღებულია აუზში და თქვენი რეკლამები პორნოსაიტებზე.
_ აუზში გადაღებულ ფოტოს რაც შეეხება, ეგ არ ყოფილა წინასაარჩევნო შეხვედრა. ერთ-ერთ სტუდენტურ ორგანიზაციას საირმეში ღონისძიება ჰქონდა, სადაც სტუმრის სტატუსით ვიყავი მიწვეული. საღამოს აუზში რომ ჩავედი, ახალგაზრდებთან საუბარი მომიწია, კითხვებს მისვამდნენ და ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ფოტო გადამიღო, რომელიც პირადში ჩამიგდო. შემდეგ ეს ფოტო ჩემს ფეისბუქ-გვერდზე დავდე და ვიხუმრე, რომ ამომრჩეველთან შეხვედრა ასეთი უნდა იყოს-მეთქი. ეს ფოტო თითქმის ყველა სააგენტომ წაიღო და დაიჯერა, რომ მე აუზში ვმართავდი წინასაარჩევნო შეხვედრებს.
რაც შეეხება პორნოსაიტებს, ერთ მშვენიერ დღეს, ოფისში ვისხედით, ვფიქრობდით და ვმსჯელობდით, თუ რა შეიძლებოდა, რომ გაგვეკეთებინა ამ უფულობის პირობებში, რითაც ყურადღებას მივიქცევდით. ერთ-ერთმა ახალგაზრდამ თქვა, რომ მოდი, პორნოსაიტებზე დავდოთ რეკლამაო. თავიდან ყველას გაგვეცინა, მაგრამ მერე ეს იდეა მომეწონა და ვკითხე, თუ რომელია ისეთი საიტი, სადაც საქართველოდან ყველაზე ხშირად შედიან, მოვიძიეთ და განვათავსეთ რეკლამა მხოლოდ საქართველოდან შემომსველელებისთვის.
_ რამდენად მომგებიანი აღმოჩნდა ამ იდეის გახორციელება?
_ ორი ბანერი დავდეთ, ჯამში, მგონი, 60 დოლარამდე დაგვიჯდა და ერთი კვირაც არ იყო გასული, რომ ნახევარმა მილიონმა ადამიანმა ნახა ეს რეკლამა. არ ვიცი, სად უნდა გამეშვა სხვაგან რეკლამა, რომ ნახევარ მილიონ ადამიანს ენახა. უბრალოდ, საქართველოში რცხვენიათ ან ერიდებიან მსგავს რაღაცებს.
_ შედეგი?
_ რამდენიმე ასეული ადამიანი დარეგისტრირდა ჩვენს მხარდამჭერად.
_ დაბოლილებმა ხომ არ მიიღეთ ეს გადაწყვეტილება?
_ არა, მაგ მომენტში ფხიზლები ვიყავით.
_ დაბოლოს, თუ ელოდებით მასობრივ გაყალბებას და თუ გაყალბდა, მოვლენები როგორ განვითარდება?
_ მასობრივი გაყალბება ქვეყნის მასშტაბით შეუძლებელია. როგორც სპეციალისტებმა ამიხსნეს, ეს შეიძლება მერყეობდეს 3-4%-ში, მაგრამ ვიღაცას რომ 15% ჩაუყარონ, ეგ გამორიცხულია. ტრადიციულად ველოდებით გაყალბებას, განსაკუთრებით კი ქვემო ქართლში, ზემო აჭარაში, უმცირესობით დასახლებულ რეგიონებში და ა. შ. ზურაბიშვილმა პირველ ტურში 51% თუ დაწერა, ე. ი. ხმები ჩაუყარეს, რადგან „ოცნების“ ფინანსური რესურსების გათვალისწინებითაც კი ეს ქალი ხმების 47-48%-საც ვერ აიღებს.
_ მეორე ტურს გამორიცხავთ?
_ არ გამოვრიცხავ, პირიქით, მგონია, რომ მეორე ტური აუცილებლად იქნება.

გიორგი საკარული