არის თუ არა დიტო სამხარაძე რეზიდენტი?! ანუ „Добро пожаловать“, დიმიტრი!

მასზე ინტერნეტსივრცეში ცოტა რამ იძებნება, ხელმისაწვდომი ინფორმაციის უდიდესი ნაწილი 2012 წლის 2 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების დღეს მის დაკავებას ეხება. სამხარაძე „ოცნების“ სხვა 5 აქტივისტთან ერთად ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე _ წვრილმანი ხულიგნობის _ მუხლის ბრალდებით დააკავეს, თუმცა მეორე დღესვე გაათავისუფლეს. ასე წერდნენ მასზე 2016 წელს, როცა პარლამენტარი გახდა. არადა, უბრალო დეპუტატი არ გეგონოთ _ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილეა.
ასევე პარტია „ქართული ოცნების“ რეგიონული მდივანი და პოლიტიკური საბჭოს წევრი.
ერთი შეხედვით, მშვიდი, უწყინარი ბიჭია, რას ვერჩით? ისე, ჩვენ არაფერსაც ვერჩით, ყველა საკუთარ თავს ერჩის.

„დიტოს რეგალიები“

გავიცნოთ, ვინ არის დიმიტრი-დიტო სამხარაძე _ კაცი, რომელიც „ქართული ოცნების“ რეგიონების მმართველია, პოლიტიკოსი, რომელიც „ქართული ოცნების“ წევრებს ჯარისკაცებს ეძახის და ამასობაში ჯარი ეფანტება. რეალურად, ვინ არიან ის ნამდვილი ჯარისკაცები? „ქოცები“ თუ „ნაცები“? რა სიკეთე მოუტანა სამხარაძემ პარტიას? რა შესაძლებლობებით მოვიდა ქვეყნის სათავეებში? რა ბეგრაუნდი ჰქონდა მას? დღევანდელი თემა სწორედ ეს არის _ განათლება, სამუშაო გამოცდილება, ამ ყველაფრის ანალიზი, სად მართალია და სად _ ტყუილი, ეს უნდა შევისწავლოთ.
რაც შეეხება რუბრიკას, დღეიდან „დიმიტრი სამხარაძის რუბრიკას“ გახსნილად ვაცხადებთ.
ასე რომ, კეთილი იყოს მისი მობრძანება „ქრონიკა+“-ში.
აქამდე თუ მხოლოდ სტატიებს ვუძღვნიდით, ამის მერე მისი რუბრიკა მუდამ ცხელი და შთამაგონებელი იქნება.

Welcome, დიმიტრი!

დაბადების თარიღი: 16 მაისი, 1981. დაბადების ადგილი: ქუთაისი.
მისი სამუშაო გამოცდილება კი ასეთია: ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრი (2015-2016); სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო (2012-2015); Vitakan oy წარმომადგენელი კავკასიაში (2009-2011); Baltic tank.oy, ბიზნეს გადამზადება (2008); აზოტის ქარხნის შესყიდვების მენეჯერი (2004-2009); შპს „ლევიკოს“ ფინანსური მენეჯერი (2003-2005); 5 Line production rekord მენეჯერი (2003); LTD IVI oy FINLAND პროექტმენეჯერი (2001-2002).

განათლება: რუსეთის აკადემიის სახელმწიფო სამსახურისა და მართვის საერთაშორისო ინსტიტუტი, სპეციალობა _ პერსონალის მართვა (2007-2015),
საზოგადოებრივი კოლეჯი „ორიენტირი“, სპეციალობა _ ექსპერტ-კრიმინალისტიკა (2012-2014).

ერთობ ჩვეული sv-ის ფორმაა. არაფერი უცნაური, _ ისწავლა, იშრომა და ახლა პარლამენტშია. მართალია, პოლიტიკოსად მოღვაწეობის არანაირი გამოცდილება მანამდე არ ჰქონია, მაგრამ უყურეთ მის პროფესიებს…
ჯერ „ორიენტირით“ დავიწყოთ…
კოლეჯის ოფიციალურ ვებგვერდზე ვკითხულობთ: „ორიენტირი“ ახორციელებს სწავლებას 11 პროფესიულ პროგრამაზე: მცირე ბიზნესის მწარმოებელი (IV-V საფეხური), კბილის ტექნიკოსი (III-IV-V საფეხური), ფარმაცევტის თანაშემწე (V საფეხური), მასაჟისტი (III-IV საფეხური), კრიმინალისტი (III-IV-V საფეხური), პრაქტიკოსი ექთანი (V საფეხური), ბუღალტერი (III-IV-V საფეხური), ექთნის თანაშემწე (III საფეხური), ქიმიური და სასურსათო პროდუქტების ექსპერტი (III-IV-V საფეხური), ინფორმაციული ტექნოლოგიები (III საფეხური), ნივთიერებისა და მასალების ქიმიური ანალიზის ლაბორანტი (III-IV-V საფეხური). იქვე ვიგებთ, რომ „ორიენტირი“ არის საქართველოს კერძო კოლეჯების ასოციაციის წევრი და სხვა წევრ კოლეჯებთან ერთად აქტიურად მონაწილეობს პროფესიული საქმიანობის პოპულარიზაციაში: „დამაარსებლის, ბატონ ანზორ მაჭარაშვილის, სოფიო და რამაზ მაჭარაშვილების ყოველწლიურად განახლებისადმი სწრაფვამ, ახალი პროფესიონალი კადრების მიღებამ განაპირობა ჩვენს კურსდამთავრებულთა უმრავლესობის წარმატებით დასაქმება ქვეყნის წამყვან ორგანიზაციებში“.
ეს ქვეყნის წამყვანი ორგანიზაცია აშკარად საქართველოს პარლამენტია, თუმცა სწავლება სამწლიანია, რაც იმას ნიშნავს, რომ არათუ 2012-დან 2014 წლამდე უნდა ესწავლა აქ ბატონ დიმიტრის, არამედ 2015 წელს უნდა დაესრულებინა, თუ 2012 წელს ჩაირიცხა. სამხარაძეს ეს მექანიკურ შეცდომად ჩავუთვალოთ და ვთქვათ, რომ ალბათ ერთი წელი აერია, მაგრამ ექსპერტ-კრიმინალისტების სპეციალობა აქ არ არსებობს, ესეც მექანიკური შეცდომის ალბათობად ვაღიაროთ და ვთქვათ, რომ ექპერტი თავისდაუნებურად დაწერეს სივიში, ვინაიდან ზემოთ ჩამოთვლილი სპეციალობებიდან ვიტყობთ, რომ კრიმინალისტიკის სპეციალობა არსებობს. არადა, აქვე შეგვიძლია ყურადღება გავამახვილოთ და აღვნიშნოთ, რომ ამავე პერიოდში სამხარაძე თან სწავლობდა და მუშაობდა სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში (2012-2015), იმავე სივის მიხედვით.
ახლა მის უმაღლეს განათლებაზე გადავიდეთ: დიმიტრი სამხარაძემ უმაღლესი განათლება რუსეთის აკადემიის სახელმწიფო სამსახურისა და მართვის საერთაშორისო ინსტიტუტში მიიღო, სპეციალობა _ პერსონალის მართვა. მისი სწავლების პერიოდი 2007-2015 წლებია.
უპრიანი იქნება, ჯერ სპეციალობაზე რომ ვისაუბროთ, ანუ ის სპეციალობით პერსონალის მმართველია. შესაბამისად, ისიც „ოცნების“ ჯარისკაცებს მართავს რეგიონებში. ე. ი. მას შეუძლია ადამიანური რესურსების მართვა პოლიტიკაში, მათი გადამზადებაც, განვითარებაც და შეფასებაც. ეს საკითხი შემდეგი სტატიისთვის გადავდოთ, რამდენად შეუძლია სამხარაძეს პერსონალის მართვა, ახლა კი იმ უმაღლეს სასწავლებელს დავუბრუნდეთ, სადაც ის ხანგრძლივად 7 წლის მანძილზე სწავლობდა რუსეთში.
დეპუტატის ინფორმაციით, მას განათლება უმაღლეს სასწავლებელში რუსეთში აქვს მიღებული, სწავლა კი 2007 წელს დაუწყია, არადა, რა საინტერესოა, 2008 წელს, როდესაც ჩვენს ქვეყანაში ოკუპანტი შემოიჭრა, იმ დროს სად იყო „ქართული ოცნების“ ჯარისკაცი სამხარაძე? აგვისტოში სწავლა არ ექნებდა, შესაბამისად, ლექციებზე არ წავიდოდა, მაგრამ რას აკეთებდა? შინდისის გმირების მსგავსად ჯარისკაცი იყო, თუ სექტემბერს ელოდებოდა, როდის დაიწყებოდა ერთმორწმუნე მეზობლის ტერიტორიაზე სწავლა? ისიც საინტერესოა, რა რეისით დაფრინავდა? იქნებ, ჰქონდეს შენახული ძველი ბილეთის ასლი თბილისი-მოსკოვი _ მოსკოვი-თბილისი? „ოცნების“ ჯარისკაცების წინამძღოლი ქვეყნის იმდენად დიდი პატრიოტია, რომ მან ყველაზე რთულ და მძიმე პერიოდშიც კი სწავლა რუსეთში გააგრძელა. აბა, ქართული უმაღლესი სკოლა მას კარგს რას ასწავლიდა? პატრიოტიზმს? სულაც არ სჭირდებოდა მას პატრიოტიზმი, მისთვის პრიორიტეტი იყო რუსეთში მიღებული განათლება _ სახელმწიფო სამსახურისა და მართვის საერთაშორისო ინსტიტუტის სპეციალობა, პერსონალის მართვა.
თუმცა ცოდვა გამხელილი სჯობს _ გუგლის სრული საძიებო სისტემა გადავქექე და ვერსად ვიპოვე რუსეთის აკადემიის სახელმწიფო სამსახურისა და მართვის საერთაშორისო ინსტიტუტი, სპეციალობა _ პერსონალის მართვა.
შესაბამისად, აქ რამდენიმე მარტივი კითხვა გამიჩნდა:
1. არსებობს ასეთი ინსტიტუტი?
2. და თუ არსებობს, რამდენწლიანია იქ სწავლა?
3. სწავლის პერიოდში სად ცხოვრობდა დიმიტრი სამხარაძე?
4 არსებობს დიპლომი?
5. ომის დროს ხომ არ უჭირდა ოკუპანტ ქვეყანაში სწავლის მიღება?
6. რა ასწავლეს ასეთი?
7. თუ მან 2007-დან 2015 წლამდე იქ ისწავლა, მაშინ როგორ ახერხებდა, რომ რუსეთშიც ყოფილიყო და საქართველოშიც? მაგალითად, ის ამ დროს მუშობდა რამდენიმე სხვადასხვა ადგილას, როგორიცაა სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო (2012-2015); „Vitakan oy“-ს წარმომადგენელი კავკასიაში (2009-2011); Baltic tank.oy, ბიზნეს გადამზადება (2008); აზოტის ქარხნის შესყიდვების მენეჯერი (2004-2009).
ასევე სწორედ ამავე პერიოდში შეეძლო ესწავლა კოლეჯ „ორიენტირში“. როგორც კახელები იტყოდნენ, ასეთი რა კოდენინოა, რომ ყველგან იყო და ყოველთვის სწავლობდა ორგან, მუშობდა ბევრგან, საბოლოოდ კი ერთ-ერთი სამინისტროს თნამშრომელი იყო, ამავე დროს ოკუპანტი ქვეყნის აკადემიაში განათლებას იღებდა.
ბოლოს და ბოლოს, ვინ არის ეს კაცი? რა განათლება მიიღო ასეთი დიმიტრი სამხარაძემ დიდ რუსეთში, რომ ის „ქართულმა ოცნებამ“ პროპორციულ სიაში საპატიო ადგილზე შეიყვანა? ასეთი რა დიპლომი აქვს, რომ მთავარმა პოლიტიკურმა ძალა „ქართულმა ოცნებამ“ მას რეგიონები ჩააბარა და „ქართული ოცნების“ ჯარისკაცების პერსონალური მართვა მიანდო?!
ყველაფერთან ერთად დიტო სამხარაძე facebook-ზე წერს:
„იქნებ, ერთი რამ ამიხსნათ? ადრე ვიცოდი, რომ გიორგევსკი ლენტა რუსეთ-თურქეთის ომის დროს შემოიღო რუსეთის მაშინდელმა იმპერატრიცა ეკატერინა მეორემ! ის წმინდა გიორგის ორდენის შემადგენელი ნაწილი იყო!
ახლა ოკუპანტების სიმბოლო გამხდარა! ისე, იცით, რა მაინტერესებს, ხვალ ოკუპანტებმა უკრაინა-რუსეთის ომის დროს ჯვრები რომ გამოიყენონ სიმბოლოდ, რას ვიზამთ ჩვენ? ჯვრებს აღარ გავიკეთებთ??? თუ ნაცებს შევეკითხებით და თუ ისინი ნებას დაგვრთავენ, მაშინ ჯვრის გაკეთებაც შეგვეძლება??? (სტილი დაცულია)“, _ წერს სამხარაძე.
დაბოლოს, კაცმა თუ განათლება ქვეყნის მტერთან მაშინ მიიღო, როცა მისი განმანათლებლები შინდისის გმირებს ხოცავდნენ, როცა გიორგი ანწუხელიძეს წამებით კლავდნენ, რა გასაკვირია, რომ რუსული განათლების პატრონი სამხარაძისთვის რუსეთი არათუ ოკუპანტია, არამედ მისი გამზრდელი მეგობარი?..
ფინალში მაინც დასადგენია, არის თუ არა დიტო სამხარაძე რეზიდენტი?

მაკა მოსიაშვილი