ვინ ლობირებს „ხორბლის მაფიას“?


საქართველოში პური გაძვირდა! _ აქ ახალი და მოულოდნელი არაფერია, რადგან მეპურეებმა ჯერ კიდევ ზაფხულში განაცხადეს, რომ იმ შემთხვევაში, თუ ლარი გაუფასურებას განაგრძობდა, ხორბლის ექსპორტი გაძვირდებოდა და შესაბამისად, იძულებულები გახდებოდნენ, რომ პური გაეძვირებინათ.

გაუფასურებული ლარი იქით იყოს და საქმეში ჩახედულები არც იმას გამორიცხავენ, რომ პურის გაძვირება გარკვეულ მაფიოზურ გარიგებებს უკავშირდებოდეს. ამ ეჭვს ისიც ამყარებს, რომ აგვისტოში ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა, სპეციალური ბრძანება გამოსცა, რომლის თანახმადაც ხორბლის იმპორტიორებს სახმელეთო გადაზიდვები სრულად აეკრძალათ.
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე ხორბლისა და სიმინდის შემოტანა ან გატანა მხოლოდ საზღვაო ან სარკინიგზო ტრანსპორტით არის დასაშვები“, _ ნათქვამი იყო მინისტრის ბრძანებაში.
კერძო იმპორტიორებმა, რომლებსაც ქვეყანაში წლებია, შემოაქვთ, მაშინვე თქვეს, რომ ახალი რეგულაცია ხორბლისა და პურპროდუქტების ფასს გააძვირებდა, კომპანიებში ათასობით დასაქმებული ადამიანი კი სამსახურის გარეშე დარჩებოდა. გარდა ამისა, იმპორტიორებმა უფრო ხმამაღალი განცხადებებიც გააკეთეს და თქვეს, რომ ხელისუფლება ბიზნესზე ზეწოლას ახდენდა.
ამასთან, ოპოზიციამ იეჭვა, რომ ხორბლის ბიზნესის ხელში ჩაგდება ყოფილი პრემიერის, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის უახლოეს გარემოცვას სურდა.
ლეიბორისტებმა კონკრეტული გვარებიც დაასახელეს და თქვეს, რომ ფინანსთა მინისტრის ზემოხსენებული ბრძანების უკან უჩა მამაცაშვილი და ოთარ ფარცხალაძე იდგნენ, რომელთაც გარკვეული ლინკები შესაძლოა, კომპანია „აგრიკომთან“ ჰქონდეთ.
ამ ეჭვისთვის საფუძველი არსებობს, რადგან „აგრიკომი“ ხორბლის ბიზნესში ერთ-ერთ მონოპოლისტად ითვლება.
ასევე „აგრიკომი“ ფოთში საზღვაო მარცვლეულის ტერმინალსაც ფლობს.
იმას, რომ „აგრიკომი“ მმართველ ელიტასთან არის დაახლოებული, ერთი გარემოებაც ადასტურებს. კერძოდ, 2017 წლის მონაცემებით, აღნიშნულმა კომპანიამ „ქართულ ოცნებას“ 100 ათასი ლარი შესწირა.
ერთ-ერთ საგაზეთო ინტერვიუში, რომელიც 2015 წლით თარიღდება, „აგრიკომის“ ხელმძღვანელი კოკი ოსიპივი ადასტურებს, რომ ხელისუფლებასთან კომუნიკაცია და კონტაქტი ნამდვილად აქვს:
„კონტაქტი ნამდვილად მაქვს და მქონდა, ბოლო ორი თვის განმავლობაში პირადად არავინ მინახავს, მაგრამ სატელეფონო ურთიერთობა გვაქვს.
_ სახელდობრ, ვისთან?
_ საპასუხისმგებლო პირებთან. გააჩნია, ვისთან რა თემაზე ვსაუბრობთ. დავანებოთ ამ თემას თავი… არაფერი მაქვს დასამალი _ სოფლის მეურნეობის სამინისტროში პერმანენტულად ვმართავ შეხვედრებს ორ საკითხზე: არასამართლიან ფასად ფქვილის იმპორტის შეზღუდვასა და ასევე იმ საკითხზე, რომ ერთი კომპანია დომინირებულ მდგომარეობაში არ უნდა იყოს, ანუ ადრე „კარმენთან“ დაკავშირებითაც ვხვდებოდი.
მე ეს ორი მთავარი პრობლემა მაქვს. როგორც კი არასამართლიან ფასად იმპორტირებული ფქვილი შემოვა, ადგილობრივი წარმოება დაინგრევა. მეც ბაზარზე ოპერირებას ვეღარ გავაგრძელებ, რადგან მომხმარებელი არ მეყოლება… ბუნებრივია, ჩემი კომპანიის განვითარებით ვარ დაინტერესებული _ ხორბლის რეალიზაციით მოგება ხომ მჭირდება? წინააღმდეგ შემთხვევაში, თავი გაკოტრებულად უნდა გამოვაცხადო… ბუნებრივია, ამ კუთხით ჩემს ბიზნესს ვლობირებ და დაინტერესებული ვარ, წისქვილებმა კარგად იმუშაოს. ადგილობრივი წარმოება ვერ იქნება ძლიერი, თუ რუსული ფქვილი არასამართლიან ფასად შემოვა. მაშინ მეც ფქვილით ვაჭრობაზე უნდა გადავიდე.
_ მთელი სახელმწიფო მანქანა, ფქვილისა და პურის მწარმოებლებიც იმაზე უნდა იყვნენ კონცენტრირებული, თქვენ რაც შეიძლება მეტი ხორბალი გაყიდოთ და არაფერს ნიშნავს ის, თუ პურის ფასი გაიზრდება?
_ აქ იდეაზეა ლაპარაკი: რა სჯობს, ფქვილი შემოვიტანოთ თუ ხორბალი, რომელსაც შემდეგ გადამუშავება სჭირდება და მხოლოდ ფქვილის საწარმოებლად არ გამოიყენება? მნიშვნელოვანია, რომ ხორბლისგან კომბინირებული საკვებიც მიიღება“.
ამავე ინტერვიუში ოსიპოვი ადასტურებს, რომ ხორბალი რუსეთიდან შემოაქვს და არც იმას უარყოფს, რომ სოფლის მეურნეობის სამინისტროში მის პოზიციას იზიარებდნენ:
„რუსული ფქვილი კარგია, მაგრამ რუსული ხორბალი უნდა შემოვიტანოთ ორი მარტივი მიზეზის გამო: მისი შემოტანით იმუშავებს ადგილობრივი წარმოება, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე ძლიერია ინდუსტრიებს შორის; ფქვილის შემოტანით წარმოებას ვკლავთ… მეც შემიძლია ფქვილი შემოვიტანო, მაგრამ ვიღაც წყალს ყიდის, ვიღაც _ „აიფონს“. მე ხორბლის შემოტანა ვარჩიე“, _ ამბობს ამ ინტერვიუში „აგრიკომის“ ხელმძღვანელი.
სხვათა შორის, ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა პური ცალკეული იმპორტიორებისა თუ სახელისუფლებო გუნდთან დაახლოებული საქმოსნების ინტერესების გათვალისწინებით ძვირდება. იგივე შავბნელ 90-იან წლებში ხმა დადიოდა, რომ ხორბლისა და ფქვილის ბიზნესს ნინო ბურჯანაძის ოჯახი ლობირებდა. 2010 წლის იანვარში ინტერნეტ-პორტალი „დრონი.გე“ ამ თემაზე სკანდალურ მასალას აქვეყნებს, რომელშიც ვკითხულობთ:
„…ყველა ინფორმაცია და მტკიცებულება ეფუძნება კონტროლის პალატის სარევიზიო ჯგუფის მოხსენებით ბარათს, რომლითაც ეს ჯგუფი პალატის თავმჯდომარეს, რევაზ შავიშვილს მიმართავს _ 1995 წელს სახელმწიფო ბიუჯეტიდან პურპროდუქტების კორპორაციისთვის გამოყოფილი 3 მილიონი დოლარის ხარჯვის მიზნობრიობის შესახებ. აღნიშნულ დასკვნაში ასეთი რამ წერია: „მოგახსენებთ, რომ პურპროდუქტების კორპორაციის ლიკვიდაციის შემდეგ საბუღალტრო და სხვა დოკუმენტაცია შესანახად ცენტრალურ არქივს, სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს გადაეცა, თუმცა დიდი ნაწილი გაურკვეველ ვითარებაში განადგურდა“.
…1995 წლის 27 ივლისის სახელმწიფო მეთაურის 497-ე განკარგულებით, საქართველოს პურპროდუქტების კორპორაციას სახელმწიფო ბიუჯეტიდან 3 მილიონი დოლარის კრედიტი გამოეყო. აღნიშნული განკარგულების საფუძველი გახდა ანზორ ბურჯანაძის წერილი, რომელშიც იგი ირწმუნებოდა, რომ 1995 წლის 7 სექტემბრისთვის ქვეყანაში ფქვილის მარაგი იწურებოდა:
„მოსახლეობის გადასარჩენად საჭიროა დეფიციტის თავიდან აცილება და ქვეყანაში სათანადო რაოდენობის ხორბლის მარაგის შექმნა“, _ არწმუნებდა ბურჯანაძე შევარდნაძეს. მან სასწრაფოდ შეასრულა ბურჯანაძის მოთხოვნა. 1995 წლის პირველ აგვისტოს ფინანსთა მინისტრ დავით იაკობიძესა და ანზორ ბურჯანაძეს შორის გაფორმდა საკრედიტო ხელშეკრულება 3 მილიონი დოლარის გამოყოფის თაობაზე. პირობები ასეთი იყო _ ბურჯანაძეს თანხა სარგებლით (წლიური 26%) უნდა დაებრუნებინა 1995 წლის პირველ დეკემბრამდე, თუმცა ამხელა პროცენტით 3 მილიონის 4 თვეში დაბრუნება წარმოუდგენელი იყო. ეს მშვენივრად იცოდა შევარდნაძემაც, მაგრამ მაინც კაბალური პირობებით მისცა კრედიტი ბურჯანაძეს.
ფინანსთა სამინისტრომ სესხის პროცენტის ნაწილი, 30 ათასი დოლარი, 3 მილიონიდან წინასწარ ჩამოაჭრა ბურჯანაძეს და მხოლოდ 2 მილიონ 970 ათასი დოლარი ჩაურიცხა „აგრომრეწვბანკში“, თუმცა იაკობიძის ამ შორსმჭვრეტელობამ ბევრი ვერაფრით ახეირა სახელმწიფო. პურპროდუქტების კორპორაციამ ხორბლისა და ფქვილის მოძიება დაავალა მისდამი დაქვემდებარებულ კომერციულ სტრუქტურას _ „საქართველოსპურს“. მიუხედავად იმისა, რომ 7 სექტემბერს ფქვილის მარაგი იწურებოდა, ბურჯანაძის კორპორაციის სატელიტი სტრუქტურა ფეხს ითრევს და მხოლოდ 23 აგვისტოს აფორმებს ხელშეკრულებას რუსეთის ფედერაციის ფირმა „ხლებროსიასთან“ 10 ათასი ტონა სასურსათო ხორბლის მიწოდებაზე (ხელშეკრულება #108/23), ანუ თანხის მიღებიდან 23 დღე დასჭირდათ ხორბლის მოსაძებნად, როცა მაქსიმუმ 1 კვირის ვადაში, თანხის არქონისა და სახელმწიფო გარანტიებით, ნებისმიერი უცხოური კომერციული თუ სახელმწიფო კომპანია ამ რაოდენობის ხორბლის მიყიდვაზე გაუფორმებდა კონტრაქტს კორპორაციას. ფქვილი, ხორბალი სტრატეგიული მნიშვნელობის პროდუქტია და ამ სფეროში მოსაქმე უცხოური კომპანიები, ფორსმაჟორში შესაბამისად მოქმედებენ, რათა ქვეყანა პურის გარეშე არ დარჩეს.
ბურჯანაძე რუსეთს არ გასცილებია და არც უკეთესი და უფრო იაფი ხორბალი უძებნია… 3 თვით ადრე, 14 მაისს, კორპორაციას ხორბლის შემოტანაზე კონტრაქტი ჰქონდა გაფორმებული ამერიკულ კომპანია „ტუკერსთან“. „ტუკერსი“ უკვე იყო პარტნიორი კორპორაციისა და ერთხელ კიდეც მიაწოდა ხორბალი, მაგრამ ნაცვლად იმისა, რომ ფორსმაჟორში ჩავარდნილ ბურჯანაძეს აემოქმედებინა „ტუკერსთან“ გაფორმებული ხელშეკრულება, ახალი პარტნიორის ძიება დაიწყო, ამაში კი თითქმის 1 თვე დაიკარგა. ერთი ფრიად მნიშვნელოვანი დეტალიც: ბურჯანაძეს 1993 წელსაც ჰქონდა საქმე „ხლებროსიასთან“, როცა 4 მილიონ 488 ათასი დოლარის ღირებულების ხორბალი იყიდა მისგან. კორპორაციამ რუსულ მხარეს 3 მილიონ 321 ათასი დოლარი არ აუნაზღაურა, ანუ ბურჯანაძემ ხორბლის შესყიდვაზე კონტრაქტი იმ კომპანიასთან გააფორმა, რომლის ვალიც ლამის 3,5 მილიონი დოლარი ჰქონდა.
„ხლებროსიამ“ ახალი კონტრაქტის გაფორმებისთანავე შეახსენა კორპორაციას ძველი ვალი, ახალი კონტრაქტი კი მეტად კაბალური გაუფორმა _ ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0,1% _ საჯარიმო სანქცია, რაც იმდროინდელი საერთაშორისო კომპანიებისთვის მიუღებელი იყო, მაგრამ მისაღები აღმოჩნდა „ხლებროსიასთვის“. კონტრაქტის თანახმად, საქართველოს პურკორპორაციამ 2 მილიონი დოლარი მონაკოში გადარიცხა „ხლებროსიას“ კომპანიის ანგარიშზე, ქვეყანაში ხორბლის შემოსატანად კი 270 ათასი დოლარი დაიტოვა და ეს ოპერაცია 1995 წლის 30 აგვისტოს განხორციელდა, როცა ხორბლის მარაგის ამოწურვამდე და ქვეყანაში შიმშილობის დაწყებამდე ერთი კვირაღა რჩებოდა.
მონაკოში 2 მილიონის გადარიცხვის მერე „აგრომრეწვბანკში“ 950 ათასიღა დარჩა _ ბანკმა მომსახურების 1% აიღო _ 20 ათასი დოლარი. „ხლებროსიამ“ საქართველოში ხორბლის შემოტანა მხოლოდ 1996 წლის თებერვალში დაიწყო, ანუ თანხის ჩარიცხვიდან 6 თვის შემდეგ. „ხლებროსიამ“ 1 ტონა ხორბალი 220 დოლარად მიჰყიდა საქართველოს, როცა ამ დროს მსოფლიო ბაზარზე ხორბლის ფასი _ 1 ტონა 180 დოლარი იყო და იგივე ამერიკული „ტუკერსი“ კორპორაციისადმი გამოგზავნილ წერილში აღნიშნავს, რომ 175 დოლარად შეუძლია ხორბალი მიჰყიდოს ქართულ მხარეს და თან, კონსიგნაციის წესით, ანუ „პოსლეზე“ _ 3 თვით დააცდიდა კორპორაციას თანხის გადახდას და მხოლოდ სახელმწიფო წერილობით გარანტიებს ითხოვდა.
#0108/23 კონტრაქტის თანახმად, „ხლებროსიას“ კორპორაციისთვის უნდა მიეყიდა 10 ათასი ტონა სასურსათო ხორბალი, II ჯგუფის, III კლასის, წებოგვარის არანაკლებ 23 პროცენტისა. ის კი, რაც საქართველომ „ხლებროსიასგან“ მიიღო, იყო არა სასურსათე, არამედ _ სასაქონლე (საფურაჟე) ფქვილი და ხორბალი, რომელიც ადამიანის ორგანიზმისთვის იმდენად მავნეა, რომ ათეულობით სახის დაავადებას იწვევს.
მარკირებით კი ეს იყო III ჯგუფისა და კლასის, წებოგვარის 16%-იანი მაჩვენებლის ფქვილი და ხორბალი, დაზიანებული კუ-ბაღლინჯოთი 4,8%-ით. პროდუქტის უვარგისობა თითქმის ერთდროულად აღმოაჩინეს იმ პურკომბინატების ლაბორატორიებმა, სადაც ის შევიდა _ წნორის, გურჯაანის, სენაკის, ფოთის, ნავთლუღის ლაბორატორიებმა… მიუხედავად იმისა, რომ პრესაში ამის შესახებ დაიწერა, ახალი სქემა დამუშავდა: მთელი ხორბალი და ფქვილი მიჰყიდეს ცეკავშირს, მერე კი _ პურპოდუქტების კორპორაციას დაქვემდებარებულმა პურკომბინატებმა ცეკავშირისგან იყიდეს ეს კუ-ბაღლინჯოიანი ფქვილი და ხორბალი…
1993 წელს ევროკომისიამ 21 მილიონი ეკიუს ღირებულების ხორბალი და ფქვილი გამოუყო საქართველოს. მაშინდელი კურსით ეს 10 მილიონი ლარის პროდუქცია იყო.
ევროკომისიის კატეგორიული მოთხოვნა იყო, რომ აღნიშნული ხორბლისა და ფქვილის რეალიზაციის შემდეგ შემოსული თანხა სოფლის მეურნეობას მოხმარებოდა. რეალიზაციის შედეგად კორპორაციას 14 მილიონი ლარი უნდა მიეღო და ეს თანხა სოფლის მეურნეობის აღორძინების საპარტნიორო ფონდში უნდა ჩაერიცხა, რომელსაც მერე სოფლის მეურნეობის სამინისტრო განკარგავდა. თანხა სოფლის მეურნეობის განვითარებას უნდა მოხმარებოდა. როგორც კონტროლის პალატამ აღმოაჩინა, ამ ფქვილისა და ხორბლის რეალიზაცია ნამდვილად მოხდა, ყველა პურკომბინატმა, რომელმაც ეს პროდუქცია მიიღო, რეალიზაციის მერე თანხა პატიოსნად გადაუხადა პურპროდუქტების კორპორაციას, მაგრამ ეს 14 მილიონი სოფლის მეურნეობის აღორძინების საპარტნიორო ფონდში არ ჩარიცხა.
1996 წელს პურპროდუქტების სახელმწიფო კორპორაცია კერძო საკუთრებად გადაკეთდა და იმ 14 მილიონის ასავალ-დასავალს, ისევე როგორც სხვა მილიონებისა, ვერავინ მიაგნო.
რატომ გავიხსენეთ შორეული და შავბნელი 90-იანი წლების ამბავი? რატომ და არსებობს დიდი ალბათობა, რომ მოვლენები დღესაც ანალოგიური სცენარით ვითარდებოდეს და მოსახლეობისთვის პურის გაძვირების ხარჯზე გარკვეული ჯგუფები დიდ თანხას ღუნავდნენ.
საქართველოში ხორბლისა და ფქვილის მაფიის საქმიანობისთვის ნოყიერი ნიადაგი რომ არსებობს, ამას სხვა ისტორიული მაგალითების გახსენებაც ადასტურებს.
ასე მაგალითად: „ვარდების რევოლუციის“ წინა წელს, 2002 წლის აგვისტოში, კახელი გლეხების ბუნტმა იფეთქა. როგორც მაშინდელი მედია იუწყებოდა, ფერმერების ერთი ჯგუფი სოფელ-სოფელ დადიოდა და თბილისში, სახელმწიფო კანცელარიისა და პარლამენტის წინ დასაწვავ ხორბალს აგროვებდა. „დასაწვავი ხორბლის შეგროვება საიდუმლოდ იმ გლეხებში ხდება, ვისაც ენაზე კბილის დაჭერა შეუძლიათ, რათა ადგილობრივმა ხელისუფლების წარმომადგენლებმა და პოლიციამ მათი განზრახვა დროზე ადრე არ შეიტყონ და დაგეგმილი საპროტესტო აქცია არ ჩაშალონ. უკვე მანქანებიც და მძღოლებიც გამოინახა, რომლებიც ხორბლის თბილისში, რუსთაველის გამზირზე ჩატანას დათანხმდნენ“, _ წერდა მაშინ ქართულ ბეჭდური მედია.
„ვარდების რევოლუციის“ წინ მეხორბლეთა ბუნტის საბაბი ის გახდა, რომ ალოობის წინ საქართველოში, ჰუმანიტარული პროგრამით, 35 ათასი ტონა ხორბალი შემოვიდა.
„უფასო ხორბალი იმ მიზნით შემოიტანეს, რომ მოთხოვნილება ადგილობრივზე შემცირდეს. ეს კი თავისთავად მისი ფასის დაცემას გამოიწვევს და ჩვენც იძულებულნი ვიქნებით, მთელი წლის სარჩო გროშებად გავყიდოთ, ან საერთოდ ვერსად ჩავაბაროთ. ამის თქმის საფუძველს წინა წლების გამოცდილება გვაძლევს. სახელმწიფო ყოველთვის უმიზეზოდ გვეუბნებოდა უარს ქართული ხორბლის შესყიდვაზე და უცხოეთიდან შემოტანილ ხორბალს ანიჭებდა უპირატესობას მაშინ, როცა ჩვენ ხორბალი გვილპებოდა“, _ ამბობდნენ მეხორბლე ფერმერები.
როგორც ირკვევა, იმხანად სხვა ქვეყნიდან ხორბლის შემოტანა დიდ აუცილებლობას არ წარმოადგენდა, რადგან საქართველოს ხორბლის საკმარისი მარაგი ჰქონდა. მაშასადამე, ხორბლის მაფია მაშინაც, დღევანდელის მსგავსად, საკუთარ ინტერესებზე ფიქრობდა…
შეიძლება, ხელისუფლება არ აღიარებს, მაგრამ ფაქტია: საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობისთვის მთავარი საკვები პურია, ანუ არაერთია ოჯახი, რომელიც შიმშილით სიკვდილს სწორედ პურით აღწევს თავს. პურის გაძვირება კი ისედაც გაღატაკებულ და მშიერ ხალხს კიდევ უფრო დაამშევს და გააღატაკებს, თუმცა ხელისუფლება და მასთან დაახლოებული მაფიოზური დაჯგუფებები, როგორც ჩანს, ხალხის სიღატაკეს არაფრად აგდებს და მხოლოდ საკუთარ ჯიბეზე ფიქრობს.
ახლა, შესაძლოა, მმართველმა ელიტამ გააპროტესტოს და თქვას, _ რა ხორბლის მაფია, რის ხორბლის ბიზნესის ლობირებაო?! _ მაგრამ საქართველოს უახლეს ისტორიას თუ თვალს გადავავლებთ, ხორბალი მოსახლეობის მღელვარების მიზეზი არასოდეს გამხდარა. შორს რომ არ წავიდეთ, წელსაც, სანამ ფინანსთა მინისტრი სპეცბრძანებას გამოსცემდა და ხორბლის იმპორტიორებს სახმელეთო გადაზიდვებს სრულად აუკრძალავდა, კახელმა ფერმერებმა მწვავე განცხადებები გააკეთეს. კერძოდ, წლევანდელი ალოობის დაწყებამდე, დედოფლისწყაროელმა და სიღნაღელმა ფერმერებმა განაცხადეს, რომ 1 კილოგრამ ხორბალში 37-38 თეთრს სთავაზობენ, რაც მათთვის კატეგორიულად მიუღებელი იყო.
„ხალხი ისეა გამწარებული, რომ ლამის გაფიცვისა და აჯანყების დონეზე მივიდეს. სახლები ბანკში აქვთ ჩადებული. ახლა ჩვენ რომ მივიდეთ ნებისმიერ წისქვილკომბინატში, არც ერთ ფერმერს არ დაგველაპარაკებიან. მათ აწყობთ შუამავალი, მაკლერი ჩამოვიდეს კახეთში და აქა-იქ, ცოტ-ცოტა შეისყიდოს ყველასგან დაბალ ფასებად. მოკლედ, მაფიაა! ერთმანეთში არიან შეთანხმებულები, რომ ჩვენ დაბალი ფასი გადაგვიხადონ“, _ ამბობდნენ კახელი გლეხები და დასძენდნენ, თუ სახელმწიფო მეხორბლეობას ყურადღებას არ მიაქცევს, შესაძლოა, მარცვლეულის მოყვანაზე უარი ვთქვათო:
„თუ აშშ-ში, ყველაზე ლიბერალურ ქვეყანაში, სახელმწიფო წინასწარ ადგენს ფასებს, ჩვენთან რატომ არაა ასე, უკეთესი ეკონომიკის ქვეყანა ვართ?! მოსავალი კარგია და ფერმერს ის უხარია, რაც უფრო მეტი ფასი ექნება ხორბალს, ამით მეტ მოგებას ნახავს და, შესაბამისად, წარმოებას განავითარებს, გააფართოებს. სასურველი ფასია 50 თეთრი. თუ ადგილობრივ მეწარმეობას გადახდის მეტი საშუალება არ გააჩნია, მაშინ, როგორც ყურძნის შემთხვევაშია, სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს ამ ფასის აწევა 50 თეთრამდე. ეს იქნება ყველაზე მისაღები. აქ დიდ თანხებზე არ არის ლაპარაკი“.
ალოობის პარალელურად, მეხორბლეებმა მთავრობის მეთაურისა და სხვა სახელმწიფო სტრუქტურების სახელზე სპეციალური მიმართვა მოამზადეს და მოითხოვეს, რომ ხორბალი სტრატეგიულ პროდუქტად გამოცხადებულიყო. საპასუხოდ, ხორბლის იმპორტიორებმა ფინანსთა მინისტრის სპეციალური ბრძანება მიიღეს, რომელზედაც წერილის დასაწყისში უკვე ვისაუბრეთ.
ხელისუფლება, ალბათ, იმედოვნებდა, რომ იმპორტიორებს თვალში ნაცარს შეაყრიდა და ადამიანები, რომლებიც ოჯახს ხორბლის სახმელეთო გადაზიდვით არჩენენ, გაჩუმდებოდნენ, მაგრამ „ოცნების“ ოცნება ოცნებად დარჩა _ იმპორტიორები ქუჩაში გამოვიდნენ და საქმე იქამდეც მივიდა, რომ აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, პროტესტის ნიშნად, ბენზინი გადაისხა და თავის დაწვას აპირებდა.
ბოლოს, ფინანსთა მინისტრი იძულებული გახდა, ქუჩაში გამოსულ იმპორტიორებს შეხვედროდა და საკუთარი ბრძანება უკან წაეღო, ანუ მარცვლეულის სახმელეთო გზით იმპორტზე აკრძალვა ერთი წლით მოიხსნა.
„გადაწყვეტილება მივიღეთ, რომ ამ შეზღუდვის ამოქმედება ერთი წლით გადავავადოთ, ხოლო ამის შემდეგ მომავალი შეზღუდვა _ იქნება ეს სეზონური თუ სხვა ტიპის _ მძღოლებთან ერთად გავიაროთ. ერთი წელი საკმარისზე მეტი ვადაა იმისთვის, რომ სამომავლოდ ისე გავაკეთოთ, რომ ეს ხალხიც არ დარჩეს ქუჩაში და ყოველწლიურად მზარდი ტურისტული ნაკადიც შევინარჩუნოთ და არ ვავნოთ ჩვენს ქვეყანას“, _ განაცხადა ფინანსთა მინისტრმა იმპორტიორებთან შეხვედრის შემდეგ.
სხვათა შორის, ფინანსთა მინისტრი თავიდან ირწმუნებოდა, რომ ავტოტრანსპორტით ხორბლისა და ფქვილის იმპორტის აკრძალვა ცივილიზებული და სახელმწიფოებრივად სწორი გადაწყვეტილება იყო. ამასთან მინისტრი იმასაც ამბობდა, რომ ეს გადაწყვეტილება ხორბლისა და პურის გაძვირებას არ გამოიწვევდა.
„სასაზღვრო გამშვებ პუნქტებში დიდი რიგები იყო, ტურისტები შემოსვლას ვერ ახერხებდნენ და ჩვენი ინფორმაციით, ასეულობით მანქანა ბრუნდებოდა უკან. ეს პრობლემა განსაკუთრებით შეიმჩნეოდა ლარსის გამშვებ პუნქტზე. არსებობს გაცილებით ცივილიზებული და ეფექტიანი გზა, ეს არის საზღვაო ტრანსპორტისა და რკინიგზის გამოყენება. სხვათა შორის, პრაქტიკულად, ყოველთვის ამ გზით ხდებოდა ხორბლის ტრანზიტი საქართველოს ტერიტორიიდან სომხეთში და ასევე საქართველოში შემოტანა. ჩვენი აზრით, ეს არანაირ დისონანსს არ შემოიტანს ეკონომიკაში და არც არანაირ გაძვირებასთან ექნება კავშირი“, _ აცხადებდა ფინანსთა მინისტრი, მაგრამ, მოგეხსენებათ, ჩვენი მთავრობა სხვა რეალობაში ცხოვრობს, ხალხი კი _ სხვაში. ჰოდა, მაჭავარიანს მგზნებარე სიტყვა დასრულებულიც არ ჰქონდა, რომ ქვეყანაში პურმა გაძვირება დაიწყო.
„ზუგდიდში პური გაძვირდა. სუპერმარკეტებსა და ბაზრებში მოსახლეობას პურის ფასი მომატებული დახვდა.
გამყიდველები ამობენ, რომ მყიდველების ნაწილმა გაძვირებული ფასის გამო დღეს პურის ყიდვა ვეღარ შეძლო.
ფასის მატების მიზეზი კი დისტრიბუტორების გადაწყვეტილება გახდა, რომლებმაც პური დღეს 8 თეთრით უფრო ძვირად ჩააბარეს.
განსაკუთრებული უკმაყოფილება ზუგდიდში ამ ფაქტს პენსიონერების მხრიდან მოჰყვა“, _ იუწყებოდა სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“ მიმდინარე წლის 20 სექტემბერს.
რა იქნება მომავალ წელს? _ ამას მომავალ წელს გავიგებთ, მაგრამ ზემოთ მოყვანილი ფაქტებით თუ ვიმსჯელებთ, საქართველოში ხორბლისა და ფქვილის მაფია ზომაზე მეტად არის ფესვგამდგარი. შესაბამისად, არ არის გამორიცხული, რომ ამ სფეროს მონოპოლისტობის მსურველებმა ახალი ხრიკი მოიგონონ და ხალხს სიცოცხლე კიდევ გაუმწარონ.
სიტუაციას ისიც გაართულებს, რომ ხელისუფლება ანტიდემპინგური კანონის მიღებას არ ჩქარობს. არადა, ყველა, ვინც ხორბლის ბიზნესშია ჩახედული, ამბობს, რომ სხვა სფეროების მსგავსად ამ სფეროშიც დემპინგი ყვავის და არც კონკურენციის შესახებ კანონია დაცული.
„თუ ბაზარზე დომინირებული მდგომარეობის ბოროტად გამოყენებაზეა საუბარი ან იმაზე, რომ სოფლის მეურნეობის სამინისტრო, ან ზოგადად სახელმწიფო ფქვილის შემომტანს სამართლებრივ ბარიერებს უქმნის, ამ საკითხით კონკურენციის სააგენტო უნდა დაინტერესდეს. საგამოძიებო ორგანოების გამოსაკვლევია, ვის ტვირთებს აჩერებენ საბაჟოზე სპეციალურად. ამ მასალის გამოქვეყნებაც, ფორმალურად, გამოძიების დაწყების საფუძველი უკვე არის. ინფორმაციას ჩვენც გვაწვდიან, რომ ფქვილის ბაზარზე ჯანსაღი მდგომარეობა არ არის და ზოგიერთ კომპანიას ფქვილისა და ხორბლის შემოტანაზე პრობლემები ექმნება. სამწუხაროდ, ამის გადამოწმების მექანიზმი არ გვაქვს და ამიტომ რამის მტკიცება რთულია“, _ ამბობდა, ჯერ კიდევ, სამი წლის წინათ „საერთაშორისო გამჭვირვალობა _ საქართველოს“ ხელმძღვანელი ეკა გიგაური.
ექსპერტი გია ხუხაშვილი კი მიიჩნევდა: „ბიზნესი დამოუკიდებლად მუშაობას შეჩვეული არ არის, ამიტომ მუდმივად „პატრონის“ ძიებაშია.
ხელისუფლების ცვლილების შემდეგ ივანიშვილმა ბიზნესმენების შეხვედრაზე ხაზგასმით განაცხადა: ხელისუფლებისა და ბიზნესის მეგობრობა დასრულებულია, სახელმწიფო მხოლოდ თავისი კომპეტენციის ფარგლებში დაგეხმარებათო, მაგრამ ბიზნესმენებმა ოლიგარქიული მენტალიტეტით განაგრძეს საქმიანობა და ფიქრობენ, რომ წარმატების მოპოვება მხოლოდ სახელისუფლებო ბერკეტების გამოყენებითა და კონკურენტებისთვის პრობლემების შექმნით არის შესაძლებელი…
ფქვილისა და პურის ბიზნესში ეს ტენდენცია ჯერ კიდევ შევარდნაძის დროიდან არსებობს _ ბიზნესმენები ცდილობდნენ, კონკურენტული გარემო ჩაეკეტათ: ვიღაც ამბობდა, რომ კონკურენტს უხარისხო ხორბალი შემოაქვს, ზოგს ხორბლის ცენტრალიზებულად შეძენის იდეაც აწუხებდა.
არ გამოვრიცხავ, რომ ვიღაცის პირადი ინტერესები დღესაც ნათელი მიზნებით იფუთება _ სხვას აშავებს, რომ მონოპოლისტი თავად გახდეს. შესაძლოა, ხელისუფლება შეცდომაშია შეყვანილი და მართლაც კეთილი მიზნები ამოძრავებს, მაგრამ უნდა ესმოდეთ, რომ რაც უნდა კეთილ მიზნებს ემსახურებოდე, ბაზრის განვითარებისთვის ნებისმიერი მონოპოლია საზიანოა. მონოპოლიის მიზანი ყოველთვის ექსკლუზიური მოგების მიღებაა. მონოპოლია გარემოს ვერ გააუმჯობესებს, ეს მხოლოდ შეტყუების მექანიზმია“.
ხორბლისა და ფქვილის ბაზრის მონოპოლიზებაზე საუბრობს პურის ერთ-ერთი მსხვილი ქარხნის წარმომადგენელიც:
„ღიად არავინ გვეუბნება, ფქვილის შემოტანა არ გაბედოთო, მაგრამ პირადად ჩემს მაგალითზე მოგიყვებით: მას შემდეგ, რაც საქართველოში ხორბლის ფასი არარეალურად გაიზარდა, გადავწყვიტე, ალტერნატიული გზებით ფქვილი თავად შემომეტანა… ფქვილით დატვირთული ერთი მანქანა განვაბაჟე, მაგრამ რამდენიმე წუთში მითხრეს, ტვირთი „გააწითლა“ და ტერმინალზე უნდა შეიყვანოთო. სხვადასხვა გაუგებარი პროცედურის გავლის შემდეგ მანქანის ტერმინალიდან გამოყვანის უფლება მხოლოდ ორი კვირის მერე მომცეს… ამ ერთი მანქანის შემოყვანა მხოლოდ იმიტომ გადავწყვიტე, მაინტერესებდა, დამბლოკავდნენ თუ არა. ანალოგიურ მდგომარეობაში არიან ფქვილის სხვა შემომტანებიც _ მათი ფქვილით დატვირთული ტრაილერები ტერმინალზე თვეობით იყო გაჩერებული და ტვირთის დაცლის საშუალებას არ აძლევდნენ. ხელისუფლების რომელი წარმომადგენელი დგას ყველაფერ ამის უკან, შესაბამისი სტრუქტურები უნდა დაინტერესდნენ. ფაქტია, მმართველ ძალასთან ვიღაცას მეტი კავშირი აქვს, ვიდრე ჩვენ _ პურის მწარმოებლებს.
ისე, ბოლო დროს ფქვილის შემოტანა 70%-ით შემცირდა, რადგან კომპანიებს პრობლემებს უქმნიან. არადა, არაერთ კომპანიას აქვს სურვილი, საქართველოში ფქვილი შემოიტანოს, მაგრამ ბარიერების გამო ვერ ახერხებს. მათ ტერმინალში კეტავენ, ისევე როგორც მე ჩამკეტეს“.
ერთი სიტყვით, ხორბლის იმპორტიორებთან მიმართებით ხელისუფლებამ უკან დაიხია, თუმცა გაფუჭებულ საქმეს აღარაფერი ეშველება _ პური, ცხადია, აღარ გაიაფდება, რაც ქვეყანაში არსებულ მძიმე სოციალურ ფონს კიდევ უფრო დაამძიმებს. მშიერი ხალხის გამოკვება კი მხოლოდ სანახაობით ადვილი არ იქნება, რადგან ცნობილია, რომ ხალხის უკმაყოფილების გაჩერებისთვის, სანახაობასთან ერთად, პურიც საჭიროა!

გიორგი აბაშიძე