„შეაჩერე კორუფცია“ „ოცნებას“ ამხელს

უმაღლესი თანამდებობის პირი, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, რომელიც „ქოცური სიბრძნეების“ ერთგვარი გენერატორია, მორიგ სიბრძნეს აფრქვევს და ირწმუნება, რომ ქვეყანაში ელიტური კორუფცია დამარცხებულია. ბატონი კობახიძე ამ განცხადებას იმ ფარული ჩანაწერების ფონზე აკეთებს, რომელშიც სპორტის ყოფილი მინისტრი, „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი, ლევან ყიფიანი ფიგურირებს. დღევანდელი მონაცემებით, სულ ხუთი ფარული ჩანაწერია გავრცელებული. ხუთივე ჩანაწერი ნათელყოფს, რომ ქვეყანაში ელიტური კორუფცია პიკზეა და ამას ბოლო ჩანაწერიც ადასტურებს, რომელშიც ლევან ყიფიანი ყოფიფილ ვიცე-პრემიერ დიმიტრი ქუმსიშვილს, ასევე ყოფილ ფინანსთა მინისტრ ნოდარ ხადურს ახსენებს და „ომეგა ჯგუფის“ მენეჯერს მათთვის ძვირადღირებულ ავტომანქანებსა და ფულს სთხოვს:

ლევან ყიფიანი: აგერ, ძმაო, გადამიფორმეთ 5 მანქანა, რაც ძველი დავალიანებაა. აქედან მერე, რაც ჩამოეჭრება და 30-მილიონიანი რესტრუქტურიზაცია, 30 მილიონის პროცენტი მომეცით. 3 მანქანა, რომელიც არის, გადმომიფორმონ, რომ მე კიდევ არ გადავაგდო ფინანსთა სამინისტრო, ერთი მინისტრი და მეორე მინისტრი.
„ომეგა ჯგუფის“ მენეჯერი: ერთი მინისტრი რა, ქუმსიშვილს არ გულისხმობ?
ყიფიანი: სხვას, წინა მინისტრსაც ვგულისხმობ.
„ომეგა ჯგუფის“ მენეჯერი: ეს ხადური, ხომ?
ყიფიანი: ჰო. ერთი „კუპერი“, „X4“ და „X5“.
„ომეგა ჯგუფის“ მენეჯერი: ეს ქუმსიშვილს?
ყიფიანი: კიი. ეს 3 მანქანა გადმომიფორმე ან ვისაც მოვიყვან, იმაზე გადააფორმონ, რომ მერე მე ჯიჯღინი არ დამაწყებინოთ, მაიცა და ხვალ იყოს და ზეგ იყოს. მარა აქ მე მარტო არა ვარ. აქ ვალდებულებებია, ამ ვალდებულებებს მე ვეღარ გავექცევი.
„ომეგა ჯგუფის“ მენეჯერი: რა ვალდებულებებია?
ყიფიანი: ფინანსური ვალდებულებები.
„ომეგა ჯგუფის“ მენეჯერი: ეგ რას ნიშნავს?
ყიფიანი: რომ უნდა გავცე ეს ვალდებულებები.
„ომეგა ჯგუფის“ მენეჯერი: ეს ბიუჯეტში, თუ?
ყიფიანი: არა.
„ომეგა ჯგუფის“ მენეჯერი: აა, ზოგადად?
ყიფიანი: ჰო, ამ მანქანების გარდა.
„ომეგა ჯგუფის“ მენეჯერი: აა, მანქანების გარდა კიდე? მე არ ვიცი…
ყიფიანი: ჩემგან, ჩემგან, უნდა გაიცეს.
„ომეგა ჯგუფის“ მენეჯერი: ააა…
ყიფიანი: მე რასაც ავიღებ, კიდევ უნდა გავცე“.
აღსანიშნავია, რომ მაღალჩინოსნებისთვის ძვირადღირებული მანქანების იძულებით გადაცემის შესახებ ინფორმაცია „ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებელმა, ზაზა ოქუაშვილმაც დაადასტურა და განაცხადა, რომ ყოფილი ვიცე-პრემიერი დიმიტრი ქუმსიშვილი არ იყო ერთადერთი მაღალჩინოსანი, ვინც ავტომობილებს ითხოვდა.
ისე, ზემოხსენებული ფარული ჩანაწერების გავრცელებამდე კარგა ხნით ადრე ვატო გელაშვილმა და ქეთევან ენუქიძემ არასამთავრობო ორგანიზაცია „შეაჩერე კორუფცია“ დააფუძნეს. აღნიშნულმა ორგანიზაციამ არაერთი კორუფციული სკანდალი გახეთქა.

მაღალჩინოსანთა კორუფციულ ვნებებსა და ქვეყანაში არსებულ კორუფციაზე „ქრონიკა+“ „შეაჩერე კორუფციის“ ერთ-ერთ დამფუძნებელ ქეთევან ენუქიძეს ესაუბრა:

_ ქეთი, საქართველო, მგონი, ერთადერთი ქვეყანაა, სადაც არასამთავრობო ორგანიზაცია _ „შეაჩერე კორუფცია“ არსებობს. რატომ გადაწყვიტეთ, რომ ამ სახელწოდების ენჯეო შეგექმნათ?
_ არასოდეს გადამიმოწმებია, ასეთი სახელწოდების არასამთავრობო სხვა სახელმწიფოებში არსებობს თუ არა, მაგრამ იმ სახელმწიფოებს, რომლებსაც დემოკრატიის განვითარების მაღალი ხარისხის გამო პატივს ვცემთ, კორუფციისგან დასაცავად შესანიშნავი მექანიზმები აქვთ. მაგალითად, აშშ-ში კიკბექინგის (ქრთამის სახეობა _ ფინანსური გარიგების რომელიმე მხარისთვის ფულის უკანონოდ გადანაწილება) ისეთი ფორმა, რომელიც ჩვენ ამ დღეებში ვიხილეთ, ითვალისწინებს თანხის სამმაგი ოდენობის ჯარიმას, ან 15-წლიან პატიმრობას. ევროპის ზოგიერთ სახელმწიფოში კი შექმნილია ე. წ. ტრიბუნალი, რომლის წევრებიც ინტენსიურ მონიტორინგს აწარმოებენ კორუფციის რისკის შემცველ ფაქტებთან დაკავშირებით. ასევე პარლამენტებში შექმნილია სპეციალური კომისიები, რომელიც ინტენსიურად იკვლევს და აკვირდება პროცესებს.
ერთ ფაქტს გავიხსენებ: შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პოსტზე დანიშვნისას უარი თქვა თავის წილზე რომელიღაც მსხვილ რუსულ კომპანიაში, რათა თავიდან აერიდებინა რაიმე ტიპის ბრალდების რისკი ან შანტაჟის შესაძლებლობა. ჩვენთან ყველაფერი ეს ზღაპრად მოგვეჩვენებოდა. არადა, ეს მექანიზმები მუშაობს და თუ მათ ეკონომიკასა და განვითარების დონეს გადავხედავთ, შედეგიც სახეზეა.
ძალიან ბევრი ადამიანისგან გვესმოდა, რომ „ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ისევ აქტუალური გახდა ნაცნობ-მეგობრების, ნათესავების გავლენებით სარგებლობა. ამასთან, ძალიან ბევრი ადამიანი უსამართლობის გამო დაჩაგრულად გრძნობდა თავს და გრძნობს. ყველაფერი, რასაც ვისმენდით, იმაზე მეტყველებდა, რომ კორუფციამ კვლავ მოიკიდა ფეხი.
ნეპოტიზმიც, რომელიც, გარკვეულწილად, კორუფციის ნაყოფიერი ნიადაგია, თავს აღარ მალავდა. ამას ერთვოდა ისიც, რომ ქვეყანა ერთ ადგილზე გაჩერდა და განვითარებამ კი არა, აშკარა რეგრესმა იჩინა თავი.
ადამიანების უფლებებზე ძალიან ბევრი შესანიშნავი ორგანიზაცია მუშაობს, ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ ყურადღების გამახვილება კორუფციაზე სჯობდა. ვფიქრობ, კორუფცია არანაკლებად მნიშვნელოვანია, რადგან მხოლოდ ადამიანების უფლებების კი არა, ადამიანების შესაძლებლობების შეზღუდვასთანაცაა დაკავშირებული.
ამ ბრძოლაში ძალიან მნიშვნელოვანია ინფორმაციის ხალხამდე მიტანა და ამიტომ ჩვენი საქმიანობის საჭიროებაში ერთი წამითაც არ შეგვპარვია ეჭვი. სამწუხაროდ, დღითი დღე უფრო აშკარა ხდება, რომ მართლები ვიყავით…
_ კორუფციული ხვრელები ქვეყანაში მაშინაც არსებობდა, როცა „თავისუფალი დემოკრატები“ კოალიციის წევრი იყო, მაგრამ ამ კუთხით მხოლოდ მას შემდეგ გააქტიურდით, რაც „დემოკრატებმა“ „ოცნებას“ ზურგი აქციეს და ეს პარტია თქვენც დატოვეთ. კორუფციას თავიდანვე რატომ არ ებრძოდით ან დღეს ფინანსურ მაქინაციებზე მახვილის დასმა შურისძიება ხომ არ არის?
_ კითხვები მაშინაც მქონდა, მაგრამ სანამ „თავისუფალი დემოკრატები“ კოალიციაში „ოცნებასთან“ ერთად იყო, ვიმედოვნებდი, რომ სახელმწიფო კრიზისისგან თავის დაღწევას შეძლებდა, თუმცა რაღაცებში ეჭვი ძალიან მალე შემეპარა და ჩემს მეგობრებს ვეკითხებოდი ხოლმე, _ ჩვენს თავს რა ხდება, მოვლენებს ნეგატივისტის თვალით მე ხომ არ ვხედავ-მეთქი?
იმედგაცრუება ძალიან ცუდი გრძნობაა და როცა „თავისუფალმა დემოკრატებმა“ კოალიცია დატოვა, ჩემთვის ყველაფერი ნათელი გახდა. სიმართლე გითხრათ, ეს გადაწყვეტილება არ მწყენია. პირიქით, გამიხარდა. ცუდი მხოლოდ ის იყო, რომ „თავისუფალ დემოკრატებს“ ჩაფრენილი „ოცნება“ ხელისუფლებაში მოვიდა და მერე ყველაფერი გააკეთა, რომ ალასანიას გუნდი თავიდან მოეშორებინა. იმ ადამიანებს, რომლებიც, თავის დროზე, „თავისუფალ დემოკრატებში“ იყვნენ და დღეს „ოცნებაში“ არიან, „თავისუფალ დემოკრატებად“ არც განვიხილავ. ეს ის ადამიანები არიან, რომლებიც, როგორც აღმოჩნდა, სკამებისთვის იბრძოდნენ და ალასანიასაც იმიტომ მიეტმასნენ, რომ სასურველს მის გარეშე, დამოუკიდებლად ვერასდროს მიაღწევდნენ. კარგია, რომ დრომ და ვითარებამ ყველა და ყველაფერი თავის ადგილს „მოარგო“. ყველა მათგანი დაიკარგა…
შეიძლება, ვინმემ მითხრას, რომ ამ გუნდიდან რამდენიმე მინისტრია, მაგრამ ვერავინ მეტყვის, რომ მათ ხალხის თვალში ისეთივე პატივისცემა და დაფასება აქვთ, როგორიც მაშინ ჰქონდათ, როდესაც ალასანიას გუნდში იყვნენ. როცა „ოცნება“ ხელისუფლებაში აღარ იქნება, ამ ადამიანების სახელებს ვერც კი გაიხსენებენ. ჩვენ კი პარტია ირაკლის წასვლის შემდეგ დავტოვეთ. ამის მიზეზი განაწყენება და შურისძიება კი არა, მოქმედების სურვილი იყო. პარტიის პოლიტიკური პლატფორმა და პრიორიტეტები იმის შესაძლებლობას არ გვაძლევდა, რომ ჩვენი გეგმებისა და შეხედულებების შესაბამისად გვემოქმედა. ნებისმიერი პარტია იერარქიული სისტემაა, რომელსაც თავისი კანონები და წესდება აქვს. ჩვენ, როგორც აღმოჩნდა, უფრო მეტი თავისუფლება გვჭირდებოდა და გადავწყვიტეთ, რომ პარტია სწორედ თავისუფლად მოქმედების მოტივით დაგვეტოვებინა!
ისე, პირადად მე, პარტიასთან თანამშომლობის ძალიან მწირი გამოცდილება მქონდა, რადგან პროცესებში 2016 წლის არჩევნების დროს ჩავერთე და ამიტომ ვერ ვიტყვი, რატომ არ იყო კორუფციასთან ბრძოლა პარტიის პრიორიტეტი. სამაგიეროდ, შემიძლია გითხრათ, რომ არჩევნების დროს მოსახლეობასთან შეხვედრებმა შესანიშნავად მაჩვენა, თუ რა მდგომარეობაში ცხოვრობს ხალხი და ძნელი მისახვედრი არ იყო, ამ მძიმე მდგომარეობას რა განაპირობებდა.
შურისძიება ჩვენი მოტივაციის ძალიან მარტივი განმარტება იქნებოდა. ეს ისეთი ბრძოლაა, რომლისთვისაც შურისძიება არასაკმარის და არცთუ ღირსეულ საფუძვლად მიმაჩნია. შურისძიებით მართული ადამიანები კარგი და სასარგებლო საქმის კეთებას ვერსოდეს შეძლებენ. ის კი, რასაც ჩვენ ვაკეთებთ, მგონი, საზოგადოებისთვის სასარგებლოა!
არც ერთი ვართ გმირი, მაგრამ არც ყველაზე მშიშარა ადამიანები გახლავართ. არის კორუფცია? ჰოდა, რატომ არ უნდა ვებრძოლოთ მას? _ ეს იყო და ეს. შურისძიება არა, მაგრამ გაბრაზება ნამდვილად იყო. გაბრაზება იმედგაცრუების, შეურაცხყოფის, სიცრუის, უტიფრობისა და ჩვენი არაჩვეულებრივი პოტენციალისა და შესაძლებლობების მქონე ქვეყნის გავერანების გამო.
_ კორუფციული ფაქტები, რომელზედაც „შეაჩერე კორუფცია“ საუბრობს, დოკუმენტებით არის გამყარებული თუ ყველაფერი ზეპირსიტყვიერებას ემყარება?
_ კორუფციული რისკის მატარებელი ფაქტები, რომლებზედაც ჩვენ ვსაუბრობთ, მხოლოდ დოკუმენტური მასალაა და ჩვენს ეჭვებს საბუთების შეჯერების, ვითარების ანალიზის საფუძველზე ვასაჯაროებთ, ხან მხოლოდ საბუთებს წარმოვადგენთ. არსებობს კანონები და როდესაც კანონებისგან გადაცდომის ფაქტებს ვაწყდებით, ამის შესახებ საზოგადოებას ვამცნობთ.
მაგალითად, საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ როცა უფროსი ძმა მინისტრის მოადგილეა, უმცროს ძმას კი კომპანია აქვს, მან ბიუჯეტიდან შესყიდვის გამარტივებული წესით მიღება არ უნდა გაბედოს. ისიც კანონდარღვევაა, როცა ორი კომპანიით ერთსა და იმავე ტენდერში ერთი და იგივე პირები მონაწილეობენ. თუ ხელისუფლება ამ კანონებს ვერ დაიცავს, გამოემშვიდობოს და სხვას ჩააბაროს მართვის სადავეები.
ხელისუფლებამაც უნდა იცოდეს, რომ ხალხი უყურებს და ამოწმებს. ხალხი საარჩევნო საქონელი არაა, რომელიც მაშინ ახსენდებათ, როდესაც საკუთარი მიზნებისთვის სჭირდებათ!
_ ქეთი, კორუფციულ ფაქტებს როგორ მოიპოვებთ?
_ ფაქტების ნაწილს ვიღებთ შესყიდვების ვებგვერდიდან. ვამოწმებთ ხელშეკრულებას, ტენდერის მიმდინარეობას, ტენდერებში მონაწილე კომპანიებს, ვსწავლობთ ამ კომპანიებისა და მათი მფლობელების ისტორიას და კავშირებს. ხშირად გვწერენ და გვატყობინებენ ამა თუ იმ დარღვევისა და ფაქტის შესახებ. ჩვენ ვამოწმებთ და თუ მართლა აღმოჩნდება რამე საეჭვო, ვასაჯაროებთ.
სამწუხაროა, რომ ის მოქალაქეები, რომლებიც გვწერენ, ხშირად ჩრდილში ყოფნას არჩევენ.
_ რატომ?
_ მათი არგუმენტი სამსახურის დაკარგვის რისკია და ეს ძალიან ბევრ რაღაცაზე მიუთითებს, პირველ ყოვლისა, ჩვენი დემოკრატიის მძიმე მდგომარეობაზე, დაბალ ხარისხზე. მოქალაქეებს არ აქვთ იმედი, რომ კრიტიკულ ვითარებაში მათ სასამართლო დაიცავს. ეშინიათ, რომ რომელიმე გუბერნატორის ან მერის მეგობარი სამსახურის გარეშე დატოვებს და ვერავინ შეძლებს მათ დაცვას. ქვეყანაში ეს რეალობაა და ამის შესახებ ნებისმიერმა ადამიანმა იცის!
_ თქვენი დაკვირვებით, კორუფცია ყველაზე მეტად რომელ სფეროშია ფესვგამდგარი?
_ ყველა სფეროში, რომელთანაც შეხება მქონია; ყველა სფეროში, რომელსაც კავშირი აქვს ბიუჯეტთან.
_ წინა ხელისუფლების დროს ე. წ. ელიტურ კორუფციაზე საუბრობდნენ. კორუფცია დღესაც ელიტურია თუ დაბალ რგოლებზეც ჩამოვიდა?
_ წინა ხელისუფლებამ 8-მილიარდიანი ბიუჯეტი და გამართული ინფრასტრუქტურა დატოვა. მოსპო კორუფცია განათლების სისტემაში, პოლიციასა და სასამართლოში. კორუფციასთან მიმართებით თუ ვინმეს პრეტენზია აქვს, ეს „ვინმე“ დღევანდელი ხელისუფლების წარმომადგენელი არ უნდა იყოს, რადგან ეს ცინიზმი იქნება!
რაც შეეხება „ელიტურ კორუფციას“, ეს ტერმინი არასაკმარის განმარტებად მიმაჩნია, რადგან კორუფციის ნებისმიერი სათავე ე. წ. პოლიტიკური ელიტაა. კორუფცია სისტემური კრიზისის გამოვლინებაა და ეს უფრო მწვავე და საშიშია! ყველა სახელმწიფოს წინაშე დგას კორუფციის საფრთხე. განსხვავება ბრძოლის აუცილებლობის გააზრებაში, ნებასა და ფორმებშია. ჩვენს სახელმწიფოს არ აქვს არც ერთი ინსტრუმენტი კორუფციის წინააღმდეგ, რადგან ის თავად წარმოადგენს კორუფციის ნოყიერ ნიადაგს და მყარ პლატფორმას! სწორედ ამიტომ დღეს ქვეყანაში ელიტური და სისტემური კი არა, ყოვლისმომცველი კორუფცია გვაქვს!
გადავხედოთ სტატისტიკას, მაგალითად, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება:
2013 წელი _ 261 რეგისტრირებული დანაშაულიდან გახსნილია 31;
2014 წელი _ 102 რეგისტრირებული დანაშაულიდან გახსნილია 21;
2015 წელი _ 63 რეგისტრირებული დანაშაულიდან გახსნილია 7;
2016 წელი _ 43 რეგისტრირებული დანაშაულიდან გახსნილია 6.
და რაც რეგისტრირებული არაა, ანუ რაც სახელმწიფოს საერთოდ არ მიაჩნია გამოძიების ობიექტად და საქმის აღძვრას არც ფიქრობს, ანუ რაზეც დაზარალებული მოქალაქე უკან იხევს და გაჩუმებას ამჯობინებს, რადგან სიმართლის პოვნის იმედი არ აქვს, იმაზე აღარაფერს ვამბობ.
სამწუხაროდ, რიტორიკად რჩება იმ ადამიანების მხილება, რომლებიც ქვეყნის სათავეში დგანან და არც ფიქრობენ საკუთარ სურვილებსა და მოთხოვნილებებზე უარის თქმას.
_ თქვენ მიერ გახმაურებული ფაქტებით სამართალდამცველები თუ ინტერესდებიან, ანუ რამე რეაგირება მოყვება ხოლმე?
_ სამართალდამცველებს რამდენიმე საქმეზე მივმართეთ, მაგრამ გამოხმაურება არ მოჰყოლია. ერთ საქმეზე სასამართლოში შევიტანეთ სარჩელი, თუმცა სასამართლომ არასათანადო მოსარჩელეებად მიგვიჩნია და პროცესი არ შედგა. ისე, ის შესყიდვა, რომელსაც ვასაჩივრებდით, ჩაიშალა და, პრაქტიკულად, მიზანს მივაღწიეთ.
_ პირადი მუქარები ან გაფრთხილება ხომ არაა, გაჩერდიო?
_ მუქარა და გაფრთხილება არ ყოფილა, არც თვალთვალი შემიმჩნევია. იყო რამდენიმე თხოვნა შუამავლებისა თუ ინიციატივიანი მეგობრების მხრიდან, რომ არ დაგვეწერა ამა თუ იმ პირის შესახებ, მაგრამ ჩვენ მოწოდება გამოვაქვეყნეთ, რომ მსგავსი მომართვის შემთხვევაში ამ მიმოწერას გავასაჯაროებდით და ესეც შეწყდა. სპეციფიკური შეკითხვები, _ ვინ გაფინანსებთ? ვისთან თანამშრომლობთ და ა. შ. _ დღესაც გვესმის, მაგრამ ვფიქრობ, ყველა, ვინც თვალყურს გვადევნებს, დიდი ხნის წინათ დარწმუნდა, რომ ჩვენ დამოუკიდებლად ვმუშაობთ და არავინ გვისაზღვრავს სამოქმედო გეგმას.
_ დღეს საქართველოში ყველაზე კორუმპირებული სფერო რომელია?
_ საქართველოში ისეთი ვითარებაა, რომ ვერც ერთს ვერ გამოვყოფ. უბრალოდ, არის ისეთი სფეროები, სადაც კორუფციის რისკი არ არსებობს უფლებებისა და ვალდებულებების შეზღუდულობის გამო. იმედი მაქვს, ესაა პოლიცია, ჯარი… თუმცა იმას არ ვამბობ, რომ ამ სივრცეში გამორიცხულია ნეპოტიზმისა და პატრონაჟის ალბათობა. გასაგებია, რომ ესეც კორუფციაა, მაგრამ მისი მასშტაბები, საბედნიეროდ, დიდი ვერ იქნება.
_ ყველა კორუფციული სქემა ერთნაირია თუ არსებობს გარკვეული გრადაციები?
_ არა, რა თქმა უნდა. არც კორუფციაა ერთსახოვანი და ვერც მისი გამოვლინება იქნება იდენტური.
_ კორუფცია ყველაზე მეტად რომელ რეგიონშია ფესვგამდგარი თუ ამ მხრივ თბილისია ლიდერი?
_ პრობლემები განსხვავებულია, თუმცა რეგიონებსა და თბილისს ერთი საერთო აქვს _ ინფრასტრუქტურულ პროექტებთან მიმართებით არსებული კითხვები, მათი მიზანშეწონილობა, გამგეობები და იქ დასაქმებული ადამიანები, ამ ადამიანების პასუხისმგებლობისა და ვალდებულებების არეალი, ნეპოტიზმის მაღალი რისკი; გაურკვეველი სსიპები და (ა)აიპები; გაურკვეველი და აუხსნელი ხელფასები და დანამატები და ა. შ.
_ ქეთი, კონკრეტიკაზე გადავიდეთ და რამდენიმე კორუფციული ფაქტი და სქემა წარმოადგინე.
_ კორუფციული რისკის შემცველი ფაქტები ძალიან ბევრია.
მაგალითად, გამარტივებული შესყიდვები მილიონობით ლარის ოდენობით რამდენიმე კვირის შექმნილი კომპანიებისთვის. ერთ-ერთი მაგალითია შპს „ნიუ როუდსი“ _ აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის ხელმძღვანელის დისშვილის კომპანია, რომელმაც ნაპირსამაგრი სამუშაოებისთვის 4 000 000-იანი გამარტივებული შესყიდვა მიიღო. არადა, კომპანია ორი კვირის შექმნილი იყო.
დაუმთავრებელი პროექტები, რომელზედაც პასუხს არავინ აგებს. მარტო მონაწილეობის უამრავი ფაქტი. ერთ ტენდერში ორი კომპანიით ერთი და იგივე პირების მონაწილეობა. მაგალითად, კომპანიები _ „ნიუ კონსტრაქშენ“ და „ნოვა“, რომლის მფლობელები კვირიკაშვილის ბიზნესწრის წარმომადგენლები იყვნენ მისი ეკონომიკის მინისტრობის დროს. პროექტ „აწარმოე საქართველოში“ დღემდე დაუდგენელია, რა მოტივით შეარჩიეს ბენეფიციარებად „ქართული ოცნების“ მსხვილი შემომწირველები, რომლებიც საკმაოდ სოლიდურ კაპიტალს ფლობენ, თუ გავითვალისწინებთ მათ წარმატებულ კომპანიებს. ფაროსანას წინააღმდეგ მიმდინარე კამპანია, რომელშიც ათეულობით მილიონი ლარი დაიხარჯა, მაგრამ დარგის სპეციალისტები მიწვეულები არ იყვნენ და ქიმიკატების შერჩევაც დიდი ეჭვების საფუძვლად იქცა.
ინტერესთა კონფლიქტი შესყიდვებში, სადაც მონაწილეობენ ერთი ოჯახის წევრები („შარა“ და „იბოლია“; „ენ-სი“ და „ენსისი“ და ა. შ.); სუსტი არგუმენტების საფუძველზე შესყიდვებიდან დისკვალიფიცირებული არასასურველი პრეტენდენტები; წარმომაგენლობითი ხარჯები (სარესტორნო შესყიდვები), რომელთა მიზანშეწონილობა არ არის დადგენილი სათანადო და სრული დოკუმენტაციით, მორგებული ტენდერები.
მაგალითად, ჩვენ რამდენიმე დღით ადრე ვივარაუდეთ, რომ შპს „მექანიზატორის“ მიერ გამოცხადებულ ტენდერს მოიგებდა „ტოიოტა ჰაილუქსი“ და ასეც მოხდა, რადგან პარამეტრები სწორედ ამ მარკის ავტომობილისას ემთხვეოდა, ბაზრის კვლევები, ტრენინგები, პროექტები, კომისიები გამარტივებული შესყიდვებით, დაუმთავრებელი, მაგრამ ჩაბარებული ინფრასტრუქტურა და ა. შ.
მაგალითი უამრავია, ასევე შეკითხვაც უამრავია…
_ შეგიძლია, დაასახელო კორუფციული ვერტიკალის სათავეში მყოფი მოქმედი თუ ყოფილი ჩინოვნიკები?
_ რა თქმა უნდა, შემიძლია, მაგრამ ამისთვის ჯერ ვითარებას უნდა გადავხედოთ: ვინ ფლობს ამ ქვეყანაში გავლენებს და ვინ არის პასუხისმგებელი ყველა მანკიერებაზე, რომლის აღმოფხვრაც არ ხდება? კორუფციული ვერტიკალის სათავეში დგას ადამიანთა ის ჯგუფი, რომელიც უფლებამოსილია გადაწყვეტილებაზე, მაგრამ არ იღებს ამ გადაწყვეტილებას. სანამ ადამიანებს თანამდებობებზე დანიშნავენ სანდოობისა და არა პროფესიონალიზმისა და წარმატებული საქმიანობისმ გამოცდილების (წარმატებული საქმიანობისა და არა აპრიორი რკინიგზის სამეთვალყურეო ან დირექტორთა საბჭოდან) გათვალისწინებით, ეს ვერტიკალი არ ჩამოიშლება.
ერთ კვირაზე მეტია, ვაკვირდებით წარმოუდგენელ პროცესს, რომელიც „ომეგა-ჯგუფსა“ და „იბერიას“ უკავშირდება. ამ ხუთი ჩანაწერის საფუძველზე კარგად ჩანს, ვინც დგას ვერტიკალის სათავეში; ხოლო ამ ჩანაწერებზე ხელისუფლებისა და სამართალდამცველების რეაგირების სპეციფიკა შესანიშნავად გვაჩვენებს სახელმწიფოს პოზიციას. სახელმწიფოს მესვეურების სირაქლემის მდგომარეობიდან ზვიგენის მდგომარეობაში გადასვლის უმძიმეს ეტაპს ვაკვრდებით და არავინ იცის, სადამდე მიგვიყვანს იგი. ვეჭვობ, კარგს არავის მოუტანს ასეთი დამოკიდებულება ამ მოვლენების მიმართ. დღეს ნიღაბი ბოლომდე აქვს ჩამოხსნილი სისტემას და უკვე თავის მართლების გარეშე, უსირცხვილოდ აგრძელებს თავზე ნაცრის წაყრას. ნებისმიერ დემოკრატიულ და განვითარებულ სახელმწიფოში ეს ჩანაწერები სრულიად საკმარისი იქნებოდა, რომ მთავრობა გადამდგარიყო ან, უკიდურეს შემთხვევაში, სასწრაფოდ დაწყებულიყო გამოძიება. აქ კი რას ვხედავთ? _ გამოძიება დაიწყეს ერთ-ერთი ეჭვმიტანილის მოთხოვნის საფუძველზე, მეორე კი თავად მიმართავს სასამართლოს საქმის წარმოების დაწყების მოთხოვნით.
_ შექმნილი სიტუაციიდან გამოსავალი არსებობს?
_ ორი ამბავი მახსენდება, აქედან ერთი ლურჯად შეღებილი მელიაა („მელი მოძღვრად“): „ოცნებამ“ როგორც უნდა შეიცვალოს ფერი, თავის ბუნებას ვერ შეიცვლის, კანონზომიერებას ვერ დაარღვევს. ბევრად უფრო მაღალ და დახვეწილ ინტელექტსაც არ შესწევს ამის უნარი, არათუ ამ გუნდს. და მეორე _ ცრუ: ბიჭუნა, რომელიც სისტემატურად იტყუებოდა, რომ მგელი დაესხა თავს, ბოლოს, მარტო აღმოჩნდა განსაცდელის წინაშე, რადგან არავინ დაუჯერა. 6 წელი დიდი დროა. ამ ხნის განმავლობაში ნაბიჯ-ნაბიჯ შელახული რეპუტაციის აღდგენა, ფაქტობრივად, შეუძლებელია. მით უმეტეს, რომ „ოცნება“ შეცდომას შეცდომაზე უშვებს. აპელირება „სისხლიან 9 წელიწადზე“ უკვე მარგინალურ ბოდვად იქცა, რომლითაც შვილებს ვერ გამოკვებავენ, მით უმეტეს, რომ იმ 9 წლის აქტიური მონაწილე ბევრი პირი დღესაც კომფორტულად აგრძელებს თავის კარიერას „ოცნების“ ფრთის ქვეშ. ტექნოლოგიების განვითარების ხანაში ძალიან რთულია შავის თეთრად წარმოჩენა.
ამიტომ გამოსავალს ვხედავ სამართლიან არჩევნებსა და „ოცნების“ ხელისუფლებიდან წასვლაში, რადგან „ავსა კარგად ვერვინ შეცვლის, თავსა ახლად ვერვინ იშობს“.
_ ისე, ქვეყანაში კორუფცია უფრო მძლავრობს თუ სახელმწიფო რეკეტი?
_ მარტივად შეგვიძლია ვთქვათ: თუ სახელმწიფო კორუფციის ასალაგმავად არაფერს აკეთებს, ამით ხელს უწყობს რეკეტს და თუ ხელს უწობს რეკეტს, ფაქტობრივად, თვითონ ახორციელებს რეკეტს!
შეიძლება, ვინმემ მითხრას, ხომ წავიდა კვირიკაშვილი და მისი გუნდი, ხომ ამხილა ივანიშვილმა კორუფციაშიო?
დიდი მადლობა ივანიშვილს, რომ გაუშვა და გაატანა ბიუჯეტის ფული!
უკეთესი ხომ არ იქნებოდა იმ ადამიანების გასამართლება, ვის მიმართაც ეჭვი არსებობდა? საქმის გამოძიება უფრო ლოგიკური არ იქნებოდა, ვიდრე კუთხე-კუნჭულ გაუთავებელი ლაპარაკი? ვერავინ გაიხსენებს რომელიმე მაღალჩინოსნის მიმართ წაყენებულ ოფიციალურ და არგუმენტირებულ ბრალდებებს სასამართლოს მხრიდან.
ამიტომ მგონია, რომ ეს ორი საკითხი ურთიერთგამომდინარეა და ერთმანეთს აძლიერებს.
_ შეგხვედრიათ თუ არა პოლიტიკური კორუფციის ფაქტები?
_ რა თქმა უნდა! პოლიტიკურ კორუფციას თავისი ნიშნები აქვს: ეს, მარტივი განმარტებით, არის ფულის (ან მუქარის) გადაცემა ზემდგომისგან ქვემდგომისთვის, რათა რეალიზებული იყოს ზემდგომის სურვილები და ინტერესები. შესაბამისად, პოლიტიკური კორუფცია პოლიტიკური სტატუსის გამოყენებაა პირადი ან კორპორაციული (ან ორივე ერთად) მიზნებისთვის. ამავე დროს, ეს მიზნები და კავშირები დაფარულია.
გადავხედოთ ჩვენს რეალობას და გავიხსენოთ ბოლო დროის მოვლენები. ასევე გავიხსენოთ განცხადებები პირადი საუბრის გასაჯაროებასთან მიმართებით. პრეტენზიული განცხადებები, რომელიც ეთიკურ პლასტში განიხილავდა მოვლენას მაშინ, როდესაც სისტემის უმწვავესი კრიზისი თვალნათელია! ამავე დროს, პოლიტიკური კორუფციის მთელი მანკიერება გახლავთ ის, რომ პოლიტიკური სისტემის სათავეში მყოფი ადამიანები უფლებამოსილები არიან, მოირგონ კანონები საკუთარი სურვილისა და შეხედულებებისამებრ. მაგალითად, მიიღონ ისეთი კანონი, რომელიც ხელსაყრელი იქნება მათი ბიზნესინტერესებისთვის, მაგრამ დააზარალებს სახელმწიფოს ან საზოგადოების ინტერესებს.
ამ რაკურსით თუ გადავხედავთ, ეჭვგარეშეა, რომ პოლიტიკური კორუფციის უამრავ მაგალითს ვნახავთ.
_ თქვენ მიერ მოპოვებულ მასალებს გავლენიან საერთაშორისო ორგანიზაციებს გადასცემთ?
_ 2017 წლის სექტემბერში ჩვენი ორგანიზაციის ერთ-ერთი წევრი ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) კონფერენციაზე გაემგზავრა და მასალები წარდგინა, სადაც დაფიქსირებული იყო კორუფციის მაღალი რისკის შემცველი ფაქტები.
_ ხელისუფლებას კორუფციასთან ბრძოლის პოლიტიკური ნება არ აქვს თუ, უბრალოდ, კანონებშია გარკვეული ხვრელები, რის გამოც ჩინოვნიკები ფულის ცდუნებას ვერ უძლებენ?
_ კანონმდებლობაც გარკვეულ პრობლემას წარმოადგენს, თუ სახელმწიფოში პოლიტიკური კორუფციის დიდი ალბათობაა. თუ გავითვალისწინებთ, რომ დღეს საქართველოში მართვის უაღრესად სპეციფიკური ვერტიკალი გვაქვს _ დამაზიანებელი დემოკრატიული ინსტიტუტების ფორმირებისთვის, რომლის სათავეში ადამიანთა კონრეტული ჯგუფი დგას; ამას ემატება საკონსტიტუციო უმრავლესობა, კანონმდებლობაში ხვრელები კი არა, ორმოებია, რომელთა ამოვსებაც ისე ხდება, როგორც ამ ჯგუფისთვისაა ხელსაყრელი. არ მგონია, რომ ეს კანონები „წამოსცდათ“. ვფიქრობ, ის განზოგადებული პარაგრაფები _ ორმაგი და სამმაგი წაკითხვის შესაძლებლობით, შესანიშნავადაა გამოყენებული თავისუფალი და სასურველი მანიპულირებისთვის.
_ ამ კორუფციის გამო მოსახლეობა რა ზიანსა და ზარალს იღებს?
_ კორუფცია და ოკუპაცია ჩვენი ქვეყნის ორი უმთავრესი მტერია. ძალიან მოკლედ და მარტივად ვიტყვი:
კორუფციის პირობებში ირღვევა სახელმწიფოს ინსტიტუტები, ჩვენ ვხდებით არასაიმედო პარტნიორი დასავლეთისთვის და შესანიშნავი საკბილო ჩვენი ორასწლოვანი მტრისთვის.
არ ვითარდება ეკონომიკა, ღატაკდება მოსახლეობა, სტაგნაციას განიცდის განათლების სისტემა, ჯანსაღი, შრომისუნარიანი მოსახლეობა ტოვებს ქვეყანას, ტერიტორიული მთლიანობის საკითხი მეორეხარისხოვან და შორეულ პერსპექტივად გვესახება, ჩვენი მოხუცები და ბავშვები ღირსებისათვის შეუფერებელ მდგომარეობაში არიან. სულ უფრო ღრმავდება ნიჰილიზმი და მწვავდება პროტესტი, რაც არანაკლებ საშიშია მსოფლიოში არსებული პოლიტიკური ვითარების გათვალისწინებით.
_ ქეთი, გვეშველება რამე?
_ უნდა გვეშველოს. არც სხვა გზა გვაქვს და არც სხვა სამშობლო. უნდა მოვთხოვოთ, უნდა გავაპროტესტოთ, უნდა დავიცვათ ჩვენი უფლებები, უნდა ვაჩვენოთ ხელისუფლებას, რომ ის მხოლოდ დაქირავებული მოხელეების ჯგუფია, რომელსაც ჩვენ ვაჭმევთ. ხელისუფლებას ჩვენი შვილების წილზე მაინც ვათქმევინოთ უარი!

გიორგი აბაშიძე