პანკისობის ისტორია და საინტერესო დეტალები

სახალხო დღესასწაული პანკისობა 2016 წელს ხელისუფლების ინიციატივით დაარსდა. 2017 წლის 30 სექტემბერს მეორედ აღნიშნულ ღონისძიებაზე მედია წერდა:

„სოფელ დუისის სპორტულ მოედანზე 12:00-დან 18:00 საათამდე სხვადასხვა გასართობი და შემეცნებითი ღონისძიება ჩატარდება. დაგეგმილია დოღი, ქართული ჭიდაობა, მკლავჭიდი და კონცერტი „ერისიონისა“ და ადგილობრივი ფოლკლორული ანსამბლების მონაწილეობით. „პანკისობა 2017“-ის ფარგლებში განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო მოაწყობს პროფესიული სასწავლებლის სტუდენტების ნამუშევრების გამოფენას: კოქტეილები; მზარეული-კონდიტერი/ქარვინგის ფიგურები; თექის ნამუშევრების გამოფენა; დურგალი; ჩურჩხელის ამოვლება; წყალზე ხატვა; 3D ნახატები; სამეცნიერო პიკნიკი; თაბაშირის ფიგურები დამსაქმებელთა ასოციაციასთან ერთად.
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს მიერ, ექსპრეს ლაბორატორიის კვლევის ფარგლებში, ჩატარდება ჰაერში დამაბინძურებელი ინგრედიენტების, ხმაურის დონისა და ელექტრომაგნიტური ველის ენერგიის ნაკადის სიმკვრივის გაზომვა; ტყის არამერქნული რესურსის გამოფენა; ეკოგაკვეთილები; „წითელ ნუსხაში“ შეტანილი ხეების ნერგების გამოფენა; „საბავშვო კუთხე“.
სოფლის მეურნეობის სამინისტრო განათავსებს მობილური ექსტენციის ტრანსპორტს, სადაც მესაქონლეობისა და მეფუტკრეობის დარგებში სამი სპეციალისტი იქნება; სოფლის მეურნეობის სფეროში არსებული სიახლეების შესახებ ბუკლეტები დარიგდება; ფერმერები გააკეთებენ პროდუქციის პრეზენტაციას.
შინაგან საქმეთა სამინისტრო წარმოადგენს პროგრამას „უსაფრთხო ქალაქი“; მონაწილეობას მიიღებენ საზღვრის დაცვის დეპარტამენტი, „112“-ის დეპარტამენტის ხომალდი; მომსახურების სააგენტო; სპორტული კლუბი MIA FORCE; სახანძრო; განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტი; აკადემია; ტირი; ექსპერტ-კრიმინალისტები; დაცვის პოლიცია; პატრული; შვეულმფრენი.
კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო ხელნაკეთი ნამუშევრების გამოფენას გამართავს: „კახეთის მოსწავლეები კულტურული მემკვიდრეობის დესპანები“.
თავდაცვის აკადემიის სტუდენტები დაინტერესებულ პირებს აკადემიაში ჩარიცხვის შესახებ ინფორმაციას გააცნობენ.
„პანკისობა 2017“-ის ფარგლებში, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, მოეწყობა პრესტური.
მაშინ ღონისძიებამ წრმატებით ჩაიარა.
წელს კი სპეცრაზმის მიერ მოკლული 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახის წევრებისა და პანკისის მოსახლეობის პროტესტის შედეგად, ხეობაში ხელისუფლების მიერ ორგანიზებული დღესასწაული „პანკისობა-2018“ ჩაიშალა.
ე. წ. სახალხო დღესასწაული „პანკისობა“, ანონსის მიხედვით, 22 სექტემბერს, სოფელ დუისში, სპორტულ მოედანზე უნდა ჩატარებულიყო. 2 დღით ადრე, მერიის დავალებით, სტადიონი დაასუფთავეს კიდეც, თუმცა, რატომღაც, დილით გაირკვა, რომ „პანკისობასთან“ დაკავშირებული ღონისძიებები დუისში, სასაფლაოსთან ახლოს, დიდების მემორიალის ტერიტორიაზე გაიმართებოდა. დაგეგმილი იყო კულტურული, სპორტული და სხვა აქტივობები, ასევე კონცერტი ჯგუფ „ბანის“ და ადგილობრივი ფოლკლორული ანსამბლების მონაწილეობით. შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ ქეთევან ციხელაშვილის, საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩევლის რეგიონული კოორდინების საკითხებში სოზარ სუბარისა და კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის, გუბერნატორ ირაკლი ქადაგიშვილის მიერ დოღში გამარჯვებულები უნდა დაჯილდოებულიყვნენ და სიტყვით გამოსულიყვნენ.
„პანკისობის“ წინა დღეს თემირლან მაჩალიკაშვილის მამამ ხეობის მცხოვრებლებს მოუწოდა, უსამართლობისადმი პროტესტის გამო ღონისძიებაში მონაწილეობა არ მიეღოთ და არც მასზე დასასწრებად მისულიყვნენ. „მთავრობა პანკისის ხეობაში სანამ გასართობ კონცერტებს დაგეგმავს და ჩაატარებს, მანამდე უნდა გაგვცენ პასუხი, რატომ მოკლეს 19 წლის თემირლანი. ჩემს შვილს ტერორიზმთან კავშირი თუ ჰქონდა და დამნაშავე იყო, უტყუარი მტკიცებულებები დადონ. ხელისუფლებას ადამიანების მოკვლის უფლება არ აქვს. ვიდრე თემირლანის მკვლელობის საქმე გამოძიებული არ იქნება და დამნაშავეებს არ დასჯიან, კანონის ფარგლებში არ მივცემთ შესაძლებლობას აქ გასართობი ღონისძიებები ჩაატარონ“, _ აღნიშნა მალხაზ მაჩალიკაშვილმა პანკისის სათემო რადიოს ეთერში.
„პანკისობის“ საორგანიზაციო საკითხებში ჩართული იყო ახალდაფუძნებული არასამთავრობო ორგანიზაცია „პანკისის ხეობის ტურიზმისა და განვითარების ასოციაცია“, რომლის წარმომადგენლებიც ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად დიდების მემორიალზე კი მივიდნენ, მაგრამ იქაურობა მალევე დატოვეს.
დილიდან ღონისძიების ადგილზე იმყოფებოდნენ თემირლან მაჩალიკაშვილის დედა, ბებია და ოჯახის სხვა წევრები. მოკლული ახალგაზრდის დედამ, მედიკო მარგოშვილმა განაცხადა, რომ თუ ხელისუფლება „პანკისობის“ ჩატარებას მაინც გადაწყვეტდა და ცეკვა-სიმღერებს გამართავდნენ, ის სცენაზე თავს დაიწვავდა. ამასთან, მედიკო მარგოშვილმა იქ შეკრებილ ადამიანებს მოუწოდა დაშლილიყვნენ, რადგან „პანკისობა არ ჩატარდებოდა“.
დიდების მემორიალზე პანკისიდან მერის წარმომადგენლები და საბავშვო ბაღის ათამდე თანამშრომელი იმყოფებოდნენ. მედიკო მარგოშვილის თქმით, გუშინ ახმეტის საბავშვო ბაღების ცენტრის დირექტორმა პანკისის ბაღების გამგეებს დაურეკა და გააფრთხილა, რომ ღონისძიებაზე ყველა თანამშრომელი მისულიყო, წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ სამსახურიდან დაითხოვდნენ. პანკისის სათემო რადიოსთან საუბარში საბავშვო ბაღების თანამშრომლებმა ეს ინფორმაცია დაადასტურეს, თუმცა თავად ბაღების ცენტრის უფროსმა უარყო: „რა, დამთავრდა ყველაფერი ხეობაში ამ საქმის გამო? პანკისობა არის მთელი ხეობისთვის და ვისაც უნდა მოვა აქ. არანაირი ზეწოლა თანამშრომლებზე არ ყოფილა“.
დღესასწაულს არ შეუერთდა კახეთის განვითარების ფონდი. ეს პირველი შემთხვევაა, სადაც მონაწილეობა არ მიიღეს „ჩემი სამზარეულოს წესების“ კონკურსანტებმა, რომლებიც კახეთის განვითარების ფონდის თანამშრომლები არიან.
11 საათისთვის თემირლან მაჩალიკაშვილის დედამ, ქისტ ქალებთან და ბავშვებთან ერთად, მემორიალის შესასვლელი გადაკეტა და მანქანებს ეზოში აღარ უშვებდა.
„დამცხრილეთ, როგორც გჩვევიათ. ღამით შემოპარვაც არ დაგჭირდებათ. დაგვცხრილეთ ორივე. მზად ვართ! დღეს მე ფიცი დავდე, ცოცხალი არ წავალ. დღეს არ ჩატარდება „პანკისობა“. თუ ჩამცხრილავთ, თუ მომკლავთ, კი ბატონო. მე მზად ვარ სიკვდილისთვის“, _ მიმართავდა თემირლანის დედა პოლიციელებს.
რამდენიმე წუთის შემდეგ მემორიალის ტერიტორიაზე თემირლან მაჩალიკაშვილის მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილიც მივიდა მხარდამჭერებთან ერთად: „დაისაჯონ ის ნაძირალები, მეც დამასვენონ, ჩემი შვილიც დაასვენონ საფლავში. თუ არ დასჯიან, მე არ გავჩერდები. კანონის ფარგლებში სიკვდილის ბოლო წუთამდე ვიბრძოლებ. ყველგან ხელს შევუშლი ამათ. ესენი მე იარაღს ხელში ვერ ამაღებინებენ, კანონიერად ვიბრძოლებ“.
ახმეტის პოლიციის უფროსი მალხაზ მაჩალიკაშვილს სთხოვდა, ნახევარი საათი მოეთმინათ და ღონისძიების მონაწილეები დიდების მემორიალს დატოვებდნენ. ზოგიერთმა მონაწილემ მაჩალიკაშვილების ოჯახს მხარდაჭერა გამოუცხადა და ტერიტორია იქამდე დატოვა, ვიდრე სამინისტროები სტენდების აშლასა და ნივთების ალაგებას დაიწყებდნენ.
პანკისობა კი ჩაიშალა, მაგრამ ჩაშლამდე ინციდენტი მოხდა. მსუბუქმა ავტომანქანამ, რომელსაც ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომელი და მერის პირველი მოადგილის ცოლის ძმა, ლევან მამსიკაშვილი მართავდა, მემორიალის ჩაკეტილი შესასვლელის გარღვევა სცადა და მანქანა ბავშვებს დააჯახა, რასაც დაპირისპირება მოყვა. მძღოლი არც პოლიციას ემორჩილებოდა. ინციდენტის შედეგად მსუბუქად დაშავდა 2 ბავშვი, ასევე მძღოლიც. სასწრაფო სამედიცინო დახმარება დასჭირდა ერთ ქალს. მძღოლი ტერიტორიიდან პოლიციამ გაიყვანა.
მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს. ლევან მამსიკაშვილი დაკავებული არ არის.
პანკისობის ჩაშლის შემდეგ 200-მდე ადგილობრივი მემორიალის გადასახვევთან შეიკრიბა. აქციის მონაწილეებს გაზეთ „ქრონიკა+“-ის რედაქტორი, ელისო კილაძეც შეუერთდა. მათ კიდევ ერთხელ მიმართეს ხელისუფლებას, გამოიძიოს თემირლან მაჩალიკაშვილის მკვლელობის საქმე და დამნაშავეები დასაჯოს.
მოგვიანებით, კახეთის გუბერნიის ფეისბუქ გვერდზე შემდეგი შინაარსის განცხადბა გავრცლდა:
„პანკისის ხეობის სოფელ დუისში ახალი ამბულატორია გაიხსნა.
ამბულატორია გახსნეს: კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა, გუბერნატორმა ირაკლი ქადაგიშვილმა, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ხელმძღვანელმა ავთანდილ თალაკვაძემ და ახმეტა-თელავის მაჟორიტარმა დეპუტატმა გელა სამხარაულმა.
ახალგახსნილი ამბულატორია პანკისის ხეობის სოფლების მცხოვრებლებს პირველად სამედიცინო მომსახურებას გაუწევს. ამბულატორიაში დასაქმდა ადგილობრივი მოსახლეობა, ძირითადად, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები. ამბულატორია აღჭურვილია პირველადი ჯანდაცვის ცენტრისთვის ყველა საჭირო სამედიცინო ინვენტარით.
დღეს, 22 სექტემბერს, დაგეგმილი იყო სახალხო დღესასწაული „პანკისობა-2018“. სოფელ დუისში, დაბალ გორაზე მოეწყო შემეცნებითი, საგანმანთლებლო ხასიათის გამოფენა, საინფორმაციო კუთხეები და გასართობი სივრცე ბავშვებისთვის. შექმნილი ვითარების გათვალისწინებითა და დაპირისპირების თავიდან აცილების მიზნით „პანკისობა-2018“ აღარ ჩატარდა.
სახალხო დღესასწაული „პანკისობა“ პანკისის ხეობის მოსახლეობის სურვილის გათვალისწინებით ყოველწლიურად აღინიშნება და ამ დღესასწაულის აღნიშვნას ტრადიციული ხასიათი აქვს“.
რატომღაც გუბერნატორს დაავიწყდა, რომ პირველი პანკისობა გასულ წელს გაიმართა, რომელიც მაშინდლი გამგებლის მოადგილის, მათე ქავთარაშვილის ინიციატივით დაარსდა. წელს კი ქავთარშვილმა და მისმა მოჭიდავე შვილმა პროტესტის ნიშნად მონაწილეობა არ მიიღეს.

მაკა მოსიაშვილი