სუს-ი მალე ჯანდაცვის მინისტრს მიადგება?!

ჯანდაცვის სამინისტროს რუხი კარდინალი, გია თვალავაძე, _ ადამიანი, რომელმაც შეიწირა მინისტრის ორივე მოადგილის _ ჯერ ვალერი კვარაცხელიას, შემდეგ კი ზაზა სოფრომაძის სკამები _ სუს-მა დააკავა.

გამოძიება სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და ჯგუფურად ჩადენილი უკანონო სამეწარმეო საქმიანობის ფაქტებზე მიმდინარეობს (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და 192-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3-დან 5 წლამდე ვადით).
„სააფთიაქო ნარკომანიის“ სფეროში ფსიქოტროპული საშუალებების უკანონო ბრუნვის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსი _ გია თვალავაძე დააკავეს. ასევე ბრალდებულის სახით დაკავებულები არიან უკანონო სამეწარმეო საქმიანობაში ჩართული საქართველოს მოქალაქეები: ნინო კ., ქეთევან ჩ., ლაშა ჩ., ნინო გ. და ნათელა მ. გამოძიებამ დაადგინა, რომ თბილისსა და გორში მდებარე 15 სააფთიაქო დაწესებულებაში უკონტროლოდ ხორციელდებოდა ფსიქოტროპული საშუალებების რეალიზაცია.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე ჯამში პასუხისგებაში მისცეს 20 პირი, რომელთა მიერ უკანონო სამეწარმეო საქმიანობისა და ფსიქოტროპული საშუალებების ურეცეპტოდ რეალიზაციის შედეგად მიღებულმა შემოსავალმა, საერთო ჯამში, 4 094 709 ლარი. შეადგინა

ახლა კი „ქრონიკა+“-ის ექსკლუზივზე გადავიდეთ და იმაზე, თუ რას ვწერდით 2014 წლიდან მოყოლებული დღემდე!

იმისთვის, რომ კლინიკამ ფუნქციონირებისა და პაციენტების მიღების უფლება მიიღოს, სჭირდება ლიცენზია. უფრო კონკრეტულად, ლიცენზიების მთელი პაკეტი იმ მიმართულებებში, რა სახის მომსახურებასაც გაუწევს პაციენტს _ უროლოგია, ენდოკრინოლოგია, გინეკოლოგია და ა. შ. ამ მიზნით მაძიებელი კლინიკა სპეციალური განაცხადით შედის ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტოში, კერძოდ, ლიცენზიების დეპარტამენტში და წარუდგენს ჩამონათვალს, თუ რა სამედიცინო მიმართულებებში სურს მას ლიცენზიების მიღება. წარმოდგენილ საბუთებს თან უნდა ახლდეს საჯარო რეესტრის ამონაწერი ფართის ფლობის (ან იჯარის) შესახებ და ბანკში გადახდილი მოსაკრებლის ქვითარი. დოკუმენტების ჩაბარების შემდეგ მაძიებელ კლინიკას ეძლევა სამი სამუშაო დღე საბუთებში არსებული ხარვეზების გამოსასწორებლად. თუ ყველაფერი წესრიგშია, ოცი სამუშაო დღის განმავლობაში უნდა წარმოადგინოს თავისი მოსაზრებები; 23 სამუშაო დღის გასვლის შემდეგ კი კლინიკაში მიდის სააგენტოს სამუშაო ჯგუფი და ადგილზე ამოწმებს ობიექტს. ამის მერე ჯანდაცვის სამინისტროში ეწყობა საჯარო განხილვა, რომელსაც ლიცენზირების დეპარტამენტის 11 თანამშრომელი ესწრება. ასეთი გახლავთ კანონი და მხოლოდ ამის შემდეგ გაიცემა საავადმყოფოზე ლიცენზია.
რა ხდება სინამდვილეში და როგორ გაიცემოდა ლიცენზიები საკმაოდ ცნობილ სტაციონარებზე ჯანდაცვის ცნობილი მოხელეების მიერ? როგორ კეთდებოდა ფული? რამდენი იყო „სტავკა“? რას ნიშნავს ლიცენზიები „პოსლეზე“ და რატომ ხუჭავდა თვალს ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო გაყალბებულ დოკუმენტებსა და სისხლის სამართლის დამნაშავეებზე?

როგორც წესი, ლიცენზიების მინიჭების სხდომებს თავმჯდომარეობდა გია თვალავაძე. ის წყვეტდა, რომელ კლინიკაზე უნდა გაცემულიყო ლიცენზია და რომელზე _ არა. დღესდღეობით ლიცენზიები ისეთ კლინიკებზეა გაცემული, რომელზეც საერთოდ არ უნდა გაცემულიყო. სააგენტოს მიერ მოწოდებული დოკუმენტებით ირკვევა, რომ რიგი კლინიკებისთვის ლიცენზიების მინიჭების შემთხვევაში საჯარო-ადმინისტრაციულ განხილვას სამი მონაწილე ესწრებოდა, ნაცვლად თერთმეტისა. თერთმეტივე ლიცენზიების დეპარტამენტის თანამშრომელი უნდა ყოფილიყო მაშინ, როდესაც სამი მონაწილიდან ხსენებულ დეპარტამენტში მხოლოდ ერთი მუშაობდა. რაც მთავარია, ეს ლიცენზიები გაცემული იყო „პოსლეზე“.
რას ნიშნავს „პოსლეზე“ გაცემული ლიცენზიები?
კონკრეტულ მაგალითზე მოგახსენებთ: აკადემიკოს ე. ფიფიას სახ. საავადმყოფომ განაცხადი 2007 წლის 30 მარტს შემოიტანა ექვსი ლიცენზიის მოპოვებაზე. ამ ექვსს ბოლოში მიმატებული ჰქონდა მეშვიდე განაცხადი ლიცენზიაზე და როგორც ჩანაწერის სტრუქტურიდან ჩანს, შემდგომში იყო მიწერილი. ანუ თავიდან იყო ექვსი და მერე, გარკვეული თვეების გასვლის შემდეგ, მიაწერეს მეშვიდე. კლინიკაში, ე. ი. ადგილზე, დათვალიერების ჯგუფი არ გაგზავნილა, მიუხედავად იმისა, რომ ხსენებულ პუნქტს 2007 წლის კანონი და მთავრობის დადგენილება მკაცრად მოითხოვდა. ჯგუფი ადგილზე კი იმიტომ არ გააგზავნეს, რომ ფიფიას სახ. კლინიკის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტი ხარვეზიანი გამოდგა.
კერძოდ, ხსენებულმა დაწესებულებამ ვერ წარმოადგინა ფართობის ფლობის დოკუმენტი, ანუ ამონაწერი საჯარო რეესტრიდან. არადა, საჯარო რეესტრის ამონაწერის გარეშე დოკუმენტები განხილვას არ ექვემდებარება. კლინიკას ეთქვა უარი განხილვაზე და ლიცენზირების დეპარტამენტმა უარის რეზოლუცია დაადო. ეს უარი თვალავაძის კანტორამ ააძრო და ხელი მოაწერა ბრძანებას ლიცენზიის გაცემაზე. ხელს აწერდა გია თვალავაძე, რა ხელითაც არის ხელმოწერილი დოკუმენტი, იგივე ხელწერით არის მიწერილი ჩამონათვალში განაცხადი მე-7 ლიცენზიაზე. უკანა გვერდზე დასმულია თარიღი 2006 წელი, რომ „ასლი დედანთან სწორია“ და 2006 წელი გადაკეთებულია 2007 წლად. განაცხადში მოსაკრებელი ექვს ლიცენზიაზე არის დათარიღებული 2 მარტით და მე-7 ლიცენზია გაცემულია 15 მაისს. ბანკში გადახდილი მოსაკრებელი კი დათარიღებულია 18 მაისით. ე. ი. ჯანდაცვის სამინისტრომ ჯერ ლიცენზია გასცა და შემდეგ გადაახდევინა ფული კლინიკას. ამას ეწოდება სწორედ ლიცენზიები „პოსლეზე“.
ასეთი შემთხვევა ბევრია და ეს არის სისხლის სამართლის საქმე. აქ ცალსახად იკვეთება უკანონო და დანაშაულებრივი ქმედებების რამდენიმე პუნქტი. დავიწყოთ იქიდან, რომ დოკუმენტი არის გაყალბებული, ანუ დადებულია ოფიციალური აქტი და შემდეგ ეს აქტი გაყალბებულია სააგენტოს მიერ. აქ კალიგრაფიული ექსპერტიზის ჩატარებაა საჭირო. როგორც ჩანს, თავიდან მაძიებელს ლიცენზიის აღება სურდა 6 სახის სამედიცინო საქმიანობაზე, შემდეგ კი მეშვიდეს დამატებაც მოისურვა, რისთვისაც ცალკე განაცხადით უნდა შესულიყო. სააგენტომ კლინიკას ამაში დრო არ დააკარგინა და ცალკე განაცხადი არ შეატანინა, თან მოსაკრებელიც მერე გადაახდევინა. ამ დროს საქართველოს კანონში სალიცენზიო მოსაკრებლის შესახებ წერია, რომ თუ მოსაკრებელი არ არის გადახდილი, ჯანდაცვის სამინისტრომ საქმე არ უნდა განიხილოს. მხოლოდ მას შემდეგ, რაც მოსაკრებელი გადაირიცხება ბიუჯეტში და ქვითარი იქნება წარმოდგენილი სხვა საბუთებთან ერთად, სააგენტოს შეუძლია, განაცხადის განხილვა დაიწყოს.
მას შემდეგ, რაც კლინიკამ გადახდილი ქვითარი და საბუთები წარადგინა, სააგენტო 20 სამუშაო დღეს ელოდება და ამ ხნის განმავლობაში მაძიებელმა საკუთარი მოსაზრებები უნდა წარმოადგინოს. ანუ საბუთების მოწესრიგებაზე სამი სამუშაო დღეა გათვალისწინებული, ისიც იმ შემთხვევაში, თუ იქ რამე ხარვეზი აღმოჩნდა. მთლიანობაში, 23 სამუშაო დღე გამოდის და მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება, სააგენტო ლიცენზიების განხილვას შეუდგეს და ჯგუფი ადგილზე გაუშვას. ფიფიას სახ. კლინიკასთან მიმართებით არაფერი მსგავსი არ მომხდარა, პირიქით _ არც მოსაკრებელი გადაიხადეს, ლიცენზია ხელით მიაწერეს და დასათვალიერებლად არანაირი ჯგუფი არ წასულა. თანაც ლიცენზირების დეპარტამენტის უფროსის მიერ გაცემული უარის რეზოლუცია უგულებელყოფილია და ლიცენზია ისეა გაცემული. ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული. სხვათა შორის, სამედიცინო დაწესებულებების ლიცენზირების დეპარტამენის ყოფილმა უფროსმა ვანო ფოცხვერაშვილმა ამ საქმესთან დაკავშირებით ჯანდაცვის მინისტრ დავით სერგეენკოს სამი წერილი გაუგზავნა და არც ერთზე პასუხი არ მიუღია. ფაქტობრივად, სამინისტროში გაგზავნილი 20 წერილიდან ყველა უპასუხო დარჩა. ამით სამინისტრომ საქართველოს კანონის ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 38-ე და მე-40 მუხლები დაარღვია, რომლითაც აღებული აქვთ ვალდებულება, რომ ათი დღის ვადაში მოგვაწოდონ მონაცემები. გაითვალისწინეთ, რომ თვითონ სამინისტროს თანამშრომლებს შემოსულ წერილებზე ერთი თვით გადაცდენის გამო საყვედურებს უცხადებენ და სამსახურიდან უშვებენ. აქ ოც წერილზეა საუბარი მინისტრის სახელზე და არც ერთ მათგანზე პასუხი არ გაუციათ.
იმავე პერიოდში „იუნონა+“-თან დაკავშირებით შემდეგი მოხდა: „იუნონა+“-ს მარტში განაცხადი ჰქონდა შემოტანილი და რეესტრის ამონაწერი არ გააჩნდა. მას მერე, რაც „იუნონა+“-ს საჯარო რეესტრის ამონაწერის არქონის გამო უარი ეთქვა საბუთების არასრულფასოვანი წარმოდგენის გამო, დეკემბერში ახლიდან შემოიტანა განაცხადი და თვალავაძემ ის აღარ აკადრა, რომ ახალი მოსაკრებელი გადაეხადა, ამიტომ მარტის ჟურნალიდან ძველი ქვითარი ამოიღო და ახალ დოკუმენტაციაში ჩადო.
ზაზა კოპლატაძე ლიცენზირების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე იყო, რომელიც შემდეგ გია თვალავაძემ თავის მოადგილედ გადაიყვანა და ერთ თვეში დაუჭირეს კიდეც… მაგრამ თვალავაძემ ციხეში მაგრად უპატრონა. ოთხი შვილი ჰყავსო და ყოველ თვე თანამშრომლებისგან 50 ლარს უგროვებდა. 2012 წლის არჩევნებამდე გია თვალავაძემ საჩხერის საავადმყოფო, რომლის დირექტორიც მაშინ დავით სერგეენკო იყო, 80 ათასი ლარით დააჯარიმა. ამხელა თანხით არც ერთი კლინიკა არ დაჯარიმებულა. დღესაც კი საჩხერის კლინიკაში ამ ფაქტს ისე იხსენებენ, როგორც „ავადსახსენებელ დღეს“. დაჯარიმება თვალავაძემ მერაბიშვილის კადრთან ერთად განახორციელა. მაშინ „ჩაჩავას კლინიკაში“ირმა ბურდილაძე მუშაობდა, რომელმაც ვანო მერაბიშვილის ცოლი ამშობიარა. ეს ქალბატონი გადმოიყვანა და გია თვალავაძემ ლიცენზირების დეპარტამენტის უფროსად დანიშნა. ამ დროს ჯანდაცვის ადმინისტრირების აზრზე არ არის. სწორედ ამ ქალმა, ჯანდაცვის მინისტრის იმდროინდელმა მოადგილე ირაკლი გიორგობიანმა („გლობუსა“) და გია თვალავაძემ ერთობლივად დაგეგმეს საჩხერის საავადმყოფოში შემოწმებაზე ჩასვლა და მისი დაჯარიმება. მერე, როცა სერგეენკო ჯანდაცვის მინისტრად მოდიოდა, თვალავაძე კანკალებდა. თავისი კადრის გაშვებას აპირებდა, იმიტომ რომ თვალავაძეს იქ გურულების თავისი ელიტა ჰყავს, სააგენტოში ერთკაციანი სამმართველოები შეუქმნა. გურიიდან შვიდი კაცი ჩამოიყვანა _ უწყებიდან გაგდებულები ყოფილი პოლიციელები.
შპს „ადითი“ ავიღოთ, „აიჰოპის“ შვილობილი კომპანია, რომელმაც საქართველოში საინვესტიციოდ შვიდი საავადმყოფო აიღო. „ადითს“ 30 თვის განმავლობაში უნდა ჩაედო ინვესტიცია. თითი არ არის არაფერზე დაკარებული. ყველაზე მძიმე მდგომარეობაში დედოფლისწყარო და ხარაგაულის საავადმყოფოები იყო. გასაგებია, რომ ინვესტიციების შესახებ კანონის თანახმად რაღაც პერიოდი არ უნდა შეემოწმებინა, მაგრამ ამ ვადის გასვლის შემდეგ საკმაო დრო გავიდა და არც დაუჯარიმებიათ.

„ქრონიკა+“-მა ამ საკითხთან დაკავშირებით, თავის დროზე, კითხვები პირადად ჯანდაცვის მინისტრ დავით სერგეენკოს დაუსვა:
_ ბატონო დავით, ამ დღეებში პროკურატურაში სარჩელი შევა სააგენტოს მიერ უკანონოდ გაცემული ლიცენზიების თაობაზე. საუბარია გაყალბებულ დოკუმენტაციაზე და ე. წ. ლიცენზიებზე „პოსლეზე“.
_ პროკურატურას რაც შეეხება, ჩემთვის ეს საკითხი ცნობილია ლიცენზიებთან დაკავშირებით.
_ როგორია თქვენი პოზიცია ამასთან მიმართებით? არასამთავრობო ორგანიზაციის განმარტებით, მინისტრი აიგნორირებს ამ საკითხს და დღემდე არც ერთი პასუხი არ მიუღიათ თქვენი უწყებიდან…
_ კოდალასავით… ეს არის გასაოცარი სიჯიუტით ერთი და იგივე ადამიანისა თუ ადამიანთა ჯგუფისგან წამოსული მოთხოვნა კოდალასავით. იმიტომ, რომ ოცი საჩივარი შემოვიდა, ოცივეზე გაეცა პასუხი და მაინც გრძელდება, გრძელდება და კიდევ ერთხელ გრძელდება. მისი ნებაა, ამ ადამიანისა თუ ადამიანთა ჯგუფის. შეუძლია გააგრძელოს ბევრი რაოდენობით, ჩვენ თითოეულ შემთხვევას შევისწავლით და პასუხს გავცემთ.

მინისტრის ამ პასუხიდან დიდი აზრი ვერ გამოვიტანეთ, გარდა იმისა, რომ სერგეენკოს ეს პრობლემა „ეკოდალავება“. სერგეენკოს მაშინ პასუხი არ გაუცია, თუ რატომ „დაატოვებინა“ თვალავაძემ პოსტი სამედიცინო დაწესებულებების ლიცენზირების დეპარტემენტის უფროს ვანო ფოცხვერაშვილს, რომელმაც ამ უკანონო გარიგებებში მონაწილეობის მიღება არ ისურვა.
ამის შემდეგ, 2017 წელს, მოვლენები ზუსტად ისე განვითარდა, როგორი პროგნოზიც დაიდო ჩვენი გაზეთის ფურცლებზე.
კერძოდ, 2017 წლის მარტში ფინანსურმა პოლიციამ ჯანდაცვის სამინისტროს ფარმაცევტული საქმიანობის დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი დავით მაჭარაშვილი დააკავა. დავით მაჭარაშვილის უფროსი იყო რეგულირების სააგენტოს ხელმძღვანელი გია თვალავაძე. „ქრონიკა+“-მა მაშინვე დაწერა, რომ მაჭარაშვილის დაჭერა თვალავაძის სკამს ურტყამდა.
გავრცელებული ინფორმაციით (ვახდენთ ციტირებას): „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთობლივად გატარებული ღონისძიებებისა და მოწოდებული დოკუმენტური მასალის შესწავლის შედეგად, სსიპ „სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს“ ფარმაცევტული საქმიანობის დეპარტამენტის უფროსი, დავით მაჭარაშვილი დააკავა, ხოლო სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცეს ფსიქოტროპული მედიკამენტების იმპორტიორი ორი კომპანიის ხელმძღვანელი პირი“.
აი, ეს იყო ნათქვამი ოფიციალურ განცხადებაში, რაც სხვას არაფერს ნიშნავდა, თუ არა იმას, რომ ჯანდაცვის სამინისტრომ თავისივე თანამშრომელი დააჭერინა. მაშინ როგორ გავიგოთ ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად გატარებული „ღონისძიებები“? ანდა რა ერთობლივ „ღონისძიებებს“ ატარებს ჯანდაცვა ფინანსურ პოლიციასთან? და, საერთოდ, როცა ადამიანს იჭერ, ეს ღონისძიება კი არა ოპერაციაა.
„ქრონიკა+“-ის ინფორმაცით, არსებობს „დამადასტურებელი“ ვიდეო.
„საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ დავით მაჭარაშვილმა, ფსიქოტროპული და მასთან გათანაბრებული მედიკამენტების კვოტირებისა და მედიკამენტების იმპორტის რაოდენობის დადგენის პროცესში, აღნიშნულ ორ კომპანიას მიანიჭა არამართლზომიერი უპირატესობა, რის შედეგადაც ქვეყანაში მიმოქცევაში მოხვდა არსებულ საჭიროებაზე მეტი ფსიქოტროპული და მასთან გათანაბრებული მედიკამენტები“, _ ვკითხულობთ ფინანსური პოლიციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. სწორედ ამის დამადასტურებელი ვიდეოს არსებობაზეა საუბარი. როგორც შეიძლება ვივარაუდოთ, „იმპორტიორისთვის“ უპირატესობის მინიჭება სხვა არაფერს ნიშნავს, თუ არა გარიგებას. და თუ ვიდეო ჩაიწერეს, ე. ი. დაგეგმილი ოპერაცია იყო.
საქმეზე მიმდინარეობდა გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით და 25-332-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებდა თავისუფლების აღკვეთას სამ წლამდე ვადით.

რა მოხდა სინამდვილეში?
„ქრონიკა+“ მიზეზებში გარკვევას შეეცადა.
2016 წლის პირველი იანვრიდან პირველ სექტემბრამდე და 2017 წლის პირველ იანვრამდე ფსიქოტროპული მედიკამენტების იმპორტი საქართველოში 63%-ით შემცირდა, რაც, ერთი მხრივ, კონტროლის, მეორე მხრივ კი რეცეპტების შემოღების შედეგია. ეს გახლავთ „ქრონიკა+“-ის მიერ მოპოვებული სტატისტიკური მონაცემები. ამავე წლების დეტალური ანგარიში არ არსებობს, მაგრამ არსებობს 2013-14 წლების პირველი იანვრიდან პირველ სექტემბრამდე ქართული ფარმაცევტული ბაზრის კვლევა, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანი, კანონი, თავისუფლებამ“ ჩაატარა. კვლევაში მოყვანილი ციფრები ძალიან მნიშვნელოვანია.
2013 წლის პირველი იანვრიდან პირველი სექტემბრამდე იმპორტირებულია 23 517 895 ერთეული (2012 წელს 126 მლნ აბი) მზა წამლის ფორმა (2013 წლის განმავლობაში მთლიანად იმპორტირებულია 28 410 196 ერთეული), ხოლო 2014 წლის პირველი იანვრიდან პირველ სექტემბრამდე პერიოდში _ 5 800 224 ერთეული (მათ შორის, საკანონმდებლო ცვლილებამდე, მიმდინარე წლის 24 იანვრამდე _ 970 404, ხოლო 24 იანვრის შემდეგ _ 4 829 820). 2014 წლის 24 იანვრიდან 23 სექტემბრამდე პერიოდში, სპეციალური რეცეპტის (ფორმა #2) გარეშე აფთიაქებიდან გაცემულია 1 905 335 ერთეული ზემოთ მითითებული 6 ნივთიერების შემცველი სამკურნალო საშუალება.
ყოველივე ეს იმას ნიშნავდა, რომ შეინიშნებოდა ფსიქოტროპული მედიკამენტების იმპორტის მკვეთრი, 75%-იანი კლება. ეს ციფრები იმიტომ მოგვყავს, რომ ამ პროცესს მთლიანად განაგებდა და ხელმძღვანელობდა დავით მაჭარაშვილი.
ამავე დროს, „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ 2016 წლის 15 მარტს საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილების შესაბამისად, კოდეინის შემცველი ფარმაცევტული პროდუქტი ბრუნვისთვის შეზღუდული ნარკოტიკული საშუალებების სიას მიაკუთვნეს. კოდეინის შემცველი კომბინირებული პრეპარატების რეცეპტის გარეშე რეალიზება კი აფთიაქებისთვის სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას დაუქვემდებარეს.
ცვლილებები ასევე განხორციელდა „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ზოგიერთი ფსიქოაქტიური ნივთიერების შემცველი სამკურნალო საშუალებების ნუსხისა და მათი ლეგალური ბრუნვის წესების დამტკიცების შესახებ“. ჯანდაცვის მინისტრის #22-ე ბრძანებაში დამტკიცებულ ნუსხას დაემატა ექვსი ნივთიერების (ბაკლოფენი, გაბაპენტინი, დექსტრომეტორფანი, ზოპიკლონი, ზალეპლონი, ტროპიკამიდი) შემცველი სამკურნალო საშუალებები და მათზე დაწესდა ისეთივე კონტროლის რეჟიმი, როგორც ფსიქოტროპულ ნივთიერებებზე.
„სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს“ მონაცემებით, 2014 წლის პირველი იანვრიდან 23 სექტემბრამდე პერიოდში ფარმაცევტული ბაზრის ზედამხედველობისა და კონტროლის ღონისძიებების მიმართულებით გამოვლენილი სამართალდარღვევების შედეგად შედგენილია 129 ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, მათ შორის, 88 დარღვევა გამოვლინდა პირველ ჯგუფს მიკუთვნებული ფარმაცევტული პროდუქტის უკანონო მიმოქცევის ფაქტზე.
ამავე (დავით მაჭარაშვილის ხელმძღვანელობით) პერიოდში 11 აფთიაქი გაუქმდა. წინა წელს 13 აფთიაქი გაუქმდა და 2015 წელს 12 აფთიაქი დაიხურა.
„პირველ ჯგუფზე თუ ვისაუბრებთ, გასულ წელთან შედარებით, ასეთი მაჩვენებელი გვაქვს: 2015 წელს ურეცეპტოდ გაცემულია 6 მლნ. 400 ათასი აბი, ხოლო წელს _ 5 მლნ. 400 ათასი ერთეული. სხვაობა, დაახლოებით, ერთი მილიონი აბია. „ჩვენ არ დავუშვებთ „შავი ბაზრის“ გაჩენის პრეცედენტს, თუმცა თუკი ეს იშვიათი შემთხვევა დადგება, დამერწმუნეთ, რომ რეაგირება სწრაფი, დაუყოვნებლივი და ეფექტიანი იქნება“, _ ეს არის ამონარიდი დავით მაჭარაშვილის ინტერვიუდან, რომელიც მან დაჭერამდე რამდენიმე ხნით ადრე მისცა.
დავდოთ პროგნოზი? უბრალოდ, კითხვას დავსვამთ, _ ვისი ჯერია შემდეგში, დავით სერგეენკოსი?

თამარ როსტიაშვილი