ხმაურიანი დაჭერები იქნება?!

სისხლის სამართლის საქმის ცხრა ტომი, მათ შორის, ერთი ჩემ მიერ გამოქვეყნებული მასალები, _ ასე შეფასდა სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილის, სოსო გოგაშვილის პოსტზე ყოფნის დრო.
ერთია ის სკანდალები, რომელშიც გოგაშვილი ბოლო წლებში გახვეულია, მეორეა ის ზიანი, რომელიც მისი ქმედებების გამო ქვეყანას მიადგა.

გოგაშვილის ყველაზე მძიმე მემკვიდრეობა ის ტერორისტული სკანდალია, რომელიც საქართველოში ახმედ ჩატაევის ჩამოყვანასა და მის ლიკვიდაციას უკავშირდება. მიუხედავად მრავალფეროვანი ვერსიებისა, დღეს აღარავინ დაობს, რომ ტერორისტების ჯგუფი საქართველოში სწორედ სუს-მა შემოიყვანა და გამოსაზამთრებლად თბილისში დააბინავა, მოგვიანებით კი, როცა მათი ყოფნა გახმაურდა, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ანტიტერორისტული ოპერაციის ჩატარება თავად სუს-მა დაიწყო, რომლის ამოცანაც ახმედ ჩატაევის კვალის მოსპობა იყო. გოგაშვილი რომ სუს-ში „სკარაბლია ნა ბალ“ არ მოხვედრილიყო, მას აუცილებლად ასწავლიდნენ იმას, რომ პირის სრული ლიკვიდაციისა და გვამის განადგურების შემთხვევაშიც კი დნმ-ის ანალიზი პიროვნების დადგენისა და იდენტიფიკაციის საშუალებას იძლევა, მით უფრო მაშინ, როცა ახმედ ჩატაევი 2012 წელს ქართულ ციხეში იჯდა და მისი დნმ-ის მონაცემები საერთო ბაზაში დაცულია.
სალოსის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაცია მსხვერპლით დასრულდა, დაიღუპა სპეცდანიშნულების რაზმის წევრი ვანო გოლოშვილი და მოხდა სამი ტერორისტის ლიკვიდაცია.
ცხადია, ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებს ლეგიტიმური კითხვები დაებადათ, საიდან გაჩნდა საქართველოში შავ სიაში შეტანილი ტერორისტების ჯგუფი? ვინ შემოიყვანა ისინი? ვინ აღჭურვა იარაღით? სწორედ ტერორისტული ჯგუფების ვერსიის გასამტკიცებლად დაიწყო ახალი საქმის შეკერვა და პანკისის ხეობაში დაიგეგმა სპეცოპერაცია, რომელსაც 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის ლიკვიდაცია მოყვა. ის საკუთარ სახლში ჩაცხრილეს,
ამ ტრაგედიამ არა მხოლოდ პანკისის ხეობა, არამედ მთელი საქართველო შეძრა. თემირლან მაჩალიკაშვილის ტერორისტებთან კავშირის დასტურად, სუს-მა, ოფიციალური ვერსიის გარდა, რომელიც სადგურის მოედანზე გადაღებულ რამდენიმე ფირზე იყო აგებული, არაოფიციალური, ჭორების გავრცელების დიდი მანქანა აამოქმედა.
ტრაგედიიდან ცხრა თვის თავზე არავინ იცის, თემირლან მაჩალიკაშვილის მკვლელობის საქმეზე გამოძიება დაიწყო თუ არა, სამაგიეროდ, უკვე დასრულებულ სისხლის სამართლის საქმეზე, ტერორიზმის ხელშეწყობის ბრალდებით, მოწმის სტატუსით თემირლან მაჩალიკაშვილის მამა დაჰყავთ.
ჭორები, შავი პიარი, შვილმოკლულ მამებზე ბინძური ცილისწამების გავრცელება სუს-ის ყოველდღიურობად გადაიქცა.
ამ საქმისთვის გოგაშვილი ძველ აგენტურას, ე. წ. ადვოკატ ირაკლი ზაქარეიშვილს, ნინო ჯღარკავას, ჰაიდე კიკნაძეს, უამრავ ყალბ პროფილსა და ნუგზარ ფოფხაძის სააგენტო „რეპორტიორს“ იყენებდა, მაგრამ ამ ყველაფრის მიუხედავად, საბოლოო მიზანს ვერ მიაღწიეს _ საზოგადოებას შვილმოკლული მამები ვერ შეაძულეს.
სამაგიეროდ, სოსო გოგაშვილს, სტრასბურგში ჩაშლილი ვიზიტის მერე, თანამდებობიდან გადადგომა მოუწია, არაოფიციალურად კი, „ქრონიკა+“-ის წყაროს ინფორმაციით, სულ სხვა მიზეზები დასახელდა. ჩვენი წყარო ამბობს, რომ ისლამური სახელმწიფოს ლიდერებმა რამდენიმე წლის წინ ერაყის ბანკებიდან 400 მილიონ დოლარზე მეტი გაიტანეს და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ამ ფულის გათეთრება დაიწყეს. მათ შორის, ხუთი მილიონი დოლარი პირადად სოსო გოგაშვილის ხელში მოხვდა და პეკინის ქუჩაზე მდებარე სავალუტო ჯიხურებში დახურდავდა. იგივე წყარო ამბობს, რომ მან ყველა სხვა დანარჩენი პირი გადააგდო, მისი უშუალო უფროსის, გომელაურის გარემოცვის გარდა.
ბოლო ერთი თვის განმავლობაში სუს-ს ამერიკიდან საგანგებოდ მოვლენილი პირი რამდენჯერმე სტუმრობდა. პირველ სტუმრობას გოგაშვილის გაგდება მოყვა, მეორე ვიზიტის შედეგები კი, სავარაუდოდ, მოგვიანებით გახდება ცნობილი. ჩვენი წყაროს ინფორმაციით, ამერიკულმა მხარემ აუცილებლად უნდა დაკითხოს ვახტანგ გომელაურის კურსელი ნიკა შარაძე და ყველა ის პირი, ვინც არაბების მიმართულებაზე მუშაობდა. სხვათა შორის, ეს ის ნიკა შარაძეა, რომელიც მუხროვანის ბაზაზე გადაღებულ გახმაურებულ ვიდეოზე, სადაც ვანო მერაბიშვილი ორ გვამს ითხოვს, მერაბიშვილის გვერდით დგას და ყველა ლოგიკით, ასევე მერაბიშვილის გვერდით უნდა იჯდეს მატროსოვზე, მაგრამ ამჟამინდელი მდგომარეობით სუს-ის ერთ-ერთი მაღალჩინოსანია. ასევე უნდა დაიკითხოს ვახტანგ გომელაურის მძღოლი, რომელმაც მეტისმეტად ბევრი იცის მისი უფროსის კორუფციულ გარიგებებზე და დადასტურებული ინფორმაციით, სუს-ში ხალხსაც კი ნიშნავდა.
ერაყული ფულის სკანდალი ერთადერთი საქმე არაა, რომელშიც სუს-ის მოქმედი და ყოფილი მაღალჩინოსნები ფიგურირებენ. არაერთი ფაქტი ადასტურებს, რომ უსაფრთხოების სახელმწიფო სამსახური აღებ-მიცემობის დაწესებულებად გადაიქცა, იმ დონემდეც კი, რომ სუს-ის უფროსის მოადგილე ალეკო ტაბატაძესთან ფინანსურ საკითხებს ქუთაისში ცნობილი ნარკორეალიზატორი, კახა აბზიანიძე, მეტსახელად „ჟოროვიჩი“ ალაგებს „სვეტის“ დამფუძნებელ გივი ჯიბლაძესთან ერთად და როგორც თავად აცხადებენ, დალაგების სანაცვლოდ სოლიდურ წილსაც სთავაზობენ ბიზნესში. ტაბატაძე ერთადერთი პირი არაა, რომელიც ამ უწყებიდან „სვეტის“ „კრიშად“ დასახელდა. გავრცელებული ინფორმაციით, ფინანსურ პოლიციაში გივი ჯიბლაძის წინააღმდეგ გამოძიება უკვე დასრულებულია, მაგრამ მისი დაკავება სწორედ სუს-იდან განხორციელებული ზარების შემდეგ გადაიდო („ქრონიკა+“ ამ საქმის დეტალებზე უკვე მუშაობს და სკანდალურ მასალას, აუდიო ჩანაწერებთან ერთად, უახლოეს ნომერში შემოგთავაზებთ).
„ქრონიკა+“-ის წყაროს ინფორმაციით, კახა აბზიანიძე მხოლოდ „სვეტის“ ფინანსური თემების დასალაგებლად არ დადის სუს-ში, ის ქუთაისის ყოფილი მერის, შოთა მურღულიას წინააღმდეგ ჩვენების მიცემას აპირებს, მაგრამ ჩვენების სანაცვლოდ რამდენიმე ტენდერის მოგებას ითხოვს. შედგება თუ არა ეს გარიგება და მისცემს თუ არა კახა აბზიანიძე ჩვენებას შოთა მურღულიას წინააღმდეგ, უახლოეს მომავალში გამოჩნდება.
როგორც რიგითი თანამშრომლები ამბობენ, ასეთი ქაოსი ამ უწყებაში არასოდეს ყოფილა. ვახტანგ გომელაური, რეალურად, თანამდებობიდან წასულია და სუს-ში გამალებული ბრძოლაა გამართული უფროსის სავარძლისთვის. საქმის გამკეთებელი და საკითხის გადამწყვეტი პირი კი არც არავინაა.
კორუფციული სკანდალების მთელი სერია, რომელიც ბოლო კვირის განმავლობაში „იბერიის“ მფლობელ ზაზა ოქუაშვილის სახელს უკავშირდება, მკაფიოდ აჩენს იმას, რომ სახელისუფლებო ვერტიკალი რეალურად კორუფციის ჭაობშია: ბიზნესწილების განაწილება, ქეშად გადახდილი კონტრიბუცია, გადასაფორმებელი და ფეშქაშად მისართმევი მანქანები, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა ყოფილი მინისტრი ლევან ყიფიანი, ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილი უჩა მამაცაშვილი, ვიცე-პრემიერი დიმიტრი ქუმსიშვილი, ყოფილი ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური, ბიზნესმენი ვანო ჩხარტიშვილი, _ ეს იმ ადამიანების არასრული ნუსხაა, რომლებიც ამ დროისთვის „იბერიის“ გარშემო დაწყებულ სკანდალში ფიგურირებენ.
„ქრონიკა+“-ის წყაროს ინფორმაციით, სია გრძელია და წინ გაცილებით დიდი სკანდალი და ვიდეომასალების გამოქვეყნებაც იგეგმება. იგივე წყარო ამბობს, რომ სუს-ში სწორედ სკანდალის კულმინაციას ელოდებიან და ამის შემდეგ ხმაურიანი დაჭერები დაიწყება. დაიჭერენ ლევან ყიფიანსა და, მასთან ერთად, ფინანსურ მაქინაციებში გარეულ რამდენიმე პირს, ერთი მათგანი ყოფილი ვიცე-პრემიერი დიმიტრი ქუმსიშვილი შეიძლება იყოს. ასევე დააკავებენ სამეგრელოს ყოფილ გუბერნატორ ლევან შონიას, ზუგდიდის ყოფილ მერ ლაშა გოგიას და ვიცე-მერ გია გულორდავას, რომელიც ყველაზე ხშირად ახსენებდა ბიძინა ივანიშვილის სახელს, თუმცა ჩვენი წყარო არ გამორიცხავს, რომ ეს მხოლოდ მათ საბოლოოდ შესაშინებლად გავრცელებული ხმები იყოს და რეალურად არავისაც არ დაიჭერენ, ყველაფერი „ჰეფი ენდით“ დასრულდება, როგორც ეს ირაკლი ღარიბაშვილის გარემოცვის შემთხვევაში მოხდა, _ მის გარემოცვას მოპარული ფულის ნაწილი დააბრუნებინეს, ნაწილი კი იმ პირობით დაუტოვეს, რომ პოლიტიკისკენ არ გაიხედავდნენ.
თუმცა თანამდებობიდან გადადგომის მერე გოგაშვილი ასე მარტივად დანებებას არც აპირებდა. ის ტელევიზიის ყიდვასა და ამუშავებას გეგმავდა, _ მედია დიდი იარაღი ყოფილაო, მერე იქნებ სადმე დეპუტატად შევძვრეო… მაგრამ გოგაშვილის ოცნებებს ფრთები მალევე შეეკვეცა, მას არა მარტო ტელევიზიის დაფუძნება აუკრძალეს, არამედ ზღვის სანაპიროზე მეგობარ მამაკაცებთან ერთად უცნაური გართობის ვიდეოფრაგმენტი გამოუქვეყნეს, რითაც მკაფიოდ მიანიშნეს, რომ თუ ერთ ადგილს არ გააჩერებს, ბევრად საინტერესო მასალებიც გამოჩნდება, მათ შორის, კიევის საროსკიპოებში გადაღებული პიკანტური ვიდეოჩანაწერები, რომელიც რუსული „ფსბს“ ხელშიცაა.
საპრეზიდენტო არჩევნების წინ „ქართულ ოცნებას“ უკიდურესად არასახარბიელო ფონი აქვს. სწორედ ამის გამო მმართველმა პარტიამ საკუთარი კანდიდატი არ დაასახელა და „დამოუკიდებელ“ კანდიდატ სალომე ზურაბიშვილს დაუჭირა მხარი. ზურაბიშვილი იმდენად სკანდალური და ოდიოზური აღმოჩნდა, რომ დღე არ გავა, ახალ-ახალი სკანდალი არ აიკიდოს და ნაღმებზე არ აფეთქდეს. მან მოახერხა და საკუთარი დაუდევარი განცხადებების გამო ქართული ეკლესია სრულად დაიპირისპირა, ბოლოს კი გაბედა ის, რაც მმართველი გუნდის ვერც ერთმა წევრმა ვერ იკისრა _ კანაფის კულტივაციის პროპაგანდისტის ფუნქციაც შეითავსა.
ბოლო მონაცემებით, სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურა დაწუნებულია, ამის შესახებ მმართველი პარტიის დეპუტატებმა ჯერ არაფერი იციან, კულუარებში კი სულ უფრო ხშირად ლაპარაკობენ იმაზე, რომ სასწორის პინა „ევროპული საქართველოს“ ლიდერისკენ გადაიხრება, _ დავით ბაქრაძე „ქართული ოცნებისთვის“ საშიში ფიგურა სულაც არაა, გრიგოლ ვაშაძისგან განსხვავებით, რომელიც გაპრეზიდენტებისთანავე მიხეილ სააკაშვილს მოქალაქეობას დაუბრუნებს, შეიწყალებს და მას საქართველოში დაბრუნების საშუალებას მისცემს.
ხელისუფლებისთვის ისევ გადაუწყვეტელ პრობლემად რჩება შვილმოკლული მამების პროტესტი. იმის მიუხედავად, რომ რუსთაველზე, წინა აქციებისგან განსხვავებით, ხალხმრავლობა არაა, პარლამენტის წინ მდებარე მოედანზე ტურისტები დადიან და ინტენსიურად ეცნობიან პროტესტის მთავარ მესიჯებს. მართალია, პატრიარქის თხოვნით ზაზა სარალიძემ შიმშილობა შეწყვიტა, მაგრამ პროტესტს აგრძელებს. უკან დახევას არ აპირებს არც მალხაზ მაჩალიკაშვილი, რომელიც მეორე კვირაა, რუსთაველის გამზირზე ათევს ღამეს. ხელისუფლების მოლოდინის მიუხედავად, შვილმოკლული მამები კარვების, საძილე ლეიბებისა და თბილი პლედების გარეშე სხედან პარლამენტის წინ კიბეებზე. მალხაზ მაჩალიკაშვილმა ეს ტერიტორია მხოლოდ ერთი დღით, 22 სექტემბერს მას შემდეგ დატოვა, რაც ოფიციალური ინფორმაცია გავრცელდა იმის შესახებ, რომ ხელისუფლება პანკისის ხეობაში სახალხო ზეიმს, „პანკისობა 2018“-ის გამართვას აპირებდა.
ღონისძიება, თავდაპირველად, სოფელ დუისის შესასვლელში, პოლიციის უკან მდებარე სტადიონზე იყო დაგეგმილი, მაგრამ ყველასთვის მოულოდნელად, დაბალგორაზე, იმ სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე გადაიტანეს, სადაც თემირლან მაჩალიკაშვილი ასვენია.
ფაქტი იყო, რომ ვიღაცამ ძალიან მოინდომა და გეგმაზომიერი, გარდაუვალი პროვოკაცია დაგეგმა, რომელიც მალხაზ მაჩალიკაშვილის დაკავებით დასრულდებოდა.
„ქრონიკა+“-ის წყაროს ინფორმაციით, წინა საღამოს ყველა გვარის წინამძღოლმა პანკისის მოსახლეობა გააფრთხილა, რომ საზეიმო ღონისძიებებში მონაწილეობა არ მიეღოთ, „პანისობა 2018“-ში მონაწილეობაზე უარი განაცხადა ფოლკლორულმა ანსამბლებმა და მოცეკვავეთა ჯგუფმა, ვაინახური სამზარეულოს დეგუსტაციაზე ასევე უარი განაცხადეს „ჩემი სამზარეულოს წესების“ გამარჯვებულებმა, ქალებმა და ბავშვებმა კი ცოცხალი ჯაჭვი გააკეთეს, რომ სტადიონის ტერიტორიაზე სამთავრობო მანქანები არ შეეშვათ. ახმეტის გამგებლის მოადგილე ზაზა მიგრიაულის ცოლისძმამ ბავშვებს მიკროავტობუსი დააჯახა. ახმეტის გამგებლის მოადგილეს სწორედ დუისის პოლიციის განყოფილებასთან შევხვდით. მან გვითხრა, რომ სახალხო დღესასწაული ადგილობრივი ქისტების თხოვნით იმართებოდა, თუმცა კონკრეტული გვარების დასახელებისგან თავი შეიკავა. მანვე გვითხრა, რომ მისი ცოლისძმა ზეიმის ჩაშლის მოტივით სცემეს, თუმცა მიკროავტობუსის დაჯახებაზე არაფერი უთქვამს. ზაზა მიგრიაული დაგვპირდა, რომ ნაცემ ცოლისძმას აუცილებლად გვანახებდა და მასთან გასაუბრების საშუალებასაც მოგვცემდა, მაგრამ დაპირების მიუხედავად, გამგებლის მოადგილემ ეს პირობა არ შეასრულა.
საბოლოოდ, სწორედ ქისტების გონიერებისა და მალხაზ მაჩალიკაშვილის კარგად გააზრებული ქმედებების მერე სახალხო ზეიმი ისე ჩაიშალა, რომ მთავრობას პანკისის ხეობიდან გაქცევა მოუხდა, დუისის მოსახლეობა უხუცესებთან ერთად კი სწორედ მალხაზ მაჩალიკაშვილის მხარდასაჭერ აქციაზე შეიკრიბა. ხეობის მოსახლეობამ კიდევ ერთხელ მოითხოვა თემირლან მაჩალიკაშვილის მკვლელების დასჯა.

ელისო კილაძე