ნიკა რურუა: “სახელმწიფოს იმდენი აქვს ევოლუციურად გასავლელი, რომ ასე უცებ ლეგალიზაცია უკიდურესად საშიშია”

დღეს უკვე გასაგები ხდება, რატომ იძენდა ასე სულმოუთქმელად და თითო ლარად და კაპიკებად ივანიშვილი მიწებს საქართველოს სხვადასხვა რაიონში და ისიც, რეალურად რა ამოძრავებდა მრავალნაირ პროცესებს ნარკოტიკების თემაზე. გასაგები ხდება საკონსტიტუციო სასამართლოს „პროგრესულობის“ მიზეზებიც და ბერას ნარეპის ქვეტექსტებიც. თურმე, ყველა ეს პროცესი, ცალ-ცალკე აღებული მისაღებიც და მიუღებელიც, ჟურნალი ყოფილა იმ ჰიჩკოკის, რომელსაც ოლიგარქი უმზადებს საქართველოს.

ავღანეთიზაციის საფრთხეზე „ქრონიკა+“-ს ესაუბრება „ნაციონალური“ მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა რურუა.

ნიკა რურუა: საქართველოში, წინა ხელისუფლებების პირობებშიც და ახლაც ნარკოპოლიტიკა იყო ცუდი და დრაკონული, მომხმარებელს ებრძოდნენ რეპრესიული და არა რეაბილიტაციური მეთოდებით. ამდენად, დეკრიმინალიზაცია კარგია და მისასალმებელია, მაგრამ დეკრიმინალიზაციიდან ლეგალიზაციამდე სახელმწიფოს იმდენი აქვს ევოლუციურად გასავლელი, რომ ასე უცებ ლეგალიზაცია უკიდურესად საშიშია და ამიტომ მე ლეგალიზაციას არ ვემხრობი. მიმაჩნია, რომ დღეს, ივანიშვილის საქართველოში, ეს იქნება მხოლოდ ამ კაცისთვის და მასთან დაახლოებული ხალხისთვის გაკეთებული. გამდიდრდება მხოლოდ ოლიგარქი და მისი რამდენიმე კლანი. მხოლოდ ივანიშვილი და მისი კლანები რომ მდიდრდებოდნენ, ამაში ახალი არც არაფერი იქნებოდა, ეს ახლაც ხდება მარიხუანას მოშენების გარეშე, მაგრამ ამ მარიხუანას მოშენება ბევრ გრძელვადიან, სერიოზულ საფრთხეს შეიცავს ჩვენი ქვეყნისთვის. ხალხი, ვინც ამაში ჩაებმება ლეგალურად, შემდეგ ამ პროდუქტის გასაღების გზებს რომ გაიგებს, ამას უკვე არალეგალურადაც ძალიან მარტივად გააკეთებს. დამიჯერეთ, ძალიან პირობითია ზღვარი ამ ყველაფრის ლეგალურად და არალეგალურად კეთებას შორის. გარდა ამისა, ეს საფრთხეს შეუქმნის ახალგაზრდების დიდ ნაწილს.
_ რა თვალსაზრისით?
_ იმ თვალსაზრისით, რომ მოხდება მასობრივი დემოტივაცია ახალგაზრდებში. ახალგაზრდების გარკვეული ნაწილი სერიოზული პროფესიების შესწავლის ნაცვლად, აირჩევს ჩქარი გამდიდრების ძალიან სათუო გზას _ ნარკოტრეფიკში ჩაბმას, რომელიც რაღაც მომენტის მერე აუცილებლად არალეგალურ ტრეფიკადაც გადაიქცევა. ეს ახალგაზრდები შექმნიან ნარკო-დილერების დაჯგუფებების მაგვარ გაერთიანებებს და დაიწყებენ ერთმანეთისგან იარაღით თავდაცვას და თავდასხმას. ანუ შეიქმნება ახალი ტიპის ორგანიზებული დანაშაულის ფორმა _ ნარკოკარტელები. ძალიან სერიოზული საფრთხეა ეს საფრთხე _ შეიარაღებული ნარკოკარტელების შექმნა. ასევე ჩნდება მოტივაცია და სერიოზული რისკი, რომ საქართველოს მოქალაქეები ჩაერთვებიან ნარკოტრეფიკში იმ ქვეყნების მოსამარაგებლად, სადაც ნარკოტიკები აკრძალულია. და რაც მთავარია, იქმნება რეალური საფრთხე, რომ რუსეთს მიეცეს საქართველოს დადანაშაულებისა და აქ „ანტინარკოტიკული რეიდების“ ჩატარების საბაბი. ადგება და ძალიან მარტივად დაგვადანაშაულებს, რომ რუსეთის ტერიტორიაზე სწორედ საქართველოდან შეედინება რაღაც ნარკოტიკები. რუსეთის პროპაგანდისტული მანქანა არ გამოარჩევს, მარიხუანაა ეს თუ ყაყაჩო, შეიძლება საერთოდ დაგვაბრალოს, რომ არა მხოლოდ მარიხუანა, ყაყაჩო და კოკაინიც შედის აქედან და დაიწყოს „ანტინარკოტიკული“ სამხედრო რეიდები საქართველოს ტერიტორიაზე. რეალურად საქართველოზე თავდასხმის უფლებასა და საბაბს ვაძლევთ და თან ამას ძალიან მარტივადაც „გააპრავებენ“, მაგალითებს მოიყვანენ საერთაშორისო პრაქტიკიდან: თუ როგორ ებრძოდა აშშ ნორიეგას პანამაში, როგორ შეიჭრა პანამაში აშშ და როგორ მოუღო ბოლო მის მმართველობას, ან როგორ ებრძოდნენ კოლუმბიაში ესკობარს. იტყვის, რატომ არ შემიძლია მე ეს გავაკეთო საქართველოში? _ ჩემი მეზობელია და იქიდან ნარკოტიკები შემოდის. მოკლედ, ბევრი რისკია და ამის ასე ნაჩქარევად გაკეთება ძალიან საშიშია, ვიმეორებ: ეს არის საფრთხეები, რომელიც ძალიან რეალურია. არ მჯერა, რომ ამ პროცესის ადმინისტრირება უსაფრთხოდ შეუძლია დღევანდელ სახელმწიფოს.
იქმნება საფრთხე, რომ ნარკომოხმარების მასობრივად „ნორმალიზება“ ახალგაზრდობაში, რასაც მოყვება ნარკოდამოკიდებულება, განსაკუთრებით ახლა, როცა მაღალია უმუშევრობა, სოციალური აპათია და საზოგადოებრივი ფრაგმენტაცია. საქართველო, ამ მავნებლური ინიციატივის განხორციელების შემთხვევაში, ვეღარ შეძლებს ვერც ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად სრულფასოვან ბრძოლას და ვერც ევროატლანტიკურ ინტეგრაციას.
ამის გარდა, მართალი გითხრათ, მორალურადაც არასწორია ნარკოტიკებით ფულის შოვნა სახელმწიფოს მხრიდან. სახელმწიფო ნარკობიზნესში არ უნდა ჩაერიოს, იმიტომ რომ ის კარგავს წესიერების იმიჯს. გასაგებია, რომ დღეს მას ეს იმიჯი არ აქვს, მაგრამ იდეაში ხომ უნდა ჰქონდეს? სახელმწიფოს მაგალითი გადამდებია და მოქალაქეებისთვის ეს იქნება ძალიან ცუდი მაგალითის მიმცემი.
ეს არის ერთმნიშვნელოვნად ცუდი ინიციატივა და იმედი მაქვს, რომ ყველა ერთად შევეწინააღმდეგებით და არ დავუშვებთ საქართველოს კარტელიზაციას და ჩაბმას საშიშ ნარკოტრეფიკში. „ქართული ოცნება“ ისეა დარაზმული ამ მავნე იდეის „გასაპრავებლად“, რომ ფაქტია, ეს ივანიშვილისთვის კეთდება.
_ საუბარია იმაზე, რომ მოხდება მარიხუანას კონტროლი, იქმნება სპეციალური სააგენტო, გაიცემა ლიცენზიები პლანტაციების გაშენებაზე. როგორ ფიქრობთ, ეს ლიცენზიები მხოლოდ ივანიშვილზე და მის გარემოცვაზე გაიცემა თუ სხვებისთვისაც იქნება ხელმისაწვდომი?
_ პირველ რიგში, ეგ ლიცენზირება აუცილებლად მოიტანს კორუფციას, ვისაც პლანტაციის გაშენება ენდომება, ყველაფერს იზამს და ყველანაირ ქრთამს გადაიხდის, რომ ეს ლიცენზია მოიპოვოს. აღდგება ე. წ. კრიშების ინსტიტუტი, პოლიციელებისა და სხვა მაღალჩინოსნების ჩართვით. მოკლედ, დაბრუნდება სერიოზული კორუფცია, თან ძალიან საზიზღარი კორუფცია. ცხადია, არანაირი კორუფცია კარგი არაა და არც არსებობს კარგი კორუფცია, მაგრამ ნარკოტიკული კორუფცია უძლიერესი და უსაზიზღრესია, იმიტომ რომ დიდ ფულთანაა საქმე. ამის გარდა, ვინ იხეირებს ამ ლიცენზირებით? _ ის, ვისაც ყველაზე დიდი მიწები აქვს და ყველაზე დიდი ფული აქვს. ასეთი კაცი ერთია ქვეყანაში, ხომ? ამიტომ, ვიმეორებ, ეს ყველაფერი ხდება არა ქვეყნის ეკონომიკისთვის, არამედ ივანიშვილის სიხარბის გამო. მოვუწოდებ მას, რომ ნურც ქვეყანას გარევს ამ შარში და ნურც _ თავის თავს. ეს რომ კარგი იდეა იყოს, ამას სხვა ქვეყნებიც გააკეთებდნენ.
_ სწორედ საერთაშორისო მაგალითებს იშველიებენ და ამბობენ, რომ ყველგან ასეა და არსად არანაირ საფრთხეს არ ქმნის და ა. შ.
_ ეგ ყველაფერი მაგათი მოგონილი უსინდისო ტყუილია! ეს არ არის იმ დონეზე არსად, როგორც ახლა ჩვენ გვაწვდიან. იტყუებიან, როდესაც ამბობენ, რომ ეს ყველგან ხდება. არ ხდება ეს არც ისრაელში, არც ამერიკის შეერთებულ შტატებში. აშშ-ში ეს არის მხოლოდ სააფთიაქო დონეზე, ისიც 31 შტატში. ფედერალურ დონეზე, ანუ მთლიანი ამერიკის დონეზე მარიხუანას ლეგალიზაცია არ მომხდარა, ეს არის ტყუილი. ისრაელშიც არ მომხდარა. ისრაელში ფარმაკოლოგიური კორპორაციების ხელმძღვანელები ჩავიდნენ და ისრაელს 20 მილიარდის ინვესტიციას შეჰპირდნენ იმაში, რომ ისრაელში დაეწყოთ მარიხუანას მასობრივი მოყვანა და ისრაელმა ისინი უარით გამოისტურმა, იმიტომ რომ…
_ იმიტომ რომ მათ აქვთ სახელმნწიფოებრივი თავმოყვარეობა.
_ მარტო თავმოყვარეობა კი არა, ეს საფრთხეა, საფრთხე! საზოგადოების, მთელი ხელისუფლების კორუმპირებულობის საფრთხე. როდესაც ამდენი პრობლემა გვაქვს: ოკუპაცია, მორღვეულია საზღვრები, ეკონომიკური სიდუხჭირე, სიღატაკე, გვაქვს მიგრაცია, ეს ყველაფერი მხოლოდ და მხოლოდ გაამარგინალებს ქვეყანას, ხოლო ხალხს არ დაეხმარება. ვამტკიცებთ, რომ ვაზის, ღვინის აკვანი ვართ მსოფლიოში და ამ ნიშის დაკავების ნაცვლად რაღაც ექსტრავაგანტულ სისულელეებს ვეპოტინებით? არ შეიძლება და არც უნდა გახდეს საქართველო მარიხუანას მასობრივი მწარმოებელი! საშიშია, საფრთხეებს შეიცავს და მხოლოდ დავზიანდებით, ვერ ვიხეირებთ. ქვეყანას არ აქვს:
თანამედროვე სტანდარტების სკოლები, ეფექტიანი განათლების სისტემა, მსოფლიო დონის მაღალრეიტინგიანი უნივერსიტეტები, ხარისხიანი საავადმყოფოები, თანამედროვე ბიბლიოთეკები, წიგნის მაღაზიები, სპორტული ინფრასტრუქტურა, არ აქვს თანამედროვე საწარმოები, არ აქვს მაღალი ტექნოლოგიები, არ აქვს კანონის უზენაესობა, არ ჰყავს ანგარიშვალდებულებით შებოჭილი ხელისუფლება, რომელიც ამომრჩევლის მაგიერ უმდიდრეს ოლიგარქთანაა პირადად მიბმულ-გადაბმული და რა დროს ნარკოპლანტაციებია?! მართლა სულ უნდა დაგვადებილოს ამ წყეულმა?!
_ ახლა თქვენ აშშ-ის, ისრაელის მაგალითი მოიყვანეთ, სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნეთ, სადაც წერდით, რომ არც ჰოლანდიაში არაა ისე საქმე, როგორც ეს ხელისუფლება გვასაღებს. რომ არც იქაა ამ დონეზე ლეგალიზებული.
_ რა თქმა უნდა, ჰოლანდიაშიც კი ეს არ არის მთლიანად ლეგალიზებული კანონის დონეზე. ჰოლანდიაში მარიხუანას მოხმარება კანონით არაა ნებადართული, მაგრამ დაშვებულია ე. წ. ლიცენზირებულ „კოფიშოფებში“. სამედიცინო მიზნებისთვის 5 გრამამდე მარიხუანას მფლობელობა დეკრიმინალიზებულია. კულტივაციაც მხოლოდ ხუთი ძირის ლიმიტითაა დეკრიმინალიზებული, მაგრამ პოლიციას უფლება აქვს ამ ძირების განადგურების. ნაქირევებ სახლში მარიხუანას გაზრდისთვის (თუნდაც 1 ძირი მარიხუანას ბუჩქისთვის) შესაძლებელია მცხოვრებლის გასახლება ან ქირის ხელშეკრულების გაუქმება.
_ გარდა ამისა, იმ ლიცენზირებულ „კოფიშოპებში“ ძირითადად ჩასული ტურისტები დადიან და არა ადგილობრივი ახალგაზრდობა.
_ დიახ, ძალიან იშვიათად შედიან ამსტერდამელები და ახალგაზრობა მარიხუანას არ მოიხმარს. ახალგაზრდა ასაკიდან მარიხუანას მოხმარება მძიმე ფსიქიკურ პრობლემებს იწვევს, ეს ნამდვილად ასეა. 20 წლამდე მოხმარება უბრალოდ ძალიან ცუდია, ნევროზებს, დეპრესიებს, ზოგ შემთხვევაში, მომხმარებლების 10%-ში შიზოფრენიას იწვევს. ეს დამტკიცებული არის მსოფლიო ფსიქიატრიული ასოციაციის მიერ, შეგიძლიათ შეხვიდეთ მათ ვებგვერდზე და ნახოთ და ამიტომ ბატონი კაკი ზოიძე და მისნაირი პერსონაჟები როცა გამოდიან და ამბობენ, რომ ეს ყველაფერი უსაფრთხოა, ცრუობენ, უსინდისოდ ცრუობენ.
_ ბატონო ნიკა, იგივენაირად ცრუობენ ე. წ. ლიბერტანიანელებიც და „ნაცმოძრაობიდან“ გამოყოფილი პარტიების იდეოლოგები, რომ ეს სასარგებლოა, ხან კონტროლს კარგავენ და იწყებენ, რომ არაყი არანაკლებ მავნეა და ა. შ.
_ არსებობს პიროვნული ავტონომია, რომელში ჩარევის უფლებაც არავის აქვს, ზრდასრული, სრულწლოვანი ადამიანი უნდა მარიხუანას მოწევს, უნდა არაყს დალევს. ამაზე არაა საუბარი! საუბარია იმაზე, რომ სისტემატურად, განსაკუთრებით ახალგაზრდა ასაკში, 20 წლამდე, მისი მოხმარება, ვიმეორებ, იწვევს მძიმე ფსიქიკურ პრობლემებს, ნევროზებს, ფსიქოზებსა და მძიმე შემთხვევებში, 10%-ში, 20 წლამდე ასაკის მომხმარებლებში შიზოფრენიას. მე კი არ ვიგონებ ამას, ეს ასეა, მე ვიმეორებ სხვადასხვა სერიოზული კვლევითი ცენტრებისა და ფსიქიატრების აზრს, არ არის ეს ნამდვილად სასარგებლო, მაგრამ ადამიანს თუ უნდა ასე რეკრეაცია, ეს უნდა შეეძლოს. ეს თავისუფლების რეაღაცნაირი ნაწილია, აკრძალვა ამას არ შველის. მეორე მხრივ, მიუღებელია უკიდურესობაში გადავარდნა _ ამის წახალისება და იმის ძახილი, რომ ეს მაგარი რაღაცაა და მოდი, ყველამ მოვწიოთ. ის, რომ ეს არის ჯანმრთელობის სიმბოლო და კარგი, არის ტყუილი. ამის გარდა, თუ პირი სისტემატურად მოიხმარს, 20 წლის ზემოთაც ცუდ შედეგამდე მიდის. ამას წინათ ჩემი მეგობარი გურიაში ქორწილში იყო და ის მიყვებოდა: მასპინძელს ჯიხეთიდან ჩაუტანია 200 ლიტრი საუკეთესო ღვინო, მაგრამ სულ 60 ლიტრი დაულევიათ მთელ ქორწილში. მიზეზი რომ ვიკითხე, მითხრა, დანარჩენი ყველა ეწეოდა სუფრაზე მარიხუანასო. ანუ სიმახინჯესთან გვაქვს საქმე, მოხმარებასაც ზომა და წონა უნდა, დღეში რომ ხუთჯერ მოწევს მარიხუანას ადამიანი, ის გამოთაყვანდება. სისტემატურად თუ ამას გააკეთებს, პერმანენტულად გამოთაყვანდება. ამიტომ ამის ასე ხელაღებით მიშვება დაუშვებელია და არცაა მიშვებული არსად, არც ერთ ნორმალურ ქვეყანაში, არც ჰოლანდიაში, არც აშშ-ში, არც გერმანიაში.
_ ჩვენ ვისაუბრეთ საფრთხეებზე, მაგრამ არ გვისაუბრია იმაზე, რომ ივანიშვილი ამ პლანტაციებში დაასაქმებს ათეულ ათასობით ადამიანს, რომელსაც, ცხადია, აიძულებს ხმის მიცემას არჩევნებზე და რომც არ აიძულოს, ისინი თავადც იქნებიან დაინტერესებული, რომ ივანიშვილმა შეინარჩუნოს ძალაუფლება, რომ მათ სამსახური არ დაკარგონ. ეს მრავალათასიანი არმია მის გარანტირებულ ხმის მიმცემად ჩამოყალიბდება და ივანიშვილი გახდება მოუშორებელი ჭირი.
_ დიახ, ეს ხალხი გახდება მასზე და მის მიცემულ ხელფასზე დამოკიდებული და იქნება მოტივირებული, რომ ეს მდგომარეობა შენარჩუნდეს, მაგრამ ვერ შენარჩუნდება და ამ სამსახურის შეთავაზება ამ ხალხისთვის არაა მთლად სინდისიერი. ჯერ ერთი, ეს არაა სტაბილური, არავინ არ იცის, რას უზამს ამ გაშენებულ პლანტაციებს შემდეგი მთავრობა. რომ გაანადგურებს ამ პლანტაციებს, მერე სად წავა ამ პლანტაციებში გამოზრდილი ხალხი, სადღა იმუშავებს? მთელი რისკების გათვალისწინებით, საქართველოს ნარკოპლანტაციად ქცევის კატეგორიული წინააღმდეგი ვარ! ის, რასაც აქ ივანიშვილი ბედავს, ვერ ბედავს ვერც ერთი მთავრობა თავისუფალ სამყაროში, რადგანაც იქ მათ ამომრჩევლის შიში და რიდი აქვთ. ივანიშვილს კი ხალხი ცხვრებად მიაჩნია და მხოლოდ სიხარბის კარნახით მოქმედებს. არ უნდა დავრჩეთ საუკუნის ღალატის მოწმეებად _ ვისაც შეგვიძლია, უნდა ვიმოქმედოთ, უნდა შევეწინააღმდეგოთ და არ უნდა გავატანინოთ ოლიგარქის სამსახურში მყოფ „ოცნებას“ ეს დამღუპველი ინიციატივა, რომ არ მოხდეს ქვეყნის ავღანეთ-კოლუმბიზაცია.
_ როდესაც საუბრობთ ავღანეთიზაციის საფრთხეზე, ბევრი ვერც ხვდება, რაზეა საუბარი. კითხულობენ, რა, ავღანეთშიც მოდის პლანი? მერე რა?
_ ავღანეთში მოჰყავთ მარიხუანაც და, ძირითადად, ყაყაჩო, საიდანაც აკეთებენ ოპიუმს. არის ბევრი დაჯგუფება, რომელიც ამ ტრეფიკს აწარმოებს. მთელ მსოფლიოში აგზავნიან ოპიუმს. მსოფლიო ებრძვის და ვერ უმკლავდება ამ პრობლემას, რამდენჯერმე გადაწვეს ეს პლანტაციები, ამერიკელებმაც, მათ შორის, თვითონ ავღანეთის მთავრობამაც, მაგრამ იმდენად მომგებიანია, რომ სადღაც მაინც ითესება და სადღაც მაინც კეთდება, იმიტომ რომ მოთხოვნა ნარკოტიკზე მსოფლიოში არის. საქართველოშიც, გამორიცხული არაა, მარიხუანას კულტივაციიდან მალევე გადავიდნენ ყაყაჩოს კულტივაციაზე, იმიტომ რომ ის უფრო ძვირია და მთლად ოპიუმის ტრეფიკში ჩაებას მავანი და მავანი. ავღანეთიზაცია ნიშნავს სახელმწიფოს მთლიანად მორღვევას, სახელმწიფო გადაიქცევა კლანების სამეფოდ, სადაც ერთი კლანი იქნება ძალიან მდიდარი, მეორე კლანი იქნება საშუალოდ მდიდარი, მესამე კლანი ეცდება, რომ ეს ორი კლანი მოიშოროს და თავზე დააჯდეს თვითონ და იგივე გააკეთოს, რასაც ისინი აკეთებენ, ამათი შემხედვარე სხვა, მეოთხე კლანი ათას გეგმას დაალაგებს, რომ ყველას აჯობოს, _ აი, ეს არის ავღანეთიზაცია, სადაც კლანები ერთმანეთს ებრძვიან, ხალხი და ქვეყანა კი ამ დროს არის ჯოჯოხეთში, არეულობაში, უიმედობაში, ქვეყნიდან გაქცივაში, ქვეყნის დაცლაში და როცა გვერდით რუსეთი გყავს, ეს ყველაფერი არის საჩუქარი ჩვენი მტრისთვის _ ვისაც ქართული სახელმწიფო უნდა, რომ უბრალოდ დაშალოს, მოსპოს.
_ ბატონო ნიკა, თქვენ ახსენეთ კარტელიზაცია, ახლა კლანების დაპირისპირებაზე საუბრობთ, როგორ ფიქრობთ, დაუშვებს ამას ივანიშვილი თუ ჩვენ სულ 1 ცალი კლანი გვეყოლება მონოპოლისტი ივანიშვილის?
_ ივანიშვილს ძალიანაც რომ უნდოდეს, მთლად მარტო თვითონ ვერ იქნება მონოპოლისტი. კი, შეიძლება ყველაზე დიდი ნარკოდილერი ეგ აღმოჩნდეს, მაგრამ სხვები, პატარები, დაიწყებენ ცარიელ ადგილებზე იგივეს კეთებას და ესაა სწორედ ავღანეთიზაციისკენ გადადგმული ნაბიჯი, ესაა სწორედ ის ტაციაობა, რაც ატყდება ამ ნარკოფულზე და ეს არის ჯოჯოხეთი ქვეყნისთვის. ზემოთაც ვთქვი და ვიმეორებ: ლიცენზირებულ და არალიცენზირებულ, კანონიერ და არაკანონიერ ნარკოკულტივაციას შორის ძალიან მოკლე ნაბიჯია, საზღვარი ძალიან მკრთალია, ეს საზღვარი ისე გაქრება ერთსა და მეორეს შორის, როგორც არაფერი. ანაზღაურება იმდენად მაღალია და ცდუნება იმდენად დიდი, რომ როგორც წესი, უარს ვერ ამბობენ, ამიტომ ნორმალური ქვეყნები ამას როგორც შავ ჭირს ისე უფრთხიან, არც ჰოლანდიაშია, არც ევროკავშირის ქვეყნებში, არც ამერიკაში, მთელი ქვეყნის დონეზე და მთელი მოსახლეობის დონეზე ეს არ ხდება, ამას აკეთებს ოლიგარქიის ხელში ჩავარდნილი საქართველო დღეს, რომელსაც ძალიან ცუდად აქვს საქმე.
_ როდესაც ამას აკეთებს ივანიშვილი, რა არის მისი ზეამოცანა, გაანადგუროს ერი, გამდიდრდეს ამ გზით, შეინარჩუნოს ძალაუფლება, დამოკიდებული გახადოს მასზე საზოგადოება?
_ ცოტ-ცოტა ყველაფერი, პირველ რიგში, მას ამოძრავებს სიხარბე, გამდიდრების სურვილი და ასევე ძალაუფლების გახანგრძლივების სურვილი. საკმარისი მიზეზებია, მგონი, გამდიდრება-ძალაუფლების შენარჩუნება. მეტი უკეთესი რა უნდა იყოს მისთვის? ერის ჯანმრთელობაზე ის ნამდვილად არ ზრუნავს, ასე რომ იყოს, არ ვისუნთქებდით ახლა ტყვიით სავსე ჰაერს, ყველა დიდ ქალაქში არის 30-ჯერ და 50-ჯერ მეტი ტყვია, ვიდრე შეიძლება იყოს.
_ როგორ ფიქრობთ, მოახერხებს ივანიშვილი ამის გატანას თუ არის რამე ბერკეტები, რასაც ძალუძს პროცესის შეჩერება?
_ თავისუფლებისა და მომავლის დაცვის ბოლო ბერკეტი ყოველთვის ხალხზე გადის. ამაზე მეტი ბერკეტი არ არსებობს. თავდაცვის ბოლო ზღუდე არის საზოგადოება, თუ ჩვენს ჩვენს ქვეყანას ჰქონდეს მომავალი, ეს უკიდურესად მავნებელი ინიციატივა არ უნდა გაატანინოს ხელისუფლებას და მის მეპატრონე ოლიგარქს, ამაზე მეტი გარანტია არ არსებობს. საზოგადოებამ თავისი სიტყვა უნდა თქვას. უნდა თქვას ახლა, მოახლოებულ საპრეზიდენტო არჩევნებზე.

რეზო შატაკიშვილი