6 საპრეზიდენტო, 6 ადგილობრივი და 9 საპარლამენტო არჩევნები

რაც თავი მახსოვს, სულ ვიღაცას და რაღაცას ვირჩევთ _ ხან პრეზიდენტს, ხან ადგილობრივ ხელისუფლებას, ხანაც _ პარლამენტს. როგორც წესი, გვატყუებენ: მსუყე დაპირებებით, ოსტატური სლოგანებით. როგორც წესი, გვიყალბებენ არჩევნებს და გვპარავენ არჩევანს და როგორც წესი, საბოლოო ჯამში, ვრჩებით მოტყუებულნი. რამდენ არჩევნებს აღარ გადავახტით და ჭკუა მაინც ვერ ვისწავლეთ, ყოველ არჩევნებს ისე ვხვდებით, გეგონება, ცხოვრებაში არჩევანი არ გაგვეკეთებინოს და პირველად ვაკეთებდეთ.

ერთად გადავხედოთ, რა გზა გამოვიარეთ 1990 წლიდან მოყოლებული, ანუ მას შემდეგ, რაც სწორედ არჩევნების გზით დაესვა წერტილი საქართველოში კომუნისტების ბოგინს. ეს ოფიციალურად, თორემ სწორედ კუმუნისტების მიერ განხორციელდა მალევე ნომენკლატურული რევანში და უკვე ათას პარტიას ამოფარებულნი მობრუნდნენ ხელისუფლებაში და აგერ დღემდე ვერ მოგვიშთია და მოგვიშორებია.

1990 წლის საპარლამენტო არჩევნები

ზუსტად 28 წლის წინ, ზუსტად 28 ოქტომბერს, შესაძლებელი გახდა მრავალპარტიული არჩევნების ჩატარება. ეს არჩევნები გახდა, ერთი მხრივ, საფუძველი ჩვენი დამოუკიდებლობის აღდგენისა და, მეორე მხრივ, _ საბაბი დიდი განხეთქილების.
ამ ისტორიულ არჩევნებს წინ უძღოდა ქართული პოლიტიკური სპექტრის ორად გახლეჩა. კერძოდ, 1990 წლის 11-13 მარტს ფილარმონიაში ჩატარებულ კონფერენციაზე, რომელზედაც ეროვნულ მოძრაობაში ჩართული ყველა არაფორმალური გაერთიანება იყო მიწვეული, ორი რადიკალურად განსხვავებული პოზიცია ჩამოყალიბდა. ერთ ნაწილს („მრგვალი მაგიდა _ თავისუფალი საქართველო“ და მათი მომხრე პარტიები) აუცილებლად მიაჩნდა საბჭოთა კავშირის კანონებით არჩევნების ჩატარება, არჩევნების მოგება და ამ გზით მოპოვებული ხელისუფლების გამოყენება სსრკ-დან გასვლისთვის. მეორე ნაწილი კი (ედპ, ეროვნული დამოუკიდებლობის პარტია, კონსერვატორული პარტია, „მხედრიონი“) არჩევნების გზით პოლიტიკურ განვითარებას შეუძლებლად მიიჩნევდა და მოითხოვდა საბჭოთა არმიის გაყვანას საქართველოდან. მაისის ბოლოს მათ („ეროვნულ კონსგრესი“) ზვიად გამსახურდიამ ანტიეროვნული მოძრაობა უწოდა, „ეროვნულმა კონგრესმა“ კი, თავის მხრივ, ეროვნული ყრილობა ჩაატარა, სადაც გადაწყდა, არჩევნებში მონაწილეობა არ მიეღოთ. მათ „მრგვალი მაგიდა“ეროვნული ინტერესების ღალატსა და ქართველი ერის შეცდომაში შეყვანაში დაადანაშაულეს.
მათ აგიტპროპაგანდას ჯერ ამომრჩევლის აქტივობამ გასცა პასუხი და შემდეგ უკვე ისტორიამ. 3 444 002 ამომრჩევლიდან მათ მიერ ბოიკოტირებულ არჩევნებზე 2 406 742 ადამიანი მივიდა. ამომრჩეველს 250 დეპუტატი უნდა აერჩია არჩევნებში მონაწილე 14 პოლიტიკური პარტიიდან, მაგრამ მათგან 4%-იანი ბარიერი მხოლოდ ორმა პარტიამ „მრგვალი მაგიდა _ თავისუფალი საქართველომ“ და კომუნისტურმა პარტიამ გადალახა. პროპორციული წესით 81 მანდატი „მრგვალმა მაგიდამ“ მოიპოვა, 44 კი კომუნისტებმა. მაჟორიტარული მანდატები ასე განაწილდა: „მრგვალმა მაგიდამ“ 43 დეპუტატი გაიყვანა, კომუნისტებმა _ 17, სახალხო ფრონტმა _ 11, „დემოკრატიულმა საქართველომ“ – 2, რუსთაველის საზოგადოებამ _ 1. 41 დამოუკიდებელი კანდიდატი იყო. მოკლედ, უზენაეს საბჭოში 124 მანდატი მოიპოვა და ხელისუფლებაში მოვიდა „მრგვალი მაგიდა“. 1990 წლის 14 ნოემბერს ჩატარდა ახლად არჩეული უზენაესი საბჭოს პირველი სესია, რომელმაც უზენაესი საბჭოს თავმჯდომარედ აირჩია ზვიად გამსახურდია. სწორედ ამ უზენაესმა საბჭომ გამოაცხადა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა.

1991 წლის საპრეზიდენტო არჩევნები

1991 წლის 26 მაისს პირველად გაიმართა საპრეზიდენტო არჩევნები. საქართველოს ისტორიაში ყველაზე მეტი ამომრჩეველი იყო სწორედ ამ არჩევნებზე (3 594 810) და ყველაზე დიდი აქტივობა იყო სწორედ ამ არჩევნებზე! არჩევნებზე მივიდა 2 978 247 ადამიანი და მათგან 2 565 362-მა ხმა მისცა ზვიად გამსახურდიას. პრეზიდენტობისთვის 6 კანდიდატი იბრძოდა და მათ შორის პროცენტულად შემდეგნაირად განაწილდა ხმები: ზვიად გამსახურდია _ 87,03%; ვალერიან ადვაძე _ 7,17%; ჯემალ მიქელაძე _ 1,58%; ნოდარ ნათაძე _ 1,14%; ირაკლი შენგელაია _ 0,88 %; თამაზ კვაჭანტირაძე _ 0,25%.
26 მაისს აირჩიეს, ცხელი ზაფხულის სამი თვე ძლივს აცალეს, სექტემბრის დადგომისთანავე აქციები აუგორეს და საშობაოდ დაამხეს კიდეც 2 565 362 ადამიანის მიერ არჩეული პრეზიდენტი… სისხლიან ხელებს დღემდე არხეინად იფშვნეტენ და, რატომღაც, ლედი მაკბეტისგან განსხვავებით არც სინდისის ხმა აგიჟებთ და არც ნამუსის და კიდევ მაკბეტის აფთარი ცოლი იყო სისხლისმსმელი აფთარი და ესენი _ ზნეკეთილი არსებები.

1992 წლის საპარლამენტო არჩევნები

მოკლედ მოხდა დიდი ისტორიული და სისხლიანი ბოზობა _ აღვირახსნილი ბოზობა, რუსეთის სპეცსამსახურებისა და ჯარების მხარდაჭერით ერთმა მუჭა ნომენკლატურამ, ვაკე-ვერის ბოზობამ კიდევ ერთი-ორი მუჭა სასარგებლო იდიოტები აიყოლიეს და 2 565 362 ადამიანის არჩეული პრეზიდენტი დაამხეს. კულისებიდან გამოვიდა „გმირი“ _ შევარდნაძე. სამხედრო საბჭომ ძალაუფლება სახელმწიფო საბჭოს გადააბარა. ძალაუფლება აიღეს, მაგრამ ამ ყველაფერს ლეგიტიმაცია სჭირდებოდა და დანიშნეს საპარლამენტო არჩევნები. მოიგონეს ყოვლად გაუგონარი საარჩევნო სისტემა. ყველას გული რომ მოეგოთ, ბარიერი 40-დან 2%-მდე დაწიეს. პროპორციული და მაჟორიტარული არჩევნებისთვის სხვადასხვა ოლექი იყო გამოყოფილი, პროპორციულ სისტემაში სამბალიანი სისტემით ხდებოდა კენჭისყრა _ თითოეულ ამომრჩეველს სამი ხმა ჰქონდა. კვოტების დადგენა და ხმების დათვლა ხდებოდა მრავალმანდატიანი ოლქების დონეზე, დარჩენილი ხმები პრეფერენციულად ნაწილდებოდა საერთო ეროვნულ დონეზე… არჩევნებში მონაწილეობდა 36 პარტია და ბლოკი და მათგან ბარიერი 24-მა გადალახა. 6-მა პარტიამ თითო კაცი გაიყვანა, 5-მა პარტიამ _ ორ-ორი, სამმა პარტიამ _ 4-4, მერაბ კოსტავას საზოგადოებამ _ 5, ილია ჭავჭავაძის საზოგადოებამ და ტრადიციონალისტთა კავშირმა _ 7-7, „ქარტია-91“-მა _ 9, დემოკრატიულმა პარტიამ _ 10, მწვანეთა პარტიამ _ 11, ედეპემ _ 12, ბლოკმა „ერთობამ“ – 14, ბლოკმა „11 ოქტომბერი“ – 18, ბლოკმა „მშვიდობამ“ – 29.
ასეთი მრავალპარტიული არჩევნები საქართველოს არც მანამდე ჰყოლია, არც შემდეგ. მაშინ შევარდნაძის ამოცანა იყო, ყველა „იმელის“ დარბაზში შეეყვანა და ყველას ამბიცია მეტ-ნაკლებად დაეკმაყოფილებინა. რეალურად, ყველა პოლიტიკური ძალა მონაწილე გაეხადა იმ ისტორიული ბოზობის, დანარჩენი კი გაერიყა და მოეხდინა მათი მარგინალიზება, რასაც შესანიშნავად გაართვა კიდეც თავი ბოზების მეორე ბასტიონის _ დღევანდელი საზმაუს წინაპრის _ პირველი არხის მეშვეობით. ხვრეტდნენ მიტინგებს, რასაც არ აშუქებდნენ, სამაგიეროდ აშუქებდნენ მიტინგებს როგორ? მიტინგზე იპოვიდნენ რამდენიმე აგრესიულ, კაპარჩხანა ქალს, მათ უღებდნენ, მათგან იღებდნენ კომენტარს და ქმნიდნენ სურათს, რომ ყველა ასეთი იყო, არადა, იმ მიტინგებზე დადიოდა ლია ელიავა, იზა გიგოშვილი, ლატავრა ფოჩიანი, სახელოვნებო და სამეცნერო სფეროს არაერთი წარმომადგენელი, მაგრამ მათ კამერას არავინ აკარებდა, შეგნებულად ხდებოდა დემონიზაცია…
1992 წლის პარლამენტი საქართველოს ისტორიაში დღემდე რჩება ყველაზე ექსცენტრიკულ პარლამენტად, რეალურად ეს იყო დიდი საცირკო სანახაობა…

1995 წლის საპარლამენტო-საპრეზიდენტო არჩევნები

ვითარება რადიკალურად შეიცვალა, როგორც კი შევარდნაძემ პოზიციები გაიმყარა. 1995 წლის არჩევნებისთვის მას უკვე აღარ სჭირდებოდა ამდენი კუდი მოწმედ, ბარიერი 2%-დან 5%-ზე აწიეს და, შესაბამისად, არჩევნებში მონაწილე 53 პარტიიდან ბარიერი მხოლოდ სამმა პარტიამ გადალახა: „მოქალაქეთა კავშირმა“, „ედეპემ“ და „აღორძინებამ“. იმ არჩევნებზე ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა იყო _ 3 121 075. არჩევნებში მონაწილეობა მიიღო _ 2 127 946-მა, ანუ ამომრჩეველთა 68,18%-მა. თუ ამას შევადარებთ 1991 წლის არჩევნების ამომრჩეველთა რიცხვსა და აქტივობას, გასაგებია იქნება, როგორ ხდება ხალხი ნელ-ნელა გულგრილი არჩევნების მიმართ. ცხადია, აქ გასათვალისწინებელია ისიც, რომ ამ დროს არჩევნები ვეღარ ტარდება აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში, მააგრამ ამომრჩეველთა აქტივობა 3 121 075-დან ითვლებოდა და არა 3 594 810-დან. არჩევნებზე ამომრჩეველთა 68% მივიდა მხოლოდ. თან თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ შევარდნაძემ უკვე დანერგა არჩევნების გაყალბების ათასი ხრიკი და ფანდი _ ბიულეტენების ჩაყრითა და ათასი მამაძაღლობის ჩათვლით, სრულიად ნათელი გახდება, რომ არც 68% მისულა არჩევნებზე.
იმავე დღეს, 5 ნოემბერს, ქვეყანა პრეზიდენტსაც ირჩევდა. კანდიდატი ისევ 6 იყო. ედუარდ შევარდნაძეს 1 589 909 კაცმა მისცა ხმა. (შეადარეთ _ ზვიად გამსახურდიას ხმა მისცა 2 565 362 კაცმა). პროცენტულად ხმები შემდეგნაირად განაწილდა: ედუარდ შევარდნაძე _ 74,04%; ჯუმბერ პატიაშვილი _ 19,58%; აკაკი ბაქრაძე _ 1,48%; პანტელეიმონ გიორგაძე _ 0,5%; ქართლოს ღარიბაშვილი _ 0,47%; როინ ლიპარტელიანი _ 0,37%.

1998 წლის ადგილობრივი არჩევნები

ამ არჩევნებზე საქართველოს 1031 სხვადასხვა საკრებულოში 10693 საკრებულოს წევრი აირჩიეს 82 464 კანდიდატიდან.
თბილისის საკრებულოში 55 წევრი აირჩა, აქედან 20 მანდატი „მოქალაქეთა კავშირმა“ ირგუნა, ლეიბორისტულმა პარტიამ 12 მანდატი მოიპოვა, სოციალისტურმა პარტიამ _ 9, „აღორძინებამ“ _ 4, სახალხო პარტიამ _ 4, ტრადიციონალისტთა კავშირმა _ 3, ედპ-მ _ 3… ამ არჩევნების მიმართ კიდევ უფრო დაბალი იყო საზოგადოების ინტერესი.

1999 წლის საპარლამენტო არჩევნები

თუ 1995 წელს ბარიერი 5%-მდე აწიეს, ამ არჩევნებზე 7%-მდე ავიდნენ. საგულისხმოა ისიც, რომ მოქალაქეთა კავშირმა ბარიერი ედპ-ს დახმარებით აწია 7%-მდე და სწორედ ედპე დატოვეს იმ არჩევნებით პარლამენტს გარეთ. არჩევნებში მონაწილე 45 პარტიიდან ბარიერი გადალახა მხოლოდ „მოქალაქეთა კავშირმა“, „აღორძიბებამ“ და მრეწველებმა. ამ პერიოდში, ჯერ კიდევ, ყვავის შევარდნაძის ხანა, მაგრამ ნელ-ნელა უკვე იკვეთება კრიზისის, ეროზიის ნიშნები და იწყება დასასრული. მერე რა, რომ ედუარდ შევარდნაძეს კვლავ უპრობლემოდ ირჩევენ მეორე ვადით? კი აირჩიეს, მაგრამ არ შერჩება… მაგრამ სისხლით დამამხობელს ხავერდით და ფარჩით გაისტუმრებენ, თან ზვიად გამსახურდიასავით იმქვეყნად კი არა, კრწანისის რეზიდენციაში, რომელსაც შემდეგ საშვილიშვილოდ დაუმკვიდრებენ… ეს მერე იქნება, მანამდე არჩევნებია.

2000 წლის საპრეზიდენტო არჩევნები

ამ არჩევნებშიც ისევ 6 კანდიდატი მონაწილეობდა, შევარდნაძის მეტ-ნაკლებად რეალური კონკურენტი ისევ ჯუმბერ პატიაშვილი იყო. შევარდნაძემ ამჯერად 79,82% აიღო, პატიაშვილმა _ 16,66%. არჩევნებში ისევ მონაწილეობდა ქართლოს ღარიბაშვილი, რომელმაც ამჯერად 0,34% აიღო, არჩევნებში მონაწილოებდა ვინმე ავთანდილ ჯოგლიძე (0,25%), ვაჟა ჟღენტი (0,15%), თენგიზ ასანიძე (0,12%).
ამ არჩევნებში 2 343 176 ამომრჩეველი მონაწილეობდა, ეს, რა თქმა უნდა, რაც ცესკომ დაწერა, ისე აქედან რამდენი კაცი მივიდა, კაცმა არ იცის. ამავე მონაცემებით, შევარდნაძეს ხმა მისცა 1 870 311 კაცმა. ამ არჩევნებიდან სამი წლის შემდეგ შევარდნაძე სახლში წავა.

2002 წლის ადგილობრივი არჩევნები

შევარდნაძის აყირავება სწორედ ამ არჩევნებიდან დაიწყო. ამ არჩევნებს იმთავითვე უწოდეს მომავალი (2003 წლის) საპარლამენტო არჩევნების გენერალური რეპეტიცია. ქვეყნის მასშტაბით წარმატებას „ახალმა მემარჯვენეებმა“ მიაღწიეს, მემარჯვენეებმა არჩევნები მოიგეს თვითმმართველი ერთეულების უმრავლესობაში, მათ შორის, ქუთაისში. თბილსში 4%-იანი საარჩევნო ბარიერი 7-მა პარტიამ გადალახა. შევარდნაძის „მოქკავშირმა“ სულ 2,5% აიღო და ვერც მოხვდა საკრებულოში! ლეიბორისტებმა 26% აიღეს და 15 მანდატი მოიპოვეს, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ (ბლოკში რესპუბლიკელებთან და კონსერვატორებთან ერთად) – 24% და 14 მანდატი აიღო. სწორედ მაშინ ენდნენ ნათელაშვილს იმ ერთხელ და მაშინაც ვერ გარისკა პასუხისმგებლობის აღება, ისტორიის მიერ ბოძებული შანსი მიხეილ სააკაშვილს დაუთმო… სწორედ ამ არჩევნებზე გაჩნდა სლოგანებში პირველად „შევარდნაძის გარეშე“, ამ არჩევნებზე იყო სლოგანი „თბილისი შევარდნაძის გარეშე“, „სააკაშვილი საკრებულოს თავმჯდომარედ“, „ხელშეკრულლება თბილისთან _ 175 მილიონი ლარი ხალხის სასარგებლოდ“.

2003 წლის საპარლამენტო არჩევნები

ეს არჩევნები გარდამტეხი აღმოჩნდა საქართველოს ისტორიაში. ამ არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე შევარდნაძემ დასავლეთისგან სიგნალი მიიღო, რომ თუ არ ჩაატარებდა დემოკრატიულ არჩევნებს, წითელი აენთებოდა და მაინც მოუწევდა ხელისუფლებიდან წასვლა. დემოკრატიული არჩევნები მიუღებელი იყო შევარდნაძის კორუმპირებული გარემოცვისთვის, მათ კარგად იცოდნენ, რომ ვინც იმ არჩევნებში გაიმარჯვებდა, მისი იქნებოდა მორიგი უშევარდნაძეო საპრეზიდენტო არჩევნებიც და შესაბამისად პოსტშევარდნაძისტული ეპოქაც. თეთრი მელას გარემოცვა ეშმაკობდა, პოსტშევარდნაძისტული ეპოქისთვის ემზადებოდა და ისევ შევარდაძისგან ითხოვდნენ ამისთვის არჩევნების გაყალბებას. შევარდნაძემ ცხადია, აჯობა ეშმაკობაში _ დაჰყვა მათ ნებას, გააყალბა არჩევნები და როცა საქმე საქმეზე მიდგა, თოფის გაუსროლად გაილალა, რითაც დასავლეთისგან (და მათი ზეწოლით სააკაშვილისგან) ფეშქაშად მიიღო ხელშეუხებლობა.
დევდარიანის ცესკოს გაყალბებული შედეგებით პირველ ადგილზე გავიდა შევარდნაძის კოალიცია „ახალი საქართველოსთვის“ (21,32%); მეორეზე _ ასლან აბაშიძის „აღორძინება“ (18,84%); მესამეზე _ სააკაშვილის „ნაციონალური მოძრაობა _ დემოკრატიული ფრონტი“ (18,08%), მათ მოსდევდა ლეიბორისტული პარტია, (12,04%), „ბურჯანაძე-დემოკრატები“ (8,79%), „ახალი მემარჯვენეები“ (7,35%).
პარალელური დათვლის შედეგებით კი სულ სხვა სურათი იყო: სააკაშვილის „ნაციონალური მოძრაობა“ _ 26,6%; სახელისუფლებო ბლოკი „ახალი საქართველოსთვის“ – 18,92%; ლეიბორისტული პარტია _ 17,36%; „ბურჯანაძე-დემოკრატები“ _ 10,15%; „აღორძინება“ _ 8,13%; „ახალი მემარჯვენეები“ _ 7,99%.
სააკაშვილის აგრესიული და შემეტევი კამპანია წარმოებდა სლოგანით „საქართველო შევარდნაძის გარეშე“, „საქართველოს კორუფციის გარეშე“, პლაკატებზე იყო სლოგანი: „დავიბრუნოთ საქართველო“, ერთ-ერთი სლოგანი იყო „დავიბრუნოთ ანაბრები“. ანაბრების დაბრუნების რა მოგახსენოთ, მაგრამ იმ მემარცხენე დაპირებებიდან, რომელსაც უხვად არიგებდა მაშინ „ნაცმოძრაობა“ და რომელიც იმ დროს აღიქმებოდა პოპულისტურად, შემდეგში მართლაც შეასრულეს ბევრი რამ იქიდან. სააკაშვილის „ნაციონალური მოძრაობა“ მიდიოდა უკიდურეს დაპირისპირებზე არსებულ ხელისუფლებასთან _ საარჩევნო კამპანია მიმდინარეობდა ცემა-ტყეპის, სკანდალების, ქვების სროლის ფონზე. ხალხი ხედავდა, რომ მოდიოდა ძალა, რომელსაც შესწევა ბრძოლის უნარი.
სააკაშვილის ჰეროიკული კამპანიის ფონზე ლირიკულად გამოიყურებოდა ყველა სხვა პარტიის კამპანია და სლოგანები. მაგალითად, „მემარჯვენეებს“ ამ არჩევნებისთვის ჰქონდათ 900-დღიანი პროგრამა _ „განახლების/აღმშენებლობის/დასაქმების 900 დღე“, ჰქონდათ სლოგანი „ახალი მემარჯვენეები დასაქმებული საქართველოსთვის“. „ვიაროთ მარჯვნივ“…
დავით გამყრელიძის ტიტულატურა კი დასაცინ კლასიკად იქცა და დღემდე საარაკოდაა დარჩენილი: „დავით გამყრელიძე _ ექიმი, მეწარმე, ლიდერი“

2004 წლის საპრეზიდენტო არჩევნები

არჩევნები ჩატარდა რევოლუციურ ტალღაზე და თამამად შეიძლება ითქვას, რომ სწორედ რევოლუცია იყო ამ არჩევნების სააარჩევნო კამპანია. იმდენად გარდაუვალი იყო სააკაშვილის გამარჯვება, რომ 5 ჭკუამხიარულის გარდა, არც მიიღო მონაწილეობა ვინმემ.
2004 წლის საპრეზიდენტო არჩევნებშიც ტრადიციულად 6 კანდიდატი მონაწილეობდა და მათ შორის სააკაშვილს ანგარიშგასაწევი კონკურენტი არ ჰყოლია. არჩევნებში კვლავ მონაწილეობდა ქართლოს ღარიბაშვილი, წინა არჩევნების ჩაგდების შემდეგ კვლავ გამოჩნდა როინ ლიპარტელიანი, ასევე მონაწილოებდა ზურაბ ქელეხსაშვილი, ზაზა სიხარულიძე და თემურ შაშიაშვილი. მათგან ყველაზე მაღალი ნდობა შაშიაშვილმა მოიპოვა _ 1,85%.
სააკაშვილმა ხმების 96,27% მიიღო. ეს მაჩვენებელი რაც არ უნდა მსუყედ გამოიყურებოდეს, მიხეილ სააკაშვილს ზვიად გამსახურდიას რეკორდი მაინც არ მოუხსნია. მიხეილ სააკაშვილს ხმა მისცა 1 890 256-მა კაცმა, ზვიად გამსახურდიას კი _ 2 565 362-მა კაცმა.

2004 წლის საპარლამენტო არჩევნები

ამ არჩევნებზე ხალხს მარტო პროპრციული წესით უნდა აერჩია დეპუტატები. მაჟორიტარები 2003 წლის არჩევნებიდან შემოგვრჩა. ამ არჩევნებზე „ნაციონალურ მოძრაობას“ დიდი კამპანია აღარც ჰქონია, რევოლუციას უკვე გაკეთებული ჰქონდა თავისი საქმე და უპრობლემოდ აიღეს ხმათა 66,24%. 7,56% ძლივს მოაგროვეს დაბლოკებულმა „მრეწველებმა“ და „ახალმა მემარჯვენეებმა“. მესამე ადგილზე „აღორძინება“ გავიდა, მაგრამ ბარიერი ვერ გადალახეს და შესაბამისად პარლამენტშიც ვერ მოხვდნენ.

2006 წლის ადგილობრივი არჩევნები

ეს არჩევნები დაბალი აქტივობით გამოირჩეოდა. რეგისტრირებული ამომრჩევლიდან არჩევნებში მხოლოდ 48,3% მივიდა. ამ პასიურობას სრულიად გასაგები და მარტივი მიზეზი ჰქონდა. მოსახლეობის დიდ ნაწილში კვლავაც დიდი იყო „ნაციონალური მოძრაობის“ მიმართ ნდობაც და იმის რწმენაც, რომ მათ ვერავინ მოერეოდა და, შესაბამისად, აუცილებლად არ მიიჩნევდნენ არჩევნებში მისვლას, რადგან იცოდნენ, რომ მათ გარეშეც მოიგებდნენ „ნაცები“ არჩევნებს. მეორე ნაწილში კი, რომლისთვისაც მიუღებელი იყო „ნაცმოძრაობა“, ხედავდნენ მათ ძალას, არ სწამდათ, რომ მათ ოპოზიცია დაამარცხებდა და პრინციპულ აზრს ვერ ხედავდნენ მისვლაში. თავად განსაჯეთ, თბილისში ამომრჩევლის მხოლოდ 34.5% მივიდა, რუსთავში კი საერთოდ მხოლოდ 24%. ყველა რაიონში მანდატების აბსოლუტური უმრავლესობა „ნაციონალებმა“ აიღეს. თბილისში 25 მაჟორიტარული მანდატიდან ყველა ნაცებმა აიღეს, პროპორციული 12 მადატიდან კი მხოლოდ სამი ერგო ოპოზიციას _ წამლად თითო-თითო „მრეწველებს“, ლეიბორისტებს და რესპუბლიკელებს.

2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნები

2007 წლის ნოემბრის მოვლენების შემდეგ მიხეილ სააკაშვილი გადადგა და დაინიშნა ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები, სადაც მიხეილ სააკაშვილთან ერთად მონაწილეობდა 6 ოპოზიციური კანდიდატი. ოპოზიციამ ვერ შეძლო საერთო კანდიდატის წამოყენება. წინასაარჩევნო კამპანიის პერიპეტიები დიდწილად განსაზღვრა ბადრი პატარკაციშვილის ირგვლივ განვითარებულმა მოვლენებმა.
პატარკაციშვილს მთავრობა ბრალს სდებდა სახელმწიფო გადატრიალების დაგეგმვაში. მან 2007 წლის 10 ნოემბერს გამოაცხადა, რომ პრეზიდენტობის ერთ-ერთი კანდიდატი იქნებოდა. ამის საპასუხოდ ოპოზიციამ გამოაცხადა, რომ ისინი საერთო კანდიდატს წამოაყენებდნენ და 12 ნოემბერს დაასახლეს ლევან გაჩეჩილაძე, რომელიც წინ მიუძღოდა დემონსტრანტებს. ლეიბორისტები თავის ლიდერს უჭერდნენ მხარს, „მემარჯვენეებმა“ თავისი ექიმი და ლიდერი დავით გამყრელიძე დაასახელეს.
2007 წლის ბოლოს ხელისუფლებამ პატარკაციშვილის აუდიო-ვიდეო ჩანაწერები გაავრცელა, რამაც სერიოზულად დააზარალა პატარკაციშვილიც და ოპოზიციაც.
ამ არჩევნებში მიხეილ სააკაშვილს 1 059 647 კაცმაღა მისცა ხმა (53,45%), 509 11 კაცმა (25,68%) ლევან გაჩეჩილაძეს მისცა ხმა, პატარკაციშვილს _ 7,1%-მა, ნათელაშვილს _ 6,49%-მა, გამყრელიძეს _ 4,02%-მა, მაისაშვილს 0,77%-მა, ირინა სარიშვილს _ 0,16%-მა. ედუარდ შევარდნაძისა და კორუფციის დამმარცხებელი მიხეილ სააკაშვილი ამჯერად სიღარიბეს ებრძოდა, მისი ძირითადი, ქოლგა სლოგანი იყო „საქართველო სიღარიბის გარეშე“.
ეს სლოგანი კრავდა უამრავ გზავნილს: „დასაქმება, დასაქმება, დასაქმება“, „იაფი კრედიტი დასაქმებისთვის“, „ძლიერი სოფელი _ ძლიერი საქართველო“, „გაზი ყველა სოფელს“, „კარგი გზა ყველა სოფლამდე“, „ტრაქტორი ყველა სოფელში“ და ა. შ.
ლევან გაჩეჩილაძის არაოფიციალური სლოგანი იყო „მიშა, მოვდივარ“. მისი კამპანია გამოირჩეოდა ხაზგასმული აგრესიულობით და ნეგატიურობით. მას არც სხვა ოპოზიციური კანდიდატები ჩამორჩებოდნენ. მთელი კამპანიის სლოგანი იყო „საქართველო სააკაშვილის გარეშე“, ამ სლოგანმა უკვე აღარ იმუშავა. მთელი ეს კამპანია თავისი არსით იყო პირდაპირი გაგრძელება 2007 წლის საპროტესტო აქციების ტალღის. შესაბამისად იყო აგრესიული და შემტევი. ოპოზიციამ ეს შემდეგ საპარლამენტო არჩევნებზეც გააგრძელა, მაგრამ მას იმდროინდელი ხელისუფლება არ აჰყვა ამერიკელი კონსულტანტების რჩევით. შალვა ნათელაშვილის სლოგანი იყო: „დროა შენების და გადარჩენის“. გამყრელიძის: „დავით გამყრელიძე _ ახალი პრეზიდენტი“ (რატომღაც, რომ ვინმეს ძველი ჰგონებოდა), „შეძლებული ოჯახი _ შეძლებული სახელმწიფო“, „ჩვენ გვწამს ღმერთი და შეგვწევს ძალა“. არც ძალა შეეწია, არც _ ღმერთი…

2008 წლის საპარლამენტო არჩევნები

ამ არჩევნებში ბარიერი გადალახა 4-მა პარტიამ: „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 59,18% მიიღო, გაერთიანებულმა ოპოზიციამ _ 17,73%, ქრისტიან-დემოკრატიულმა მოძრაობამ _ 8,66%, ლეიბორისტებმა _ 7,44%. ლეიბორისტებმა და გაერთიანებულმა ოპოზიციამ ტლინკი ყარა და პარლამენტში არ შევიდა. 2008 წელს ჩატარებული ორივე არჩევნები, ესეც და მანამდე საპრეზიდენტოც, კრიზისის შემდგომი არჩევნები იყო და ამ არჩევნების ტონის მიმცემიც ის პროცესები გახლდათ, რაც ქვეყანამ გამოიარა იმ საპროტესტო ტალღაზე. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დევიზად „საქართველო სიღარიბის გარეშე“ აირჩია და სიღარიბის რამდენიმე თვეში დაძლევის დაპირებას იძლეოდა. ზოგის გულს იგებდა ეს დაპირება, მაგრამ საფრთხესაც შეიცავდა _ ვერ შესრულდებოდა, რაც უარესად გააღრმავებდა უკმაყოფილებას. გარდა ამისა, სიღარიბე არ იყო ფუნდამენტური პრობლემა _ ბევრი მათაგნი, ვინც 2005-2006 წლებში უფრო გაღარიბდა, მაინც ხელისუფლებას უჭერდა მხარს, ხოლო იმ ადამიანთა დიდი რაოდენობა, ვისი ეკონომიკური მდგომარეობაც გაუმჯობესდა, კრიტიკულ განწყობას ინარჩუნებდა.
ოპოზიციამ იგრძნო, რომ ხალხს უკვე ცვლილებები სურდა და ხელისუფლებისგან რადიკალურად განსხვავებულ დაპირებებს იძლეოდა. ოპოზიციის კამპანიას რევოლუციური მოძრაობის ბევრი ნიშანი ჰქონდა _ რადიკალიზაციის მაღალი ხარისხი, მყვირალა სიმბოლიკების შექმნის მცდელობა (თეთრი ყელსახვევები), მკაცრი რიტორიკა, ეს აკმაყოფილებდა იმ ელექტორატს, რომელიც შინაგანად მტრულად იყო მთავრობისადმი განწყობილი (მოსახლეობის 20-25%), მაგრამ არ ეხმიანებოდა მთელი საზოგადოების უმთავრეს პოლიტიკურ მოთხოვნებს, ხალხს ცვლილებები კი უნდოდა, მაგრამ უნდოდა ყველა იმ სიკეთისა და სარგებლის შენარჩუნება, რასაც რევოლუციის შემდეგ მივაღწიეთ. ასე რომ, ფართო ფენებს აშინებდა მათი რიტორიკა _ ყველაფრის შეცვლის შესახებ. „ნაციონალები“ არ შედიოდნენ კონფრონტაციაში ოპოზიციასთან, მათ გამოხდომებზე რბილად და არაკონფრონტაციულად რეაგირებდნენ, ხაზს უსვამდნენ იმას, რომ ხალხს სტაბილურობას, სიღარიბის დაძლევას სთავაზობდნენ და, ამავე დროს, უკმაყოფილო ნაწილს არც პროტესტის, მოსაზრებების გამოხატვას უშლიდნენ. ეს მაშინ ბევრ იმ ამომრჩეველს მოეწონა, რომელიც არც იქით იყო, არც _ აქეთ.
სწორედ ამ არჩევნებზე ისროლეს „ნაციონალებმა“ საქართველოს ისტორიაში ყველაზე მკაფიო საარჩევნო სლოგანი „საქმე ლაპარაკის ნაცვლად“, რომელიც „საქართველოს სიღარიბის გარეშე“ გაგრძელებაა. შემოთავაზებული იყო 50-თვიანი პროგრამა, რომელიც გათვლილი იყო საქმის კეთებაზე და არა ლაპარაკზე, რომლის მიხედვითაც სწორედ ამ პერიოდში უნდა გაერთიანებულიყო საქართველო და განთავისუფლებულიყო სიღარიბისგან. „საქმე ლაპარაკის ნაცვლად“ _ ეს სლოგანი ფრთიან ფრაზადაც იქცა და დღემდე ახსოვს ყველას. ამ სლოგანში მხოლოდ საარჩევნო დაპირება კი არა, საერთოდ „ნაციონალების“ მიდგომა აისახა _ „ნაციონალები“ ლაპარაკს არ თვლიდნენ საქმედ და მათი შეხედულებით, მთავარი საქმის კეთება იყო და არა ხალხთან ლაპარაკი. იმედოვნებდნენ, რომ საქმენი მათი წარმოაჩენდნენ მათ. ცოცხი რომ გადაბრუნდა, მერეღა მიხვდნენ, რომ ხალხთან კომუნიკაცია, ლაპარაკიც საქმე ყოფილა და თურმე როდესაც რაღაცას აკეთებ, ხალხს გასაგებად უნდა განუმარტო, რას აკეთებ და რისთვის აკეთებ.
გაერთიანებული ოპოზიციის (ეროვნული საბჭო, „მემარჯვენეები“) სლოგანები შემდეგი იყო: „ჩვენ მოვდივართ“, „საქართველოს განმათავისუფლებელი მოძრაობა“. დავდგეთ ერთად და ჩვენ თვითონ გავაერთიანოთ საქართველო!
საზოგადოებას ჰპირდებოდნენ, რომ ჩვენს ქვეყანაში სამუდამოდ ეთქმებოდა არა ძალადობას და უსამართლობას, პოლიციურ სახელმწიფოს, საკუთრების ხელყოფასა და ბიზნესის ტერორს, საქართველოს ქონების განიავებას, სიყალბეს და მედიის კონტროლს, აფხაზეთითა და ცხინვალის რეგიონით ვაჭრობას, ანტიქართულ პოლიტიკას!
იღებდნენ ვალდებულებას, რომ მინიმალური ხელფასი გაუტოლდებოდა საარსებო მინიმუმს და გაიზრდებოდა მისი ზრდის პარალელურად. რომ პენსია იქნებოდა სტაჟისა და დამსახურების მიხედვით და თითოეულ ნამსახურ წელზე დაუმატებდნენ 2 წელს. დევნილთა შემწეობას გააორმაგებდნენ, მასწავლებლის ხელფასი იქნებოდა 400 ლარი. ანაბრებს გაისტუმრებდნენ 5 წელიწადში. რომ გაანახევრებდნენ დენისა და გაზის ტარიფს და ა. შ. გიორგი თარგამაძე _ ქრისტიან-დემოკრატები გვეუბნებოდნენ: „ცვლილებების დროა“, „ეს არის დრო ქრისტიანული არჩევანისა, ეს არის დრო დემოკრატიული არჩევანისა! დიდი ცვლილების დროა!“ „მოვუაროთ საქართველოს“
მთელი კამპანია აწყობილი ჰქონდათ ამაზე: „ცვლილებების დროაზე“, ასე მაგალითად: „ცვლილებების დროა კონსტიტუციაში _ მართლმადიდებლობა უნდა გამოცხადდეს საქართველოს ოფიციალურ რელიგიად!“. დიახ, ცდილობდნენ ეკლესიიის მიმხრობას და ხალხს აბოლებდნენ, რომ წყლით გავმდიდრდებოდით.
ეკონომიკური პროგრამის ქვაკუთხედად სასმელი წყლის გაყიდვა გამოაცხადეს, რომ ჩვენ გვაქვს 27 ათასი მდინარე, რომ დღეღამეში საქართველოს შეუძლია 26 მილიარდი ლიტრის ექსპლოატაცია, ამ რესურსის მხოლოდ 0,75%-ის ჩამოსხმა-რეალიზაციას შეუძლია 2-ჯერ გაზარდოს ქვეყნის საბიუჯეტო შემოსავლები 2,5 წლის განმავლობაში; რომ საქართველოს ყოველწლიური ფულადი შემოსავლები გაიზრდება 12 მლრდ აშშ დოლარით, რასაც მოჰყვება ჩვენი უცებ გამდიდრება, ბიუჯეტის დაჩქარებული ზრდაო, გაზრდილი ბიუჯეტის 25% მოხმარდება სახელმწიფოს შიდა ვალის დაფარვას, 2 წელიწადში სრულად დავუბრუნებთ დანაზოგს 1 350 000 მეანაბრესო და ა. შ.
შალვა ნათელაშვილი ხალხს ჰპირდებოდა ისეთი სამართლიანი სახელმწიფოს შექმნას, „სადაც ხელისუფლება იქნება თქვენი მსახური და არა მოძალადე ბატონი“. ჰპირდებოდა, რომ დაუყოვნებლივ გააუქმებდა საპრეზიდენტო ინსტიტუტს, რომ ძირითად კანონებს მიიღებდა უშუალოდ ხალხი, პლებისციტი _ რეფერენდუმის გზით. რომ გადახედავდა „ტირანიისა და დიქტატურის წლებში გამოტანილი ყველა განაჩენის კანონიერებას“ და გამოსცემდა მასშტაბურ ამნისტიას, დაუყოვნებლივ გაათავისუფლებდა პოლიტპატიმრებს. ხალხს გამგებლობაში დაუბრუნებდა ყველა გაყიდულ სტრატეგიულ სიმდიდრეს: წყალს, ტყეებს, ჭალებს, წიაღისეულს, ძირითად ენერგეტიკულ ობიექტებს, სკოლებსა და ბაღებს, საავადმყოფოებს, საგანმანათლებლო, სამეცნიერო დაწესებულებებს. რომ მოსპობდა უმუშევრობას, დაასაქმებდა ხალხს. მინიმალური ხელფასი და პენსია იქნებოდა საარსებო მინიმუმს ზევით. პენსია გაიცემოდა სტაჟისა და დამსახურების მიხედვით. გადაუდებელი ოპერაციები, რეანიმაცია, სასწრაფო სამედიცინო დახმარება დაფინანსდება მთლიანად სახელმწიფო ბიუჯეტიდან; 14 წლამდე მკურნალობა იქნებოდა უფასო; სასწრაფოდ განახევრდება ტარიფები ელექტროენერგიაზე, გაზზე, ტრანსპორტზე, სატელეფონო კავშირებსა და სხვა კომუნალურ გადასახადებზე. გადაუდებლად დაიწყება ანაბრების გაცემა ეტაპობრივად. „მშვიდობა და გამარჯვება თქვენ და თქვენს ოჯახებს! მშვიდობა და გამარჯვება საქართველოს!“ _ ასეთი იყო მაშინ შალვას სლოგანები.

2010 წლის ადგილობრივი და თბილისის მერის არჩევნები

მერის არჩევნებში მონაწილეობდა ირაკლი ალანია, რომელიც იყო თავისუფალი დემოკრატების, რესპუბლიკელების, ახალი მემარჯვენეებისა და სალომე ზურაბიშვილის „საქართველოს გზის“ ალიანსის („ალიანსი საქართველოსთვის“) კანდიდატი. მისი სლოგანი იყო: „ჩვენ შევცლით“, რაც წარმოადგენდა ბარაკ ობამას წინასაარჩევნო სლოგანის თარგმანს: „change-we can believe in“. ალასანმიამ მიიღო ხმების 19%.
„მრეწველების“ კანდიდატი იყო გოგი თოფაძე სლოგანით” „მოვდივარ საქმით, გპირდებით საქმეს“. მიიღო 5,2%. „ეროვნული საბჭოს“ კანდიდატი ზვიად ძიძიგური იყო, იბრძოდა სლოგანით: „ბრძოლა დღესვე“ და წააგო იმ დღესვე, მიიღო 8,3%. ქრისტიან-დემოკრატების კანდიდატი იყო გია ჭანტურია, გვაბოლებდა სლოგანით: „დასაქმება და დაბალი ტარიფები“, მაგრამ ვერც ბევრი ვერავინ დააბოლა და ვერც მოიგო, მიიღიო 10,7%. „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი იყო გიგი უგულავა. მიიღო ხმების 55,2%. მაშინ მისი და „ნაციონალური მოძრაობის“ სლოგანი იყო: „გასაკეთებელი კიდევ ბევრია“, ეს სლოგანი ისეთი იყო, ნებისმიერ ოპონენტს აჩუმებდა, _ თავად გეუბნებოდნენ, გასაკეთებელი კიდევ ბევრიაო. თუმცა სლოგანში უკვე შეიგრძნობოდა სამომავლო მარცხის შიშნარევი სურნელი: „გასაკეთებელი კიდევ ბევრია“, _ ამბობდნენ ისინი და თითქოს გრძნობდნენ, რომ ბევრი საქმე იყო მოსასწრები და არ დააცლიდნენ და ასეც მოხდა.
თბილისის მერის არჩევნებში აგრეთვე მონაწილეობდნენ: თამაზ ვაშაძე, დავით იაკობიძე, ნიკა ივანიშვილი, გიორგი ლაღიძე. მაგრამ მათ ჯამში სულ 1,6% მიიღეს.
თბილისის საკრებულოში „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 39 მანდატი აიღო, რესპების, თავდემების, „მემარჯვენეებისა“ და სალომეს ალიანსმა 5, ქრისტიან-დემოკრატიულმა გაერთიანებამ 3, ეროვნულმა საბჭომ 2, თოფაძე-მრეწველებმა 1. ქვეყნის მასშტაბით ყველგან უმრავლესობა „ნაციონალებმა“ აიღეს, მეორე ადგილზე ქრისტიან-დემოკრატები გავიდნენ.

2012 წლის საპარლამენტო არჩევნები

ეს არჩევნებიც ისტორიული გამოდგა საქართველოსთვის. გარკვეულწილად მოხდა ის, რაც მოხდა 2003 წელს, ოღონდ ყოველგვარი მიმყოლი რევოლუციის გარეშე. მსგავსება სადაა? იქ, რომ მიხეილ სააკაშვილის „ნაციონალური მოძრაობის“ სხვადასხვა ფრთამ, გამომდინარე იქიდან, რომ სააკაშვილს მალე მეორე ვადაც ამოეწურებოდა, დაიწყო არათუ ფიქრი, აქტიური მოქმედება პოსტსააკაშვილის ეპოქისთვის, რაკიღა გარეთ კონკურენტი არ ეჭყანებოდათ, ხელი მიჰყვეს ერთმანეთის დაჭმას, ერთმანეთზე კომპრომატების თითხნა-ვრცელებას, კადრების შექმნის ჩათვლით და ბაც, _ ასპარეზზე გამოჩნდა ივანიშვილი, რომელმაც ამ ყველაფრით ისარგებლა და ზუსტად ისე, როგორც დავით გურამიშვილთანაა: „რა ორივე დაღალული, ძაღლმა ნახოს პირი ჰკიდოს“, ეგრე დარჩა ბიძინას. მიხეილ სააკაშვილმა კი მმართველი პარტიის მარცხი მომენტალურად აღიარა და საზოგადოებას ოპოზიციაში გადაბარგება ამცნო…
ოფიციალურად, „ქართული ოცნების“ კამპანია მეტისმეტად ლირიკული იყო: „ერთად ავიხდინოთ ქართული ოცნება“, „ჩვენ ვიცით, როგორ ავიხდინოთ ქართული ოცნება“. ეს ასე პლაკატების დონეზე, დეკლარირებულად, რეალურად კი „ოცნების“ საარჩევნო კამპანია იყო აგებული ტყუილსა და ოპონენტის გაშავებაზე. სარგებლობდნენ იმ უკმაყოფილების მუხტით, რაც სუბიექტურად და ობიექტურად დაგროვდა 9 წლის მანძილზე. ივანიშვილი ხალხს ჰპირდებოდა უფასო ფულს, უპროცენტო კრედიტებს, ბანკის ვალების დაფარვას. ცნობილი მსახიობები სოფელ-სოფელ დადიოდნენ და ჰპირდებოდნენ, რომ ივანიშვილი ყოველ სოფელს 5-5 მილიონს დაურიგებდა. ოპოზიციის ლიდერები დადიოდნენ და ხალხს ეუბნებოდნენ, რომ ლიტრი ბენზინიდან 1 ლარი მიშას ჯიბეში მიდიოდა, რომ ყოველ დედალზე ცალი ბარკალი მიშასი იყო. ჰპირდებოდნენ, რომ გააიაფებდნენ დენის, გაზის ტარიფებს, საწვავს.
იკადრეს ყველაფერი, რისი კადრებაც შეიძლებოდა და არ შეიძლებოდა _ დაწყებული ცოცხების დადგმული კადრებით, დამთავრებული უმწეო ბავშვის ქვევრში ჩახრჩობით. მთელი მათი აფერისტობა ის იყო, რომ ბევრი რამ, რასაც ხალხს ჰპირდებოდნენ, საერთოდ არც ეწერა მსგავსი რამ პროგრამაში. „ქართულმა ოცნებამ“ 54,97% აიღო და ხელისუფლებაში მოვიდა.
„ნაციონალურ მოძრაობას“, პრაქტიკულად, ვერც ჰქონდა საარჩევნო კამპანია, თავის მართლების რეჟიმში იყო. მათი სლოგანი გახლდათ: „მეტი სარგებელი ხალხს“, ამჯერად მათი სამი ძირითადი პრიორიტეტი იყო დასაქმება, ხელიმისაწვდომი ჯანდაცვა და სოფლის მეურნეობის განვითარება. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 40,34% აიღო და ხელისუფლებიდან ოპოზიციაში გადაინაცვლა. რა იყო იმ არჩევნების თავისებურება და ხიბლი? ის, რომ დაპირებები ყველას მსუყე ჰქონდა და ხალხმა, რატომღაც, ბიძინას დაუჯერა. მართლაც და ბიძინა არავის ისეთს არაფერს დაჰპირებია, რასაც სხვები სხვა დროს და თუნდაც მაშინ არ დაჰპირებიან, მაგრამ მას დაუჯერეს. რატომ? თვითონ ჰგონია, რომ ჭარბი ნდობის გამო, მაგრამ ეს ნდობა რომ ჭარბი მილიარდების შედეგი და ზედნაშენია და არა მისი აპოლონური ტან-ფეხის, ეს თავადაც კარგად იცის. ქრისტიან დემოკრატები გვპირდებოდნენ: „შვილებს _ განათლება, მშობლებს _ დასაქმება, პენსიონერებს _ დაფასება“. ისევ გვპირდებოდნენ დენს 10 თეთრად, გაზს 5 თეთრად, წყალს მუქთად, მაგრამ სულ 2,04% აიღეს. „მემარჯვენეები“ იბრძოდნენ სლოგანით: „შეძლებული ოჯახი სოფლად და ქალაქად“, იბრძოლეს, მაგრამ აქლემების ომში კოზაკივით მიიჭყლიტნენ, ისევე როგორც შალვა ნათელაშვილი, რომელიც რობინ ჰუდსა და არსენა ოძელაშვილს ამოუდგა გვერდში სლოგანით: „მდიდარს ვართმევ, ღარიბს ვაძლევ“. კი ამოუდგა, მაგრამ ჩაფლავდა.

საპრეზიდენტო არჩევნები 2013

მიუხედავად იმისა, რომ ამ საპრეზიდენტო არჩევნებში, წინა საპრეზიდენტო არჩევნებთან შედარებით, მართლაც რეკორდული _ 23 კანდიდატი მონაწილეობდა, ეს საპრეზიდენტო არჩევნები არც ყოფილა არჩევნები, ყველამ იცოდა, რომ გავიდოდა ის, ვისაც პრეზიდენტად წარადგენდა ბიძინა ივანიშვილი. ამიტომ, შესაბამისად, „ოცნების“ მთავარი ამოცანაც ეს იყო, მოსახლეობამდე მიეტანათ ეს მესიჯი, რომ ბიძინას მარგველაშვილი უნდოდა პრეზიდენტად. ასეც მოხდა, გიორგი მარგველაშვილმა 62,12% მიიღო. „ერთად განვაგრძოთ წინსვლა“, – ისე იყენებდა ამ ლოზუნგს, ვერ გაიგებდი, რას მიიჩნევდა წინსვლად, _ რაც ქვეყანაში ბოლო წლებში იყო თუ 2012-ის შემდეგ? პარტია, რომელსაც ის წარმოადგენდა, იმ 9 წელს დამანგრევლად თვლიდა და ახლა გახდა წინსვლა? თუ 2012 წლის შემდეგ დაიწყო წინსვლა? გაურკვეველი იყო, რა პარამეტრებით.
„ნაციონალური მოძრაობა“ რეალურად აფასებდა სიტუაციას და გრძნობდა, რომ შექმნილ სიტუაციაში სულაც რომ გაემარჯვა ენმ-ის წარმომადგენელს, სხვა ვერაფერს შეცვლიდა, გარდა ხელისუფლების დაბალანსებისა და იმისა, რომ ეკონტროლებინა მთავრობა. ამიტომაც კამპანია აგებული იყო იმაზე, რომ ოპოზიციონერ პრეზიდენტს ეკონტროლებინა მთავრობა. ამიტომაც იყო დავით ბაქრაძის სლოგანი: „ერთად ვაკონტროლოთ მთავრობა“, არ მოუწია კონტროლმა, ხმების მხოლოდ 21,72% მიიღო.
ამ არჩევნებში მესამე შედეგი ნინო ბურჯანაძემ აჩვენა (10,19%), მისი სლოგანი იყო: „სამართლიანობა ყველგან და ყოველთვის“. კამპანიაში ბურჯანაძე უხვად იყენებდა ლიდერებთან შეხვედრას, ვისთვისაც კი ხელი ჰქონდა ჩამორთმეული, დაწყებული კოლინ პაუელით, დამთავრებული პუტინით. რეალურად პრორუსულ ელექტორატს ეკეკლუცებოდა პუტინის გვერდით „ფრანცუსკებზე“ შემხტარი. ნათელაშვილმა სულ 2,88% აიღო, გიორგი თარგამაძემ _ 1,06%, სხვებმა ამდენიც ვერა. მათი ლოზუნგები ასეთი იყო: კობა დავითაშვილი: „საქართველო უპირველეს ყოვლისა“. სერგო ჯავახაძე: „ჩვენი სახელმწიფო ჩვენი ოჯახია“. გიორგი თარგამაძე: „ტრადიციებით ევროპისკენ“. თემურ მჟავია: „საქართველო განუყოფელია“. ზურაბ ხარატიშვილი: „ეროვნული ღირებულებებით ევროატლანტიკურ ოჯახში“…

2014 წლის ადგილობრივი არჩევნები

ამ არჩევნებზეც იგივე მოხდა, რაც საპრეზიდენტო არჩევნებზე, ვისზეც ბიძინამ დაუდო ხელი, მისმა მრევლმა იმას მისცა ხმა. თუმცა ეს გამარჯვება არც ისე იოლი ყოფილა. ბიძინას ფავორიტმა ნარმანიამ პირველივე ტურში ვერ გაიმაჯრვა, პირველ ტურში მხოლოდ 46,13% აიღო. „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა ნიკა მელიამ 27,91%-ის აღება შეძლო იმ უთანასწორო ბრძოლაში. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ამ არჩევნებში ამომრჩეელთა სულ 44% მონაწილეობდა. საშინლად დაბალი იყო აქტივობა. მთელ ქვეყანაში „ოცნებამ“ ხმათა 50,8% მიიღო, „ნაცმოძრაობამ“ 22,4%, „დემოკრატიულმა მოძრაობამ“ _ 10%, „პატრიოტთა ალიანსმა“ _ 4,72%.

2016 წლის საპარლამენტო არჩევნები

ამ არჩევნების თავისებურება ის იყო, რომ ხალხი ყველამ მოატყუა _ „ნაცმოძრაობამაც“ და „ოცნებამაც“. „ოცნებამ“ გაყალბებით მოატყუა ხალხი, „ნაცმოძრაობის“ სახელით კი არჩევნებში გავიდნენ და გაიმარჯვა ხალხმა, რომელიც პარლამენტში შესვლისთანავე მანდატიანად გაიქცა და ახალი პარტია შექმნა. ამ არჩევნების თავისებურება ისიც იყო, რომ ხელისუფლება უფრო შემტევი და აგრესიული გახდა, ვიდრე ოპოზიცია, „ნაცმოძრაობას“ ჰქონდა დავარცხნილი კამპანია, აწყობილი ციფრებზე, ეკონომიკაზე, რომ ადრე უკეთესი იყო ცხოვრება და ახლა გაუარესდა, არც ლეგალურად და არც არალეგალურად არ კადრულობდნენ გამწვავებას, ოპონენტის „გაშავებას“, ასე ვთქვათ, იბრძოდნენ „თეთრი ხელთათმენებით“.
ის ხმებიც, რაც მოიპოვეს (27,11%) მოიპოვა არა მათმა „ნე რიბა-ნე მიასა“ კამპანიამ, არამედ მიხეილ სააკაშვილის ფაქტორმა. ხალხმა მხარი დაუჭირა პარტიას, როგორც მიხეილ სააკაშვილის პარტიას. კამპანიაში აქტიურად იყო ჩართული სანდრა რულოვსი. აქცენტი კეთდებოდა ახალი საახეების შემოყვანაზე. შემოიყვანეს და ყველამ შემოყვანისთანავე გაქუსლა. ენმ-ის სლოგანი იყო „ახალი ენერგიით საქართველოს წინსვლისთვის“. „ახალი ცხოვრება უკეთესი საქართველოსთვის“.
„ქართული ოცნების“ სლოგანიც რაცხა ედიკასეული იყო „თავისუფლება, სწრაფი განვითარება, კეთილდღეობა“. გეგონება, მანამ ვინმე უშლიდა სწრაფ განვითარებას.
„ქართული ოცნება“ კი, რომელმაც კოალიცია დაშალა და სხვა პარტიები ჩამოიცილა, ჩვეულ, აგრესიულ სტილში ატარებდა კამპანიას _ ეს არ ეტყობოდა არც მათ ოფიციალურ სლოგანებს, არც ბუკლეტებს, მაგრამ ეს ეტყობოდა მათ ყოველდღიურ განცხადებებს, ქმედებებს.
„პატრიოტთა ალიანსის“ სლოგანი: „ერთი გული, მამაცი და ღირსეული“ მელ გიბსონის შერჩეული იყო, მგონი, გამორიცხული არაა, ეგეც დავით თარხან-მოურავის ნათესავი იყოს აღმავალი ან დაღმავალი ხაზით. აი, ბარიერი კი ბიძინასთან იდეური ნათესაობით ძლივს გადალახეს.
ალასანიას სლოგანი ასეთი იყო: „უკეთესი ეკონომიკა, უკეთესი ცხოვრება“. მიიღო მხოლოდ 4,63%. ნინო ბურჯანაძეც ძლიერ ეკონომიკას აწვებოდა: „ერთიანი საქართველო _ ძლიერი ეკონომიკა“, მიიღო 3,53%.
ბურჭულაძემ: „სახელმწიფო ხალხისთვისო“ და მიიღო 3,45%. ლეიბორისტებმა: „ეს ბრძოლა შენია“, _ უთხრა ამომრჩეველს, ამომრჩეველმაც, „ხარაშოო“ და შალვამ სულ 3,145 მიიღო. უსუფაშვილ-რესპუბლიკელებმა: „გავთავისუფლდეთ“, _ თქვა და მიიღო, რასაც მუდამ იღებდა _ 1,55%…

2017 წლის ადგილობრივი არჩევნები

ამ არჩევნებზე ხალხმა ძალიან აიტაცა ლეიბორისტების არაოფიციალური სლოგანი „გუგავა მოვა“, ოფიციალური („არ შევარჩინოთ, დავიწყოთ შეცვლა“) თვითონაც აღარ ახსოვთ პარტიაში. შალვას ოცნება ოცნებად დარჩა, გუგავა ვერ მოვიდა მერად _ ხმების სულ 0,96% აიღო.
კუკავა მოგვიწოდებდა, დაგვემარცხებინა ლიბერალური სენი და „დავიბრუნოთ თბილისი, დავიბრუნოთ საქართველო“. გაუგებარი იყო, ვისგან იბრუნებდა თბილისს, „ქართული ოცნებისგან“ თუ უცხოტომელებისგან? თუ დღევანდელი არ მოსწონდა და ძველი თბილისის დაბრუნება უნდოდა? მაინც, რომლის? კინტოებიანის და დუქნებიანის? საბჭოთა თბილისის? შევარდნაძის დროინდელის თუ მიშას დროინდელის? ისე წააგო კუკავამ არჩევნები, ვერ გავიგეთ, რას გვიბრუნებდა. სულ 1,25% აიღო.
„ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატ ზაალ უდუმაშვილის სლოგანი იყო „გადავარჩინოთ ჩვენი ქლაქი, ჩვენი თბილისი“. ეს გასაგები იყო, „ნაცმოძრაობა“ გვეუბნებოდა, რომ თბილისი გადასარჩენია, ე. ი. იღუპება, ან არის საფრთხე დაღუპვის. გასაგები იყო მისი მიზანიც: „თბილისი ვაქციო დასაქმებული, წარმატებული და ბედნიერი ადამიანების ქალაქად“. ამ არჩევნებზე ახალი ტენდენციაც წამოვიდა _ მერის შემოთავაზება კნინობით-ალერსობით: „ზალიკო მერად“ „ალეკო მერად“.
ზაალ უდუმაშვილმა ხმების სულ 16,59% მიიღო და 1%-ით ჩამორჩა ელისაშვილს, რომელიც კომბლესავით იყო _ ყველას კბილების დამტვრევით ემუქრებოდა, ვინც არჩევნებს გააყალბებდა. იმასაც გვამცნობდა, ხალხის გარდა უფოსი არ მეყოლებაო. ანუ არც საკრებულოს იუფროსებდა, არც _ ცენტრალურ ხელისუფლებას. არ მოუწია არავის უფროსობა, არც ხალხის. „ევროპული საქართველოს“ სლოგანები მოწოდება უფრო იყო, ვიდრე რაიმე დაპირება: „საქართველო წინ უნდა წავიდეს“, ან თხრობითია და მოუქნელი: „სამუდამოდ წარსულს ჩავაბაროთ შურისძიება და გადავდგათ ნაბიჯი ევროპისკენ“. ელენე ხოშტარიამ სულ 7,11% მიიღო, სე რომ მარტო უწევს ნაბიჯების დგმა ევროპაში. ვაშაძის სლოგანი იყო: „თბილისი ლიდერთა შორის“. ვერც თბილისი ვიხილეთ ლიდერთა შორის, ვერც ვაშაძე _ სულ 1,95% აიღო.
არჩევნებში კალაძემ გაიმარჯვა, ამანაც ნარმანიასავით ჭინთვებით _ 51,09%-ით.
თავიდან კახი კალაძეს სლოგანად „ჩემი ოცნების თბილისი“ ესახებოდა, ხან თბილისი სტკიოდა, საბოლოოდ, ტკივილები დაუამდა და სლოგანმაც სეთი სახე მიიღო: „სიცოცხლით სავსე ქალაქი“. ეს სლოგანი ერთგვარი ცინიზმის აპოთეოზი იყო იმ ქალაქში, სადაც კრიმინოგენური ვითარება უკიდურესად გამწვავებულია და დღისით, მზისით ხოცავდნენ ხალხს. რას გვპირდებოდა კალაძე, რომ თბილისი სიკვდილით სავსე ქალაქის ნაცვლად, სიცოცხლით სავსე იქნებოდა?
ამ არჩევნებში პროპორციულად თბილისის მასშტაბითაც და ქვეყნის მასშტაბითაც პირველ ადგილზე, უმრავლეოსბით გავიდა „ქართული ოცნება“, მეორე ადგილზე _ „ნაციონალური მოძრაობა“, მესამეზე _ „ევრპული საქართველო“.
ასე გადავაგაორეთ აქამდე 6 საპრეზიდენტო, 6 ადგილობრივი და 9 საპარლამენტო არჩევნები.

რეზო შატაკიშვილი