ელისაბედის 3 ათასი კაბა და მიშას ქიშმირის პალტო

mama

რაც თავი მახსოვს, მესმის, რომ ჩვენ მოვკალით ილია, რომ ჩვენ გავუმწარეთ მას სიცოცხლე ბინძური ჭორებით და ცილისწამებით, უმადურობით და დაუნახაობით. მეც არაერთხელ გამიმეორებია ეს, მაგრამ დღეის ამას იქით გეტყვით, – არა, ბატონებო, არც მე მომიკლავს ილია, არც ჩემს წინაპრებს, არც საქართველოს! იგი მოკალით ნაძირალებმა და სწორედ საქართველოს მოღალატეებმა და მერე ვირეშმაკულად შეფუთეთ ეს ყველაფერი და მთელ საქართველოს ააღებინეთ ეს პასუხისმგებლობა! ასე ყოველთვის მომგებიანია გარეწრებისთვის – თვითონ ჩაიდენენ დანაშაულს და მერე ყველას უნაწილებენ პასუხისმგებლობას. ყველას, თან შთამომავლობით! ვიღაც ოხრის ოხერი წინაპარი იმ უმსგავს ჭორებს ავრცელებდა, ავრცელებდა ზეპირად, წერილობით, კიდე ვიღაცის ჩანთაოღრაში პაპის პაპა იმ სიბინძურეს იმეორებდა და სხვას უყვებოდა და მე რატომ უნდა ვაგო პასუხი?! ის არ მეყოფა, რომ ილია მომიკალით, ერი დამიობლეთ? და ახლა მსხვერპლი ჯალათად უნდა მაქციოთ?

არა, ბატონებო! მე არც იმას გავიმეორებ, რომ ჩვენ დავამხეთ ზვიადი, რომ ჩვენ ამოვადინეთ ძმრად „მერსედესი“ და ქურქი, ეს თქვენ დაამხეთ და თქვენ სისინებდით იმ „მერსედესზე“! დიახ, თქვენ, ვინც გაითხლაშეთ იქ ტელევიზიის კიბეებთან თუ კინოს სახლთან, ვინც ნიადაგი შეუმზადეთ იმ ყველაფერს, ვინც ხელში იარაღი აიღეთ და გაისროლეთ. ან მე რა შუაში ვარ და ან საზოგადოების ნაწილი, ვინც იმ უბედურების შედეგი საკუთარ ტყავზე იწვნია შემდეგ?! ეს თქვენ არ ბრძანდებოდით ზეპურნი ამა სოფლისანი, რომ გოდებდით, პეტრიაშვილები დაგვასვა თავსო? ვითომ ძალიან „სვეტები“ და არისტოკრატები მყავდით! მერე კრინტი რომ აღარ დაგიძრავთ არც მედიკო მეზვრიშვილზე და არც ვიტალი ხაზარაძეზე, გეგონება, შევარდნაძემ გერტრუდა სტაინი დაგასვათ თავზე!

ვიცი, იუკადრისებთ პარალელს ბოლო დღეებში სააკაშვილის მიმართ მიმდინარე მოვლენებზე, გააპროტესტებთ, – სად ილია, სად ზვიადი და სად სააკაშვილიო? მაგრამ ეს თქვენ და თქვენი ქცევები მაიძულებს მივმართო ამ პარალელს. დიახ, ბატონებო – საოცრად თანმიმდევრულნი ხართ, ერთნაირად ჭამთ და ინელებთ ადამიანებს. თქვენი პაპის პაპები ილიას უმწარებდნენ წუთისოფელს, ილიას ახლიდნენ შუბლში ტყვიას, თქვენი მამები და თქვენ ზვიადს ესროდით, „მერსედესს“ აყვედრიდით და დღეს თქვენს დუნდულებს – ჩამოდებულს ჯიპების ტყავის სავარძლებში, კუნთიც არ უთრთის. მოინელეთ ილია, ზვიადი, ვიღა აღარ და დღეს მათ ერის მამებად იხსენიებთ. თქვენი დამკვეთისთვის ხომ მთავარი ესაა? – მოინელოთ, გაანეიტრალოთ ადამიანი, ქვეყნის განვითარება შეაფერხოთ და მერე, თუ გინდა, ერის მამად გამოაცხადე, თუ გინდა, – გმირად. ახლაც ეს გნებავთ, მოინელოთ სააკაშვილი, გზიდან მოიცილოთ და მერე იგივე ტონში გააგრძელოთ წუწუნი, – ჩვენ, ყველამ მოვინელეთ სააკაშვილი. არა, ბატონებო, თქვენ ჭამთ და ხრავთ! თქვენ, დღევანდელი ხელისუფლება და მათი მხარდამჭერები. ის არ აკმარეთ, რა ბრალიც წაუყენეთ და ახლა დანამცეცდით, დაწვრილმანდით და კოსტიუმებს უთვლით, ქიშმირის პალტოს აყვედრით! ცოტა ხნის წინ გაჰკიოდით 19 მილიარდზე და ბოლოს რვა მილიონზე ჩამოხვედით. სულაც რომ არამიზნობრივად იყოს დახარჯული ის 8 მილიონი – 8 მილიონზე ლაპარაკობთ თქვენ, ხელისუფლება, რომელმაც ამ მოკლე დროში 138 მილიონი პრემიებად გამოიწერეთ! თან გაფლანგვაზე ლაპარაკობთ და თან ქვითრებს აფრიალებთ, გაიძახით, რომ „საქმეში მოიპოვება სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან ამოღებული ხარჯის გაწევის ამსახველი ყველა საჭირო საბუღალტრო და საანგარიშსწორებო დოკუმენტაცია“. უკაცრავად და ფლანგვა და თქვლეფა რომ სდომოდა, როგორ ფიქრობთ, ასე დატოვებდა ყველა დოკუმენტს? ვერ გამოიწერდა თქვენსავით პრემიებად და მერე რასაც უნდოდა, იმას ვერ იყიდდა? სახელმწიფო ხარჯებს ფლანგავდაო, ვიზიტებზე, სტუმრებზე ხარჯავდაო, ისე ურცხვად ლაპარაკობთ, გეგონება, არ იცოდეთ, რომ ნებისმიერი ქვეყნის პრეზიდენტი სწევს ხარჯებს. სახელმწიფო თანხების ხარჯვაზე ლაპარაკობს პრემიერი ღარიბაშვილი ისე ყინჩად, გეგონება, მის ვიზიტებზე არ იხარჯება სახელმწიფო სახსრები! ვის ვიზიტებზე დაიხარჯა 136 212 ლარი, ვინ იყო ამერიკაში 43 817 ლარად? მე? ხომ არ ოცნებობთ, რომ ივანიშვილმა გადაიხადა ეს თანხები? არა, ბატონებო, ეგეც თქვენი ჯიბიდან იქნა ამოღებული და ჩვენი ჯიბიდან ამოღებული ფულით იყო თვითონ ივანიშვილიც ვიზიტებში – ბიუჯეტის ფული დაიხარჯა 20 ათას ლარამდე. თქვენ კი გეგონათ, ფულებს ჩაგიჯიბავდათ, მაგრამ ამოგიჯიბათ!

და, თურმე, სააკაშვილი მარტო თავადი ფანტიაშვილი კი არა, როგორც ღარიბაშვილი გვიმტკიცებს, ტიპური დიქტატორი ყოფილა. და, თურმე, არ იცით, რატომ? „ეს იყო ტიპური დიქტატორის განცხადებები, თორემ როგორ შეიძლება, მასაჟისტის მომსახურება და მილიონობით ხარჯი იყოს ნორმად აღქმული?“ – ამბობს ღარიბაშვილი… მასაჟისტის ყოლა ყოფილა უტყუარი ნიშანი ტიპური დიქტატორობის. ხელისუფლების უსისხლოდ, მშვიდობიანად გადაბარება რა სუფრასთან მოსატანია?! მასაჟისტი გყავს? – დიქტატორი ხარ! მაქვს ლეგიტიმური კითხვა, – ბატონო პრემიერო, ეს გასწავლეს სორბონაში, რომ მასაჟისტის ყოლა დიქტატორობაა?

და რას ჰგავს ან ეს ყველაფერი, ან ის, როცა ამ პრემიერის წინამორბედი პრემიერი ივანიშვილი იდგა და „ბიბისის“ ჟურნალისტებს იმაზე ელაპარაკებოდა, რომ მიშა ბოტოქსს იკეთებდა. რომც გაეკეთებინა, რა არის ამაში სალაპარაკო, მით უმეტეს, „ბიბისისთან“? მეტი არაფერი მნიშვნელოვანი სათქმელი არ გაქვს „ბიბისისთან“? ამაზე უნდა ხარჯო დრო და ენერგია? მით უმეტეს, რომ მასაც სახეზე აწერია, რა აქვს გაკეთებული და შენც? უნდა აიძულო სააკაშვილი, რომ ათქმევინო, კარგად შემომხედეთ მე და ახლა კარგად შეხედეთ მას, ჩვენ ორს შორის ვის აქვს კოსმეტიკური პროცედურები გაკეთებულიო? უნდა ათქმევინოთ, რომ ბოტოქსს მე კი არა, ივანიშვილი იკეთებსო? მერე, პროკურატურას სააკაშვილის დერმატოლოგიურ პროცედურებზე დახარჯული თანხების ჩეკები აქვეყნებინო, ვითომცდა ბოტოქსზე და ეპილაციაზე 400 ათასი ლარი დახარჯა. გახსნა, ბატონო, თამარ ჩერგოლეიშვილმა ეგ თქვენი 28-ე დანართი და ნახა, რომ იქ ბოტოქსი მხოლოდ ერთხელაა ნახსენები და 600 დოლარია დახარჯული და სხვა თანხები, ზოგადი – დერმატოლოგიური პროცედურების ან სამედიცინო მომსახურების ქვეშაა გატარებული. რაზე აკეთებთ გათვლას, რომ ყველა ჩერგოლეიშვილივით არ გახსნის დანართს და საზოგადოებას გააგიჟებთ, რომ ლამის ნახევარი მილიონისას იპუტავდა მიშა და ბოტოქსს ისხამდა? ესაა, სწორედ, როგორ ატყდეს გნიასი, – უი, გაიგე, ბოტოქსს იკეთებდა, ეპილაციას, კოსტუმებს ყიდულობდა, პალტოს, საათს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. თორემ ძალიან კარგად იცით, რომ პრეზიდენტის გაწეული ხარჯებით ვერც ამერიკას გააკვირვებთ, ვერც ევროპას, ქიშმირის პალტოს ყიდვის გამო არც სახელმწიფო დეპარტამენტი აიღებს ხელს მასზე და არც ბრიუსელი. კარგად იცით, რომ რაც არ უნდა ამტკიცოთ, ვერავის დააჯერებთ, რომ ეს პოლიტიკური დევნა არ არის და არც ერთი ქვეყანა თქვენ მას არ გადმოგცემთ. ეს მშვენივრად იცით და თავადაც ხვდებით, რა კომიკურებიც ბრძანდებით შიდაძებნის გამოცხადებისას მაშინ, როცა აქ ეძებთ მას, ვინც „სიენენის“ სტუდიაში ზის, მაშინაც როცა მიშასთვის ციხის საკნის მომზადებაზე საუბრობენ თქვენი ჩინოვნიკები. ბევრი ვეცადე შენთვისო, გამომივიდა ჩემთვისო, ემანდ ეგ არ დაგემართოთ… დიახ, იცით, რომ თქვენ მას არავინ გადმოგცემთ და არცაა ეს თქვენი მიზანი, თქვენი მიზანია ოპონენტის ლაფში ამოსვრა, გაფარჩაკება, „სამარცხვინო პრეზიდენტის“ ძახილი, რომ ამ „სამარცხვინო“ პრეზიდენტს არ მისცეთ უფლება საქართველოში ჩამოსვლის, რომ ამ გზით აიცილოთ თავიდან გართულებები და ამ სანახაობით გაართოთ პურის გარეშე დარჩენილი ელექტორატი. თქვენს ჭკუაში აკნინებთ მას, როცა წამლის ჩეკებს აფრიალებთ, მაგრამ კნინდებით და წვრილმანდებით თავად. არ აქვს იმას არსებითი მნიშვნელობა, იწვევს თუ არა ეს ამ საზოგადოების სრულ აღშფოთებას. უბრალოდ, სამარცხვინოა, „სამარცხვინო“ ეძახო პრეზიდენტს, რომელმაც ქვეყნის ბიუჯეტი 9 მილიარდი გახადა და აყვედრო მას 7 პიჯაკი და წამლის ფული. კარგად გადახედეთ გრიფახდილ ინფორმაციას თქვენც და ყველამაც, ვინც ყაყანებთ და ნახავთ, რომ იქ წარმოდგენილ ხარჯებში სრული უმეტესობა წარმომადგენლობით ხარჯებში ჯდება.

მოკლედ, ამ თემაზე ბევრი ითქვა და ბევრი დაიწერა, ყველაფერი ცხადზე ცხადია, რაც ხდება და რატომაც ხდება და თან რის ფონზეც ხდება. კახა თარგამაძე საქართველოს მოქალაქეობას ითხოვს და უნდა მიანიჭონ, – განსაკუთრებული დამსახურებისთვის. „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ ჯართში ჩაბარებული „რკინის კაცი“ ასპარეზზე ბრუნდება, ისევე როგორც დაბრუნდა კიტოვანი და არაერთი სხვა. რა დამსახურება აქვს კახა თარგამაძეს? უპალტოოდ დადიოდა? თუ ის, ხალხი რომ ბატი-ბუტივით ცვიოდა მის დროს შსს-ს სართულებიდან? არაფერი ისე რელიეფურად არ კვეთს ამ ხელისუფლების სახეს, როგორც ეს – ვის დევნიან, ვინ ციხეში ჰყავთ გამომწყვდეული და ვის მოქალაქეობას ანიჭებენ – ქვეყნის წინაშე დამსახურებისთვის. არაფერი ისე არ ხდის ფარდას „სამართლიანობის აღდგენას“, როგორც ეს ფაქტი. უკვე არაერთხელ დავწერე ის, რომ „სამართლიანობის აღდგენა“ გულისხმობს იმას, რომ ეს სამართლიანობა იყო, დაიკარგა და უნდა აღდგეს, მაგრამ რჩებოდა კითხვა, – როდის იყო ეს სამართლიანობა? რომელდროინდელ სამართლიანობის აღდგენაზე იყო საუბარი? იყო დასაბუთებული ეჭვი, რომ ეს ხელისუფლება შევარდნაძისდროინდელ „სამართლიანობას“ მისტიროდა, მისი აღდგენისთვის იღვწოდა, ჰა – გაიხსნა კიდეც კვანძი, რომ ეს ასეა. მიშა ძებნაში, ვანო, გიგი, ბაჩო – ციხეში და თარგამაძეს ფიანდაზები – მოქალაქეობა ქვეყნის წინაშე დამსახურებისთვის. ესაა თქვენი აღდგენილი სამართლიანობა. თქვენ სამართლიანობის კი არა, იმ სტატუს კვოს აღდგენა გინდოდათ, „9 წლის“ წინ რომ იყო; რომ რაც ახლა ქვეყანაში ხდება, სხვა არაფერია, თუ არა შევარდნაძისტების რევანში და შურისძიება, ისევე როგორც 1992 წელს მოხდა ნომენკლატურული შურისძიება, დიახ, შევარდნაძისტებისა და არა „ოცნების“. „ქოცი“ შევარდნაძისტებისთვის შერქმეული ახალი ნიკნეიმია. „ქოცი“ ცალკე ფენომენი არ არსებობს, ყველა „ქოცმა“ გულით დაიტირა შევარდნაძე და ყველა შევარდნაძისტი დღეს გულმხურვალე „ქოცია“ და გულმხურვალედ გმობს ქიშმირის პალტოს ყიდვას, არ აღიარებს პოლიტიკისთვის გაწეულ ხარჯებს, სასტუმროს ხარჯებს, ვიზიტების ხარჯებს… არადა, ეს ყველაფერი ფასდება იმისდა მიხედვით, რამდენად შედეგიანი იყო მისი ვიზიტებიც და, საერთოდ, მოღვაწეობაც.

ცნობისთვის: ელისაბედ ტიუდორის გარდაცვალების შემდეგ მის გარდერობში 3 ათასი კაბა აღმოჩნდა. ალბათ, ხვდებით, რომ არც ერთი კაბა არ იქნებოდა იქ ჩითის და არც ბამბაზიის, მაგრამ იგი ისტორიამ შეაფასა იმით, რაც დაუტოვა ინგლისს და არავინ გამოჰკიდებია მის ხარჯებს. ასე იყო მაშინაც და ასეა დღესაც – ევროპაშიც და ამერიკაშიც… მაგრამ აქ, საქართველოში, სხვანაირადაა – აქ ეს ყველაფერი იქცა ადამიანის ლაფში ამოსვრის იარაღად.

დავასრულებ იმით, რითაც დავიწყე, – არც ახლა და არც წლების შემდეგ არ დაივიწყოთ, რომ პროსტატის წამალი, ქიშმირის პალტო ძმრად ამოვადინეთ, რომ ათასი ჭორი და სიბინძურე გავუვრცელეთ. აკეთებთ ამ ყველაფერს? აიღეთ ამ ყველაფერზე პასუხისმგებლობა და ატარეთ კიდეც და ნუ გაუნაწილებთ ამ თქვენს ნამოქმედარზე პასუხისმგებლობას მთელ საზოგადოებას და, მით უფრო, მათ შთამომავლებს. გადაწყვეტილებების მიღებაში მარდები ხართ და პასუხისმგებლობის აღებაში – ზანტები, უფრო სწორად, აქაც მარდები – ხელად სხვას აჰკიდებთ და თუ ეს არ გამოგივიდათ – ყველას უნაწილებთ. თქვენი აქოთებული ქოთანი თქვენთან დაიტოვეთ.

რეზო შატაკიშვილი